QronikaPlus
ვახტანგ ხმალაძე: „ქართული ოცნება“ ყველაფერზე წავა, რომ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვოს“

ვახტანგ ხმალაძე: „ქართული ოცნება“ ყველაფერზე წავა, რომ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვოს“

2024-02-29 08:05:35

თამარ სანაძე

2024 წლის 20 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომლებიც ვერ პასუხობს ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესში არსებულ მთავარ გამოწვევებს და არ ითვალისწინებს ევროკავშირის, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს.

ცესკოს თავმჯდომარეობის, წევრობის კანდიდატებს კვლავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს და წარუდგენს პარლამენტს, რომელსაც, თავის მხრივ, უბრალო უმრავლესობითაც შეეძლება კანდიდატების სრული ვადით, 5 წლით არჩევა. ეს ფაქტორები აზიანებს ცესკოს დამოუკიდებლობას და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ერთი პარტიის გავლენის განმტკიცებას განაპირობებს. საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთია, რაც იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება ხელს არ უწყობს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესს.

ცესკოს ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შესახებ მიღებულ კანონზე  კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ გაზეთ „ქრონიკა+“-თან ვრცლად ისაუბრა:

_ ბატონო ვახტანგ, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი ცესკოს ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შესახებ. ოპოზიციის მტკიცებით, მიღებული კანონით ცესკოს დააკომპლექტებს მხოლოდ მმართველი პარტია, რაც აჩენს რისკებს, რომ ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა დაბალი იქნება. მესამე მოსმენით ამავე კანონის მიღება დაემთხვა ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძის პირველ ვიზიტს, სადაც ჩვენ გარკვევით გვითხრეს, რომ რეფორმების გატარებასა და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე გადის ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. როგორ შეაფასებდით ცესკოს ადმინისტრაციის დაკომპლექტების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას?

_ ძალიან მოკლედ: ეს ცვლილებები არის უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი. ნდობის ხარისხი, რომელიც ისედაც არ არის მაღალი საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, კიდევ უფრო შემცირდება. საქმე ისაა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესი, რომელიც მოიცავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებსა და საუბნო საარჩევნო კომისიებს, ეს წესი ყოველთვის იყო პოლიტიკური კამათის საგანი, თუ როგორი უნდა იყოს... რადგან საარჩევნო ადმინისტრაცია არა მხოლოდ ხმის მიცემის შედეგს ადგენს, არამედ საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია, ზედამხედველობა გაუწიოს მთელ საარჩევნო პროცესს. ეს გრძელდება თვეები და დარღვევის შემთხვევაში იმოქმედოს კანონის შესაბამისად, აღკვეთოს დარღვევა, დასაჯოს დამრღვევი და ა. შ. ძალიან დიდი ბერკეტები და უფლებები აქვს ამ პროცესებში საარჩევნო ადმინისტრაციას. იმის გამო, რომ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ხელისუფლება, ეს არის პოლიტიკური პარტიებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი და ყოველთვის დგებოდა ასეთი პრობლემა, როგორ უნდა დაკომპლექტდეს საარჩევნო ადმინისტრაცია იმისათვის, რომ რომელიმე ერთმა პარტიამ ან პარტიათა ჯგუფმა არ შეეძლოს ერთპიროვნულად საკუთარი ინტერესების გატარება კანონის დარღვევით ან კანონის ნორმათა შეუსრულებლობის გამო. თუკი რომელიმე ერთი პარტიის ან პარტიათა ჯგუფის (პარტიათა ჯგუფს იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ორი ან მეტი პარტია ერთმანეთთან არის ხოლმე დაკავშირებული) ხელში არ მოექცეს მთელი ძალაუფლება საარჩევნო ადმინისტრაციაში, საჭიროა დაკომპლექტების ისეთი წესი, როდესაც გადაწყვეტილების მიღებისთვის საკმარისი არ იქნება ერთი, ორი ან სამი პარტიისგან შემდგარი ჯგუფის წევრთა რაოდენობა. უმრავლესობა არ უნდა ჰქონდეთ ერთი ან ორი პარტიის წარმომადგენლებს.

პირველი მრავალპარტიული არჩევნები რომ ჩატარდა, იმ დროიდან არის ამ თემაზე კამათი. პირველი მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებისას და მას შემდეგაც ისეთი იყო საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირების წესი, რომ არც ერთ პარტიას, არც მმართველ პარტიას, არც რომელიმე სხვას, უმრავლესობა არ ჰქონდა საარჩევნო ადმინისტრაციაში.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არაერთხელ მიუღია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ მოსწონდა მმართველ პარტიას. მე ეს შემიძლია გითხრათ დაზუსტებით, რადგან იმ პერიოდში მე გახლდით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოადგილე ოპოზიციის მხრიდან. თავმჯდომარე იყო მმართველი პარტიის წარმომადგენელი, მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი და კომისიაში არც ერთ პარტიას არ ჰქონდა უმრავლესობა.

ყველაზე მნიშვნელოვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების წესი, რადგან შემდგომ სწორედ ეს უწყება ახდენს საოლქო საარჩევნო კომისიების ფორმირებას. ამდენად, როგორი იქნება საოლქო კომისიების შემადგენლობა, დამოკიდებული იქნება იმაზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ექნება თუ არა ერთ პარტიას უმრავლესობა, შემდგომ ამაზეა დამოკიდებული უფრო დაბლა, საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება არჩევნებისთვის. მას შემდეგ, რაც შემოიღეს საარჩევნო ადმინისტრაციის კომისიებში ე. წ. პროფესიონალი წევრების შემოყვანა, რომელთაც უწოდებენ კომისიის იმ წევრებს, რომლებიც არ წარმოადგენენ არც ერთ პარტიას, აქვთ პროფესიული ცოდნა არჩევნების ადმინისტრირებისა და ამას ისინი ადასტურებენ გამოცდით და იღებენ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატს, კანონი ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის  პროფესიონალ წევრებს ირჩევს პარლამენტი, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიონალ წევრებს ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია.

ვინ ირჩევს ამ წევრებს ცესკოსთვის, დამოკიდებულია პარლამენტზე. აქ შემოდის ის საკითხი, რომ პროფესიონალ წევრებად არ იყვნენ არჩეული ის პირები, რომლებიც აფილირებულნი არიან რომელიმე პარტიასთან. ესაა პრობლემა, რადგან ეს პროფესიონალი წევრები და მმართველი პარტიის მიერ დანიშნული თავისი წარმომადგენელი შეადგენენ ცესკოს უმრავლესობა. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო ამ პირების მიუკერძოებლობა, კანონში ეწერა ასეთი ნორმა, რომ ცესკოს პროფესიონალი წევრებისა და კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურებს პარლამენტს წარუდგენს პრეზიდენტი. შემდგომ პარლამენტი ირჩევს. იმისთვის, რომ ერთპარტიული არ ყოფილიყო ამ წევრების არჩევა, შემოიღეს კოალიციური უმრავლესობით კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის არჩევა, რომელიც უზრუნველყოფდა იმას, რომ კომისიის წევრებად არჩეულნი იყვნენ ის პირები, რომლებსაც ექნებოდათ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერაც. იმისათვის, რომ გადაწყვეტილება არ შესულიყო ჩიხში, კანონში ჩაიწერა, რომ თუ კოალიციური უმრავლესობით ვერ აირჩევენ თავმჯდომარეს და წევრებს, მაშინ პარლამენტი მათ ირჩევს ჩვეულებრივი უმრავლესობით, თუმცა ამგვარად არჩეულ წევრებს ვადა ერთი წელი უნდა ჰქონოდათ და არა 5 წლის ვადით ყოფილიყვნენ კომისიაში. ეს წესი უზრუნველყოფდა იმას, რომ ცესკო არ ყოფილიყო ერთ პარტიასთან აფილირებულ პირთა ხელში.

ჩვენს პარლამენტში არის დიდი დაპირისპირება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის და აბსოლუტური ურთიერთმიუღებლობაა, ამის გამო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, ვერც თავმჯდომარეზე და ვერც წევრებზე. ისინი ერთი წლის ვადით იყვნენ არჩეულნი. პერსპექტივაც არ ჩანდა შეთანხმების მიღწევის, განსაკუთრებით „ოცნებისა“ და პრეზიდენტის დაპირისპირების ფონზე. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს „ქართული ოცნება“, უბრალოდ, მხარს არ დაუჭერდა. ნაცვლად იმისა, რომ ეწვალათ და ყოველწლიურად აერჩიათ კომისიის წევრები თითო წლის ვადით, ეს უქმნიდათ პრობლემას და მარტივად გადაწყვიტეს: შარლ მიშელთან მიღწეული შეთანხმების, ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების მიუხედავად შეცვალეს წესი ცესკოს თავმჯდომარის და პროფესიონალი წევრების არჩევასთან დაკავშირებით და მათ კანდიდატურებს ახლა პარლამენტს წარუდგენს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე, მათ აირჩევს ჩვეულებრივი უმრავლესობით საპარლამენტო უმრავლესობა, „ქართული ოცნება“.

ისინი იძულებულნი იყვნენ, მოეხსენიებინათ პრეზიდენტი და ჩაწერეს, რომ თუ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ თავმჯდომარესა და წევრებს პარლამენტი არ აირჩევს, მაშინ ამ კანდიდატურებს პარლამენტს პრეზიდენტი წარუდგენს. ეს არის სრული თვალთმაქცობა. წარმოუდგენელია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი კანდიდატი არ აირჩიოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ. ამით გარანტირებულად უზრუნველყვეს, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ პირთა უმრავლესობა ცესკოში. ცხადია, კომისიებმა იდეალურადაც რომ იმუშაონ, არაფერი რომ არ დაარღვიონ, კანონის შესაბამისად მიიღონ ყველა გადაწყვეტილება, ნდობა ასეთი კომისიებისადმი დაბალი იქნება.

ხელისუფლების ნებისმიერი ორგანოს მოქმედებისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორია საზოგადოების ნდობის ხარისხი ამ ორგანოს მიმართ. განსაკუთრებით კი როგორია ნდობის ხარისხი მაშინ, როდესაც საქმე ეხება არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა იყოს მაღალი, რადგან საზოგადოებამ ხელისუფლების ლეგიტიმაციაში არ შეიტანოს ეჭვი. ამ ცვლილებებით ცესკოს ნდობის ხარისხს ძალიან დიდი დარტყმა მიადგა.

როდესაც საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა დაბალია, ამან შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი პრობლემებისა, გაზარდოს დაძაბულობა და გამოიწვიოს არეულობა.

_ ცესკოს ადმინისტრაციის დაკომპლექტების მიღებული წესი ეწინააღმდეგება, ერთი მხრივ, ვენეციის კომისიის დასკვნას, მეორე მხრივ, ვიღებთ სურათს, როცა შესასრულებელი 9 ევროპული რეკომენდაციიდან ერთი შეუსრულებელი გვექნება.

ამ თემაზე, ვენეციის კომისიის შენიშვნებზე, ხელისუფლებამ თქვა, არ შევასრულებთო და არ შეასრულა.

უცნაური ისაა, რომ ამ საკითხის შესახებ მესამე მოსმენით მიიღეს კანონი პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტისას. რას შეიძლება ნიშნავდეს ამ პროცესების თუნდაც დამთხვევა?

_ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ხმამაღლა განაცხადა, არ მიიღოს მხედველობაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

ვენეციის კომისია არ არის ჩვენი უფროსი და არ გვაქვს არანაირი ვალდებულება, გავითვალისწინოთ მათი რეკომენდაციებიო. გადაწყვიტეს, გაიმარტივონ ცხოვრება, გინდ ვენეციის კომისიების რეკომენდაცია იყოს და გინდ ევროკავშირის, უზრუნველყონ საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა რგოლში საკუთარი უმრავლესობა.   „ქართული ოცნების“ უმთავრესი მიზანია არჩევნებში გამარჯვება, ამისთვის მზად არიან, წავიდნენ ყველაფერზე, მათ შორის, ევროკავშირის რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე.

დიდია ჩვენს საზოგადოებაში იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, „ოცნება“ სიტყვიერად ამბობს, რომ სურს ევროკავშირის წევრობა, სინამდვილეში კი მას ეს არ სურს და დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს ხელს შეუშლის ევროკავშირში გაწევრიანებაში. კარგად გვახსოვს, რა ვითარება იყო ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების წინ. ხელისუფლებას არ ჰქონდა შესრულებული რეკომენდაციები. მხოლოდ მცირე ნაწილი მიიჩნიეს შესრულებულად და ამის მიუხედავად, ევროკავშირმა მოგვანიჭა სტატუსი. შეიძლება იმაზეც იყო გათვლა, რომ იმდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის საქართველო პოლიტიკურად, რომც არ შევასრულოთ მისი რეკომენდაციები, მაინც გაგვიხსნიან წევრობისთვის მოლაპარაკების პროცესს, შეიძლება ეგეც არის.

მე ვიცი ერთადერთი რამ: „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი არის წლევანდელ არჩევნებში გამარჯვება და ამისთვის ისინი მზად არიან, წავიდნენ ნებისმიერი რეკომენდაციის უგულებელყოფაზე.

_ „ქართული ოცნების“ წევრები თითქმის ყველა კომენტარში საუბრობენ იმაზე, რომ 2024 წლის არჩევნებზე მათ 60% მხარდაჭერა ექნებათ.

თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ 2024 წლის არჩევნებზე მას 60%-იანი მხარდაჭერა ექნება, რაში სჭირდება ცესკოს ერთპარტიულად დაკომპლექტება?

_ ისინი ამბობენ, რომ მათ აქვთ 60%-იანი, მაგრამ სინამდვილე ასეთია? მათ იციან, რომ ეს არ არის მართალი, მაგრამ ამას ამბობენ იმიტომ, რომ ოპოზიციურ ამომრჩეველზე იმოქმედონ, ისინი მათში ამტკიცებენ აზრს, რომ მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, „ოცნება“ მაინც გამარჯვებულია.

ყველა არჩევნების წინ პარტიები რასაც ამბობენ საკუთარ თავზე, პროცენტებზე, ეს რომ შევკრიბოთ, არარეალურ მოცემულობას მივიღებთ, აბსურდია. პარტიები ცდილობენ საზოგადოებას აჩვენონ, რომ საკმარისად ძლიერები არიან, რადგან ამომრჩეველთა ძალიან დიდი ნაწილი გამარჯვებულისკენ ილტვის.

„ქართული ოცნება“ ყველანაირად ცდილობს, საქმე არ გაირთულოს და გარანტირებულად უნდა შედეგი. ფიქრობენ, რატომ გავირთულოთ საქმე, ბარემ ყველა კომისიაში ჩვენ გვქონდეს უმრავლესობა. თუ მივიღეთ დიდი უმრავლესობა ხმების, ეს კომისია დაამტკიცებს ამას და თუ წავაგეთ არჩევნები, უკვე ამ კომისიას არ დაამტკიცებინონ წაგებული არჩევნების შედეგები.

გარანტია თუ აქვთ 60% ხმებისა, მაშინ რაღა საჭირო იყო ეს ცვლილებები ცესკოსი?

„ოცნება“ საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი არის კანონმორჩილი. აქედან იწყება უკვე კანონით ისეთი პირობების შექმნა, რომ ყველა გადაწყვეტილება სათავისოდ იყოს მიღებული. იგივე ხდება სასამართლოებთან დაკავშირებით.

თავის დროზე საბჭოთა კავშირს ებრძოდნენ იმის გამო, რომ ქვეყანაში ერთპარტიული უმრავლესობა იყო. თუ არ იყავი კომუნისტური პარტიის წევრი, ვერანაირ პატარა თანამდებობასაც კი ვერ დაიკავებდი. პარტიაში მიღებისთვის ქრთამებს იღებდნენ. ადამიანი ქრთამს აძლევდა შესაბამის პირს, რომ პარტიის წევრად მიეღოთ და დაენიშნათ პატარა თანამდებობაზე.

სწორედ ამ ერთპარტიულმა ფორმირებამ განაპირობა საბჭოთა კავშირის კრახი. ჩვენი ხელისუფლება ამას არ ითვალისწინებს, ვერანაირად ვერ სწავლობს, რომ მათთვის კრახი გარდაუვალი იქნება. მთელ მსოფლიოში არსად არასდროს ერთი და იგივე ჯგუფი ხელისუფლებაში არ ყოფილა. ზოგ ქვეყანაში ასეთი ხელისუფლების მმართველობა უფრო ადრე დასრულებულა, ზოგში შედარებით გვიან, მაგრამ რაც უფრო გვიან დასრულებულა, მით უფრო მძიმე შედეგებით ამ ჯგუფის წევრების მიმართ და დასრულებულა ფიზიკურად მძიმე შედეგებითაც. საუბედუროდ, ზოგმა ისტორია არ იცის, ზოგს არ აქვს უნარი, დასკვნები გამოიტანოს და გააანალიზოს, თუ რისი მომტანი შეიძლება იყოს ეს ყოველივე, მაგრამ ბევრმა იცის ისტორიაც, გაანალიზებაც შეუძლია, მაგრამ დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს.

_ როგორი უნდა იყოს ოპოზიციის პასუხი ხელისუფლების მოქმედებაზე?

_ ოპოზიციის მოქმედებაა საჭირო და მათ ქმედებებს აზრი ყოველთვის აქვს, საჭიროა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენს მეგობრებს ნათლად ვაჩვენოთ მმართველი პარტიის არასწორი მოქმედება. ყველას სახე გამოჩნდეს ისეთი, როგორიც არის სინამდვილეში. ეს ერთი და მეორე: არჩევნებზე მაღალი აქტიურობის შემთხვევაში, ძალიან გაუჭირდება, ვეღარ შეძლებს ასეთი სახით ფორმირებული საარჩევნო ადმინისტრაციაც კი, გააყალბოს კენჭისყრის შედეგები, რადგან მაღალი აქტიურობისას მკვდარი სულების გამოყენება ვერ ხერხდება. უმნიშვნელოვანესია, რომ მოხერხდეს საქართველოს მეგობრების დარწმუნება, რათა ყველა შესაძლო ზემოქმედება განხორციელდეს მმართველ პარტიაზე, ქართველ ემიგრანტთა არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ემიგრაციაში არჩევნებში მონაწილეობის  უფლების მქონე პირთა რაოდენობა რამდენიმე ასეული ათასია. უმნიშვნელოვანესია მათი მონაწილეობა ორი კუთხით: ერთი ის, რომ ისინი ამომრჩევლები არიან და მათი კონსტიტუციური უფლება არჩევნებში მონაწილეობისა უნდა იყოს უზრუნველყოფილი და მეორე ის, რომ მათმა მონაწილეობამ შეიძლება ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ოპოზიციისთვის მთავარი საზრუნავი და უმნიშვნელოვანესი ამოცანა.

გაზიარება