QronikaPlus
„კვიპროსის კლუბის“ მიზანია ადგილების შენარჩუნება აღებ-მიცემობის მაგიდასთან, რომელთანაც სხედან სოლოლაკის, უჩა მამაცაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის კლუბებიც“

„კვიპროსის კლუბის“ მიზანია ადგილების შენარჩუნება აღებ-მიცემობის მაგიდასთან, რომელთანაც სხედან სოლოლაკის, უჩა მამაცაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის კლუბებიც“

2023-12-13 08:27:42

თამარ სანაძე
გასულ კვირას ნიკა მელიამ „ნაციონალური“ მოძრაობა დატოვა. პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ენმ-მ საკუთარ პოლიტიკურ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა და კულუარული გავლენები.

„ყველაფერი ვეცადე, რომ ამ პრინციპებს გაემარჯვა ენმ-ში, მაგრამ მართლაც ყრუ კედელი დამხვდა.
სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ პოლიტიკურ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა და კულუარული გავლენები.
მივდივარ თუ არა? _ დიახ, მივდივარ წინ, მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში“, _ განაცხადა ნიკა მელიამ.
მალევე პარტია დატოვა მურთაზ ზოდელავამ და განაცხადა, რომ ერთვება იმ პროცესში, რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. მან აღნიშნა, რომ „ნიკა მელიას მოძრაობას“ უერთდება.

გაზეთ „ქრონიკა+“-ს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ სიტუაციაზე, პარტიის დატოვების მიზეზებსა და ახალი პარტიის სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრება მურთაზ ზოდელავა:

_ ბატონო მურთაზ, თქვენ დატოვეთ „ნაციონალური მოძრაობა“, იქამდე ნიკა მელიამ გააკეთა განცხადება პარტიის დატოვების შესახებ. რა შეცვალა თქვენთვის პარტიაში ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა?
_ ნამდვილად ასეა, პარტია მეც და სხვებმაც დავტოვეთ. ვუერთდები ნიკა მელიას პლატფორმას, სულისკვეთებას, ყველაფერს, რაზედაც მან ისაუბრა ბრიფინგზეც, ბრიფინგამდეც და მას შემდგომაც.
ჩემი აზრით, ის, რაც პარტიაში მოხდა, ეს არის დიდი განხეთქილება უსაქმურ, გაზულუქებულ ზურგის გენერლებსა და პარტიის ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ სანგრების სერჟანტებს რომ ეძახიან, აი, ამ ხალხს შორის. საბოლოო ჯამში, პროცესები, რომლებიც განვითარდა, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში, ეს იყო ბზარი და შემდგომ უფსკრული, რომელიც შეიქმნა ამ ორ ფრთას შორის. ცხადია, შედარებითია გენერალისა და სერჟანტის მოყვანა მაგალითად, ეს არის გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი, მაგრამ მე ეს დავინახე პარტიაში, გაზულუქებული ხალხი, ე. წ. კვიპროსის კლუბის წევრები და ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ „ქართული ოცნების“ დამარცხებას, ოღონდ რეალურად ცდილობდნენ, ყველაფერს რისკავდნენ, ყველაფერს დებდნენ სასწორზე, განსხვავებით იმ ხალხისგან, რომელთაც არასოდეს არაფრით არ გაურისკავთ. არ ვამბობ, რომ ამ ხალხს არ ჰქონია ხანდახან მაინც კონკრეტული შერკინება თუ დაპირისპირება „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში ისინი სხვისი ზურგით, სხვისი თავისუფლებით, სხვისი კეთილდღეობით რისკავდნენ, არასოდეს არაფერი საკუთარი არ დაუდევთ სასწორის პინაზე.
_ პარტიის ახალი მენეჯმენტი თუ იყო ინფორმირებული თქვენ მიერ პარტიის დატოვების შესახებ?
_ ჩემთვის პირადად გადაწყვეტილების მიმღები არის „კვიპროსის კლუბი“, გნებავთ, „ვირჯინიის კუნძულების კლუბი“ დაარქვით.
_ ვინ არიან „კვიპროსის კლუბის“ წევრები?
_ ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ, იქამდე მინდა ვთქვა, _ ამათი დამოკიდებულება იყო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, რომ ჩემი პოზიცია და ამ ვითარების მიუღებლობა ჩამოყალიბებულიყო. ეს არის ხალხი, რომელიც ვიწრო კლუბური ცხოვრების წესით, მატერიალური შესაძლებლობებით, ინტერესებით, მათ შორის, ბიზნეს, ნახევარბიზნესინეტერებით იყო გაერთიანებული; ამ ნიშნით ჰყავდათ ერთმანეთი ამოცნობილი, საერთო მიზნები ჰქონდათ დაფიქსირებული და მათი მიზანი არ იყო, სამწუხაროდ, ის, რაც ხალხის მიზანია _ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, არამედ მათი მიზანია „ვი-აი-პი“ სტატუსის შენარჩუნება, ამ პასპორტების ფლობა, რათა ამ ინსტრუმენტებით აღჭურვილებმა შეინარჩუნონ ადგილები იმ აღებ-მიცემობის მაგიდასთან, რომელთანაც სხედან სოლოლაკის, უჩა მამაცაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის კლუბებიც. პირადად ჩემი სუბიექტური პოზიცია როდესაც ჩამოყალიბდა ამ ხალხთან დაკავშირებით, იყო ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც 2021 წლის დიდი ბრძოლებისა და ვერგამარჯვების შედეგად ჩვენს მებრძოლ აქტივში, ვინც რეალურად ებრძვის „ქართულ ოცნებას“, ყველა დონეზე, საარჩევნო უბნის, სოფლის, იქ, სადაც „ქართულ ოცნებას“ ყველაზე ხისტი ფორმები აქვს დაპირისპირების, ჰყავს ზონდერები, მილიციის ფორმაში ჩაცმული ბიძინისტები, ყველაფერზე წამსვლელი ხალხი ივანიშვილის ხელისუფლებაში დატოვებისთვის, აი, ამ ველზე როდესაც დიდმა დეპრესიამ დაისადგურა, ჩვენი აქტივის ძალიან დიდმა ნაწილმა გააცნობიერა, რომ ყველაფერი ჰქონდა დადებული ბრძოლის პინაზე. ამ ხალხმა თითქმის ყველაფერი დაკარგა, მათ შორის, ელემენტარული შემოსავლის შესაძლებლობაც კი. ამ მასაში გაჩნდა გადარჩენის ერთადერთი გზა _ წასვლა ემიგრაციაში. გაჩნდა სხვა გზაც და ეს სხვა გზა იყო კლუბელების, მილიონერთა კლუბის ბიზნესებში თავის შეფარება, რაღაც ქვედა რგოლებში. ელემენტარული სარჩოს მიღების სანაცვლოდ რომ ყოფილიყო ეს ხალხი მათთან, რათა რაღაც დიდი ემიგრაცია არ წარმოშობილიყო ჩვენი მებრძოლი აქტივის, ყველაზე მებრძოლი და თავგანწირული ადამიანების, რომელზედაც დგას პარტია.
სამწუხაროდ, 2021-2022 და 2023 წლების დინამიკამ აჩვენა, რომ მდიდარმა ხალხმა არანაირი რისკი არ გასწია და, ფაქტობრივად, ჩვენს ხალხს უთხრა, რომ თქვენ პრობლემა ხართ, თქვენ ხართ კეთროვნები. მე რომ თქვენ მტვირთავად ან მძღოლად მიგიღო ჩემს ბიზნესში, ჩემი ბიზნესიც კეთროვანი ხდება, პატივცემულო და მე ჩემი კეთილდღეობით ვერ გავრისკავ. ეს მოხდა მასობრივად. ეს ჩემთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ჩემს თვალში ეს კლუბის წევრები გაუტოლდნენ ნულს. სამწუხაროდ, აქტივის დიდი ნაწილი ქვეყნიდან გავიდა, ეს მოხდა 2022-2023 წლებში. ვიღაცებმა, ვინც შეძლეს თავის დამაგრება გმირულად, უკიდურესი სიდუხჭირის ხარჯზე დღესაც აქ არიან. ნაწილზე მაქვს საუბარი, ნაწილი კი, სამწუხაროდ, იძულებული გახდა, გასულიყო ქვეყნიდან, რომ ელემენტარულად საკუთარი შვილებისთვის, მეუღლეებისთვის, ასაკოვანი მშობლებისთვის სარჩო მოეპოვებინა. ეს დამოკიდებულება ჩემთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ასეთი აღქმადობა გამიჩნდა, რომ სანგრის ჯარისკაცმა, სერჟანტმა ყველაფერი უნდა გარისკოს და მართლაც მათ ყველაფერი გარისკეს, ხოლო ამ კლუბის წევრმა თავისი კეთილდღეობის 0.01 (ერთი მეასედი) პროცენტიც არ გარისკა და, შესაბამისად, ის ბზარი, რომელზედაც ვსაუბრობდი, გადაიქცა უფსკრულად. ეს მხოლოდ ჩემი შეგრძნება არ არის. პირველ რიგში, ამ აქტივს გაუჩნდა ეს შეგრძნება.
თქვენ მკითხეთ, თუ ვინ არიან ე. წ. კვიპროსის კლუბის წევრები, გაზულუქებულთა კლუბის წევრები. ამ სტატიას ვინც ყურადღებით გადაიკითხავს, ყველა ამოიცნობს ამ ადამიანებს და საკუთარ თავსაც ამოიცნობენ ეს „კვიპროსის კლუბის“ წევრები, პარტიის ქვედა რგოლის მებრძოლი წარმომადგენლებიც ამოიცნობენ მათ. ძირითადად ეს ხალხი თავის მასაში წარმოდგენილია, როგორც უტყვი დეპუტატი, ვითომ ოპოზიციონერი დეპუტატი ან სხვა გლამურულ სივრცეში მცხოვრები ადამიანი. მათ ასევე აერთიანებთ ერთი ჩემთვის ძალიან სამწუხარო რეალობა, _ მათი უმრავლესობა არის „ვარდების რევოლუციის“ იდეოლოგიის, იდეის „ნახლებნიკი“, „ვარდების რევოლუციაზე“ გამულტიმილიონერებული პერსონა, ეს არის მათი კრებითი სახე. ეს არის ხალხი, რომელსაც ამ 11 წლის მანძილზე არასოდეს არაფერი უზარალია და არასოდეს არაფერი გაურისკავს. ბრძოლის პინაზე არ შეუგდიათ არაფერი, განსხვავებით ჩვეულებრივი ხალხისგან. აქ აქტივზეც კი არ არის საუბარი. უბრალოდ, ამომრჩეველიც, როდესაც ის ოპოზიციურ არჩევანს აკეთებს საარჩევნო ბიულეტენში, ძალიან ბევრს რისკავს. ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ ყველაფრით რისკავს, იმიტომ რომ როდესაც ის ფიქსირდება, როგორც ოპოზიციის ამომრჩეველი, ხდება ობიექტი სუს-ის, ძალოვანი სისტემის, რაიონის გამგეობის თავდასხმისა. მას აქვს პრობლემა ელემენტარული ურგენტული ოპერაციის დაფინანსების, ოჯახის წევრების დასაქმებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან უშვებენ სამსახურიდან, დაუსაქმებელი კი საერთოდ ვერ შოულობს სამსახურს. გარდა იმისა, რომ ასეთ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან, უწევთ დაპირისპირება ვითომ კრიმინალებთან, სინამდვილეში, ძალოვნების „ტიტუშკებთან“ და უამრავი სხვა პრობლემის წინაშე უწევთ დგომა ასეთ ადამიანებს, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც ოპოზიციის ამომრჩევლები. ეს არის ყოფითი ცხოვრება პარტიის ამომრჩევლის, პარტიის რიგითი წარმომადგენლის, ხოლო ე. წ. კვიპროსის კლუბის ცხოვრების წესში არანაირი ნეგატიური ცვლილებები არ ხდება. ხან ზის „რედისონში“ და სვამს ყავას და ხანაც გადაჯდება „ჰილტონის“ რომელიღაც ფოიეში და იქ ბერძნულ სალათას მიირთმევს. ამ ადამიანებმა, ამ კლუბის წევრებმა, რომლებმაც ბრძოლაში არაფრით გარისკეს და ყოველთვის სხვას აგდებდნენ ბრძოლის პინაზე, სწორედ მათ შეუწყვეს ხელი, რომ ამ პინაზე მოხვედრილიყო მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაც, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე. ყველა ის მარცხი, რომელიც ოპოზიციამ ბოლო 11 წლის განმავლობაში იწვნია, მათ კეთილდღეობაზე არანაირად ასახულა.
_ ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი, რა პოზიცია ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს _ გაგებით მოეკიდა ის თქვენს წასვლას პარტიიდან?
_ სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ჩემთვის არ არის ცნობილი, მაგრამ ჩემი ბოლო პასაჟით წინასწარ შევეცადე, რომ ამ კითხვაზე, რომელიც ცხადია, დაგებადებოდათ, გამეცა პასუხი.
_ ნიკა მელიამ თქვა, რომ აფუძნებს ახალ პარტიას და ბევრ ადამიანს ვიხილავთ მის გვერდით. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, არის ეს გამარჯვების გზა?
_ ვფიქრობ, ის ვითარება, ის უფსკრული, რაც მე აღვწერე გაზულუქებულ და მებრძოლ ხალხს შორის, არის სწორედ ის მიჯნა, რომელიც ამ ე. წ. კვიპროსის კლუბის წევრებს დატოვებს რაღაც მიჯნის ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს იქნებიან: ნიკა მელია, ნუგზარ წიკლაური, ვალერი კლდიაშვილი, გოჩა კუპრავა, ამირან ლომთაძე, გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ის ხალხი, ვინც ნიკა მელიას პოზიციას იზიარებს. რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი, ნებისმიერი პოლიტიკოსის ძალა არის ბევრი, ათასობით და ათი ათასობით ადამიანის პოზიციაში, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ იზიარებს ამ ხედვებს. აი, ის ხალხი, რომელიც უკვე აღვწერე ჩვენს საუბარში, იქნება იმ სივრცეში, რომელშიც მოიაზრებს თავს ნიკა მელია, მეც, მათ შორის, და ბევრი ის ადამიანი, რომელიც „ვარდების რევოლუციაშიც“ მონაწილეობდა, მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ „ნახლებნიკი“ არ გამხდარა არასოდეს და რომელსაც ამ 11-წლიანი ბრძოლის მანძილზე არასოდეს უღალატია ქართველი ხალხის ინტერესებისთვის.
_ წარსული დარჩა წარსულში და თქვენ მიდიხართ წინ. წინ არის არჩევნები. ამ გზაზე მაინც დაგჭირდებათ მოკავშირეები. ამას ჩვენ ვხედავთ კვლევის შედეგებით. ძალიან საინტერესოა, დათანმხდებით თუ არა იმ მოცემულობას, რომ ენმ-ს ყოფილი და ახალი წევრები წინასაარჩევნო თანამშრომლობაში ვიხილოთ? საერთო მიზანი ხომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებაა?
_ რაც შეეხება თანამშრომლობას, ჩემი აზრით, ნებისმიერი სახის თანამშრომლობა პოლიტიკურ ველზე უნდა ეფუძნებოდეს ხალხის ინტერესს. თუკი ჩვენ დავინახეთ, რომ ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ასახვა და გატარება უფრო ეფექტიანი იქნება გარკვეული შეთანხმებებით, გადაჯგუფებებით თუ სხვადასხვა პოლიტიკური მოძრაობის ძალისხმევის გაერთიანებით, მაშინ ეს მოხდება, ცხადია. მაგრამ თუკი ჩვენ ვსაუბრობთ უბრალოდ ისეთ ალიანსებზე, სადაც ვიღაცას ეს დიპლომატიური სტატუსები და პარლამენტში მოხვედრა ამოძრავებს და ეს უნდა გადაებას ქართველი ხალხის ძირითად ინტერესებს და ამით უნდა იზარალოს ხალხის ინტერესმა, ხოლო კონკრეტულმა პერსონებმა თავის სანუკვარ ოცნებებს მიაღწიონ და სიდედრებთან „იბლატაონ“ აეროპორტში დიპლომატიური პასპორტების ყელყელაობით, ეს არ მოხდება და არ უნდა მოხდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მოძრაობა ამას არ დაუშვებს და ამ კლუბურ თამაშებში არ შევა. იქნება შეთანხმება, ურთიერთთანამშრომლობა და სხვა ტიპის საერთო ბრძოლის ასპარეზი მხოლოდ იმ ხალხთან, იმ პოლიტიკურ მოძრაობებთან, რომელთა მიზანიც ემთხვევა ქართველი ხალხის, ქართველი ამომრჩევლის მიზანსა და ამოცანას, შეძლოს ოლიგარქიის დემონტაჟი, ივანიშვილის ჩამოშორება ქართული სახელმწიფო ინსტიტუტებისგან და ქვეყანა დაუბრუნოს მყარ, პროდასავლურ ვექტორს.

გაზიარება