საჯარო სამსახურების დილემა: ნეპოტიზმი, კორუფცია და უკანონო მოხსნები
2023-08-08 07:47:11
მაკა მოსიაშვილი
ნათქვამია, სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო… ჰოდა, მეც შევკაზმე ჩემი ცხენი და გადავწყვიტე, რეგიონში არსებულ კორუფციულ, ნეპოტისტურ, საჯარო სამსახურის პოლიტიზებულ და პატრონაჟის მანკიერ მხარეებზე მოვყვე.
დღევანდელი ქეისი კი ასე გამოიყურება:
და _ თინათინ არაბული: თელავის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსი, ასევე პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თელავის ორგანიზაციის ბიუროს წევრი; ძმა _ გიორგი არაბული: თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი (რწმუნებული) სოფელ ვარდისუბანში; ძმის ცოლი _ სალომე იანვარაშვილი: თელავის მუნიციპალიტეტის აუდიტის სამსახურის სპეციალისტი. დასაწყისისთვის რომ გავიხსენოთ, რა ევლება აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს:
აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი სტრუქტურულ ერთეულს უსახავს გრძელ და მოკლევადიან ამოცანებს, წარმართავს და აკონტროლებს სამუშაო გეგმებს დასახული ამოცანების მიღწევის მიზნით, პასუხისმგებელია მათ შესრულებაზე;
ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, არეგულირებს და წყვეტს პროფესიულ და ორგანიზაციულ პრობლემებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტრუქტურული ერთეულის ეფექტიანი მუშაობისთვის;
ამზადებს და წარადგენს ინიციატივებს;
ამზადებს და ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების შეფასებაზე, წახალისებაზე, განვითარება-მოტივაციისა და დისციპლინური ღონისძიებების შესახებ;
მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და აწვდის შესაბამის ინფორმაციას, დოკუმენტაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს;
წარმართავს სამსახურის საქმიანობას, ანაწილებს სამსახურის თანამშრომლებს შორის დავალებებს და ახორციელებს მათ შესრულებაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას;
უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომლების მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებაზე კონტროლს. ზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულებებიდან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია: „ამზადებს და ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების შეფასებაზე, წახალისებაზე, განვითარება-მოტივაციისა და დისციპლინური ღონისძიებების შესახებ“. ე. ი. თუ რომელიმე საჯარო მოხელე ან საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირი არღვევს კანონს, არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, თელავის მუნიციპალიტეტის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, თინათინ არაბული, ვალდებულია, ის მერთან ამხილოს! და თუ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ძმა და ძმისცოლი, ოჯახის წევრები მერიის თანამშრომლები არიან, მაშინ კანონი რას ამბობს? ნუთუ, იმას, რაც დათვმა თქვა ტყეში? _ აბა, ჩემს ბელს ხომ არ შევჭამდიო… მიუღებელია, ინტერესტთა კონფლიქტია და ყველა დანაშაულის საფუძველია, ერთ სისტემაში ხელმძღვანელ მაკონტროლებლად იმუშაოს დამ, ხოლო დაქვემდებარებულ განყოფილებებში კი იმუშაონ ოჯახის სხვა წევრებმა… მაგრამ არაბულების ოჯახს იმიტომ არ შეეხებიან, რომ ის პარტიას სჭირდება. განსაკუთრებით პარტიას სჭირდება ისევ აუდიტის სამსახურის უფროსი, რომელსაც პირდაპირ ხელთ აქვს ფუნქცია სახელწოდებით: „ვინ გავაფუჭოთ?!“ როგორც ზემოთ ვთქვით, უკვე ერთი თვეა, რაც თელავის აუდიტის სამსახურის უფროსი პოლიტიკური ხაზის გამტარებელია. იგი „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის რაიონული ორგანიზაციის ბიუროს წევრად აირჩია. არადა, არაბული აქამდე „ქართული ოცნების“ პარტიის წევრიც არ ყოფილა, ის 2017 წლის მერე საბანკო სისტემიდან გადმოვიდა, პროფესიით ჟურნალისტია, შემდგომ უკვე იურისტად ჩამოყალიბებული თელავის მერიაში დაინიშნა აუდიტად. ზოგადად კი ცნობილი ამბავია: აუდიტის სამსახურის უფროსად ვერ დაგნიშნავენ, თუ მთავარი რეკომენდატორი სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური არ არის. ამით სუსი იადვილებს კონტროლს თვითმმართველობების ადმინისტრაციებზე და ასეთი ფორმით ახორციელებს ზედამხედველობას. რადგან არაბული პარტიის ბიუროს წევრს წარმოადგენს, ე. ი. აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ხელთ აქვს ბერკეტი, პოლიტიკურად სხვა შეხედულების მქონე პირებზე საკუთარი შინაგანი რწმენით ან პარტიული ნიშნით და გადაწყვეტილებით იმოქმედოს. აქაც კანონს გვერდი აუაროს და პარტიული შეხედულებით განსაზღვროს ამა თუ იმ თანამშრომლის შეფასება, წახალისება, განვითარება, მოტივაცია და დისციპლინური ღონისძიებების დადგენა… თუ პირობითად რომელიმე კომენდანტი არ არის „ქოცი“ და არის „ნაცი“, ხელთ იქონიოს ბერკეტი მათი „ქოცად“ ქცევის, მიმართოს მერს და შექმნას როგორც აუდიტმა, თანამშრომლის განთავისუფლების საფუძველი… აქ ცოტა ხანს შევჩერდეთ და შევაფასოთ, რატომ სჭირდება პარტიას ბიუროს წევრად აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი?! რას ნიშნავს გავლენები? რატომ არის საშიში ორმაგი თანამდებობა? რატომ უნდა იყოს საჯარო მოხელე პოლიტიკური თანამდებობის მიღმა? ეს ზემოქმედების ძალაა, რომლითაც ზემოქმედებ ან შენზე სუსტზე ან შენს თანასწორზე, ანუ შენს გავლენებს განავრცობ. სინამდვილეში, გავლენა ცუდი რამეა, ადამიანს აქვს გავლენა მიწაზე, წყალზე, ჰაერზე და ადამიანის ეს გავლენა ეკოლოგიურად ანადგურებს კაცობრიობას. ეს გავლენების არასრული ჩამონათვალია. ყველაზე მავნე ადამიანური გავლენა აქვს ძალაუფლების პოლიტიკურ ქცევას. ერთი ადამიანის ქცევა ცვლის მისდამი სხვა ადამიანების დამოკიდებულებასა და გრძნობას. კანონით, აუდიტის სამსახური ვალდებულია, საჯარო სამსახურში ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობაზე; მიიღოს ზომები ნებისმიერი ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევის დაუშვებლობისთვის; და ამის შესახებ აცნობოს არა მარტო მერს, არამედ ძალოვან სტრუქტურებს, პროკურატურას, აუდიტის სახელმწიფო სამსახურს. ნაცვლად იმისა, რომ თინათინ არაბულს, რომელიც თელავის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსია, დაუშვებლად ეცნო მისი ოჯახის წევრის, ძმის მუშაობა იმავე სტრუქტურაში, სადაც თანამდებობრივი შეუთავსებლობა გარდაუვალი იყო, მან პირიქით, ხელი შეუწყო „ოჯახის დამკვიდრებას მუნიციპალიტეტის მერიაში“. არადა, თინათინ არაბული ვალდებული იყო, ძმის დაოჯახებისთანავე განეცხადებინა ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ, როგორც კი ეს ფაქტი მისთვის ცნობილი გახდა. სანაცვლოდ არაბულმა დუმილი ამჯობინა და სამსახურის სპეციალისტისა და მისი ძმის დაქორწინების შესახებ კანონი გვერდით გადადო. კანონით: საჯარო მოსამსახურესთან „დაკავშირებულ პირში“ იგულისხმება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „ოჯახის წევრი“ და „ახლო ნათესავი“, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელთანაც საჯარო მოსამსახურეს აქვს ერთიანი საოჯახო (შინა) მეურნეობა, ანუ ისეთი განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მათი საქმიანობის პირობებსა ან ეკონომიკურ შედეგებზე. პირველი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელმაც მოაწესრიგა საჯარო სამსახურის ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები, დაარეგულირა საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები და განსაზღვრა მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა, საქართველოში მიიღეს 1997 წლის 31 ოქტომბერს. ამის შემდეგ აღნიშნულმა კანონმა მრავალი ფრაგმენტული ცვლილება განიცადა, რომელიც არ იყო სისტემური ცვლილებისკენ მიმართული და გამომდინარეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული კონკრეტული მოცემულობით, რამაც, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი საჯარო სამსახურის პოლიტიზებას, ნეპოტიზმისა და პატრონაჟის მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებას. არაბულის ოჯახის ქეისი ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უწყობს ხელს სისტემა კანონზე გადავლით პარტიულად საჭირო „ტიპების“ გათამამებას. სინამდვილეში, თინათინ არაბული ერთი ჩვეულებრივი დიდი მანქანის ჭანჭიკია, მაგრამ სისტემამ იცის, რომ ერთი ჭანჭიკის მოშლამ შეიძლება ძრავა გააჩეროს და ჩიხი შექმნას. ბოლო წლების მანძილზე განსაკუთრებით გაიზარდა საზოგადოების საპროტესტო ტალღა საჯარო სამსახურში გამჭვირვალობის, ნეპოტიზმის, კორუფციისა და სამსახურიდან უკანონო განთავისუფლების პრობლემაზე, რამაც ძლიერი ბიძგი მისცა რეფორმის განხორციელების პროცესს. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანერგილ და „ოცნების“ გაგრძელებულ პრაქტიკას წარმოადგენს თუთაშხიას პერსონაჟისმაგვარი ასინეთას ჩანერგვა სისტემაში. სინამდვილეში, აუდიტმა ასინეთებმა უნდა მართონ 2024 წლის არჩევნები, ასინეთების გამოჩენამ უნდა შექმნას შიშ საჯარო სექტროში დასაქმებული ადამიენბისთვის. არ მისცემ ხმას „ქართულ ოცნებას“? მაშინ ასინეთა მოვა და გაგაფუჭებს. აი, ესაა სულ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, პარტიის ბიუროს წევრობის ანატომია. თორემ ეს გზა რომ ამ ქვეყანას ტაძრამდე ვერ მიიყვანს, ყველამ ვიცით.