QronikaPlus
მამუკა გვაძაბია: „ივანიშვილი საარჩევნოდ ქულების დასაწერად რუსებს გალში დევნილების დაბრუნებაზე ევაჭრება“

მამუკა გვაძაბია: „ივანიშვილი საარჩევნოდ ქულების დასაწერად რუსებს გალში დევნილების დაბრუნებაზე ევაჭრება“

2024-04-22 04:33:16

შორენა მარსაგიშვილი

„უცხო ქვეყნის აგენტების“ შესახებ კანონის მიღების ინიციატივით აფხაზეთის რესპუბლიკის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა გამოვიდა. მას რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტობისთვის ამზადებს. ოპონენტებმა არძინბას თავისი წარსული ამოუქექეს: გამოუქვეყნეს ამერიკაში კაპიტოლიუმის ფონზე გადაღებული ფოტო და ის საერთაშორისო პროექტი, რომლის მონაწილეც იყო.

რატომ დასჭირდა მოსკოვს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული კანონის მიღება? რა კავშირი აქვს მას საქართველოში ხელახლა შემობრუნებულ რუსულ კანონთან? რა მოლაპარაკებებს აწარმოებს აფხაზებთან რუსების დახმარებით ბიძინა ივანიშვილი? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება დამოუკიდებელი ექსპერტი, მამუკა გვაძაბია:

_ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დააინიცირეს კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ. ეს დროში საეჭვოდ დაემთხვა „ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელახლა შემობრუნებას. ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან რაიმე საერთო აქვს თუ დამთხვევაა?

_ დამთხვევა არ არის, თბილისშიც და სოხუმშიც ამ კანონების უკან რუსეთი დგას. რუსეთს უნდა მისი მეშვეობით აკონტროლოს როგორც აფხაზეთი, ასევე დანარჩენი საქართველო. აფხაზეთის პრეზიდენტმა უკვე შეიტანა პარლამენტში ეს კანონი განსახილველად. სავარაუდოდ, მას მიიღებენ. რუსეთი ასე შეეცდება აფხაზების გაკონტროლებას.

_ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი ხომ ისედაც აკონტროლებდა სიტუაციას და მოსახლეობას?

_ აკონტროლებდა, მაგრამ ბიჭვინთის წაღების შემდეგ ვითარება შეიცვალა. აფხაზეთში ანტირუსული განწყობები გაიზარდა. მოსკოვი შიშობს, რომ აფხაზეთი სულ არ დაკარგოს. ახლა მათთვის აფხაზეთი ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინელების შეტევების გამო რუსეთმა ყირიმიდან თავისი სამხედრო-საზღვაო ფლოტი გაიყვანა. ისინი ამ ფლოტის განთავსებას ოჩამჩირეში აპირებენ. ეს ადგილი მთელ შავ ზღვას აკონტროლებს რადარებით. ამ მიმართულებით რუსებს ბევრი არაფერი გამოუვათ. უკრაინელები აქაც მისწვდებიან რუსულ გემებს. აფხაზების გაკონტროლებას კი უფრო მარტივად მოახერხებენ.

_ უცხო ქვეყნების აგენტების შესახებ კანონის მიღების ინიციატორი ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბაა, რომელიც წლების წინათ თავად თანამშრომლობდა უცხოურ ორგანიზაციებთან. აფხაზებმა ამოქექეს, რომ ის ქართველებთან ერთად ერთ პროექტში მონაწილეობდა და იქ თითო სტატიაში 1000 დოლარს იღებდა ჰონორარის სახით.

_ ეს არაფერს ცვლის. ინალ არძინბა არის რუსეთის კაცი. ის, ფაქტობრივად, რუსებმა გაზარდეს. გადაწყევტილია, რომ ასლან ბჟანიას უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ რუსები მას დასვამენ აფხაზეთის პრეზიდენტად. ის მოსკოვის ყველა დირექტივას შეასრულებს. რუსებს არ აწყობთ აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ ამ ახალი კანონით აკრძალავენ.

_ დარჩა ოკუპირებულ აფხაზეთში ასეთი ორგანიზაციები? ისინი ხომ ინალ არძინბამ აკრძალა რამდენიმე წლის წინათ?

_ კიდევ დარჩა. გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები იქ კიდევ მუშაობენ. რუსები ზოგს ფულით იყიდიან, ვისაც ფულით ვერ იყიდიან, ამ კანონით გააჩუმებენ და გააუქმებენ. ბიჭვინთის ამბებმა აქ ბევრი რამე შეცვალა.

_ ბიჭვინთის თემაზე ისეთი პროტესტი იყო, არავის ეგონა, ასე მარტივად თუ დათმობდნენ აფხაზები...

_ მოსახლეობას რაც შეეძლო, გამოხატა პროტესტი. ბიჭვინთის რუსებისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება პარლამენტმა მოახდინა. პარლამენტის წევრების დაყოლიებას დიდი დრო დასჭირდა. ძალიან ბევრი ფული აიღეს იქაურმა დეპუტატება.

_ რუსებისგან აიღეს ფული?

_ დიახ. დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ რუსები პირდაპირ მივიდნენ აფხაზ დეპუტატებთან და ქეისებით მიუტანეს ფული. დიდი ფული აიღეს აფხაზმა დეპუტატებმა ბიჭვინთის გასხვისების სანაცვლოდ.

_ მაინც, რამდენი აიღეს?

_ 20 000 დოლარი.

_ 20 000 დოლარად დათმეს ბიჭვინთა?

_ 20 000 დოლარი ყველას ერთად კი არ მისცეს, ყველამ ცალ-ცალკე აიღო 20 000 დოლარი. ოკუპირებულ აფხაზეთში ეს საკმაოდ დიდი თანხაა. დეპუტატები მოისყიდეს რუსებმა, მაგრამ მთლიანად მოსახლეობის გაკონტროლებას ვერ შეძლებენ. ამიტომ გადაწყვიტეს იქ „რუსული კანონის“ შეგდება. რუსეთის შემოგდებულია აქაც ეს „რუსული კანონი“. მოსკოვს არც აფხაზეთის დაკარგვა უნდა და არც დანარჩენი საქართველოს. ფიქრობენ, რომ ჩვენ შენარჩუნებას ამ კანონის დახმარებით შეძლებენ. აფხაზეთში, სავარაუდოდ, მიიღებენ კანონს. დიდი იმედი მაქვს, რომ აქ ეს არ გამოუვათ.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკების გასხვისების შეთანხმების რატიფიციორება მოახდინა, ეს საკითხი ამოწურული არ არის. აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები ამ შეთანხმების გაუქმებას ითხოვენ. ამ საკითხზე ისინი ლიხნის შეკრების მოწვევას აპირებენ. ლიხნში შეკრებას აფხაზები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ბჟანიას ხელისუფლებას ამ შეკრების ეშინია. ამიტომაც იღებენ კანონს უცხოური აგენტების შესახებ.

საქართველომ „რუსული კანონის“ მიღება არ უნდა დაუშვას. „ოცნებას“ ეს კანონიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად უნდა. ასეთი არაეროვნული ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია. კომუნისტებიც კი არ იყვნენ ასეთი ანტიეროვნულები. ესენი ყველაფერს კადრულობენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. იმაზე მეტი მავნებლობა რაღა გინდათ, რასაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებთან დაკავშირებით კადრულობენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობა და განსაკუთრებით ახალგაზრდობა არ დაუშვებს ამ კანონის მიღებას.

ძალაუფლების შესანარჩუნებლად ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთის თემის გამოყენებასაც აპირებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები. ამის შესახებ ყველაფერი იცის ირაკლი კობახიძემ. ამ საკითხში რუსეთიდან კირიენკოა ჩართული. ის სოხუმში დაბადებულია და აფხაზებთან კავშირები აქვს. ამ მოლაპარაკებებში კიდევ რამდენიმე ქართველია ჩართული. ისინი რუსეთში ცხოვრობენ. რამდენადაც ვიცი, მოლაპარაკებები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიდის. მოლაპარაკებების თემაა დევნილების დაბრუნება.

_ დევნილების დაბრუნება თუ მოხერხდა, ეს ძალიან კარგი იქნება.

_ ეს დაბრუნება უნდა განხორციელდეს „ქართული ოცნების“ ეგიდით. ივანიშვილი ითხოვს, რომ ქართველი დევნილები ეგებ, ერისწყალამდე მაინც დაბრუნდნენ. ეს მდინარე გალისა და ოჩამჩირის რაიონებს ყოფს. გალში 50 000-ზე მეტი კაცი ისედაც ცხოვრობს. კიდევ რამდენიმე ათასს დააბრუნებენ და „ოცნება“ ამაზე ააგებს საარჩევნო კამპანიას. რუსებს ამ საკითხზე ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია. თუ დათანხმდებიან ამ გეგმას, ასე უნდათ სურათის დახატვა, რომ „ოცნება“ დევნილების დაბრუნების საკითხს მიიწერს და ისე წარმოაჩენს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაიწყეს. აფხაზები კი იტყვიან, რომ ქართველებმა მათი დამოუკიდებლობა აღიარეს. ამ შეთანხმების მიღწევა აფხაზების ხელისუფლებისთვისაც მისაღებია და „ქართული ოცნებისთვისაც“. მღვრიე წყალში უნდათ თევზის დაჭერა, ეს არის რუსეთის მიზანი. შემთხვევითი არც ის არის, რომ ცხინვალისა და სოხუმის ხელისუფლებები საქართველოს მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვენ. ოლიგარქიულმა რეჟმმა იცის, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა თვითმკვლელობის ტოლფასია. ამას არ გააკეთებენ. ოლიგარქიული რეჟიმი რუსებს გალში დევნილების დაბრუნებაზე ევაჭრება, რომ ეს ფაქტი საარჩევნოდ ქულების დასაწერად გამოიყენოს. დევნილების დაბრუნება თუ დაიწყო, იტყვიან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დავიწყეთო.

გაზიარება