- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2023-05-27 15:25:27
თამუნა მჭედლიშვილი
დედაქალაქში კიდევ ერთი სარეკრეაციო ზონა გადაიქცევა მალე ბეტონის ჯუნგლებად და აშენდება მაღალსართულიანი და მრავალბინიანი სახლების კომპლექსი.
ვაშლიჯვრის ტერიტირიაზე, კერძოდ, სარაჯიშვილის ქუჩაზე, კორუფციული გარიგების სქემის შედეგად, ერთ დროს (2016 წლის მონაცემებით) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 10 000 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ახლა შპს „იოტა“ ჯგუფს ეკუთვნის!
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მიწის ნაკვეთს მინიჭებული ჰქონდა სტატუსი _ სპეციალური ზონა-3, ანუ სპეციალური ქვეზონა, რომელიც მოიცავს არსებულ დაგეგმილ სამხედრო გამოყენების ტერიტორიას, სადაც დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა სამხედრო შენობა-ნაგებობისა ან მათი დამხმარე შენობა/ნაგებობების, მათ შორის, საწვრთნელი პოლიგონისა.
როგორ იღებენ მშენებლობის ნებართვებს, ისაკუთრებენ და იკანონებენ ათი ათასობით კვ. მ. მიწის ფართებს? რა კავშირი აქვს დედაქალაქის მერიასთან შპს „იოტა“ ჯგუფს და ვინ არის სს „გეფას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე? ვინ არის კახი კალაძის კარის თამაშებში დიდი შავი ხვრელი და რატომ?
მოცემულობა ასეთია:
გეფა _ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (შემდგომში კომპანია) და სს „ჯი პი სის“ (შერწყმის შედეგად სახელწოდება სს „გეფა“ ს/კ 201991229, შემდგომში გახდა კომპანია) შორის 2014 წლის 27 იანვარს გაფორმდა ქონების ურთიერთგაცვლის ხელშეკრულება.
სააქციო საზოგადოება „გეფა“ გახლდათ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად (23/06/2008წ.), სადაც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ ნიკოლოზ გამყრელიძე პ/ნ01024013525, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი _ ირაკლი გოგია პ/ნ01024020630, ხოლო წევრი _ ნინო ქორთუა. წევრი დავით კილაძე პ/ნ01017011314 მიწების ურთიერთგაცვლის მომენტისათვის (2014 წლის 27 იანვარისთვის) სს „ჯი პი სის“ ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორი გახლდათ. შენიშვნა: დავით კილაძეს 2012 წლის 02 ივლისს 30 000 ლარი აქვს ჩარიცხული შემოწირულობის სახით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“.
ამ კორუფციულ სქემაში ჩნდება საინტერესო მოთამაშე სახელწოდებით შპს „იოტა“ ჯგუფი.
შპს „იოტა“ ჯგუფი _ რეალურად არის დიდი შავი ხვრელი, რომლის დირექტორატსაც მერიაში აქვს კავშირები და საეჭვო პროექტებზე, რატომღაც, ყოველთვის გახსნილი აქვს გზა. შესაბამისად, მას იყენებენ როგორც დამხმარე რგოლს. წინასწარი შეთანხმების საფუძველზე კი, მოგვიანებით, მაშველი რგოლი ჩაიხსნება და ახალი მოთამაშე, ყოველგვარი პრობლემის გარეშე, ფაქტობრივად, გამზადებული დოკუმენტაციით ხელში „გამოიჩეკება“.
მაშველი და მერიისგან მუდმივად მწვანეანთებული შპს „იოტა“ ჯგუფის დირექტორი გახლავთ გიორგი გონჯილაშვილი პ/ნ 01007002185.
საქმე ეხება 10 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და 1000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული N01.10.10.007.041 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება დადგენილია აუდიტორ-შემფასებელ ბესიკ დიაკონიძის მიერ (ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 1 020 000 ლარით).
უკვე 2022 წლის 17 ივლისის ამონაწერის მიხედვით, საჯარო რეესტრიდან 01.10.10. 007.041 საკადასტრო კოდის 10 000 კვ/მ მესაკუთრედ ფიქსირდება სს „გეფა“. თუმცა იქვე მითითებულია, რომ მომავალი მესაკუთრე გახლავთ შპს „იოტა ჯგუფი“ ს/კ 402075151.
საეჭვო სქემით მოქმედი შპს „იოტა“ ჯგუფი, დირექტორის სახელით (გ. გონჯილაშვილი) 2023 წლის 17 იანვარს განცხადებით მიმართავს ქ. თბილისის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საააგენტოს. მოითხოვნა: სარაჯიშვილის ქ. 36-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცება(!), სადაც დაგეგმილია სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსება (ერთი 9-სართულიანი და ორი 12-სართულიანი).
„რატომღაც“, გ. გონჯილაშვილის ეს მოთხოვნა თბილისის საკრებულომ უპრობლემოდ დაამტკიცა 2023 წლის 21 თებერვლის სხდომაზე! მოთხოვნა კი გახლდათ 7.000 კვ.მ.-ზე მეტი მიწის ფართობზე განაშენიანების რეგულაციის გეგმა, მშენებლობის ნებართვა, ნახაზი და პროექტი(!).
მთელ ამ ჩახლართულ ყიდვა-გაყიდვა, შეერთება-მიერთება, დამტკიცებაში ყველაზე საეჭვო და დიდ კითხვის ნიშანს, „უეცრად“, სრულიად ახალი მესაკუთრის, „მივა ბილდერსის“ გამოჩენა ბადებს, რომელიც 2023 წლის 24 აპრილის ამონაწერით ახალ მესაკუთრედ ფიქსირდება საჯარო რეესტრში
ანუ რა მოხდა რეალურად?
წინარე ხელშეკრულებით მომავალმა მესაკუთრემ შეათანხმა გრგ (განაშენიანების რეგულარული გეგმა, _ რედ.), თბილისის მერია, საკრებულო… შემდეგ ჩაშალა ნასყიდობის პროცესი და სს „გეფამ“ უკვე შეთანხმებული, გამზადებული მიწის ნაკვეთი გაასხვისა ახალ სუბიექტზე.
დასკვნა:
სს „გეფას“ არ უნდოდა პირდაპირი გამოჩენა და დადგა დიდი სპექტაკლი.
შპს „იოტა“ ჯგუფი კი, რეალურად, დიდი შავი ხვრელია, რომლის დირექტორატს თბილისის მერიაში აქვს კავშირები და რომლის მეშვეობითაც საეჭვო პროექტებზე მუდმივად გზა ხსნილი აქვს. სქემის ორივე მხარე მას საბოლოო, სასურველი შედეგის დადგომისთვის იყენებს _ შპს „იოტა“ ჯგუფი, დამხმარე რგოლია!
„ქრონიკა+“ დაუკავშირდა თბილისის საკრებულოს წევრ ნინო წულაძეს (პარტია „ანა დოლიძე _ ხალხისთვის“) და სთხოვა გაეზიარებინა ერთგვარი შეფასება ამ კონკრეტული ქეისის შესახებ და, ზოგადად, სამშენებლო კორუფციულ სქემასთან დაკავშირებულ დეტალებზე, თუ როგორ და ვისი მეშვეობით მუშაობს „შავი ხვრელი“ თბილისის მერიაში:
„ჩვენ, პარტიამ „ანა დოლიძე _ ხალხისთვის“, ჯერ კიდევ, 2022 წლის აგვისტოში დავარეგისტრირეთ „კორუფციის ხელშეწყობის სისტემების გამოვლენის“ სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადება. ეს სამუშაო ჯგუფი ითვალისწინებს სავარაუდო კორუფციული სქემების გაშიფვრასა და გამოვლენას მუნიციპალური ქონებისა თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების ფაქტების გამოვლენას, ამ ტერიტორიებზე სხვადასხვა სამშენებლო პრეფერეციების მინიჭების მცდელობებს. ეს მცდელობები ხშირ შემთხვევაში დაფიქსირებულია „ქართული ოცნების“ პარტიის პირების მიერ და, შესაბამისად, ვაშლიჯვრის საქმეც ზუსტად მსგავსს მაგალითს ეხება, თანაც განსაკუთრებული ნაწილი ის არის, რომ გამოყენებულია კონკრეტული კერძო სუბიექტი სამშენებლო ნებართვებისა და სამშენებლო დოკუმენტაციის სრულყოფის პროცესისათვის, რაც შემდეგ სხვა სუბიექტს გადაეყიდა. ანუ სქემის ნაწილია ის, რომ ტექნიკურად კონკრეტულ კერძო სუბიექტებს იყენებენ, _ მერიასთან დაახლოებულ პირებს _ რათა თავიდან აიცილონ ზედმეტი ბიუროკრატიული პროცესები. სავარაუდოდ, ეს ხდება კორუფციულად და ასე იმართება დედალაქში მიმდინარე ურბანული პროცესები: ეს იქნება ფუნქციური ზონის ცვლილება თუ სამშენებლო კოეფიციენტის გადამეტება და ა. შ. ჩვენ ამის შესახებ ძალიან დიდი ხანია, ვსაუბრობთ, მაგარამ „ქართული ოცნების“ გუნდი საკრებულოში ამაზე საერთოდ დუმს, არც საკანონმდებლო წინადადებაზე გვიბრუნებენ პასუხს და, ზოგადად, არ ცნობენ არც ელიტურ კორუფციას. ამ უკანასკნელის შესახებ ევროკავშირმაც დააფიქსირა მოსაზრება, რომ საქართველოში ელიტარული კორუფცია მაღალ დონეზეა, არც თბილისის მუნიციპალიტეტია გამონაკლისი, სამწუხაროდ. ეს ფაქტი უპირველესად აუარესებს მოქალაქეთა ინტერესს, უფლებებს, განსაკუთრებით საკუთრების უფლებას მომიჯნავე არსებულ ტერიტორიაზე, მწვანე გარემოს (რეკრეაციული ზონა). ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე სამი კორპუსის აშენება _ ერთი 9-სართულიანის და ორი 12-სართულიანის, კონდიცინირებასა და ჰაერის გამტარუნარიანობას შეამცირებს, რაც მოსახლეობის ხარჯზე გადაივლის.
რა თქმა უნდა, სატრანსპორტო კუთხითაც გაუარესდება ქალაქში არსებული ისედაც კოლაფსური მდგომარეობა. ეს ყველაფერი გვერდზე რომ გადავდოთ, კორუფცია ყვავის _ ამ სქემის გაშიფვრის შედეგად დავასკვენით, რომ ამ კორუფციაში, როგორც ყოველთვის, სავარაუდოდ, გარეულია „ქართული ოცნების“ პარტიასთან და კახა კალაძის გარემოცვასთან დაახლოებული ხალხი, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც უპრობლემოდ იღებენ თავიანთი მოთხოვნების საფუძველზე სხვადასხვა სარგებელს. შემდეგ უკვე ხდება ამ პროცესში სულ სხვა სამშენებლო ახალი კომპანიების ჩართვა. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთგვარი ხრიკი. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი მაგალითი, საიდანაც ჩვენ მიერ გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ნათლად გამოვლინდა ეს ფაქტი. დადასტურებულია: 2014 წლის შეფასებული საბაზრო ღირებულებები და დღევანდელი მონაცემები მკვეთრად განსხვავებულია, რაც გამყიდველს დიდი მოგების შესაძლებლობას აძლევს“.