- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2023-05-01 16:38:33
გიგა გელხვიიძე
დასანქცირებული სამართალი, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და დიდი ვნებათაღელვა ოპოზიციაში.
ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ძალიან ბევრი გარდამტეხი ფაქტი მოხდა, რამაც ქართული ოპოზიცია და საზოგადოება ბევრ რამეზე დააფიქრა, თუმცა მთავარი კითხვა, რა ბედი ელის ქვეყანას და აქვს თუ არა მას შანსი „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში წინსვლისა და განვითარების _ ისევ პასუხგაუცემელია და ყბადაღებულ საკითხად რჩება.
აქტუალური პოლიტიკური საკითხების განსახილველად გაზეთმა „ქრონიკა+“-მა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ჩაწერა:
_ ბატონო შალვა, პირველ რიგში, „BBჩ“-ს მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო მასალები მინდა, რომ შეგვიფასოთ, _ რა შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს ეს ოპოზიციისთვის? ვგულისხმობ იმ პარტიებს, რომლებსაც დავით კეზერაშვილი აფინანსებდა.
_ ვითომ ბიძინა ივანიშვილი არ აფინანსებს საკუთარ კრიმინალურ პარტიას და კიდევ ნაძირალა, ოპოზიციურ ჯგუფებს _ ელისაშვილებსა და სხვებს, ისეთი გაკვირვება ატყდა. „BBჩ“-ს აღნიშნული გამოძიება გერმანული ლობის ჩაწყობილია ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით. გვახსოვს ჩვენ გერმანიის ელჩი, ყურიდან ყურამდე რომ ჰქონდა პირი გაღებული და ჩვენი დოვლათის ჭამით კრიმინალი, მილიონერი რომ წავიდა აქედან, იმ პერიოდიდან იყო დაწყებული ეს დიდი მუშაობა. საერთოდ, ეს გერმანული მაფია შემოგვეჭრა: კობახიძე _ გერმანიაში დამთავრებული, პაპუაშვილი _ გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციიდან მოთრეული, ოხანაშვილი კიდევ… ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანიის იმიჯი ამგვარად ფუჭდება. ივანიშვილს ფეხებზე კიდია გერმანელი პენსიონერებიც და ქართველი პენსიონერებიც, მას რომ ედარდებოდეს ევროპელი პენსიონერები, ჯერ ვანო ჩხარტიშვილი უნდა დაეჭირა, რომელმაც ქართველი პენსიონერების მილიონები შეჭამა და ამის ნაცვლად მუხლზე უზის ახლა. გარდა ამისა, მის მთავრობას უნდა მოეთხოვა გერმანიის მთავრობისთვის კომპენსაციის გადახდა იმიტომ, რომ 400 000 ქართველი მოგვიკლეს მეორე მსოფლიო ომის დროს და ბევრი ის პენსიონერი ჩვენებს ხოცავდა, რომ იცოდეთ. იქ კარგი დონეა ჯანდაცვის და კარგა ხანს ცხოვრობენ _ ას წლამდე არიან მიღწეულები. უნდა მოეთხოვა კომპენსაცია, როგორც ეს სხვა ქვეყნებმა გააკეთეს და გერმანია დღემდე უხდის მათ ამ კომპენსაციას. ყველაზე მეტი ზარალი მეორე მსოფლიო ომის დროს ნახა ქართველმა ერმა იმიტომ, რომ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ყველაზე მეტი ახალგაზრდა ჩვენ დაგვეხოცა. ეს არის მორიგი პოლიტიკური სერია ქართულ რეალობაში. დეტალების საქმის კურსში არ ვარ, რა ხდება, თუმცა ვიცი, რომ 200-კაციანი ქოლცენტრი ჰყავს კალაძეს, სამტრედიელ თაღლითს თბილისში, მოლში უზის, თუ არ გაიქცნენ ახლა, რომ დაიწყეს ძებნა. ასევე ვიცი, რომ ფარცხალაძე კურირებს ამ საქმეებს.
ძოგადად, არ ვიცი, დასაჭერად დასდევდნენ ამ კეზერაშვილს, საქმეებს აღძრავდნენ მასზე და ამისთანა ბიზნესის გაშლის საშუალებას თუ აძლევდნენ აქ, ეს ძალიან უცნაურია… საერთოდ, ეს ქვეყანა არის უცნაურობათა სკივრი.
_ სწორედ ამ ნაწილზე მინდა, გკითხოთ, _ თუ მოხდა ისე, რომ კეზერაშვილს დაუმტკიცდა ის ბრალდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ და რომელიც „BBჩ“-მ გაახმოვანა, რა ბედი ელის ხელისუფლებას, დაზიანდება თუ არა ის?
_ არ ვიცი, ნამდვილად კეზერაშვილი რა ბიზნესს ეწევა და რა ქსელს აწყობს, ერთი კი ვიცი ნამდვილად, რომ მასზე დარტყმები დაწყებულია განეიტრალების მიზნით, რათა მან არ დააფინანსოს წინააღმდეგობის მოძრაობა. ივანიშვილის ძალაუფლება დღეს დგას იმაზე, რომ მსხვილი ბიზნესი ოპოზიციასა და წინააღმდეგობის მოძრაობას არ აფინანსებს, თორემ მისი ნასახი აღარ იქნებოდა. ახლა უნდა, რომ კეზერაშვილი დასაჯოს სამაგალითოდ, რათა სხვა არავის მოუვიდეს აზრად მსგავსი წინააღმდეგობრივი მოძრაობის დაფინანსება.
_ საპროტესტო ტალღა და წინააღმდეგობა ახსენეთ, _ უნდა შენარჩუნებულიყო თუ არა მარტის აქციების მუხტი და ხომ არ დაუშვა ოპოზიციამ რამე შეცდომა ამ მხრივ?
_ შეიძლებოდა ამ წინააღმდეგობის შენარჩუნება ერთადერთი გზით, რაზედაც აქციაზეც ვისაუბრე სიტყვით გამოსვლის დროს და ამისთვის ტაშიც დამიკრეს: ოპოზიციის გამოსვლა პარლამენტიდან და ვადამდელი არჩევნების გამოწვევა. ეს იყო ყველაზე ეფექტიანი გზა ამ ხელისუფლების მოსაცილებლად. ოპოზიცია კვლავ არ გამოდის იქიდან, ბოლომდე ჩაბღაუჭებულია რაღაცას, რჩებიან იქ სულელური არგუმენტებით _ 12 პუნქტი თუ 18 პუნქტი. ახლა კიდევ რაღაც კომისიის შექმნა უნდათ, რომ თურმე ენტონი ბლინკენის განცხადების რეალობა უნდა გადაამოწმონ. ეს არის ან იდიოტიზმი, ან პირდაპირ ივანიშვილის დავალების შესრულება. ამ ოპოზიციისგან მომავალ პარლამენტში არანაირი ნაწილი არ უნდა შევიდეს, ისედაც ისტორია დაგვაკარგვინეს ამათ.
_ ვინაიდან ახსენეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების საკითხი, რომლითაც ოთხი ქართველი მოსამართლე დაასანქცირეს, მინდა გკითხოთ, _ რა გვითხრეს ამით ამერიკელებმა და კონკრეტულად ვისკენ იყო მიმართული ეს სანქციები?
_ ეს იყო პირდაპირ ივანიშვილის სანქცირება. ხალხისთვის ყველაზე მიუღებელი ფიგურები მოინახა სასამართლო ხელისუფლებაში, რომელთა უსამართლობამაც კოსმოსურ მასშტაბებს მიაღწია, სხვა მხრივ ეს იყო ივანიშვილისა და მისი რეჟიმის დასანქცირება, რომელიც დაწყებულია და არ გაჩერდება მათ სრულ დაშლამდე.
_ ანუ ელოდებით, რომ შემდეგი იქნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც დაასანქცირებენ?
_ თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ სხვაგვარად იქნება? კობახიძეები, ღარიბაშვილები, პაპუაშვილები, ოხანაშვილები და ზარქუები პირდაპირ არიან დასანქცირების კანდიდატები. მათ ისეთი ანტიამერიკული, ანტიდასავლური ისტერია წამოიწყეს, ტროცკისა და ლენინსაც კი ერთდროულად არ მოლანდებიათ.
_ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირებაზე მინდა გკითხოთ, _ ვხედავთ ორ ჯგუფად გაყოფილ პარტიას… სანამდე შეიძლება მიიყვანოს მთავარი ოპოზიციური პარტია ამ ყველაფერმა?
_ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარასოდეს განმეორდება, ამ ისტორიის ქარი წავიდა და ის აღარ ბრუნდება. მათი დაშლა დაწყებულია 2012 წლიდან. მე მათ ვურჩევდი, რომ დაენებებინათ ურთიერთჭამისთვის თავი და წარემართათ ძალისხმევა ივანიშვილის რეჟიმის მოსაცილებლად და ებრძოლათ თავიანთი ლიდერის გასათავისუფლებლად, რომელსაც კლავენ.
_ უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციის კანონიერ მოთხოვნას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. ხომ არ ამტკიცებს ამით ხელისუფლება იმას, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა?
_ ამის გარეშეც წაშლილია ზღვარი და ეს ისედაც ყველამ კარგად იცის, _ ოპოზიციას უნდა, რომ პარლამენტში დარჩენის მოტივაცია გაამყაროს, ვითომდა იქ რაღაცას აკეთებენ და ეს არის პოლიტიკური ანანიზმი და არაფერი სხვა. ხოლო ხელისუფლებას აწყობს, რომ კიდევ ერთხელ და ორჯერ გამარჯვებული გამოჩნდეს ხალხის თვალში, რომ ვითომ ოპოზიციას არ გაატანინა საკითხი. ეს არის შეთანხმებული სქემა, რომ თავიანთი ცოდვილი სული ოპოზიციამ და პოზიციამ, რომელიც ერთი ბანდაა და ფინანსდება ძირითადად ივანიშვილისგან, „გირჩები“, ინჯიები, ელისაშვილები და „ნაციონალურ მოძრაობაში“ კიდევ რამდენიმე ფინანსდება ივანიშვილისგან და უნდათ, რომ წარწყმედილი სულები მიიყვანონ 2024 წლის არჩევნებამდე და მერე კიდევ რაღაც იჩალიჩონ. ამ ადამიანებს არ უნდათ პარლამენტის ვადაზე ადრე დატოვება და მთელი ეს ბაკქანალია საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ამის გამო არის ატეხილი. რაც მთავარია, პოლიტიკურად დანაშაულებრივი იდეაა. ე. ი., ეჭვის ქვეშ ვაყენებთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ამ მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე. ეს გაცხადებულია, დადგენილია და ამას არავითარი საგამოძიებო კომისია არ სჭირდება. ვთქვათ და შეიქმნას ეს საგამოძიებო კომისია. ძალაუფლება ხომ ისევ „ქოცების“ ხელში რჩება, ისინი რამეს გაატანინებენ ისეთს, რაც მათ არ აწყობთ და საწინააღმდეგო იქნება? ისინი ვინმეს დასჯიან, ვინც მათი მომხრეა? ლამის ლეღვის ფოთლად აეფარნენ მურუსიძესა და რამიშვილებს.
_ ყველა ამ პროცესიდან გამომდინარე, რამდენად აქვს საქართველოს შანსი, მიიღოს კანდიდატის სტატუსი? უახლოეს პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით შუალედური მოსმენაა ჩანიშნული.
_ კანდიდატის სტატუსი თუ მივიღეთ ამ წელიწადში, ეს იქნება ქართველი ხალხისა და იმ 150 000 ადამიანის დამსახურება, რომელიც მარტში ქუჩაში გამოვიდა და იბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ. ვვარაუდობ, რომ სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ აიკრავს გუდანაბადს, რამე ევროპული პერსპექტივა წარმოუდგენელია, ევროპული კი არა, საფიჩხიური პერსპექტივაც კი არ გვაქვს.
_ ანუ იმის თქმა გსურთ, რომ თუ სტატუსი მიენიჭა საქართველოს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, რამის განვითარების შანსი ქვეყანაში, ფაქტობრივად, ნულის ტოლია?
_ რომც მივიღოთ, მერე რა? თურქეთმა კანდიდატის სტატუსი მიიღო 80-იან წლებში და დღემდე არ არის წევრი. თუ ივანიშვილი არ მოვიცილეთ, კანდიდატის სტატუსი არაფერს ნიშნავს, ის არ გადაიზრდება წევრობაში.
_ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლაზე მინდა, გკითხოთ. მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ ძალიან კარგი და სწორი კურსით მიდიოდა მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილი დათმობდა მართვის სადავეებს და წავიდოდა პოლიტიკიდან. ხომ არ ცდილობს ზურაბიშვილი, პასუხისმგებლობა ააცილოს ივანიშვილს?
_ ზურაბიშვილი რჩება ივანიშვილის მონად, დაქირავებულ მხევლად, რომელიც დასვა პრეზიდენტის პოსტზე და დაუწესა მოქმედების ფარგლები და აუცილებელია, რომ მას დაეცვა ივანიშვილი და გადაებრალებინა ეს ანტიევროპული კურსი ერთუჯრედიანი, მესტვირე არარაობებისთვის, როგორებიც არიან კობახიძეები და ღარიბაშვილები. მათ რა კურსის შეცვლა და კურსის დადგენა შეუძლიათ?! რა სისულელეა! ამიტომაც ეს ქალი არ წავა თავისი პატრონის წინააღმდეგ, თანაც ერთი პატრონი კი არ ჰყავს, პუტინიც მისი პატრონია, პუტინმა სთხოვა ივანიშვილს მაგის გაპრეზიდენტება, რადგანაც პუტინს ქალბატონმა დანკოსმა სთხოვა, რომელიც მისი კუდი და ლობისტია საფრანგეთში. დანკოსი კიდევ და არის სალომე ზურაბიშვილის, ჰელენ დანკოსი (ჰელენ ზურაბიშვილი-დანკოსი, ქმრის გვარზეა). ასე რომ, ეს არის პუტინის ბანდა, რომელიც იწყება ევროპიდან და ისევ მიდის კრემლის დერეფნებში.
_ კობახიძემ გარკვეული წითელი ხაზები ახსენა ზურაბიშვილის გამოსვლის შემდგომ. რა შეიძლება იყოს „ქართული ოცნებისთვის“ წითელი ხაზები?
_ ზუსტად ის, რაზედაც ვსაუბრობდი, მან (სალომე ზურაბიშვილი) აუცილებლად უნდა გამოაძვრინოს ივანიშვილი და მას არ უნდა შეეხოს არანაირი პრობლემა, არ უნდა შეაწუხოს რაიმემ. ზურაბიშვილმა რომ მოითხოვოს ივანიშვილის დასანქცირება, მას ხუთ წუთში დაასანქცირებენ, აღარ ვლაპარაკობ გვარამიასა და სააკაშვილის განთავისუფლებაზე, რომელსაც თავად ხუთ წუთში გააკეთებს, მაგრამ ვერ აკეთებს იმიტომ, რომ მონაა და როდის იყო მონა, თავის პატრონს უჯანყდებოდა? ზურაბიშვილი რამენაირად სპარტაკი არ იყოს.
_ როგორც შევხედეთ მარტის აქციებზე, ნაკლებად იყო კონტაქტი პოლიტიკოსებსა და იმ ახალგაზრდა თაობებს შორის, რომლებიც ამ პროცესების ავანგარდში იდგნენ, _ რა პრობლემები არსებობს და რა უნდა გააკეთონ პოლიტიკოსებმა იმისთვის, რომ როგორმე პროცესები უფრო კოორდინებულად და ქმედითად წარიმართოს?
_ ახალგაზრდობა და ზოგადად ხალხი საოცრად კარგად არჩევს თეთრსა და შავს, რასაც პოლიტიკოსები ვერ ამჩნევენ და ხანდახან საუკუნეები სჭირდებათ, თავიანთი გაფუჭებული საქმე რომ გააანალიზონ. ახალგაზრდები ძალიან კარგად ხედავენ ყველაფერს, ამიტომაც იყო, რომ არცერთი პოლიტიკოსი არ გაიკარეს გვერდით, ზოგი გამოაგდეს კიდევაც, ერთადერთი მე მიმიღეს ტაშით. ამ ხალხმა დააფასა ის, რომ ჩვენ თავი გავწირეთ. პარტია აკრძალეს, დაფინანსება წაგვართვეს, რეკლამა წაგვართვეს და ჩვენ მაინც არ შევედით პარლამენტში და ბოლომდე დავდექით, რომ რეჟიმი ჩამოშლილიყო, ესენი კი შევიდნენ პარლამენტში, რაზედაც ხალხმა პასუხი გასცა ქუჩაში.
_ ბატონო შალვა, 2024 წელს არჩევნები ახალი, ელექტრონული სისტემით ტარდება. გაქვთ თუ არა ეჭვები, რომ შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მოძებნოს გაყალბების მექანიზმები და დაიწეროს ის შედეგი საბოლოოდ, რომელიც მას აწყობს?
_ დღეს და ამ წელს თუ ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ივანიშვილი არის ჩოქვის რეჟიმში და ის ამ არჩევნებს აუცილებლად წააგებს. მიუხედავად იმისა, რა სისტემით ჩატარდება ის, სულ რომ კომუნისტური სისტემით ჩაატაროს, მაინც წააგებს, მაგრამ თუ ამათ მისცეს დრო, ოპოზიციას ვგულისხმობ, არ შექმნეს საპარლამენტო კრიზისი და ივანიშვილმა მიაღწია 2024 წლამდე, აქ უკვე ძალიან დიდი საფრთხე იმალება, რადგანაც შესაძლებელია, უკრაინის თემაზე მოხდეს საერთაშორისო გარიგება, როგორც ხდება ხოლმე ომების დროს და ამ გარიგებაში საქართველო მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ. მერე გინდა არჩევნები ჩაატარე და გინდა თავდაყირა დადექი, აი, ამიტომ უშვებს ისტორიულ დანაშაულს ოპოზიცია.
_ რამდენიმე ოპოზიციონერ ლიდერს დავუსვი ეს შეკითხვა და თქვენი მოსაზრებაც მაინტერესებს, ბატონო შალვა, _ ყველაფერ იმის ფონზე, რასაც მმართველი გუნდი ძალაუფლების შესანარჩუნებლად აკეთებს, რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება მშვიდობიანად დათმოს?
_ თუ დაინახა რეალური საფრთხე, რომ მას საერთაშორისო სანქცირება ემუქრება, პარლამენტში ოპოზიციამ დაუტოვა მანდატები, დაუგდო კვორუმი, გაიქცევიან კუდამოძუებულები. ამ ოპოზიციის გამოა, რომ ისინი დარჩნენ ხელისუფლებაში _ ოპოზიცია რომ შევიდა პარლამენტში, რომელიც ჩამოშლილი იყო უკვე ორი წლის წინათ.
_ ასევე არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ქვეყანაში მყოფი რუსეთის მოქალაქეების საკითხს. ბოლო მონაცემებით, მათ ყველაზე მეტი უძრავი ქონება შეიძინეს საქართველოში. ასევე ძალიან დიდია და მზარდი იმ რუსი მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც უკვე საქართველოს მოქალაქეებიც არიან _ რატომ მიდის ამაზე ხელისუფლება?
_ იმიტომ მიეცათ მათ ამდენის უფლება, რომ პუტინის მთავრობა ზის თბილისში. პუტინის ხელისუფლება მარტო სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში კი არ არის, აქ, თბილისშიც ზის, მის მიერვე შერჩეული კადრებით, ლიდერებით, მინისტრებით, პრეზიდენტით, დეპუტატებით და მის გემოვნებაში მჯდომი ადამიანებით, რომლებიც ლავროვის თაყვანისცემას იწვევენ. რა თქმა უნდა, ესენი მიჰყიდიან უძრავ ქონებებს, თორემ ლიტვამ რამდენიმე კვირის წინ აკრძალა საერთოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის ნებისმიერი ქონების მიყიდვა. თუ უნდათ აქ ამ კანონის მიღება, ორ წუთში მიიღებენ, მე თქვენ გეტყვით და სინდისი შეაწუხებთ ან პულტები არ აქვთ, თუმცა ამას არ იზამენ.
_ რა გეგმები აქვს უახლოესი პერიოდისთვის ლეიბორისტულ პარტიას?
_ ლეიბორისტული პარტია ემზადება იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ერთხელ და სამუდამოდ და დაასრულოს ყველანაირი ბანდების თარეში საქართველოში. ეს თუ არ მოხდა, არაფერი შეიცვლება, რადგანაც გამოდის, რომ ამ პარტიის გარდა საქართველოში სხვა პარტია, უბრალოდ, არ არის.
_ „ქრონიკა+“ 10 წლის გახდა. რას გვისურვებთ?
_ ბევრ წარმატებას გისურვებთ, მე დიდი ინტერესით ველოდები თქვენი გაზეთის ყოველ ახალ ნომერს. ყველა სტატია უაღრესად აქტუალურია და ბევრი ფიქრის საფუძველს გვიჩენს. დიდი წარმატებები მინდა გისურვოთ.