- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-12-13 06:58:44
შორენა მარსაგიშვილი
რა გავლენას იქონიებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე მთავარ ოპოზიციურ ძალაში მიმდინარე პროცესები? აქვს თუ არა ოპოზიციას „ქართული ოცნების“ დამარცხების რესურსი? რა გავლენას იქონიებს ქართულ პოლიტიკაზე დასავლეთი და რუსეთი? რატომ არ რეაგირებს ჩვენი საზოგადოება საქრთველოს რუსიფიკაციაზე? ვისი დახმარებით აკონტროლებს რუსეთი დღეს ქართულ ეკლესიას? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩხეიძე:
_ ქალბატონო თამარ, მთავარ ოპოზიციურ ძალაში სერიოზული განხეთქილებაა. თქვენ, როგორც ოპოზიციის გულშემატკივარი, როგორ აფასებთ ამ პროცესებს? თქვენი აზრით, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“?
_ „ნაციონალური მოძრაობის“ გულშემატკივარი იმ გაგებით ვარ, რომ ოპოზიციური პარტიაა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მიმაჩნია არაეროვნული პოზიციის გამომხატველად და, აქედან გამომდინარე, ჩემთვის მისაღებია ოპოზიციის სიძლიერე და არა მათი დასუსტება. ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს, არ მსიამოვნებს. განსაკუთრებით უსიამოვნოა ის, რომ ეს საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ხდება.
_ ერთი წელიც აღარ არის დარჩენილი არჩევნებამდე…
_ მით უფრო სამწუხაროა ის, რაც ახლა „ნაციონალებში“ ხდება. წლების წინათ, როდესაც ეს ძალა ხელისუფლებაში იყო, მათი მომხრე ნამდვილად არ ვყოფილვარ. პირიქით, ყოველთვის ვაკრიტიკებდი მათ და ხმამაღლა ვამბობდი, რაც არ მომწონდა. შემდეგ საქართველოში იმდენად პრორუსული ოპოზიცია გამოიკვეთა, რომ არ შეიძლებოდა მათი ხელისუფლებაში მოსვლა. სამწუხაროდ, ეს ძალა ხელისუფლებაში მაინც მოვიდა და დღემდე ისინი მართავენ ქვეყანას.
„ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ ოპოზიციაში ყველაზე უნარიანია, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს იმ ცუდ პროცესებს, რომელსაც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლება წარმართავს. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე „ქართული ოცნება“ ცდილობდა, თავისი რუსული პოზიციები გაეტანა. მათ ყველაზე დიდ წინააღმდეგობას „ნაციონალური მოძრაობა“ უწევდა. აქედან გამომდინარე, ივანიშვილის ხელისუფლებამ მიზნად დაისახა, რაც შეიძლება დაესუსტებინა მთავარი ოპოზიციური პარტია. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყეს რეპრესიები. რეპრესიები ახლაც გრძელდება. ჰყავდათ პოლიტპატიმრები… ისინი დღესაც ჰყავთ. ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პატიმარი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია.
მოკლედ, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შიგნიდან გაეხლიჩა. რაც პარტიაში მოხდა სამწუხარო ამბავია. ბუნებრივია, არცერთი განაყოფის მხარეს არ ვარ, მე ოპოზიციის ერთიანობის მომხრე ვარ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია.
_ ეს გახლეჩა დაასრულებს „ნაციონალურ მოძრაობას“? „ოცნებაში“ ამის იმედი და მოლოდინი აქვთ.
_ ძალიან სამწუხარო რამე მოხდა, მაგრამ ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ მოსპობს. ასე თუ ისე, ის ქართულ პოლიტიკაში თავის როლს მაინც შეასრულებს. თუმცა რაც იქ ხდება, ძალიან მავნეა, განსაკუთრებით იმ დროს, როცა არჩევნებამდე ერთ წელიწადზე ნაკლები რჩება. საერთოდ, მიმაჩნია, რომ არჩევნებამდე რაღაცნაირად თავი უნდა შეეკავებინათ. გაეშვათ ეს ხელისუფლება სახლში და მერე გაერკვიათ ერთმანეთში საქმეები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან სამწუხაროა, რაც მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ხდება.
_ ეს ამბები ბევრს უხარია. „ქართულ ოცნებაში“ პოპკორნი აქვთ მომარაგებული და ასე უყურებენ „ნაციონალებში“ მიმდინარე პროცესებს. ოპოზიციის ნაწილსაც უხარია.
_ ბუნებრივია, რომ გახარებული იქნება „ქართული ოცნება“. ის, რაც ოპოზიციაში ხდება მათთვის მხოლოდ სასარგებლო პროცესია.
_ ბოლომდე ისარგებლებს ამ პროცესებით „ქართული ოცნება“, თუ არჩევნებამდე ოპოზიცია გააცნობიერებს, რომ გაერთიანება აუცილებელია? დასავლეთის იმედი კი აქვთ, მაგრამ დასავლეთი არჩევნებში არ ჩაერევა.
_ დასავლეთ არჩევნებში არ ჩაერევა, მაგრამ დასავლური ფაქტორი მაინც გადამწყვეტი იქნება. ბევრი რამე თავად ოპოზიციაზეა დამოკიდებული. უმთავრესია, რა არჩევანს გააკეთებს ამომრჩეველი.
_ რუსული ფაქტორის გავლენა როგორი იქნება არჩევნებზე? სამწუხაროდ, რუსეთი ვერ მარცხდება უკრაინაში, რომ ძალიან დასუსტდეს და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში აღარ ჩაერიოს.
_ სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოში ძალიან სერიოზული ძალები მუშაობენ იმისთვის, რათა რუსეთი იმ სახით შენარჩუნდეს, როგორითაც დღეს არსებობს. ეს არის საშინელი, დესტრუქციული და კაციჭამია იმპერია. რუსეთი ამ სახით არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადარჩეს, მაგრამ მის გადარჩენაზე, ვიმეორებ, ძალიან ბევრი ძალა მუშაობს. გულსატკენია, რომ ასეთი ძალები დასავლეთშიც არიან. დასავლურ პრესაშიც არის რუსული ნარატივები. დასავლეთის ქვეყნების მთავრობებშიც არის ხალხი, ვისაც რუსეთის გადარჩენა უნდა. მოკლედ, არსებობს მსოფლიო გლობალური ძალა, რომელიც დარაზმულია რუსეთის გადასარჩენად. რუსეთი სხვა არაფერია, თუ არა ბოროტების იმეპრია. ასე მას რეიგანმა უწოდა.
გლობალური რუსული ძალა უკრაინას ყველანაირად უშლის ხელს, რომ გამარჯვება მოიპოვოს რუსეთზე. ეს ძალები რომ არ უშლიდნენ ხელს ბაიდენსა და ევროკავშირს, რუსეთი შავ დღეში იქნებოდა. ომიც დიდი ხნის დასრულებული იქნებოდა და ომში უკრაინა ბრწყინვალედ გაიმარჯვებდა ბოროტების იმპერიაზე.
_ დამარცხების შემთხვევაში რუსეთს ჩვენთვის აღარ ეცლებოდა? ახლა ჩვენთვისაც სცალია და კიდევ ბევრი რამისთვის მოიცალა.
_ სამწუხაროდ, ჩვენთვის ისევ სცალია რუსეთის ბოროტ იმეპრიას. ცდილობს, ოკუპირებული ტერიტორიები კიდევ უფრო შემოიმტკიცოს. ჯერჯერობით მოსკოვს არაფერი ეტყობა, რომ მიტაცებული ქართული მიწების უკან დაბრუნებას აპირებს. ყველაფრის მიუხედავად, მაინც იმედი მაქვს, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს.
_ სამართალი თუ არსებობს, ეს ომი უკრაინამ უნდა მოიგოს.
_ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინა რაღაცნაირად უკვე გამარჯვებულია ამ ომში. საბედნიეროდ, უკვე ჩაშლილია ის, რისი გაკეთებაც ბოროტების იმპერიას უკრაინაში სურდა. ის არის შემაშფოთებელი, რომ გლობალური პრორუსული ძალები ცდილობენ, უკრაინა აიძულონ, უარი თქვას თავისი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვგულისხმობ. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. რუსეთმა თუ ეს გაიტანა, ეს მხოლოდ უსამართლობა არ იქნება, ჩათვალეთ, რომ კაციჭამია იმპერია მომავალში კიდევ უფრო ცუდად მოიქცევა და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს შუქმნის საფრთხეს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს ეს ძალიან კარგად ესმის. ეს კარგად ესმის ბლინკენს, ოსტინს… სამწუხაროდ, თეთრი სახლის ადმინისტრაციაშიც არიან გლობალური რუსული ძალების მხარდამჭერები. ისინიც იბრძვიან რუსეთის შესანარჩუნებლად. სენატსა და კონგრესშიც არიან რუსეთის მომხრეები და ამერიკული პრესის რაღაც ნაწილს აშკარად ემჩნევა, რომ რუსული გავლენების ქვეშაა.
_ ზოგიერთი ამერიკული გამოცემა ისეთ პრორუსულ მასალებს აქვეყნებს, ჩვენებური პრორუსული გამოცემებიც რომ არ იკადრებენ.
_ სამწუხაროდ, ასეა. ეს თავისთავად არ ხდება. ამისთვის ძალიან ბევრს მუშაობს რუსეთი. მოსკოვი კოლოსალურ თანხებს ხარჯავს. მართალია, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები, გარკვეულწილად, ეფექტიანი იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი ეფექტი მაინც ვერ მოახდინა. ეს იმიტომ, რომ გლობალური რუსული ძალის დახმარებით მოსკოვი სანქციებისთვის გვერდის ავლას ახერხებს.
_ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში საქართველოს ხელისუფლებაც ეხმარება. „ქართული ოცნება“ ღიად აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს.
_ ძალიან ცუდია, საქართველოს ხელისუფლება ასე რომ იქცევა, მაგრამ ყველაფერს მათ ნუ დავაბრალებთ. მთავარ როლს სანქციების გვერდის ავლაში დასავლეთის ქვეყნებში გაფანტული რუსული გლობალური ძალის წარმომადგენლები ასრულებენ. მათი მხარდაჭერაც გლობალური სახისაა. აქედან გამომდინარე, გართულდა ის წარმატება, რომლიც ცივილიზებულ სამყაროს უნდა მიეღო. ყველაფრის მიუხედავად, მაინც მაქვს იმედი, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს. დიდი უმსამართლობა იქნება, თუ ამ ომში უკრაინა არ გაიმარჯვებს. უკრაინის გამარჯვება დემოკრატიის გამარჯვებას ნიშნავს. ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.
_ საქართველოში რა იქნება? გაიმარჯვებს ჩვენთან დემოკრატია? „ქართული ოცნება“ თავდაჯერებულად აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებსაც მოიგებს და 2028 წელსაც მას დარჩება გამარჯვება.
_ „ქართული ოცნება“ ამ განცხადებებს ჰაერზე არ აკეთებს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მოიგებენ ამ არჩევნებს, ოღონდ არა ხალხის მხარდაჭერის ხარჯზე. მათ გამარჯვება გაყალბებების ხარჯზე აქვთ გარანტირებული. დარწმუნებული ვარ, არჩევნების გაყალბებას უფრო იოლად შეძლებენ ახალი სისტემით. საუბარია ელექტრონული წესით ხმის მიცემაზე. ეს გეგმა უკვე წინასწარ ექნებათ შემუშავებული. რამდენადაც გამიგია, ამ წესით უფრო იოლია შედეგების გაყალბება.
როგორც წესი, ივანიშვილის პარტია არჩევნებს არჩევნებამდე აყალბებს. ათასნაირი სქემა აქვთ უკვე შემუშავებული. პროპაგანდაც იქნება, მაგრამ გარანტირებული აქვთ, რომ მცირედი ძალისხმევით შეუძლიათ ძალაუფლების შენარჩუნება. ასე იყო ყველა წინა არჩევნებზე და ასე იქნება მომავალშიც. 2020 წლის არჩევნებზე ჩვენი საზოგადოება განწყობილი იყო ცვლილებებისთვის, მაგრამ ამ სქემების მეშვეობით „ოცნებამ“ შეინარჩუნა ძალაუფლება. შამწუხაროდ, ოპოზიციამ ვერ შეძლო ამ სქემების დაბლოკვა.
_ ვერ შეძლო, თუ არ მოინდომა?
_ ნამდვილად ვერ შეძლო ოპოზიციამ ამ სქემების დაბლოკვა და „ოცნებამ“ შეინარჩუნა ძალაუფლება.
_ მერე იყო პარლამენტის ბოიკოტი, რომელსაც თითქმის უკვე ჰქონდა შედეგი, მაგრამ ოპოზიციამ, რატომღაც, შეწყვიტა ის.
_ ბოიკოტის შეწყვეტა იყო ძალიან ცუდი. ეს ზოგის შეცდომა იყო, ზოგის დანაშაული. საბოლოო ჯამში, უფრო დანაშაული იყო. ეს ბოიკოტი ოპოზიციისთვის წარმატების მომტანი იყო. ისინი მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდნენ. მოიგებდნენ კიდევაც, მაგრამ მოხდა სამწუხარო ფაქტი და ოპოზიციამ შეწყვიტა ბოიკოტი.
_ ოპოზიციას ბოიკოტი რომ შეეწყვიტა, ამაზე სერიოზულად იმუშავა დასავლეთმა. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოში აკრედიტებული ელჩები. თბილისში ჩამოვიდა შარლ მიშლიც. მათაც მიუძღვით წვლილი იმაში, რომ ხელისუფლებაში დღეს „ქართული ოცნებაა“.
_ კარგად მახსოვს დასავლეთის ჩართულობა ამ პროცესებში. დასავლელი დიპლომატები მოუწოდებდნენ ოპოზციას ბოიკოტის შეწყვეტისკენ. დასავლეთს აქვს ხოლმე რაღაც სისუსტეები. ეს სისუსტეები, საბედნიეროდ, ექვემდებარება დაძლევას. დასავლეთს არ გააჩნია ის გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვს. ამის გარდა, მათ არ იციან ის, რაც ჩვენ კარგად ვიცით. ხშირ შემთხვევაში მათი მხრიდან გულუბრყვილობაც იჩენს ხოლმე თავს. დასავლეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა. მათ ძალიან ეშინიათ საქართველოში სტაბილურობის დარღვევის. ამიტომაც ურჩვდნენ მაშინ ოპოზიციას ბოიკოტის შეწყვეტას. მაშინ ოპოზიცია წაუგებელ თამაშს თამაშობდა. სამწუხაროდ, ეს თამაში წააგეს.
ახლა ძალიან დიდ როლს შეასრულებს ის პროცესი, რომელიც უკრაინაში მიდის. უკრაინის ომი ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მთავარი მაინც უკრაინაა. იმედი მაქვს, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს, რაც რუსეთის იმპერიის ნგრევას შეუწყობს ხელს.
_ უკრაინამ ეს ომი აუცილებლად უნდა მოიგოს, მაგრამ ეს არ მოხდება მალე. 2024 წლის არჩევნებამდე ომის ბედი არ გადაწყდება. რა შანსები ექნება ოპოზიციას? თავადაც თქვით, რომ „ოცნებას“ გაყალბების სქემები უკვე შემუშავებული აქვს.
_ ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციას მაინც აქვს შანსები. ერთმანეთთან ბრძოლისა და წამგებიანი ნაბიჯების შემდეგაც კი დარჩათ შანსები. უმთავრესი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ სარგებლობს დიდი მხარდაჭერით. ვგულისხმობ საქართველოს მოსახლეობას, თორემ ქვეყნის გარეთ კიდევ უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვს „ოცნებას“.
_ დარწმუნებული ხართ, რომ დასავლეთი „ოცნებას“ მხარს აღარ დაუჭერს? 2020 წელსაც ასე ჩანდა, რომ არ ჰქონდათ დასავლეთისგან მხარდაჭერა.
_ იმ დროისთვის კიდევ რაღაც ილუზიები ჰქონდა დასავლეთს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით. ახლა ყველა ილუზია გაეფანტათ. ევროპამაც და ამერიკამაც დაინახა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება არ არის საიმედო მოკავშირე. აქედან გამომდინარე, ოპოზიციას შანსები რჩება. თან რა და როგორ მოხდება საარჩევნოდ, არ ვიცით. შანსი კი არა, შესაძლოა, ისეთ რამე მოხდეს, რომ ოპოზიციას არჩევნების მოსაგებად ხელსაყრელი პირობებიც კი შეექმნას. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ერთხელ მაინც შეძლოს ხმების გაკონტროლება.
_ ხმების დაცვას ოპოზიცია ვერ ახერხებს ან არ სურს ამის გაკეთება. თქვენი აზრით, ვერ ახერხებენ თუ არ იცავენ ხმებს?
_ ფაქტია, რომ ხმები არ კონტროლდებ. გავიხსენებ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს: როცა არჩევნები დასრულდა, ოპოზიციის წარმომადგენლები „მთავარ არხზე“ იყვენ შეკრებილები. იმის მაგივრად, რომ ხმები დაეცვათ, წინასწარ ზეიმობდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ისიც თქვა, რა უნდა გააყალბონ ისეთი, რომ ეს გამარჯვება წაგვართვანო. პოლიტიკაში მყოფ ადამიანებს ასეთი გულუბრყვილობა როგორ უნდა ჰქონდეთ, მე არ მესმის! ფაქტია, რომ ოპოზიციამ რამდენჯერმე მისცა ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალება.
_ ვითომ გულუბრყვილობაა ეს?
_ არ ვიცი, ვერ შეძლეს ამის გაკეთება, თუ არ გააკეთეს. არავის დადანაშაულება არ მინდა, რადგან ძალიან კარგად მესმის, რომ ხმების დაცვა და გაკონტროლება არ არის ადვილი საქმე. ძალიან დიდ მონსტრს უნდა შეეჭიდო. რუსული მონსტრის ზურგის მქონე ხელისუფლებასთან ჭიდილი ძალიან ძნელია. საბედნიეროდ, შუძლებელი არაფერია და მომავალ არჩევნებზე ხმების გაკონტროლებას თუ მოახერხებენ, გამარჯვების შანსი ნამდვილად აქვთ. საზოგადოების მხარდაჭერაც თუ იქნება, ოპოზიციის გამარჯვების შანსები კიდევ უფრო გაიზრდება.
_ ხალხს როცა უნდა, მაშინ მართლა არაფერია შეუძლებელი. ყველამ ვნახეთ, რა მოხდა 7-8 მარტს, როცა საზოგადოებამ ხელისუფლებას უკან დაახევინა და რუსული კანონი, ფაქტობრივად, თავზე გადაახია.
_ როცა საზოგადოება მოინდომებს, მაშინ მართლა არაფერია შეუძლებელი. ის, რაც მარტში მოხდა, ეს იყო მართლა სამაგალითო. იმ დღეს გამოჩნდა, თუ როგორ უნდა გაუწიოს ერმა წინააღმდეგობა უსამართლობას და უკანონობას. სამწუხაროდ, ერი ყოველთვის არ მოქმედებს. ჩვენი ერი ზოგჯერ მიძინებულია. რუსულმა კანონმა მიძინებული ერი გამოაღვიძა. არ ველოდი, თუ ასე სწორად გააცნობიერებდა ჩვენი საზოგადოება იმ საფრთხეს, რაც ამ კანონიდან მოდიოდა. ყველა მიხვდა, რომ აქ მხოლოდ არასამთავრობოების დაფინანსებაზე არ იყო საუბარი, ეს იყო ტოტალური გაკონტროლების მექანიზმის შექმნის მცდელობა, რასაც ერმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ასეთ დონეზე როცა რამეს აცნობიერებს ერი, მაშინ გამარჯვება ყოველთვის გარანტირებულია.
_ იმედი ვიქონიოთ, რომ სხვა საფრთხეებსაც გააცნობიერებს ჩვენი საზოგადოება.
_ მეც ამის იმედი მაქვს, მაგრამ ჩვენს ერს ახასიათებს მიძინება. სხვა მხრივ ვერაფრით ვხსნი იმ სიმშვიდეს, რასაც ერი ახლა იჩენს მიმდინარე პროცესების მიმართ.
_ რომელ პროცესებზე საუბრობთ? ბევრი ცუდი რამე ხდება ჩვენთან.
_ საქართველოში ქართულ მოსახლეობას ანაცვლებენ რუსები. ეს არის კატასტროფა. ამას ჩვენი საზოგადოება ემოციის გარეშე და ძალიან მშვიდად უყურებს.
_ ბევრმა სიხარულით მიიღო ეს რეალობა. ბინებს აქირავებენ რუსებზე და გაუხარდებათ, თუ უფრო მეტი რუსი შემოვა აქ.
_ წარმოუდგენელი კატასტროფა ხდება. ამხელა რაოდენობით უცხო ხალხის შემოსვლა არ არის კარგი ამბავი. ასეთი რაოდენობით არათუ დამპყრობელი ქვეყნის წარმომადგენლის შემოსვლა, არამედ ნეიტრალური ქვეყნისაც საშიშია. ვერცერთი სისტემა ვერ უძლებს ასეთი რაოდენობით უცხო ერის შემოსვლას. არავინ იცის, რას გააკეთებენ აქ შემოსული რუსები სამომავლოდ.
_ არც ის ვიცით, რა დავალებით არიან აქ შემოსულები. ომისგან გამოქცევის ზღაპრის არავის სჯერა.
_ რა თქმა უნდა, რაღაც მისია აქვთ. თან, ისინი არ კონტროლდებიან. არ ვიცით, ჩვენს ეკონომიკაზე რა გავლენას ახდენენ და ა. შ. რუსეთი უკრაინაში აწარმოებს სისხლისმღვრელ ომს, ხოლო საქართველოს მშვიდობიანად იპყრობს. ამხელა ექსპანსია დაპყრობაა. ძალიან შემაშფოთებელი პროცესია.
_ ეკლესიის როლზეც მინდა გკითხოთ: რუსების აქ შემოსვლას ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი ღიად უჭერს მხარს და ეს ძალიან სახიფათოა.
_ არ მიკვირს, ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი ასე რომ იქცევა. ეკლესია ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო, არის და იქნება. ამიტომ დამპყრბლების მთავარი სამიზნე ყოველთვის გახლდათ ქართული ეკლესია. ეკლესიას რუსეთი ებრძვის არა მხოლოდ პირდაპირ და გარედა, არამედ შიგნიდანაც. შიგნით შეშვებული ჰყავს თავისი ძალები. დღეს რუსეთი აკონტროლებს ქართულ ეკლესიას. საბედნიეროდ, იქ ეროვნული ძალებიც არიან. ვერცერთი დამპყრობელი ვერ მოერია ქართულ ეკლესიას და საბოლოო ჯამში, ვერც რუსეთი მოერევა. ახლა, სამწუხაროდ, ქართული ეკლესია არის რუსეთის მიერ ოკუპირებული, ქართული საზოგადოება კი რუსული აგენტურითაა გაჯერებული.