- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-10-26 08:52:23
თამუნა მჭედლიშვილი
მსოფლიოს რომელ წერტილში გადაწყდება მშვიდობის საკითხი? რა საფრთხეები შეიძლება შეექმნას საქართველოს და არის თუ არა ქვეყანა მზად იმ დიდი და გარდამტეხი გამოწვევების დასაძლევად, რასაც მისი საერთაშორისო პარტნიორები, ევროკავშირი და ნატო ელიან?
„ქრონიკა+“-ს ამ თემების შესახებ ექსკლუზირად ესაუბრება უსაფრთხოების ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე:
_ ქალბატონო ხათუნა, 21-ე საუკუნეა, რუსეთი უკრაინას ეომება, პალესტინა კი ისრაელთან იწყებს დაუნდობელ ომს. მხოლოდ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ტერორისტებმა 1300 ადამიანი მოკლეს, აწამეს… ფაქტობრივად, ახალი „ჰოლოკოსტი“ მოუწყვეს ისრაელს… რა ჰქვია ამ სისასტიკეს?
_ ეს არის ცივილიზაციათა და ღირებულებათაშორისი ომი. ამიტომ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, რეალურად შეგვძლია ვთქვათ, რომ ვდგავართ მესამე მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე. საერთაშორისო სამართლის პრინციპები, შეკავებისა და უსაფრთხოების მექანიზმები ვეღარ მუშაობს ეფექტიანად. შესაბამისად, ყველა იმ ქვეყანამ, რომელიც იყო ქვების შეგროვების რეჟიმში, გადაწყვიტა, რომ ახლა არის დრო ქვების სროლის. რაც მთავარია, ეს ქვეყნები ცალ-ცალკე არ მოქმედებენ, ამიტომ არის ეს ცივილიზაციური ომი და არა, ვთქვათ, რელიგიათა ომი. ამას ვერ ვუწოდებთ რელიგიათა ომს თუნდაც იმიტომ, რომ ამ ომში ერთ მხარეს დგას ირანი და რუსეთი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ჰყავს ძალიან დიდი რაოდენობით მუსლიმი მოსახლეობა, რუსეთი მაინც უპირატესად მართლმადიდებლური ქვეყანაა. იმის გათვალისწინებითაც, რომ ამ ომის ღერძული მონაკვეთი მიმდინარეობს მართლმადიდებლურ ქვეყნებს _ რუსეთსა და უკრაინას შორის _ ვერანაირად დავავიწროებთ მიმდინარე ომს რელიგიათაშორის დაპირისპირებამდე. ეს არის უფრო მაღალი რანგის დაპირისპირება _ ცივილიზაციისა და ღირებულების დაპირისპირება, სადაც ერთ მხარეს დგას ავტორიტარულ- დიქტატორული რეჟიმები, რომლებიც შეიძლება აერთიანებდეს სხვადასხვა ტიპის რელიგიისა და რწმენის სახელმწიფოებს და არასახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს.
ერთგვარი სიახლე ამ ომისა, შედარებით წინა მსოფლიო ომებთან, არის ის, რომ ამ ომში გვერდიგვერდ იბრძვიან სახელმწიფოებრივი და ასევე არასახლმწიფოებრივი აქტორები და წარმონაქმნები, რაც ირანსა და რუსეთს საშუალებას აძლევს, აწარმოონ ჰიბრიდული, პროქსი ომები და იგივე არასახელმწიფო აქტორების: ტერორისტული დაჯგუფებებისა და გაერთიანებების მეშვეობით მიაღწიონ საკუთარ მიზნებს ისე, რომ თვითონ მშრალი გამოვიდნენ სიტუაციიდან. ამიტომაც მიმდინარე ომი ახალი რეგისტრის ომია და გაცილებით საშიშია.
_ ახალი რეგისტრის ომში რას გულისხმობთ?
_ ახლა ზუსტად დისერტაციაზე ვმუშაობ საინფორმაციო უსაფრთხოების კუთხით და მთელი მსოფლიო ისტორიის მანძილზე პროპაგანდისა და ინფორმაციის ომში გამოყენებას კიდევ ერთხელ ვუყურებ. ბუნებრივია, პროპაგანდა ყოველთვის იყო მძლავრი იარაღი ომში გამოყენების, მაგრამ ისეთი მასშტაბით, როგორც დღეს არის, არასდროს ყოფილა. ფაქტობრივად, საინფორმაციო ომით იწყება პირველი ეტაპი ნებისმიერი ომისა. საინფორმაციო ომის მიზანი არის წინმსწრებად განეიტრალება მოწინააღმდეგის მენტალური და ფსიქოლოგიური მდგრადობის, წინააღმდეგობის უნარის პარალიზება სამიზნე საზოგადოებების, მათივე შეირაღებული ძალების, სახელმწიფო ინსტიტუტების და ა.შ.
ძალიან საინტერესოა, მსოფლიოს საინფორმაციო ომის რაკურსიდან თუ შევხედავთ. ჯერ კიდევ კოვიდის დროს ძალიან ნათლად გამოჩნდა საინფორმაციო სამკუთხედი: რუსეთი, ჩინეთი და ირანი, რომელთა საინფორმაციო პოლიტიკაც ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციაში იყო. მთავარი სამიზნე ამ საინფორმაციო სამკუთხედის გახლდათ დასავლური დემოკრატიის სახელმწიფოები და მიზნის მთავარი მესიჯი _ დემოკრატიული მმართველობა ვერ გამოდგა ეფექტიანი ისეთ მსოფლიო კატასტროფასთან ბრძოლაში, როგორიც იყო კოვიდი, მაშინ, როცა ავტორიტარულმა ქვეყნებმა მასთან გამკლავება გაცილებით იოლად შეძლეს! ამიტომ ეს ერთგვარი ტრიუმვირატი საერთო საინფორმაციო ინტერესით მაშინ შეიკრა. დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ევროსტრუქტურებსა და ნატოში საინფორმაციო ომის ამ ახალ გამოვლინებას. მანამდე აქცენტი იყო რუსეთის საინფორმაციო შეკავებაზე და შესაბამისი სტრუქტურები, ბუნებრივია, ძირითადად იყო რუსეთის საინფორმაციო ომის კონტრსტრატეგიების შემუშავებაზე მიმართული. კოვიდის პერიოდში კი სამეულის ერთობლივი ქმედებები მოექცა ყურადღების ცენტრში.
თუმცა რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, არის არა მხოლოდ საინფორმაციო ომი, არამედ ომის მწვავე ფაზა და ვინაიდან ეს არის ღირებულებითი, ცივილიზაციათა ომი, გნებავთ მართველობითი სისტემების ომი _ ერთი მხრივ, დემოკრატიისა და ლიბერალიზმის, რომელმაც უნდა დაამტკიცოს ეფექტიანობა მსოფლიო გამოწვევებთან ბრძოლაში და მეორე მხრივ, ავტორიტარიზმისა, რომელიც ამ ლიბერალიზმის მათი გადმოსახედიდან სისუსტეებით სარგებლობს.
კერძოდ, ევროპაში აზია-აფრიკის ქვეყნებიდან წამოსული უკონტროლო მიგრანტთა ტალღების მიმართ ღია საზღვრების პოლიტიკამ რეალური საფრთხეები გააჩინა ევროპულ სახელმწიფოებში, რაც არა მარტო საინფორმაციო ომში, არამედ ტერორისტულ საფრთხეებშიც გადაითარგმნა, რასაც ბოლო დღეებში ვუყურებთ. მეორე მხრივ, ღია საინფორმაციო სივრცეებმა და პოსტსიმართლის ეპოქამ, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, ადამიანის ცნობიერზე ზემოქმედებისა და მანიპულირების ჯერარნახული „სიმაღლეები“ დაიპყრო. რეალურად, იმდენ ინფორმაციაზე მიგვიწვდება ხელი თითოეულს რომ, მათი გადამოწმების არც დრო გვაქვს და არც შესაძლებლობა. ამიტომაც მთავარი, რითაც ავტორიტარული სახელმწიფოები სარგებლობენ, არის სწორედ ეს _ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციით დაბომბო ადამიანის ცნობიერება და ისე გაახვიო ინფორმაციის აბლაბუდაში, რომ არ ჰქონდეს ამ ინფორმაციის რეალურობის გადამოწმების საშუალება.
_ ასეთ „დაბომბვებში“ ხომ დიდი წილი მასმედიის პასუხისმგებლობაზე მოდის?
_ რა თქმა უნდა, უზარმაზარი წილია. ეს ავტორიტეტების ნგრევის ეპოქაც არის, რაც გულდასაწყვეტია… იგივე „ბი-ბი-სი-ის“ მაგალითი ავიღოთ. მსოფლიოს წამყვანი, ავტორიტეტული, მსოფლიოში თავისი ობიექტურობით ცნობილი გიგანტი ტელევიზიები აღმოჩნდნენ ამ უპრეცედენტო ფეიკომის მსხვერპლები და გამავრცელებლები, როცა გადაუმოწმებლად აჰყვნენ „ჰამასის“ მიერ ინსპირირებულ ფეიკინფორმაციას, თითქოსდა ისრაელის მიერ ღაზის საავადმყოფოს დაბომბვის თაობაზე. გასაგებია, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ შეცდომა დანაშაულის ზღვარზე! იმ ღამეს მსოფლიო მართლა კატასტროფას გადაურჩა! როდესაც ვუყურებდით ვითომდა ისრაელის მიერ დაბომბილ საავადმყოფოს კადრებს, რა რეაქცია მოჰყვა ამას მთელი ისლამური სამყაროს ფარგლებში, ვნახეთ. და არა მარტო ისლამურის, დასავლეთისაც.
ზუსტად მაგ დროს ბრიუსელში ვიმყოფებოდი, დღე არ გავიდოდა, რომ რომელიმე ქალაქში პალესტინის მომხრეთა გამოსვლები არ ყოფილიყო. ამას რომ მასობრივი ომის სახე შეეძინა, ტელევიზიების ბოდიში ვის უშველიდა?!
_ როგორია მსოფლიო ლიდერების შეფასებები და გვაძლევენ თუ არა იმედს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს?
_ ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ბაიდენის შეფასება, რომელიც მან ახლახან გააკეთა. მან თქვა, რომ შეუძლებელია უკან დახევა და დათმობა ავტორიტარულ სახელმწიფოებთან და ტერორისტებთან, რადგან ისინი ერთადერთ ენას ცნობენ _ ეს არის ძალის ენა. საკმარისია ნებისმიერი უკან დახევა, თუნდაც, ვთქვათ, უკრაინის კონფლიქტის გაყინვა, რომ ამას პუტინი შემდგომ მწვანე შუქად აღიქვამს ევროპის სიღრმეში შემდგომი დაპყრობლური ომის საწარმოებლად. ისევე, როგორც ისრაელის მეზობელი ტერორისტები წახალისდებიან, თუ ახლა ჰამასს გადამწყვეტი პასუხი არ გაეცა. ერთიან კონტექსტში განხილვა ამ პროცესების აშშ-ს მხრიდან და ამგვარი კოპლექსური ხედვა იძლევა იმედს, რომ დასავლეთი იქნება გაცილებით უფრო მობილიზებული და მყარი თავის გადაწყვეტილებებში და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ძიებაში. კონფლიქტების, ომების გაყინვისა და დროებითი გადაგორების გზით სიარულს, იმედია, დასავლეთი მოეშვება. სწორედ მსგავსს პრობლემებზე თვალის დახუჭვამ დააყენა მსოფლიო ასეთი გამოწვევების წინაშე. ახალი გლობალური მიდგომები აუცილებელია, რათა როგორც უკრაინაში, ასევე ისრაელში დამარცხდეს ეს ბოროტების ძალები, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო წესრიგის არსებობისთვის.
მსოფლიოს სრულიად ახლებურად მოუწევს საერთაშორისო წესრიგის გადააზრება, მათ შორის, თანამშრომლობის ახალი ფორმატების გამოყენებით. ამის მაგალითად მოვიყვან ჩინეთის ახალ ინიციატივას, რომელიც სულ ახლახან გაჟღერდა ჩინეთში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე. იგი გერმანულ „ჰუმბოლდტის ფონდთან“ პარტნიორობით მოეწყო, სადაც სპიკერად იყო მიწვეული საქართველოს ყოფილი ელჩიც ჩინეთში, ბატონი დავით აფციაური. მან ძალზე საინტერესოდ ისაუბრა ჩინეთში საერთაშორისო კონფერენციაზე გაჟღერებულ ახალ ტენდენციებზე. მოგეხსენებათ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ დასავლეთმა გამოაცხადა ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების პოლიტიკა. სანაცვლოდ, ჩინეთი მათ სთავაზობს ახალ გლობალურ ინიციატივას, აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად ჩამოაყალიბოს ახალი ეკონომიკური პლატფორმა ჯ3/G3, რომელიც მსოფლიოს სამი უდიდესი ეკონომიკის საერთო ინტერესების ირგვლივ თანამშრომლობას დაეფუძნება. ვნახოთ, რამდენად შეხედავს ამას დასავლეთი, როგორც შესაძლებლობას, დატოვოს რუსეთი და ირანი მარტო, გიგანტური ჩინეთის პატრონაჟის გარეშე.
ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოსთვის დღევანდელი ეპოქა გამოწვევებთან და საფრთხეებთან ერთად შესაძლებლობების დიდ ფანჯარასაც ხსნის. მთვარია, რამდენად გამოიყენებს ქვეყანა ამას.
_ ამ დროს საქართველოში რა ხდება? უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საუბრობს ბირთვული საშიშროების შესახებ რეგიონში, რის გამოც ჩვენ ჭკვიანდ უნდა ვიყოთ…
_ ძალიან კარგია, როცა ხელისუფლება „იუმორის“ გრძნობას ინარჩუნებს _ ასე შევაფასებდი ბირთვულ საფრთხეზე საუბარს. ბირთვული საფრთხე რომც არსებობდეს, ჩვენ რით შეგვიძლია გამოვიწვიოთ ბირთვული ომი ან რით შეგვიძლია გავანეიტრალოთ იგი? მაგრამ ამის მიღმა საქართველო მართლაც დგას დღეს ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, იმიტომ, რომ რაც უფრო შორს წავა პროცესები, მით უფრო აუცილებელი გახდება არჩევანის გაკეთება _ სად დგახარ. წარმოუდგენელია, ვინმე ჭკუათმყოფელს არ უნდოდეს მშვიდობა და ვინმე იყოს მაპროვოცირებელი პოლიტიკის მომხრე ან ნაღმების ჩადების მომხრე საქართველოს მომავლისთვის… მართლაც არის ურთულესი გამოწვევებით სავსე დრო და შესაბამისად, არაფერი უნდა გააკეთო, როგორც სახელმწიფომ, რომ რაღაც ტიპის პროვოკაცია დაერქვას შენს ქმედებას და საპასუხო აგრესია გამოიწვიო, ვთქვათ, რუსეთისგან, აღარაფერს ვამბობ შიგნით რაიმე ტიპის დაპირისპირებაზე, ვთქვათ, რელიგიურ ნიადაგზე. უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილები და რაციონალურები. მაგრამ მეორე თემაა, როცა ეს სიფრთხილე კაპიტულანტურ პოლიტიკაში გადაგდის. მშვიდობა არ ნიშნავს მონობას, მშვიდობა რომელიც მიიღწევა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის შეზღუდვის ან დათმობის ფასად, იმას ვერ დაარქმევ მშვიდობას, ეს არის მონობა! სხვაგვარად ის, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ფრთხილობს, ამაში ვერავინ გაამტყუნებს და გარწმუნებთ, რომ რაციონალური ოპოზიციური ძალებიც რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ისინიც მაქსიმალურად ფრთხილები და პრაგმატულები იქნებოდნენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, არსებობს მკვეთრი ზღვარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დათმობით მიღწეულ მონობასა და მშვიდობას შორის. ერთ ფაქტს მოვიყვან: სხვადასხვა დასავლურ წყაროში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის ჩამდენი ტერორისტის მამა ცხოვრობს საქართველოში. საინტერესო იქნება, ქართველმა ჟურნალისტებმა მოიძიონ ამ ინფორმაციის ნამდვილობა. თუკი ეს ნამდვილია, რატომ არ აქვს საქართველოს ხელისუფლებას ამაზე რეაქცია?! თუკი ეს ამბავი ნამდვილია, წარმოიდგინეთ, რამდენად მოწყვლადია საქართველო და დაუცველია თუნდაც იგივე ტერორისტული აქტების მიმართ და ვინმეს წარმოუდგენია, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში, როგორც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პარტნიორი, მოდგება და დაიცავს საქართველოს ტერორისტული აქტებისგან?! თუ გააქეზებს და ინსპირატორი იქნება ამ აქტების?!
_ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ ხომ არგაღიზიანების პოლიტიკას ატარებს? უკრაინასთან მიმართებით ეს როლი მან ნიღბის გარეშე მოირგო…
_ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ისრაელის 7 ოქტომბრის ტრაგედიამ გვაჩვენა. უკრაინის ომის შემდეგ, მასმედიაში, სოცქსელებში ხშირად ჩნდებოდა ბენიამინ ნეთანიაჰუს და პუტინის „მეგობრობის“ ამსახველი ბანერები. ცნობილი იყო ისრაელის დღევანდელი ხელისუფლების არგაღიზიანების პოლიტიკის მიზეზიც რუსეთის მიმართ: მათ ეშინოდათ, რუსეთს არ „აეფეთქებინა“ პალესტინა. და რა მოიტანა ამ შიშმა და არგაღიზიანების პოლიტიკამ?! ნებისმიერ სპეციალისტს შეგიძლიათ ესაუბროთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ: „ჰამასის“ ფეოდალური ეპოქის ველურებისგან ისეთი მაღალტექნოლოგიური ოპერაციის დაგეგმვა, როგორიც 7 ოქტომბრის იყო, გამორიცხულია! ამის უკან ირანი რომ იდგეს, გასაგებია, მაგრამ ისრაელში უკვე ღიად საუბრობენ რუსეთის მონაწილეობაზეც. ისრაელის მმართველი პარტია „ლიკუდის“ ერთ-ერთი ლიდერის, ამირ ვეიტმანის ინტერვიუ გადმოიცა რუსეთის ტელევიზიით, სადაც მან პირდაპირ დასდო ბრალი რუსეთს 7 ოქტომბრის უბედურებაში მონაწილეობაში და ისიც დაამატა, რომ როცა ჩვენ „ჰამასს“ ამ ომს მოვუგებთ, თქვენთვისაც მოვიცლითო. ასევე ჩემი ბევრი ებრაელი კოლეგაც ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან იკითხება რუსული კვალი.
აი, ამ ფონზე, ვკითხულობ, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობს თავს საქართველოს ხელისუფლება მის მიერ გატარებული არგაღიზიანების პოლიტიკის გამო? შემთხვევით არ დამიწყია საუბარი სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების შეთნხმებულ მოქმედებებზე. რუსეთს საკუთარი მიზნებისთვის შეუძლია იმგვარი ტერორისტული აქტების ინსპირირება აქ, ისე, რომ თვითონ საერთოდ ხელი დაიბანოს, თუკი მას ეს დასჭირდა, რომ ვერანაირი არგაღიზიანების პოლიტიკა ამისგან ვერ დაგაზღვევს! ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ ჩვენ? როცა თავდაცვის ბიუჯეტი შემცირებულია, როცა თავად თავდაცვის მინისტრის აღიარებაა, რომ თავდაცვის ძალებიდან დენადობა არის ძალიან დიდი, როდესაც მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა _ იქნება ეს ერთობლივი წვრთნები, შეიარაღების მოწოდება თუ სხვა ტიპის დახმარება. ბირთვულ საფრთხეზე რომ საუბრობ, მინიმუმ, თავშესაფრები თუ გაქვს ქვეყანას წესრიგში? თუკი ბირთვული საფრთხის არსებობას უშვებ და ამის შესახებ აცხადებ, აქამდე არ უნდა იცოდეს მოსახლეობამ, სად არის თავშესაფრების მდებარეობა, როგორ დავიცვათ თავი? ძალიან კარგი, რომ მედიკამენტები შეუძენიათ, მაგრამ მოსახლეობამ არ უნდა იცოდეს, სად იქნება ამ მედიკამენტების დარიგების პუნქტები? ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ამ ტიპის: ბუნებრივი, ბირთვული, ტექნოგენური და ა. შ. კატასტროფების დროს არსებობს გაწერილი გაიდლაინები, რომლითაც ხელმძღვანელობენ და წინასწარ იცის როგორც ყველა სახელმწიფო სტრუქტურამ საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლები, ასევე მოსახლეობაც უნდა იყოს ამის შესახებ ინსტრუქტირებული და ინფორმირებული. არაფერი მსგავსი საქართველოში არ ხდება! ასეთი გულარხეინობა არის უბრალოდ დანაშაულის ტოლფასი. მესმის, რომ საქართველო უნდა იყოს მაქსიმალურად ფრთხილად, მაგრამ სრულიად არაფერში წერია მინიმუმადე დასული თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან, როცა უსაფრთხოების ფარი, უბრალოდ, არ გაგაჩნია.
საზოგადოების ტვინების რეცხვა რუსული პროპაგანდით კიდევ ცალკე უბედურებაა. როცა სახელმწიფოს არ გააჩნია საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკა, ფსიქოლოგიურ-დივერსიული ოპერაციების შეკავების სტრატეგია, ტაქტიკა და ხედვა, არაფერი მსგავსი, ეს კატასტროფაა. როცა ვსაუბრობდი იმაზე, რომ პირველი ეტაპი ომის არის საინფორმაციო ომი, რათა გაანეიტრალოს სამიზნე ქვეყნის წინააღმდეგობის უნარი, მდგრადობა, მედეგობა საზოგადოების, სწორედ ამას ვგულისხმობდი, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს, პირველ რიგში, უნდა ჰქონდეს საინფორმაციო უსაფრთხოების სტრატეგია, რომ მტერმა არ შეძლოს წინმსწრებად მისი მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების, საჯარო ინსტიტუტების ფსიქოლოგიური მორღვევა და ჩამოშლა.
კიდევ ერთი მაგალითი, რაც ისრაელმა გვაჩვენა: როცა თანამედროვე ებრაელი მოღვაწეებიდან ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და დიდ მოაზროვნეს, იუვალ ნოა ჰარარის ჰკითხეს, რამ გამოიწვია ასეთი წარმოუდგენელი ჩავარდნა ისრაელის სპეცსამსახურებისა 7 ოქტომბერს, მათ თქვა, რომ, სამწუხაროდ, ეს არის ისრაელის ხელისუფლების იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც საზოგადოების დაპირისპირებას ეფუძნებოდა, ანუ ხელისუფლებაში ხანგრძლივად ყოფნის მიზნით ისრაელის დღევანდელი მართველი ელიტა ცდილობდა, რომ საზოგადოება გაეხლიჩა, ამ დაპირისპირებებზე ეთამაშა და შედეგად შეენარჩუნებინა ძალაუფლება, კიდევ და კიდევ მოსულიყო ხელისუფლებაში. ამან კი სახელმწიფო ინსტიტუტები გამოფიტა და შიდა დაპირისპირებაზე კონცენტრირებამ გარე მტერთან სიფხილზე მოუდუნაო! ხომ არ გეცნობათ საქართველო?! ჩვენზე შეუდარებელად ძლიერი ქვეყანა გამოხრა შიგნიდან დაპირისპირებამ და ჩვენ რას გვიზამს ნებისმიერი გარე საფრთხის შემთხვევაში ეს ხელოვნურად ინსპირირებული საზოგადოებრივი დაყოფა, რაც „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენას ემსახურება, იოლი წარმოსადგენია.
სხვათა შორის, არ შემიძლია არ ვიამაყო, რომ მე მქონდა ბედნიერება ინტერვიუს ჩაწერისა იუვალ ნოა ჰარარისთან. ასეთი მასშტაბის ფიგურასთან ინტერვიუ საქართველოში მანამდე არ შემდგარა.
_ სოციალურ ქსელში დაწერილი თქვენი სტატუსი გამახსენდა: „ბიძინა ივანიშვილის სპექტაკლები და ერთი სერიალის იმედად დარჩენილი ქვეყანა“. როგორი იქნება გაგრძელება? ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ არა მხოლოდ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებას აანონსებს, არამედ 2030 წელსაც ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაშიო… რეალურად კი 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან მხოლოდ სამია შესრულებული…
_ საუბარი ზედმეტია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ აწყობს იმ რეფორმების გატარება, რომლის რეკომენდაციებსაც ევროკავშირი გვაძლევს… არ აწყობს იმიტომ, რომ იმ რეფორმების განხორცილებაში ის საფრთხეს ხედავს საკუთარი ხელისუფლების მიმართ. „ოცნება“ ფიქრობს, რომ ეს რეფორმები განვახორციელო, ასეთი თავისუფალი სასამართლოთი, ასეთი საარჩევნო სისტემით, როგორსაც ევროკავშირი მთხოვს და ობიექტური არჩევნებით ხელისუფლებას ვერ შევინარჩუნებო და თუ ხელისუფლებაში არ ვიქნები, ქვა ქვაზე არ დარჩენილაო! ამიტომ მათგან რეფორმების მოლოდინი არარსებულია. ერთადერთი, ვინც ცვლილებები შეიძლება განახორციელოს, შეიძლება იყოს ისევ ოპოზიცია.
_ აქვს კი დღევანდელ ოპოზიციას გარდამტეხი ცვლილებების გატარების რესურსი?
_ ვერ ვიტყვი, რომ 2024 წელს მოსახლეობას მარტივი არჩევნები ელოდება და ამის მიზეზებს ამომრჩეველი ყველაზე უკეთ ხედავს: ოპოზიციის დაქსაქსულობა, არა იდეაზე ორიენტირებულობა, ერთმანეთთან ლაპარაკის რესურსის ნაკლებობა და ა. შ. მთავარი კითხვა, რომელზედაც ოპოზიციამ უნდა გასცეს პასუხი, არის ის, თუ როგორ აღუდგნენ წინ ქვეყნის დაცლას და დემოგრაფიულ კატასტროფას. გამრავლების ასაკის მქონე მოსახლეობიდან ყოველი მესამე ქვეყნიდან წასვლას ცდილობს და ეს მართლა კატასტროფაა საქართველოსთვის. რეალობა გვაჩვენებს, რომ ხალხი გაურბის არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციასაც. ხალხი რომ ოპოზიციაში პერსპექტივას ხედავდეს, არ გაიქცეოდა _ ეს ხომ მარტივია. უკვე ვეღარ იმალება ციფრები. საპატრულო პოლიციის მთელი ცვლები და შემადგენლობები გარბიან, თავდაცვის სამინისტროდან უამრავი მიდის უცხოეთში, რამდენი მაღალჩინოსანი მოხელე წავიდა საზღვარგარეთ ოჯახებით?! აბსურდული სიტუაცია გვაქვს, ერთი მხრივ, ისინი აძლევენ ხმას „ქართულ ოცნებას“ და ორ თვეში გაურბიან მათივე არჩეულ ხელისუფლებას. სასოწარკვეთის რა ხარისხია, გავიაზროთ და მეორეც, რამდენად თავისუფალია ამ ადამიანების არჩევანი: „ოცნება“ რომ მათი რეალური არჩევანი იყოს, ისინი არსად გაიქცეოდნენ. არ გაიქცეოდნენ მაშინაც, ოპოზიცია რომ ეიმედებოდეთ. რას სთავაზობს ოპოზიცია ამ ხალხს საქართველოში დარჩენის სანაცვლოდ _ ეს არის მთავარი! ნახეთ, როგორი მომენტია, მე ერთი შვილის დედა ვარ. ამაზე რთული რა არის, როცა დედისერთა შვილებისთვის აკეთებ ყველაფერს, რომ სამუდამოდ დატოვონ ქვეყანა და თავისი მომავალი სხვა ქვეყანაში ეძებონ?! რამდენი ასეთი მაგალითია და რას უშვრებიან ასეთ დედებს და შვილებს? რა პასუხს აძლევენ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის გარეშე კაპიკია პოლიტიკოსის ფასი.
დიდი სურვილი მაქვს, რომ მეორე სუნთქვა გაეხსნას ოპოზიციას. მოვისმინე მამუკა ხაზარაძის ძალიან საინტერესო გამოსვლა: „მე ვიცი, როგორ უნდა გამდირდეს ქართველი კაცი“, ასევე მნიშვნელოვანია ზურა გირჩი ჯაფარიძის ბოლოდროინდელი აქტივობებიც… თუმცა მთავარი, იცით, რა არის? ძალიან ხშირად გვესმის, რომ „ოცნებას“ თავისი ხმები აქვს, „ნაციონალებს“ _ თავისი და აი, დანარჩენი ხმების მობილიზებაა გადამწყვეტი ცვლილებებისთვი და, მათ შორის, „ოცნებაზე“ იმედგაცრუებულთა ხმები იგებს არჩევნებსო. ჰოდა, „ოცნების“ ხელისუფლების გამო ქვეყნიდან გასაქცევად გამზადებული ათასები რომ არიან საზღვარს მიმწყდარი, კეთილი ინებოს ოპოზიციამ და მოაბრუნოს საზღვრიდან ეს ხალხი საარჩევნო უბნებთან და ყუთებთან! აი, ეს არის მთავარი. ეს რაც შეეხება იდეოლოგიურად. ხოლო ტექნიკურად როგორ უნდა მოხერხდეს, რომ ოპოზიციისთვის მიცემული ხმების უდიდესი ნაწილი არ დაიკარგოს, კარგად უნდა ავუხსნათ მოსახლეობას. „ქართული ოცნება“ რომ 50%-ს ვერ აიღებს, ცხადზე ცხადია. ჟურნალისტებისა და ჩემი პროფესიის ხალხის ვალია, რომ ავუხსნათ მოსახლეობას, რა არის მომავალი არჩვნების რისკები. ერთ-ერთი უმთავრესია ეს გადაუნაწილებელი ხმები. იმ პარტიებისთვის მიცემული ხმები, რომლებიც ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს, გადანაწილდება იმ პარტიებზე, რომლებიც გადალახავენ ბარიერს. ვინც მეტ ხმას აიღებს, შესაბამისად, იმაზე გადანაწილდება უფრო მეტი… ამიტომ იმგვარად უნდა გამსხვილდეს დანარჩენი ოპოზიცია, რომ ხმები არ დაიკარგოს. რაც უფრო ბევრი წვრილი პარტია მიიღებს მონაწილეობას, ხმები დაიქსაქსება და ეს ხმები მთლიანად წავა ხელისუფლების ჯიბეში. ამიტომ გამოსავალი არის ამბიციების გვერდზე გადადება, ერთად დასხდომა, ერთი სიით გასვლა. ხმები ამ შემთხვევაში არ დაიკარგება. როგორი კონფიგურაციით, ვინ ვისთან უნდა დაჯდეს და დალაგდეს, ამაზეა საფიქრალი. სწორედ ამგვარი მსხვილი გაერთიანება უკარნახებს პირობებს „ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“ მომავალ პარლამენტში, მისი გადასაწყვეტი იქნება, ვის მოიყვანს ხელისუფლებაში, ამიტომაც დღეს ოპოზიციის პასუხისმგებლობა არის განუზომლად დიდი!
_ როგორი განწყობა და მოლოდინები დაინახეთ ბრიუსელში? ოქტომბრის ბოლოსა და დეკემბერში ევროკავშირი გაგვიჩენს სანერვიულოს საქართველოს, თუ?..
_ ყველაფერს კარგად ხედავს ბრიუსელიც და აშშ-ც. მათ აქვთ 30 წლის მანძილზე ჩამოყალიბებული ურთიერთობები საქართველოსთან. ეს ადამიანური ფაქტორი მუშაობს. ამასთან, საქართველოს ხალხის თავდადება ევროპული მომავლისთვის თვალსაჩინოა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და საქართველოს გარეშე, როგორადაც ხმამაღლა არ უნდა ჟღერდეს, ევროპის უსაფრთხოება, უპირატესად, შავი ზღვის უსაფრთხოება, სრულყოფილი და დაცული ვერ იქნება. 2007 წლის მიუნხენის კონფერენციაზე პუტინმა რომ განაცხადა, _ მე არ დავუშვებ შავ ზღვაში ნატოს გაფართოებასო და ნატომ ეს ყურს მიღმა გაატარა, ამას მოჰყვა 2008 წლის ომი საქართველოში, 2014 წლის ყირიმის ოკუპაცია, 2022 წლის ომი და ის, რომ დღეს ნახევარი მსოფლიო შიმშილის საფრთხის წინაშეა! რატომ?! იმიტომ, რომ შავ ზღვაზე რუსეთი თავისუფალი ნაოსნობის საშუალებას არ იძლევა. აქედან გამომდინარე, ხომ ყოფილა მნიშვნელოვანი ეს პატარა საქართველო თავისი მოკლე საზღვაო ზოლით?! ამას ძალიან კარგად ხვდებიან ევროპელები და ამიტომაც ეძვირფასებათ საქართველო, მაგრამ მათ სჭირდებათ იმგვარი პარტნიორი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს პროცესებზე! ცალ-ცალკე აღებულ არსებულ პოლიტიკურ ძალებს არცერთს აქვს ისეთი პოლიტიკური წონა, რომ დასავლეთის თვალში, ისევე როგორც საქართველოს საზოგადოების თვალში, შეძლონ დამოუკიდებლად გარდამტეხი ცვლილებების მოტანა და პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის მომავალ სტაბილურობაზე. ხომ აბსურდია, რომ ამ ქვეყანაში ვინმეს ომი უნდა?! თუ ვინმეს არ უნდა, დასავლეთს არ უნდა ომი! უკრაინაში _ ომი, ისრაელში _ ომი, ვის უნდა კიდევ ერთი ფრონტი, რას მელაპარაკებით?! ასეთი აბსურდი საერთოდ წარმოუდგენელია და სწორედ იმიტომ, რომ ომი არ უნდათ, აქ სჭირდებათ იმგვარი სტაბილური პარტნიორი, რომელიც არჩევნების შემდეგ პროცესების მშვიდობიან განვითარებასა და ქვეყნის წინსვლაზე პასუხისმგებლობას უზრუნველყოფს. დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი კოალიციური გაერთიანება, რომელიც შეძლებს არჩევნებში გამარჯვებას გარდამტეხი უპირატესობით.