- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-07-20 08:10:23
თამარ სანაძე
„ქართული ოცნების“ ძალადობრივი პოლიტიკა ისევ გრძელდება. რამდენიმე დღის წინ საგარეჯოში პენსიონერებთან ჩასულ ოპოზიციას „ოცნების“ მიერ დარაზმული შემადგენლობა, მათ შორის, საჯარო მოხელეები ქვების სროლით დაახვედრეს. ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე იყო მედიაც. ოპოზიციონერების გარდა დაშავდა გადამღები ჯგუფები.
ბოლო ხანებში საჯარო სივრცეში გახშირებულ თავდასხმებს წინ უძღოდა მმართველი გუნდის დეპუტატების ფრაზები, რომ ყველა, ვინც მათ „მოღალატეს“ დაუძახებს, „ცხვირ-პირში მიიღებს“. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ადამიანებზე, მედიაზე, პოლიტიკოსებზე თავდასხმის, ძალადობისა და ანგარიშსწორების, სულ ცოტა, ათამდე შემთხვევა გახმაურდა.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ვილნიუსის მოახლოებულ სამიტზე „ქრონიკა+“-თან ისაუბრა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, პარტია „ტრიბუნის“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ:
_ ბატონო დავით, ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი სამიტის მოლოდინშია. დასავლელი ანალიტიკოსები საუბრობენ იმაზე, ბუქარესტის ჩანაწერს გასცდება თუ არა ნატო უკრაინის შემთხვევაში. რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენცია ჩაატარა ნატოს გენერალურმა მდივანმა, სადაც არ იყო ნახსენები საქართველო. როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორებმა განაპირობა საქართველოს ასე დისტანცირება ნატოსგან, ევროკავშირისგან?
_ გარკვეული პოზიციები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს, არ არის მისაღები ჩვენი პარტნიორებისთვის, არ მოსწონთ მათ ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად უარი არის იმაზე, რომ უახლოეს პერიოდში გავწევრიანდეთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.
_ ის, რომ ჩვენი ქვეყანა ასე დაშორდა ნატოს, ასე დისტანცირდა ევროკავშირისგან, ეს იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე პარტნიორებთან ურთიერთობაში?
_ ზოგადად, ხელისუფლებაა ყველაფერზე პასუხისმგებელი. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არც ოპოზიციაა თავისი ქცევებით, დამოკიდებულებებით ევროპული სტანდარტის. ჩვენ ყველა ძალიან კარგად ვხედავთ, არ სრულდება ეს მუდმივი გარიგებები, ხლართვა რაღაცის, ყველა უყურებს და ყველა ხვდება ოპოზიციის ქმედებებსაც. რატომღაც, ოპოზიციას ჰგონია, რომ მათ გარიგებებს ვერავინ ამჩნევს და სხვებისთვის ეს დაუნახავია. პოლიტიკური ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც საჭიროა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად, ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად.
_ როგორც ნატოსთან, ასევე ევროკავშირთან უკრაინა შესაძლოა, საქართველოსთვის ყოფილიყო ხიდი უფრო მეტი შედეგის მისაღებად. საქართველოს ახლა უკრაინასთან აქვს სრულიად წინააღმდეგობრივი პოლიტიკა, სადაც არანაირი მხარდაჭერა არ არის. რა გავლენას აქვს ამ რეალობას საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობაზე?
_ ამას ასე პირდაპირ ვერ ვიტყვით და ახლავე მოგახსენებთ, რატომ: ის ცვლილებები, რომელიც საჭიროა განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში, ეს მარტო უკრაინასთან დაახლოებით ვერ მიიღებოდა. უკრაინას მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ, კი ბატონო, მაგრამ ქვეყანაში მთელი რიგი ცვლილებებია განსახორციელებელი, რომელიც შედეგს მოგვიტანდა ყოველმხრივ. რეფორმატორული ცვლილებებით ხელისუფლებამ შეიძლება ძალაუფლება დაკარგოს. როგორ წარმოგიდგენიათ, „ქართულ ოცნებას“ უღირს ცვლილებები ძალაუფლების დაკარგვად? რა თქმა უნდა, არა. მათთვის სულერთია, ოღონდ ძალაუფლება ჰქონდეთ და სულ ნუ მიგვიღებენ ნურც ევროკავშირსა და ნურც ნატოში. სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და მას ამაში ხელს უწყობს „ნაციონალური მოძრაობ“ა. ასე რომ, ერთიმეორეს ძალიან კარგად ავსებენ და ვითომ აბრალებენ რაღაცებს და ამ ფონზე ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ყველაფერი გადაკეტილია. ჩვენს ქვეყანაში არანაირი დემოკრატია არ არის, არანაირი თავისუფალი არჩევნები არ ტარდება და ასეთ ფონზე, ამ პირობებში, მხოლოდ უკრაინასთან დაახლოება იმ შედეგს ვერ მოგვიტანდა, რომელსაც ჩვენი ხალხი ელოდება.
„ოცნება“ თითქოს მხარს უჭერს უკრაინას, არის რეზოლუციებიც, თუმცა, ვფიქრობ, უკრაინის მთავრობაც ამ მხრივ უფრო სხვანაირად უნდა იქცეოდეს, ასეთი განცხადებები და მხარდაჭერის დაძალება არ არის სწორი. არსებობს ამისთვის სახელმწიფო ურთიერთობები, რომლებიც მშვიდად, წყნარად უნდა გვარდებოდეს.
_ ბატონო დავით, გახშირდა ძალადობები ოპოზიციის, მედიის წარმომადგენლებზე. ყველამ ვნახეთ ის უმძიმესი კადრები, სადაც საგარეჯოში პენსიონერებთან ჩასულ ოპოზიციას „ოცნების“ მიერ დარაზმული შემადგენლობა, მათ შორის, საჯაროს მოხელეები დაახვედრეს. გარდა ოპოზიციონერებისა, დაშავდნენ მედიის წარმომადგენლებიც. რატომ გახშირდა მსგავსი ქმედებები? არის ეს „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან ძალადობის წახალისების შედეგი?
_ ზუსტად ასე იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულში, ახლა ერთი ერთი იმავეს იმეორებს „ქართული ოცნება“. ეს იმიტომ ხდება, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი ხალხითაა გავსებული. ეს ადამიანები მაშინაც და ახლაც ქვების მსროლელების მხარეს იყვნენ. ახლაც იგივეა. რა შეიცვალა? _ არაფერი. ამ ხალხისთვის არ არსებობს პრინციპი, იდეა, ღირებულება, მათთვის მთავარია, ვიღაცამ ფული გადაუხადოს და მერე შესრულებული დავალების გამო შეაქოს. მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ აბსოლუტურად იდენტურია „ქართული ოცნება“. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც გადმობარგდნენ „ქართულ ოცნებაში“.
ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორ იმათ ჰქონდათ ძალაუფლება მიტაცებული, ისე აქვთ ამათაც. „ოცნება“ ზუსტად ამ ძალადობრივი ქმედებებით მანიპულირებს.
ნორმალური სიტუაციის, სიმშვიდის, განვითარების ნაცვლად ქვეყანაში სულ დაუსრულებელი წივილ-კივილია. აი, ეს არის ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების ხელწერა. მთლიანად დაცლილია ქვეყანა პოლიტიკური პროცესებისგან.
_ ბატონო დავით, ბოლოს ვისაუბროთ 2024 წლის არჩევნებზე, რომელიც არც ისე შორსაა. როგორია თქვენი მოლოდინი ამ არჩევნებზე და ელის თუ არა ქვეყანას ცვლილებები?
_ „ქართულმა ოცნებამ~ უნდა იფიქროს იმაზე, როგორ დათმოს ერთპიროვნული ძალაუფლება. მას აუცილებლად მოუწევს კოალიციების გაკეთება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ის ცდილობს, ეს გააკეთოს თვალში ნაცრის შეყრით. არა მგონია, ეს ხელისუფლებას გამოუვიდეს, რადგან მათ იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაასწრეს. მათთვის ძალაუფლების დაკარგვა ნიშნავს ციხეში წასვლას. როგორ ფიქრობთ, ამ ადამიანებს უნდათ ციხეში წასვლა? წავლენ თავისი ფეხით ციხეში? ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, რომ გააყალბოს არჩევნები. ყველაზე კარგი იქნება, თუ ეს ორი ძალა, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გაქრება, რესურსები გათავისუფლდება, ადამიანებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მიეცემათ. მაინც იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს ასე იქნება, იმიტომ, რომ ბევრი მცდელობა გვინახავს თავის დროზე. შევარდნაძეს, აბაშიძეს ჰქონდათ ორპოლუსიანობა _ ან იქით უნდა ყოფილიყავი, ან _ აქეთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ორივე ერთად გადავარდა ისტორიის სანაგვეზე. ხალხს მათი გახსენებაც აღარ უნდა. აი, ასე იქნება „ქართული ოცნებისა~ და „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალიც. საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის არჩევანი გაიმარჯვებს.