- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2022-10-05 17:01:13
შორენა მარსაგიშვილი
პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა დავითაიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში სახიფათო პროცესები დაიწყო, რაც რუსებისა და სეპარატისტი ლიდერების ერთობლივი გეგმის ნაწილია. საუბარია ენგურის ხიდზე შეზღუდვების მოხსნაზე. ამ შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში რუსეთი აფხაზეთთან ერთად გახსნის ახალ სატრანზიტო ზონას, რაც საფრთხის შემცველია ჩვენი სახელმწიფოსთვის. დავითაიას განმარტებით, სეპარატისტების მიზანია, აფხაზეთის ტერიტორია გახდეს ტრანზიტული ზონა, სადაც საქონლის სერტიფიცირება მოხდება მათი წესებით და ტრანზიტის გადასახადი გადაიხდება აფხაზეთში.
რა საფრთხეებს უქმნის ეს ინიციატივა საქართველოს? რისი გაკეთება შეუძლია „ქართულ ოცნებას“? რა შემთხვევაში გახდება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი აქტუალური? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს პაატა დავითაია ესაუბრება:
_ ბატონო პაატა, თქვენ გასულ კვირას შეშფოთება გამოთქვით იმ ინიციატივის გამო, რომლითაც აფხაზები გამოვიდნენ. რა საფრთხეს უქმნის ეს საქართველოს?
_ აფხაზეთის სეპარატისტ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ადმინისტრაციაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს ე. წ. პრეზიდენტის თანაშემწე ვალერი პაპბა. კომისია ასლან ბჟანიას რეკომენდაციას აძლევს, მოხსნას შეზღუდვები ენგურის ხიდზე, რის შედეგადაც აფხაზეთი შეძლებს სხვადასხვა სატრანზიტო ტვირთის მიღებას სომხეთიდან და თურქეთიდან.
აფხაზი სეპარატისტების მიზანია, აფხაზეთის ტერიტორია გახდეს ტრანზიტული ზონა, სადაც საქონლის სერტიფიცირება მოხდება მათი წესებით, ტრანზიტის გადასახადი გადაიხდება აფხაზეთში. ყველა საგადასახადო საბუთი, რომელიც დამოწმდება მათი ბეჭდით, იქნება „აღიარებული“, როგორც აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის მიერ გაცემული დოკუმენტი. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ისინი გააკონტროლებენ ტვირთს და თავად გადაწყვეტენ, რა ტვირთი გაუშვან რუსეთში და რა _ არა. რუსეთი ცდილობს, აფხაზეთის გავლით მოიძიოს ახალი გზა ტვირთებისთვის, ამით, ერთი მხრივ, „გაამყაროს“ აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ და, მეორე მხრივ, აქციოს ეს გზა უკონტროლო გზად კონტრაბანდისთვის.
ამ მექანიზმის ამუშავება ნიშნავს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ირიბად აღიარებას. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, არცერთ შემთხვევაში არ წავიდეს ამ მოლაპარაკებაზე, არანაირად არ დათმოს სეპარატისტებთან ამ მიმართულებით, რადგან ეს ნაბიჯი იქნება ფაქტობრივი აღიარება აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დაზიანება იმ სანქციების ფონზე, რაც არის დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომისთვის.
გამშვები პუნქტები უნდა მუშაობდეს მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც ვრცელდება საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია და არცერთ შემთხვევაში სეპარატისტების მიერ დროებით კონტროლირებად ტერიტორიაზე.
_ თქვენს ხმაურიან განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თუ მოჰყვა რაიმე რეაქცია? რამე სახის განცხადება თუ გააკეთეს?
_ საქართველოს ხელისუფლებისგან არანაირი განცხადება არ გაკეთებულა. სამაგიეროდ, აფხაზი სეპარატისტები გამოეხმაურნენ ჩემს განცხადებას. აფხაზები განმარტავენ, რომ ისინი ქართულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობასა და მოლაპარაკებებს არ აპირებენ. ისინი კერძო კომპანიებთან გეგმავენ მუშაობას. სოხუმი ამბობს, რომ თურქეთიდან შემოვიდა რამდენიმე კომპანია აფხაზეთში და აქედან გაიტანეს ტვირთები რუსეთის ტერიტორიაზე. რუსეთიდანაც გაიტანეს აფხაზეთის გავლით თურქეთში ტვირთები. საუბარია სამშენებლო მასალაზე.
როგორც ირკვევა, აფხაზეთის გამოყენებას ქართული კომპანიებიც აპირებენ. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლის მტკიცებით, მათ მიმართა ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ, რომელსაც 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილის გატანა უნდა რუსეთში.
_ ამ კომპანიის სახელი არ ვიცით?
_ არ ვიცი. აფხაზებმა მიპასუხეს, რომ ისინი კერძო ქართულ კომპანიებთან მუშაობენ.
_ ვინ დაგიკავშირდათ აფხაზებიდან, ვინ გითხრათ რომ მათთან ქართული კომპანია თანამშრომლობს?
_ ვინმე ალიას ლაბახუა, რომელიც აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის ეკონომიკურ გუნდს წარმოადგენს. მან ეს განცხადება აფხაზური ტელევიზიით გამოსვლისას გააკეთა. ამის დაშვება არ შეიძლება. ეს იქნება აფხაზეთის დამოუკიდებლობის ირიბი აღიარება. მაინტერესებს, რომელმა იდიოტმა ქართულმა კომპანიამ გაბედა აფხაზებთან დალაპარაკება? რანაირად უნდა გაბედო ეს, როდესაც ქვეყანაში არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ?! ამ კანონში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე არ შიძლება ამის გაკეთება და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.
_ იყო დრო და ტვირთების გადასაზიდად როკის გვირაბის გამოყენებასაც აპირებდნენ. ქართველებიდან ვერავინ გაბედა ამის თქმა და სომხურ მხარეს გააკეთებინეს განცხადება. მაშინ საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იყო და სომხებმა მასთანაც გამართეს ამ თემაზე მოლაპარაკებები.
_ სომხურ მხარეს დააყენებინეს ეს საკითხი. აცხადებდნენ, რომ როკის გვირაბით მხოლოდ სომხური მანქანები ისარგებლებდნენ. მაშინ მე ვთქვი, რომ ქართული მხარე ამის გაკეთებას ვერ გაბედავდა. სახელმწიფომ ეს არ გააკეთა, სამაგიეროდ, რომელიღაც კერძო კომპანიამ გადაწყვიტა ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა.
_ ამ კანონის არსებობაზე ჩვენი ხელისუფლებაც ხშირად ხუჭავს თვალებს. გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლაც ოკუპაციის კანონის დარღვევა იყო, მაგრამ ის კაცი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში დასვეს.
_ ძალიან ცუდი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიღაცა კერძო კომპანიამ ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა უნდა გაბედოს. ამის გაკეთება არის დანაშაული. პირდაპირ მინდა, საქართველოს ხელისუფლებას მივმართო, რომ ასეთი რამე არცერთ შემთხვევაში არ დაუშვან.
_ თქვენი აზრით, მიმართავდნენ უკვე აფხაზები ამის შესახებ თბილისს?
_ არა, ამას აფხაზები არ გააკეთებენ. ამ წინადადებით საქართველოს ხელისუფლებას რუსები მიმართავენ. ვინც არ უნდა მოგვმართოს, ამის გაკეთება არ შეიძლება. ეს არც კერძო კომპანიებისთვის უნდა გაკეთდეს და არც _ სახელმწიფო. სახელმწიფოთა შორის რაიმე თუ მოხდა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის აღიარება მოხდება. არა მგონია, „ქართულმა ოცნებამ“ ეს გააკეთოს.
_ რატომ გგონიათ, რომ არ გააკეთებენ?
_ ამას დიდი სკანდალი მოჰყვება. ჭკუა ეყოფათ და აფხაზეთის ირიბ აღიარებაზე არ წავლენ. მაგრამ კერძო კომპანიებს შესაძლოა, თვალი დაუხუჭონ, რაც ასევე დანაშაულია. პირობების გარეშე აფხაზეთში კერძო კომპანიების შესვლა არ შეიძლება. იმედს ვიტოვებ, რომ ოფიციალური თბილისი ასეთ რამეს არ დაუშვებს და რუსებისა და აფხაზების დაკრულზე არ იცეკვებს.
_ აფხაზებმა და რუსებმა რკინიგზის აღდგენის თემაც რამდენჯერმე შემოაგდეს. სომხებიც ალაპარაკეს ამ საკითხზე, მაგრამ ოფიციალური თბილისი ვერ დაითანხმეს. იმედია, ახლაც ვერ დაითანხმებენ.
_ მეც მაგის იმედი მაქვს. მაგრამ ეს თემა თუ გავა, მაშინ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაც დადგება დღის წესრიგში. ამიტომ ეს თემა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, _ ეს იქნება აფხაზეთის დამოუკიდებლობის ირიბი აღიარება.
_ აფხაზებმა ქართული კერძო კომპანიებისთვის რომ მოიცალეს, თავად როგორ აქვთ საქმე? რუსეთის სარგებლობაში ბიჭვინთის გადაცემაზე დიდი ამბები იყო ატეხილი და ბოლო დროს თითქოს გაჩუმდნენ.
_ არ გაჩუმებულან, პირიქით, უფრო დაიძაბა სიტუაცია. აფხაზეთში რუსეთის ელჩმა სკანდალური განცხადება გააკეთა. მან აფხაზებს პირდაპირ უთხრა, თუ ბიჭვინთას არ მოგვცემთ, აქედან ჩვენს ჯარებს გავიყვანთო. ამაზე აფხაზებს დიდი რეაქცია არ ჰქონიათ. ვლადისლავ არძინბას ყოფილმა თანაშემწე ასტამურ ტანიამ ერთი საინტერესო ისტორია გაიხსენა: 1997 წელს დსთ-ს სამიტზე შვარდნაძემ მოაწერა ხელი იმას, რომ სამშვიდობოები საპოლიციო ძალებად გადაკეთებულიყო. ამას მაშინ შევარდნაძე დიდ მიღწევად აფასებდა და მართლაც დიდი მიღწევა იყო. ამ ამბის გასაცნობად არძინბა კრემლში დაიბარეს. მან რუსებს უთხრა, _ მე თქვენთან მინდოდა ურთიერთობა, თქვენ კი საქართველოში მაბრუნებთ და ამიტომ გაიყვანეთ აფხაზეთიდან რუსული ჯარებიო. ამაზე რუსებმა უკან დაიხიეს და ის შეთანხმება ჩაიშალა.
ახლაც ასტამურ ტანია ამბობს, რომ რუსებს თუ გასვლა უნდათ, გავიდნენ აფხაზეთიდანო. იქვე დასცინის, _ სად გავლენ, ამდენი ბაზა აქვთ აფხაზეთის ტერიტორიაზეო.
_ რუსი იქიდან ასე იოლად არ გავა.
_ რა თქმა უნდა. ეს აფხაზებმაც კარგად იციან და ცდილობენ, რამენაირად დაიცვან ბიჭვინთა. აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კვიცინია საინტერესო განცხადებებს აკეთებს. მისი თქმით, აფხაზები ბიჭვინთას არ დათმობენ და საქმე შესაძლოა, სროლამდეც კი მივიდეს. კვიცინია პარლამენტის გამოყრითაც იმუქრება.
_ საინტერესოა, რამდენ ხანს გაუწევენ წინააღმდეგობას?
_ რამდენ ხანსაც შეძლებენ, წინააღმდეგები იქნებიან.
_ აფხაზებს არ ეშინიათ რუსებისთვის წინააღმდეგობის გაწევის. 2004 წელს რუსეთის ნების წინააღმდეგ სერგეი ბაღაფში აირჩიეს პრეზიდენტად, მერე _ ანქვაბი.
_ ეგ გააკეთეს, მაგრამ სულ ვერ გაუწევენ რუსებს წინააღმდეგობას. სხვა თუ არაფერი, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსებს 28 სამხედრო ბაზა აქვთ. უკრაინას რას უშვრება და ხომ წარმოგიდგენიათ, 40.000 აფხაზს რას უზამს. ახლა საქართველოს მთავრობამ უნდა იაქტიუროს. საქართველოს მთავრობა კი არ აქტიურობს. ამ მიმართულებით არანაირი პოლიტიკა არ არსებობს.
_ გავიგე, რომ მთავრობას არ აქვს პოლიტიკა, მაგრამ ოპოზიცია რატომ არ ლაპარაკობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე? აფხაზეთის თემაზე მარტო თქვენ რატომ საუბრობთ?
_ რომელმა ოპოზიციამ უნდა ისაუბროს აფხაზეთზე? საპარლამენტომ? საპარლამენტო ოპოზიციას ოკუპირებული რეგიონები საერთოდ არ აინტერესებს. ხან ბოიკოტის რეჟიმში არიან, ხან შედიან პარლამენტში, ხან გამოდიან. ისიც კი არ იციან, რა უნდათ და აფხაზეთზე როგორ ილაპარაკებენ?
_ ოკუპირებული ტერიტორიები ის თემაა, რომელზედაც ყველამ უნდა ილაპარაკოს.
_ გეთანხმებით, რომ ამ თემაზე ყველამ უნდა ილაპარაკოს, მაგრამ არ ლაპარაკობენ. რამდენჯერმე ვეცადე აფხაზეთის თემაზე ოპოზიციური ფორმატის გაკეთებას, მაგრამ ეს საკითხი არავის აინტერესებს.
_ სამაგიეროდ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ყველა პარტია მივა გმირთა მემორიალთან და ბევრს ილაპარაკებს აფხაზეთზე.
_ მაგ დღეს მართლა ყველა მივა გმირების მემორიალთან, დაირტყამენ მუშტებს მკერდზე. ამიტომაც ამ დღეს მაშინ მივდივარ მემორიალთან, როცა იქიდან ყველა წამოსულია. მათთან ერთად იქ გამოჩენის უკვე მრცხვენია.
_ ისევ აფხაზების ინიციატივას დავუბრუნდეთ. რადგან ამ თემაზე დაიწყო საუბარი, ე. ი. რაღაც უკვე მომზადებულია. როგორ უნდა შეუშალოს ხელი ამას ჩვენმა მთავრობამ?
_ არის უამრავი შესაძლებლობა. მაგალითად, ჩვენს ხელისუფლებას შეუძლია თქვას, რომ სოხუმის აეროპორტს ყოველგვარი პირობების გარეშე აღადგენენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ ქართველები რაღაცის გასაკეთებლად მზად არიან.
_ მერე მოგვცემს რუსეთი ამის უფლებას?
_ რა თქმა უნდა, არ მოგვცემს.
_ აბა, რა აზრი აქვს მარტო განცხადების გაკეთებას?
_ ეს აფხაზეთის მოსახლეობისთვის იქნება მესიჯი, რომ ისინი მარტო არ არიან. უნდა ამოქმედდეს კანონი ოკუპაციის შესახებ. გიჟი კი არ ვარ და აფხაზეთის ამოწყვეტა კი არ მსურს! თუ აფხაზები რაღაც დათმობაზე წამოვლენ, მაშინ ტრანზიტზეც შეიძლება საუბარი და სხვა რაღაცაზეც.
_ რაღაც რომ მიიღონ, მათაც უნდა დათმონ.
_ მათ დათმობა არ უნდათ, უპირობოდ სურთ ფულის გაკეთება, რაც არ გამოვა. რუსეთმა დაღუპა აფხაზები და მაინც იმას გაიძახოდნენ, პატარა ღელეში დახრჩობას დიდ ოკეანეში დახრჩობა გვირჩევნიაო. პატარა ღელე ჩვენ ვართ, დიდი ოკეანე _ რუსეთი. კი იხრჩობიან ამ ოკეანეში.
_ ეგენი კი იხრჩობიან, მაგრამ ამით ჩვენ რა?
_ ჩვენ, ჯერჯერობით, არაფერი, მაგრამ თუ რაღაცას შევთავაზებთ, სიტუაცია შეიცვლება.
_ რისი შეთავაზება შეგვიძლია აფხაზებისთვის?
_ უნდა ვუთხრათ, რომ მივცემთ ევროპის პასპორტებს, მივცემთ განათლებასა და ჯანდაცვას. აფხაზები აუცილებლად დაფიქრდებიან. აფხაზებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ მზად ვართ, მათ ეკონომიკაში ფული ჩავდოთ.
_ აფხაზებს უფასო ჯანდაცვას დიდი ხანია ვაძლევთ, მაგრამ ოსების მსგავსად ამას დიდ რამედ არ გვითვლიან. მიაჩნიათ, რომ ვალდებულები ვართ, ვუმკურნალოთ.
_ გარკვეული ნაბიჯები თუ არ გადაიდგმება, ეს პროგრამა შედეგს არ მოიტანს. პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაც საჭიროა. აფხაზები თვალს ადევნებენ, თუ რა ხდება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ხედავენ, რომ ლეგიტიმური მთავრობის არჩევას ვერ ვახერხებთ, იფიქრებენ, აქაც ვიღაცას დაგვასვამენ თავზეო.
_ ლეგიტიმური მთავრობა ვახსენეთ და რატომ არ ახლდება აფხაზეთის უმაღლესი საბჭო? 31 წლის წინ აირჩიეს ეს ხალხი და როდემდე უნდა იყვნენ?
_ როდემდე უნდა იყვნენ, ვერ გეტყვით და რადგანაც აფხაზეთის ლორდთა პალატა არიან. დიდხანს იქნებიან, ალბათ.
_ კონტრაბანდის თემაზეც მინდა გკითხოთ, _ როგორც ამბობენ, აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კონტრაბანდული ტვირთი შემოდის.
_ კონტრაბანდა შემოდის. ვიღაცამ თუ არ დააფარა ხელი, ისე კონტრაბანდა ვერ იმუშავებს. მე მიჭირს იმაზე საუბარი, თუ ვინ აფარებს ხელს. ეს გამოძიების თემაა. ფაქტია, რომ კონტრაბანდა არის და ამას მიხედვა სჭირდება. ერგნეთის ბაზრობა რომ არსებობდა, იქ კიდევ რაღაც რეგულირდებოდა, აქ კი მაიმუნურ გადატან-გადმოტანასთან გვაქვს საქმე.
_ პოლიტიკოსებზე ვისაუბრეთ, რომ არ იმჩნევენ აფხაზეთს, მაგრამ საპატრიარქოს რა სჭირს? ისინი რატომ არ იღებენ ხმას?
_ რუსეთის პატრიარქმა საქართველოს პატრიარქს წერილი მოსწერა და იქ არ მოიხსენია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად. ეს ნათელი მესიჯია, მაგრამ ჩვენს საპატრიარქოს ამაზედაც არ ამოუღია ხმა.
_ ჩვენი საპატრიარქო გამუდმებით იმაზე აპელირებს, რომ რუსეთის საპატრიარქოს აფხაზეთი და ცხინვალი არ უღიარებია.
_ განცხადებებით არ აღიარებენ, მაგრამ საქმით სულ სხვა რამეს აკეთებენ. რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთში ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს. ქართულ ეკლესიებს მტრობენ განსაკუთრებით. ყველგან შლიან ქართულ კვალს. არც ამაზე იღებს ვინმე ხმას. ჩვენ თუ ვილაპარაკებთ ამ თემაზე ინტერვიუში, თორემ სხვებისთვის საინტერესო თემა არ არის დაკარგული ტერიტორიები. აფხაზეთის მიმართ არანაირი პოლიტიკა და სახელმწიფო მიდგომა არ არსებობს.
_ თქვენი გაცხადება რომ მოვისმინე აფხაზების ინიციატივასთან დაკავშირებით, მეგონა, ამაზე ბევრს ილაპარაკებდნენ მაგრამ არავინ შეიმჩნია.
_ არავის აინტერესებს ოკუპირებული ტერიტორიები და არც ეს ამბავი შეიმჩნიეს. სამწუხაროდ, საზოგადოებასაც აღარ აინტერესებს აფხაზეთი და ცხინვალი. საზოგადოებას დაკარგული ტერიტორიები მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც სუფრასთან ზის და ხელში ყანწი უკავია.
_ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილები რატომ არიან ჩუმად? ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ თითქოს მათაც დაივიწყეს ეს თემა.
_ დევნილებიც ამ საზოგადოების ნაწილი არიან. ისინი ცდილობენ, როგორმე არ დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს _ იქ ბინა სჭირდებათ, იქ დახმარება. ამიტომ ხმას ვერ იღბენ. დევნილები არცერთ ქვეყანაში არ აქტიურობენ. პასიურობა დევნილების სინდრომია.
_ უკრაინაში საომრად რუსებს აფხაზებიც ჰყავს წაყვანილი. ამ ომს ბევრი ოსი მებრძოლი შეეწირა. აფხაზების დაღუპვაზე ცნობები არ ვრცელდება. არ არიან საბრძოლო მოქმედებების ზონაში, თუ როგორ ახერხებენ გადარჩენას?
_ რამდენადაც ვიცი, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დანარჩენზე არაფერი გამიგია. შეიძლება, მალავენ, მაგრამ სულ ხომ არ დამალავენ? ადრე თუ გვიან ხომ ჩამოასვენებენ?
_ ამ ომის მიმართ აფხაზების დამოკიდებულება როგორია? ცხინვალში უკვე ღიად გამოთქვამენ უკმაყოფილებას.
_ აფხაზეთშიც უარყოფითად უყურებენ უკრაინაში მიმდინარე ომს. მოსახლეობის დიდ ნაწილი ამ ომის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი. ამ უარყოფით დამოკიდებულებას ისინი უკვე ღიად აფიქსირებენ, რუსებს აღარ ერიდებიან, ღიად ამბობენ სათქმელს.
ბიჭვინთის თემაზეც იმიტომ ამოიღეს ხმა, რომ გრძნობენ, რუსეთის საქმეები კარგად არ მიდის. რუსებს კარგად რომ ჰქონდეთ საქმე, ამდენს კი ვერ გაბედავდნენ.
_ აფხაზების ინიციატივას დავუბრუნდეთ: თქვენი აზრით, შეძლებს ის კერძო კომპანია აფხაზეთის გავლით რუსეთში თხილის გატანას?
_ ვერ უნდა შეძლოს. კარგი იქნება, თუ ამ კომპანიის დასახელებას გავიგებთ. აფხაზები არაფერს ამბობენ, რატომ უნდა გაიტანონ აფხაზეთის გავლით თხილი რუსეთში, როცა არსებობს ლარსი.