- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-07-02 18:38:11
ირინა მაკარიძე
მიხეილ სააკაშვილის განაცხადს, პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნების შესახებ, არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა მმართველ ძალასა და ოპოზიციაში. „ქართული ოცნებიდან“ ბოდიშის მოხდასაც კი ითხოვდნენ ყველასგან, მათ შორის, დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ საუბრობდნენ. „ოცნებას“ არც ოპოზიციის ნაწილი ჩამორჩა და „ვივამედის“ სასწაულზე დაიწყო ხუმრობა.
რა როლი ექნებათ პოლიტიკაში დაბრუნებულ მიხეილ სააკაშვილსა და ციხიდან განთავისუფლებულ ნიკა გვარამიას ქართულ პოლიტიკაში? რა პერსპექტივა არსებობს საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით? _ ამ და სხვა პოლიტიკურ თემებზე „ქრონიკა+“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ანა წითლიძეს ესაუბრა:
_ ბოდიში თუ ვინმეს აქვს მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რადგან ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. ბოდიში მოსახდელი აქვთ იმაზე, რაც 11 წლის განმავლობაში ამ ქვეყანას დამართეს და როგორც დაუკარგეს განვითარების შესაძლებლობა. „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ეს განცხადებები ნამდვილად არ მიკვირს, მე უფრო მეტად იმ ადამიანებისგან მიკვირს, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ და ზუსტად იმავე მესიჯებით ლაპარაკობენ. მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება არ ნიშნავს, რომ მისი დაავადებები გაქრა და ის კარგად არის. ექიმები მიუთითებენ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე. მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლაც არის მძიმე. მისი სხეულის წონა არის 62 კილოგრამი, რაც მისივე სიმაღლის გათვალისწინებით, საგანგაშოა. მიხეილ სააკაშვილმა ამ განცხადებით კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავგანწირვის მაგალითი. მიუხედავად იმისა, თუ როგორი მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიუხედავად იმ წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა, რომელიც მან გამოიარა ციხეში, ის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს „რუსული ოცნების“ დამარცხებაში. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ასევე კონტექსტი, თუ როდის გააკეთა ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა. ეს გადაწყვეტილება რომ არ მიეღო სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, ჩვენ, ფაქტობრივად, მინიმალური შანსიც კი აღარ გვქონდა დარჩენილი კანდიდატის სტატუსის მიღების, იმის გამო, რასაც რუსული „ოცნება“ აკეთებს. გამიკვირდებოდა, მიხეილ სააკაშვილის განცხადება სხვანაირი რომ ყოფილიყო. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არავის იმდენი არ გაუკეთებია, რამდენიც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.
_ რას ცვლის მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და რამდენად შეუწყობს ხელს ეს პარტიის შიგნით ერთობის განმტკიცებას?
_ მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, მათ შორის, პარტიის შიგნითაც. ის ყოველთვის იყო პარტიის შიგნით გამაერთიანებელი ფაქტორი და მთავარი ფაქტორი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და კიდევ ერთხელ გვავალდებულებს ყველას, რომ მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ყველამ ერთად შევძლოთ ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
_ თქვენ ახსენეთ ევრორეკომენდაციების შესრულების საკითხი, ევროკომისიამ აქცენტი გააკეთა 12 რეკომენდაციიდან 3-ის შესრულებაზე, მათ შორისაა სახალხო დამცველის არჩევის საკითხი, რომელსაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა, რას იტყვით ამაზე?
_ რეალურად, არც ეს სამი რეკომენდაცია ითვლება შესრულებულად. სახალხო დამცველის არჩევის საკითხში ნამდვილად ვერ ჩაითვლება შესრულებულად, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ხმა მისცა, რადგან სახალხო დამცველი არ არის დამოუკიდებელი და მთლიანად კონტროლდება „ქართული ოცნების“ მხრიდან. რაც შეეხება დანარჩენს 12 რეკომენდაციიდან, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ზუსტად თქვეს, რამდენ რეკომენდაციაზეა საუბარი _ რომ 9 ძირითადი რეკომენდაცია არ არის შესრულებული, მათ შორის, დეოლიგარქიზაციის ნაწილი, სასამართლო რეფორმასთან, საარჩევნო რეფორმასთან დკავშირებით, პოლიტიკური პატიმრების ნაწილში… პრეზიდენტის გადაწყვეტილება გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი რჩება ციხეში და ის არის პოლიტიკური პატიმარი, რაც ასევე დაბრკოლებაა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. რეალურად, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ ამხილეს ხელისუფლების ტყუილები, რომელიც ამტკიცებდა, რომ ყველა რეკომენდაცია შეასრულა, გარდა პოლარიზებისა და ეს პოლარიზება არის ოპოზიციის ბრალი. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, იმ ადამიანებმა, რომლებზედაც არის დამოკიდებული მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, პირდაპირ უთხრეს ხელისუფლებას, რომ 9 ძირითადი რეკომენდაცია შესრულებული არ არის, რაზედაც პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რადგან ხელისუფლებას აქვს ბერკეტები იმისა, შეასრულებს თუ არ შეასრულებს 12-პუნქტიან ვალდებულებას.
_ რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას, რამდენად დროული იყო ეს სვლა, თუ გავითვალისწინებთ მის მიმართ არსებულ ზეწოლებსაც? ასევე დაიწყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ კორუფციული ნიშნები იკვეთება პრეზიდენტის მიერ ოთხმეზურის მკვლელის შეწყალებაში, _ რას იტყვით ამის შესახებ?
_ გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ველოდებოდი, რომ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მიმაჩნია, რომ სწორია მისი ეს გადაწყვეტილება. რეალურად, გვარამია კი არ შეიწყალა პრეზიდენტმა, ქვეყანას შეუნარჩუნა მინიმალური შანსი კანდიდატის სტატუსის მისაღებად და თავისი წვლილი დადო ამ საქმეში. ცხადია, ეს მისასალმებელია. შეწყალების გადაწყვეტილება არ იქნებოდა პრეზიდენტისთვის ადვილი მისაღები ბევრი მიზეზის გამო, თუნდაც იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ახლა მასზე თავდასხმებს შეეცდება, ამას უკვე ვხედავთ. ეს განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა მის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. თუმცა საერთაშორისო გამოხმაურება იმდენად დიდია ამ საკითხზე, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს ისინი ვერაფერს დააკლებენ. ვფიქრობ, პრეზიდენტს ჯერ კიდევ მისაღები აქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ცხადია, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას ვაფასებთ დადებითად, იგი მას ნამდვილად მატებს ღირსებას, ეს აღნიშნა ნიკა გვარამიამაც განთავისუფლების შემდეგ. თუ პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების გამო დაცვა დასჭირდება, ცხადია, მას დავიცავთ.
_ რას იტყვით ნიკა გვარამიას აქტიურ პოლიტიკაში შესაძლო ჩართვის შესახებ და რამდენად შეიძლება ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოჩნდეს?
_ ნიკა ჩემი მეგობარია და მის მიმართ ობიექტური ვერ ვიქნები, მე ძალიან მიყვარს ის და პატივს ვცემ. ნიკა სადაც უნდა იყოს, ის იქნება ყოველთვის „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ. თუ გადაწყვეტს პოლიტიკაში მოსვლას, ის გააძლიერებს ოპოზიციურ ფლანგს, ის იქნება დიდი შენაძენი, მაგრამ მე ამაზე ვერ ვილაპარაკებ, სანამ ნიკა თვითონ არ გააკეთებს განცხადებას.
_ „ქართული ოცნებიდან“ კეთდებოდა განცხადებები, რომ ნიკა გვარამიას განთავისუფლება არანაირად არ ემსახურება ევრორეკომენდაციის შესრულებას და ეს კიდევ უფრო გაზრდის პოლარიზაციას. ამის შესახებ რას იტყვით?
_ ყველაზე გამაოგნებელია, რომ ეს განცხადება გააკეთა მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც არის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განწყობა და უფრო მეტი კვალიფიკაცია აქვს, ვიდრე თუნდაც ალუდა ღუდუშაურს, უფრო მეტი საერთაშოროსო კონტაქტები და მათ შორის, მეტი პასუხისმგებლობაც აქვს ევროინტეგრაციის საკითხებში. ის რომ აკეთებს ამ განცხადებას, რომელმაც ზუსტად იცის, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ეს აჩვენებს, როგორ გახრწნა რეალურად სისტემამ ის ადამიანებიც კი, რომელთაც მეტი მოეთხოვებათ „ქართულ ოცნებაში“.
_ რას იტყვით ბოლოს გამოქვეყნებულ „ედისონ რისერჩის“ სოციოლოგიურ კვლევაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის მაჩვენებელი გაზრდილია (25%), რიგ პარტიებს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ, თუმცა გაცილებით დიდია იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უჭერენ მხარს. რა სამოქმედო გეგმას უსახავს ეს მოცემულობა „ნაციონალურ მოძრაობას“?
_ ამ კვლევამაც აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მყარი ელექტორატით წარმოდგენილი და ეს ელექტორატი იზრდება. ამიტომაც არის, რომ ის მთავარი ოპოზიციური ძალაა და ყველაზე დიდი წვლილის შეტანა შეუძლია „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაში. რაც შეეხება მცირე ოპოზიციურ პარტიებს, ვისურვებდი, რომ ისინი კიდევ უფრო გაძლიერდნენ და გაზარდონ თავიანთი ამომრჩეველი. ეს ხელს შეუწყობს რეალურად მრავალფეროვან პოლიტიკურ გარემოს ქვეყანაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის. ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვუგულშემატკივროთ მათ. როდესაც ვსაუბრობთ ერთობაზე, ვსაუბრობთ არა ისეთ ერთობაზე, რომელიც არის საარჩევნო ბლოკი ან ერთი სია, არამედ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით ყველას, ვისაც დასჭირდება, მაგალითად, მცირე პოლიტიკურ პარტიებს, რომ თავიანთი ამომრჩეველი გაზარდონ და საერთო კოორდინაცია გვქონდეს, რათა შევძლოთ „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლა. სულ რაღაც 15 თვე რჩება გადამწყვეტ არჩევნებამდე.
_ რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის საკითხს, _ ამბობენ, „ქართული ოცნება“ ელოდება, რომ გეოპოლიტიკური ფაქტორის გამო მაინც მიიღებს ამ სტატუსს. რაზე იქნება დამოკიდებული ეს გადაწყვეტილება?
_ დიახ, ამის იმედი აქვთ. ჩვენ ვიცით, რომ 12-პუნქტიან ვალდებულებას ეს ხელისუფლება არ შეასრულებს. როგორ შეიძლება, მათ შეასრულონ დეოლიგარქიზაციის პუნქტი? ეს ხომ წარმოუდგენელია! იმ ტოტს არ მოჭრიან, რომელზედაც სხედან, ეს ტოტი არის ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, მოლოდინი, რომ 12-პუნქტიანი ვალდებულება შესრულდება, მათ შორის, არ აქვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ცხადია, „ოცნებამაც“ იცის, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა მხოლოდ გეოპოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებით შეიძლება მიიღონ ეს გადაწყვეტილება. ევროპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიაში იმ გეოპოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებით, რაც ახლა რეგიონში ხდება. ევროპას სჭირდება განვითარებული, დემოკრატიული საქართველო ამ რეგიონში, საქართველო ყოველთვის იყო წამყვანი ქვეყანა ამ მხრივ, რაც ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება „რუსული ოცნების“ მმართველობის პირობებში. ამიტომ ჩვენი ეროვნული ამოცანაა კანდიდატის სტატუსის მიღება. ჩემი დიდი იმედია, რომ მოგვცემენ. მეც როდესაც ბრიუსელში შეხვედრა მქონდა ევროდეპუტატებთან, ევროპასთან ასოცირების კომიტეტის ფარგლებში, ყველას ვეუბნებოდი, რომ როგორი ცუდი ხელისუფლებაც უნდა გვყავდეს, და ჩვენ მართლა გვყავს პრორუსული ხელისუფლება, ეს არის ფაქტი, და ეს არ უნდა იყოს განმსაზღვრელი კანდიდატის სტატუსის საკითხში, რადგან ჩვენთვის სტატუსის არმოცემა იქნება ცუდი გზავნილი რუსეთისთვის, ხოლო კანდიდატი სტატუსის მიღება უნდა გახდეს ჩვენთვის სტიმული, რომ „რუსული ოცნების“ მოშორება შევძლოთ. მეც იმედი მაქვს, რომ ამ პრიზმიდან შეხედავენ და ამ დიდ შესაძლებლობას არ დავკარგავთ. ისიც უნდა გვესმოდეს, კიდეც რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ეს არ ნიშნავს ევროკავშირის წევრობას. ჩვენ კიდევ გვაქვს გზა გასავლელი ევროკავშირისკენ. ამ გზის გასავლელად კი საჭირო არის, ქვეყანა ვითარდებოდეს დემოკრატიულად. ამისთვის გვჭირდება, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ იყოს, ქვეყანას მართავდეს კოალიციური მთავრობა, რომელიც საქართველოს დააბრუნებს დემოკრატიულ საწყისებზე.
_ ჩვენ ვხედავთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის საქართველოს, თუნდაც როგორც სატრანზიტო დერეფანს და დამაკავშირებელ გზას გარესამყაროსთან. ეს რა რეალობას ქმნის?
_ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც რუსეთს ეხმარება სანქციების გვედის ავლაში. გავრცელდა რუსეთის საბაჟოს უფროსის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ზემო ლარსიდან მათ 15 მილიონ ტონამდე ტვირთის გატანა შეძლეს. ეს სხვა არაფერია, თუ არა სანქციებისთვის თავის არიდება. ამ სატრანზიტო ფუნქციის გამო (რომელიც საქართველოს აქვს) სჭირდება საქართველო ევროპას და სჭირდება არა ისეთი, როგორიც ახლა არის, ოლიგარქიული, კორუფციული და რუსეთთან მოთანამშრომლე, არამედ ევროპული ფასეულობების მქონე. ამან კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა უკრაინაში რუსეთის ომის დროს. ევროპული ფასეულობები კი სხვა არაფერია, თუ არა ქართული ფასეულობები, რადგან ევროპა არის ჩვენი სუვერენიტეტის, ტრადიციების, ფასეულობების, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტი. ჩვენ ახლა გვაქვს ეგზისტენციალური ამოცანა, რომ შევძლოთ ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე დაბრუნება და ეს არ იყოს ქვეყანა, სადაც რუსული გავლენები იქნება ძლიერი.