QronikaPlus
გიორგი მუმლაძე: „პირდაპირ სააკაშვილზე გადის ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა“

გიორგი მუმლაძე: „პირდაპირ სააკაშვილზე გადის ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა“

2023-03-12 15:44:03

თამარ სანაძე

24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სამხედრო ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ, ხალხთან მიმართვისას დააანონსა, რომ ორშაბათიდან პერმანენტული აქციები დაიწყებოდა. მან ყველა პარტიას ერთიანობისა და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

„ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, შევიკრიბებით, ამ საბჭოში შევა ყველა აქ მყოფი პარტიები, „ნაციონალური მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი, ყველა პარტიას დაველაპარაკებით კიდევ ერთხელ და ვიტყვით _ ძალა ერთობაშია! ეს გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს მონობა, რომელიც აქ არის! აი, მაშინ დავდგებით ღირსეულად უკრაინელების გვერდით, აი, მაშინ ექნება ფასი ჩვენს თანადგომასა და სოლიდარობას, თორემ ახლა „უკუდო ხარი სხვას ბუზებს უგერიებდაო“, ეს არის ჩვენი რეალობა, აი, აქ ვართ ჩვენ დღეს“, _ მიმართა აკია ბარბაქაძემ რუსთაველზე შეკრებილებს.

24 თებერვლისა და დაანონსებულ პერმანენტულ აქციებზე გაზეთ „ქრონიკა+“-თან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი მუმლაძემ ისაუბრა. მან ასევე შეაფასა საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა უკრაინის მიმართ და განმარტა მიხეილ სააკაშვილის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხში:

_ ბატონო გიორგი, 24 თებერვალს გაიმართა უკრაინის მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი აქცია, სადაც დაანონსდა, რომ დაიწყება პერმანენტული საპროტესტო აქციები. ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თქვა, ყველა პარტიას დაველაპარაკებით, რომ ძალა ერთობაშიაო. თქვენ შეუერთდებით პერმანენტულ აქციებს? იქნებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე?
_ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიდექით 24 თებერვლის აქციაზე. პრაქტიკულად, პერმანენტული აქციების რეჟიმში ვცხოვრობთ, ვმართავთ სხვადასხვა ტიპის როგორც პარტიზანულ, ასევე შემაწუხებელ აქციებს და ნებისმიერ მსგავს აქტივობას, რომელიც მიმართული იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მივესალმებით. ნებისმიერი პროდასავლური ძალა, რომელიც გადადგამს ამ ნაბიჯებს, ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით. პროტესტის ნაკლებობა არის და ძირითადად „ნაციონალური მოძრაობა“ აორგანიზებს ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებს.
_ თქვენ როგორც აღნიშნეთ, გაქვთ სხვადასხვა ტიპის აქციები და ასევე აპირებთ შეუერთდეთ სხვადასხვა საპროტესტო აქციას. ამ პროტესტმა თუ მიიღო პერმანენტული ხასიათი, როგორ განვითარდება პროცესები? როგორ ფიქრობთ, ეს აქციები რაიმე ზეგავლენას მოახდენს ქართულ პოლიტიკურ ველზე?
_ ხელისუფლებამ 25 თებერვალთან დაკავშირებით საერთოდ არ ახსენა რუსეთი, როგორც ოკუპანტი. თუ ამას კარგად გაიაზრებს ჩვენი საზოგადოება, ბუნებრივია, ერთადერთი გზა რჩება და ეს არის ქუჩის პროტესტი. თუ გვინდა, რომ საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა, სუვერენულმა, ქვეყანამ იარსებოს, რომ ევროინტეგრაციის გზა გააგრძელოს, ბუნებრივია, ქუჩის პროტესტის გარდა არაფერი გვრჩება. სწორედ ამან უნდა აიძულოს ხელისუფლება, დათმობებზე წავიდეს. პროტესტის საბოლოო შედეგი უნდა იყოს ხელისუფლების დამარცხება. თუ ამას ვერ იაზრებს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც სურს უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება, შედეგი ვერ დადგება. თუ ამას იაზრებ, უფრო სწრაფი შედეგი დადგება. ყოფნა-არყოფნის საკითხია, _ ან ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს პროდასავლურ კურსს, ან უბრალოდ რუსეთის გუბერნიად. საქართველოს ხელისუფლებას ეშინია, რომ 102 წლის წინანდელზე, იუნკრების ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ განცხადებაში, ახსენოს რუსეთი. ამაზე დიდი უბედურება არ არსებობს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი გაიაზრებს ამას და იმასაც მიხვდება, რომ ფეისბუქზე წერით, ტელევიზიაში ლაპარაკით საქმე არ კეთდება და შედეგი არ დგება. ამას სჭირდება პირადი თავგანწირვის მაგალითები, მათ შორის შეიძლება დაგაკავონ, დაგაჯარიმონ, ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. თუ გვინდა, ეს ქვეყანა დავიცვათ რუსეთისგან, ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. რაღაც მცირე ნაწილი საზოგადოებისა კი არ უნდა იყოს მხოლოდ ამისთვის მზად, დიდი ნაწილი უნდა იყოს მზად მოქმედებისთვის, რადგან ევროპისკენ სწრაფვა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამბობს, რომ სურს ევროკავშირი და ამ ყველაფერს მოპოვება სჭირდება. ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება, რომელიც დასამარცხებელია. შედეგი პირდაპირ არის დამოკიდებული პრობლემების სწორად გააზრებაზე, მათ შორის, რამდენად გადამწყვეტი მომენტი დგას ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგან უკრაინა ამარცხებს ტერორისტულ რუსეთს, ამიტომ უკრაინის გამარჯვება უნდა გადავთარგმნოთ საქართველოში პროდასავლური ხელისუფლების მოსვლად. ამის წინაპირობა უნდა იყოს ზელენსკის განცხადებიდან გამომდინარე, საერთაშორისო აქტორების პოზიციიდან გამომდინარე. საზოგადოების კონსოლიდირება უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისა და თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ პირდაპირ სააკაშვილზე გადის ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა. ვისაც მოსწონს თუ არ მოსწონს ის, როგორც პოლიტიკოსი ეს ცალკე საკითხია, მაგრამ არსებობს ეროვნული ინტერესები და ვინც ამ ინტერესებს პირად ინტერესებზე მაღლა დააყენებს და რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ასეთი, უფრო სწრაფად გავიმარჯვებთ.
_ ომის დაწყების ერთი წლის თავზე ვხედავთ უკრაინის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერას ცივილიზებული სამყაროს მხრიდან. ამ თემაზე მოვისმინეთ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და მტკიცე უარი უკრაინის მიწვევაზე. როგორ ფიქრობთ, რატომ იქცევა ასე საქართველოს ხელისუფლება?
_ ძალიან მარტივადაა საქმე. „ქართული ოცნება“ პირდაპირ რუსული ინტერესის გამტარია, შესაბამისად, ის არავითარ შემთხვევაში არ გულშემატკივრობს უკრაინას. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარდაჭერას უცხადებდეს უკრაინას, უსურვებდეს გამარჯვებას, მათ შორის, საერთაშორისო არენაზე, ამ ყველაფერს პირიქით აკეთებს. უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის ბოროტების წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი გვერდში უნდა დავუდგეთ მათ. ძალიან ბევრი ქართველი მებრძოლი, ჩვენი თანამებრძოლი იქ იბრძვის და ბევრიც ბრძოლის ველზე დაეცა. მარტივი შედარებისთვის: არც ერთი მაღალჩინოსანი ხელისუფლებიდან არ მოსულა ქართველი გმირების პანაშვიდზეც კი. აქ ყველაფერი ნათქვამია, ვის მხარეს არის საქართველოს ხელისუფლება. უკრაინაში ყველაფერს ხვდებიან. ისინი ქართველ ხალხსა და ქართველ მებრძოლებს სცემენ პატივს, ამას აფასებენ, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის გატარებულ რეფორმებს სცემენ პატივს. ამ ფონზე კარგად იციან, რომ ეს ხელისუფლება დროებითია და როდესაც წავა, გაგრძელდება საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული ურთიერთობა. ახლა კი ეს ხელისუფლება ცალსახად რუსული ინტერესების გამტარებელია, რომელსაც ეშინია რუსეთის. რუსეთი რომ ოკუპანტია, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი, სახეზეა მცოცავი ოკუპაცია, ამის თქმის ეშინიათ. ეს ხალხი უნდა ჩამოშორდეს საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენ უნდა გავხდეთ ცივილიზებული საზოგადოების ნაწილი, ამიტომ უკრაინის პოზიციები ამ მომენტში სრულიად გასაგებია. ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, რომელსაც პატრონად ჰყავს ვლადიმირ პუტინი და შესაბამისად, მასაც და ამ ხელისუფლებასაც ეშინია რუსეთის, მარტივადაა საქმე.
_ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს მისცეს საშუალება მესამე პრეზიდენტს, რომ მან იმკურნალოს საზღვარგარეთ. ვხედავთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებასაც, _ მისი ქმედებები და განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ იგი არ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. რა როლი აქვს მიხეილ სააკაშვილის თემას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და საერთოდ გაქვთ პოზიტიური მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილს გაუშვებს საქართველოს ხელისუფლება სამკურნალოდ?
_ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება მოითხოვა ევროპარლამენტის 560-მა დეპუტატმა და რეზოლუციაში პირდაპირ ჩაიწერა მისი ჰუმანიტარული წესით გაყვანის საკითხი. ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ გვსურს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს და იყოს თავისუფალი. მეორე მხრივ კი არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოზიტიურ ნაბიჯებს გადადგამს. ის ყველანაირად ეცდება, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და არ გახდეს ევროკავშირის წევრი. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, აქციებით დისკომფორტი შევუქმნათ ხელისუფლებას. შემაწუხებელი თუ სხვა ტიპის პოლიტიკური აქტივობებით უნდა ვაიძულოთ, რომ არ მოგვიკლან ქვეყნის ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი, რომლის სახელსაც უკავშირდება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაყენება. ასე ღიად და აქტიურად ამ გზის გაგრძელებაში დიდი როლი უნდა ითამაშოს ქართველმა ხალხმა. თუ გვსურს, რომ ეს ქვეყანა იყოს ჩვენი, იყოს მდიდარი, დაცული, ერთიანი, მაშინ, ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად, მისი თავისუფლებისთვის.

გაზიარება