- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-06-17 16:34:58
ირინა მაკარიკძე
გასულ კვირას ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAჩ) მე-12 სხდომა გაიმართა, სადაც ევროდეპუტატებმა რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილეს და საქართველოს მიმართ კრიტიკა არ დაიშურეს. თავის მხრივ, „ოცნების“ წარმომადგენლებმა იქით დასდეს ბრალი ევროპელ პარტნიორებს და ისინი საქართველოში პოლარიზაციის გაღვივებაში დაადანაშაულეს.
რამდენად ობიექტიური იყო ევროპელი პარტნიორების კრიტიკა და რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს მას? რამდენად შეძლებს საქართველო ევროპის მიმართულებით შემხვედრი ნაბიჯებით სიარულს და როგორ აისახა „ქართული ოცნების“ პოლიტიკა კულტურის სფეროში? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრა პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრს, ხელოვნებათმცოდნე დეა მეტრეველს:
_ სრულად ვიზიარებ იმ შენიშვნებსა და კომენტარებს, რაც მმართველი პარტიის მიმართ ევროპარლამენტში გაკეთდა. სამწუხაროდ, ეს ადამიანები წარმოადგენენ დღეს ხელისუფლებას. მათი ნაბიჯები და ქმედებები აზიანებს როგორც ქვეყანას, ასევე ქართულ საზოგადოებას. რაც შეეხება მათ შეფასებებს ევროდეპუტატების განცხადებების მიმართ, რომ ეს აძლიერებს პოლარიზაციას, მიზანმიმართული სიცრუეა. რეალურად, ქვეყანაში პოლარიაზაციის გამოწვევა ან მისი შემცირება შეუძლია ხელისუფლებას. საქართველოში პოლარიზაციის წყარო არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც სიძულვილის ენით საუბრობენ როგორც საკუთარ საზოგადოებასთან, ადგილობრივ ოპონენტებთან, ასევე უცხოელ პარტნიორებთან. ეს არის „ოცნების“ სტილი და დიახაც, თუ ვინმე აძლიერებს სიძულვილს საქართველოში, ეს არის ხელისუფლება. ამიტომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების პრეტენზია ევროდეპუტატებისადმი, რომ მათი განცხადებები ასაზრდოებენ სიძულვილს, უსაფუძვლოა. ფაქტია, ძალიან სამარცხვინოდ გამოიყურებოდა „ოცნების“ წარმომადგენლობა. ამჯერად საერთაშორისო ტრიბუნიდან გააგრძელეს თავდახმები ჩვენს მეგობრებზე, მოკავშირეებსა და პარტნიორებზე, რომლებიც აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, გვეხმარებიან ქვეყნის გაძლიერებაში, განვითარებასა და ევროკავშირის ოჯახში შეყვანაში. ამ ფონზე ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა „ოცნების“ წარმომადგენლობისთვის ეს შეხვედრა.
_ მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვის როგორ დასრულდება ეს პროცესი? როგორ ფიქრობთ, რამდენად არსებობს შანსი, რომ წელს საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?
_ შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს. ერთადერთი, ამ შანსის შენარჩუნებას ხელს უწყობს ქართული საზოგადოება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს თავის მისწრაფებას ევროინტეგრაციისა და ევროპული ღირებულებების მიმართ. ამ შანსს ინარჩუნებს ასევე ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომელიც აქტიურად მუშაობს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზეც კი თავდასხმები გრძელდებოდა ევროპელ დეპუტატებზე, ასევე ის, რომ ევრორეკომენდაციების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამასთან, ეჭვები საქართველოს მიმართ რუსეთისათვის სანქციების გვერდის ავლაში შესაძლო დახმარების შესახებ და სხვა პრობლემური საკითხები, ნამდვილად იძლევა შეშფოთების საფუძველს. თუმცა, ვფიქრობ, რა შედეგიდაც უნდა დასრულდეს წელს ეს პროცესი, საქართველო მაინც გახდება ევროკავშირის წევრი. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიული მიზანია და რთული, მაგრამ მაინც ჩვენ მიერ გასავლელი გზაა. ამ გზას, რა თქმა უნდა, წარმატებით გავივლით.
_ ამ ოპტიმიზმის საფუძველს რა გაძლევთ?
_ ამ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ქართული საზოგადოება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 85%, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას. ხელისუფლებას მოუწევს ამ განწყობებსა და ამ მოთხოვნას თვალი გაუსწოროს, თუ არა, ძალიან მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის 2024 წლის არჩევნებზე.
_ როგორ ფიქრობთ, „ოცნება“ შეგნებულად ახდენს ევროინტეგრაციის საბოტაჟს, თუ დასავლეთს აყენებს ფაქტის წინაშე, რომ „როგორიც არის, ისეთი მიიღოს“?
_ „ოცნების“ მოტივაცია არის ხელისუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად. მათ არ სურთ 12 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც სავალდებულოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურვილი ექნება ევროპულ ოჯახში შესვლის. არ ასრულებენ იმიტომ, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში მათ მოუწევთ ძალიან სერიოზულ დანაშაულებებზე პასუხისგება, ჯანსაღი საარჩევნო სისტემის პირობებში მოუწევთ თავიანთი თბილი კაბინეტების დატოვება, ანტიკორუფციული რეფორმების ჩატარების შემთხვევაში, მოუწევთ უარი თქვან ქვეყნის ძარცვასა და მოსახლეობის ყვლეფაზე. ამიტომაც არ აწყობთ ეს ყველაფერი. ამდენად, მათი გადარჩენის, ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი საშუალება ახლა არის, რომ მაქსიმალურად მოაწყონ საბოტაჟი, დიახაც, საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ ოკუპანტ რუსეთთან მიმდინარეობს დათბობის პოლიტიკა, რაც არის ძალიან სამარცხვინო ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე, ხოლო ჩვენი ჯარისკაცები უკრაინაში აგრესორი რუსეთის შეტევებს იგერიებენ და იქ იღუპებიან.
_ „ოცნებამ“ გააკეთა განცხადებები, რომ სწორი და გონივრული პოლიტიკით შესაძლებელი იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რას იტყვით ამის შესახებ?
_ ეს არის ქართული საზოგადოების მოტყუება, საუკუნის ტყუილი. ჩვენ შეჩვეული ვართ უკვე ხელისუფლებისგან ასეთ ტყუილებს, რომ როგორღაც დააშოშმინონ ვნებათაღელვა საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ფრენები აღადგინეს, რუსეთის მოქალაქეები უპრობლემოდ შემოდიან ქვეყანაში, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ამ ფონზეც კი საოკუპაციო ხაზიდან დღემდე იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს არსად წაუღია თავისი იმპერიალისტური ზრახვები. ამ გზავნილს თუ „ქართული ოცნება“ აქტიურად გამოიყენებს უახლოეს მომავალში, ეს იქნება საარჩევნოდ მოლოდინების შექმნა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გამართლდება.
_ თქვენ კარგად იცნობთ კულტურის სფეროს. „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილი და ავტორიტარული ბუნება როგორ აისახა კულტურის სამინისტროს პოლიტიკაზე?
_ მოგეხსენებათ, ძალიან დიდხანს ვმუშაობდი კულტურის სამინისტროში. 5 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი სიპს _ „ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს“ და ვიცი, რას საქმიანობდა კულტურის სამინისტრო. იყო ხარვეზები, მაგრამ სამინისტრო გახლდათ ორიენტირებული სახელოვნებო დარგების განვითარებაზე. რამდენიმე მინისტრთან მიმუშავია სხვადასხვა ხელისუფლების დროს, მაგრამ ის, რაც დღეს, თეა წულუკიანის მინისტრობის დროს, ხდება, ამას დავარქმევდი „პოლიციური რეჟიმის დამყარებას კულტურის სფეროში. ეს არის ძალიან საშიში პროცესი, მაგრამ სწორედ ეს პროცესი იქნება ერთ-ერთი ლოკომოტივი, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებას ძალიან დიდ ფასს გადაახდევინებს. კულტურის სფერო ხელოვანების, თავისუფალი, შემოქმედი ადამიანების ნავსაყუდელია. მათი დამორჩილება, მათზე ზეწოლა ისეთი ბინძური მეთოდებით, როგორც ახლა ხდება, მათ არ ახსოვთ, ამიტომ იქ დუღილი იქნება ძალიან დიდი. ხედავთ, რაც ხდება კინოცენტრში, როგორ დაუპირისპირდა კოლექტივი იმ სამარცხვინო პროცესებს, რაც მიმდინარეობდა ყოფილი დირექტორის, გაგა ჩხეიძის წინააღმდეგ. სოლიდარობას ალტერნატივა არ გააჩნია, როდესაც ამ პოლიციურ და ავტორიტარულ რეჟიმს ებრძვი.
_ რას იტყვით კულტურის სამინისტროს უარზე საერთაშორისო ფესტივალის დაფინანსების შესახებ? ხომ არ იყენებს კულტურის მინისტრი დაფინანსების საკითხს, როგორც ოპონენტებთან ბრძოლის იარაღს?
_ მას შემდეგ, რაც გაგა ჩხეიძე ძალიან სამარცხვინოდ გაათავისუფლეს კინოცენტრის ხელმძღვანელობიდან (ერთი თვე ჰქონდა მას დარჩენილი ვადის ამოწურვამდე), კინოცენტრმა გააგრძელა მუშაობა გაგა ჩხეიძესთან და მის ფესტივალს აფინანსებდა. წელსაც ჰქონდა აღებული კინოფესტივალის დაფინანსების ვალდებულება. ეს არის ფესტივალი, რომელსაც აქვს ტრადიცია, რეპუტაცია, არის თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ღონისძიება. ამის მიუხედავად, მას შემდეგ, რაც გაიგო სამინისტრომ, რომ გაგა ჩხეიძეს მიენიჭა „გოეთეს მედალი“, ვალდებულება უკან წაიღო. ე. ი., შეშურდათ, დაიბოღმნენ, გაბრაზდნენ და გადავიდნენ შეტევაზე.
_ არის თუ არა ეს ავტორიტეტებთან ბრძოლა?
_ მათ ეშინიათ ბიოგრაფიის მქონე ადამიანების იმიტომ, რომ ეს ადამიანები, რა პოსტზეც უნდა იყვნენ, მისი დატოვების შემდეგაც რჩებიან ავტორიტეტებად. მათ საზოგადოება პატივს სცემს. სამწუხაროდ, დღეს კულტურის სამინისტრო დაიცალა ავტორიტეტებისგან. მოიყვანეს ადამიანები, არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ მათ არანაირი გამოცდილება, შეხებაც კი არ აქვთ ამ ძალიან სპეციფიკურ და სენსიტიურ სფეროსთან. ხოლო იმათ, რომლებიც სამინისტროსგან დამოუკიდებლად აღწევენ წარმატებას, ებრძვიან, აქვეყნებენ რაღაც სამარცხვინო პოსტებს, არ კმარობენ ქართულ ვერსიებს და თარგმიან გერმანულად. აქამდე კულტურის სამინისტრო და წიგნის ცენტრი, რომელიც დახურეს, ლიტერატურულ თარგმანებზე მუშაობდა, დოჩანაშვილსა და ჯავახიშვილს თარგმნიდა, დღეს კიდევ სამარცხვინო და რეპრესიული პოსტების თარგმნით არიან დაკავებულები.
სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც ივსება ჩვენი მოქალაქეების გადასახადებიდან, აღიქვამენ, როგორც პარტიულ ბიუჯეტს, შესაბამისად, ფიქრობენ, რომ ის პარტიულ ინტერესებს უნდა მოხმარდეს. მიტაცებულია სახელმწიფო, მიტაცებულია ბიუჯეტი. დღეს დაფინანსების წყაროს გადაკეტვა გამოიყენება, როგორც ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი, რაც არის ძალიან მდაბიო და სამარცხვინო მეთოდები.
მხოლოდ ეს არ არის პრობლემა, ხელისუფლება, რომელიც ყოველი არჩევნების წინ ეროვნულობის, ქართველობის, ისტორიული ძეგლების გადარჩენის ცრუ ლოზუნგებით გამოდის, გვახსოვს „გარეჯი საქართველოა“, რომელიც სარჩევნოდ გამოიყენეს, რეალურად, სრულიად გულგრილია თავისი კულტურისა და ისტორიის მიმართ, განსაკუთრებით ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. ამის მაგალითია გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელმაც აუნაზღაურებელი ზიანი განიცადა. ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ხელისუფლება და ვერც ის მენეჯმენტი, რომლის დროსაც ეს დაზიანებები და ხარვეზები მოხდა. გარდა იმისა, რომ არ ტარდებოდა მონიტორინგი და იყო გულგრილობა შესაბამისი უწყებების მხრიდან, არ ტარდებოდა კვლევები. სამეცნიერო კომპონენტი სრულიად ამოგდებული იყო უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაცია-კონსერვაციის გეგმიდან. ეს მიუთითებს არაკომპეტენტურობაზე, გულგრილობასა და, რა თქმა უნდა, სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე. გელათი არ არის გამონაკლისი, პრობლემებია ვარძიაში, გარეჯში, გრემზე… კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობას ვერ უზრუნველყოფს უწყება, რომელსაც ეს კანონით ევალება. ეს შედეგია იმისა, რომ სისტემა დაცალეს მეცნიერების, ხელოვანებისა და ექსპერტებისგან, მოიყვანეს არაპროფესიონალი კადრები და ამას ეწირება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა.
_ როგორ აპირებს „ლელო“ ამ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებისგან ჩამოშორებას?
_ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ მოვემზადოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ბუნებრივია, ერთობა, როგორც პარტიებს შორის, ასევე საზოგადოების გაერთიანება საკვანძო საკითხების ირგვლივ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეა, თუმცა „ლელომ“ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ ღია ვართ ყველა პროდასავლური ძალისა და პარტიისთვის, რომელიც მოინდომებს ჩვენთან თანამშრომლობას, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. „ლელო“ ამ ეტაპზე არ განიხილავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად საარჩევნო ფორმატში გაერთიანებას. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი გამოწვევები და ძალიან აქტიურ კომუნიკაციას ვაწარმოებთ სხვა პროდასავლურ პარტიებთან. არა მხოლოდ პარტიებთან, საუბარია აქტიურ მოქალაქეებთან, ადამიანებთან, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, პოლიტიკურ პროცესში შემოვიდნენ. ასეთი ადამიანები შეიძლება ვიხილოთ „ლელოს“ გვერდით.