QronikaPlus
„დღეს „ქართული ოცნებისთვის“ საფრთხე არა რუსეთიდან, არამედ დასავლეთიდან მოდის“

„დღეს „ქართული ოცნებისთვის“ საფრთხე არა რუსეთიდან, არამედ დასავლეთიდან მოდის“

2023-07-02 18:13:10

ირინა მაკარიძე

რა დაგვანახა 24 ივნისს რუსეთში ერთდღიანმა ამბოხმა და მის კვალდაკვალ საქართველოში განვითარებულმა პროცესებმა? იყო თუ არა საზღვრების დაკეტვა საჭირო და ვის მიიჩნევს ხელისუფლება რეალურად საფრთხედ, _ რუსეთს თუ დასავლეთს? _ ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, საბა ბუაძე:

_ რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და კარგია, ამ მოვლენების შედეგად გამოჩნდა, რომ რუსეთში პროცესები საკმაოდ რთულად და მძიმედ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სურვილი იყო, ეს პროცესი რუსეთში კიდევ უფრო გაღრმავებულიყო და სხვაგვარად დასრულებულიყო, ამითაც ნათელია, რომ იქაური ვითარება არის ძალიან მყიფე. დავინახეთ რუსეთის ძალიან სერიოზული სისუსტეები, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ რუსეთსა და რუსულ სამყაროს. ეს, ცხადია, ვერ მოხდება ამ ხელისუფლების პირობებში. 24-მა ივნისმა კარგად გამოაჩინა ასევე ამ ხელისუფლების სახე. აღმოჩნდა, რომ მმართველი ძალა სახელმწიფო ინტერესს საერთოდ არ ემსახურება, ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, არაფერი თქვა, თითქოს არაფერი ხდებოდა. ამ დუმილით და შემდეგ მისი ექსპერტების, ტროლებისა და ბოტების რეაქციებით გამოჩნდა, რომელ მხარეს იყვნენ ისინი.
_ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 24 ივნისსავე სისულელე უწოდა საზღვრის ჩაკეტვის მოწოდებას, ხოლო მეორე დღეს „ამჩატებულები“ ეძახა ყველას, ვინც ამ მოთხოვნით გამოდიოდა. მისივე თქმით, ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ახლა უკვე ცეცხლის ალში იქნებოდა ქვეყანა. რას იტყვით ამ განცხადებებზე?
_ ეს არის სამარცხვინო, უპასუხისმგებლო და ძალიან ბრიყვული განცხადება. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვდით, იყო ამ საფრთხეების ადეკვატური შეფასება. უნდა შეკრებილიყო უსაფრთხოების საბჭო. ამ საბჭოს რეალური ფუნქცია ასეთი კრიზისების დროს არის თავისი ხედვის წარმოდგენა, მაგრამ ვხედავთ, რომ არაფერი გააკეთეს ამ თვალსაზრისით, რადგან დღეს „ქართული ოცნებისთვის“ საფრთხე არა რუსეთიდან, არამედ დასავლეთიდან მოდის. რუსეთი მათთვის არის პარტნიორი სახელმწიფო. „ოცნების“ დუმილმა კი აჩვენა, რომ პუტინი არის მათი პოლიტიკური პარტნიორი, სწორედ მას გულშემატკივრობდნენ რუსეთის ამ შიდა დაპირისპირების დროს. სწორედ ამიტომ გაეხარდათ ასე ძალიან, რომ ეს პროცესები მეტად არ გაღრმავდა.
_ მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით სალომე ზურაბიშვილი ითხოვდა უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, თუმცა საღამოს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მან კომუნიკაციის დამყარებაც კი ვერ შეძლო ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან, ეს რას აჩვენებს?
_ ამითაც გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი არის არა სახელმწიფო ინტერესი, არამედ პარტიული ინტერესი. ახლა რაღაც პოზაში არიან, გაებუტნენ პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების გამო და კრიზისულ სიტუაციაშიც კი სირაქლემის პოზიციაში არიან. როდესაც იქით უკავშირდებიან, იმალებიან და ერთგვარ პოლიტიკურ თვითიზოლაციაში ექცევიან. პრეზიდენტმა აბსოლუტურად სწორი აქცენტები გააკეთა და მართებული იყო სურვილი, ამ სიტუაციაში რაღაც ნაბიჯები გადადგმულოიყო. უსაფრთხოება არის ძალიან სენსიტიური საკითხი, რომელსაც ყველა ეტაპზე სჭირდება ძალიან სკრუპულოზური ანალიზი და დაგეგმვა.
_ რაც შეეხება საზღვრების ჩაკეტვის მოთხოვნას, რატომ იყო ეს საჭირო?
_ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ჩვენ ვითხოვთ სავიზო რეჟიმის გამკაცრებას რუსეთის მოქალაქეებისთვის. საქართველოს დღეს აქვს ყველაზე ლიბერალური სავიზო რეჟიმი რუსეთთან მიმართებით. ვითხოვთ, რომ განისაზღვროს რუსეთთან საემიგრაციო პოლიტიკა, გამკაცრდეს სავიზო რეჟიმი, რომ შემდეგ რუსების უკონტროლო შემოდინება საქართველოში არ გახდეს ჩვენი ქვეყნისთვის თავის ტკივილი. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით რუსების და რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლას, მაგრამ რუსი მიგრანტების დიდი ნაკადების ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა შეიძლება ძალიან სერიოზული საფრთხის შემცველი გახდეს.
_ რაც შეეხება ნიკა გვარამიას შეწყალების ფაქტს, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ეს კიდევ უფრო გაზრდის პოლარიზაციას, რას იტყვით თქვენ?
_ ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტმა მიიღო, არის ცალსახად სწორი, სახელმწიფოებრივი და დროული გადაწყვეტილება. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ გვარამია სრულიად აბსურდული ბრალდებებით იჯდა ციხეში, გამოგონილი, შეთითხნილი და თეთრი ძაფით ნაკერი საქმის გამო იხდიდა სასჯელს. შესაბამისად, მისი განთავისუფლება სწორი ნაბიჯი იყო პრეზიდენტის მხრიდან, მათ შორის, ეს თანხვედრაში იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოთხოვნებთან. 12 პუნქტიდან ერთ-ერთს სწორედ მედიაგარემოს გაუმჯობესება წარმოადგენს. ასევე ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, თუ მას ჰყავს პოლიტპატიმრები.
_ პოლიტპატიმრების თემა მხოლოდ გვარამიას განთავისუფლებით არ ამოწურულა, არის საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნა პრეზიდენტისადმი, რომ მან ასევე შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ამის შესახებ რას იტყვით?
_ გვარამიას განთავისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციებთან იყო პირდაპირ კავშირში, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი განთავისუფლების საკითხი ევროპული ინსტიტუტების მიერ არ ყოფილა დღის წესრიგში შემოტანილი, ამიტომ ეს აბსოლუტურად განსხვავებული თემაა. მესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და მათთვის მნიშვნელოვანია მისი განთავისუფლება, მაგრამ ჩვენი პარტნიორების პირდაპირი მოთხოვნა ამ საკითხზე არ ყოფილა.
_ რაც შეეხება ევრორეკომენდაციების შესრულების საკითხს, გაკეთდა შეფასება, რომ შესრულებულია 3 რეკომენდაცია, რას იტყვით ამის შესახებ?
_ ყველამ კარგად ნახა, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ევროკავშირმა შეიმუშავა, ფაქტობრივად, არ შესრულებულა. მხოლოდ 2 რეკომენდაცია არის ფორმალურად შესრულებული, ისიც „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალიან არაკეთილსინდისიერი და სამარცხვინო ფორმით, როდესაც პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე, დეპუტატების ხმების გამოტყუებისა და ყიდვის გზით ცდილობდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და ასევე სახალხო დამცველის პოსტზე მათთვის სასურველი კანდიდატები გაეყვანათ, რაც ცხადია, ვერ ჩაითვლება რეკომენდაციების კეთილსინდისიერ შესრულებად. ჩვენი პარტნიორების მხრიდან საუბარი იყო, რომ ეს რეკომენდაციები უნდა შესრულებულიყო კეთილსინდისიერად, პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე, მაგრამ ეს ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს, გარდა პოლიტიკური შეთანხმების მიღწევისა. პირიქით, მათ აწყობთ ასეთი დაძაბული, პოლარიზებული გარემო. დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შესრულება გულისხმობს, რომ ხელისუფლება ასე სამკვდრო-სასიცოცხლოდ კი არ იყოს ოპოზიციასთან გადაკიდებული, არამედ ეძებდეს გზებს, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე გადაწყვეტილებები ერთობლივად მიიღონ.
_ ევროკავშირის საბოლო შეფასება ხომ არ იქნება უფრო მეტად გეოპოლიტიკურ ფაქტორზე დამოკიდებული?
_ არა, რეკომენდაციების შესრულების გარეშე, რეფორმების გატარების გარეშე, საქართველო ევროკავშირს ვერ დაუახლოვდება, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ. ევროკავშირში მოსახვედრად გვჭირდება რეფორმები. რეფორმები თუ არ გატარდა, შესაბამისი იქნება ჩვენი პარტნიორების შეფასებაც. რეფორმების გარეშე საქართველოს ევროკავშირში არავინ შეუშვებს, მიუხედავად იმისა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. კანდიდატის სტატუსი საქართველომ შეიძლება მიიღოს, მაგრამ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი სრულფასოვნად ვერ წავა, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება.
_ 15 თვე რჩება არჩევნებამდე, თქვენმა პოლიტიკურმა ძალამ უკვე განაცხადა, რომ სურს შექმნას მესამე პოლიტიკური ცენტრი. რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ გახდებით მიზიდულობის ცენტრი სხვა პოლიტიკური ძალებისთვის?
_ ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ვგეგმავთ აბსოლუტურად დამოუკიდებლად, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა „ლელო“. არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების ფორმულა არის სწორედ ალტერნატიული პოლიტიკური ძალების გააქტიურება. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ უნდა არც „ქართული ოცნება“, არც „ნაციონაური მოძრაობის“ ერთპიროვნული ფორმით ხელისუფლებაში დაბრუნება. ამიტომაც ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ არ ვაპირებთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას, მით უმეტეს, იმ ფორმაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელშიც დღეს იმყოფება. ვაპირებთ, რომ ახალი პლატფორმა გავაძლიეროთ. სწორედ ამ მიმართულებით „ლელოს“ როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობთ, უნდა გაძლიერდნენ ალტერნატიული პოლიტიკური ძალები, რათა საზოგადოების დაკვეთა შესრულდეს და დავამარცხოთ ივანიშვილი სწორედ მრავალფეროვნებით.

გაზიარება