- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-10-05 16:05:43
შორენა მარსაგიშვილი
აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს პაატა ზაქარეიშვილი ტყვეთა გაცვლის კომისიას ხელმძღვანელობდა. მას ომის უამრავი სისასტიკე აქვს ნანახი, თუმცა არა ისეთი, როგორ საშინელებებსაც ოკუპანტები უკრაინაში სჩადიან. ზაქარეიშვილის აზრით, ეს სისასტიკე იმ წინააღმდეგობითაა გამოწვეული, რაც უკრაინელებმა რუსებს გაუწიეს.
რის მიღწევას ცდილობენ რუსები ამ სისასტიკით? რატომ ეფერება საქართველოს ხელისუფლება რუსებს და ლანძღავს უკრაინას? როგორ ასხამენ წყალს უკრაინელი პოლიტიკოსები „ქართული ოცნების“ წისქვილზე? _ ამ თემების შესახებ პაატა ზაქარეიშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ბატონო პაატა, თქვენ აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს ტყვეთა გაცვლაზე მუშაობდით. ბევრი მძიმე და სასტიკი სურათი გაქვთ ნანახი ომში. მაშინაც ისეთ სისასტიკეს სჩადიოდნენ რუსები, როგორც ახლა უკრაინაში?
_ სისასტიკეს როგორ არ სჩადიოდნენ, ძალიან ბევრი საშინელება მოხდა ამ ომში. უბრალოდ, მასშტაბები იყო სხვადასხვა, უკრაინა ჩვენზე უფრო დიდი ქვეყანაა და იქ გაცილებით მეტი სისასტიკე აქვთ რუსებს ჩადენილი.
_ ეს სისასტიკე ყველა ომის დამახასიათებელი თვისებაა, თუ რუსებს ახასიათებთ? ყველა ომს აქვს თავის წითელი ხაზები, ეს ხაზები კი, როგორც აღმოჩნდა, რუსებისთვის არ არსებობს.
_ სისასტიკე ყველა ომის თანმდევია, მაგრამ განსაკუთრებით რუსებს ახასიათებთ ეს. აფხაზეთის ომშიც ბევრი საშინელება ჩაიდინეს მათ, მაგრამ არა ისეთი ფორმით, როგორც უკრაინაში სჩადიან. ჩვენთან ქალები და ბავშვები სისასტიკის მსხვერპლი არ ყოფილან. გამონაკლისი შემთხვევები ჩვენთანაც იყო, მაგრამ ამას მაშინ სისტემური ხასიათი არ ჰქონია.
უკრაინაში აშკარად ჩანს, რომ ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ ბრძოლას სისტემური ხასიათი აქვს. რამდენიმე ასეული ბავშვი დაიღუპა ომის დაწყების შემდეგ, ეს გამაოგნებელია. ჩვენთან ცდილობდნენ, ბავშვები არ დაეხოცათ. ქალების მოკვლასაც ერიდებოდნენ.
_ ყველა არ ერიდებოდა, ქალების გაუპატიურება, წამება და დახოცვა აფხაზეთისა და ცხინვალის ომშიც ხდებოდა.
_ როგორ არ ხდებოდა, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი არ ჰქონდა. უკრაინაში ამ მხრივ კოშმარი ტრიალებს. ჩვენ მთელი ინსტრუქციები წავიკითხეთ, თუ როგორ ავალებენ რუსებს უკრაინელი ქალების გაუპატიურებას. ამის გაკეთებისკენ რუს სამხედროებს ცოლებიც კი მოუწოდებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ასეთ რამეებს რუსები საქართველოს ტერიტორიაზეც სჩადიოდნენ, მაგრამ ამას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი.
_ ახლა რამ გაამწარათ? რუსები და უკრაინელები ხომ თითქოს მონათესავე ხალხია? საიდან აქვთ რუსებს ამხელა ზიზღი და აგრესია უკრაინელების მიმართ?
_ რუსები უკრაინელებისგან ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდნენ და ამიტომ არიან ასეთი გასასტიკებულები. მათ ეგონათ, რომ უკრაინას ძალიან მარტივად და მოკლე ხანში აიღებდნენ.
_ რატომ ეგონათ, რომ ასე იოლად აიღებდნენ უკრაინას?
_ ეგონათ, რომ ყველაფერი ისე წავიდოდა, როგორც 2014 წელს. მაშინ რუსებმა ყირიმი ძალიან მარტივად წაიღეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნახევარკუნძულზე ძირითადად რუსები ცხოვრობდნენ, ყირიმის აღება არ იყო რთული საქმე. ეგონათ, რომ როგორც 2014 წელს ყირიმი დანებდა, ასე დანებდებოდა მთელი უკრაინა. უკრაინელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს და ამან რუსეთის გეგმებიი არია. ამან გამოიწვია რუსების სისასტიკე. რუსები გაცოფებულები არიან, _ ვინ არიან ეს უკრაინელები, ამხელა წინააღმდეგობის გაწევას რომ ბედავენო? უკრაინელები ყველა მიმართულებით და ყველა კომპონენტში სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ მტერს. ამაზე, რა თქმა უნდა, გამწარებულები არიან.
_ ომს აქვს წითელი ხაზები და ეს სამხედრო ტყვეებზე მოქმედებს. რუსებმა ამ მიმართულებითაც დაარღვიეს წესები. ვიხილეთ კადრები, როგორ აწამეს უკრაინელი ტყვე, საკანცელარიო დანით სასქესო ორგანო მოაჭრეს. შემდეგ ოლენოვკაში კოლონია ააფეთქეს, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ. ამით რისი თქმა უნდოდათ? რუსებმა ხომ ეს საშინელება რაღაცის გამო გააკეთეს?
_ ოლენოვკაში კოლონია რომ რუსების მიერ არის აფეთქებული, ეს აშკარაა. რამდენიმე ათეული უკრაინელი სამხედრო ტყვე მოკლეს რუსებმა. ეს გააკეთეს იმიტომ, რომ შეაშინონ უკრაინელები. რუსებს სურთ, უკრაინელებს შთააგონონ, რომ ტყვედ ჩავარდნა ნიშნავს გარდაუვალ სიკვდილს. ამ დანაშაულს ჰქონდა პროპაგანდისტული დატვირთვა.
_ მარტო პროპაგანდისთვის არ გააკეთებდნენ ამას, თუ გავითვალისწინებთ, რომ „აზოველები“ დახოცეს.
_ რა თქმა უნდა, „აზოვი“ შეგნებულად შეარჩიეს. დახოცეს „აზოველები“ და უკრაინელებს ღიად უთხრეს, რომ ტყვედ ჩავარდნა სიცოცხლის შენარჩუნების გარანტია არ არის. ოლენოვკაში მომხდარ საშინელ დანაშაულს კიდევ ერთი დატვირთვა ჰქონდა: რუსებს სურთ, რომ უკრაინელებს ზელენსკის მიმართ გაუჩნდეთ უნდობლობა. საზოგადოება იტყვის, _ რას მიაღწია ზელენსკიმ, რომელმაც „აზოვსტალის“ მცველები ტყვედ ჩააბარა?!
_ პრინციპში, ზელენსკიმ ჩააბარა ეს ადამიანები ტყვედ. მან გასცა „აზოვსტალისთვის“ ბრძოლის შეწყვეტის ბრძანება და მერე დაიწყო იქიდან მებრძოლების ევაკუაცია. ის უკრაინელი სამხედროების გარანტიებზეც საუბრობდა და ამბობდა, რომ მათ ტყვეობიდან დაიხსნიდნენ.
_ ეს არის ზელენსკისთვის უდიდესი გამოწვევა. უკრაინულ საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ეს იყო რუსული ვერაგობა. უკრაინის ხელისუფლებამ და პირადად ზელენსკიმ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ „აზოვსტალის“ მცველების სიცოცხლე გადაერჩინათ.
_ თუმცა ფაქტია, რომ ვერ გადაარჩინეს. რამდენიმე ათეული სამხედრო ტყვე ერთ წამში გაანადგურეს რუსმა ოკუპანტებმა. დანარჩენის ბედზეც ბევრი არაფერი ვიცით.
_ ეს ძალიან მძიმე ამბავია. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ზელენსკი „აზოვსტალის“ მცველებთან დაკავშირებით სწორად მოიქცა. როდესაც არსებობს არჩევანი _ მეომრის სივდილი თუ სხვა რამ, ყოველთვის უნდა აირჩიო სხვა რამ. სხვა რამიდან გამოსავალს ყოველთვის იპოვი. მეომარი შეიძლება ხვალ მაინც მოკვდეს, მაგრამ დღეს თუ მისი გადარჩენის შანსი გაქვს, უნდა გადაარჩინო. ზელენსკის სხვა გზა, უბრალოდ, არ ჰქონდა. მან მოუწოდა „აზოვსტალის“ მცველებს, ტყვედ ჩაბარებოდნენ რუსებს. სამწუხაროდ, ოლენოვკაში რუსებმა „აზოვსტალის“ მცველები დახოცეს. არადა, ზელენსკიმ მიიღო გარანტია, რომ ისინი ცოცხლები იქნებოდნენ. უკრაინასა და საქართველოშიც დღეს ბევრი ამბობს, რა აზრი ჰქონდა მაშინ ამ ბიჭების ტყვედ ჩაბარებას, თუ მათ მაინც დახოცავდნენო?
_ ეს კითხვა საკმაოდ ლეგიტიმურია.
_ კი ბატონო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება რომ არა, „აზოვსტალში“ მყოფი ყველა მეომარი მოკვდებოდა. ახლა მნიშვნელოვანი ნაწილი მებრძოლებისა ცოხალია. ხელისუფლებამ მტკივნეული, მაგრამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ახლა შეიძლება მის მიმართ უნდობლობა გაჩნდეს, რუსებს სწორედ ეს უნდათ. უკრაინელმა ხალხმა უნდა გააცნობიერიოს, რომ ზელენსკის სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
_ თავად უკრაინის ომზეც ვისაუბროთ. ის სურათი, რაც ახლა ფრონტზეა, რაზე მიუთითებს? ვის დარჩება გამარჯვება _ უკრაინას, თუ ოკუპანტ რუსეთს?
_ გამარჯვება და დამარცხება პირობითი ცნებებია. რუსეთს ნებისმიერ წუთს შეუძლია თქვას, რომ გაიმარჯვა. რა იყო ამ ომში რუსეთის ამოცანა? _ მოსკოვს სურდა, რომ უკრაინას, როგორც სახელმწიფოს, არ ეარსება ან ეარსება მხოლოდ პრორუსულ კონტექსტში, როგორც ბელარუსიაა. ეს არ გამოდის, რომ უკრაინა გახდეს პრორუსული. რუსეთს სურს ხელისუფლების სრული შეცვლა და პრორუსული ძალების მოსვლა უკრაინაში, ეს არის რუსეთის გამარჯვება. როგორც ჩანს, რუსეთი ამას ვერ აღწევს და, დიდი ალბათობით, ვერც მიაღწევს.
რუსეთმა ამ ეტაპზე მიაღწია შემდეგ რამეს: ჩაკეტა მთლიანად აზოვის ზღვა და უკრაინას წაართვა ტერიტორიები. მათ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ აიღეს დონეცკის ოლქი. ძლივს-ძლივს აიღეს ლუგანსკის ოლქი, რომელიც დონეცკის ოლქზე პატარაა. ლუგანსკის ოლქის ასაღებად თუ 4 თვე დასჭირდათ, დონეცკის ასაღებად ერთი წელი დასჭირდებათ. ძალიან ნელა მიდიან წინ. ერთი კვირაა, რუსები გაჩერებულები არიან. აშკარად ელოდებიან რაღაცას. არ მინდა ამის წარმოდგენა, მაგრამ დიდი-დიდი, რასაც რუსეთმა შეიძლება მიაღწიოს, იქნება ის, რომ მივიდეს ოდესამდე და ჩაკეტოს შავი ზღვა.
_ იმედია, ამას რუსეთი ვერ შეძლებს
_ იმედია, ამის წარმოდგენაც არ მინდა. მაგრამ რუსეთმა, დიდი-დიდი, შეიძლება ამას მიაღწიოს. შემდეგ ზღვიდან ჩაკეტოს უკრაინა, მაგრამ არც ეს მოუტანთ დიდი შედეგს. კიევს ისინი ვერ აიღებენ. შესაბამისად, უკრაინა კიდევ უფრო მეტად დაშორდება რუსეთს. დაპყრობილ ტერიტორიებს არავინ აღიარებს. საქართველოს მოდელი შეიქმნება უკვე. აფხაზეთსა და ცხინვალს არავინ აღიარებს და ამ თემაზე ჟენევაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მე კი დავცინი ამ მოლაპარაკებებს, ხშირად ვამბობ, რომ არაეფექტიანია, მაგრამ ადამიანების დახოცვას ისევ სჯობია, რომ უშედეგო დიალოგი იყოს. ჩვენი დაკარგული ტერიტორიები მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს არ უღიარებია.
დაახლოებით ასეთი რამე შეიძლება მოხდეს უკრაინაშიც. უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები პარტიზანულ ბრძოლაზე გადავლენ. უკრაინელები სხვა კატეგორიის ხალხია და მათი გატეხა იოლი არ იქნება. მთავარია, როგორმე ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიონ.
უკრაინისთვის წარმატება იქნება, თუკი ის დაიცავს ოდესას, მიკოლაევს. იდეალური ვარიანტი იქნება, თუ უკრაინა თანამედროვე იარაღით ისე შეავიწროებს რუსებს, რომ მათი ჯარი გაიყვანოს სახელმწიფო საზღვრამდე. ეს ვერ განხორციელდება ყირიმზე, მაგრამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში შესაძლებელი იქნება. ძალიან მინდა, რომ, ასე მოხდეს, მაგრამ არა მგონია, უკრაინამ ეს შეძლოს.
დიდი ალბათობით, იქნება პოზიციური ომი, როგორც ახლა მიმდინარეობს. არცერთ მხარეს არ აქვს შეტევაზე გადასვლის ძალა. სამაგიეროდ, ორივე მხარეს შესწევს იმის უნარი, რომ შეტევა მოიგერიოს. ეს ომი შესაძლოა, თვეები გაგრძელდეს. არ გამოვრიცხავ, წლებიც გასტანოს.
მსოფლიო, ალბათ, უკრაინას ეტყვის, თუ რამდენ ხანს შეიძლება კიდევ გაგრძელდეს ეს. უსასრულოდ ვერ გაგრძელდება უკრაინელების ხოცვა-ჟლეტა. ეს პოზიციური ომი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება. წლის ბოლომდე ერთმანეთის შევიოწროება თუ ვერ მოახერხეს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა მოუწევთ. შეიქმნება ჟენევის ტიპის ფორმატი. დაპყრობილ ტერიტორიებს, როგორც ჩვენთან არის, გააკონტროლებს რუსეთი და ამას ჩაითვლის გამარჯვებად, მაგრამ ეს არ იქნება გამარჯვება. რუსეთს ჩვენი ტერიტორიებიც აქვს ოკუპირებული, მაგრამ, ამის მიუხედავად, მოსკოვმა ჩვენზე ვერ გაიმარჯვა. საქართველო არ გამხდარა პრორუსული. ჩვენი ქვეყანა კვლავ ნატოსა და ევროკავშირისკენ მიისწრაფის, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ძალიან ცუდად იქცევა,
_ ამბობთ, საქართველო პრორუსული არ გამხდარაო, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების ბოლოს დროს გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო რუსულ ორბიტაზეა.
_ ჩვენი ხელისუფლება ძალიან ცუდად იქცევა, მაგრამ ქვეყანა მაინც არ არის პრორუსული. რა არის პრორუსულობა? პრორუსულობა ნიშნავს იმას, რომ მოსკოვიდან გირეკავენ და გეუბნებიან, რა უნდა გააკეთო, ასე იქცევა ბელარუსი. ჩვენთან ჯერ აქამდე არ მისულა საქმე.
მეც ხშირად ვამბობ ხოლმე საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე, რომ პრორუსულები არიან, თუმცა როცა ვამბობ, ამის ბოლომდე არ მჯერა. „ქართული ოცნება“ იმდენად პრორუსული არაა, რამდენადაც რუსეთთან კარგი ურთიერთობა რეჟიმის შესანარჩუნებლად აწყობს. მოსკოვის კარნახით არ მუშაობს, მუშაობს ისე, როგორც მოსკოვს მოეწონებოდა.
_ და ამით ძალაუფლებას ინარჩუნებს.
_ ასეა, ასე. „ქართული ოცნების“ ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლებას შეუნარჩუნებს, არის რუსეთი. ამიტომ იქცევიან ისე, რომ მოსკოვს მოაწონონ თავი. არა მგონია, პუტინმა დაურეკა ამათ და უთხრა, ნინო ლომჯარიას მოღალატე დაუძახეთო. ჩვენთან ბევრი ისეთი რაღაც ხდება, რასაც არანაირი საერთო არ აქვს რუსეთთან. „ოცნება“ მოღალატეს ეძახის იმ ხალხს, ვინც მათ ტყუილში ამხელს, ააშკარავებს მათ ფეიკპოლიტიკას, ყველაფერზე რომ გაიძახიან, ომი უნდათო. საკმარისია, ვიღაცას ჭიქა გაუვარდეს ხელიდან, გატეხოს, იტყვიან, ეს ჭიქა რუსეთშია გამოშვებული და მისი გატეხის გამო მოსკოვი ომს დაგვიწყებსო. აბსურდამდე დავიდა ომში არჩათრევის პოლიტიკა. დაახლოებით ასეთი აბსურდული იყო კამპანია „გარეჯი საქართველოა“. გაიხსენეთ, რა ხდებოდა მაშინ ამ თემაზე: ორი ადამიანი ციხეში ჩასვეს, მთელი წინასაარჩევნო კამპანია ამაზე ააგო „ქართულმა ოცნებამ“.
_ სამაგიეროდ, ახლა აღარავის ახსოვს, რომ გარეჯი საქართველოა. არადა, გარეჯში იგივე ვითარებაა, რაც მაშინ იყო.
_ არავის ახსოვს და არც არაფერი შეცვლილა. ამ კამპანიის დაწყებით აზერბაიჯანთან ვითარება დაგვეძაბა და გაუცხოება მოხდა. ახლაც იგივე ხდება ამ ომის არჩათრევის პოლიტიკასთან. არაფერი ნიშანი არაა იმისა, რომ აქ ომი იქნება.
_ ოპოზიცია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს. ამაზე საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ომში ჩართვის მცდელობაა.
_ ესეც აბსურდია. რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი აქვს დაწესებული და რა პრობლემაა? ეს არ არის ომი. ვიზა ტანკი ხომ არ არის? სავიზო რეჟიმი მსოფლიოში არსებული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე ნორმალური ფორმაა.
_ რუსეთმა ჩვენ 2000 წელს დაგვიწესა სავიზო რეჟიმი.
_ რუსეთმა თუ დაგვიწესა და დღემდე არ გაუუქმებია, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია ამის გაკეთება? ხელისუფლებას უნდა ეთქვა ოპოზიციის ინიციატივაზე, რომ განვიხილავთო, მაგრამ ერთი ამბავი ატეხა, ომი გინდათო. ეს არის ბოდვა და უკვე აღარ მესმის მათი ქმედებების. „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ ამომრჩეველს სჯერა მათი. ხალხს არწმუნებს, რომ რუსეთს თუ სავიზო რეჟიმს დავუწესებთ, ომს დაგვიწყებსო. ეს არის აბსურდი.
გითხარით, რომ არ მჯერა, როცა საქართველოს ხელისუფლებაზე ვამბობ, პრორუსულია-მეთქი, მაგრამ არის რაღაც ნიშნები, რაც ამის თქმის საბაბს მაძლევს. მაგალითად, ეს არის თურქეთთან ყოველგვარი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ურთიერთბების გაწყვეტა. 2020 წლიდან მოყოლებული, თურქეთი ძალიან გაძლიერდა კავკასიაში, ყარაბაღის მიმართულებით. ყარაბაღის ომში ღიად დაუდგა გვერდით აზერბაიჯანს და რუსეთმა ხმის ამოღებაც კი ვერ გაბედა.
უკრაინას თურქეთი ბაირაქტარებს აწვდის. უკრაინელები ბაირაქტარებით ანადგურებენ რუსულ ტექნიკას და იქ მსხდომ ხალხსაც. რუსეთი ხმას ვერ იღებს თურქეთის წინააღმდეგ.
_ ხმის ამოღებას ვინ ჩივის, გასულ კვირას პუტინსა და ერდოღანს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.
_ ეს იმიტომ, რომ თურქეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. თურქეთი საქართველოს მსგავსად ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შავ ზღვაზეცაა და კავკასიაშიც. აზერბაიჯანი კავკასიაა, მაგრამ არ არის შავ ზღვაზე. უკრაინა შავ ზღვაზეა, მაგრამ არ არის კავკასიაში. ჩვენ და თურქეთი იქაცა ვართ და აქაც. თურქეთს ძალიან სჭირდება საქართველო და ის ჩვენს ქვეყანას დაიცავს. არ დაგავიწყდეთ, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. ჩვენ ჯერ კიდევ მივდივართ ნატოსკენ. თურქეთი ორი მიმართულებით უნდა ამოვიყენოთ გვერდით: ერთია ნატოში გაწევრიანების მიმართულება, მეორეა შავ ზღვასა და კავკასიაში რუსეთის შესუსტება. ამ მიმართულებით საერთოდ არ ვიღებთ ხმას და ეს არ მესმის.
საქართველოს, ალბათ, რუსეთისგან აქვს მითითება, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუახლოვდეს თურქეთს. წარმოიდგინეთ, რა მაგარი გეოპოლიტიკური ჯაჭვი იქნებოდა: საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა. შეიკრებოდა უნიკალური სარტყელი რუსეთის გარშემო. ეს თურქეთს ძალიან აწყობს. მართალია, ერდოღანი სოჭში ჩავიდა მოლაპარაკებებზე, მაგრამ ის არ არის პუტინის მეგობარი. მას სჭირდება რუსეთის გამოყენება. ის აღმოსავლური დიპლომატიით მოქმედებს რუსეთის პრეზიდენტის მიმართ. სხვანაირად რომ გითხრათ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ერდოღანი კარგად წველის რუსეთს. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის როგორ უნდა გამოვიყენოთ. არაფერს რომ არ ვაკეთებთ ამ მიმართულებით, აქ ვხედავ საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკას. დანარჩენი ყველაფერი მოსკოვის მაამებლობაა. ჩვენი ბევრი პრორუსული ქმედება არაფერში სჭირდება რუსეთს.
_ უკრაინელების უაზრო ლანძღვაც არაფერში სჭირდება რუსეთს? ჩვენი ხელისუფლება გაუჩერებლად ლანძღავს ომში მყოფ ქვეყანას.
_ უკრაინის ლანძღვა არც მე მომწონს, მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, უკრაინელ პოლიტიკოსებსაც ნამეტანი მოსდით ჩვენთან მიმართებით. ისინი თავისი ქვეყნისთვის ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ _ ისინი იბრძვიან არა მარტო უკრაინის თავისუფლებისთვის, არამედ საქართველოს თავისუფლებისთვისაც. ამიტომ ღმერთმა გაუმარჯოთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ საქართველოზე ამდენს არ ილაპარაკებენ. უკრაინის ხელისუფლება საქართველოს გაკრიტიკებით აძლიერებს „ქართულ ოცნებას“. „ქართული ოცნება“ ამით სარგებლობს და უკრაინაზე გადააქვს ისრები. მინდა, მოვუწოდო უკრაინის ხელისუფლებას, მიხედოს თავის ქვეყანას. უკრაინის გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა და მე მათ გამარჯვებას ვუსურვებ.
უკრაინის ხელისუფალთა განცხადებები საქართველოსთან მიმართებით არაეფექტიანია. ამბობენ, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, ამის მტკიცებულებები არ მოაქვთ. მერე ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ანგარიში ქვეყნდება, სადაც წერია, რომ საქართველო ასეთ რამეს არ აკეთებს. ან მტკიცებულებები მოიტანონ, ან თავი დაანებონ განცხადებების გაკეთებას. ჰაერში გასროლილი სიტყვები მხოლოდ აძლიერებს „ქართულ ოცნებას“. არესტოვიჩი, პოდოლიაკი და არახამია „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამენ წყალს. უკეთესი იქნება, თუ ისინი საქართველოზე ხმას არ ამოიღებენ. იმით, რომ რუსეთს ებრძვიან, ისინი ქართულ საქმეს აკეთებენ და ფუჭი სიტყვებით ეს არ უნდა გადაფარონ.