- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2023-03-17 14:28:20
გიგა გელხვიიძე
მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ პირველად მოუგო დიდი უპირატესობით.
მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში დაინიცირებულ კანონს, რომელსაც თავიდანვე რუსული კანონი ეწოდა, ძალიან დიდი ვნებათაღელვა მოყვა _ ჯერ საკანონმდებლო ორგანოში, შემდგომ კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საბოლოო კვანძი კი, როგორც ყოველთვის, თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეიკრა.
საპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაწყებულ ბრძოლას, რომელიც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა სხდომათა დარბაზში გრძელდებოდა, თავდაპირველად მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ, რამაც გულწრფელად რომ ითქვას, მმართველ გუნდში ვერც შიში და ვერც იმის განცდა გამოიწვია, რომ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები რაიმე მნიშვნელოვან შედეგს დადებდნენ. პრინციპში, ვერც გაამტყუნებ, მათ ასობით საპროტესტო აქცია, ამა თუ იმ პარტიის ბოიკოტი, განაწყენებული ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, ასევე ქუჩაში გამოსული მედიაც იხილეს, თუმცა პოლიტიკური პროცესები გრძელდებოდა ისე, როგორც ეს ივანიშვილსა და მის დამკვეთებს სურდათ.
მაგრამ კოკა რომ ყოველთვის არ მოიტანს წყალს, მმართველმა გუნდმა ეს ვერ გათვალა და სათანადოდ ვერ შეაფასა სიტყვები, _ აქციას სტუდენტები უერთდებიან. სწორედ სტუდენტების რუსთაველზე გამოჩენის შემდგომ შეიძინა ანტირუსულმა აქციამ ყველაზე დიდი მუხტი და სიძლიერე. სამშობლოს სიყვარულითა და ქვეყნის მომავლის გადასარჩენად გამოსული ახალი თაობის ხმის ჩახშობა ხელისუფლებამ უკვე კარგად აპრობირებული მეთოდებით სცადა _ რუსთაველის გამზირზე ჯერ პოლიციელების რაოდენობამ იმატა, თუმცა ამის პროპორციულად მატულობდა საპროტესტო მუხტიც, შემდგომ გამოჩნდა სპეცრაზმი, _ ვერც ეს გახდა შემაფერხებელი ფაქტორი, რადგანაც ახალი თაობა მოქალაქეების დასარბევად გამოსულ სპეცდანიშნულების რაზმს ვარდებითა და გულის ფორმის „სტიკერებით“ დახვდა, რომლებიც ფარებზე მიუკრეს… მერე კი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ჩაწერილი, კარგად ნაცნობი ხმა გაისმა: „მოქალაქეებო, გთხოვთ, დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო წესრიგის დასამყარებლად გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული პროპორციული ზომები. გთხოვთ, წესრიგის დამყარების ადგილს მოარიდოთ ბავშვები, ქალები და მოხუცები“. აღნიშნული ჩანაწერის რამდენჯერმე გამოყენების შემდგომ ჰაერში გოგირდნარევი სუნი დადგა, თვალებიდან ცრემლის დენა დაიწყო, რომელსაც სასუნთქი გზების წვა და გაუსაძლისი ხველება ერთვის თან, თუმცა ახალი თაობისთვის არც ეს იყო შემაფერხებელი, შემდგომ იყო წიწაკის სპრეით გაზავებული წყლის ჭავლი, ასევე წიწაკის სპრეის ბალონების აქციის მონაწილეებისთვის სახეში დაცლა, იყო რეზინის ტყვიებიც და, რა თქმა უნდა, ხელკეტი და რობოკოპის მძიმე „ბათინკი“, რომელსაც აქციის წაქცეულ მონაწილეებს ურტყამდნენ.
რუსთაველის გამზირიდან გაყრილი ახალგაზრდები ქალაქს წრეს ურტყამდნენ და კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. ასე გაგრძელდა ორი დღის მანძილზე, საბოლოოდ კი ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ უკან უნდა გაეხმო და დამორჩილებოდა იმ მოთხოვნებს, რომლებიც მათ უკვე კარგად ჰქონდათ შესწავლილი.
როგორ იწყებოდა პროტესტი და როგორი იყო შემართება? რამ გადააწყვეტინა სტუდენტებს მართვის სადავეების ხელში აღება? _ ამასთან დაკავშირებით გაზეთმა „ქრონიკა+“-მა ინტერვიუ ჩაწერა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტ ლუკა ჭოხონელიძესთან, რომელიც ერთ-ერთი იყო, ვინც სტუდენტებს გაუძღვა და არცერთი წამით უკან არ დაუხევია.
_ ლუკა, დავინახეთ, რომ სტუდენტების როლი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში უდიდესია…
_ გასული დღეების განმავლობაში სტუდენტებმა იგრძნეს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყნის ევროპული კურსი მართლაც გადიოდა მათ ენერგიაზე და ისინი გამოვიდნენ სახლებიდან, კომფორტის ზონებიდან და დადგნენ იმ ისტორიულ ადგილას, სადაც არაერთი ცვლილება დაწყებულა, მრავალი მსხვერპლი ყოფილა და გადადეს თავიანთი თავი, რათა არ გაეტარებინათ რუსული კანონი. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო.
_ ბოლო ათი წლის მანძილზე სტუდენტების ასეთი მძლავრი პროტესტი, რამაც რეალურად შედეგი დადო, ფაქტობრივად, არ გვახსენდება. რა იყო ის გარდამტეხი ფაქტორი, რამაც შეძლო, ქვეყნის მომავალი ისევ სტუდენტებს აეღოთ ხელში და ყოველგვარი საპარლამენტო ბერკეტის გარეშე მოეხდინათ გავლენა ხელისუფლებაზე?
_ ვფიქრობ, ყველა სტუდენტმა გაიაზრა, რომ ეს კანონი იყო ქვეყნის დამაქცეველი. ასევე მუხტის მიმცემი აღმოჩნდა უსამართლოდ დაკავებული მეგობრები, თუ როგორ მოექცნენ პოლიცია და ნიღბიანი რობოკოპები მათ მეგობრებს, ამიტომ გამოვიდნენ სახლებიდან და დადგნენ რუსთაველზე.
_ რას ფიქრობდით მაშინ, როდესაც პირველად გადადგით ნაბიჯი იმ მიკროფონისკენ, რომელსაც ხალხთან თქვენი ხმა უნდა მიეტანა?
_ არ ვნერვიულობდი, თუმცა ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომ თითოეული მესიჯი შეიძლებოდა ყოფილიყო მუხტის მიმცემი ამ ადამიანებისთვის, თითოეული აზრი შეიძლებოდა ყოფილიყო გარდამტეხი და ჩათვლილიყო მოწოდებად… ვფიქრობ, შევძელით იმ ახალგაზრდებმაც და მეც ეს ყველაფერი და მაქსიმუმი გავიღე.
_ ბოლო დღეებში ვნახეთ, რომ პოლიტიკოსების მიმართ არცთუ ისე რბილი დამოკიდებულება ჰქონდათ სტუდენტებს. არის თუ არა ხიდჩატეხილობის პრობლემა სტუდენტებსა და პოლიტიკოსებს შორის და რა როლი ეკავათ მათ აღნიშნული პროცესების პირველ ეტაპზე?
_ რა თქმა უნდა, არ მივესალმები იმ მომენტს, როდესაც გიორგი ვაშაძე არ აუშვეს სცენაზე. მესმის, რომ ვიღაცას შეიძლება არ მოსწონს კონკრეტული პოლიტიკოსი, მაგრამ ეს ქვეყანა ყველასია და პოლიტიკოსის არაშვება სცენაზე, როდესაც რუსთაველზე მართლაც პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, არაბუნებრივად და არასერიოზულად მიმაჩნია.
_ სად ხედავთ გამოსავალს, რომ ჩატეხილი ხიდი გამთელდეს?
_ ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაც არის და მათი ბრალიც გახლავთ. ის, რომ ისინი საკუთარ მანდატს არ იყენებენ საკანონმდებლო ორგანოში ახალგაზრდების ხმის გასაჟღერებლად და არა მარტო საკანონმდებლო ორგანოში, არამედ ტელეეკრანებთანაც. არ მახსენდება პოლიტიკოსი, რომელსაც ულაპარაკია ახალგაზრდებთან დაკავშირებით, თუ არ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს, როდესაც ახალგაზრდებმა შევძელით ეს ყველაფერი და ამის შემდგომ უკვე საუბრობენ ჩვენ შესახებ. მანამდე ჩვენი პრობლემები, სამუშაო ადგილები თუ ფინანსური სირთულეები მათთვის არ ყოფილა პრიორიტეტი.
_ თქვენი გადმოსახედიდან, როგორ გესახებათ თანამედროვე, ევროპული საქართველო?
_ ევროპული საქართველო მესახება, როდესაც ახალგაზრდები მაქსიმალურად არიან ჩართულები პოლიტიკურ ცხოვრებაში, პოლიტიკურ საქმიანობაში, როდესაც ისინი აღარ ამბობენ, რომ პოლიტიკა არ მადარდებს და არ ვერევი პოლიტიკაში. ეს ეხება აუცილებლად „ქართული ოცნების“ გარეშე ხელისუფლებას.
_ აქციების შემდგომ გარკვეული აქტივობა შეინიშნება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკურ ნაწილში. კრემლის პროპაგანდისტები ღიად და დაუფარავად საუბრობენ ტანკებზე თბილისში. გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ რუსეთი წავა პროვოკაციაზე?
_ ვლადიმირ პუტინი ამ შემთხვევაში მოქმედებს საკუთარი, ნაცადი მეთოდებით, როდესაც იგი ცდილობს თავისი მოქალაქეების შეშვებას სხვა ქვეყანაში, სადაც გარკვეული ასიმილაციის მოხდენა უნდა, თუმცა ეს ნამდვილად არ გამოუვა. მსგავსი რაღაც მას და მის ოკუპანტ ქვეყანას ხშირად გაუკეთებია, როდესაც შეუშვია საკუთარი მოქალაქეები, ყოფილა გარკვეული პროვოკაციები, დაჩაგრულან ეს ადამიანები და შემდგომ შემოუყვანია დამხმარე ძალები… თუმცა ვფიქრობ, ყველა ქართველს აქვს გააზრებული, რომ არ უნდა წამოეგოს პროვოკაციებს, ვინაიდან რუსული ჯარის შემოსვლა ამ ქვეყანაში კარგს არაფერს მოიტანს.
_ როგორი უნდა იყოს წინა პერიოდი, სანამ კონკრეტული სახის კანონზე დაიწყება მუშაობა პოლიტიკური პარტიების მხრიდან?
_ ოპოზიციური პარტიების წვლილი დიდია იმაში, რომ ეს კანონპროექტი არ მიიღო „ოცნებამ“. თავდაპირველად, სანამ მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდოდა, ჩვენ ვნახეთ ბურჯანაძის, გიორგი ვაშაძის, ალეკო ელისაშვილის გულწრფელი პროტესტი პარლამენტში. რა თქმა უნდა, თუ ისინი პარლამენტში შევიდნენ და საპარლამენტო საქმიანობას ეწევიან, მათი პრეროგატივა, პირდაპირი პასუხისმგებლობა არის ის, რომ საკანონმდებლო დონეზე იმუშაონ პარლამენტში და მსგავსი კანონპროექტის მიღების საშუალება არ მისცენ მმართველ პარტიას.
_ რა არის მიზეზი, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო ის, რაც მოახერხა ახალმა თაობამ?
_ სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების ინტერესები არა ეროვნული, არამედ ვიწრო პარტიულია. ის საკუთარი პარტიის ან პიროვნულ პოპულარიზაციას ეწევა. ასე რომ, ეს იყო მართლაც საერო საქმე და გასული კვირა გახლდათ ქართველი ერის სულიერი მისიის განხორციელება ოპოზიციური პარტიების კურირების გარეშე, ეს არის მთავარი ფაქტორი.
_ რა გაიფიქრეთ პირველად, როდესაც გაზი გაუშვეს?
_ უფრო გამიღვივდა ზიზღი „ქართული ოცნების“ მიმართ და არა პოლიციელების მიმართ. არ მქონია ზიზღი პოლიციელების მიმართ, რადგანაც ვიცოდი, რომ მათაც ძალიან სტკიოდათ თითოეული ცრემლი საქართველოს მოქალაქის თვალებიდან ამ მხუთავი აირის გაშვების შემდეგ.
_ რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ყველაფერს სახლიდან ადევნებდნენ თვალს და დღეს, გამარჯვების შემდგომ რომ ამუნათებენ ახალგაზრდებს?
_ სპეციფიკური კითხვაა… რას ვეტყოდი ამ ადამიანებს და, პირველ რიგში, თავად ნახონ ის სიმწარე, რაც ამ ახალგაზრდებმა ნახეს რუსთაველის გამზირზე, თავად აიღონ პასუხისმგებლობა, რაც ამ ახალგაზრდებმა აიღეს საპროტესტო აქციაზე, თავად დადგნენ ამ სიცივეში და თავად დაუდგნენ საპირისპირო მხარეს ამ სისტემას. ვნახოთ შემდეგ, როგორი იქნება მათი შეფასება.
_ ცნობადი სახეების ჩართულობა, რომლებსაც გარკვეული რესპექტაბელურობა აქვთ საზოგადოებაში, რამდენად მნიშვნელოვანი იყო? თუ არ დადგებიან რუსთაველზე სხვა კუთხით რომ მოუწოდონ თავიანთ მიმდევრებს?
_ რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია: ლუკა ნაჭყებია ვნახეთ აქციაზე, თამრიკო ჭოხონელიძე ვნახეთ, ვნახეთ მაქსიმე მაჩაიძე, ბენდები _ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე იყო „თბილისის დინამოს“, ხვიჩა კვარაცხელიას განცხადება, რაგბისტების, შოთა არველაძის. საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად ამ ინფლუენსერების განცხადებები ძალიან მნიშვნელოვანია.
_ დაბოლოს, რას ეტყვი ხელისუფლებას?
_ ვურჩევდი, ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.