- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2023-05-01 16:51:01
ირინა მაკარიძე
რა ცვლილებები არის მოსალოდნელი ქართულ პოლიტიკაში აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებისა და BBC-ის სკანდალური საგამოძიებო მასალის გამოქვეყნების შემდეგ? როდემდე გაგრძელდება პარლამენტში 50 ოპოზიციონერის აქცია და „ქართული ოცნების“ საბოტაჟი? რას გეგმავს ხელისუფლება და როგორ აპირებს მხარდამჭერების მობილიზებას? _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „გირჩის“ დეპუტატი, იაგო ხვიჩია.
_ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პროცესების განვითარება ბევრად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დასრულდება დიდ ბრიტანეთში ის სკანდალი, რაც BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. მოხდება თუ არა ისე, რომ საქართველოს ხელისუფლების კავშირი დადგინდება ამ ყველაფერთან. მგონი, ეს იქნება მთავარი, რასაც შეიძლება ცვლილებები მოჰყვეს. ამის დადასტურების შემთხვევაში, დამტკიცდება, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია ძალიან შეხმატკბილებულად ძარცვავდნენ ევროპელ პენსიონერებს. შედეგის პროგნოზირება გამიჭირდება, მაგრამ მგონია, რომ ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას მათი პოლიტიკიდან გაყვანის შესახებ.
_ ოპოზიცია კრებითი სიტყვაა და, რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, ვის გულისხმობთ?
_ თუნდაც იმათ, ვინც ამ ამბების შემდეგ გააგრძელებს კეზერაშვილის დაფინანსების მიღებას. აქამდე არ ვიცოდიო, შეიძლება თქვას ვიღაცამ, მაგრამ რაც ეს ამბავი ამ დონეზე ავიდა, მგონი, ყველასთვის გასაგებია, რაც ხდება. ახლა ყველამ უნდა იცოდეს, _ მაღალი ალბათობა არსებობს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით ევროპელი პენსიონრების ძარცვის მონაწილე შეიძლება გახდეს.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმება არსებობდა?
_ ვერ წარმომიდგენია, ის თაღლითური სქემები, რაზედაც საუბარია BBC-ის საგამოძიებო მასალაში, ხელისუფლების გარეშე განხორციელებულიყო. როგორც წესი, სამართალდამცველ სტრუქტურებს ვერავინ დაემალება, თუ ეს არ არის შეთანხმების შედეგი.
_ გაქვთ მოლოდინი, რომ ამას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ცვლილებები მოჰყვება?
_ ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, თუ რა პრინციპით ჩატარდება შემდეგი არჩევნები, იქნება თუ არა ბუნებრივი ბარიერი? თუ 5-პროცენტიანი ბარიერის შემთხვევაში მოგვიწევს ისევ საარჩევნო კამპანიაში შესვლა? 5-პროცენტიანი ბარიერი აფერხებს ახალი პოლიტიკური ძალებისა და ახალი პოლიტიკოსების გაჩენას, ამიტომ მგონია, რომ არსებული პოლიტიკური სპექტრი ეცდება ამ სიტუაციის შენარჩუნებას და ამ დაჭაობების გაგრძელებას, რაც არსებობს. მეორე საკითხია, რა გამოვა საბოლოო ჯამში. მგონია, რომ თუ ინგლისში დაწყებული გამოძიება ბოლომდე მივიდა, რეაგირების გარეშე ეს ამბავი ქართველი ხალხისგანაც არ დარჩება.
_ რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს, რომლის განხილვაც დაწყებულია, მაგრამ აღარ გრძელდება, რა მოლოდინი გაქვთ, როგორ განვითარდება ეს საკითხი და გარდა ბარიერისა, რა თემაა მასში აქტუალური?
_ დიახ, კარგა ხანია, რაც შეჩერებულია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საკითხი. იმედი მაქვს, ეს დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება. უმრავლესობა ამ შემთხვევაში იმასაც კი არ ამბობს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რა უნდა. თვითონ მიიღო პირველი მოსმენით ეს ცვლილებები, მერე თვითონ შეაჩერა. ალბათ, ელოდებიან, რა უფრო აწყობთ შემდეგი არჩევნებისთვის. ანუ ჩვენ უნდა ვემზადოთ 5-პროცენტიანი ბარიერისთვის. ბუნებრივი ბარიერი ახალ მოთამაშეებს მისცემს შესაძლებლობას, პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ.
_ პარლამენტში მართლმსაჯულების საკითხებზე საგამოძიებო კომისიის ირგვლივ განვითარებულმა პროცესებმა რა გაჩვენათ?
_ ის, რომ რაც უნდა დაემტკიცებინა კომისიას, დაამტკიცა უმრავლესობის ქმედებამ. კომისიას დოკუმენტურად უნდა დაედასტურებინა, რომ საზოგადოებისთვის გასაგები ყოფილიყო და ამას მტკიცებულების ძალა ჰქონოდა, რომ სასამართლო შეკრული იყო როგორც წინა ხელისუფლებასთან, ასევე ახლანდელ ხელისუფლებასთან და არ ახორციელებდა მთავარ მოვალეობას, რასაც ხელისუფლების კონტროლი ჰქვია. უმრავლესობის ქმედებით, რაც ამ კომისიის შექმნის ასეთ წინააღმდეგობაში გამოიხატა, ეს ირიბად დადასტურდა. ხელისუფლებამ ბოლომდე აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ მოსამართლეებზე და „ბოლომდე ჩაეხუტა“ მათ.
_ სახელისუფლებო ძალის წარმომადგენლები ითხოვენ მტკიცებულებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან 4 მოსამართლის დასანქცირების შესახებ. რამდენად ლეგიტიმურია ამის მოთხოვნა თუნდაც იმ უწყებისგან, რომელიც არ არის საგამოძიებო ორგანო?
_ არასაერიოზულია ეს მოთხოვნა, მაგრამ რაღაც ხომ უნდა თქვან? თუნდაც ეს იყოს „მამალი უტიფრობა“, მაინც უნდა თქვან, თუნდაც ის, რომ თურმე მტკიცებულება არ გააჩნია მურუსიძის სასამართლოს წინააღმდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, იმ მურუსიძის წინააღმდეგ, რომელთან ბრძოლის ფარგლებში, რომელთანაც დაპირისპირებითაც მოვიდნენ ხელისუფლებაში.
იმის დემონსტრირება, რაც გასული ერთი კვირის განმავლობაში მოხდა საქართველოს პარლამენტში, მგონი, არანაკლებ კარგი შედეგია არშექმნილი კომისიის მუშაობისთვის. ამით შეიქმნა იმის საუკეთესო მტკიცებულება, რასაც ხელისუფლება სხვისგან ითხოვს.
ვეთანხმები ხატია დეკანოიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ სულ სხვა სურათი იქნებოდა პარლამენტში, 60 ოპოზიციონერი დეპუტატი რომ ყოფილიყო. ახლა ხომ ცხადია, რომ შეცდომა იყო ის პროცესები, რაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით ხდებოდა, ამას პირად საუბრებში აღიარებენ. მიკვირს, რატომ არ აღიარებენ საჯაროდ. ფაქტია, ახლა გამოჩნდა, რომ წკიპზეა 50 ადამიანი, რომელიც ამ პროცესებისთვის იბრძვის. კარგი იქნებოდა, ეს გადაზღვეულიყო და პარლამენტში 60 ოპოზიციონერი დეპუტატი გვყოლოდა. ფაქტია, ახლა ვინც ვართ დარჩენილები, უნდა შევასრულოთ ჩვენი მისია და საჭირო დროს ღილაკზე ხელი მივაჭიროთ
_ მომდევნო კვირა სასესიო კვირა არ არის და საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგში 2 კვირა ვეღარ დადგება. როგორ ფიქრობთ, ოზიციამ უნდა გააგრძელოს საგამოძიებო კომისის შექმნის მოთხოვნა, თუ საკმარია, რაც უკვე გაირკვა „ქართული ოცნების“ საბოტაჟით?
_ ოპოზიციამ უნდა გააგრძელოს, რასაც აქამდე აკეთებდა და ბოლომდე უნდა მიიყვანოს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა.
_ მარტის აქციების დროს გამოჩნდა, რომ პარლამეტის აქტივობა და ქუჩის აქციები თანხვედრაში შედეგს იძლევა. გაჟღერდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან მოწოდება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პროტესტის კერა ქუჩაშიც შეიქმნას. რას იტყვით ამის შესახებ?
_ აქცია ისეთი წმინდა რამეა პოლიტიკაში, მაგას ვერავის დაუწუნებ, მაგრამ მთავარი აქცია, მგონი, პარლამენტის დარბაზში მიმდინარეობს და მასში ოპოზიციის 50 წევრი მონაწილეობს, ეს უნდა გავაგრძელოთ. ამის პარალელურად, ვისაც რა უნდა, ის აქცია ატაროს.
_ აქციის გამართვას გეგმავენ პროსახელისუფლებო ძალებიც, ოღონდ მათი ლოზუნგია: „არა ომს“. ისინი აქციას „ნაციონალების“ წინააღმდეგ მართავენ, რომლებსაც, როგორც აცხადებენ, ომი და არეულობა უნდათ. რას იტყვით ამ ყბადაღებული „მეორე ფრონტის“ თემაზე?
_ „მეორე ფრონტის“ თემა საფრთხობელის მოვალეობას ასრულებს. სადღაც, რომელიმე ქვეყანაში, მაინც უნდა იყოს ის მომხდარი, რისიც გეშინია. უკრაინასთან ტერიტორიულად ჩვენზე უფრო ახლოს მყოფი ქვეყნები არსებობენ, რომლებიც პატიოსნად გამოხატავენ პოზიციას, ყველაფერს თავის სახელს არქმევენ და ჯერჯერობით არც ერთ ქვეყანაში ომი არ მიმდინარეობს. დაწყებული მოლდოვიდან, დამთავრებული ჩეხეთითა და ბალტიისპირეთის ქვეყნებით, შესაბამისად, საქართველოში ახლა ამის ყიჟინა არ გამოიყურება დამაჯერებლად.
_ ვის სჭირდება მაშინ ამაზე აქცენტირება და ამით ხალხის დაზაფვრა?
_ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკის ლეგიტიმურობა დაასაბუთოს. იმის დემონსტრირებისთვის, რომ აი, ჩვენ მხარდამჭერები გვყავს. ზოგადად, სახელისუფლებო მიტინგები არ არის ხოლმე წარმატებული და სულ უცნაურად გამოიყურება. ყოველთვის რამდენჯერმე უნდა დაფიქრდე ადამიანი, ვიდრე ასეთ რამეში მონაწილეობას გადაწყვეტ. ხელისუფლებაში თუ ხარ, მიტინგის გარდა რამე სხვა გზა უნდა მოიფიქრო, ჯობს. ამდენი ინსტიტუტი გაქვს ხელში. აქცია და ბოიკოტი ოპოზიციის მექანიზმებია და არა ხელისუფლების, რომ ის აგდებდეს თავისივე პარლამენტის კვორუმს. ეს მაინც არანორმალური მოვლენაა, ვიდრე ჩვეულებრივი.
_ დაარსებიდან 11 წელი აღნიშნა „ოცნებამ“ და 11 წლის თავზე რომ აქციას ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მართავ, ეს რას ნიშნავს?
_ მგონი, „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივე ძალაა, საბოლოო ჯამში. იმედი მაქვს, ეს გლობალური გამოძიებაც ამას დაადასტურებს, რომ საქმეშიც ერთად იყვნენ მათი ლიდერები. ალბათ, მათი ერთად გასტუმრება მოუწევს ქართველ ხალხს. ისინი ერთად თანაარსებობენ, ერთმანეთით ცხოვრობენ და მგონია, რაღაც თვალსაზრისით მმართველობის ამ ფორმას ქოცნაცური მმართველობა ჰქვია.
_ თქვენი პარტიის შესახებ რას იტყვით, როგორ აპირებთ ხალხის მხარდაჭერის მიღებას?
_ გვაქვს პრინციპები და არ გვაქვს ფული. გვგონია, რომ შესაძლებელია, ხალხის მხარდაჭერა უფულოდაც მივიღოთ. ჩვენი მოკავშირეა დრო და ნაკლები შეცდომები. ჩვენი მოწინააღმდეგეები კატასტროფულ შეცდომებს უშვებენ. ერთმა სანქციები აიკიდა ამერიკაში და მეორეს ახლა ელოდება თბილისში. გასაგებია, რომ ისინი თავიანთ შეცდომებს ბევრი ფულითა და გავლენებით აზღვევენ, მაგრამ ყველა შეცდომა ვერ დაიზღვევა. თუ გავითვალისწინებთ, რა მასშტაბის შეცდომებს უშვენენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, გვგონია, რომ ჩვენნაირი და ახალი პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც პრინციპებს არ ღალატობენ, შანსი გაჩნდება.
_ რას იტყვით თავდაცვის კანონზე, რომელსაც აპროტესტებთ?
_ ჩვენ ვცდილობთ ადამიანებს გავაგებინოთ, რომ თავდაცვის კანონი ერთ-ერთი პრორუსული კანონია. პირველი მოსმენით მიღებულია, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ და ვცდილობთ, ადამიანები „ვიშკაზე“ არ აღმოჩნდნენ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. 6 მაისს პარლამენტში, ჩვენი აქტივობის პარალელურად, აქციაც იგეგმება. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, შეგვეხმიანონ, მოვიდნენ აქციაზე და ერთად ვაჩვენოთ, რომ ამ კანონს ადამიანები კმაყოფილებით არ ხვდებიან.
_ აპირებთ თუ არა პარტიაში ახალგაზრდების მოზიდვას?
_ ჩვენ ყველასთვის გასაგებად ვლაპარაკობთ, ახალგაზრდა იქნება ეს თუ ხანშიშესული, ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ გააჩნია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არიან გულწრფელი ადამიანები, პირველ რიგში, საკუთარ თავს რომ არ ატყუებენ, საკითხებს უყურებენ ჯანსაღად და არა ეიფორიის ან სადღეგრძელოების გავლენის ქვეშ. ასეთი, დარწმუნებული ვარ, ბევრი არის უფროს თაობაშიც და ახალგაზრდებშიც, ჩვენი სამიზნე ეს ხალხია. არაფერს განსაკუთრებულს ცალკე აღებული ახალგაზრდებისთვის არ ვაკეთებთ, ვაკეთებთ ნორმალური ადამიანებისთვის, რომლებიც ყველა ასაკობრივ ჯგუფში არიან.
_ რას იტყვით ამ ისტორიულ მომენტზე, რომელიც დღეს საქართველოს უდგას ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით?
_ ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ, ზოგადად, ძალიან მოუმზადებელი ვხვდებით ამ საკითხს _ გვყავს მთავრობა, რომელიც ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას და არაფერი ეტყობა, რომ ზრუნავს ქვეყნის ევროინტეგრაციასა და ამ შანსის კარგად გამოყენებაზე. ეს არის პრობლემა, მაგრამ გვაქვს შანსი, რომელიც შეიძლება საუკუნეში ერთხელ ჩნდებოდეს.
_ რა მოლოდინი გაქვთ?
_ არ ვიცი, ვგულშემატკივრობ, რომ დადებითად გადაწყდეს საქართველოს საკითხი, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიქცევით ისე, რომ მხოლოდ ოპტიმისტური მოლოდინი მქონდეს.