- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2024-05-20 07:05:57
გიგა გელხვიიძე
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია სულ უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იძენს, თბილისის ქუჩებში ყოველდღიურად ათასობით ადამიანი გამოდის ბიძინა ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ იმის სათქმელად, რომ „რუსული კანონი“, რომელიც უკვე მეორე მოსმენით მიიღეს, უკან გაიწვიონ, რადგანაც ის აცდენილია საქართველოს ევროპულ კურსს და ქვეყანა განადგურებისკენ და გარუსებისკენ მიჰყავს.
აქციის მონაწილეების საპირისპიროდ, ასევე სულ უფრო მძიმე ზომებს მიმართავს „ქართული ოცნებაც“: დაკავებები, აქტივისტების ცემა, ქალების თმებით თრევა, პოლიტიკოსების სახლების სადარბაზოებში ჩასაფრება და მათი ცემა, სახლების კარებზე ბრახუნი, სატელეფონო ზარები, სადაც შეურაცხყოფას აყენებენ ყველას, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, ბავშვების დაშინება... თუმცა ამის ფონზე რუსული კანონის მოწინააღმდეგეები არ შინდებიან და კიდევ უფრო მეტი შემართებით გამოდიან აქციებზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ოცნების მეთოდები“, რომლებიც მათ არც თუ ისე შორი წარსულიდან, წინა ხელისუფლებისგან გადმოაკოპირეს, არ მოქმედებს.
ქვეყანაში არსებული დაძაბული სიტუაციის პარალელურად, სულ უფრო ამკაცრებენ ტონს საქართველოს პარტნიორები და, ფაქტობრივად, პირდაპირ საუბრობენ პოლიტიკურ სანქციებზე და იმაზე, რომ „რუსული კანონის“ საბოლოოდ მიღების შემთხვევაში შეჩერდება ვიზალიბერალიზაცია და საქართველოს მოქალაქეებს კვლავ მოუხდებათ საელჩოების გრძელ რიგებში დგომა იმისთვის, რომ მიიღონ ამა თუ იმ ევროპული ქვეყნის ვიზა.
ყველაფერი ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ ჯიუტად აცხადებს, რომ კანონი, რომელსაც ისინი იღებენ, არის თანხვედრაში ამერიკულ FARA-სა და იმ კანონმდებლობასთან, რომელიც უცხოური გავლენების წინააღმდეგ მოქმედებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც აქტიურად იყენებენ ლოზუნგს „არა რუსულ კანონს“, თუმცა მათ ვერანაირი მეთოდით ვერ შეძლეს გადაარწმუნონ პირველ რიგში ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად, უკვე საკუთარი სიცოცხლის ფასად დგანან ქუჩაში და აპროტესტებენ რუსულ კანონს, ასევე ვერ შეძლეს დაარწმუნონ პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც ყოველდღიურად უმეორებენ, რომ მათი კანონი და „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული სულაც არ არის თანხვედრაში და რომ მათ ქვეყნებში მოქმედ კანონმდებლობაში ხაზგასმულია, რომ მტრად აღქმულია რუსეთი და სხვა ქვეყნები და არა მეგობარი სახელმწიფოები.
ერთადერთი, ვინც „ოცნების“ ხელისუფლების ამ ქმედებას იწონებს, ეს რუსეთია. რუსი პროპაგანდისტები და კრემლის იდეოლოგიის მიმდევრები ძალიან ხშირად აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნება“ სწორი გზით მიდის.
„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ასევე სურდათ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთშიც, თუმცა იქ არსებული წინააღმდეგობის გამო კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია.
ამ საკითხებთან შესახებ და მოვლენების უფრო მეტი სიცხადით აღსაქმელად „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, პაატა დავითაია.
_ ქვეყანაში დღითი დღე რთულდება სიტუაცია, ძალიან მძიმე კადრებს ვხედავთ ყოველდღე: აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების ცემა, დაკავებები, მედიის წარმომადგენლების დევნა, _ რა პროცესებთან გვაქვს საქმე? რას აკეთებს „ქართული ოცნება“?
_ ალოგიკურია ხელისუფლების ქცევა. არ ვიცი, რა დგას ამის უკან ასეთი, მაგრამ როდესაც ყველა პარტნიორი გვეუბნება იმას, თუ რა ელის ქვეყანას ამ კანონის მიღების შემდგომ და მაინც მიდიხარ ამ გზით, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო კურსს ცვლი და ეწინააღმდეგები საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, სადაც ვალდებული ხარ, ყველაფერი გააკეთო, რომ გახდე ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ეს ჩანაწერი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გაუკეთებია, ეს ჩანაწერი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. ე. ი. ჩანაწერი გააკეთა და თავადვე ეწინააღმდეგება თავისსავე ჩანაწერს. ეს არის ჩემთვის აუხსნელი თემა, გარდა ერთისა _ თუ შენ ცვლი სახელმწიფო კურსს და სახელმწიფო კურსის ცვლილების ყველა ნიშანია. თუ მათ არ გაიწვიეს ეს კანონი და მაინც მიიღეს მესამე მოსმენით, სიტუაცია უფრო დამძიმდება. დამძიმდება, პირველ რიგში, ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ამაზე უკვე არაერთი განცხადება კეთდება. განცხადებებს რომ თავი დავანებოთ, ვფლობ გარკვეულ ინფორმაციას და მაქვს მჭიდრო კავშირი ჩვენს პარტნიორებთან: მესამე მოსმენის შემდგომ შეერთებული შტატებიდან პოლიტიკური სანქციები შემოვა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არავინ გააუქმებს, ეს მექანიზმი არ არსებობს და ამასთან დაკავშირებით არის ბევრი ნიუანსი, მაგრამ უვიზო მიმოსვლა დეკემბრიდან გაჩერდება. დეკემბრიდანვე შემოვა სანქციები ჩვენი პარტნიორებიდან ევროკავშირიდან, თუმცა მანამდე ზაფხულში სანქციები იქნება შტატებისგან.
იმის შემდგომ, რაც ოცნების ლეგიტიმურობა ძალიან ქვემოთ დაიწევს და როდესაც მთელი თბილისი ქუჩაშია გამოსული, როგორ აპირებს ეს ხელისუფლება დარჩენას, წარმოუდგენელია. ფაქტობრივად, ჩანს, რომ მათ ქალაქი წააგეს, ეს ნათელია. აქედან გამომიდინარე, გაჩნდება არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხიც, როდესაც არჩევნები შედგება. ბევრი საკითხია, რომელსაც მივყავართ დაძაბულობისკენ. ამით შეიძლება ისარგებლოს მხოლოდ ერთმა მხარემ და ეს ერთი მხარე არის ჩვენი მეზობელი, ოკუპანტი ქვეყანა, რომელიც გამოიყენებს ამას. ამ საფრთხესაც ვხედავთ და რომელ წუთს გააქტიურდება ეს საფრთხე, კითხვის ნიშანია. რომ გააქტიურდება, ფაქტია. ვის მიჰყავს გააქტიურებამდე? _ „ოცნების“ ქცევას და არა ოპოზიციისა და ახალგაზრდების. აქედან გამომდინარე, ძალიან მძიმე სურათის განვითარებას ვხედავ, თუ „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოითხოვა კანონი.
_ იგივე პროცესები იწყება აფხაზეთშიც, იქაც დაანონსდა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონი“.
_ აფხაზეთში უფრო კარგად მიდის პროცესები. აფხაზებმა მოახერხეს ის, რომ შეაჩერებინეს კანონის განხილვა. პირველი მოსმენით მიიღეს და ამის შემდეგ შეჩერებულია მისი განხილვა, უკვე რამდენი ხანია. არც ვენეციის კომისია დასჭირვებია მათ და არც არავინ.
_ იმ პროცესებმა, რომელიც ახლა საქართველოში ხდება, რა გავლენები შეიძლება ჰპოვოს აფხაზეთზე? იქაც ხომ ხედავენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გაწვეული კანონი შემოიტანა კვლავ დღის წესრიგში? იმავეს ხომ არ უნდა ველოდოთ, მით უფრო იმ ფონზე, რომ ე. წ. რუსული კანონის მიღებას მხარს უჭერენ კრემლის პროპაგანდისტები, თუნდაც დუგინის მაგალითზე ან იგივე პესკოვის განცხადებები რომ მოვისმინოთ.
_ რატომ ვამბობ, რომ შეიძლება ისარგებლოს ოკუპანტმა ქვეყანამ ამ სიტუაციით? ვთქვათ სიმართლე: რას კარგავს დღეს ოკუპანტი ქვეყანა? პირდაპირ ვამბობ, არა მგონია, ის, რასაც აკეთებს დღეს „ქართული ოცნება“, აწყობდეს რუსეთს.
_ რატომ არ შეიძლება, რომ არ აწყობდეს ეს პროცესები ოკუპანტ ქვეყანას?
_ იმიტომ, რომ დერეფანი აქვთ. ეკონომიკურ სანქციებზე მიერთებული არ არის საქართველო, ფული ტრიალებს, ვაჭრობა მიდის და დერეფანია ყველაზე მნიშვნელოვანი, ეკონომიკური დერეფანი, რომელიც ერთგვარი არტერიაა რუსეთისთვის და ამით იკვებება ის. ეს აქვთ ეს უზრუნველყო „ქართულმა ოცნებამ“. ახლა ხომ ხვდებით, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ეს დერეფანი დაიკეტება, რადგანაც ევროკავშირის პოლიტიკა პირდაპირ გახლავთ ის, რომ თანხვედრაში იყოს ყველაფერი. ლოგიკურად რომ შევხედოთ, რუსეთს არ აწყობს ეს ყველაფერი. თუ რუსებმა დაინახეს დაძაბულობა და ხელისუფლების ცვლილება, დიდი ალბათობაა, რომ რასაც დუგინი და სხვები ლაპარაკობენ, ტანკებით შეიძლება შემოვიდნენ, სიტყვაზე ვლაპარაკობ, „ოცნების“ დასაცავად კი არა, თავისი ინტერესების დასაცავად _ „ოცნება“ სულ არ აინტერესებთ მათ, არევენ უბრალოდ ყველაფერს.
_ ანუ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია რუსული ტანკები ვიხილოთ კვლავ საქართველოში?
_ ტანკებით რუსები ვერ დაიკავებენ ქვეყანას, ნახონ, ახალგაზრდებს რა ძალა აქვთ. ამიტომ ვამბობ, რომ არეულობას გამოიწვევს ეს კანონი და რაში აწყობს ეს „ოცნებას“? რა არის ამის ფასი? თუ მათი პოლიტიკა იყო ის, რომ უცხოეთში არ გაეგოთ მაგათზე არავის არაფერი, უცხოეთმა კი არა, დამლაგებელმაც კი იცის ნიუ-იორკში, ვინ არის „ქართული ოცნება“.
_ 29 აპრილს, როდესაც მმართველმა პარტიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მობილიზება მოახდინა თავისი „მომხრეების“, ვიხილეთ ბიძინა ივანიშვილი და მოვისმინეთ მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლითაც მან ღია „ომი“ გამოუცხადა ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს. ამ განცხადების შემდგომ ვხედავთ, რაც ხდება ქვეყანაში, ვგულისხმობ დაჭერებს, დარბევას, აქტივისტებზე ჩასაფრებას და ა. შ. - ამ ყველაფრის ფონზე, რას შეიძლება კიდევ ველოდოთ „ქართული ოცნებისგან“?
_ ალოგიკურია მათი ქმედება და ძალიან რთულია ისაუბრო იმაზე, თუ რას შეიძლება ველოდოთ. არალოგიკურია ბოლო ხანს ყველა მათი ქმედება, ამიტომ მართლა ვერ გავაკეთებ ვერანაირ პროგნოზს.
_ ბოლო დღეებში გააქტიურდა ტელეფონებზე დარეკვა და ერთგვარი დაშინების კამპანია. ირეკება უკრაინული, აზერბაიჯანული, ამერიკული და ქართული ნომრებიდან კონკრეტული პირების მიერ, რომლებიც აგინებენ აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს და, ამავდროულად, აფრთხილებენ, რომ თუ კვლავ წავლენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, უკვე სხვა ზომები იქნება გამოყენებული და არ შემოიფარგლებიან მხოლოდ დარეკვით. რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი?
_ ეს არის მარაზმი. იმავეს აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“, მირეკავდნენ 7 ნოემბერს (2007 წელი) თავისი გინებებით და ა. შ. შესაბამისად, უკრაინული ნომრიდან იქნება ზარი განხორციელებული თუ ზანზიბარის, ამას არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია ჩემთვის. ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ტაქტიკა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმავეს აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“.
_ პრეზიდენტის როლი მთელ ამ პროცესებში _ ჩვენ ვისმენთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს უცხოურ მედიასთან, ქართულ მედიასთან და ისინი სულ უფრო და უფრო კრიტიკულია. რას ფიქრობთ, რა როლი აქვს საერთაშორისო ასპარეზზე ახლა სალომე ზურაბიშვილს?
_ საერთაშორისო ასპარეზზე ზურაბიშვილს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი აქვს და მისი რეიტინგი აიწია, ერთადერთი კონტაქტური პერსონაა ქვეყანაში თანამდებობის პირებიდან, რომელსაც უცხოელი პარტნიორები ეკონტაქტებიან. ყველაფერი დამოკიდებულია მის ქმედებაზე. სიმართლე გითხრათ, ჯერ მისი მხრიდან მკაცრ ქმედებებს ვერ ვხედავ, გარდა საერთაშორისო არენისა. აქედან გამომდინარე, დავაკვირდეთ მოვლენებს. სიტუაცია ძალიან მძიმედ ვითარდება და ვფიქრობ, ნებისმიერი დაძაბვის მომენტში რა პასუხისმგებლობას აიღებს პრეზიდენტი, არ ვიცი. ვიღაც-ვიღაცები ხვდებიან, პარტიები ხვდებიან და რა? რომ ხვდებიან ამით რა კეთდება?
_ მკაცრი ნაბიჯები და ქმედებები ახსენეთ ქვეყნის შიგნით ზურაბიშვილთან მიმართებით. რას გულისხმობდით? რა ზომების მიღება შეუძლია მას შეკვეცილი უფლებამოსილების ფარგლებში?
_ არაფერი უფლებამოსილება მას არ გააჩნია საქართველოს კონსტიტუციით, გარდა მედლის დაკიდებისა, თავად შეუწყვეს ხელი ასეთ კონსტიტუციას. მთავარსარდალიც კი არ არის, კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ საომარ მდგომარეობაში თავდაცვის მინისტრი ემორჩილება პრემიერ-მინისტრს, ესეც არეული ჩანაწერია. არაფერი მთავარსარდალი არ არის ის სინამდვილეში და თუ შენ გინდა, რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, პოლიტიკური წონაც უნდა გქონდეს და არ აქვს სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური წონა ქვეყნის შიგნით. გარეთ აქვს ამ მომენტში, მაგრამ ქვეყანაში შიგნით არ გააჩნია. ამიტომ ძნელია ვისაუბრო იმაზე, თუ რას გააკეთებს ის.
_ 31 ევროპარლამენტარის მიმართვა ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირს, ჟოზეფ ბორელს, _ რა ქმედებები შეიძლება მოჰყვეს ამ მიმართვას?
_ ეს არის პოლიტიკური განაცხადი. ევროკომისია განაცხადის თემაზე არ მუშაობს, სრულიად სხვა პოლიტიკური კულტურა არის, სხვა ქმედებებია, ეს არის უბრალოდ პოლიტიკური განაცხადი, რომელიც მიანიშნებს იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს. თუმცა ახლავე გეუბნებით, რომ კანდიდატის სტატუსს არავინ შეაჩერებს.
_ პროცესები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს ქვეყანაში და პროცესები, რომლებიც მიმდინარეობდა წინა ხელისუფლების დროს, მაშინ, როდესაც უკვე კარგავდა მართვის სადავეებს „ნაციონალური მოძრაობა“ _ არის თუ არა ჩვენთვის რაიმე სახის პარალელები გამოკვეთილი ამ დროისთვის, ახლა მიმდინარე პროცესებსა და წინა ხელისუფლების ერთგვარ ბოლო ჟამს შორის?
_ ჯერ ვერ ვხედავ პარალელებს, რადგანაც 2012 წელს პასუხისმგებლობა აიღო მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების შემდეგ, სიმართლე ვთქვათ. მას არ გადაუდგამს ის ნაბიჯები, რომელსაც ახლა „ქართული ოცნება“ დგამს, ამიტომ დეჟავიუ არ არის, ცალსახად ვხედავ, რომ „ქართული ოცნება“ უკან არ დაიხევს და ეს არის სცენარი, რომელიც მადარდებს, რომ ქვეყანაში შესაძლოა კიდევ უფრო ცუდი და მძიმე პროცესები დაიწყოს. ჯერჯერობით ყველაფერი მიდის ცუდი სცენარით.
_ პოლიტიკური აქტორების ყოფნა-არყოფნის საკითხი საპროტესტო აქციებზე. ძალიან ხშირად ისმის შეკითხვები ადგილზე, თუ სად არიან პოლიტიკოსები, ხშირად გვესმის ასევე, რომ ხალხს არ სურს პოლიტიკოსები იყვნენ აქციების სათავეში ახალგაზრდებთან ერთად. რამდენად შესაძლებელია პოლიტიკოსების გარეშე ასეთი პროცესების მართვა და საბოლოო შედეგის დადება?
_ გამიჯნულია ისედაც და მე პირადად რომ დავდივარ, იქ ვდგავარ როგორც ლექტორი და ჩემი სტუდენტების გარდა ძალიან ბევრი დადის იქ. მიმაჩნია, რომ უნდა იყოს საკოორდინაციო საბჭო, არასამთავრობოები და პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც აქვთ ამ ყველაფრის დიდი გამოცდილება. ახლა ამას ვიღაცები გამოიყენებენ სხვა კუთხით და სუსის განცხადებაც ამას ცხადყოფს, ვიღაც პოლიტიკური პარტიებიო, როდესაც აცხადებენ. თუ ვინმე დაძვრება სეპარატისტულად, ცხვირში მოხვდება სეპარატისტულადაც და როდესაც ერთიანი კოორდინაციაა ყველასი, მაშინ მოწინააღმდეგე მხარე უძლურია. სამწუხაროდ, ახლა სეპარატისტული დაჯგუფებებივით თუ მოასხდნენ ახალგაზრდობას, ნული იქნება შედეგი და დააზიანებენ პროცესებს.
_ სუსის განცხადების შემდგომ გაგიჩნდათ თუ არა იმის განცდა, რომ შესაძლოა დაიწყოს დაჭერების სერია?
_ სიმართლეს გეტყვით: არალოგიკური ქმედებები აქვს ყველას, იმდენად არალოგიკური, რომ შეიძლება სანტა-კლაუსიც კი დაიჭირონ და დააბრალონ აქციების მართვა. სანტა-კლაუსს იმიტომ ვამბობ, რომ შეიძლება უცხოეთის აგენტი იყოს.
_ აქციებზე ასევე დადიან რუსეთის მოქალაქეები, ის ადამიანები, რომლებიც გამოექცნენ პუტინის რეპრესიებს. მათ კარგად იციან, თუ რას ნიშნავს ეს კანონი. ასევე აქტიურად არის წარმოდგენილი რუსული, კრიტიკული მედია, რომელიც უკვე გავიდა რუსეთიდან, რადგანაც ფიზიკურად იქ ვერ აგრძელებს მუშაობას. ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთთან კოორდინებული ქმედებებით ეს ადამიანები გაიყვანოს ქვეყნიდან ან სულაც გადასცეს რუსეთს?
_ ვერაფერს ვიტყვი. „ქართული ოცნების“ გეგმებზე საუბარი არის შეუძლებელი, რადგანაც რასაც ვხედავთ ახლა, არის ალოგიკური და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
_ დაბოლოს, „ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებების მიხევდით, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს საპროტესტო მუხტი ქვეყანაში?
_ თუ ხელისუფლებამ უკან დაიხია, მოკლე ვადაში დასრულდება ყველაფერი და ხელისუფლებაც მოიგებს პოლიტიკურად. ხოლო თუ გაგრძელდება ეს პროცესები, ახალგაზრდები და ჩვენი პარტნიორები უკან არ დაიხევენ, რუსები მოემზადებიან აგრესიისთვის და აი, ასეთი დღის წესრიგია და როგორ გავძვრებით, ამის პროგნოზებზე ვანგა უნდა იყო, რომ ისაუბრო. რთული ტურბულენტური ზონაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ზონაში არ დავიღუპოთ.