- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-12-28 06:05:47
ირინა მაკარიძე
როგორი იყო 2023 წელი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის და რა მოცემულობით ვხვდებით 2024 წელს? _ ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი, ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი:
_ 2023 წლის მთავარი ამბავი იყო ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და წინმსწრები მოვლენები. ეს ისეთი მოვლენაა, რომლის მნიშვნელობა სცდება შიდაპოლიტიკურ საკითხებს. ეს არის ის აუცილებელი ეტაპი, რომელიც გვჭირდება ევროკავშირში შესასვლელად. ეს ნიშნავს ასევე, რომ ევროპას, ევროპის კავშირს, სრულიად დასავლეთს არ აქვს საქართველოზე ხელი ჩაქნეული და ჩვენ არ გვტოვებენ რუსეთთან ერთი ერთზე, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.
_ ოპოზიციური სპექტრი საუბრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ნება, განახორციელოს ის დათქმები, რაც დაუწესა ევროკავშირმა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, რას იტყვით ამის შესახებ?
_ მეც ძალიან მეეჭვება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა (რეალურად აქ ბიძინა ივანიშვილის ნებაზეა ლაპარაკი) ყველაფერი ისე გააკეთოს, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყანას სჭირდება დემოკრატიზაციისა და სახელმწიფო მოწყობის თვალსაზრისით. თუმცა არ მგონია ოპოზიციური პარტიების მხრიდან სწორი ის ტაქტიკა, რომ თავიდანვე გამოაცხადო, ესენი მაინც არაფრის გამკეთებლები არიანო და ამიტომ ჩაუდგე კრიჭაში. პირიქით, უფრო სწორი იქნება, რომ შენ მოსთხოვო იმის გაკეთება, რაც საჭიროა და თავადაც მიიღო მონაწილეობა, ანუ შეეცადო, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, ის გაკეთდეს. ჩვენ ვიცით, რომ კიდევ არის ეტაპები. ცხადია, ევროკავშირში მიღებამდე ჯერ კიდევ გზაა გასავლელი, ჯერ მოლაპარაკებების გახსნა არის საჭირო გაწევრიანებაზე. მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური ფაქტორი, ამიტომ, შეიძლება, ყველაფერი არ ჰქონდეს განხორციელებული ხელისუფლებასა და ქვეყანას, მაგრამ მოლაპარაკებები მაინც გაიხსნას, როგორც ეს მოხდა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში და როგორც მოხდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში საქართველოსთან. ამიტომ ოპოზიციის ადგილზე აქ ვიქნებოდი უფრო ორიენტირებული ამ მოთხოვნების განხორციელებაზე და არა იმაზე, რომ ესენი ამის გამკეთებლები არ არიან.
_ დგება საარჩევნო წელიწადი, აქედან გამომდინარე, ოპოზიციის ტაქტიკაცაა, შეიძლება ითქვას, იმაზე საუბარი, რომ გამარჯვების შემდეგ ისინი უზრუნველყოფენ სწრაფ შესვლას ევროკავშირში. ვგულისხმობ მთავარი ოპოზიციური ძალის _ „გამარჯვების პლატფორმის“ (ენმ-სა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთობის) განცხადებებს. რამდენად არსებობს შანსი ამ პოლიტიკური ძალის გამარჯვების და შესაბამისად, ამ დაპირებების განხორციელების?
_ ისინი კი ამბობენ, მაგრამ მთავარია, რამდენად სჯერა ვინმეს ამის. საერთოდ მიმაჩნია, რომ სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური ძალა, „ქართულ ოცნებას“ აქვს გაცილებით დიდი შანსი, დარჩეს ხელისუფლებაში, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ჩვეულებრივი რიგითი პარტია. ეს არის ყოფილი სახელისუფლებო ძალა, რომელიც 9 წელი ქვეყანას მართავდა, ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, უკონკურენტო, შეიძლება ითქვას, მიხეილ სააკაშვილის სახით. ამომრჩველს პირობითად თუ გავყოფთ ორ ნაწილად, _ ერთია, ვისთვისაც მათი მმართველობა იყო მისაღები ამა თუ იმ ფორმით, ზოგისთვის მეტად, ზოგისთვის ნაკლებად, მაგრამ მაინც მისაღები; ამომრჩევლის მეორე კატეგორია იქნება, ვისთვისაც მათი მმართველობა იყო მიუღებელი, ზოგისთვის მეტად, ზოგისთვის ნაკლებად. ამომრჩევლის ეს მეორე კატეგორია ჭარბობს, ვისთვისაც მათი მმართველობა იყო მიუღებელი. პირველი ნაწილიც არ არის ცოტა და მცირერიცხოვანი, ამიტომ ის რჩება ძლიერ ოპოზიციურ ძალად ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც უნდა ჰყავდეს ფორმალური თავმჯდომარე, მელია იქნება, თუ ხაბეიშვილი. თუ არ შეიქმნება „ნაცმოძრაობისგან“ მკვეთრად განსხვავებული და გამიჯნული სხვა ოპოზიციური ძალა, ამ მეორე ნაწილის დიდი ნაწილის ხმები მიდის სახელისუფლებო ძალასთან. შეიძლება, ხელისუფლებაც არ მოსწონდეთ, მაგრამ ისეთი ვინც მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ უფრო ნაკლები ბოროტებაა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნება, კვლავ ბევრია. ეს ხელისუფლებას ადმინისტრაციულ რესურსთან და სხვა იმ საშუალებებთან, რასაც ხელისუფლებები ჩვეულებრივ იყენებენ წარმატების უზრუნველსაყოფად, დაწყებული ადმინისტრაციული რესურსით, დასაქმება, მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა, ათასი რაღაც კიდევ, ამ ყველაფერთან ერთად არის ხელისუფლების გამარჯვების ფორმულა. რაც შეეხება იმას, რომ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ რაღაც დიდი ეროვნული გაერთიანება მოხდეს, გამორიცხულია. ეს უბრალოდ, ვერ მოხდება. იქ იქნება მხოლოდ მეტ-ნაკლებად ენმ-ს მიმდევართა კონსოლიდაცია, ეს კი არ ჰყოფნის გამარჯვებას.
_ გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ეს არის გეოპოლიტიკური არჩევნები, პოლარიზაცია თავისთავად მოხდება ევროინტეგრაციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის. რამდენად გაჭრის და ეფექტური იქნება მათი ეს ფორმულირება?
_ თუ ხელისუფლება შეინარჩუნებს იმ სტატუს კვოს, რომელიც დღეს აქვს, განსხვავებით შარშანდელისგან და თუნდაც მარტში რომ დიდი ამბავი მოყვა „აგენტების კანონის“ მაგვარ სისულელეს, არ შემოაგდებს, თუ მეტ-ნაკლებად ნეიტრალურ ტონალობაში ილაპარაკებს და აღარ წაგვიკითხავს ზაზა შათირიშვილი ლექციას 5 ოჯახზე, რომელიც ამერიკას მართავს და საქართველოს ომში ითრევს, მოკლედ, ანტიდასავლურ პროპაგანდას თუ არ „მიაწვა“ ხელისუფლება და დღევანდელ რიტორიკას შეინარჩუნებს, ვერანაირ გეოპოლიტიკურ არჩევნებად ეს ვერ გადაიქცევა. გეოპოლიტიკურ არჩევნებად და რუსეთ-დასავლეთს შორის არჩევნების გაკეთებად ეს გადაიქცევა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება აშკარად დაადგება ანტიდასავლურ და პრორუსულ გზას. მეეჭვება, რომ ასე ქნან. ეს არანაირად არ აწყობთ, საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, რაც ცხადყო მარტის აქციებმა, როდესაც ძალიან სერიოზული გამოსვლა იყო, მათ შორის, ახაგაზრდების. ახლა კიდევ იმავე მდინარეში მეორედ დაიხრჩონ თავი, არ მგონია.
_ ვნახეთ, სტატუსის გამოცხადებისთანავე როგორ სწრაფად შეცვალეს პოზიციები, ევროკავშირის დროშებით გამოგვეცხადნენ ის ადამიანები, რომლებიც ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებდნენ.
_ კი, მათ ეს არ გაუჭირდებათ. აქეთ რომ გამოგვაცხადონ მთელი ოპოზიცია პუტინის აგენტებად არჩევნების წინ, არც მაგას გამოვრიცხავ. მათგან ახლა ყველაფერი მოსალოდნელია. რასაც ბიძინა ივანიშვილი იტყვის, იმას გააკეთებენ, უნდა, აქეთ დატრიალდებიან, უნდა იქით. ამიტომ ამ ეგიდით დაპირისპირება ხელისუფლებასთან ახლა საერთოდ მგონია უაზრობა, ყოველ შემთხვევაში, წამგებიანი. ასე ვერ მოიგებ, თუმცა მესმის, რომ „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს სხვანაირად ვერ დაელაპარაკები, ის სხვანაირად არ უყურებს და არც შეხედავს, რაც უნდა შეიცვალოს ხელისუფლებამ რიტორიკა. ის ამომრჩეველი მაინც იმავე აზრზე დარჩება, მაგრამ სხვების რა მოგახსენოთ.
_ ახლა მიმდინარეობს ოპოზიციურ სპექტრში ერთგვარი თვითგამორკვევის პროცესი. ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულან საბოლო სახით პარტიები, თუ როგორ გავლენ არჩევნებზე. ვიცით, რომ 5-პროცენტიანი ბარიერი არსებობს, ერთი პროცენტის მოპოვების შემთხვევაში პატარა პარტიებს აქვთ საბიუჯეტო დაფინანსება. არსებული მოცემულობა რამდენად ქმნის პარტიების „დამსხვილებისა“ და ახალი პოლიტიკური ცენტრის, ე. წ. მესამე ცენტრის შექმნის შესაძლებლობას?
_ ჯერჯერობოთ რაც ჩანს, არანაირი მსგავსი „მესამე ცენტრი არ იქმნება“. მესამე ცენტრი არ არის პარტიების მექანიკური გაერთიანება, თუმცა, ჯერჯერობით, ესეც არ ჩანს არსად, მაგრამ რომც მოხდეს, თავისთავად, ეს არაფრის მომცემი იქნება, თუ ეს არ იქნება განსხვავებული „ნაცმოძრაობისგან“. განსხვავებული იმას კი არ ნიშნავს, რომ სხვა სახელი და გვარი გქონდეს და „ნაცი“ არ ვარო, ამბობდე. სხვა პროგრამა უნდა გქონდეს, და ხელისუფლებას სხვა პლატფორმიდან უპირისპირდებოდე, წარსულის ინტერპრეტაციას არ უნდა ახდენდე, ისე როგორც „ნაცმოძრაობა“. მთლიანად უნდა იყო გამიჯნული „ნაცმოძრაობისგან“. ამ შემთხვევაში აღიქმები განსხვავებულად, სხვა შემთხვევაში ვერ აღიქმები. თუ იმავეს იმეორებ, იგივე შეფასებები გაქვს და პერსპექტივებსაც იმავეს ხედავ, მაშინ რატომ უნდა განგასხვავოს ამომრჩეველმა? არ მესმის. ამ მხრივ შედარებით წარმატებულია გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, რომ ისიც მიეწებებინა „ნაცებზე“. ცდილობს ეს პარტია ამას და ახლა ისიც კი მოითხოვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოდან ციხეში გადაიყვანონ. ეს ძალიან მიჯნავს მას „ნაცმოძრაობისგან“. სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ვინც ითხოვს, იმაზე მერე ხელისუფლებამ თქვას, „ნაციაო“, დამაჯერებელი არ იქნება. დანარჩენი პარტიები ამ მხრივ არიან სერიოზულ დაბნეულობაში და მაინცდამაინც კარგად ვერ გამორკვეულან, მაგალითად, „ლელო“, რომელმაც ფორმულა კი კარგი ისროლა, რომ „შუა უნდა შეიკრიბოსო“, მაგრამ სად უნდა შეიკრიბოს და როგორ, ეს აღარ დაუზუსტებია. თან „ლელოს“ რიტორიკაც „ნაცმოძრაობის“ რიტორიკას ერთი ერთში იმეორებს. ხშირად მათი ლიდერების განცხადებებიც ურთიერთგამომრიცხავია, რითაც გაურკვევლობაში ამყოფებენ ამომრჩეველს, რაც მათზე ცუდად აისახება. ჩემი აზრით, შეიძლება საინტერესო იყოს ნიკა მელიას პარტია ამ თვალსაზრისით. ნიკა მელია თუ შექმნის თავის პარტიას, მას შეუძლია ასეთი მიზიდულობის ცენტრი შექმნას, ოღონდ ნიკა მელია ნაკლებად წამოიღებს ანტინაცების ხმებს, რომელზეც გახარია „ნადირობს“. მას შეუძლია თვითონ „ნაცმოძრაობას“ დააკლოს ხმები, მას აქვს იმ პარტიაში დიდი ავტორიტეტი. ძალიან კარგი იქნება, თუ მასთან ერთად იქნება ხატია დეკანოიძე, რომან გოცირიძე ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ ის ლიდერები, რომლებიც არ არიან მაინცდამაინც აგრესიულები თავიანთ გამოსვლებში, არ ასხივებენ რევანშიზმსა და შურისძიების განწყობებს, რაც თვითონ სააკაშვილისა და მისი მომხრებისთვის ძალიან დამახასიათებელია. ისინი წარსულის ინტერპრეტირებით, პრაქტიკულად, იმას ამბობენ, რომ მოვალთ, იგივეს გავაკეთებთ, რასაც ვაკეთებდითო და ეს რამდენად უნდა იმ ხალხს, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა გამოიარა, მეორე საკითხია. აი, აქ შეუძლია „კარგი და კონსტრუქციულის“ ნიშა დაიჭიროს მელიას პარტიამ. ამით მოიზიდოს ე. წ. შუაშისტური ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ცოტა უფრო ნაკლებ ბოროტებად მიიჩნევს. ერთგვარი გამაერთიანებელი ამ ფლანგზე „ლელოს“ ნაცვლად შეიძლება მელიას პარტია აღმოჩნდეს. აქ „ანტინაც“ ამომრჩეველს არ ვგულისხმობ. იქეთ, გახარიას პარტია შეიძლება აღმოჩნდეს ამ „ანტინაც“ ამომრჩეველის შემკრები, თუმცა რამდენად მოახერხებს, ეს არ ვიცი. ამას დამატებული „ნაცმოძრაობა“, ვინც არ უნდა იყოს თავმჯდომარე, ხაბეიშვილი კი არა, ჯოხი რომ დადო და თქვა, ეს არის თავმჯდომარეო, მაინც მიხეილ სააკაშვილს აძლევს მისი ამომრჩევლის 80% ხმას და ახლაც ასე იქნება. სააკაშვილი კი ცდილობს, რომ უფრო ზეპარტიული და ზეეროვნული ლიდერი გამოჩნდეს, მაგრამ ვერ არის, სააკაშვილი არ არის ზეპარტიული ლიდერი და ვერც იქნება იმიტომ, რომ წარსული აქვს, ეს არ არის ის ახალგაზრდა, პერსპექტიული ბიჭი, რომელიც 2003 წელს იყო. ახლა მას მხრებზე აწევს თავისი მმართველობის ათწლეული. ეს ათწლეული ვიღაცისთვის არის ქვეყნის აღმშენებლობის წლები და ვიღაცისთვის რეპრესიებისა და უბედურების. ეს ორი ვერ გაერთიანდება ვერასდროს. თუ გაერთიანდება, მაშინ უნდა გამოჩნდეს ვიღაც სხვა „მესია“.
_ რას იტყვით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ხელახლა შემობრუნების შესახებ და რამდენად მოსალოდნელია, რომ მან ახლა სხვა ჯგუფზე დადოს ფსონი?
_ აბსოლუტურად გამორიცხულია, ვინც ბიძინა ივანიშვილს ცოტათი მაინც იცნობს. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მისი საქმე არის გადასარევად და კარგად. სანამ ასე მიაჩნია, რომ ყველაფერი არის იდეალურად, საერთოდ, არც კი იფიქრებს პოლიტიკაში შემობრუნებაზე, შეიძლება სარჩევნო კამპანიაშიც კი არ გამოჩნდეს.
_ ფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ კარგად აქვს საქმე და მას არ სჭირდება დახმარება?
_ არ მგონია, ისინი ასე ფიქრობდნენ. ისინი მუდმივად შიდა კვლევებს ატარებენ. ბოლო კვლევებით, ცოტა გაზრდილია „ქართული ოცნების“ რეიტინგი. ეს არის სტატუსის გამო, ბუნებრივია, თუმცა ეს ვერ იქნება თემა გაისად, შემოდგომაზე. თუ მიიჩნევენ, რომ კარგად აქვთ საქმე, შეიძლება ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ გამოჩნდეს, თუმცა არ ვიცი, რამდენად კარგი იქნება ეს მათთვის. არ გამოვრიცხავ, რომ მოულოდნელი შედეგი დაჯდეს საბოლოოდ. საერთოდ, ხელისუფლებისთვის წაგება არის ყოველთვის მოულოდნელი. არც ერთი ხელისუფლება საქართველოში არ აგებს წინასწარი დაგეგმვით. ამიტომ არ გამოვრიცხავ, თუ ოპოზიცია ჭკვიანურად იმოქმედებს, რისი დიდი იმედიც არ მაქვს, რომ კვლავ ასეთი მოულოდნელი შედეგი დაჯდეს. პირველ ადგილზე „ოცნება“ ყვველა შემთხვევაში გავა, მაგრამ მნიშვნელოვანია, მის შედეგებს ჯამში აღემატებოდეს ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მიღებული ხმების ოდენობა. ასეთ შემთხვევაში თვითონ ჩამოიშლება „ქართული ოცნება“. ზოგადად, მეოთხე ვადა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის არის მეტისმეტი. ამიტომ თუ ხელისუფლება შეიცვლება, ეს კარგი იქნება ქვეყნისთვის და დემოკრატიისთვის.