QronikaPlus
სოფო ჯაფარიძე: „თუ ფარ-ხმალი დავყარეთ, მაშინ რა ვუთხრათ გიორგი ანწუხელიძის შვილებს?“

სოფო ჯაფარიძე: „თუ ფარ-ხმალი დავყარეთ, მაშინ რა ვუთხრათ გიორგი ანწუხელიძის შვილებს?“

2024-05-02 06:34:42

გიგა გელხვიიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე, აქტიურად არის ჩართული ყველა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ აქტივობაში, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში ხდება. სწორედ ჯაფარიძის დამსახურებაა საქართველოს ასობით ათასი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვება, რომლებიც ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობიდან განთავისუფლებას ითხოვენ.

ბორდი მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რა ხდება „მთავარ ოპოზიციურ“ პარტიაში და რა ეტაპზეა საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინადადების რეალობად ქცევა? შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციისა და ასობით ათასი საქართველოს მოქალაქის მოთხოვნის შემდეგ? რუსული კანონი და მისგან მომდინარე საფრთხეები, _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სოფო ჯაფარიძე:

_ სოფო, რა ეტაპზეა მიხეილ სააკაშვილის მიერ პარტიის ახალი ხელმძღვანელობისთვის „ვივამედიდან“ გამოგზავნილი წინადადების განხორციელება?

_ თარიღი არ ყოფილა დათქმული, მოლაპარაკების პროცესში ვართ და ძალიან მალე ყველაფერი იქნება.

_ რამდენად რეალურია საერთო სიის შექმნა?

_ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ამ ინიციატივას, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენი ამოცანა და მიზანი უნდა იყოს ის, რომ დავამარცხოთ ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე, შევქმნათ სამუშაო ადგილები, ევროპული ჯანდაცვის სისტემა, ევროპული განათლების სისტემა და ყველამ ერთად გამოვიყვანოთ საქართველო ამ კრიზისიდან. ამის გარანტორი არის სწორედ ერთობა.

_ რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვის ოპოზიციური პარტიები შეძლებენ ერთობის მიღწევას?

_ ვერაფრით გავაკეთებ მათ მაგივრად კომენტარს წინასწარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საერთო საქმისთვის ასე არის საჭირო. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ რუსულ კანონს ვუთხრათ არა, მთავარი ამოცანაა ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა კიდევე ერთხელ გაიმარჯვოს „რუსულ კანონზე“, როგორც ეს მოხდა გასული წლის მარტში. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ეს და ამიტომაც სხვა თემებზე მუშაობა ჯერჯერობით ნაკლებად მიმდინარეობს.

_ რამდენად არის შესაძლებელი იმ მნიშვნელოვან ბირთვთან ერთად გაერთიანება საარჩევნოდ, რომელმაც დატოვა ენმ და პარტია „ახალი“ ჩამოაყალიბა?

_ ყოველთვის ყველაფერია შესაძლებელი, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხს. დღეს ჩვენი ქვეყანა რეალურად არის გადასარჩენი, ჩვენი ქვეყანა, რომელიც კარგავს ევროინტეგრაციის შანსს, არის უდიდესი კრიზისის წინაშე და ამ ყველაფრის ფონზე ერთიანობა არის გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი. როდესაც საერთო საქმეს დასჭირდა, ვგულისხმობ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ბრძოლას, თქვენ ნახეთ, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია გაერთიანდა და ამ გაერთიანებაში არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალიც“.

_ უკვე რამდენიმე დღეა, აქტიურად დადიხართ რეგიონებში, სადაც მოქალაქეებს ესაუბრებით „რუსული კანონის“ უარყოფით მხარეებზე, როგორია დამოკიდებულება რუსულ კანონთან რეგიონებში?

_ წარმოუდგენლად უარყოფითი განწყობაა „რუსული კანონის“ მიმართ მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენი ხალხი აცნობიერებს, რომ მთავარი ამოცანა არის: „არა რუსულ კანონს“, „არა რუსულ მთავრობას“. რამდენიმე დღის წინ მიღებული რეზოლუციის შემდეგ მათ აღარ უჩნდებათ და ზოგადად აღარ ჩნდება არანაირი კითხვა ამ კანონთან დაკავშირებით. გამოსავალი დღევანდელი სიტუაციიდან არის ის, რასაც ვაკეთებთ, რომ ერთად ვდგავართ რუსთაველზე, რეგიონებში და ამ რეალობამ დაგვანახა, რომ ძალა მართლაც ერთობაშია და მჯერა, რომ ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავასრულებთ რუსეთს ჩვენს ქვეყანაში.

_ 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიღო რეზოლუცია, სადაც ძალიან მძიმე სადამსჯელო ღონისძიებებია შეტანილი. რეალურად შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი?

_ ძალიან მძიმე შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ და ყველა ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, რომ ნუ რისკავს ქვეყნის ბედით, ნუ ცდილობს ხალხს დააკარგვინოს ის ფინანსური სიკეთეები რასაც ევროპისგან იღებს, ნუ ცდილობს და ნუ აყენებს საქართველოსა და ქართველ ხალხს საფრთხის წინაშე. უნდა გაიწვიოს „რუსული კანონი“ და გაათავისუფლოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.

_ ამის ფონზე, „ოცნების“ მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გაქვთ იმედი, რომ დაიხევს უკან მმართველი გუნდი, როგორც ეს გასულ წელს მოხდა?

_ ვერ ვიტყვი, რას იზამს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მე ვიტყვი, რას იზამს ქართველი ხალხი. ვხედავთ, რომ დღეს რეალურად ბრძოლაში ჩართული არის დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა, რომელიც არ დაუთმობს ჩვენს ქვეყანას რუსეთს. თაობა, რომელიც იბრძოლებს ბოლომდე, ჩვენც ვიბრძოლებთ მათთან ერთად და ყველანი ვეტყვით „რუსულ კანონს“ არას. მათ არ გაუვათ ის, რომ გაარუსონ ქვეყანა და რუსეთის გუბერნიად აქციონ. ქართველ ხალხს აქვს უპრეცედენტოდ დიდი მხარდაჭერა. ჩვენ ვნახეთ ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის განცხადება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესმენების, ევროპარლამენტარების, ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებები და ვხედავთ, რომ მართლაც უპრეცედენტო მხარდაჭერა არის დასავლეთის მხრიდან და ერთადერთი, ვინც დგას „ქართული ოცნების“ გვერდით, ეს არის რუსეთი და რუსი პროპაგანდისტები. ამით ყველაფერი ნათქვამია, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

_ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების საკითხი უკვე მეორედ მოხვდა რეზოლუციაში, თუმცა მოლოდინი არის იმის, რომ ამ რეზოლუციას „გაითვალისწინებენ“ ისევე, როგორც ეს მოხდა პირველ ჯერზე _ როგორია თქვენი მოლოდინი იმის გათვალისწინებით, რომ ასობით ათასი ადამიანის ხელმოწერა გაქვთ, რომლებიც მოითხოვენ პრეზიდენტის განთავისუფლებას? ასევე ვიხილეთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ BBჩ-თან, სადაც ის ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. შეიძლება გაათავისუფლოს სააკაშვილი ზურაბიშვილმა?

_ კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ მას უნდა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს დასავლური და ევროპული მომავალი, ეს ფიზიკურად ვერ მოხდება მაშინ, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გყავს პოლიტიკური პატიმარი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თქვენ ნახეთ, რომ მას აქვს 200 000-მდე საქართველოს მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია, იმ მოქალაქეების, რომლებიც ითხოვენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას, ამას ემატება 25 აპრილს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ნაწილიც, სადაც მოთხოვნილია დასავლეთის მიერ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება და იმის ფონზე, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, კარს მოგვადგა არჩევნები და ის რომ იყოს კონკურენტუნარიანი, სამართლიანი, უნდა განთავისუფლდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელიც არის „მთავარი ოპოზიციური“ პარტიის ლიდერი და იმყოფება ტყვეობაში. ამის ფონზე ეს არჩევნები ვერ იქნება ვერც ლეგიტიმური, ვერც სამართლიანი, ვერც კონკურენტუნარიანი. აქედან გამომდინარე, ის უნდა განთავისუფლდეს.

_ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული 29 აპრილის აქციის შესახებ გაქვთ თუ არა იმის მოლოდინი, რომ შეიძლება გარკვეული სახის დაპირისპირება მოხდეს ორ მხარეს შორის? ამისთვის ხომ არ დააანონსა მმართველმა პარტიამ ეს აქცია?

_ სამარცხვინოა, ეს არის პირველ რიგში კანონის დარღვევა, როდესაც საჯარო სამსახურის წარმომადგენლებს ათავისუფლებ და, ფაქტობრივად, ცლი საჯარო მოხელეებისგან სხვადასხვა უწყებას. გარდა ამისა, ეს არის მორალური ზიანის მიყენება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ძალით, დაშინებით და შანტაჟით გამოჰყავთ რუსთაველზე და უმეტესი მათგანი არის იმ ახალგაზრდების მშობლები, რომელთა შვილებიც დგანან რუსთაველზე და აპროტესტებენ „რუსულ კანონს“, არ უშინდებიან არც სპეცრაზმს, არც ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს და რეზინის ტყვიებს, არც სრულიად უსაფუძვლოდ გისოსებს მიღმა აღმოჩენას, რადგანაც იციან, რომ ამით ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავენ. შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი დანაშაულო ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომლებიც სამსახურების დაკარგვის მუქარით გამოჰყავთ გარეთ.

_ შანტაჟი ახსენეთ და მინდა გკითხოთ, რამდენიმე დღის წინ, სწორედ ამ საქმესთან („რუსული კანონის“ წინააღმდეგ გალაშქრება) დაკავშირებით ბაღდათის მერის, კახა ენუქიძის მიერ არასრულწლოვნებზე განხორციელებული მუქარის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. სამართლიან სახელმწიფოში უნდა გამოიძიონ თუ არა მსგავსი ფაქტები და შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს თუ არა ჩინოვნიკებს?

_ აუცილებლად უნდა შეისწავლონ. ეს არის სწორედ რუსული მმართველობის ფორმა, როდესაც თავისუფალ სიტყვას უზღუდავენ ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის ამ კანონის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც, რომ ჩვენ სამუდამოდ აგვეკრძალოს თავისუფალი სიტყვის წარმოთქმა, კრიტიკული აზრის გამოხატვა, სწორედ ასეთი ჩინოვნიკების მიერ დაზარალებული ადამიანების დაცვა და მათთვის იურიდიული დახმარების გაწევა, რასაც სრულიად უსასყიდლოდ აკეთებენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები. აი, ამ გზით უნდათ ქვეყნის წაყვანა და რუსეთის უკანა ეზოდ გადაქცევა, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული და ყველა მსგავსს ფაქტს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.

_ სულ ცოტა დრო რჩება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. თუ დროულად არ გაათავისუფლეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, როგორ გესახებათ საარჩევნო პროცესები და არჩევნების შედეგი (ამ შემთხვევაში ენმ-ს ვგულისხმობ) მიხეილ სააკაშვილის პერსონის ღია ჩართულობის გარეშე?

_ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არჩევნებამდე იყოს თავისუფალი, რათა არჩევნები ჩატარდეს კონკურენტუნარიან და სამართლიან გარემოში.

_ მიხეილ სააკაშვილმა თავის ერთ-ერთ განცხადებაში თქვა, რომ პარტიული სია (2024 წლის არჩევნებისთვის) არ უნდა დაკომპლექტდეს იმ ადამიანებით, რომლებიც უკვე იყვნენ წარმოდგენილები პარლამენტში. აპირებს ენმ სააკაშვილის სიტყვების გათვალისწინებას?

_ მიხეილ სააკაშვილი იყო, არის და იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უპირობო ლიდერი და ცხადია, პარტია გაითვალისწინებს ყველა საკითხს, რომელსაც აყენებს ის. ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვნახოთ, ჯერ სიამდე ძალიან დიდი დროა.

_ დაბოლოს, რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ „რუსულ კანონს“?

_ ამ ადამიანებს ვეტყოდი ერთს: იფიქრონ თავიანთი შვილების მომავალზე. თუ ჩვენ ასე შევეგუეთ ამ უსამართლობას და ფარ-ხმალი დავყარეთ, რას შეეწირნენ ჩვენი წინაპრები და ის გმირი ადამიანები 9 აპრილს, რა სშეეწირნენ შინდისის გმირები? რას ვეუბნებით გიორგი ანწუხელიძის შვილებს? და საერთოდ, როგორ უნდა ჩახედონ მათ თავიანთ შვილებს თვალებში, თუ ეს კანონი გავიდა, მათი შვილებიც ძალიან მალე გაიღვიძებენ რუსეთში. მე არ მესმის და ვერ ვიგებ იმ ადამიანებისას, ვინც ამ კანონს უჭერს მხარს, თუმცა ვიცი, რომ ასეთები არიან ერთეულები. 

გაზიარება