- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2022-10-14 19:17:50
გიგა გელხვიიძე
გასული საუკუნის 20-იან წლებში თბილისში სულ სამი დიდი ბაზარი არსებობდა, მათ შორის, ერთ-ერთი იყო „დეზერტირების“ ბაზარი.
ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, თუ რატომ დაერქვა მას აღნიშნული სახელწოდება, თუმცა მკითხველისთვის რომ უფრო ცხადი გახდეს და მისთვის მარტივად აღქმადი იყოს გასული საუკუნის ბაზრის ისტორია და დღევანდელობა, გეტყვით, რომ მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე „დეზერტირების ბაზარმა“ აღნიშნული სახელწოდება მას შემდეგ მიიღო, რაც მეოცე საუკუნის დასაწყისში პირველი მსოფლიო ომიდან და რუსეთის სამოქალაქო ომიდან გამოქცეულმა რუსმა სამხედროებმა, თავიანთი ამუნიციის, იარაღისა და სხვა ნივთების გაყიდვა დაიწყეს იმისთვის, რათა თავი გადაერჩინათ.
დღეს, 21-ე საუკუნეში, 2022 წელს, ისტორია კვლავ მეორდება, თუმცა მცირედი ცვლილებებით, _ ახლა რუსეთიდან არა ჯარისკაცები, არამედ საზარბაზნე ხორცად გამზადებული მოქალაქეები გამორბიან და საქართველოსა და სხვა ქვეყნებს იმისთვის აფარებენ თავს, რომ თავიანთი სიცოცხლე უკრაინასთან ომში ვლადიმირ პუტინის ახირებას არ შესწირონ.
ამ დროისთვის საქართველოში ათი ათასობით რუსეთის მოქალაქეა შემოსული, ნაწილი კი დღემდე ზემო ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებულ რამდენიმე კილომეტრიან რიგში დგას იმ იმედით, რომ საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს და ასე იხსნის საკუთარ თავს. ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ ადამიანებს არანაირი სხვა ამბიცია და მიზანი არ გააჩნიათ გარდა თავის გადარჩენისა, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც სულ სხვა ფიქრები და დამოკიდებულება აქვთ და კონკრეტულ მომენტში შესაძლოა, ქვეყნისთვის გარკვეულ საფრთხედ და დაბრკოლებად იქცნენ. ასეთებს ხშირად გადააწყდებით სოციალურ ქსელ „ტელეგრამის“ არხზე სახელწოდებით „ზემო ლარსი“. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც საქართველოში შემოსვლის საშუალება მხოლოდ იმიტომ არ მიეცათ, რომ ქვეყანაში კანონით აკრძალულ საბჭოთა სიმბოლიკას ატარებდნენ, ასევე მანქანებზე დატანილი ჰქონდათ სტიკერი „ძ“. ისინი წერენ, რომ დროა, ქართველებმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები ცხადად გაიხსენონ, როდესაც ქართულ მიწაზე რუსული ტანკები შემოვიდნენ.
რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთას საგანგაშოდ მიიჩნევენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც სოციალურ ქსელებსა თუ რეალურ სივრცეში განხორციელებული აქტივობებით ხელისუფლებას რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვისკენ მოუწოდებენ.
რა პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას და რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა? _ „ქრონიკა+“ აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო აქტივისტებს ესაუბრა და შეეცადა, მათი პოზიცია გაეგო, _ ადამიანების, რომლებიც ყოველდღიურად სხვადასხვა აქტივობით ცდილობენ, ხმა მიაწვდინონ ხელისუფლებას, თუმცა სანამ უშუალოდ ინტერვიუს ნაწილზე გადავალთ, მკითხველს არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას წარვუდგენთ, სადაც ცხადად ჩანს, თუ რუსეთის რამდენმა მოქალაქემ შეძლო საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვება:
„2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1321-ით (+185%) მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიმართა სააგენტოს ბინადრობის ნებართვის მისაღებად. დაკმაყოფილებულმა განცხადებებმა, 2019 წელთან შედარებით, 972-ით მეტი (+155%), _ 1598 შეადგინა.
ყველაზე დიდი ზრდა გასულ წელთან შედარებით შრომის ნებართვისა (+173) და მოკლევადიანი ბინადრობის (+157) კატეგორიებში დაფიქსირდა“.
რაც შეეხება საზღვრის კვეთას, ამ შემთხვევაში შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ერთი დღის მონაცემებს შემოგთავაზებთ, სადაც ცხადად არის მოცემული ის ციფრები, რომლებიც საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქისთვის საგანგაშოდ მიიჩნევა:
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეების შესახებ მონაცემებს, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, პროაქტიურად აქვეყნებს.
სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე შემცირდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ.-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ.-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ, ხოლო საქართველოს ტერიტორია დატოვა 5186-მა მოქალაქემ, 28 სექტემბრის 10:00 სთ.-დან 29 სექტემბრის 10:00 სთ.-მდე შემოვიდა 9642 და გავიდა 5448 მოქალაქე“.
გიორგი სავანელი _ რეჟისორი, სამოქალაქო აქტივისტი:
_ „ჩაუკეტე საზღვარი რუსებს“ _ აღნიშნული აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყავით და გარდა ამისა, სოციალურ ქსელში მუდმივად აპროტესტებთ იმას, რაც ხდება. რა საფრთხეებს ხედავთ თქვენ, როგორც მოქალაქე და საზოგადო მოღვაწე?
_ ვინც იმას ამბობს, რომ ეს შეიძლება არ იყოს პრობლემა, ვურჩევდი, რომ ან დაგუგლოს, ან ენციკლოპედია აიღოს სახლში და ჩახედოს, რას ნიშნავს ტერმინი ოკუპანტი და ტერმინი ლტოლვილი ან დევნილი, ამის შემდგომ კი ეს განმარტებები ერთმანეთს შეადაროს და შეაფასოს, რომელიმე კრიტერიუმით ან შინაარსით თუ შეიძლება იყოს შეთანხმებული. უბრალოდ ოქსიმორონია (ერთმანეთის საწინააღმდეგო, ერთმანეთის გამომრიცხველი სიტყვების შეხამება, _ რედ.) ამ ორი ტერმინის შეთანხმება. ნებისმიერი მოქალაქე პასუხისმგებელია საკუთარ ქვეყანასა და საკუთარ ხელისუფლებაზე მიუხედავად იმისა, ის მისი ამომრჩეველი არის თუ არა, მიუხედავად იმისა, ის წინააღმდეგობას უწევდა ოდესმე თუ არა. ისინი არიან პასუხისმგებელი საკუთარი ხელისუფლების ყველა ბოროტებაზე, საკუთარ თავზეც კი ისინი იღებენ რუსეთის პასუხისმგებლობას, რომლებიც თვლიან, რომ არ არის სწორი კრემლის პოლიტიკა და ასეთები არიან ძალიან მცირე დოზით. ის ადამიანები, რომლებიც დღეს გამორბიან რუსეთიდან, მოდიან არა იმიტომ, რომ კრემლის პოლიტიკას აპროტესტებენ, არამედ იმიტომ, რომ მათ სიცოცხლეს რეალურად რაღაც საფრთხე შეექმნა. ეს იყო ხალხი, რომელსაც 2008 წლის ომის დროს ხმა არ ამოუღია, ხმა არ ამოუღია 2014-ში და ახლა უცებ გახდნენ კრემლის დევნილები. ეს ზღაპრები მოუყვნენ ვანია ბაბუას და ჟენია ბებიას. ისინი ჩვენთან მოდიან იმიტომ, რომ არის უკონტროლო საზღვარი. მტრის შებრალება არის სიბრიყვე და უფრო მკაცრად თუ შევაფასებთ _ დანაშაული, ისტორიასაც რომ გადავხედოთ შევხედავთ, რომ ვინც მტერი შეიბრალა, ყოველთვის წაგებული აღმოჩნდა. მტერი იმიტომ არის მტერი, რომ ის უნდა გააუვნებელყო, რაც არ უნდა თანაგრძნობა გქონდეს ადამიანისადმი. სახელმწიფოს ინტერესი ის არის, რომ მტერს უნდა ჩაუკეტოს საზღვარი. თუ ვინმეს არ სჯერა, რომ პუტინი ამ ადამიანების დახმარებით მოახდენს საქართველოზე ინტერვენციას, ძალიან ცდება.
_ თქვენ გაქვთ მსგავსი მოლოდინი?
_ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის არის უკონტროლო მონსტრი. რატომ არ არქმევს ის უკრაინასთან არსებულ სიტუაციას ომს და რატომ არქმევს სპეცოპერაციას? იმიტომ, რომ მის დამონებულ საზოგადოებასთანაც კი გარკვეულწილად მართალი იყოს. ამიტომ არის, რომ აქ როგორც კი მაღალი კონცენტრაცია იქნება რუსეთის მოქალაქეებისა, შეუძლია საკუთარი სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია მოახდინოს და შემოვიდეს იარაღით. თუ კარგად გადავხედავთ, ეს ასე იყო საბჭოთა პერიოდიდანვე და პუტინიც ასე მოქმედებს, ჯერ უშვებდა ინტელიგენციას, სამღვდელოებას, რომ შემგუებლობა გაჩენილიყო რუსების მიმართ.
_ როგორ აღიქვამ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას, რომ არ იქნება ხისტი გადაწყვეტილებები მიღებული საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით?
_ მიმაჩნია, რომ ეს არის მათი დანაშაული, თუმცა როდესაც რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ეკონომიკის მინისტრი და ცალსახა ფაქტზე განაცხადა, რომ გასულ წელს უფრო დიდი იყო ნიშნული რუსების ემიგრაციისა და დღეს არის კლებაო, ამის შემდეგ ისინი რას გვეტყვიან, ამისი აღარავის სჯერა, რადგანაც ცალსახა ფაქტებზე ცდილობენ სხვა მოსაზრებების განვითარებას. თუ ისინი ვერ აცნობიერებენ ამ საფრთხეებს, უკიდეგანო სიბრიყვესთან გვქონია საქმე.
გელა ხასაია _ აფხაზური ამბების შემქმნელი.
_ გელა, როგორია თქვენი დამოკიდებულება რუსეთიდან ასობით ათასი ადამიანის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით? ყველაზე კარგად თქვენთვის არის ნაცნობი ოკუპაცია და ამ ქვეყნის წარმომადგენლების როლი საქართველოს წინაშე (გელა ხასაია აფხაზეთიდან დევნილია).
_ მორალურად არ გვაქვს ამ ყველაფრის დაშვების უფლება, რადგანაც ამ 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში, კიდევ უფრო შორეულ წარსულს თავი რომ დავანებოთ, სწორედ ეს ადამიანები გვიხოცავდნენ გმირებს, 2008 წლის აგვისტოს ომში, 1992 წლის აფხაზეთის ომში და ამ ადამიანებში შეიძლება სრულებით თავისუფლად იყვნენ ისინი, რომლებმაც ჩვენი ახლობლები მოკლეს. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს, რომ მათ ქვეყანაში შეზღუდოს რუსების შესვლა, მაშინ, როდესაც ჩვენ ასეთ რეგიონში ვიმყოფებით და პლუს ამ სახელმწიფოს აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული, არ შეიძლება, ეს დავუშვათ. რაც შეეხება საფრთხეებს, ის რეალურად არსებობს და გარდა ამისა, სწორედ ამ ადამიანების მეშვეობით შეექმნათ პრობლემები სტუდენტებს, მათ გაუძვირდათ საცხოვრებელი ფართები და ისინი ვეღარ ახერხებენ ბინების დაქირავებას იმისთვის, რომ დედაქალაქში სწავლა განაგრძონ. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ბიზნესები, რომლებსაც რაღაც გარკვეული ფართები ჰქონდათ აღებული, გაძვირებული გადასახადის შემთხვევაში ვეღარ ახერხებენ ამ თანხის გადახდას და რეალურად მათ ბიზნესის კეთების საშუალებას ართმევენ; ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი სახელმწიფო არანაირ კონტროლს არ ახდენს და არ ცდილობს გამოიძიოს, ვინ რა მიზნით არის შემოსული ქვეყანაში? არიან თუ არა მათ შორის აგენტები? რას წარმოადგენენ ისინი და აქ რატომ მოდიან? ძალიან დიდი რისკია, რომ მათ ჰქონდეთ კონკრეტული გეგმა და ეს არის კონკრეტული პრობლემები, რის გამოც გადავწყვიტეთ, ქუჩაში გამოვსულიყავით.
_ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? სად იკვეთება ხელისუფლების ბრალეულობა ქვეყნის წინაშე?
_ ნორმალური ხელისუფლების ხელში რა მოთხოვნაც ჩვენ გვექნებოდა, ეს არის უვიზო მიმოსვლა, რადგანაც როდესაც გჯერა შენი ხელისუფლის, მაშინ არ გაქვს მოლოდინი, რომ ვინმე ისეთი შემოვა, ვინც საფრთხეს შეუქმნის შენს ქვეყანას. თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში ვხედავთ, რომ არ შემოუშვეს ის ადამიანები, რომლებიც რეალურად იდევნებოდნენ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, ვგულისხმობ ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტებსა და სხვებს, ხოლო სხვა ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ შემოსვლა. სწორედ ამიტომ ვითხოვთ საზღვრის ჩაკეტვას და სავიზო რეჟიმის დაწესებას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკვე არიან შემოსულები. თუმცა ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას შეასრულებს, მაგრამ გვინდა, რომ თუ ამ აქციაზე ვიდექით 500, შემდეგზე უფრო მეტი ვიტყოთ და საბოლოოდ მიაღწიოს სათქმელმა ხელისუფლების აზროვნებამდე.
_ ჩვენ ვხედავთ, რომ რიგი ობიექტები რუსეთის მოქალაქეებს თავიანთ ტერიტორიაზე არ უშვებენ. ასვე გვესმის რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ თუ საჭირო გახდება, ისინი დაიცავენ თავიანთ მოქალაქეებს _ ხომ არ უნდა იყოს მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა, საქართველოში კვლავაც ვიხილოთ რუსული ტანკები?
_ რა თქმა უნდა, ეს არის მოსალოდნელი და არც მე და არც რომელიმე ის ადამიანი, ვინც აპროტესტებს საქართველოში რუსების შემოსვლას, ამას არ იგონებს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითები, თუნდაც უკრაინის ფონზე, რომ თითქოსდა მისი მოქალაქეების დაცვა დაიწყო. ასევე მთავარია ის, რომ პუტინს რაიმე კონკრეტული მიზეზი არ სჭირდება საკუთარი მიზნების მისაღწევად, მას დღეს საქართველოში ჰყავს ბევრი მოქალაქე და თამამად შეიძლება გამოიყენოს ეს მომენტი. მაგრამ ეს ადამიანები სულ რომ ხელის გულზე ვატაროთ, თუ პუტინს აქვს ჩანაფიქრი, შემოვიდეს საქართველოში, ის აუცილებლად შემოვა, ამიტომაც უმჯობესია, მათ შევუქმნათ დისკომფორტი, რათა უფრო ნაკლები რაოდენობით დარჩნენ ქვეყნის ტერიტორიაზე.