- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2023-01-22 17:43:09
გიგა გელხვიიძე
თითქმის ორი თვეა, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც მის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით, მისმა უფლებადამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობა დააყენეს.
სააკაშვილის საქმეზე ამ დროისთვის დაკითხულია სამი უცხოელი და ერთი ქართველი ექიმი, რომელთა ჩვენებებიც სასამართლოზე რეზონანსული და, შეიძლება ითქვას, შოკისმომგვრელიც კი იყო, _ ისინი ერთი მეორეზე მიყოლებით უკვე ვერბალურად ამტკიცებდნენ იმას, რაც მათ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ თავიანთ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში ჩაწერეს პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ამერიკელი ექსპერტი დევიდ სმიტი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება მისცა. მის მიერ მომზადებული სამედიცინო დასკვნა ცალსახად ამბობდა იმას, რომ სააკაშვილი არის მოწამლული და იგი ციხეში ყოფნის დროს მოწამლეს. გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე სმიტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ კონკრეტული მანიპულაციები სააკაშვილის სისხლში მძიმე მეტალების კვალის აღმოსაჩენად დაგვიანებულია, თუმცა მას იმდენად დიდი ოდენობით ჰქონდა გარკვეული სახის ნივთიერებები მიღებული, რომ სისხლში მათი არსებობა მაინც ფიქსირდებოდა. სმიტის მტკიცებით, დემენცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი დიაგნოზია, სწორედ ამ ფაქტთან არის კავშირში.
„სააკაშვილის სისხლის ანალიზი გვიან აიღეს, პირველი გულის წასვლიდან 26 დღის შემდეგ. მძიმე მეტალები სისხლის ნაკადიდან ძალიან სწრაფად ქრება, შესაბამისად, ჩვენ ვიკვლევთ ხოლმე თმას, რათა ამ მეტალების არსებობა დავადგინოთ.
ჩემი აზრით, პირველი ინტოქსიკაცია მაისში მოხდა და მოგვიანებით მის ორგანიზმში მოხვედრილმა მძიმე მეტალებმა დააზიანა მისი ორგანოები. როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მას სიმპტომები უკვე ჰქონდა. მიმაჩნია, რომ ის მოიწამლა მანამდე, ციხეში და არა სამედიცინო დაწესებულებაში. მედიცინის პრინციპების მიხედვით, მარტო ლაბორატორიული ტესტი დიაგნოზის დასმის საშუალებას არ გვაძლევს. იმისთვის, რომ დიაგნოზი დაისვას, ლაბორატორიული ტესტები პათოლოგიურ გამოვლინებებს უნდა დავუკავშიროთ. იმისთვის, რომ მოწამვლა დაუკავშირდეს პათოლოგიურ ცვლილებებს, ამისთვის საჭირო იყო, ტესტი მალე ჩატარებულიყო და არა 26 დღის დაგვიანებით. თუ დაგვიანდა, მაშინ უნდა გამოეკვლიათ სხვა ქსოვილები, მაგალითად, თმა.
ის, რომ კვლევის შედეგად სისხლში მძიმე მეტალების არსებობა 26 დღის შემდეგაც გამოვლინდა, ნიშნავს იმას, რომ ნივთიერებები დიდი რაოდენობით იყო ორგანიზმში. ვვარაუდობ, რომ იმდენად მაღალი იყო ამ ტოქსიკური ნივთიერებების დოზა, რომ 5 თვის გასვლის შემდეგაც კი თმაში, შარდსა და ფრჩხილებში მათი კონცენტრაცია მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა.
დემენცია, რომელიც სააკაშვილს დაუდგინდა, დაკავშირებულია მის მოწამვლასთან“, _ განაცხადა სმიტმა.
სმიტის მსგავსად, სააკაშვილის მძიმე დიაგნოზზე საუბრობს კიდევ ერთი გავლენიანი ამერიკელი ექსპერტი და ნევროლოგი, შაჰინ ემანუელ ლაჰანი, რომელმაც ხაზგასმით განაცხადა, რომ ლეტალური შედეგი შესაძლოა ნებისმიერ დროს დადგეს, ვინაიდან გარდა იმ დაავადებებისა, რომელიც სააკაშვილს განუვითარდა ციხეში ყოფნის დროს, რასაც ემატება ასევე მოწამვლის ფაქტორიც, მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ყველაფერ ამასთან ერთად შესაძლოა, ლეტალური შედეგის გამომწვევი მიზეზი გახდეს.
„მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლიათ მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე, თუ არ არის ნამკურნალები სწორად. ჩემი გამოცდილებიდან ბევრჯერ მინახავს, კრუნჩხვითი შეტევები _ თუ მათი მკურნალობა სწორად ხდება, შეიძლება განვითარდეს უცაბედი სიკვდილი. ჩემი გასინჯვის დროს მე ვხედავ, რომ ეს საშიშროება არის, რამდენადაც მას სწორი მკურნალობა არ უტარდება. ყველაზე მძიმე დიაგნოზია დაუზუსტებელი დემენცია, რომელიც მას აქვს, ასევე კრუნჩხვები, აგრეთვე პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, რაც მისთვის სიარულის ფუნქციის განხორციელებას ართულებს, გარდა ამისა, ხერხემლის სვეტის კისრის მიდამოში მალთაშუა დისკების მხრიდან ზურგისტვინის კომპრესია (ზეწოლა); ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და მასთან დაკავშირებით ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი არაშეუსაბამო მედიკამენტის დანიშვნას“, _ განაცხადა ლაჰანმა სასამართლო პროცესზე.
სააკაშვილის საქმეში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელი გასტროენტეროლოგის, სტიუარტ ფინკელის ჩვენებაც, რომელიც მის სხვადასხვა დიაგნოზებზე (ჯამში 11) საუბრობს. სასამართლოში ჩვენების მიცემისას მან სააკაშვილის თერთმეტი სახის დიაგნოზზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი ეს ძალიან საშიში და სავალალო შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს, თუ მისი სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა არ მოხდება. ფინკელიც, სხვა მისი წინამორბედი ექსპერტების მსგავსად, საუბრობს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს არასათანადო მედიკამენტებით მკურნალობენ, რაც მისთვის შედეგის მომტანი ვერ იქნება. გარდა ამისა, ფინკელი მიიჩნევს, რომ კახექსია, რომელიც სააკაშვილის დაუდგინდა, უკვე არის იმის საფუძველი, რომ ის სასჯელისგან განთავისუფლდეს.
„კახექსია და სხვა დაავადებები (ჰიატუსის თიაქარი; ეროზიული გასტრიტი; ზედაპირული დუოდენეტი; პოსტ სლივ გასტრიხტომია; გასტრო ეზოფაგური რეფლუქსი; დუოდენალურ გასტრლური რეფლუქსი; დისტალური ეზოფაგიტი; ქრონიკული ეროზიული გასტრიტი; კუჭის ანტრალური პოლიპი; წვრილი ნაწლავების მეტაპლაზი ასევე წვრილ ნაწლავებში მალაბსორბციას), რომელიც აღენიშნება ბატონ სააკაშვილს, ჩემი აზრით, არის საფუძველი სასჯელის მოხდისგან მისი განთავისუფლების.
რაც შეეხება მალაბსორბციასა და დიარეას, მაქვს მოწოდება ექიმების მიმართ: შეწყვიტეთ მედიკამენტების მიწოდება და ნახეთ, რა მოხდება ამის მერე. მათ („ვივამედის“ ექიმები) უნდა მისცენ სხვა, ალტერნატიული ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, რომლებიც არ იწვევენ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანებას. უნდა მოიხსნას ორი წამალი, რომელსაც სააკაშვილს აძლევენ და რომელიც იწვევს გემოს დაქვეითებას და გულისრევას. ეს წამლები თუ მოიხსნება, მადა გაუუმჯობესდება.
წონის კლება 8 თვის განმავლობაში შეიძლება აიხსნას შემდეგი ფაქტორებით: კუნთების დასუსტება, მათი სიძლიერის შესუსტება, სხეულის მასის დაკარგვა. წონის კლება თუ არ იქნება შესაბამისად დიაგნოსტირებული და ნამკურნალები, შეიძლება, ამან გამოიწვიოს სიკვდილი. ეს ჩემი პოზიცია კატეგორიულია“, _ განაცხადა ფინკელმა 2023 წლის 11 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებისა და მისი უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ შეტანილ შუამდგომლობასთან დაკავშირებული მომდევნო სასამართლო სხდომები 2023 წლის 17 და 20 იანვარს არის ჩანიშნული.
როგორია მოლოდინები? როგორ აფასებს წინა სხდომებსა და ექსპერტების მიერ მიცემულ ჩვენებებს სააკაშვილის უფლებადამცველი და ადვოკატი ვალერი გელბახიანი? აღნიშნულის შესახებ „ქრონიკა+“ დაინტერესდა და პირადად მას გაესაუბრა:
_ ბატონო ვალერი, მიხეილ სააკაშვილის საქმე თითქმის კულმინაციას აღწევს. თქვენ მთელი ამ დროის მანძილზე თვალყურს ადევნებდით სასამართლო პროცესებს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ მოკლე დროში შეიძლება დასრულებულიყო, საკმაოდ გაიწელა. რა ხარვეზები იყო და რისი გაკეთება შეიძლება ახლა დარჩენილ დროში?
_ სასამართლოსაც და ჩვენს ადვოკატებსაც შევთავაზე და თუ დამეთანხმებიან, სამშაბათს კიდევ გავაგრძელებთ ამ თემაზე მსჯელობას. არის იმის რეალური საფუძვლები, რომ 31 იანვრამდე დასრულდეს ეს განხილვები და გამოვიდეს გადაწყვეტილება.
პირველ რიგში, უნდა იყოს გათვალისწინებული ის, რომ ეს არის შუამდგომლობის განხილვა და არ არის სისხლის სამართლის საქმე. განსხვავება ამ ორ საკითხს შორის ის არის, რომ სისხლის სამართლის საქმის დროს ხდება მტკიცებულებების დეტალური გამოკვლევა, ხოლო ასეთი შუამდგომლობის განხილვის დროს არ იკვლევენ მტკიცებულებებს. ჩვენ რასაც ვუყურებთ, ეს არის მტკიცებულებების გამოკვლევა, სხვა სახის სამართლებრივ პროცესებში ვართ შესული, რაც არის კანონით აკრძალული. ეს რომ გასაჩივრდეს, გააუქმებს ზედა ინსტანცია, რადგანაც არასწორი პროცესუალური ნორმებია გამოყენებული. სწორედ ამიტომ მათ ვთავაზობ _ გადავიდეთ იმ განხილვის ფორმატზე, რასაც კანონი ითვალისწინებს, ავთენტიკურობის ნაწილზე. ჩვენი ვალია, დავადასტუროთ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ავთენტიკურობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის დოკუმენტი, რაც ჩვენ წარვადგინეთ, უნდა დაადასტუროს მისმა შემქმნელმა, ავტორმა. როდესაც გამოუძახებ მოწმეს, ამ შემთხვევაში რომელიმე ექსპერტს, მას ერთადერთი კითხვა უნდა დაუსვა, _ ეს დოკუმენტი შენი შექმნილია? იმან უნდა თქვას ან კი ან არა. თუ თქვა კი, მაშინ ამ დოკუმენტის ავთენტიკურობა დასტურდება, ეს არის ნახევარსაათიანი პროცედურა, არავითარი მთელი დღე ამას არ სჭირდება.
მეორე ის, რომ თუ ამ წესზე შევთანხმდებით, დღეში ხუთ მოწმეს ისე დავკითხავთ, ვითომც არაფერი და თუ დღეში დაიკითხება ექვსი მოწმე, სულ სამი სხდომაა საჭირო იმისთვის, რომ ამოიწუროს მოწმეთა ნუსხა, რომელიც არის დართული ამ შუამდგომლობაზე და თუ ეს სხდომა ჩაინიშნება 17-დან 31-მდე, სრულიად შესაძლებელია ამის დასრულება.
_ მოვისმინეთ უცხოელი ექსპერტების ჩვენებები, რომლებიც უკვე სასამართლოს წესით ადასტურებენ და ამტკიცებენ იმას, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში ჩაიწერა. რამდენიმე ექსპერტის დაკითხვის შემდგომ დადასტურდა კონკრეტული დიაგნოზები, მათ შორის, კახექსია. არის თუ არა შესაძლებელი, რომ ეს პროცესები შეწყდეს და მოსამართლე არევაძემ გადაწყვეტილება უკვე არსებული ჩვენებების საფუძველზე გამოიტანოს?
_ თუ მხარე დაუყენებს საკითხს, რომ მოსამართლე გავიდეს გადაწყვეტილების გამოსატანად, ნებისმიერი მოსამართლე ვალდებულია, ადგეს, გავიდეს და გამოიტანოს გადაწყვეტილება. ჩვენი მხარე ჯერ არ უყენებს ამ საკითხს და როდესაც დაუყენებს, ის გავა განაჩენის გამოსატანად.
_ თქვენ ბოლო სასამართლო პროცესზე ხაზი გაუსვით იმას, რომ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების იმ კუთხით ჩართულობა, როგორითაც ისინი ერთვებიან მიმდინარე პროცესებში, არ არის მართებული _ რა დარღვევას აქვს ადგილი ამ შემთხვევაში და მათი ქმედებები რამდენად უნდა იყოს მიჩნეული მართებულად?
_ ვთქვი და ვადასტურებ კიდევაც ამას, იმავეს ვიტყვი მომავალ სხდომაზეც, რომ არ აქვთ მათ იმის გამოცდილება, განახორციელონ საპროცესო უფლებები. ისინი არიან წარმომადგენლები, რომლებიც უნდა ისხდნენ სხდომაზე და უსმინონ იმას, რაც ხდება, დანარჩენი მათ კომპეტენციაში არ შედის, ერევიან და ცხვირს ყოფენ ყველაფერში, თითქოს მხარეები არიან. არც ადვოკატები არიან ისინი, არც პროკურორები არიან, არც ბრალმდებლები არიან. ისინი არიან წარმომადგენლები, რომლებსაც კანონით არანაირი უფლება არ აქვთ მინიჭებული, რომ მიიღონ მონაწილეობა სასამართლო პროცესებში.
_ როგორი მოლოდინი გაქვთ შემდეგი სასამართლო პროცესისგან და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ? თუ არის შესაძლებელი, რომ ამაზე ვისაუბროთ?
_ თუ ჩემს შეთავაზებულ რეგლამენტს გაჰყვებიან, იანვრის ბოლომდე ეს სასამართლო დასრულდება და მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი, რა შუამდგომლობაც გვაქვს დაყენებული.
_ დაცვის მხარემ ამ დრომდე დაუშვა თუ არა ისეთი ხარვეზები, რომლებმაც გარკვეული პროცესების სხვა სცენარით წარმართვა გამოიწვია?
_ ასეთ სიღრმეებში შესვლა არ შეიძლებოდა, ასე მიმაჩნია და ეს უნდა გამოსწორდეს ახლა.
_ გამოსწორებადია ეს ყველაფერი?
_ მე ვამბობ, რომ გვაქვს ექსტრემალური სიტუაცია და როგორ შეიძლება, ეს დროში გაიწელოს? ყოველი დღე შეიძლება იყოს სახიფათო, საგანგაშო შედეგების მომტანი, ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება დაჩქარებულად უნდა წარიმართოს საქმე.
_ ფიქრობთ, რომ სასამართლო ამ შემთხვევაში იმოქმედებს კონსტიტუციურად და არ იქნება კონკრეტული პოლიტიკური ვერდიქტი? იმ შემთხვევაში, თუ იქნა მნიშვნელოვანი ხარვეზები დაშვებული, წავა თუ არა ეს საქმე უცხოურ სასამართლოში?
_ თუ მოგვიწევს, წავიღებთ, არ არის ეს პრობლემა, თუმცა არა მგონია… მაქვს იმის განცდა და მოლოდინი, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა.
_ შეძლებს მოსამართლე გიორგი არევაძე, გადააბიჯოს პოლიტიკურ დირექტივებს?
_ საქმის განმხილველი მოსამართლეა და ამ შემთხვევაში ჩემს პირად აზრს ვერ გეტყვით. მე რომ არ ვმონაწილეობდე, აუცილებლად მექნებოდა ჩემი შეფასება.