- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-10-04 06:38:13
გიგა გელხვიიძე
რამდენიმე თვეში ევროკავშირმა უნდა მიიღოს საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება და გამოაცხადოს, მისცემს თუ არა ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს? ამ თემის ირგვლივ შექმნილი ვითარება ისედაც რთულ პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში კიდევ უფრო ამძაფრებს.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რომელიც რეფერენდუმი უფროა დღეს, ვიდრე რიგითი არჩევნები, „ქრონიკა+“ ესაუბრება ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ანა ბუჩუკურს:
_ ანა, სანამ სხვა საკითხებზე საუბარს დავიწყებთ, მინდა შევეხოთ აქტუალურ თემებს _ ფარცხალაძის სანქცირება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იმ ბრალდებით, რომელიც ყველამ იხილა, რას ნიშნავს ქვეყნისთვის, რომელიც სულ რამდენიმე თვეში ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსს ელის?
_ მძიმე არის ეს ყველაფერი, გამომდინარე იქიდან, რომ ფარცხალაძე არ არის ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქე, ის იყო გენერალური პროკურორი. ზოგადად, ბრალდება არის ძალიან მძიმე. ეს არის ბევრად მძიმე ბრალდება, ვიდრე იყო მურუსიძისა და სხვა მოსამართლეების შემთხვევაში (რა თქმა უნდა, იმ ბრალდებას არ ვაკნინებ). აქ საუბარი არის მტრის, სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე და პირდაპირ ამბობს ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირე გადაწყვეტილებაში, რომ ეს ადამიანი რუსეთის „ФСБ“-სთან თანამშრომლობით გავლენას ახდენადა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. როგორც ჩანს, უარესს უნდა ველოდოთ. ქვეყნის იმიჯისთვის არის დამაზიანებელი იმ ფონზე, რომ თვე-ნახევარში ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის შესახებ.
_ სებ-ის გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებთ? ხომ არ გათვალა „ქართულმა ოცნებამ“ მათი წარმომადგენლების შესაძლო სანქცირება და წინასწარ ხომ არ მოამზადა ფონი მსგავსი ჩანაწერით?
_ მოცემულ ვითარებაში, რა სიტუაციაშიც ახლა არის „ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ერთგვარი იდეალური გამოსავალია, რადგან იტყვიან, რომ გავიდა ჩემი იურისდიქციიდან, პრაქტიკულად, ვეღარ ვახორციელებ იურისდიქციას მის მიმართ და ა. შ. რაც შეეხება სებ-ს, სინამდვილეში ამ სპექტაკლში, რომელიც ივანიშვილმა მოგვიწყო, მთავარი არის ის, რომ ხელში შემოგვრჩა რუსული ბრძანება და ეს არის ბევრად უფრო უარესი, ვიდრე თავის დროზე იყო რუსული კანონები. ამით სანქციებისგან ფინანსური იმუნიტეტი შეიქმნეს „ქართული ოცნების“ ბოსებმა, _ ივანიშვილმა და მისმა მეგობრებმა. 20-25 კაცის დასაცავად გაკეთდა ეს ყველაფერი. ფაქტობრივად პრევენციულად, რომ ვაი და მომავალში ეს სანქცირებები გაგრძელდეს, საქართველოს მოქალაქეს (სინამდვილეში მოქალაქეები არ აინტერესებთ), არ შეექმნათ პრობლემები სანქციებიდან გამომდინარე შიდა ბაზარზე. ამას აქვს დაცვის ფუნქცია და ივანიშვილი ეუბნება თავის გარემოცვას, რომ ნუ ნერვიულობთ, ბიჭებო, ყველაფერი ხელში მიჭირავს. ახლა მთავარი ორიენტირი სპექტაკლებში მონაწილეობა კი არ უნდა იყოს, მთავარი ფოკუსი უნდა აიყოს ის, რომ ნათელა თურნავას რუსული ბრძანება უნდა გაუქმდეს.
_ აქვე მინდა გკითხოთ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ ეს პრეზიდენტის გვერდის ავლით მოხდა, არის თუ არა ეს კანონდარღვევა?
_ როგორც იურისტი ისე ავხსნი: ბუნებაში არსებობს ორმაგი მოქალაქეობა, მაგრამ ეს ის ქეისი არ იყო, არამედ ეს გახლდათ, როდესაც არაოფიციალურად ჰქონდა ორი სხვადასხვა სახელმწიფოს პასპორტი და ეს არ უნდა აგვერიოს ორმაგ მოქალაქეობაში. უკანონოდ ჰქონდა მას ორი ქვეყნის მოქალაქეობა. საქართველოს კანონმდებლობით ასეა, რომ ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს, მას უნდა შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეობა, გარდა იმ გამონაკლისისა, როდესაც მას მინიჭებული აქვს ორმაგი მოქალაქეობა, ეს სხვა მოვლენაა. ამიტომ ბუნებრივია, როცა ამბობენ, არ ვიცოდით, ფარცხალაძეს ორი ქვეყნის მოქალაქეობა რომ ჰქონდაო. თან როგორი ვორდინგები ჰქონდათ, სანქცირებაზე გადაწყვეტილება რომ ნახეს, ჯერ პარლამენტის თავმჯდომარეს ათქმევინეს, რა შუაში ვართ ჩვენ, 10 წელია, აღარ არის ხელისუფლებაშიო. მერე, ეტყობა, მოხვდათ ბატონისგან და დაიწყეს დაცვა. შემდეგ გამოვიდა კობახიძე და საქართველოს კონსტიტუცია მე დავწერე და ვიცავ ფარცხალაძესო. ანუ ეს ქრონოლოგია ხომ კარგად გვახსოვს და მერე თქვეს, მედიისგან გავიგეთ, რომ ფარცხალაძეს რუსული პასპორტი ჰქონდაო. ამას ვეძახით ჩვენ ივანიშვილის სპექტაკლს.
_ სებ-ის თემა რომ ამოვწუროთ, აქვე მინდა გკითხოთ საბჭოს ახალ წევრებზე, რომლებიც დანიშნა პარლამენტმა, _ უნდა იყოს თუ არა განსაზღვრული განათლების ხარისხი მსგავსს თანამდებობაზე კანდიდატის წამოყენებისას და მის დანიშვნამდე?
_ რა თქმა უნდა, მათ კანდიდატურებს არ დავუჭირეთ მხარი! _ მინდა, ეს ხაზგასმით აღვნიშნო. განათლება უნდა იყოს თუ არა გაწერილი, ამაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადამიანი უნდა იყოს დარგის სპეციალისტი. როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება გავრცელდა, მანდ სწორედ ამას წერენ, _ ეროვნული ბანკი საამაყო იყო, როგორც ინსტიტუცია და გული გვწყდება ყველას, რომ ასეთი ინსტიტუტი ჯიბეშია ჩასმულიო. აქ, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი არის მთავარი და მეორე, პოლიტიკური აფილირების პრობლემა. ეს არის მთავარი ფინანსური მარეგულირებელი უწყება. ასეთ ორგანოებში, როგორიცაა ეროვნული ბანკი, ცესკო და ა. შ. მარეგულირებელ უწყებაში, პროფესიონალიზმთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ამ შემთხვევაში სხვა რამე ვიხილეთ.
_ ახლახან საქართველოში იმყოფებოდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, რომლის განცხადებაც საკმაოდ მწვავე იყო საქართველოსთან მიმართებით. როგორ აღიქვეს მისი ეს განცხადება და რა გაიგო ოპოზიციამ ამით?
_ სხვათა შორის, შეხვედრებიც ძალიან მკაცრი იყო. ჩვენ იმ დახურულ შეხვედრებსაც ვესწრებოდით, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შედგა. არ მივცემ თავს იმის უფლებას, რომ დეტალებზე ვილაპარაკო, მაგრამ ძალიან მკაცრი და მძიმე გზავნილები იყო პერსონალურად „ოცნების“ ხელისუფლებისთვის, ასევე პრესბრიფინგიც მკვეთრი და მკაფიო გზავნილები იყო სავსე, შემდგომში ეს წერილიც. აქ ძალიან მარტივად არის საქმე, ევროკავშირი პირდაპირ ეუბნება „ოცნების“ ხელისუფლებას, რომ ვისაც რა არ უნდა დააბრალო ომში ჩართვა, ოპოზიციას და ა. შ., ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ 12 რეკომენდაციიდან 9 არის შეუსრულებელი და იმუშავეთ ამაზე. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი, ანუ, ფაქტობრივად, უთხრეს, რომ მათ ვერ მოატყუებენ. გარდა ამისა, მეორე მნიშვნელოვანი მესიჯი იყო პოლარიზაციაზე, თუმცა პოლარიზაციის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, „ოცნება“ რომ ხელისუფლებაშია, იმიტომ ჰქვია ხელისუფალი, რომ გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი მის ხელშია და, შესაბამისად, მასზე პასუხისმგებლობა ბევრად მეტია. პოლარიზაციის შემთხვევაშიც ასეა, თუმცა პოლარიზაციის წყარო ამ შემთხვევაში მხოლოდ „ქართული ოცნება“ არ არის, მათ შორის არის „ნაციონალური მოძრაობაც“ და მასთან აფილირებული პარტიები. ამიტომ პოლარიზაციაზე საუბრისას ევროკავშირიც, რა თქმა უნდა, მხოლოდ „ოცნებას“ არ მიმართავს.
_ თქვენც ახსენეთ და ყველასთვის ცნობილია, რომ არის 12 რეკომენდაცია და აქედან მხოლოდ 3-ის შესრულება მახერხა „ქართულმა ოცნებამ“. რამდენად შესაძლებელია და გაქვთ იმის მოლოდინი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღების გამოცხადებამდე დარჩენილ მცირე დროში ეს 9 რეკომენდაცია საბოლოოდ შესრულდება?
_ პოლიტიკური ნების შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია. აქ მთავარი არის ის, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს. „ქართულ ოცნებას“ ნათქვამი აქვს, რომ არ აპირებს შესრულებას და მორჩა. იუსტიციის საბჭოზე პირდაპირ თქვა, რომ არ ვაპირებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას და ამას ზემოდან დაემატა ის, რომ აწ უკვე სანქცირებულ, სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძეს გადაეფარა მთელი „ოცნება“ და მის სუვერენიტეტს ვიცავთო. გვახსოვს, როდესაც საგამოძიებო კომისია არ შეგვაქმნევინეს ოპოზიციას. რეკომენდაცია იყო, რომ ანტიკორუფციული საგამოძიებო ფუნქციები, რომელიც დღეს გაფანტულია სხვადასხვა უწყებაში, ჩამოყალიბებულიყო ერთი ქოლგის ქვეშ და ყოფილიყო დამოუკიდებელი. ამათ რა გააკეთეს? ადგნენ და რაღაც ბიურო შექმნეს პრემიერ-მინისტრის ქოლგის ქვეშ.
_ ბორელისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაზე მინდა გკითხოთ, _ პრემიერის საუბრის ტონი შეიძლება თუ არა გახდეს, გარკვეულწილად, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სტატუსის მიღების პროცესში?
_ „ოცნების“ რიტორიკა, ტონი, გადაწყვეტილებები და ქმედებები სრულიად ანტიდასავლურია. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამით აზიანებენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას, ეს არ მოსდით უტვინობით, ეს მიზანმიმართული დაზიანებაა. რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილების პერსპექტივებს, მესმის, რომ ამ პირობებში ძალიან ძნელია, რადგანაც ესენი ყველაფერს აკეთებენ, რომ საფუძველი გამოაცალონ ევროკავშირს, რომ დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. თუმცა ჩვენ სულ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, მით უფრო, ყოფილი პრემიერ-მინისტრი არის ჩვენი პარტიის ლიდერი, უბრალოდ ოპოზიციონერი ლიდერი არ არის. ჩვენი კომუნიკაცია, პარტნიორებთან განსაკუთრებით ევროკავშირთან, არის ამ საკითხზე, რომ ახლა საქართველოსთვის კარის ჩაკეტვა დამღუპველია იმიტომ, რომ მარტო, იზოლირებულად ვრჩებით და ეს ნიშნავს რუსეთის პირისპირ ყოფნას. ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად აქვთ გააზრებული ორი რამ: პირველი ის, რომ ესმით ახლა საქართველოს მარტო დატოვება ნიშნავს, რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას და ეს ათეულობით წლით უკან დაგვხევს და მეორე, ასევე ძალიან კარგად ესმით, რასაც ჩვენც ვახსენებთ ხოლმე, ხშირად, რომ ქართველ ხალხს მკაფიოდ აქვს თავისი გადაწყვეტილება მიღებული, საუბარია იმ 80-85%-იან მხარდაჭერაზე ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციისადმი. ეს ყველაფერი ჰაერიდან ხომ არ არის, ეს არის ისტორიული არჩევანი. მტერი განგვისაზღვრა ისტორიამ და ისტორიული არჩევანია ჩვენი თავისუფალი სამყაროს წევრობა. ჩვენ ხომ თავისუფლებისთვის ვიბრძოდით მუდმივად. დღეს თავისუფლება არის დასავლეთში და ეს კარგად ესმით ჩვენს პარტნიორებს, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნება არის დასავლეთში ინტეგრაცია, პლუს ძალიან კარგად ესმით ისიც, რომ ქართველ ხალხს ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში ფასი აქვს გადახდილი 2008-ში და არა მხოლოდ, _ დღესაც ვიხდით. ერთგვარი პარადოქსული ვითარება არის, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც სრულად ანტიდასავლურ რიტორიკას ატარებს. სებ-ის კანონი მართლა რუსული ბრძანება და რუსული ქმედებაა. რუსეთის ჯაშუშს იცავენ, ფაქტობრივად. ძალიან პარადოქსული ვითარებაა, მაგრამ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები ევროკავშირის მხრიდან.
_ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი _ მმართველი პარტია უკვე გადაწყვეტით საუბრობს იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას, როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას და ზოგადად იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას?
_ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს პირველი ოპოზიციონერი ვინც გამოეხმაურა, ეს იყო გიორგი გახარია. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს ბევრი მიზეზის გამო. პირველი ეს არის დარტყმა ევროინტეგრაციის პროცესისადმი. ეს, რა თქმა უნდა, ზრდის პოლარიზაციის ხარისხს უფრო მეტად, რაც დამატებით პოლიტიკურ ტურბულენციას იწვევს და რისთვის? მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახური მიზნებისთვის და კახი კალაძე ტაქსის ფუნქციით იყენებს სახელმწიფო ბორტს, ამ თვითმფრინავის გამოყენებაზე უარი უთხრეს სალომე ზურაბიშვილს, საერთოდ არ გაგიშვებთ არსადო, რომ არ ელაპარაკა ევროკავშირში, ეს ხომ, უბრალოდ, ჩვეულებრივი მარაზმია?! რაც შეეხება „ოცნების“ განცხადებას, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მათ შორის დღის წესრიგში საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობაც დგას. საკონსტიტუციო სასამართლოზეც სრული გავლენა არის, ყოველ შემთხვევაში, ის რაოდენობა ჰყავთ მოსამართლეების, რომლებიც პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, მათ სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას საბოლოოდ მიღებს, ამას სჭირდება პარლამენტის დეპუტატების 100 ხმა, ანუ 12 ხმა სჭირდებათ ოპოზიციისგან. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მხარს არ დავუჭერთ იმპიჩმენტის პროცედურას, თუმცა არ არის გამორიცხული, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოჩნდნენ ადამიანები და თქვან, რომ სააკაშვილი არშეიწყალა და ი ახლა სალომე დავსაჯოთ ამის გამოო ან რაღაც მსგავსი. როდესაც ამის თაობაზე ვთქვით, შემდგომ ჩაატარეს პოლიტიკური საბჭო და განაცხადეს, რომ საერთოდ არ შევალთ დარბაზშიო. ეს გადაწყვეტილება რას ნიშნავს, რომ საკუთარი პარტიის წევრებს არ ენდობი. არ უშვებ დარბაზში, რომ ვაიდა, წითლის ნაცვლად მწვანეს არ მიაჭირონ ხელი? ეს დადასტურებაა იმისი, რომ ვერ ვაკონტროლებ ჩემს დეპუტატებს და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, არ ვიცი.
_ თუ პრეზიდენტს დასჭირდება ფიზიკური თანადგომა, იქნება თუ არა იქ პარტია „საქართველოსთვის“ წარმოდგენილი?
_ განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ის აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელიც სწორად პოზიციონირებდა. რა თქმა უნდა, მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს.
_ რაზე ესაუბრა ოპოზიციას პრეზიდენტი?
_ მე და ნათია მეზვრიშვილი ვესწრებოდით ამ შეხვედრას ჩვენი გუნდიდან. ეს პრეზიდენტის ინიციატივა იყო. პრეზიდენტი რამდენჯერაც დაგვიძახებს, იმდენჯერ მივალთ, რადგანაც ის არის საქართველოს პრეზიდენტი. რაც შეეხება სასაუბრო თემას, ის შეეხებოდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. მან კარგად იცის ჩვენი გუნდის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ამიტომ ძირითადად ვსაუბრობდით იმაზე, როგორ შევუწყოთ ხელი ევროინტეგრაციის პროცესს, (მიუხედავად ხელისუფლების ქმედებებსა) ინდივიდუალურადაც და ერთობლივადაც.
_ მმართველი პატია და მათი სატელიტები აქტიურად საუბრობენ, რომ 2024 წლის არჩევნები მათ, ფაქტობრივად, მოგებული აქვთ. რა შანსები აქვს „ქართულ ოცნებას“?
_ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რანაირი ხელისუფლება არ გვყოლია, მაგრამ არასოდეს ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და საგარეო კურსი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. როცა საუბარი გვაქვს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე, არავის შეეშალოს, მაგრამ „ოცნებას“ პროდასავლელი ამომრჩეველიც ჰყავს, ამიტომ ამ ადამიანების გადაწყვეტილებაზე იქნება ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული, _ პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ისტორიაში, მივიღეთ სიტუაცია, როდესაც კითხვის ნიშანი დაუსვა ხელისუფლებამ საგარეო კურსს. ასეთი რამ არ ყოფილა 90-იანების მერე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც განსაკუთრებით ისტორიული არჩევანი უნდა გააკეთოს „ქართული ოცნების“ პროდასავლურმა ამომრჩეველმა.
_ რა გეგმები აქვს გიორგი გახარიას?
_ ჩვენ მთელი ზაფხულის განმავლობაში არ გაგვიჩერებია მუშაობა და ინტენსიურად ვმუშაობდით პარტიის ინფრასტრუქტურის ნაწილზე. პარტია ცოცხალი ორგანიზმია და მით უფრო, ჩვენ 115 დეპუტატით ვართ წარმოდგენილი საკრებულოში და ეს მოვახერხეთ 3-4 თვის დაფუძნებულებმა. ბუნებრივია, ინფრასტრუქტურულ გაძლიერებაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, ბევრი ადამიანი გვხვდება, ბევრის ინტერესი არსებობს. არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, თუმცა ამის პარალელურად ჩვენს პარტიას ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი და როლი აქვს. ამ კურსს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ.
_ თქვენ ხართ ის ოპოზიციური პარტია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება აქვს. სწორედ ამ პერიოდის გამო ძალიან ხშირად ახსენებენ 20 ივნისის მოვლენებს გიორგი გახარიას. შეიძლება თუ არა, რომ წარსულმა ასახვა ჰპოვოს პარტიის შედეგებზე 2024 წლის არჩევნებში?
_ არჩევნებმა დაადასტურა, რომ 3-4 თვის დაარსებულმა პარტიამ რაც შეძლო, ეს ვერ შეძლეს მანამდე ათი წლის განმავლობაში ოპოზიციურმა პარტიებმა და აქედან ქართველი ხალხის დამოკიდებულება ძალიან მკაფიოდ ჩანს. ასევე თქვენ ახსენეთ 20 ივნისი და არ შემიძლია ყურადღება არ გავამახვილო 7 სექტემბრის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ნიკა მელიას საქმეზე, სადაც საქართველომ ეს საქმე მოიგო. სამწუხაროდ, მართლაც გულის წყვეტით ვამბობ ამას. მედიასაშუალებები, რომლებიც მთელი 4 წლის მანძილზე 20 ივნისზე მუდმივად საუბრობენ, არც კი დაინტერესებულან, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ სიმართლე, თუ რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის მოვლენების შესახებ. ჩემი რჩევა იქნებოდა, ამ გადაწყვეტილების მე-12 და მე-13 პარაგრაფები ნახოს ყველამ, სადაც გადაწყვეტილებამ ყველანაირი სივრცე გამორიცხა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. პირდაპირ შავით თეთრზე დაწერა სტრასბურგის სასამართლომ, რომ 20 ივნისის მოვლენების დროს მიმდინარეობდა სახელმწიფო ინსტიტუტზე ორგანიზებული, ძალადობრივი შეტევა. არცერთ მაშინდელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მორალური პასუხისმგებლობა არ აუღია ამაზე და ძალიან გული მწყდება, რომ არცერთი მედია საშუალება არ დაინტერესებულა, რომ ეს სიმართლე მისულიყო ხალხამდე. რაც შეეხება ხალხის დამოკიდებულებას, თქვენ, ალბათ, ადევნებთ თვალს საერთაშორისო კვლევებს და ძალიან მნიშვნელოვანი გამოკითხვის ნაწილი არის იქ, რომელიც ასევე არ სიამოვნებთ ხოლმე პოლიტიკოსებს. არის ე. წ. ნეგატიური რეიტინგი, სადაც ადამიანებს ეკითხებიან, რომელ პოლიტიკურ პარტიას არ მისცემდნენ ხმას არავითარ შემთხვევაში. პირველ მეორე ადგილზე არიან, რა თქმა უნდა, „ნაცები“ და „ქოცები“ და შემდეგ მოდიან სხვა პოლიტიკური პარტიები. სამჯერ-ოთხჯერ მეტი ნეგატივი არსებობს მათთან მიმართებით. ზოგი ეს პარტია იყო „ნაცებთან“ აფილირებული, ზოგი არც კი ყოფილა ხელისუფლებაში, მაგრამ მათ მიმართ ნეგატივი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე გიორგი გახარიას შემთხვევაში.
_ რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, აქტიურად მუშაობთ რეგიონებში. რა ვითარებაა იქ და რამდენად აღწევს ამ ადამიანების სათქმელი ხელისუფლებამდე?
_ მთავარი გახლავთ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც პრემიერი გამოდის და გვამადლის, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვსო, ეს ეკონომიკური ზრდა ნაწილდება 20-25 ოჯახზე და ჩვენს რიგით მოქალაქეებამდე არ დადის. ეს ძალიან კარგად ესმით ეს მოქალაქეებს. ასევე მინდა გითხრათ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ტანდემზე, რაც არაერთხელ გვიხილავს პარლამენტში იგივე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებთან დაკავშირებით. ეს ტანდემი ბევრჯერ შეგვიმჩნევია მუნიციპალიტეტის დონეზე. მაგალითად, რუსთავში „ნაცმოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“, ერთობლივი გადაწყვეტილებით, ადგილობრივ მოსახლეობას მოსაკრებელი გაუძვირა, ერთად მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
_ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სექტემბერ-ოქტომბერში ქვეყანაში ძალიან მძიმე პროცესები შეიძლება დაიწყოს, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მიერ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შესაცვლელად იქნება მიმართული. რამდენად დამაჯერებელია ეს ვერსია და ზოგადად აქვს თუ არა ენმ-ს დღეს რევოლუციის რესურსი?
_ ვანო მერაბიშვილი და, ზოგადად, „ნაცები“ რაზე წამსვლელები არიან და რისი მკადრებლები, ეს ხალხმა ძალიან კარგად იცის და ნუ გვაშინებენ და გვაშანტაჟებენ, დადონ ფაქტები. სუსს თუ ჰგონია, რომ ფარცხალაძის ამბავი გადაიფარება ამ რაღაც ახალი რევოლუციური სცენარების მოფიქრებით, ძალიან ცდება. თუმცა საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ „მერაბიშვილებს“ მართლა უნდოდეთ აქ 20 ივნისისა არ იყოს, რევოლუციის მოწყობა, ისევე როგორც არ გამოვრიცხავთ კი არა, თავად გვაძლევენ ფაქტებს „ოცნების“ ბოსები, რომ „ФСБ“-სთან იყვნენ პირდაპირ კავშირში. მართლაც ერთმანეთზე უარესები არიან ზედაპირზე წამოსულები.
_ სუს-ის ეს განცხადება ხომ არ არის ერთგვარი წინაპირობა იმისა, რომ მმართველმა პარტიამ იცის კანდიდატის სტატუსის კრახის შესახებ და მოსალოდნელ პროტესტს უკვე აძლევს გარკვეულ შეფასებას?
_ შესაძლოა, კი. აქ რამდენიმე მიზანი შეიძლება იყოს და მათ შორის, ესეც.