- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2023-01-07 17:36:46
ირინა მაკარიძე
ევრორეკომენდაციის 12-ვე პუნქტი დღეს დასულია ერთ საკითხამდე, _ გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ? ამაზეა დამოკიდებული საქართველოს დემოკრატიული განვითარებაც და მისი ევროპული მომავალიც.
ბოლო დროს განვითარებული მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორი, კახა გოგოლაშვილი:
_ ბატონო კახა, იყო თუ არა 2022 წელი საქართველოსთვის „შესაძლებლობების ხელიდან გაშვების“ წელი და რით ხვდება ქვეყანა 2023 წელს?
_ თუ მვიჩნევთ, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ვერმიღება იყო შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, მაშინ კი, ეს ასეა, მაგრამ „ევროპული პერსპექტივის“ მიღებაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება შესაძლებლობების ხელიდან გაშვებას, შესაძლებლობას ჩვენ ყოველდღე ვუშვებთ ხელიდან, როდესაც ვაღრმავებთ ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციას, არ ვიყენებთ შესაძლებლობებს ქვეყნის წინსვლისთვის. საზოგადოებრივი კონსენსუსი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში მეტი სტაბილურობა და ოპტიმიზმი იყოს. ამ თვალსაზრისით წელს ვერაფერი დადებითი ვერ გაკეთდა.
თუმცა შეიძლებოდა მეტიც დაეკარგა, მაგრამ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. ამ თვალსაზრისით მაინც მიმაჩნია, რომ პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა წინ. კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა არ არის სამუდამოდ დაკარგული. ჩვენ დაგვპირდნენ, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ კონკრეტული პირობით, მაგრამ სწორედ ეს არის ყველაზე დასანანი, რომ პირობები არ სრულდება. პოლიტიკური პოლარიზაცია ვერ დავძლიეთ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. ამ შესაძლებლობას ყოველდღე კარგავს ქვეყანა, მხოლოდ წელს კი არ დაკარგა. მგონია, რომ ეს მომავალ წელსაც გაგვყვება. ვიცით, რომ 2023 წლის შემოდგომაზე იქნება ახალი შეფასება და კიდევ არის შანსი, მოგვცენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ ამ შანსსაც ალბათ გაუშვებს ქვეყანა, რადგან არანაირად არ უჩანს პირი ამ დაპირისპირების შემცირებას.
_ რა შეუწყობს ხელს პოლარიზაციის დაძლევას?
_ პოლარიზაციის დაძლევისკენ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება ან უცხოეთში სამკურნალოდ გაშვება, რაც, პრაქტიკულად, მის განთავისუფლებასაც ნიშნავს, რადგან უცხოეთიდან მას ძალით ვეღარ დააბრუნებენ. ეს იქნებოდა ქვეყნისთვის უკეთესი გამოსავალი, თუმცა ჩანს, რომ ამის გაკეთებას არ აპირებენ. თუ მოახერხებენ დაძლიონ სიძულვილი და სააკაშვილი გაუშვან საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მაშინ, ალბათ, ძალიან ბევრი რამე შეიცვლება. შეიძლება მართლა მივიღოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უახლოეს მომავალში. ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეამცირებს პოლარიზაციას და გახსნის მოლაპარაკების ველს პოლიტიკური ძალებისთვის.
_ რით შეიძლება აიხსნას საქართველოს ხელისუფლების ასეთი შეუვალობა დასავლეთის მაღალი ტრიბუნებიდან გაკეთებული მოწოდებების მიმართ?
_ ხელისუფლებას აქვს ძალიან ძლიერი იდეა ფიქსი, ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება. უკვე 10 წელია, ძალაუფლება ხელთ უპყრია „ქართულ ოცნებას“. უნდათ, რომ კიდევ 10 წელი იყვნენ ხელისუფლებაში, თანახმა არიან ნებისმიერ რამეზე, _ ქვეყანამ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა, იყოს დაპირისპირება და უიმედობა ქვეყნის შიგნით, მათთვის პრიორიტეტია ძალაუფლების შენარჩუნება. ევროკავშირი ქვეყანას მიუთითებს, რომ საქართველოს მართავს არაფორმალური მმართველი, რაც შეუთავსებელია დემოკრატიულ მმართველობასთან. აქედან გამომდინარე, მათ არ სჭირდებათ ევროპული დემოკრატია, მათ სჭირდებათ ძალაუფლების შენარჩუნება ყველანაირი გზით, რაც არის ძალიან მძიმე ქვეყნისთვის.
_ ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ ჩაიწერა ბიძინა ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის, სახელი, საუბარი დაიწყო მის შესაძლო სანქცირებაზე. ჩაიწერება თუ არა ეს წელი საქართველოს ისტორიაში, როგორც ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასასრულის დასაწყისად?
_ ძალიან ძნელი სათქმელია. პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არაფორმალური მმართველობაა ან ხელისუფლება მიტაცებულია. ეს უკვე პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტრადიციაა. ამის დაძლევა მარტივი არ არის. ამ ტიპის ქვეყნებში გახლავთ გარკვეული ფაქტორები, რაც აძლევს ხელისუფლებაში მოსულ ძალას სათავეში დიდი ხნით დარჩენის შესაძლებლობას. ეს ფაქტორებია: ის, რომ ქვეყანა ღარიბია, ქვეყანაში დემოკრატიული ტრადიცია სუსტია ან არ არსებობს, მოსახლეობა როგორღაც ირჩევს ერთსა და იმავე ძალას, იმიტომ რომ „მოერგო“ მას. ამას ემატება პოლიტიკური ძალების სისუსტე. როგორც ჩანს, ყველა პოსტსაბჭოთა სივრცეში ოპოზიციური პოლიტიკური ძალები არიან ძალიან სუსტები: არ აქვთ საკმარისი მიზანდასახულობა, არც საკმარისი კომპეტენცია, ცოდნა და მთლიანობაში, არასწორად უდგებიან პოლიტიკური ბრძოლის საკითხებს. აქედან გამომდინარე, რთულდება, რომ ხელისუფლება დემოკრატიული გზით შეიცვალოს ან ტრანსფორმირდეს და გახდეს უფრო დემოკრატიული.
რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ხელისუფლების ხელში ჩაგდება როგორღაც მოახერხა ძალიან მდიდარმა ადამიანმა, შემდეგ ეს მდიდარი ადამიანი, პრაქტიკულად, უჭრის გზას სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მოვიდნენ ხელისუფლებაში. მას ბევრად უფრო დიდი რესურსი აქვს როგორც საარჩევნო მობილიზაციისთვის, ასევე საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად: შეუძლია ექსპერტები დაიქირავოს, რომლებიც დაეხმარებიან საარჩევნოდ, შეუძლია გამოიყენოს ქველმოქმედება და სხვა ხერხები, რამაც შეიძლება მოახდინოს გავლენა ადამიანების განწყობაზე. პატარა ქვეყანაში, სადაც არსებობს ოლიგარქი, ხელისუფლების შეცვლა ძალიან რთულია.
_ მოჰყვება თუ არა შედეგი მიხეილ სააკაშვილის წერილს საფრანგეთის პრეზიდენტისადმი, რომ დაეხმაროს მას და მოახდინოს გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, იქედან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილი და სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეები არიან?
_ არ მგონია, რომ საფრანგეთი ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, ამას აკეთებს ევროკავშირი და იგი არის უფრო ძლიერი, ვიდრე ერთი რომელიმე ქვეყანა. მაგრამ რამაც შეიძლება შეცვალოს ძალიან ბევრი რამ, ეს იქნება უკრაინის გამარჯვება. როდესაც უკრაინა გამოვა, როგორც გამარჯვებული ქვეყანა, რუსეთი კი _ დამარცხებული, მაშინ ევროპას საშუალება ექნება, უფრო ხისტად მოსთხოვოს საქართველოს ბევრი რამ. ასეთ პირობებში საქართველოს ხელისუფლებაში მყოფებს ძალიან გაუჭირდებათ, ანგარიში არ გაუწიონ დასავლეთს. ახლა კი, როგორც ვხედავ, მიმდინარეობს თამაში, ხელისუფლება იყენებს ამ მდგომარეობას, რომ ევროპას ამ მომენტში ძალიან სჭირდება საქართველო და ცდილობს, ხელი არ კრას მას, რომ შემდეგ მთავრობამ რუსეთისკენ არ გადადგას ნაბიჯი და ხელი არ შეუწყოს მას სანქციების დარღვევის ან სხვა საკითხებში. ამიტომ ბევრ რამეს მაინც პატიობენ, მაგრამ როდესაც უკვე უკრაინა გაიმარჯვებს, შემდეგ სხვა ტონით დაელაპარაკებიან საქართველოს მთავრობას და მათ მოუწევთ, ალბათ, მინიმუმ, სააკაშვილის განთავისუფლება _ გაშვება. დანარჩენი დამოკიდებულია თავად ხალხზე. მგონია, უკრაინის გამარჯვება გავლენას მოახდენს თავად ხალხის, მოსახლეობის განწყობაზე და, ალბათ, მეტად გაღვივდება პათოსი იმისა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს.
_ რას იტყვით ზელენსკის აშშ-სა და ბრიტანეთში ვიზიტზე? იქნება თუ არა ეს გარდამტეხი ფაქტორი უკრაინის გამარჯვების გზაზე?
_ ზელენსკის ვიზიტი შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, კონგრესში მის გამოსვლას დიდი ძალა ჰქონდა კონგრესის კონსოლიდირებისა და პარტიული მხარდაჭერის გაძლიერებისთვის. როგორც ვიცით, რესპუბლიკელებში არის სხვადასხვა აზრი. ტრამპის მომხრე ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინას დახმარება უნდა შეუმცირონ, ამიტომ საჭირო იყო მხარდაჭერის იდეის ირგვლივ მათი დარაზმვა. ეს იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აშშ-ის მოსახლეობის მხარდაჭერის მისაღებად. ეს მოვლენა აშშ-ში გაპიარდა, აჩვენეს კონგრესში მისი გამოსვლა. სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა, ძალიან შთამბეჭდავი იყო, ძლიერი მესიჯები გაკეთდა. ამან შექმნა წინაპირობა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის დახმარებას, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ვიზიტი გადაწყვეტს ომის ბედს. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილს მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ში დახმარების სათხოვნელად რამდენჯერმე დასჭირდა ჩასვლა. პირველად 1941 წლის დეკემბერში ჩავიდა და გამოვიდა კონგრესში სიტყვით, მაშ შემდეგ, ომი კიდევ 4 წელი გაგრძელდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ზელენსკის აშშ-ში ჩასვლა ვერ დააჩქარებს ომის დამთავრებას, მაგრამ ხელს შეწუყობს იმის გარანტირებას, რომ ამერიკა ბოლომდე იქნება უკრაინის გვერდით.
_ რას იტყვით საქართველოს პოზიციის შესახებ რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
_ წელს საქართველოს ხელისუფლებას ორმაგი თამაში ჰქონდა პოლიტიკაში: ერთი მხრივ, რუსეთს არწმუნებდა, რომ შენ არ გაკრიტიკებ, არ გერჩიო, მეორე მხრივ, ევროპასა და დასავლეთს არწმუნებდა, რომ ის უკრაინის მხარესაა, უკრაინის მოსახლეობას ეხმარება. მგონია, რომ ახლა მოდის ხანა, როდესაც ყველას მოსთხოვენ ძალიან მკაფიო პოზიციის ქონას. ევროკავშირმაც არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს. შეიძლება, ვერ მიაწოდოს უკრაინას ტანკები, მაგრამ მიაწოდოს, მაგალითად, ჯავშანჟილეტები. ფაქტია, რომ, ჯერჯერობით, გენერატორებიც კი ვერ გაუგზავნეს.
_ რაც შეეხება უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას, ამის შესახებ რას იტყვით?
_ ამის შეცვლაც მოუწევთ, სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ ექნებათ. თავისთავად, ძალიან დიდი სირცხვილია, რომ იქ დაღუპულ ჯარისკაცებს მთავრობა პატივს არ მიაგებს. გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალიან ცუდი განცხადებები გააკეთეს ამ საკითხზე. ადამიანი, რომელიც იქ იბრძვის, უკვე პატივისცემას იმსახურებს, უკვე გმირია. ასეც არის საზოგადოებისთვის, მაგრამ ხელისუფლებისთვის _ არა. რა არ დააბრალეს ამ ადამიანებს. ამას ტყუილად ხომ არ გააკეთებდნენ? ე. ი., ვიღაცას, ზემოთ მყოფს, ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს, მოსწონს ეს. პარლამენტის წევრები გამოდიან და შეურაცხყოფენ ჩვენს მეომრებს, ამით ან რუსეთს აწონებენ თავს, ან _ ვიღაცებს ჩვენსავე ხელისუფლებაში ან ხელისუფლების გარეთ. ეს ასე ვერ გაგრძელდება, რა თქმა უნდა. რაც უფრო დასუსტდება რუსეთი, მით უფრო უკან დაიხევს მსგავსი ქმედებები. მომავალ წელს ეს უნდა შეიცვალოს.
_ ქვეყნის შიგნით თუ ხედავთ რამე ისეთ დადებით ტენდენციას, რაც შეიძლება 2023 წელს გადაგვყვეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს? შეიძლება თუ არა, ეს იყოს ოპოზიციაში დაწყებული მოძრაობა გაერთიანებისკენ?
_ ახლა რაც ჩანს ოპოზიციაში, ეს არის სტაგნაცია. ხალხს არ მოსწონს არსებული ხელისუფლება, მაგრამ ასევე მაინცდამაინც არ ენდობა ოპოზიციას. უბრალოდ, ვერ ხედავს ოპოზიციაში ისეთ ძალას, რომელსაც შეუძლია მეტის შეთავაზება. ეს შეიცვლება. ოპოზიციური ძალები ამ დროისთვის სუსტად გამოიყურებიან, მაგრამ გარდატეხა მოხდება და ხალხისგან მეტ მხარდაჭერას მიიღებენ. არ ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“. მგონია, რომ მისი დასუსტება კიდევ გაგრძელდება. მას მოუწევს ძალიან ძლიერ კრიზისში გავლა, დაყოფა და შესაძლოა, დაშლაც.
_ ფიქრობთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნებთან დაკავშირებით დაწყებული პროცესი შესაძლოა, ასე დასრულდეს? ვერ ხედავთ, პირიქით, პარტიის გაძლიერების პერსპექტივას?
_ ვერ ვხედავ, რომ ეს იყოს ერთიანი გუნდი, რომელსაც სერიოზული პერსპექტივა აქვს. მგონია, რომ ამომრჩევლებს „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ სააკაშვილის ფაქტორი აერთიანებთ. ეს ფაქტორი სუსტდება. როგორც ვხედავთ, ავად არის ადამიანი და ჩვენ არ ვიცით, ასეთი ავადმყოფობის შემდეგ შეძლებს თუ არა ისევ თავის პარტიის მართვას. ბოლო ხანებში ის უკვე ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა, უკრაინიდან ჩამოსვლამდეც არასწორ გეზს აძლევდა პარტიას. აღარ მგონია, მას ჰქონდეს ის უნარი, რომ ისევ აღადგინოს პარტია, როგორც ფენიქსი ფერფლიდან. ამიტომ ვფიქრობ, რომ მოძრაობას დიდი მომავალი არ აქვს, მაგრამ ერთ-ერთი რიგითი პარტია იქნება, ალბათ, მაგრამ სხვა ოპოზიციური პარტიები უნდა გაძლიერდნენ.
_ რამდენად ასხივებს ამ ძალას ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას გუნდი?
_ არ ვარ კმაყოფილი არცერთი ოპოზიციური ძალის, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება შეიცვლოს, მთავარია, მათ ირწმუნონ საკუთარი პასუხისმგებლობის. საერთოდ, ხალხი აძლიერებს პარტიას და პარტია ასევე ოპტიმიზმს აძლევს ხალხს. ახლა ხალხიც აპათიაშია და პარტიებიც დასუსტებული არიან. ბრძოლის მოტივაციას ვერ ვხედავ მათში, მგონია, რომ მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძვიან. არადა, პოლიტიკურმა პარტიამ ქვეყანა უნდა გადაარჩინოს. ხალხმაც უნდა ითამაშოს თავისი როლი, დაანახოს, არ უნდა ქვეყანას ერთი კაცი ან ერთი პარტია მართავდეს და დემოკრატიის მეტ ხარისხს ითხოვს ქვეყანაში. მაშინ სხვანაირ პასუხისმგებლობას იგრძნობდნენ ეს პარტიებიც, მეტ ძალას შემოიერთებდნენ, პარტიებმა უნდა გახსნან გზა ინტელექტუალი ძალებისთვის. ჩვენთან ისე ხდება, რომ პარტიები ლიდერების გარშემო ფორმირდებიან და არ იწვევენ უფრო ძლიერ და გონებაგახსნილ ადამიანებს, რადგან ყველა შიშობს, რომ ვინმე მასზე ძლიერი არ გამოჩნდეს პარტიაში. ასე წინსვლა არ იქნება, საკუთარი ინტერესები უნდა დაივიწყონ და იფიქრონ პარტიის გაძლიერებაზე, რომ ამით ქვეყანა გადაარჩინონ. როგორც ბრძოლის მოგება შეიძლება ისე, რომ ადამიანმა საკუთარი თავი უნდა დაივიწყოს და იფიქროს მთლიანად გუნდზე, ასე არის პარტიაც. მათ თუ გააგრძელეს მარტო იმაზე ფიქრი, რომ როგორმე შეინარჩუნონ თავიანთი პოზიციები და თავისი ადგილი პარტიაში, პარტიამ კი შეინარჩუნის თავისი 3 თუ 4 ადგილი პარლამენტში, ასე, რა თქმა უნდა, წინსვლა არ იქნება.
ვფიქრობ, ყველაფერი განწყობის საქმეა. უკრაინის გამარჯვება შექმნის სულ სხვა განწყობას ყველა ქვეყანაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში და, მათ შორის, საქართველოში. რაც უფრო გაღრმავდება და გაიზრდება გამარჯვების მოლოდინი, მით უფრო მეტი ოპტიმიზმით განიმსჭვალებიან დემოკრატიული ძალები.
_ ეს დროის საკითხია, მიხეილ სააკაშვილს კი ძალიან მალე სჭირდება შველა და როგორ წარმოგიდგენიათ ეს ამ ვითარებაში?
_ შიდა ზეწოლა, როგორც ვხედავთ, ვერ ხდება იმ ძალით, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილების მიღება აიძულონ, პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ ის გავლენა მასებზე, რომ გრანდიოზული მიტინგები გამართონ. იმედი მაქვს, გარედან, აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან ზეწოლა მოახდენს გავლენას. ისინი აფრთხილებენ, რომ უნდა გადარჩეს სააკაშვილი. მას თუ რამე მოუვა, ამაზე პასუხისმგებლობას თავიდან ვერ აიცილებს ივანიშვილი და მისი მმართველობა, ლუკაშენკოს ვითარებაში აღმოჩნდებიან, რომელსაც მხოლოდ რუსეთი ჰყავს მხარდამჭერი, ეს კი არ მგონია, სახარბიელო პერსპექტივა იყოს. ეს აიძულებს ხელისუფლებას, დათმობაზე წავიდეს, მით უმეტეს, რომ სააკაშვილის უცხოეთში ყოფნით მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
_ ფიქრობთ, რომ ამას ვერ ხედავენ „ოცნებაში“?
_ შეიძლება ხედავენ, მაგრამ, სავარაუდოდ, „ოცნება“ ანგარიშს უწევს მოსკოვის აზრს. როდესაც საუბრობენ, რომ სააკაშვილი პუტინის პატიმარია, ჩანს, რომ ეს აზრი მთლად უსაფუძვლოც არ არის. შეიძლება აქვთ გაფრთხილება, რომ არ გაბედონ სააკაშვილის გაშვება, თორემ „ქართული ოცნებისთვის“ სააკაშვილი ციხეში მხოლოდ თავის ტკივილია, აქამდეც არ უნდა მიეყვანათ საქმე. ახლა უკვე დაიმკვიდრეს ჯალათების სახელი. ჩემთვის ასევე გასაკვირია, პრეზიდენტმა რატომ არ შეიწყალა აქამდე? მიჩნდება ეჭვი, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტად არჩევის სანაცვლოდ ივანიშვილს მისცა დაპირება, რომ არ შეიწყალებდა მიხეილ სააკაშვილს. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ, რადგან დარწმუნებული ვარ, ევროპაში ყოველი ჩასვლისას მას ამის შესახებ ესაუბრებიან. ზეწოლა გაგრძელდება და, ადრე თუ გვიან, მოუწევთ მისი გამოშვება, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ძალიან დაგვიანებული არ იყოს და არ მოხდეს საშინელი ამბავი.