- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2024-05-02 05:55:45
შორენა მარსაგიშვილი
პარლამენტის ყოფილ წევრ გიგი წერეთელს „ქართული ოცნებისგან“ არაფერი უკვირს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვერ წარმოედგინა, თუ ხელისუფლება მეორედ შემოაბრუნებდა რუსულ კანონს. გიგი წერეთელი არ გამორიცხავს, რომ ამ კანონის შემობრუნება რაღაც თემის გადასაფარად ხდება.
რა თემა შეიძლება გადაიფაროს „რუსული კანონის“ შემობრუნებით და დააგვიანდა თუ არა დასავლეთს „ქართული ოცნების“ ქმედებებზე რეაგირება? _ ამის შესახებ გიგი წერეთელი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელმეორედ დაინიცირებას დასავლეთიდან სათანადო რეაქცია მოჰყვა. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია. რას ფიქრობთ ამ რეზოლუციაზე, ცოტა ხომ არ დააგვიანდა ევროპას „ოცნების“ ქმედებებზე სათანადო რეაგირება?
_ ევროპარლამენტის ასეთი რეზოლუცია მოსალოდნელი იყო. თვეების განმავლობაში ამისთვის ნიადაგი მზადდებოდა, ძალიან ბევრი გაფრთხილება იყო. ევროპელებისგან იყო უპრეცედენტოდ ბევრი თხოვნა, მოთხოვნა, კრიტიკა. ჩვენს პარტნიორებს ძალიან მკაცრი ტონი ჰქონდათ. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ის, ვინც რეზოლუციას მხარი დაუჭირა, არიან საქართველოს მეგობრები. აქ პარტიულ მეგობრობაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის. პარტიულ მეგობრობაზე თუ მიდგა საქმე, ამ ხალხის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ „ქართულ ოცნებასთან“ მეგობრობდა. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის დახმარების ხელი გაეწვდინათ, საერთაშორისო არენაზე გაემხნევებინათ და ბევრ გადაცდომაზე თვალი დაეხუჭათ. ამ გადაცდომებზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით დასავლელ პარტნიორებთან. ისინი „ოცნებას“ აქამდე ყველაფერს პატიობდნენ.
_ გადაცდომებზე ხუჭავდნენ თვალს, რომელზეც ჩვენ მივუთითებდითო. რა გადაცდომებზე არ რეაგირებდნენ ჩვენი ევროპელი მეგობრები?
_ ანტიდასავლურ კურსზე. ამაზე ჩვენს მეგობარ ევროპელებს ხშირად მივუთითებდით. ვეუბნებოდით, რომ ავტორიტარული მისწრაფებები ჰქონდა „ქართულ ოცნებას“. ერთპარტიული მმართველობის სურვილზეც მივუთითებდით, ოპოზიციისა და არასამთავრობოების მიმართ დამოკიდებულებაზე. ბევრი რამ იყო საკრიტიკო, მაგრამ დასავლეთი თვალს ხუჭავდა. არადა, ეს იყო გასაკრიტიკებელი, არა იმიტომ, რომ ვიღაცა გაშავებულიყო, ეს იმიტომ იყო საჭირო, რომ ხელს უშლიდა საქართველოს მთავარ მიზანს, _ ჩვენ როგორმე უნდა გავარღვიოთ რუსული რკალი და ხანგრძლივად ვიყოთ ცივილიზებულ დასავლურ სამყაროსთან, რომელიც ბუნებრივად არის ჩვენი ადგილი.
დასავლეთს „ქართული ოცნების“ ასეთ გადაცდომებზე აქამდე არ ჰქონდა სათანადო რეაგირება, მაგრამ ახლა ამ ყველაფერმა კულმინაციას მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებასთან“ დაკავშირებით სკეპტიციზმი არსებობდა, მათი მოქმედებების ამოცნობა რთული არ იყო. ამიტომაც, როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იყო საუბარი, სულ ვამბობდით, რომ მხოლოდ კანდიდატის სტატუსი ხსნა არ არის. ხსნა არის იმაში, რომ გყავდეს იმგვარი ხელისუფლება, რომელსაც რეალურად სურს რეფორმები და კანდიდატის სტატუსს მხოლოდ საარჩევნო ინსტრუმენტად არ გამოიყენებს. კანდიდატის სტატუსი „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პრორუსული მისწრაფებების გადასაფარად და გასანეიტრალებლად გამოიყენა.
ნიშნის მოგებით ნამდვილად არ ვსაუბრობ, მაგრამ იმ ევროპარლამენტარების წინაშე, რომლებიც „ქართულ ოცნებაზე“ გვეკამათებოდნენ, აღმოვჩნდით მართლები. კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და, პრაქტიკულად, მეორე დღეს შეცვალეს პოლიტიკა და ხელმეორედ დააინიცირეს რუსული კანონი. „ქართული ოცნებისგან“ ბევრ რამეს ველოდი, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ისევ ამ კანონს შემოაბრუნებდნენ. ამ კანონის შემობრუნებას თეორიულადაც კი არ ვუშვებდი. სათანადო რეაქციაც დავინახეთ დასავლეთისგანაც. უკიდურესად მძიმე რეაქცია იყო. ძალიან მწყინს და ჩემთვის მტკივნეულია ამ რეაქციების მოსმენა. აქ არ არის პოლიტიკურ პოზიციაზე ლაპარაკი, ზოგადად ქვეყანაზეა საუბარი. ვფიქრობ, ხელისუფლებას არანაირი რესურსი არ აქვს სიტუაციის შემოსატრიალებლად.
იმას ვერ ვიტყვი, რომ „ქართულ ოცნებაში“ იმდენად სულელები არიან, რომ არ ესმოდათ, რას აკეთებდნენ „რუსული კანონის“ მეორედ შემოტანით. ეს სპონტანურად არ მომხდარა, ეს იყო გათვლილი. არ ვიცი, რუსეთმა დაავალა, თუ მათ გონებაში ასეთი მეტამორფოზა მოხდა, „ოცნებისგან“ ბევრ რამეს ველოდი, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, არ მეგონა, თუ ამ კანონს მეორედ შემოიტანდნენ.
_ თავად თქვით, რომ თეორიულადაც კი ვერ დავუშვებდიო. არც ამის წინაპირობა ჩანდა და რა უნდა მომხდარიყო? რუსეთმა დაავალა?
_ მსგავსი ვითარება ბევრგან მომხდარა. ბევრ ქვეყანაში არსებობს ქცევითი ავტორიტარიზმი, რა უნდა გააკეთონ, როგორ შექმნან მტრის ხატი. იმის რესურსი ნამდვილად აქვთ, რომ სხვისთვის ეკითხათ, როგორ გაეკეთებინათ ეს. ბევრი კონსპირაციაა ამ თემაზე, თუ რატომ შემოიტანეს ეს კანონი. რისთვის დასჭირდათ? რაღაც სხვა რამის გადაფარვა ხომ არ უნდათ? თუნდაც ისიც მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა იკითხოს, რად უნდა ახლა ამის გაკეთება ხელისუფლებას? ზოგჯერ ასეთი ქმედებები შესაძლოა სჭირდებოდეთ კრიზისის ხელოვნურად შესაქმნელად და შემდეგ ამით სხვა რაღაცის გადასაფარად, რომელიც შესაძლოა უფრო აინტერესებთ, ვიდრე ეს „რუსული კანონი“.
_ რა შეიძლება იყოს მათთვის ახლა ამ კანონზე უფრო მნიშვნელოვანი და რის გადასაფარად სჭირდებათ ეს ამბავი?
_ არ ვიცი. მე ყველაფერს ვერ ამოვიცნობ. მაგრამ ამ ხელოვნურად ატეხილ ქარიშხალში შემთხვევითი არ ყოფილა ოფშორების კანონის შემოტანა და მისი სწრაფად გატანა. ამ მომენტით სარგებლობა შესაძლოა რაღაც სხვა საკითხებსაც უკავშირდებოდეს. ყურადღების გადატანა სხვა თემაზე ყოველთვის არის ინსტრუმენტი. მთავარია, სათანადო დრო შეარჩიო. თუ შენი მიზანია, რომ შეინარჩუნო ძალაუფლება და არაფრად ჩააგდო არც ეროვნული ინტერესები, არც კონსტიტუცია და არც საზოგადოების განწყობა, ყველაფრის გატანას მოინდომებ.
ჩათვალეს, რომ საზოგადოებაში საპროტესტო განწყობა არ არის მაღალი, რადგან მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ბევრი სკეპტკოსი დამშვიდდა. ეგონათ, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა ასეთ რაღაცას ვეღარ გაბედავდა, რაც ქვეყნის საგარეო კურსს შემოატრიალებდა რუსეთისკენ. ფეხბურთში წარმატების მიღწევის შემდეგ ხალხის გუნება-განწყობა გაუმჯობესდა, მზემ გამოანათა და ეგონათ, რომ პოლიტიკისთვის ვეღარ მოიცლიდა ბევრი. ჩვენ გარშემო ყველგან არჩევნებია. ამ მოწვევის ევროპარლამენტიც ასრულებს თავის მუშაობას, ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებია. ომია გაქანებული უკრაინაში და „ოცნებამ“ იფიქრა, ასეთ ვითარებაში ჩვენ ვინ მოგვაქცევს ყურადღებას და მოდი, ახლა ისეთი რაღაცები გავაკეთოთ, რაც ჩვენ გვინდაო.
თუ ორი საზომით მივუდგებით და ჩავთვლით, რომ ეს ხელისუფლება პრორუსულია თავის შინაარსით და ამავე დროს ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება, შეიძლება გაიგო, რატომ აკეთებენ ამას. უნდათ რუსებს დაანახვონ, როგორ იბრძვიან დასავლეთის წინააღმდეგ და რა ფასი უჯდებათ ეს მათ. ნებისმიერი კონფრონტაცია არის რუსეთის აქტივი. მოსკოვის მთავარი ამოცანა სწორედ ისაა, რომ მისი შემოგარენი, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი კვლავ თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, არ დაუახლოვდეს ევროპას. რუსეთს სურს, საქართველოს დასავლეთთან ჰქონდეს უფსკრული და რაც შეიძლება დაშორდეს მას, რათა არ მოხდეს ინტეგრაციის პროცესი.
თუ საარჩევნო ტექნოლოგიების პრიზმაში შევხედავთ, ესეც პრაქტიკაა, რომ ძლიერისკენ იხრება ელექტორატი. უნდათ ხალხს აჩვენონ, რომ არიან ძლიერები, ჯობნიან ოპოზიციას, არ ეპუებიან დასავლეთს, აკეთებენ ბუნდოვან განცხადებას. ერთ დღეს ამბობენ, ევროპელები ვართო, სადღა უნდა წავიდეთ, ისედაც ევროპაში ვართო. კი, ევროპაში ვართ, მაგრამ არ ვცხოვრობთ ევროპული სტანდარტებით. რუსული სტანდარტით ცხოვრება არ ვარგა. შესაძლოა, რუსული არაყი ვარგა. კარგა ხანია, არ დამილევია, მაგრამ „რუსკი სტანდარტი“ არ ვარგა. ასეთი კარგი თუ არის რუსეთი, მაშინ რატომ არ ყიდულობენ ხელისუფლების წარმომადგენლები რუსულ მანქანებს პატრიოტული მოსაზრების გამო? აბა, „ოცნების“ რომელ ბობოლას ჰყავს რუსული მანქანა? აბა, კარგი იყოს რუსული სტანდარტი _ რუსულ მანქანებს იყიდიდნენ.
_ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები არც რუსულ მანქანებს იყიდიან და, დიდი ალბათობით, არც რუსულ არაყს დალევენ.
_ რა თქმა უნდა, არ დალევენ. უხარისხო არაყს ვინ სვამს? არ ვარგა რუსული სტანდარტი. არა! ამიტომ არის ჩვენი ხალხი შეშფოთებული და შეწუხებული ამ „რუსული კანონის“ შემობრუნებით. რუსეთი რომ ცუდია, ამიტომაც არის დიდი პროტესტი. გარედანაც ასეთი მწვავე რეაქციაა. მე თითქმის ყველას კარგად ვიცნობ, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს. მათ საქართველო ძალიან უყვართ და უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა გადაურჩეს რუსეთის მუდმივ სატელიტობას. როდესაც აქ არიან, ძალიან კარგად ხედავენ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა თავისი ღირებულებებით. ევროპული ღირებულება სხვა არაფერია, თუ არა თანასწორობა, სოლიდარობა, კანონის უზენაესობა, სამართლიანობა და ა. შ.
ჩვენს ევროპელ მეგობრებს ისიც კარგად ესმით, რომ ეს მათთვის კი არა, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. მათთვის საქართველო მნიშვნელოვანია, როგორც ევროპული სივრცის ნაწილი. ევროპულ სივრცეში ყოფნა განსაკუთრებით ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. როდესაც ხელისუფლებას ამ თემებზე ვესაუბრები, ყოველთვის ვეუბნები, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან და როგორც მტრებს ისე ნუ უყურებთ და ნუ ლანძღავთ. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ძალიან ლანძღავდნენ ევროპარლამენტარებს, კრიმინალებად, ომის პარტიად და ათას რამედ მოიხსენიებდნენ. როგორც კი კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ამ ხალხს მადლობებს უხდიდნენ. კანდიდატის სტატუსი ამ ადამიანებმა მოგვცეს, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო საქართველოს მხარდაჭერის გამოხატულება და არა ხელისუფლების კარგი მუშაობის შედეგი.
ახლა ჩვენი მეგობრები უძლურები ხდებიან, რომ რაიმე ქმედითი დახმარება გაუწიონ საქართველოს, რადგანაც საქართველოს ხელისუფლება რეკომენდაციების საპირისპირო ნაბიჯებს დგამს. არაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. წინსვლაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნას ვგულისხმობ. სხვა მხრივ ჩვენ გვაქვს ერთადერთი არჩევანი, რაც არ უნდა ტრაგიკულად ჟღერდეს _ ჩვენ ვრჩებით რუსეთის გავლენის სფეროში. თუ ამ პერსპექტივას არ გადავურჩით და რუსეთის გავლენებს თავი არ დავაღწიეთ, მოსკოვი როცა უნდა და როგორც უნდა, იმას მოიმოქმედებს საქართველოში.
_ ამ პერსპექტივას როგორ უნდა გადავურჩეთ? პროტესტი და არჩევნებზე აქტიურობა იქნება გამოსავალი?
_ დღეს ხელისუფლებას აღარ აქვს იმის რესურსი, რომ საზოგადოებას რაიმე სხვა შესთავაზოს. ასეთ დროს რამის პროგნოზირება ძნელია. ამათმა ისე ღრმად შეტოპეს, რომ აქედან გამოსვლა გაუჭირდებათ. ისინი აუცილებლად დაიწყებენ სახის შენარჩუნებაზე ფიქრს. ერთი ვერსიაა, რომ კანონი რაღაცნაირად შეცვალონ იმგვარად, რომ შედარებით მისაღები გახდეს შინაარსიან-სახელწოდებიანად. ამ შემთხვევაში ეს სისუსტის გამოვლინება იქნება და მათ ეს არ მოსწონთ. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ცდილობს იმას, რომ რასაც ჩაიფიქრებს, საბოლოო ჯამში ის გააკეთოს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს საკადრო პოლიტიკას ეხება თუ სხვა საკითხებს.
_ რისთვის სჭირდება ეს ივანიშვილს?
_ ამით ის ხალხს აჩვენებს, რომ ის არის ძლიერი და მას ყველაფერი შეუძლია. მეორე ამბავია, რომ თუ ხელისუფლება გაჯიუტდება და კონფრონტაცია გაგრძელდება, რაც ტიპური რუსული სტილია, მოხდება ის, რაზედაც ლაპარაკობდნენ ევროპარლამენტარები. პოლიტიკური კოშმარი გველოდება წინ. არავითარი მოლაპარაკებები არ გაგრძელდება საქართველოსთან სტატუსთან დაკავშირებით. გაჩერდება დახმარებები, შეწყდება მთელი რიგი პროექტები. გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია. სთხოვეს უკვე ევროკომისიას ამ თემის წამოწევა, რამდენად შესაძლებელია გადახედვა. მოსალოდნელია ინდივიდუალური სანქციების დაწესებაც. სიაში არის ივანიშვილი. დასასანქცირებელთა სიაში არიან ის დეპუტატები, რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს. ალბათ, სანქციები შეეხება სხვა ინდივიდებსაც, მაგალითად, ვინც აქციებზე ძალადობს და ა. შ.
მოკლედ, ძალიან მძიმე სურათია. ჩემთვის ტრაგიკული ამბავია. აქედან ორი გამოსავალი არსებობს: ან ხელისუფლება ხვდება ამას და პოლიტიკას ცვლის, რაც ჩვენ შემთხვევაში არის უკიდურესი მცირე ალბათობის და მეორე გამოსავლის ალბათობა ბევრად უფრო მაღალია, _ ეს არის ადამიანების გადაწყვეტილება. დღევანდელი პროტესტი უნდა გადაიზარდოს საარჩევნო მუხტში, რომელიც არჩევნების დღეს მიაღწევს პიკს.
ამომრჩეველი, ალბათ, მიხვდება, რომ ამ ხელისუფლების ნდობა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს. იმას არ ვამბობ, რომ ყველა ციხეში უნდა წავიდეს, ეს ასე ნამდვილად არ უნდა მოხდეს. ვინც დააშავა, ის კანონის წინაშე აგებს პასუხს. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაშიც კი ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამის უფლება და რესურსი, უნდა დარჩნენ პოლიტიკაში.
ნორმალური ესაა, არჩევნები მოდის, იცვლება ხელისუფლება. ყოფილი ხელისუფლება, თუ მას პოლიტიკაში დარჩენის სურვილი აქვს, გადადის ოპოზიციაში. იმედი მაქვს, არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვლება. იმაზე უარესი რაღა უნდა იყოს, რაც დღეს გვაქვს? ერთადერთი, ომი და სამხედრო ოპერაცია დარჩა, თორემ პოლიტიკურად უკვე ვართ კატასტროფაში.
საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ამათ საქმეებში კარგად ვარ ჩახედული და ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო „ოცნების“ ეს ნაბიჯი. გარეთ რუსული კანონის შემობრუნებით ყველა შოკირებულია. საუბარია იმ ევროპარლამენტარებზე, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის ამ ხელისუფლებას, მაგრამ ეს არის ჯილდო ქვეყნისთვის. ეს გააკეთეს იმისთვის, რომ საზოგადოების არჩევანი იყო ევროპა და ევროპას არ სურს, რომ აქ რუსეთმა გაიმარჯვოს. დღეს ეს ხალხი ხედავს, რომ მათმა გადაწყვეტილებამ მოიტანა უარესი შედეგი. კანდიდატის სტატუსის მონიჭებით მათ გააძლიერეს „ქართული ოცნება“, სალაპარაკოდ მეტი არგუმენტი მისცეს. აცხადებდნენ, დასავლეთმა ჩვენს ხელისუფლებას მიანიჭა კანდიდატის სტატუსიო. სტატუსის მინიჭების შემდეგ შემოტრიალდნენ და ევროპას დაუწყეს ლანძღვა. სწორედ ეს არის რუსული ყაიდისა და ავტორიტარიზმის დამახასიათებელი ხელისუფლების თვისება.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს რომ ვუსმენ, ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები მახსენდება. ერთი ერთში ჰგავს ეს განცხადებები ერთმანეთს. როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ვიყავი, ხშირი ურთიერთობა მქონდა ბელარუსებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო სექტორთან. წლების განმავლობაში მიდიოდა ბელარუსის ხელისუფლების კრიტიკა. როდესაც დაიწყეს სივრცის შევიწროება მედიისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის, აპატიმრებდნენ ოპონენტებს. ამის გამო ძალიან ვაკრიტიკებდით ოფიციალურ მინსკს. არადა, მე ლუკაშენკოსთანაც მქონდა რამდენიმე შეხვედრა. კრიტიკაზე პასუხი იყო ასეთი, _ ჩვენ გვჭირდება ასეთი კანონები, იმიტომ, რომ ქვეყანაში არის სტაბილურობა. ევროპას თუ არ უნდა, ნუ იქნება ჩვენთან ერთად. თუ უნდათ, ისეთები მიგვიღონ, როგორებიც ვართ. ისინიც ევროპარლამენტარებს ან ოპოზიციის ნაწილად ან ბელარუსის მტრებად რაცხავდნენ.
ახლა ჩვენი ხელისუფლება მოიხსენიებს ევროპარლამენტარებს ოპოზიციის ნაწილად და აცხადებს, რომ საქართველოს ომში ჩათრევა უნდათ. ჩვენი ხელისუფლება ბელარუსის გზას ღიად დაადგა. რუსული გზა კიდევ უფრო მძიმე ამბავია. არც რუსეთსა და არც ბელარუსში აღარ დარჩა თავისუფალი მედია, აღარ დარჩა ოპოზიციონერი და არასამთავრობო სექტორი. ყველა ან გაქცეულია, ან ციხეშია, ან მოკლულია.
_ იმედია, ჩვენ აქამდე არ მივალთ.
_ მეც მაგის იმედი მაქვს, რომ ჩვენთან აქამდე არ მივა საქმე. დავიჯერო, ხელისუფლებაში ყველას ერთიანად ბინდი აქვს თვალზე გადაკრული? არ ესმით, თუ თავს იტყუებენ, ამ რაღაცებს რომ ლაპარაკობენ? რაღაც სასწაულ გნცხადებებს აკეთებენ. აცხადებენ, ჩვენ ღირსებით მივდივართ ევროპაშიო. რას ნიშნავს, ღირსებით მიდიხარ? რა ქმედებას უწოდებენ ღირსეულს? იმ ხალხს, ვისაც ჩვენი დახმარება უნდა, მტრად და ომის მსურველად რომ მოიხსენიებენ? რას გვთხოვენ ევროპელები ისეთს, რისი გაკეთებაც არ შეიძლება? იმ ცხრა მოთხოვნიდან რა არის ისეთი, რომელიც საქართველოს ან საქართველოს მოქალაქეების ღირსებას ლახავს? სასამართლო რეფორმაა საქართველოს ღირსების შემლახავი თუ დეოლიგარქიზაცია? არაფერი არ არის იქ ასეთი და თუ იყო რამე ღირსების შემლახავი, რატომ დათანხმდნენ ამას? ამაზე ხომ საქართველომ ხელი მოაწერა ოფიციალურად? საქართველომ ხომ აიღო ეს ვალდებულება საკუთარ თავზე, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიიღო? კიდევ უფრო მეტი. ეს ვალდებულება კი არაა, არამედ პირდაპირ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა ხელი შეუწყოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „ქართული ოცნება“ ახლა კონსტიტუციას არღვევს თავისი ამ მოქმედებით. ეს ანტიდასავლური კონფრონტაცია პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევაა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში რომ ჩადის და იქ რაღაც განცხადებებს აკეთებს, ეს არაფერს ნიშნავს. პრემიერი სხვა ქვეყანაშიც წავა, გზებს ჯერჯერობით არ ჩაუკეტავენ. ერთი რამე უნდა იცოდნენ, რომ არც უნგრეთში იქნება ასეთი ტიპის კანონის აქტიური მხარდაჭერა. ვესუბრე უნგრელებს და ვიცი მათი პოზიცია. ამ ტიპის კანონი თავის დროზე მიიღო უნგრეთმაც, როემლიც შემდეგ ევროსასამართლომ დაბლოკა. არადა, უნგრული ბევრად უფრო რბილი იყო ჩვენ რუსულკანონთან შედარებით.
რამდენიმე ხნის წინ ვიყავი ცენტრისტული პარტოების შეკრებაზე, სადაც ასზე მეტი პარტიაა ოთხმოცი ქვეყნიდან. მათ შორის უნგრეთიდანაც არის პარტია, რომლის ვიცეპრეზიდენტი ორბანია. ამ ორგანიზაციამ, ამ კანონთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი რეზოლუცია მიიღო. ასე რომ, მარტივად არ არის საქმე. „ქართული ოცნება“ ბევრს ეცადა, მაგრამ ამ კანონის მხარდამჭერები ვერ იპოვა ევროპაში. სულ რამდენიმე ადამიანი გამონახეს. იმ დღეს ვუსმენდი ვიღაც ბელგიელ სენატორს, ახალგაზრდა ბიჭია. ახალგაზრდობაში არაა საქმე. უკიდურესი მემარჯვენე პარტიის წარმომადგენელია. თანამოაზრეებად ევროპარლამენტში ორი ღია პუტინისტი მონახეს. სამარცხვინოა, ესენი რომ მხარს გიჭერენ. სამარცხვინოა, როცა მხოლოდ ასეთი ხალხი იცავს შენს პოზიციებს.
ხელისუფლებასთან დაკავშირებით დიდი ოპტიმიზმი არ მაქვს, სამაგიეროდ, ჩვენს საზოგადოებასთან და ახალგაზრდობასთან დაკავშირებით მაქვს ოპტიმიზმი. ყველა ასაკის ადამიანს კარგად ესმის, თუ რა ჯობია საქართველოსთვის. თუ გვინდა მშვიდობა და განვითარება და უკეთესი მომავალი, დასავლეთი უნდა ავირჩიოთ. სწორედ დასავლეთია ამ საქმეში ჩვენი კარგი პარტნიორი და არა რუსეთი. ამიტომ ეს ყველაფერი მივა თავის ლოგიკურ შედეგამდე.