- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2022-11-13 16:41:12
ნენე ინჯგია
ინფლაციის დონე შემცირდა. ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ შეადგინა 0.5 მეათედი პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ _ 10.6 მეათედი პროცენტი.
საქსტატის მონაცემებით, საბაზო ინფლაციამ 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.3 მეათედი პროცენტი შეადგინა.
ასევე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მონაცემებით, დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა მენეჯერების პოზიციაზე და 2414.7 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო ხელფასის ყველაზე დაბალი მოცულობა დაფიქსირდა არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე (674.1 ლარი).
სქესის მიხედვით კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე აღემატება ქალების ხელფასს. მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი 1863.5 ლარით განისაზღვრა, ხოლო მამაკაცების ხელფასი – 2768.9 ლარით. გენდერული სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალია არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე, სადაც ქალების საშუალო ხელფასი მამაკაცების ხელფასს 53.5 პროცენტით ჩამორჩება. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი დაკავებული პოზიციებისა და სქესის მიხედვით.
სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯები გამოკვლევის შედეგების მიხედვით: 2021 წელს საშუალო წლიური დანახარჯი ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 16142.8 ლარს შეადგენდა, საიდანაც 97.0% შრომის ანაზღაურებაზე მოდის, ხოლო 3.0% – სხვა დანახარჯებზე (თანამშრომლების სოციალურ, კულტურულ-საგანმანათლებლო, კვალიფიკაციის ამაღლებისა და მსგავსი სახის ღონისძიებები).
2021 წლის მონაცემებით, სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯები საშუალოდ ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 32.3%-ით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
სექტორების მიხედვით, სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში ფიქსირდება და 29 201.0 ლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე დაბალი – განათლების სფეროში გამოვლინდა და 10 152.9 ლარით განისაზღვრა.
როგორ აისახება ინფლაციის დონის შემცირება პროდუქტების ფასებზე? რამდენად სანდოა და ასახავს თუ არა რეალობას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული კვლევები? რა განაპირობებს ქალსა და მამაკაცს შორის ხელფასების სხვაობას?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ ეკონომისტ ნიკა შენგელიას ესაუბრა:
_ ბატონო ნიკა, ინფლაციის დონე შემცირდა. ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ შეადგინა 0.5 მეათედი პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ _ 10.6 მეათედი პროცენტი. მთავრობის ეკონომიკური გუნდი ამას ხაზგასმით აღნიშნავს, თუმცა ჩნდება კითხვა, როგორ აისახება ეს მოსახლეობაზე, უშუალოდ ადამიანის ცხოვრებაზე?
_ წლიური ინფლაცია ბოლო მონაცემებით 10.6%-ია. ინფლაცია ნიშნავს იმას, რომ ფული არის გაუფასურებული, ანუ მსყიდველუნარიანი ძალა დაკარგული აქვს, რასაც მტკივნეულად განიცდის მოსახლეობა. ინფლაციას როცა ითვლიან, დაახლოებით 5 პროდუქტია არჩეული _ როგორც კვებითი, ასევე სხვა საქონელიც, გამოდის საშუალო. თუ ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, თუ რამდენია ინფლაცია იმ პროდუქტებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეულია მოსახლეობისთვის, მაშინ ინფლაცია წლიური არის 15%-მდე შარშანდელ ოქტომბერთან შედარებით. მთლიანად, 10.6%-ში 5%-ზე მეტი, ანუ ნახევარზე მეტი გამოვიდა იმ ინფლაციის წილი, რაც პროდუქტებზე მოდიოდა. თუ 6 წლის წინანდელ მონაცემებს ავიღებთ და წლევანდელს შევადარებთ, 65%-ზე მეტია ინფლაცია. თუ ვისუბერებთ 2012 წლის შემდეგ მდგომარეობაზე, ძალიან ბევრ პროდუქტზე ინფლაცია 15% კი არ არის, არამედ 100%-ც კი არის. ასეთი ვითარება გვაქვს ახლა. არ ვიცი, რას გულისხმობენ მთავრობის წარმომადგენლები, როდესაც აცხადებენ, რომ ინფლაცია მცირდება. შესაძლოა, ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფასები შემცირდება. თუ მომავალ წელს, შემცირდება ინფლაციის მაჩვენებელი, რასაც ჩვენ 2023 წლის აპრილიდან ველოდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ფასები სწრაფად არ გაიზრდება პროდუქტებსა და მომსახურებაზე, ასევე სხვა საქონელზე, რომელსაც მოსახლეობა იძენს, ტანსაცმელი იქნება ეს თუ ფეხსაცმელი. ინფლაცია 2023 წლის აპრილში 7-8%-ც რომ იყოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასები გაიაფდება პურზე, ხორცზე, რძეზე, კვერცხზე. მთავრობის წარმომადგენლების ასეთი ბუნდოვანი განცხადებები კი მოსახლეობას აყენებს იმედის ქვეშ და ეს იმედი არ მართლდება. 10 წლის განმავლობაში ამბობენ, რომ ინფლაცია მცირდებაო, მაგრამ ფასებზე არ მოქმედებს. ეს არის ციფრებით „ჟონგლიორობა“. ამას ფასების შემცირებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ინფლაციის დონის შემცირება არანაირად არ მოქმედებს პროდუქტებზე ფასების კლების თვალსაზრისით, მოსახლეობის ინტერესს კი სწორედ ეს წარმოადგენს. თუ გაქვთ საახალწლო პროგნოზი პროდუტების ფასთან დაკავშირებით?
_ ჩვენ ეს პროგნოზი ადრეც ვთქვით პურის ფასის ზრდის შესახებ, მაშინ მთავრობა გვიმტკიცებდა, რომ არ გაიზრდება ფასები პურზეო, თუმცა აღმოჩნდა, რომ არის ამის საშიშროება და დეკემბერში ელოდებიან პურზე ფასების ზრდას, რადგან ხორბალზე გაზრდილია საექსპორტო გადასახადი. ჩვენი ძირითადი მომწოდებელი რუსეთია. ჩვენ შემოგვაქვს 90% ფქვილი. ფქვილზეც აპირებენ ფასების გაზრდას, შესაბამისად, ფქვილზეც თუ გაიზარდება ფასები, ზეთზეც მაღალია ფასები. მე ვსაუბრობ იმ ინგრედიენტებზე, რაც პურის გამოცხობას სჭირდება: მარილი, საფუარი, _ ე. ი. დოლარის არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაშიც კი მოსალოდნელია პურზე 10-15%-იანი ფასების ზრდა დეკემბრის მეორე ნახევრიდან. დეკემბერში არ ველოდებით ხორცზე ფასების ზრდას მნიშვნელოვნად, თუმცა რძის პროდუქტებსა და კვერცხზე არ გამოვრიცხავთ, რომ 10-12%-ით უნდა გაიზარდოს ფასებია, _ მეფრინველეობისთვის წელს ძალიან ცუდი მოსავალი იყო მარცვეულზე, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, სადაც აგვისტოში ცხელმა ქარმა გაანადგურა სიმინდის მოსავალი. ამიტომ ფრინველებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვება ამ ზამთარში, ძირითადად, იმპორტირებულ პროდუქციაზე იქნება დამოკიდებული, რაც არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებასა და პროგნოზს, რომ ფასები კვერცხზე, რძეზე, ყველზე, ზოგადად, რძის პროდუქტებზე გაიაფდება.
_ რაც შეეხება ლარის კურსს, ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში იგი დასტაბილურდა. რა ფაქტორებით არის ეს განპირობებული და უნდა ველოდოთ თუ არა სამომავლოდ მის კიდევ უფრო მეტად გამყარებას?
_ ლარის კურსის ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორი, რომ ასე ინარჩუნებს თავს 2.75-იან ნიშნულთან ახლოს, არის ის, რომ ძალიან ბევრი ემიგრანტი შემოვიდა, ასევე ჩვენგან ემიგრირებული ქართველი მოსახლეობა გაცილებით მეტ თანხას რიცხავს, ტრანზაქციას ახორციელებს თავის ახლობლებთან და ჩვენ ვნახავთ, რომ წლის ბოლოს დაითვლება საერთოდ შემოსული ფულის რაოდენობა და ის 8 მილიარდს გადააჭარბებს ლარში. ფაქტობრივად, თუ რაიმე იყიდება მაღაზიებსა და ბაზრობებზე, 50% სწორედ ჩვენი ემიგრანტების ხარჯზე ხდება და ასევე იმ მოსახლეობის ხარჯზე, რომელიც საქართველოში შემოვიდა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ. ჩვენ ვნახულობთ მონაცემებს და ოქტომბერშიც ძალიან ბევრი რუსი ტურისტია შემოსული. ფაქტობრივად, ეს არის ხალხი, რომელიც აქ ცხოვრებას აპირებს. მათაც შემოაქვთ, გარკვეულწილად, თანხები. ბანკებს დაუბრუნდათ ჭარბი ვალუტა და ნაკლებად უწევთ ერთმანეთში ვაჭრობა. გამომდინარე აქედან, კურსი, ასე თუ ისე, 2.75-იან ნიშნულზეა. თუმცა ჩვენ გვაქვს ასეთი პროგნოზი: მოკლევადიან პერიოდში, ახალ წლამდე, კურსი შეიძლება 2.80-იან ნიშნულში შევიდეს, თუმცა იანვრიდან ისევ დასტაბილურდება და ჩამოვა 2.75-იან ნიშნულზე.
_ გასულ კვირას სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მორიგი კვლევა გამოაქვეყნა: სქესის მიხედვით, მამაკაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე აღემატება ქალების ხელფასს. მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი 1863.5 ლარით განისაზღვრა, ხოლო მამაკაცების ხელფასი – 2768.9 ლარით. გენდერული სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალია არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე, სადაც ქალების საშუალო ხელფასი მამაკაცების ხელფასს 53.5 პროცენტით ჩამორჩება, _ რით აიხსნება ის, რომ მამაკაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე აღემატება ქალების ხელფასს?
_ პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ ხელფასების ეს სტატისტიკა მიმაჩნია ძალიან არასანდოდ და არასერიოზულად, იმიტომ, რომ მეთოდოლოგია არის ასეთი: ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობის 35%-ს, რომელიც დასაქმებულია სავაჭრო სექტორში, ხელფასი აქვს 800-ლარამდე, მაგალითად, თუ ერთს აქვს ხელფასი 500 ლარი, მეორეს _ 2000, ხოლო დირექტორს აქვს _ 10.000, გამოითვლება ამათი საშუალო, 12.500-ის მესამედი, ანუ გამოდის, რომ ყველას აქვს ხელფასი 4200-ლარამდე, დაახლოებით, რომელიც, რა თქმა უნდა, არასწორია. ამ თემით მოსახლეობის ის ფენა ინტერესდება, რომელიც მართლა გაჭირვებულია. ადამიანს 800 და 1000 ლარი რომ აქვს ხელფასი და ოჯახიდან მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მან კომუნალურებიც უნდა გადაიხადოს, წამლებიც უნდა შეუძინოს ოჯახის წევრებს, საკვებიც უნდა შეიძინოს, ამიტომ ეს ციფრი ხელფასებთან დაკავშირებით არის ძალიან არასანდო მაჩვენებელი, დიდი კრიტიკა ახლავს თან საზოგადოების მხრიდან ამ ციფრების გამოქვეყნებას. არ ვიცი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ითვალისწინებს თუ არა ამას და აინტერესებს თუ არა ხალხის აზრი, მაგრამ ასეთი სიტუაციაა. რაც არ უნდა დაწერონ შიგნით, ეს არის არარეალური ციფრი.
_ მეთოდოლოგიის ნაწილი გასაგებია და ამაზე, ალბათ, ყველა თანხმდება, რომ არასწორად არის გამოთვლილი, თუმცა ჩნდება კითხვა, _ რატომ არის ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის ასეთი მკვეთრი სხვაობა ყველა პოზიციაზე?
_ ეს სხვაობა ერთადერთი აიხსნება იმით, რომ რაც კომპანიებია საქართველოში, უმეტესად მამაკაცები არიან დამფუძნებლები და ხელმძღვანელი პირები, აქ გასაკვირი არაფერია. არ ვამბობ იმას, რომ ქალბატონებს არ აქვთ ბიზნესი, სხვათა შორის, მათ უფრო წარმატებული ბიზნესები აქვთ, თუმცა რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოში მატრიარქატი მაინც არ არის. მაგალითად, თუ ავიღებთ ბელარუსიის მაგალითს, იქ პირიქით არის _ დიდ სფეროებსა და სექტორებში ქალბატონები არიან წამყვან პოზიციებზე. ჩვენთან, ჯერჯერობით, ასეა, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ ასე გაგრძელდება, არ გამოვრიცხავ, პირიქითაც მოხდეა. ჩვენთან ხელმძღვანელ პოზიციებზე მამაკაცები არიან და, შესაბამისად, ტოპმენეჯერებს მაღალი ხელფასები აქვთ. კვლევის მეთოდოლოგია უნდა შეიცვალოს და ჩამოყალიბდნენ. საერთოდ, დასაქმებულების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ძალიან ჭრელი სურათი გვაქვს. ჯერ ერთი, რეგიონებში ჩვენი სტატისტიკის მიხედვით დასაქმებულად 80% ითვლება და ეს არასწორი ციფრია. დასაქმებულად თვლიან ყველას, თუ ვინმეს ეზოში ბოსტანი აქვს და ქათამი დაურბის, _ ეს არ არის სწორი მიდგომა. თუ ეს მეთოდოლოგია დაიხვეწება და რეალურად დათვლიან დასაქმებულებს, ძალიან სავალალო ციფრები გამოჩნდება. მოსახლეობის 35%, ფაქტობრივად, ზის იმ ტრანზაციაზე, რომელსაც უგზავნიან თავისი ახლობლები უცხოეთიდან. საქართველოს ეკონომიკა ჩამოკიდებულია ჩვენი ემიგრანტების შრომაზე. რეგიონების მოსახლეობას ჰყავს საქონელი, ცხვარი და ა. შ., მაგრამ ძირითადი შემოსავალი აქვთ მეუღლის, მშობლების ან ნათესავების მხრიდან, რომლებიც უცხოეთში არიან გადახვეწილები. ეს ხალხი ითვლება დასაქმებულად, რაც არასწორი აღრიცხვა და მეთოდოლოგია.
_ უკვე ბევრი წელია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ არასწორი მეთოდოლოგიით ხდება კვლევა, რის გამოც ხშირად ციფრებში რეალური მოცემულობა არ ჩანს. რით აიხსნება ის, რომ კვლევის მეთოდოლოგიას არ ცვლიან?
_ პირველ რიგში, ავხსნათ ის ფაქტი, რომ ამხელა ინფლაციაა, მოხდა გაუფასურება და მოსახლეობა ამ ტვირთს, ძირითადად, ატარებს იმ სეგმენტში, რომ პროდუქტების ფასი არის გაზრდილი, ვერ აუდიან წამლების ყიდვას და ვერ იკვევებიან ნორმალურად. ამ ხელისუფლების (არც წინა მთავრობას ჰქონდა ეს დალაგებული და ახლა _ მით უმეტეს) ეკონომიკურმა გუნდმა ვერ უზრუნველყო, გაეზარდა პროდუქტების წარმოება. როდესაც ვიცით, რომ 70%-მდე შეგვიძლია ხორბლის მოხმარების წარმოება, ჩვენ გვაქვს სურათი, როდესაც მხოლოდ 15%-ს ვაწარმოებთ და 85% შემოგვაქვს. საქართველოში უკვე უცხოური ხილიც გაჩნდა დახლებზე, ხილიც შემოდის. არ არის საკმარისი საწარმოები იმისთვის, რომ ქართული პროდუქცია არსებობდეს ბაზარზე. არასწორად ირჩევენ პრიორიტეტებს. არ ვიცი, ეს რისი ბრალია _ პოლიტიკური ნება არ აქვთ თუ იმის, რომ ადგილზე გვყავს არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური ხალხი.