QronikaPlus
წალენჯიხის მერმა საკადრო წმენდა დაიწყო

წალენჯიხის მერმა საკადრო წმენდა დაიწყო

2023-06-17 15:28:32

გიგა გელხვიიძე

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარე შეიცვალა და არჩევნების გზით ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილმა ჩაანაცვლა, ახალმა გუნდმა საკადრო წმენდა დაიწყო. თავდაპირველად პარტიაში დაკავებული თანამდებობების დატოვება მოუწიათ პარტიის ცენტრალურ ოფისში მომუშავე იმ პირებს, რომლებიც მელიას გუნდში შედიოდნენ, შემდგომში კი საკადრო წმენდა დაიწყო სხვა დიდ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში.

ამჯერად „ქრონიკა+“ მკითხველს წალენჯიხაზე უყვება, მუნიციპალიტეტზე, სადაც ხელმძღვანელობა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევების შემდგომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ხვდა წილად. მან განაცხადა, რომ ევროპული რეფორმების გატარება სწორედ წალენჯიხიდან დაიწყებოდა.
2023 წლის 10 ივნისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა (ლიის თემის რწმუნებული), თამთა ფიფიამ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, სადაც თავის და თავისი მოადგილის თანამდებობიდან გაურკვეველი მიზეზით განთავისუფლებაზე წერს.

ფიფია თავის წერილში ღიად და ხაზგასმით საუბრობს იმაზე, რომ შიდაპარტიული არჩევნების დროს მან არ იმუშავა კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ და მისი განთავისუფლების სავარაუდო მიზეზიც ეს არის:
„მოგესალმებით!
ზოგადად, პირად თემებზე პოსტების წერა არ მჩვევია, ახლა კი სათქმელი (დასაწერი) დაგროვდა.
პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მხარდაჭერა გამომიცხადა. მადლობა ლიის თემის მოსახლეობას და მადლობა უფალს ამ დიდი გამოცდილებისთვის! გია ხარჩილავა, მადლობა, რომ ნდობა გამომიცხადეთ წელიწად-ნახევრის წინ და მომეცით საშუალება, მემუშავა ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე. თუმცა მოხდა ისე, რომ დღეის მდგომარეობით აღარ ვიკავებ რწმუნებულის პოზიციას.
მიმდინარე წლის პირველ ივნისს, მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, აღარ გამიგრძელეს ადმინისტრაციული ხელშეკრულება. ჩემს ასისტენტს კი პირველი ივნისის საღამოს 8 საათზე აცნობეს, რომ კონტრაქტს არ უგრძელებდნენ. ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და მიზეზების გარეშე, აი, ასე, უბრალოდ, უმიზეზოდ, ვიღაცის „ხუშტურის“ გამო, თურმე, შეიძლება ადამიანი უსამსახუროდ დატოვო, თან გაფრთხილებაც კი დაგავიწყდეს მეორე დღის საღამოს 8 საათამდე.
რთულია იმ მიზეზებზე საუბარი, რის გამოც აღმოვჩნდით მე და ჩემი თანამშრომელი ამ სიტუაციაში.
წესით, „დემოკრატიულ“ წალენჯიხაში არ უნდა ათავისუფლებდნენ ადამიანებს პარტიული ნიშნით, თუ საქმეს და სამსახურებრივად დაკისრებულ მოვალეობას კეთილსინდისიერად, სუფთად ასრულებენ. მიჩნდება კითხვა, _ შიდაპარტიულ არჩევნებში თუ არ ვიმუშავე რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ, ესაა ჩემი დანაშაული? თუ ჩემი, როგორც რწმუნებულის მხრიდან ნეიტრალური და ასევე პიროვნული (ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე) პოზიცია რომ დავიცავი, ამის გამო? მიმაჩნია, რომ როგორც ახალგაზრდა, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანმა სწორი და ჯანსაღი პოზიცია დავაფიქსირე.
ბოლოს და ბოლოს, მეგობრებო, როდის უნდა დასრულდეს საქართველოში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება პარტიული მიზნებისთვის? როდის დადგება ის დრო, როცა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ნება-სურვილს პატივისცემით მოვეპყრობით და არ ვაიძულებთ ამა თუ იმ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას? როდის უნდა დასრულდეს სოფლის რწმუნებულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისთვის პარტიული კოორდინატორების ფუნქციის დაკისრება?
განა, ასე რთულია, რომ საჯარო სამსახური პარტიის შტაბად არ გავხადოთ? მეგობრებო, თუ დემოკრატიასა და დემოკრატიულ პროცესებზე გვაქვს ამბიცია, მინიმუმ, პირველ რიგში, ადამიანების თავისუფალი არჩევანის პატივისცემა ვისწავლოთ…
დიახაც, მსგავსი ფაქტების გამო ვგმობდი(თ) და ვეწინააღმდეგებოდი(თ) წალენჯიხის „წასულ“ ხელისუფლებას.
როგორც ოპოზიციური პარტიის რიგითმა ამომრჩეველმა ხმა მივეციცვლილებებს! ცვლილებებს, რომელიც მოიტანდა ადამიანების თავისუფალი არჩევანისა და ნების პატივისცემას, საჯარო სამსახურების პოლიტიკური და პარტიული გავლენებისგან განთავისუფლებას.
ამასთანავე, ფრიად საკვირველია „დემოკრატიულ“ წალენჯიხაში რწმუნებულის პოსტს სთავაზობდე მოძალადე, მჩაგვრელ ადამიანს. ადამიანს, რომელსაც შეუძლია კოლეგა მანდილოსნებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს და მეტიც, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქროს. ნეტა, არ გვყოფნის საქართველოში ქალებზე ძალადობისა და ჩაგვრის შემთხვევები? ასეთი მოძალადეების დაწინაურებით და თუნდაც საჯარო სამსახურში მათი დატოვებით არ ფიქრობთ, რომ ირიბად შემდგომში დანაშაულის წამქეზებელი გამოდიხართ?
თან უფრო საკვირველია, დაზარალებული მოიშორო, ხოლო მჩაგვრელი დაიტოვო სოფლისა და ხალხის სამსახურში.
იმედი მაქვს, ოდესმე გავიზრდებით.
წარმატებებს გისურვებთ ყველას, ვინც გულწრფელად, კეთილსინდისიერად და პატიოსნად ემსახურებით საქართველოს, თქვენს რაიონს, თქვენს სოფელსა და ხალხს“, _ წერს ფიფია.
„ქრონიკა+“ შეეცადა, თამთა ფიფიას გასაუბრებოდა, თუმცა ის მომხდართან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ამ ეტაპზე თავს იკავებს, მაგრამ აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილის გამო აქტიურად დაიწყეს მისი დაბულინგება.

თამთა ფიფია არ აღმოჩნდა ერთადერთი, რომელიც წალენჯიხაში არსებულ გაუარესებულ სიტუაციაზე საუბრობს. მის მსგავსად სოფელ ჯვარის რწმუნებული, ირაკლი ხარჩილავაც, აქტიურად წერს სოციალურ ქსელში ხარვეზების შესახებ, რომლებიც გაჩნდა მას შემდეგ, რაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მმართველობა შეიცვალა.
ირაკლი ხარჩილავას „ფაცებოოკ“ პოსტი, 10 ივნისი:
„ჩვენგან ის არ მოსწონთ, რომ საქმეს ვაკეთებთ გუნდურად, სწრაფად და ხარისხიანად. არ მოსწონთ ის, რომ ხალხის გვერდში ვართ. არ მოსწონთ, რომ ყოველთვის, როცა უჭირთ, კავშირზე გავდივართ. არ მოსწონთ ის, რომ ყველგან ჯვარს ახსენებენ, რომ ჯვარი სამაგალითოა ყველაფერში, რომ ჯვარი ყველაზე სუფთა და მოწესრიგებულ ქალაქად ჩამოყალიბდა, რომ ჯვარში სამსახურებიდან ამოვაცალეთ პოლიტიკა, იმისიანი-ამისიანი. ის, რომ ხალხი თავს გრძნობს თავისუფლად. ის, რომ ხალხს გაუჩნდა იმედი, გაუჩნდა პერსპექტივა და გაუჩნდა მოტივაცია. არ მოსწონთ ის, რომ ახალგაზრდებში ვსარგებლობთ დიდი რეპუტაციით. არ მოსწონთ, რომ მუნიციპალიტეტში ჯვარი არის მისაბაძი ყველა კუთხით.
შურთ ჩვენი მიდგომების, თორემ აქ საუბარი არ არის ბიუჯეტზე ან ბიუჯეტის ხარჯვაზე, აქ საუბარია მიდგომებზე.
სხვა ყველაფერი მიზეზია, თორემ კონტრაქტით გათვალისწინებული არც ერთი მუხლი არასოდეს დამირღვევია არც ერთი წამით!
დემოკრატიას აცდენილი, მარტო დარჩენილი პიროვნებების ფორთხიალია ეს ყველაფერი, რომელთაც სხვისი რეიტინგის ამაღლება პანიკურად აშინებთ!
P. შ. უახლოეს დღეებში გვექნება სამოქმედო გეგმა, პასუხი იქნება შესაბამისი. ასეა, ყველა ქმედებას მოსდევს ტოლი ან საწინააღმდეგო უკუქმედება!“, _ წერს ირაკლი ხარჩილავა.
გარდა ამისა, საკუთარ პოსტებში ის საუბრობს იმაზეც, რომ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელით ხდება, რომელსაც კონკრეტული პირები ფარად იყენებენ:
„იმ ხალხს, რომელმაც წალენჯიხის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, სამსახურებიდან უშვებენ ფეისბუქ პოსტების გამო!
წალენჯიხაში ყვავის დემოკრატია!
არაფრის დათმობას არ ვაპირებთ და ყველა არსებულ შესაძლებლობას გამოვიყენებთ უსამართლობის აღსაკვეთად!
მიშას სახელით, მიშას პარტიის სახელით ამავე პარტიაში ჩანერგილი ქოცების ხელით დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასამარება მიმდინარეობს!
თანამოაზრეებო მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაერთიანების დროა და ენმ-ს რეალური მტრების, მიშას ციხეში ჩამტოვებელი ხალხის ენმ-დან ჩამოშორების დროა!“ _ წერს ხარჩილავა.
ზემოაღნიშნული წერილებიდან გამომდინარე, კითხვები გაგვიჩნდა წალენჯიხის მერ გია ხარჩილავასთანაც, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, შესაბამისად, კითხვებს, რომლებიც მასთან გვქონდა, ღიად ვტოვებთ და იმედს ვიტოვებთ, რომ გაუჩნდება სურვილი, უპასუხოს მათ.

წალენჯიხის მერის პასუხგაუცემელი კითხვები:

_ ბატონო გია, რა გახდა იმის მიზეზი, რომ თამთა ფიფია დღეს დაკავებულ თანამდებობას აღარ იკავებს?

_ პარტიაში მომხდარი ცვლილებების შემდგომ ჩანს, რომ ნიკა მელიას გუნდს თქვენც ბოიკოტი გამოუცხადეთ და იზიარებთ იმ ხედვებს, რომელიც აქვს ლევან ხაბეიშვილს. სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში დაიწყო საკადრო წმენდა ქვეყნის მასშტაბით. ხაბეიშვილმა მოგცათ დავალება, გაწმინდოთ ადმინისტრაციული სტრუქტურები მელიას მომხრეებისგან?

მასალა განახლებადია და აქვე დავაანონსებთ, რომ წალენჯიხაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ის მომდევნო ნომერში ექსკლუზიურ ინტერვიუს შემოგთავაზებთ იმ პირებთან, რომლებიც ენმ-ს ახალი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დავალებით, წალენჯიხის მერ გია ხარჩილავას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ.

გაზიარება