QronikaPlus
ლევან ალაფიშვილი: „ერთ მხარეს არის დარჩენილი პოლიტიკა, მეორე მხარეს _ კონსტიტუცია“

ლევან ალაფიშვილი: „ერთ მხარეს არის დარჩენილი პოლიტიკა, მეორე მხარეს _ კონსტიტუცია“

2022-10-04 08:18:57

ნენე ინჯგია

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. 27 ივლისს გავრცელებული წერილით ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, 21 მარტს, აშშ-ის ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან, შეხვედრა გაიმართა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს „ომში ჩართვაზე“.
ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრის საკითხი „ქართული ოცნებიდან“ „სიმართლის სათქმელად“ წასულმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 ივლისს წამოჭრა.

რაზე მეტყველებს ივანიშვილსა და დეგნანს შორის შეხვედრა? როგორ ვითარდება პროცესები ევროკომიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ნაწილში? რამდენად ადეკვატურად მოქმედებს ოპოზიცია?

ამ და სხვა თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტიკურ ექსპერტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა:

_ ბატონო ლევან, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა დაადასტურა და დეტალებზე ისაუბრა, მანამდე კი ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ შტატების ელჩს შეხვდა, _ რაზე მიუთითებს მათ შორის კომუნიკაცია?
_ არა როგორც კონკრეტულ ორ წერტილს, ორ ფაქტს, არამედ დინამიკაში უნდა შევხედოთ და თქვენ მიერ დასმულ კითხვას პატარა კორექტივი დასჭირდება სრული ხედვისთვის. ივანიშვილმა ჯერ სხვებს ათქმევინა და მერე წავიდა პროცესი. თუ ამას დავატებთ და ამ კონტექსტში ვნახავთ, დავინახავთ, რომ, რეალურად, ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა კულისებს მიღმა ვაჭრობაზე მიპატიჟება. ვაჭრობა პოლიტიკური იქნება თუ სხვა რამე მიზნებისთვის, ეს მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს, თორემ ჩემთვის ეს ასეა. ე. წ. ინფორმაცია გაუშვა ჯერ, მიზანი გატესტა, საზოგადოება შეამზადა თუ რა, არ ვიცი. გამოხმაურება დიპლომატს დიპლომატიური ჰქონდა. შესაბამისად, როგორც ჩანს, ეს არ ჩაითვალა საკმარისად და შემდეგ უკვე თვითონვე მოუმატა ცოტა მეტი დამაჯერებლობა. ეს სხვა არაფერია, თუ არა, _ მოდი, დავსხდეთ ხალხის მიღმა, მოვილაპარაკოთ რაღაცაზეო… არ ვიცი რაზე.
_ ეს შეხვედრა ადასტურებს თუ არა ოლიგარქიულ მმართველობას საქართველოში?
_ მხოლოდ იმის გამო, რომ ელჩი ხვდება საზოგადოებრივად აქტიურ, თუ გავლენის მქონე ფიგურას, მგონი, არ იქნება სწორი და საკმარისი საფუძველი დასკვნების გასაკეთებლად, იგივე ოფიციალური პირი არ არის რომელიმე სასულიერო პირი, მართლმადიდებელი იქნება თუ მუსლიმანი, მაგრამ დიპლომატები მათაც ხვდებიან. მით უმეტეს, შინაარსი არც ერთ მხარეს არ გაუსაჯაროებია. სამი საათი კი არა, შეიძლება უფრო დიდხანსაც შეხვედრია ამერიკის, გერმანიისა თუ საფრანგეთის ელჩი რომელიმე სასულიერო მოღვაწეს ან თუნდაც არაერთ ბიზნესმენს, მათ შორის, საჯარო სივრცეში ყოფილა. აქვე გაგახსენებთ: 2012 წელს ასევე საათობით ხვდებოდა ამერიკის ელჩი ურეკში; ივანიშვილის რეზიდენციაში, პრაქტიკულად, „ცხოვრობდა“. შესაბამისად, ჩემთვის ეს საკმარისი არ არის, _ იმის გამო, თუკი ამერიკის ან რომელიმე ქვეყნის ელჩი ხვდება გავლენის მქონე პირს და არ მაქვს მეტი ინფორმაცია საუბრის შინაარსის შესახებ, გავაკეთო დასკვნა, რომ რადგან შეხვდა, ე. ი. აღიარებს, როგორც ოლიგარქს, _ ეს ასე არ არის. როგორც გავლენის პირს, შესაძლოა, მეც შემხვდეს ვიღაც. ჩემთვის მხოლოდ ეს შეხვედრა არ არის საკმარისი.
_ რაც შეეხება ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ამის ირგვლივ ვხედავთ: ერთი მხრივ, მმართველი გუნდი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე უარს ამბობს; მეორე მხრივ, ოპოზიციას პრეტენზიები აქვს ხელისუფლებასთან, _ ამ საკითხზეც ვერ ახერხებენ კომუნიკაციას, რაზე მეტყველებს ეს მოცემულობა?
_ ყველას ავიწყდება, რომ ევროკავშირი არა მხოლოდ ამ 12-პუნქტიან გეგმაში, არამედ 2004 წლიდან მოყოლებული, პირველ საკითხს სვამს სახელმწიფოსთვის, საზოგადოების საზრუნავად და შემდეგ ამ საკითხს მოსდევს ეს ყველაფერი, _ პროცესი უნდა იყოს დიალოგზე ორიენტირებული, ინკლუზიური, აზრების გაცვლაზე, პატივისცემაზე დაფუძნებული. ის კანონიც ინკლუზიურად მიიღეთო. გაითვალისწინებ, არ გაითვალისწინებ, როგორ გაითვალისწინებ, ამაზე არ მიგითითებს ევროკავშირი. მაგალითად, 12 პუნქტშიც არის მართლმსაჯულების პრობლემა. მანამდე ამბობდა ევროკავშირი, რომ ეს საერთო სასამართლოების კანონი და განხილვა, ისევე როგორც იუსტიციის საბჭოში პროცესების წარმართვა, უნდა იყოს ინკლუზიურიო, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ არ გააკეთა და სამ დღეში მიიღო კანონი, ახალი წლის წინ, ყოველგვარი ინკლუზიურობის გარეშე. ასე რომ, რა ფორმატი შეიძლება იყოს მოფიქრებული, ეს ძალიან ტექნიკური საკითხია. ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებელი არის პარლამენტის უდიდესი ნაწილი. ინსტიტუციურად პარლამენტში უნდა მიიღონ, მაგრამ დიალოგისთვის და რეალური ინკლუზიური პროცესისთვის, სხვა მექანიზმები გამოიყენონ. არ არის პრობლემური, მაგალითად, იგივე დაინტერესებულ საზოგადოებასთან ერთად, პარლამენტს მიღმა, სხვა ფორმატების შექმნა და იქ მიღებული გადაწყვეტილებებისა თუ რეკომენდაციების შეთანხმება და შემდეგ იმ შეთანხმების გადატანა, გაფორმება კანონებში. ეს ერთი მარტივი მაგალითი ვთქვი, თორემ, ვიმეორებ, ბევრიც შეიძლება იყოს, არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ პარლამენტს გარეთ არსებულ აქტორებთან როგორ შეიძლება პროცესის ინკლუზიურობის უზრუნველყოფა.
_ 4 აგვისტოს პარტია „მოქალაქეებმა“ და „გირჩმა“ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დეპოლარიზაციისთვის სამი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. პირველია საკონსტიტუციო ცვლილებები; მეორე _ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა და მესამე _ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. როგორ აფასებთ ამ ერთობლივ განცხადებას, _ ეს ნაბიჯები დეპოლარიზაციისთვის იქნება ქმედითი?
_ დემოკრატია თავისთავად კანონის ფარგლებში თითოეული ადამიანის ნებაყოფლობით მიღებულ გადაწყვეტილებასა და მის პატივისცემას ნიშნავს, მათ შორის, პოლიტიკაში მოსვლისა თუ პოლიტიკიდან წასვლის. ასე რომ, დემოკრატიის ოჯახისკენ მიმავალ გზაზე არადემოკრატიული პრინციპებისა თუ მოთხოვნების დაყენება მთლად სწორი არ მგონია, პოლიტიკურად და კანონის თვალსაზრისითაც. რაც შეეხება საკითხს, სააკაშვილი წავიდეს და ივანიშვილი მოვიდეს, მათი ნება არ გვაინტერესებს საერთოდო, არის საკონსტიტუციო ცვლილებები, ალბათ, გულისხმობენ არჩევნებს. იქაც ხომ თავისუფლებაზეა საუბარი? შესაბამისად, თუკი პირველ პუნქტად ამბობ, რომ თავისუფალი ნება ადეკვატურად უნდა აისახოს შედეგებშიო და ამის ერთგული ხარ პირველ პუნქტში, შემდეგ იძულებით რაღაცებზე საუბრობდე, ეს წავიდეს, ის _ მოვიდესო, საკუთარ ლოგიკასთან წინააღმდეგობაც აშკარაა. საბოლოო ჯამში, ქართულ პოლიტიკურ ელიტას რაც გვაქვს, ეს არის, განსაკუთრებით ამ ნაწილს, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი _ ძალიან უსუსურად და სასაცილოდ წარმოაჩენენ პროცესებს, ეს ჩემთვის სამწუხაროა, იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ ღირსეული, სწორი ფუნქციის შესრულება, რასაც თავს ვერ ართმევენ, უფრო მეტად ცდილობენ, რომ არ იყვნენ ოპოზიციის მხარეს. ოპოზიცია როგორია, ამაზე არ ვმსჯელობ. ცდილობენ იყვნენ არა ერთ მხარეს, არამედ მეორე მხარეს, თუმცა არსებითად მეორე მხარეს უფრო შეუქმნან უკეთესი პირობები. სინამდვილეში კი ამ ორი ჯგუფის განცხადება არც იქით არის და არც _ აქეთ, თუმცა მმართველი პოლიტიკური ძალა იტყვის, რომ ოპოზიციის მხარეს არ არის. ორივე სიმართლეა, მაგრამ სინამდვილეში ეს, საბოლოო ჯამში, ქართული პოლიტიკური ტრაგიზმია, პარლამენტში გაფორმებული ტრაგიზმი, კომედიაც აღარ არის.
_ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის საკითხი გასულ კვირას განსაკუთრებით აქტუალური იყო, _ ფიქრობთ თუ არა, რომ ეს დეპოლარიზაციის თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება?
_ მარტივ რაღაცაზე შევთანხმდებით თქვენთანაც და თქვენს მკითხველებთანაც: მე რომ კარზე დაგიკაკუნებთ და თქვენთან მოვალ სახლში, მიმასპინძლებთ, შემდეგ რომ ავდგები და წამოვალ, იმას ჰქვია წასვლა, ოღონდ, რომ წამოვიდე, ჯერ მოსული უნდა ვიყო. თქვენმა აუდიტორიამ და პოლიტიკოსებმაც ეს მარტივი ლოგიკა მოიშველიონ, თავი დაანებონ პოლიტიკურ ჟონგლიორობას საკუთარი პოლიტიკური მიზნების უზრუნველსაყოფად. ქართულ პოლიტიკაში უნდა ვიყო, რომ იქიდან წავიდე, მეტი აქ ლოგიკა არ არსებობს. ქართულ პოლიტიკაში შესაძლებელია, მხოლოდ პარტიული პოლიტიკა, პარტიის წევრობა კი შეუძლია საქართველოს მოქალაქეს. წერტილი! _ დანარჩენი ლოგიკა თვითონვე გააგრძელონ თქვენმა მკითხველმაც და პოლიტიკოსებმაც. ჩემდა სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილმა თავისი ქმედებით იმ ქვეყნის მოქალაქეობა დაკარგა, რომლის მეთაურიც თითქმის 10 წლის განმავლობაში იყო! უცხო ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში შევიდა და იქაური ქვეყნის მოქალაქე გახდა, ეს არის ფაქტი და ეს მმართველი პარტია და თუნდაც ოპოზიცია რატომ ინარჩუნებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, როგორც ფაქტორს ქართულ პოლიტიკაში? ჩემთვის ეს საკითხი კონსტიტუციით და კანონით გადაწყვეტილია. ამას ვამბობ რამდენი ხანია, _ უნდა ვინმეს ეს თუ არა, პოლიტიკოსი და პარლამენტარი რომ ხარ და კონსტიტუციის ყველაზე მნიშვნელოვან ჩანაწერს რომ უგულებელყოფ, უფრო სწორად, სრულ ინფორმაციას არ ეუბნები მოსახლეობას და ამბობ, რომ უკრაინის მოქალაქე საქართველოს პოლიტიკაშია და აქედან უნდა წავიდესო, მინიმუმ, ხომ არაკეთილსინდისიერად იქცევი. თუ ამბობ, რომ უნდა წავიდესო, სად უნდა წავიდეს?! ფიზიკურად ყოფნაზე ხომ არ არის საუბარი, პოლიტიკურ, პარტიულ არსებობაზეა აქ საუბარი. ერთ მხარეს არის დარჩენილი პოლიტიკა, მეორე მხარეს _ კონსტიტუცია, _ ეს არის ჩვენი დემოკრატიის პრობლემა. ჩვენთან პოლიტიკა კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში არ არის.
_ ბოლო 10 წლის მანძილზე მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი არის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. ამის გათვალისწინებით რომ ვისაუბროთ, თუ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან წავა, როგორც ფაქტორი, ის ვერ განსაზღვრავს პოლიტიკას, _ ეს შეცვლის მოცემულობას?
_ როდესაც ამბობ, მიშა და ბიძინა ფაქტორები არიანო, სავარაუდოდ, გაიხსენებ კიდეც და ამასაც გულისხმობ, ივანიშვილს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს (2012 წელი). მაშინ ქვეყნის შიგნით და კონსტიტუციური წესრიგისა და საერთაშორისო ასპარეზზე სწორი სამართლებრივი პროცედურების წარსამართად, მიუხედავად მიმდინარე სამართლებრივი პროცესებისა, ივანიშვილმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, უფრო სწორად, სახელმწიფომ მისცა მას შესაძლებლობა კონსტიტუიური ცვლილებით, კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა, რომ იგი ყოფილიყო ქართულ პოლტიკაში, ეს განსხვავებაა, მაშინ ასე გადაწყდა კონსტიტუციურად, ახლა ასე არ წყდება, სწორედ ეს ვიგულისხმე, _ ერთ მხარეს არის კონსტიტუცია და მეორე მხარეს _ ქართული პოლიტიკა. დღეს რომ ასე გააკეთოს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ასეთ შემთხვევაში ჩემი ლოგიკა სხვანაირი იქნება, მაგრამ ამას არ აკეთებს. მე რომ ვყოფილიყავი, ამდენ სალაპარაკოს არ გავხდიდი, მივცემდი მოქალაქეობას, ოღონდ კანონის ფარგლებში ჯერ ვათხოვნინებდი, შესაბამისად, ვიმსჯელებდი და მივცემდი მოქალაქეობას, ან პირიქით, მივცემდი არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, თუკი მას ენდომებოდა, ისევე როგორც 2012 წელს მოექცა სახელმწიფო ივანიშვილს. როცა ამას არ აკეთებ, გრჩება სამსჯელოდ მოცემულობა, ერთ მხარეს კონსტიტუცია, კანონი და უფლებები, მეორე მხარეს კი პოლიტიკა, ეს არ არის სწორი, უბრალოდ, უნდა მოხერხდეს ისე, რომ ეს ყველაფერი მოექცეს ერთიან კონსტიტუციურ საკანონმდებლო სივრცეში.
_ მანამ, სანამ ერთ მხარეს არის კონსტიტუცია და მეორე მხარეს, პოლიტიკა, სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა რამე ტიპის გავლენას მოახდენს დეპოლარიზაციაზე?
_ ჩვენი საზოგადოება 30 წლის განმავლობაში სწორედ დაძაბულობითა და პოლარიზაციით მოდის: ბელადების ძებნა, დამარცხება და ა. შ., კონტრკითხვა უნდა დავსვა: ზვიად გამსახურდია ქართულ პოლიტიკაში არის თუ არა? _ ზვიადისტები ხომ გვყვანან საზოგადოებაში? ზვიად გამსახურდია წავიდა ქართული პოლიტიკიდანო, _ ასეთი რაღაცის თქმა შეიძლება?! შენ რისთვის ამბობ იმას, რომ ვიღაც წავიდეს პოლიტიკიდან? იმ ვიღაცას თუკი ჰყავს ამომრჩევლები, მხარდამჭერები, შენი საზრუნავი ხომ ეს ადამიანები არიან და არა ის ერთი? ზვიად გამსახურდია ფიზიკურად იქნებოდა თუ არ იქნებოდა, მისი მხარდამჭერები არიან მნიშვნელოვანი და არა ზვიად გამსახურდია, ეს ხომ მარტივი ლოგიკაა, გონიერი ადამიანი და პოლიტიკოსი რომ მოუხმობს. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილი აღარ არის საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე და პარტიულ პოლიტიკას იგი ვერ აწარმოებს, თუმცა მას ჰყავს მხარდამჭერები. თუკი ამ მოცემულობას კონსტიტუციურ ფარგლებში არ აქცევ, ასეთ შემთხვევაში შენ ამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილი კი არ არის შენთვის პრობლემა, შენთვის პრობლემა ეს მხარდამჭერები არიან და აპრიორი ამბობ, რომ ეს ხალხი უნდა გაქრეს, ესენი უნდა წავიდნენო, ამას ამბობ. ის, რაც გაუკეთა ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებს დახვრეტით „ტროიკამ“, ამას ამბობ კონსტიტუციური თუ პოლიტიკური შეფუთვით. რას ნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი წავიდეს პოლიტიკიდან? ასეულობით ათასი მხარდამჭერი გაქრება? ჩვენ მაინც არ უნდა ავყვეთ, ასეთ არაკეთილსინდისიერ პოლიტიკოსებს ამ ლოგიკაში და ცივი გონებით ვიმსჯელოთ რაღაცებზე. არ შეიძლება ასე. რეალურად, იმ ხალხს რა ვუყოთ შემდეგ? თუ ისევ სამოქალაქო ომში წავიდეთ?! _ მიშა წავიდეს, ხომ ნიშნავს, რომ მისი მხარდამჭერები წავიდნენ, გაქრნენო, ამას რომ ამბობ, ხომ უნდა დაფიქრდე, რას ამბობ?! 2024 წელს რომ შეიცვლება მმართველი პოლიტიკური ძალა, რომ არ იქნება „ქართული ოცნება“, მისი ლიდერები და მხარდამჭერები საქართველოდან გაქრნენო, პოლიტიკური აქტივობა აეკრძალოსო, ამას უშვებს მმართველი პოლიტიკური ძალა. რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს მისთვის თუნდაც ხვალინდელ დღეს?! თუ დღევანდელი დღით ცხოვრებაა მთავარი? თუკი კანონს არღვევს ვინმე, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ყველა მოაქციოს კანონის ფარგლებში და რეაგირებაც მოახდინოს, დასაჯოს თუ დასასჯელიაა, მაგრამ როცა პარტიას წევრები და მხარდამჭერები ჰყავს, მაშინ რატომ? იმიტომ, რომ ვერ შეძელი მისი ამომრჩევლების ელექტორალური ბაზის დაშლა? ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა 2012 წლის შემდეგ გაუძლეს არაერთ პარტიულ კრიზისს, დაიშალა კიდეც, თუმცა კრისტალიზებული სახით მოდის, სტაბილურად, დაახლოებით, 500 ათასამდე. ეს არის მმართველი პოლიტიკური ძალის პრობლემა და ამაზე „ზრუნავს“, როცა სააკაშვილზე ასეთ განცხადებებს აკეთებს და არა მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალა, არამედ ყველა. „გირჩი“ ამბობს, ნახევარმილიონიანი პარტია და მისი მხარდამჭერები გაქრნენო, რატომ? ჩემთან წამოვიდნენ მერეო თუ როგორ? არ მესმის, უბრალოდ, არც მმართველი პოლიტიკური ძალის და არც ყველა სხვისი, ვინც ასე სვამს საკითხს, ეს სახიფათოა.
_ ივანიშვილს რომ დავუბრუნდეთ, ის ოფიციალურად არ არის პოლიტიკაში. მას შემდეგ, რაც აქტიურად დაიწყო საუბარი და მუშაობა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე, გაჩნდა მოსაზრება, რომ ივანიშვილის პროცესში ჩართულობით, მისი ოფიციალურად დაბრუნება და ამ პროცესში ივანიშვილის ჩართვა, იქნება მნიშვნელოვნად გადამწყვეტი პოზიტიური შედეგისთვის, _ იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას?
_ ე. წ. ვალდებულებით ან მტკიცებით ფორმაში ამაზე ვერ ვისაუბრებ. ჩემთვის ყველაფერი ნათელია განსაკუთრებით, „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი სამეულისა და აშშ-ის ელჩთან დაკავშირებული განცხადებების კვალობაზე. რეალურად, შვეიცარიული ბანკი, ეს სამეული, უკრაინის ომი და „ნაციონალური მოძრაობა“, ევროასოცირება ერთად არის შეკრული ერთი ინტერესით, ერთი ადამიანის ირგვლივ. ეს ფაქტია ჩემთვის, შესაბამისად, უნდა ჩაერთოს თუ არა ოფიციალურ მოლაპარაკებებში, რა სტატუსით უნდა ჩაერთოს, ვალდებულება რა სტატუსით უნდა აიღოს, ეს ტექნიკურად შეუძლებელია. შესაბამისად, იმ ფორმატებში, რაც არის, საერთაშორისო საზოგადოებამ, საქართველოს მთავრობაზე გავლენის მოხდენით, შესაძლებელია, უზრუნველყოს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარება, შესაძლოა, რთულად, მაგრამ უზრულველყოს, რაც თავისთავად გამორიცხავს ამდაგვარი გავლენის მქონე სუბიექტებს და მათ გავლენას მინიმუმამდე შეამცირებს. ასე რომ, ფაქტორის გამორიცხვა დემოკრატიული ბერკეტებით უკვე მნიშვნელოვანი იქნება. ფაქტორში ვგულისხმობ სააკაშვილსაც, ივანიშვილსაც და ყველას. მოლაპარაკებები სახელმწიფოთა შორის რაც არის, ის უნდა წარიმართოს, ინტენსიური გახდეს და დაწოლა გაიზარდოს ხელისუფლებაზე, სწორედ იმისთვის, რომ ეს ფაქტორები სამომავლოდ ყველა შემთხვევაში გამოირიცხოს.
_ დღევანდელი მოცემულობით რომ შევაფასოთ, რა პერესპექტივა გვაქვს რეკომენდაციების საკითხში? შევძლებთ 12 პუნქტის შესრულებას?
_ დამაიმედებელი პროგნოზი თავიდანვეც არ მქონია, წინაპირობები უნდა მქონდეს იმისთვის, რომ ვთქვა, _ რაღაც ღირსეულად მოქცეულან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უშუალოდ იყო ჩართული მოლაპარაკების პროცესში, იმას გაადახიეს თავზე დოკუმენტი, ელჩებს რაები უწოდეს მაშინ და დღეს, გარდა ამისა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებს რაებს უწოდებენ, ვიცით. შესაბამისად, მმართველი პოლიტიკური ძალისგან, იგივე პირობებით თუ გაგრძელდა ურთიერთობა, მოლოდინი განსაკუთრებული არ მაქვს, თუმცა თუკი გაიზრდება დემოკრატიული წნეხი მთავრობაზე, დარწმუნებული ვარ, კეთილს ინებებენ, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი რესურსები დიდწილად დამოკიდებულია საერთაშორისო, მათ შორის, ევროპულ დონორებზე. შეგიძლიათ გადახედოთ, ინვესტიციები როგორია ან ეკონომიკაში მდგომარეობა რაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, მე არ ვფიქრობ, რომ შეუძლებელი იქნება ამ ყველაფრის მიღწევა, თუკი დაწოლა გაგრძელდება. შესაბამისად, ყველაფერი მიიღწევა, თუკი ქართული საზოგადოება ჯეროვნად გაიაზრებს იმ დაღმავალ ტრენდს, რუსეთს, როგორც ფაქტორს, მმართველი პოლიტიკური ძალის შესაძლო მოკავშირეს, რომლის როლიც დღითი დღე უარესდება, უკრაინის ომს ვგულისხმობ, ოღონდ არა მხოლოდ უკრაინის ომს, გეოპოლიტიკურ კონტექსტშიც თუ გადავხედავთ, რუსეთი, როგორც ფაქტორი, სულ უფრო და უფრო უკანა პლანზე გადადის.

გაზიარება