- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-10-26 07:09:41
გიგა გელხვიიძე
გასული კვირის მთავარი ამბავი _ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ჩაშლილი იმპიჩმენტი _ არა მხოლოდ ქართული მედიის მთავარი თემა, არამედ მსოფლიო მედიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური განხილვის საგანია.
„ქრონიკა+“ დაინტერესდა, როგორ უყურებენ და აფასებენ პოლიტოლოგები ამ და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს, როგორია ქართული პოლიტიკური დღის წესრიგის სამომავლო პროგნოზები? რას შეიძლება ველოდეთ ოპოზიციურ თუ სახელისუფლებო ფლანგზე?
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:
_ ბატონო გია, რატომ შევიდა „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში, რომელიც იმთავითვე იცოდა, რომ წაგებული ჰქონდა?
_ მაღალი ალბათობით, ეს იყო სიბრიყვე. მათ სხვა სცენარზე ჰქონდათ გათვლა, ეგონათ, „დააჩმორებდნენ“, აიძულებდნენ, თვითონ გადამდგარიყო ან ბევრი სხვა ვერსია შეიძლება იყოს, რთულია გათვალო, რას ფიქრობენ და როგორია მათი გეგმები. თუ ჩვენ მაინცდამაინც პრაქტიკული ლოგიკის დანახვა გვინდა, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგით დაზიანდნენ ამ ყველაფრით, ასევე დაზიანდნენ საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისითაც. ერთადერთი ლოგიკა შეიძლება იყოს: „ოცნებას“ გარკვეული გარანტიები ჰქონდა კრემლისთვის მიცემული იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი მაქსიმალურად ლოიალურ პოლიტიკას გაატარებდა რუსეთთან მიმართებით. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გამოვიდა კონტროლიდან და მისი ნაბიჯები არ შეესაბამებოდა ამ ლოიალურ პოლიტიკას, მათ შეეშინდათ, კრემლს არ ჩაეთვალა, რომ ეს იყო ბიძინას ორმაგი თამაში და ამიტომაც წამოიწყეს ეს ოდიოზური პროცესი. სხვა პრაგმატულ ლოგიკას ვერ ვხედავ. ისინი თუ ფიქრობდნენ, რომ ამით რაღაც შედეგს მიიღებდნენ, ეს არის სრული სიბეცე. „ოცნებამ“, საბოლოო ჯამში, თვითდაზიანება მიიყენა.
_ ხომ არ იყო ეს ივანიშვილის მცდელობა, რომ გარკვეული იმუნიტეტის მოსაპოვებლად თავად დაეკავებინა პრეზიდენტის თანამდებობა?
_ არ მგონია. მქონდა ეს ვერსია და არსებობდა ეს ლოგიკაც, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს გაპრეზიდენტების პირდაპირი სურვილი რომ ჰქონოდა, მაშინ კიდევ უფრო ეფექტიანად იმოქმედებდა, თუმცა, ბუნებრივია, რომ ეს პროცესი მისი ხელდასხმით და კურაციით მიდიოდა.
_ შეეძლო ბიძინა ივანიშვილს ეყიდა ოპოზიციის 12 ხმა, იმის ფონზე, რაც ვნახეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დაკავშირებით?
_ ალბათ შეეძლო. კარგად ვიცით ჩვენი პოლიტიკური ელიტის არამდგრადი ბუნება, რბილად რომ ვთქვათ. ვფიქრობ, ეს თეორიულად შესაძლებელი იყო, თუმცა კონკრეტულ ეპიზოდში ოპოზიციამ ძალიან კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი.
_ პოლიტიკური ნაწილი რომ ამოვიღოთ, რამდენად სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საქმეზე?
_ რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უსამართლო იყო და ეს გახლდათ წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკურ ნაწილს რომ თავი დავანებოთ, სამართლებრივ ნაწილშიც აქ არ იყო ყველაფერი წესრიგში. სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილება იქნებოდა კონსოლიდირებული და ჩვენ ვიცით, როგორი ზეწოლა ხორციელდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოზე და როგორი ხელისუფლება გვყავს, ზოგადად, მოსამართლეების დასამორჩილებლად. ამ პოზიციაში, როდესაც სამი მოსამართლე იჩენს მოქალაქეობრივ გმირობას და ეწინააღმდეგება პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას, ეს უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივად აქ არათუ წესრიგში იყო ყველაფერი, არამედ თავდაყირა დააყენეს გადაწყვეტილება მოსამართლეებმა ხელისუფლების დაკვეთით. მათ არ მიუღიათ შინაგანი რწმენით ეს გადაწყვეტილება, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც შეასრულეს გარკვეული შეკვეთის ან კომპრომატის საფასურად.
_ რამდენად მარტივად შეუძლია ბიძინა ივანიშვილს ჩამოიშოროს ადამიანები, რომლებიც ასე თავგამოდებით იცავენ მის ინტერესებს? იგივე კობახიძე და ღარიბაშვილი?
_ საერთოდ არ აქვს არანაირი პრობლემა. მისთვის, ადამიანი, როგორც ასეთი, არ არსებობს. ადამიანი ეს არის რესურსი, რომელსაც იყენებს მანამ, სანამ სჭირდება და როგორც კი მის რესურსს ამოწურავს, შეუძლია პირდაპირ ნაგვის ურნაში უკრას თავი და ეს არაერთხელ გაუკეთებია.
_ ბიძინა ივანიშვილის თვალით რომ შევეცადოთ რეალობის დანახვას, რამდენად მყარი რეიტინგი აქვს დღეს მისი ძალისხმევით და ფინანსური უზრუნველყოფით შექმნილ პარტიას?
_ საერთოდ არ ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ნატურალური ამომრჩეველი ჰყავს, ანუ ელექტორატი, რომელიც მას გულწრფელად უჭერს მხარს. ასეთი ამომრჩეველი, უბრალოდ, აღარ არსებობს. „ქართული ოცნება“ დღეს დგას ადმინისტრაციულ რესურსზე, მატერიალურ რესურსზე და დგას ჯერ კიდევ ანტიმიშაზე, რომლის ოდენობაც საგრძნობლად შემცირებულია, ე. ი. ადამიანებზე, რომლებსაც „ქართული ოცნება“ არ მოსწონთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად არ მოსწონთ „ენმ“ და როდესაც ისინი ამ არჩევანის პირისპირ დგებიან, „ოცნებას“ არჩევენ. თუმცა ეს სეგმენტი ძალიან დადაბლდა და არჩევნების შედეგებზე სერიოზულ გავლენას აღარ ახდენს.
_ პოლონეთის არჩევნებში ოპოზიციურმა კოალიციამ მოახერხა მმართველი პარტიისთვის უმრავლესობის ჩამორთმევა _ რამდენად იქნება მსგავსი პრაქტიკა გამართლებული ქართულ რეალობაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის?
_ არ ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნოდ ეს გაერთიანება პროდუქტიული იქნება, პირიქით, დააზიანებს წინასაარჩევნო პროცესს და ორპოლუსიანი პოლიტიკური პროცესი კვლავ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იმუშავებს. ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნოდ ფრონტის ხაზი მაქსიმალურად უნდა გაიშალოს, ბევრი პოლიტიკური ცენტრი უნდა იყოს, მინიმუმ, სამი და ის მესამე ცენტრი ამ მხრივ ძირითადისგან უნდა იყოს თანაბრად დისტანცირებული, რადგანაც ამ ნაც-ქოცური შულერული თამაშების მიღმა აღმოჩნდეს. ამომრჩევლის დაკვეთა დღეს ასეთია: მათ დიდ უმრავლესობას აღარ უნდა წარსული „ენმ-ს“ სახით და არც აწმყო „ქართული ოცნების“ სახით. ისინი ეძებენ მომავლის ალტერნატიულ არჩევანს და პოლიტიკურ ცენტრებს.
ამიტომ წინასაარჩევნოდ რაც უფრო გაიშლება პოლიტიკური ხაზი, რა თქმა უნდა, ისეთი კონფიგურაციით, რომელსაც თავი ექნება, რომ ეს ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახოს, მით უფრო კარგი იქნება პოლიტიკური პროცესისთვის და ეს არის გამარჯვების ფორმულა და არა ისევ „ნაციონალებთან“ რაღაც კოალიციებზე ფიქრი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს „ტიტანიკის“ მშენებლობას ემსგავსება, რაც არაერთხელ გვინახავს.
_ ბოლო წლების მანძილზე „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული სვლების ფონზე, რამდენად შესაძლებელია, რომ ისევ გაცვალოს საკუთარი ხმა ამომრჩეველმა ხახვსა და კარტოფილზე?
_ სამწუხაროდ, რაც მეტი სოციალური პრობლემა არსებობს და რაც უფრო მეტი გაჭირვებული გყავს ქვეყანაში, მით უფრო მაღალია ადმინისტრაციული და მატერიალური რესურსის გამოყენება. _ ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ გადარჩენაზე ზრუნავს, ის შორს არ იყურება, მით უმეტეს, თუ არჩევანი ისეთი არ აქვს. ცუდსა და უარესს შორის უწევს არჩევანის გაკეთება, რაც იმოქმედებს ერთჯერადად, ასე რომ, ეს სერიოზული რესურსია, მაგრამ ყველაფერი, ისევ და ისევ, დამოკიდებულია ოპოზიციაზე, რამდენად შექმნის მომავლის იმედის მუხტს, რომელიც დაკარგულია. ეს არის ახლა შესაქმნელი და ამიტომ არის ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები საჭირო _ ადამიანი როდესაც გადაწყვეტილებას იღებს, გაიყიდოს თუ არა ხახვსა და კარტოფილზე, თუ მას არ აქვს ისეთი არჩევანი, რომელიც მას გაუჩენს იმედს, რომ ხვალ შაქარიც და ზეთიც ექნება, ხელისუფლება თუ შეიცვალა, ისევ ხახვსა და კარტოფილზე გაიყიდება.
_ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ წარმომადგენლად სოფო ჯაფარიძე დაასახელა, პოლიტიკურ ველზე კიდევ უფრო მეტი აქტივობა შეინიშნება. რამდენად შეძლებს სოფო ჯაფარიძე მნიშვნელოვანი ცვლილებების მოტანას მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც არცთუ ისე სახარბიელო პოზიციაშია დღეს?
_ თუ ავიღებთ მთლიანად პოლიტიკურ სურათს სახელმწიფოებრივი პოლიტიკისა და პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით, ამაში დიდ აზრს ვერ ვხედავ. მაგრამ საკუთრივ შიდაპარტიული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით შეიძლება ეს საინტერესო იყოს, რადგან ეს მინიშნებაა იგივე ხაბეიშვილის ფაფხურზე, რომ შენი ფაფხური არაფრის მომტანი არ არის და ამიტომ იფიქრე შენითვე, რაღაცნაირად გვერდზე გაიწიო. სოფო ჯაფარიძე ნამდვილად შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელიც გარკვეულ ბალანსს გააჩენს პარტიაში და გადაარჩენს პარტიას დაშლისგან, მაგრამ მისი რესურსი რამდენად საკმარისი აღმოჩნდება, არ ვიცი და კარგი იქნებოდა, თუ ის გაძლიერდებოდა ნიკა გვარამიათი. „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის, როგორც პოლიტიკური ერთეულის გადარჩენის გზად მიმაჩნია, რომ ასეთი ტანდემი შექმნილიყო, რომელიც აიღებდა პარტიაზე კონტროლს, ვიმეორებ სოფო ჯაფარიძე და ნიკა გვარამია; ამ შემთხვევაში, მელიას ფაქტორით და ხაბეიშვილის ჩაჩოჩებით, რადგან ხაბეიშვილი თუ თავმჯდომარედ დარჩა, ეს პარტია განწირულია მარტო დაშლისთვის კი არა დანგრევისთვის საერთოდ. ამიტომ ხაბეიშვილი თუ ჩააჩოჩეს და სოფო ჯაფარიძე-ნიკა გვარამიას ტანდემი გაკეთდა, ამ შემთხვევაში ძალიან ადვილი იქნებოდა ნიკა მელიასა და იმ ადამიანების შემორიგება, რომლებიც მას უჭერენ მხარს. მელიას დააბრუნებდნენ პოლიტსაბჭოში და ემოცია და რაციო მორიგდებოდნენ ერთმანეთში, რადგანაც რეალური წყალგამყოფი ახლა არის პოლიტიკურ ემოციასა და რაციოს შორის. მიხეილ სააკაშვილი არის ის ფიგურა, რომელზეც ორიენტირებულია ენმ-ს ელექტორატი, ხაბეიშვილზე ხომ არ არის, აბა, ორიენტირებული? მიშა სააკაშვილის გზავნილი არის ასეთი, შესაბამისად, ხაბეიშვილი უნდა გაიწიოს. ის თუ არ გაიწევა ამ სიტუაციაში, ე. ი. ის არ ცნობს მიხეილ სააკაშვილს, როგორც რეალურ ლიდერს და რეალური ლიდერები გამოდიან მერაბიშვილი და კეზერაშვილი. თუ ელექტორატი ხმას აძლევს მერაბიშვილ-კეზერაშვილს და არა სააკაშვილს, მაშინ მთლად კატასტროფული სიტუაცია ჰქონიათ.
_ რამდენად სწორი და მომგებიანი არჩევანი იყო ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე?
_ აბსოლუტური სისულელე იყო! მათ შეეძლოთ ბევრად უკეთესი კანდიდატურა შეერჩიათ და უკეთესი სიტუაცია ექნებოდათ, მაგრამ ეს მეტყველებს, მინიმუმ, იმაზე, თუ რა ხდება ქვეყნის პოლიტიკასა და პარტიის შიდა პოლიტიკაში.
_ „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებზე მინდა, გკითხოთ, _ მმართველ პარტიასთან მიმართებით იმ პარტიების რეიტინგი, რომლებიც შეძლებენ 5%-იანი ბარიერის გადალახვას, 2024-ის საპარლამენტო არჩევნებზე მაინც ნაკლებია, ამ მოცემულობით კი საპარლამენტო უმრავლესობა კვლავ „ქართული ოცნების“ ხელში რჩება. როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ, თუ მათ ძირეული ცვლილებები სურთ პოლიტიკურ ველზე?
_ ერთადერთი ცვლილება, რაც იყო, ეს არის გახარიას მზარდი ელექტორალური დინამიკა, დანარჩენი ყველაფერი თავის ადგილზე დარჩა და აქ უნდა დაისვას შეკითხვა, _ რატომ გაიზარდა გახარიას ელექტორატი? გახარიას ელექტორატი გაიზარდა იმიტომ, რომ თანაბრად არის დისტანცირებული როგორც „ნაცებისგან“, ასევე „ქოცებისგან“. ამაზე არის დღეს მოთხოვნილება. იმდენად დიდია ეს მოთხოვნილება, რომ მზად არის ელექტორალური სეგმენტი, აპატიოს გახარიას 20 ივნისი და სხვა ცოდვები. შესაბამისად, დანარჩენ პარტიებსაც მივცემდი რეკომენდაციას, რომ დისტანცია დაიჭირონ ამ ორი პოლიტიკური ცენტრისგან. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაჯგუფება ეს არის პარტიული იდენტობის დაკარგვის ტოლფასი და არაფრის მომტანია, რადგანაც ხალხს აღარც „ნაცის“ გაგონება უნდა და აღარც _ „ქოცის“, ეს არის უბრალო სიმბიოზი და მეც მიმაჩნია, რომ ცალ-ცალკე ეს ორი პარტია ვერაფერს მიაღწევს. ისინი ქმნიან ერთგვარ სიმბიოზს, ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ. გამომდინარე აქედან, როდესაც ეს ორი პარტია დომინირებს პოლიტიკურ ველზე, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებს და თუ ამოცანა არის ხელისუფლების დამარცხება, მაშინ საჭიროა დისტანცია არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ „ნაციონალური მოძრაობისგანაც“. სხვანაირად არაფერი გამოვა.
_ სალომე ზურაბიშვილი, ფაქტობრივად, ოპოზიციაში გადავიდა, თუმცა ის, ჯერჯერობით, დამოუკიდებელ მოთამაშედ მიიჩნევა. რამდენად არის იმის შანსი, რომ ის რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ვიხილოთ?
_ მან ძალიან სერიოზული პოლიტიკური კაპიტალი დააგროვა ან ხელისუფლებამ თავისი სიბეცით შეუქმნა. ეს ძალიან სერიოზულ ელემენტად იქცა ქართული პოლიტიკის და ამის არგამოყენება საცოდაობა იქნებოდა არ ვიცი, ახლა ის რას იზამს საბოლოო ჯამში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის რაღაც პერიოდით მაინც სჭირდება ქართულ პოლიტიკას, ამ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ფორმირების ეტაპზე.
_ ბოლო სამი კვირის მანძილზე „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში გაწერილ სხვადასხვა კანონში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, მათ შორის არის შეკრებისა და გამოხატვის შესახებ კანონი, სადაც ახალი ცვლილების მიხედვით (პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში), კარავი და სხვა საშუალებები შეიძლება აქციის დაშლის ან მისი ორგანიზატორების დაკავების საბაბი გახდეს. რისი თქმა სურს ამით ხელისუფლებას?
_ ფაქტია, რომ ნებისმიერი გამკაცრება ავტორიტარული რეჟიმის გამყარებას ეფუძნება, ანუ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, რაც არ უნდა უვნებელი გეჩვენებოდეს ცალსახად ეს ყველაფერი. ამოცანა რა არის? _ კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა იმის ფონზე, რომ ისედაც არ გვაქვს დალხენილი მდგომარეობა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის, მინიმუმ, სახიფათო ტენდენცია. ხელისუფლება მიდრეკილია ძალაუფლების აბსოლუტიზაციისკენ. რა ჩანაწერებიც კეთდება, ეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას ტოვებს, თუმცა ყველაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს, რადგანაც რაღაცების გამკაცრება ვერ წყვეტს მნიშვნელოვნად რამეს. თავისუფლების ჯინი, რაც უნდა დიდხანს კეტო ბოთლში, აუცილებლად ამოვარდება და რაც უფრო მეტი ძალით შეეცდები, რომ დახუფო, კიდევ უფრო მაღალი ძალით ამოდის საბოლოო ჯამში. სამწუხაროდ, ეს ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაიგო ამ ქვეყანაში და არც ეს ხელისუფლებაა გამონაკლისი.
_ კონტროლი ძლიერდება მედიაზეც _ მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, შესაძლოა, ხელისუფლების მიერ სიძულვილის ენად მიჩნეული გამონათქვამი ან ტექსტი მაუწყებლის დახურვის საფუძველი გახდეს. არის თუ არა ეს მედიის ჯიბეში ჩასმის კიდევ ერთი მცდელობა?
_ კონტროლს აძლიერებენ, ეს არის მათი ამოცანა. ავტორიტარიზმს ახასიათებს ერთგვარი პოლიტიკური ბულემია, ის ვერ ძღება ძალაუფლებით და მუდმივად უნდა, ჭამოს და ჭამოს. სიმაძღრეს ვერ გრძნობს და ეს არის ავტორიტარიზმი. თევზები ხომ გინახავთ. მათ რამდენსაც ჩაუყრით, იმდენს ჭამენ და მერე კუჭები უსკდებათ, დაახლოებით ეს არის, თევზის პრინციპით მოქმედებს ხელისუფლება, რამდენიც გაუვა, იმდენის შეჭმას აპირებს. საბოლოო ჯამში, ეს მთავრდება ფატალურად. მეტი რაღა უნდა გაამკაცრონ, ფაქტობრივად, სრული კონტროლი აქვთ, მაგრამ კიდევ და კიდევ მეტი უნდათ. ცუდად დასრულდება ეს ყველაფერი. 21-ე საუკუნეში ინფორმაციის ჩაკეტვა ან მისი შეზღუდვა მუქარითა და ძალისმიერი მეთოდებით შეუძლებელია. პირიქით, დღეს უფრო მოთხოვნადი გახდება ინფორმაცია.
_ სუსის ხელმძღვანელის საპარლამენტო მოხსენება რომ შევაფასოთ, კონკრეტულად კი ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ქეისთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დასანქცირებული. რატომ ეფარება ამბრაზურად „ქართული ოცნება“ ოთარ ფარცხალაძეს?
_ აქ ფარცხალაძეში აღარ არის პრობლემა, პრობლემა ის არის, რომ სისტემაში ყველა ფარცხალაძეა, პატარა თუ დიდი. დაახლოებით იგივე ტიპის ქმედებებს აწარმოებენ, რასაც ფარცხალაძე და ყველამ იგრძნო პირადი საფრთხე. ესენი ახლა ფარცხალაძეს კი არ იცავენ, საკუთარ თავს იცავენ. როგორც კი დაუშვებენ ფარცხალაძის დასჯის პრეცედენტს, შემდეგი ვინ იქნება? _ ისევ თავად იქნებიან, ეს იციან და იძულებულები არიან, დაიცვან, თორემ ფარცხალაძე ვიღას აინტერესებს?
_ ბოლოს მინდა გკითხოთ ნიკა მელიას შესახებ. მან რამდენიმე შეკრება დააანონსა _ თუ მელია იტყვის, რომ მან პარტიისგან გამოყოფისა და ცალკე პოლიტიკურ მოთამაშედ ყოფნის გადაწყვეტილება მიიღო, რამდენად დამაზიანებელი აღმოჩნდება ეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“?
_ გამიჭირდება გაზომვა, თუმცა ფაქტია, რომ პარტია დღეს ელექტორალურად უკვე დაშლილია. იქ მარტო მელია ხომ არ არის, იქ არის საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც უკმაყოფილოა პარტიის საქმიანობით. პროპორციას ვერ გეტყვით, მაგრამ პარტია, ფაქტობრივად, დაშლილია. მისი ისევ აღდგენის ფორმულაზე ზემოთ გესაუბრეთ. არ ვიცი, მელია ელექტორატის რა ნაწილს წამოიყვანს, მაგრამ ცხადია, რომ სააკაშვილი ხაბეიშვილს ისე აქტიურად აღარ უჭერს მხარს, ესეც გასაგებია. სააკაშვილს სჭირდება პარტიის ერთიანობის შენარჩუნება, მაგრამ მისი ფავორიტი რომ ხაბეიშვილი არ არის, ეს კარგად ჩანს. ხაბეიშვილი არის სხვების ფავორიტი და ეს არ მოსწონს სააკაშვილს, მაგრამ, მეორე მხრივ, დაპირისპირებასაც ერიდება, რომ არ დააჩქაროს დაშლის პროცესი. ეს სადამდე მიიყვანს პარტიას, ბუნდოვანია. ვნახოთ, რა მოხდება.