- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2023-04-02 17:43:29
თამარ სანაძე
ცოტა ხნის წინათ საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბაერბოკი გახლდათ ჩამოსული.
მინისტრმა ხელისუფლების მიმართ კონკრეტული და მკაფიო გზავნილები გააჟღერა. მან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა სამოქალაქო საზოგადოების გარეშე ვერ გახდება ევროკავშირის წევრი.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ოცნებას“ პირდაპირ უთხრა, რომ დასაკარგი დრო აღარ არის და 12 რეკომენდაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა შესრულდეს.
ანალენა ბაერბოკს არ დაუმალავს აღფრთოვანება იმ ახალგაზრდებისადმი, რომლებიც თბილისის ცენტრში ევროკავშირის დროშებით იდგნენ და ხელისუფლებას რუსული კანონის უკან წაღება აიძულეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბაერბოკის ვიზიტის მნიშვნელობაზე, მის გზავნილებსა და განცხადებებზე, ასევე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გაზეთ „ქრონიკა+“-თან ვრცლად ისაუბრა „დროას“ წევრმა, ნინო გოგუაძემ:
_ ქალბატონო ნინო, პირველ რიგში, მინდა ვისაუბროთ მარტის მოვლენებზე. საქართველოს პარლამენტის მიერ ე. წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის ინიციატივას ქვეყანაში მასობრივი პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქციების ამგვარ ფინალს არ მოელოდა მმართველი პარტია. მას კანონის გაწვევა მოუწია. როგორ ფიქრობთ, პროტესტმა მთავრობა წელში გატეხა? შეასუსტა საქართველოს მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი?
_ აქ მოხდა სრული თანხვედრა, ეს იყო ქართული საზოგადოების აბსოლუტური გამოწვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მორჩილმა უმრავლესობამ გადაწყვიტა, ხმამაღლა ეყვირა, რომ მე არ მინდა დასავლეთი და ჩემი გზა არის პუტინის რუსეთისკენ, იმიტომ რომ ეს არის პუტინის კანონი, ეს არის რუსული კანონი და ყველამ კარგად ვიცით, ამ მოვლენის შემდეგ რა პროცესებიც განვითარდა რუსეთში.
ეს კანონი 2012 წელს მიიღო ვლადიმირ პუტინმა და შემდეგ კიდევ უფრო ამკაცრებდა და ამკაცრებდა მას. კანონი მიმართული იყო როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე თავისუფალი მედიისა და, საერთოდ, ყველა კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანის წინააღმდეგ.
საქართველოში ამ კანონის ინიცირებას მოჰყვა აღშფოთება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ძალიან მკვეთრი, მკაცრი და კონკრეტული განცხადებები გავრცელდა დასავლეთიდან, რომ ეს კანონი არის შეუქცევადად უარის თქმა ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე. ამ კანონის მიღებით საქართველო კეტავს თავის გზას ევროპისკენ. ასე რომ, დიახ, აქ მოხდა სრული თანხვედრა _ ყველასთვის ძალიან მკაფიო და კარგად ვგასაგები მესიჯი: არა რუსულ კანონს! და ამან გამოიყვანა აბსოლუტურად ყველა ადამიანი აქციაზე, ქუჩაში. თან კიდევ ერთხელ ვნახეთ „ოცნების“ სიყალბე, მისი სახე, როდესაც მოტყუებით, თითქოს ბიუროს სხდომა ჩანიშნეს, რომ ხუთშაბათს გაიტანდნენ კანონს.
გვახსოვს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარეობდა აქცია და იგი დაიშალა იმიტომ, რომ ყველა ელოდებოდა
ხუთშაბათს ჩანიშნულ სხდომას, სადაც ამ კანონს გაიტანდნენ, თუმცა ბიურო მოულოდნელად დანიშნეს სამშაბათს. სიმართლე გითხრათ, „ოცნებისგან“ ველოდებოდი იმას, რომ როგორც კი აქცია დაინიშნებოდა, დაიწყებდნენ განხილვას, მაგრამ ხელისუფლება არ ელოდა ამ ტიპის პროტესტს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის მონაწილეობით.
დიახ, ეს იყო ყველა თაობის ადამიანის პროტესტი. იმ თაობის ადამიანების პროტესტი, რომლებიც დავიბადეთ საბჭოთა კავშირში. ჩვენ მოვესწარით საბჭოთა კავშირის დაშლას, ამდენი წელია მივდივართ ევროპისკენ, მივდივართ ევროკავშირისკენ, თავისუფლებისკენ და ეს კანონი იყო ჩვენთვის ისევ საბჭოთა კავშირში დაბრუნება. აქციებზე იდგა ახალგაზრდა თაობა და კიდევ უფრო ახალგაზრდა თაობა, რომლისთვისაც საერთოდ გაუგებარია ყველანაირი შეზღუდვა, საბჭოთა რეპრესიული სისტემა. მათ სურთ ევროპაში და არა რუსეთში. ეს მათთვის სრულიად მიუღებელი იყო და ამან გამოიწვია ძალიან მძაფრი პროტესტი. როდესაც იქ ვიყავი და ვუყურებდი ამ ახალგაზრდებს, მართლა მეამაყებოდა, რომ ასეთი ჟინით შეპყრობილები ასე იბრძოდნენ და იცავდნენ საკუთარ თავისუფლებას, იცავდნენ თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალსა და ევროპულ გზას.
არ დამავიწყდება, როგორი ოფისი იყო განთავსებული რუსთაველის გამზირზე, სადაც გვქონდა ფიზიოლოგიური ხსნარი, რძე და სხვადასხვა საშუალება. არ დამავიწყდება, როგორ შემოდიოდნენ ხოლმე ამ ოფისში ძალიან ცუდად მყოფები და ხუთ წუთში ისევ ფეხზე დგებოდნენ და აქციაზე გადიოდნენ, ბრძოლის ისეთი ჟინით იყვნენ შეპყრობილები. ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდა „ქართული ოცნება“, მიხვდა, რომ ამ აქციას ამ დარბევებით ვერ გააჩერებდა, ვერ დაასრულებდა, ვერ ჩაახშობდა ამ პროტესტს. სრულიად სხვადასხვა კატეგორიის ადამიანების რეაქცია გვახსოვს _ მზექალა შანიძიდან დაწყებული, შოთა არველაძით დამთავრებული _ სრულიად მთელი საზოგადოება იყო ერთ აზრზე და, რა თქმა უნდა, იყო ძალიან მკაცრი, მკაფიო მითითებები დასავლეთიდან. აი, ამ ორი ფაქტორის თანხვედრამ მოახერხა ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიტანა კანონი. ის 78 დეპუტატი სათითაოდ შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც რუსეთისკენ მიმავალი და საქართველოს ევროპული მისწრაფების გზის ჩამკეტი. ამისთვის ხმის მიმცემმა დეპუტატებმა იგივე კანონი ჩააგდეს, რომელსაც წინა დღეებში მხარი დაუჭირეს.
რაც შეება ბიძინა ივანიშვილს, გატეხა თუ არა წელში ამ პროცესებმა იგი, ის საბოლოოდ გატეხილი არ არის. მას აქვს რეპრესიული აპარატი, მას ჰყავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მას აქვს სასამართლო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, დასავლეთს, თავს ესხმის ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას, თავს ესხმის საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ აზროვნებენ ისე, როგორც მას სურს. ე. ი. ეს სისტემა ჯერ მორღვეული არ არის. თუმცა ჭირმა თავი არ დამალა ეს ყველაფერი საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკეთესად გაიგო და გაიზარა, ვიდრე აქამდე ესმოდა. ასე რომ, ეს პროტესტი, რა თქმა უნდა, არ არის ივანიშვილისთვის სასარგებლო, ეს არის იმის საწყისი, რომ აუცილებლად დამარცხდება ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. ვიმეორებ: დღეს ვერ ვიტყოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის წელში გატეხილი, თუმცა იგი გაცილებით უფრო დასუსტებულია, რადგან მან საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა დაკარგა.
_ საქართველოში იმყოფებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი. იქამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში ჩამოვიდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. რას იტყვით მათ ვიზიტებზე და როგორ შეაფასებთ ბაერბოკის გზავნილებს?
_ ფაქტია, ამ პროტესტმა მოიტანა ის, რომ ევროპაში გაჩნდა იმედი და განცდა, მათ დაინახეს, რომ ქართველი ხალხი მიდის ევროპისკენ, იბრძვის ევროპისთვის _ ეს არის ფაქტი, ასევე ფაქტი არის ის, რომ შესაძლებლობების ფანჯარა ახლა გახსნილია და ტრაგედიაა, რომ 30 წელიწადია ველოდებოდით ამას და სწორედ იმ პერიოდში, როცა გაიხსნა, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველანაირად, მეთოდურად აშორებს საქართველოს ევროპულ გზას. თუმცა საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება, ასევე იზრდება საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა.
გერმანია, საფრანგეთთან ერთად, ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი იყო ევროპისა და ევროატლანტიკური გაფართოების პოლიტიკისა. დღეს კი ეს პოლიტიკა შეცვლილია და გერმანია ხდება ამ გაფართოების ერთ-ერთი მთავარი ლობისტი, ეს უმიშვნელოვანესია! გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში დიდი მესიჯია, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი გაიზარდა. ბაერბოკმა აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, საქართველოსთვის ევროპა არის მნიშვნელოვანი და ევროპას საქართველო შესძენს მეტ მრავალფეროვნებას. პირდაპირი მესიჯებია. მან ბევრი ილაპარაკა მედიის თავისუფლებაზე, სამოქალაქო სექტორზე, ყველა იმ დასავლურ ღირებულებაზე, რომელიც იმისთვის გვჭირდება, რომ ჩვენ ვიყოთ ნორმალური ქვეყანა. ამისთვის ასევე გვჭირდება სასამართლოს დამოუკიდებლობა, სიტყვის თავისუფლება და ა. შ. მან თქვა, რომ ღირებულებების კომპრომისი არ უნდა იყოს და საქართველო ვერ შევა მარტო ევროპაში ხელისუფლების გარეშე, ასევე ხელისუფლება ვერ შევა ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის გარეშე ევროპაში.
სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს ასეთი ხელისუფლება, რადგან იგი არის მთავარი აქტორი მაინც საგარეო ფრონტზე და იურიდიულად ხელისუფლებას ელაპარაკებიან. იგი განსაზღვრავს ძირითად მიმართულებებს. კი ბატონო, დაინახეს, რომ ქართველი ხალხის მისწრაფებები არის მიმართული ევროპისკენ. მათი რეგიონული პოლიტიკური ამოცანებისთვის მნიშვნელოვანია დღეს, აქ და ახლა, როცა შესაძლებლობების ფანჯარა არის ღია, რომ საქართველო შევიდეს ამ ფანჯარაში, მაგრამ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ფანჯარასა და ევროპისაკენ სწრაფვას ეწინააღმდეგება.
_ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია, მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?
_ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ გააჩნია. იმისათვის, რომ მივიღოთ ევროპული პერსპექტივა და გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა.
სულ არის საუბარი 12 პუნქტის შესრულებაზე და ეს 12 პუნქტი სწორედ ის პუნქტია, რომელზედაც დგას ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური და აბსოლუტურად შეუზღუდავი ძალაუფლება. ეს არის სასამართლო, პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, არჩევნების კანონი, არჩევნები, რომელიც აბსოლუტურად მიტაცებული აქვს ბიძინა ივანიშვილს. ყველამ ვიცით, როგორ ატარებს იგი არჩევნებს. დეოლიგარქიზაციის კანონი მივიღეთ, სადაც უკვე ევროპა პირდაპირ გვეუბნება, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციასო. ესენი გვეუბნებიან, რომ ეს კანონი არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, სამაგიეროდ ვენეციის კომისიიდან მიიღეს დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ ეს კანონი ამ ფორმით, როგორითაც იღებენ, იქნება ოპოზიციის მიმართ რეპრესიებისთვის გამოყენებული. ვენეციის კომისიის შეფასება კანონის მიმართ დადებითად გამოაცხადეს და ამ კანონის მიღებას აპირებენ. როგორ უნდა გაასაღოს ეს კანონი საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც 12 პუნქტის შესრულება, არ ვიცი, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან შავზე თეთრის ძახილი და თეთრზე შავის ძახილი არავის გაუკვირდება, მათ შორის, არც ევროპაში, _ მათ უკვე ძალიან მკაფიოდ დაინახეს, რა ტიპის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე.