- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2023-03-12 15:38:06
ირინა მაკარიძე
რას უკავშირდება ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას ბოლოდროინდელი გააქტიურება? მოსალოდნელია თუ არა ექსპრემიერის დაკავება ან მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი:
_ მან თავად კარგად ახსნა, „გააქტიურება“ არ ვიცი, რამდენად სწორი ტერნმინია, ის ყოველთის აქტიური იყო. რაც შეეხება მედიასთან გამოჩენას, ეს უკავშირდება ამ პოლიტიკურ მოცემულობას, რაც ქვეყანაში შეიქმნა. პირველად ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ახალი დისკურსი შემოიტანა _ „საერთოდ რამდენად სჭირდება ქვეყანას ევროკავშირი და რამდენად კარგია ის ევროკავშირი, რომელიც ახლა არის და რამდენად მისაღებია ევროკავშირის ფასეულობები და ღირებულებები?“ _ ასეთი დისკუსიის გახსნა ამ ქვეყანაში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არ მომხდარა არც ერთი ხელისუფლების დროს. ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ ამ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, მშვიდობის შენარჩუნების ერთადერთი გზა არის მისი საგარეო კურსი, რომელიც მკაფიოა და რომელსაც ეთანხმება ამ ქვეყნის მოსახლეობის 85%. შესაბამისად, ამ დისკუსიის გახსნა იყო ის მკაფიოდ გამოხატული წითელი ხაზი, რომელმაც დაადასტურა, რომ ეს ნაბიჯები, რომელსაც დგამდა ხელისუფლება დაახლოებით ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არა მხოლოდ ჩვენი შეფასებით, არის „უკუსვლა დემოკრატიის გზაზე“.
როგორც ჩანს, ეს იყო მმართველი ძალის სტრატეგიული ამოცანა, რომ ამ დისკუსიის გახსნამდე მივსულიყავით. ეს იყო ის წითელი ხაზი, რომელიც ხელისუფლებამ გადაკვეთა და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი, რომ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარიას მედიასაშაულებების გამოყენებით მოსახლეობამდე მაქსიმალურად მიეტანა ინფორმაცია.
_ ამ ჯერზე გაცილებით მკვეთრი და „ოცნებისთვის“ უსიამოვნო იყო გიორგი გახარიას განცხადებები, რამაც წარმოშვა დისკუსია მისი შესაძლო დაჭერის ან მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ. რას იტყვით ამაზე და რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ასეთი რამ მართლაც შეიძლება მოხდეს?
_ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგება, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში არაფერი არის გამორიცხული. ხელისუფლება იმ მეთოდებს იყენებს ჩვენ წინააღმდეგ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა ადრე. ეს უკვე გამოვცადეთ საკუთარ თავზე, ყველანაირი ბინძური პოლიტიკური იარაღი გამოიყენეს ჩვენ წინააღმდეგ და შეიძლება, ესეც გააკეთონ. მთავარი მოტივატორი, რამაც შეიძლება მათ ეს ნაბიჯი გადაადგმევინოთ, არის მათი შიში. შესაბამისად, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ასეთი რამ მოხდეს.
ჩვენ წელიწადზე მეტია, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ვართ. ამ პერიოდის განმავლობაში იმდენი რამე გააკეთა ხელისუფლებამ ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი პარტიის წევრების, კოლეგების, საკრებულოებში თუ მათ მიღმა, იმდენი რამე იკადრა, რომ საერთოდ არ გაგვიკვირდება არაფერი. შეგახსენებთ რამდენიმე ფაქტს: ცაგერში ჩვენი მერობის კანდიდატისთვის ავტომანქანის დაცხრილვის საქმე არის აბსოლუტურად გამოუძიებელი, გამოუძიებელია ზუგდიდის საკრებულოში ჩვენი წევრის, მალხაზ თორიასა და მისი არასრულწლოვანი ბავშვის ცემის საკითხი. ჩვენ მაშინვე გვქონდა რეაგირება, მივმართეთ, ბუნებრივია, პროკურატურას, მაგრამ ეს ფაქტი გამოუძიებელია. შეგახსენებთ აკაკი ბართაიას თემას, რომელიც აბსოლუტურად უკანონოდ დააკავეს და შემდეგ გამოუშვეს. საკრებულოს ერთ-ერთი წევრი ასევე გაუგებარი ბრალდების გამო დააკავეს და მერე გამოუშვეს, ათეულობით შემთხვევაა ჩვენი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების სამსახურიდან განთავისუფლების. ამ მოცემულობაში, როდესაც ხელისუფლების მხრიდან ყველანაირი ბინძური პოლიტიკური ბრძოლის იარაღი გამოყენებულია, გამორიცხული არაფერია.
_ თქვენ და თქვენი პარტიის წარმომადგენლებს, როდესაც მოგეცემათ საშუალება, ყოველთვის ცდილობთ, „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირება დააფიქსიროთ. რატომ ამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წესებით გებრძვიან“, როცა ამ ხერხებით „ქართული ოცნება“ გებრძვით და ეს მეთოდი „ქართულ ოცნებაშიც“ აქტიურად გამოიყენებოდა თუნდაც იმ დრომდე, ვიდრე თქვენი გუნდი „ქართულ ოცნებას“ დატოვებდა?
_ როდესაც ჩვენ „ქართულ ოცნებაში“ ვიყავით და წარმოვადგენდით გიორგი გახარიას გუნდს, შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ ჩვენ მსგავსი რამ არავის წინააღმდეგ არ გამოგვიყენებია. მე არ ვამბობ, რომ არ იყო დარღვევები საარჩევნო თვალსაზრისით ან არ იყო სხვა გადაცდომები, მაგრამ აქ არის საუბარი სისტემურ დანაშაულზე. 2012 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც მაშინ საქართველოს მოქალაქეებმა უარი უთხრეს, იყო უკანონო დაჭერები და მისი გამოყენება პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. შესაბამისად, ამიტომ ვსვამთ ტოლობის ნიშანს. რეალურად, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს თავზე გამოვცადეთ ეს ყველაფერი. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრად უფრო მძიმე საშუალებებს იყენებს „ქართული ოცნება“ დღეს.
_ ანუ მხოლოდ ეს ბოლო 2 წელია, რაც ამ მეთოდებს იყენებს?
_ მე შემიძლია ვისაუბრო ჩემი გუნდის სახელით, რომ ჩვენი იქ ყოფნის დროს მსგავსი რამ არ გამოყენებულა, თუმცა მე არ უარვყოფ, რომ იყო რაღაც გადაცდომები.
_ გიორგი გახარია პრემიერობიდან მისი გადადგომის მიზეზებს ასახელებს. ამჯერად მან არ უარყო, რომ გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი ივანიშვილის დავალებების მიუღებლობაც იყო. თქვენთვის, როგორც მისი გუნდის წევრებისთვის, ეს გადადგომა მოულოდნელი იყო, თუ იმ წინააღმდეგობებზე, რაც საბოლოოდ მისი გადადგომის მიზეზი გახდა, გუნდში იყო მსჯელობა და საქმის კურსში იყავით?
_ პოლიტიკური პროცესი ასე ცალსახა, როგორც წესი, არ არის. ეს გადაწყვეტილება თანდათან მწიფდებოდა თუ სპონტანურად იქნა მიღებული, ასე ეთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი. შემიძლია გითხრათ, რომ იმ დღეს, როდესაც ეს გადაწყვეტილება გახმოვანდა, მთელი ღამისა და დღე-ნახევრის განმავლობაში იქ, ადგილზე ვიყავი და ვხედავდი ამ პროცესებს, რა და როგორ ვითარდებოდა. ამდენად, გადადგომის ფაქტი მოულოდნელი ვერ იქნებოდა, ეს ტელევიზიით არ გამიგია, იქ ვიყავი. ამაზე მეტ კომენტარს ამ თემაზე ვერ გავაკეთებ.
პერსონალური თემები გიორგი გახარიას არასდროს დაუყენებია, წყენა იქნებოდა ეს თუ სხვა. როგორც კი მან დაინახა, რომ მელიას საკითხი გახდებოდა ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივების წყარო, რაც შემდეგ მოხდა კიდეც და ეს დააზიანებდა სახელმწიფოს, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფასეულობა, რომელსაც გიორგი გახარია არ დაკარგავდა, _ ის ემსახურებოდა სახელმწიფოს და არა ვინმე კონკრეტულ ადამიანს.
_ რაც შეეხება თქვენი პარტიის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს, რომ „პარტია და მისი ლიდერი არ არის სინტერესო“; „ერთპროცენტიანი პარტიაა“… რას იტყვით მათი განცხადებების საპირისპიროდ? ხართ თუ არა უფრო მეტი ამბიციის პარტია, ვიდრე „ოცნება“ გაფასებთ?
_ ვინ რამდენპროცენტიანი პარტიაა, ამას ამომრჩეველი წყვეტს, სხვა მხრვ საერთოდ არ მსურს, რომ ამ ხალხის განცხადებებზე ვიფიქრო. არც მე და არც ჩემს თანაგუნდელებს არ გვაინტერესებს ეს ხალხი. ჩვენ მათთან არ ვლაპარაკობთ, ისინი არიან ინსტრუმენტები, ჩვენ ინსტრუმენტებთან სალაპარაკო არ გვაქვს.
_ როგორ ფიქრობთ, რამდენად გექნებათ ამომრჩევლის მხარდაჭერა და რას აკეთებთ იმისთვის, რომ ეს მხარდაჭერა მოიპოვოთ?
_ გეგმას მივყვებით, რის შესახებაც გახარიამ ისაუბრა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად პარლამენტსა და საკრებულოებში ვაკეთებთ, ვმუშაობთ მოქალაქეებთან, ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენი მთავარი მიზანი დღეს არის, ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები განუზომლად მეტად არიან დაინტერესებულები, მიიღონ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ვიდრე ქვეყნის ხელისუფლება; მიუხედავად ამ ხელისუფლების სულელური ნაბიჯებისა, პირდაპირი თავდასხმებისა ჩვენს პარტნიორებზე, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რადგან ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი არის ფარი, რომ საქართველოს მის არჩეულ კურსს ვერავინ შეაცვლევინებს.
_ უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, თქვენი პარტია რას აკეთებს ამისთვის?
_ ჩვენი პარტნიორები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათი მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება გარანტიას შექმნის ამ ქვეყნის დასავლური კურსის უზრუნველსაყოფად, მიუხედავად იმისა, დღევანდელი ხელისუფლება იმსახურებს თუ არა ამას.
_ ე. ი. შესაძლებლად მიგაჩნიათ ამ ხელისუფლების პირობებში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება?
_ დიახ, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ არის ხელისუფლების მონაპოვარი, ეს იქნება ჩვენი ხალხის მონაპოვარი და მისი პირდაპირი დამსახურება.
_ ხელისუფლება ამ დროს იღებს კანონს „უცხოური აგენტების შესახებ“ და რა გარანტიაა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგაც არ გააგრძელებს იმავე სტილში მუშაობას? რით შეუშლით ხელს?
_ ერთი რამ უნდა გადავცეთ სწორად და მივიტანოთ თითოეულ ადამიანამდე, რომ ოპოზიციური პარტიები, ისევე როგორც ხელისუფლება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი მისი უზენაესობა _ საქართველოს მოქალაქეების ხელში. როდესაც ხელისუფლება, სახელისუფლებო პარტია აღარ ემსახურება ამ ხალხის ინტერესებს, ეს არის პოლიტიკური თაღლითობა, უპასუხისმგებლო საქციელი. რაც შეეხება რას გააკეთებს ოპოზიცია ხელისუფლების ნაბიჯებზე ზემოქმედებისთვის, კონკრეტულად ჩვენს გუნდზე ვსაუბრობ: გააკეთებს ყველაფერს, მათ შორის, სადაც კრახი აქვს ხელისუფლებას, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში, შეეცდება ეს კრახი შეცვალოს რამენაირად ამ ხალხთან კომუნიკაციით, მათი დარწმუნებით, რომ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ამ ქვეყნის დასავლური გზა და კურსი. პარტია „საქართველოსთვის“ გააკეთებს ყველაფერს, რომ 12 პუნქტი შინაარსობრივად შესრულდეს. ჩვენ ავუხსნით საქართველოს მოქალაქეებს, რომ ეს ხელისუფლება ახდენს საბოტაჟს და ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ არჩევნებით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რევოლუციის მოწყობით ეს ქვეყანა გაჯანსაღდება და მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება, ძალიან ცდება. დღეს ამ გეოპოლიტიკური, ტექტონიკური ცვლილებების ფონზე, ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა რუსეთისთვის უდიდესი საჩუქარი იქნება. ამ საჩუქრის მიცემა რუსეთისთვის არ შეიძლება.
_ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ მინდა გკითხოთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად არის ეს ვითარება ხელის შემშლელი ფაქტორი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის?
_ ეს არის ქრესტომათიული მაგალითი იმისა, როგორ განიცადა ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით კრახი. მთლიანად ჰუმანიტარული საკითხი, იქცა პოლიტიკურ საკითხად, რაც გაუმართლებელია.
_ რაც შეეხება 24 თებერვლის აქციას, იყავით თუ არა აქციაზე და რას იტყვით მის შესახებ?
_ მე ვიყავი უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და როგორც ამ ქვეყნის პარლამენტის წევრი. აქცია ჩვენთვის არ არის სახელმწიფოს გადატრიალების საშუალება. აქცია არის კონკრეტული პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა. ჩვენ ასე არ ვართ, რომ მოვუწოდოთ ვიღაცას, მოდით გინდათ თუ არა აქციაზე, ჩვენ ასე არ ვმუშაობთ.
არ ვიცი, აქციის ორგანიზატორებს რა სტრატეგია ჰქონდათ შემუშავებული, არც მაინტერესებს. იქ ვიყავი კონკრეტულად 24 თებერვლის _ ამ თარიღის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უკრაინის მხარდასაჭერად. ვიყავი ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან და გუნდთან ერთად.
უკრაინის მხარდაჭერა დღეს, მათ შორის, პოლიტიკური განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ავტომატურად ნიშნავს საქართველოს დასავლური მომავლის მხარდაჭერას. ამ აქციამ ეს განაცხადი გააკეთა, რადგან ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა იყო აქციაზე გამოსული, ვინც საკუთარი პოიზიცია დააფიქსირა.