- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-07-01 09:12:08
შორენა მარსაგიშვილი
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩხეიძე, მიიჩნევს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. მისი თქმით, ოპოზიციამ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს. თამარ ჩხეიძის აზრით, საქართველოს ევროპულ მომავალს „ქართული ოცნება“ პუტინის დავალებით ებრძვის. ის მიიჩნევს, რომ ვიდრე პუტინი ხელისუფლებაშია, მსოფლიოს მშვიდობა არ ეღირსება.
შეძლებს თუ არა საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი? რა შედეგს მოიტანს დაწყებული პროტესტი? რისთვის არის საჭირო დეპუტინიზაცია? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს თამარ ჩხეიძე ესაუბრება:
_ ქალბატონო თამარ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. სიტუაციის გამოსასწორებლად ექვსი თვე გვაქვს. შეძლებს ქართული საზოგადოება ხელისუფლების იძულებას, რომ მან შეასრულოს ის მოთხოვნები, რასაც ჩვენგან ევროკომისია ითხოვს?
_ ამ ეტაპზე „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს ევროპულ მომავალს. მათ ევროპაში დაბრუნების პროცესი შეანელეს. იმედი მაქვს, ეს არის მხოლოდ დროებითი მოვლენა. ღმერთმა არ ქნას, რომ საბოლოოდ წაგვართვან ევროპული მომავალი. დიდი იმედი მაქვს, საზოგადოება ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროპული მომავალი არ დაგვაკარგვინონ. ამისთვის საზოგადოებამ ძალიან უნდა იაქტიუროს. ჩვენ ქვეყნის ნათელ მომავალზე უარი არ უნდა ვთქვათ.
საქართველოს დღევანდელი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო დასავლურ ორბიტას მოშორდეს. ეს კარგად გამოჩნდა ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გაკეთებული განცხადებებიდანაც.
_ პარლამენტში გამოსვლისას ღარიბაშვილი ოპოზიციას ღიად აყენებდა შეურაცხყოფას. ადრე ის ასე თუ ისე თავს იკავებდა ხოლმე, ახლა რა შეიცვალა? რატომ გახდა ასეთი უხეში?
_ პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. სიმართლე რომ გითხრათ, არც ირაკლი ღარიბაშვილისგან და არც „ქართული ოცნების“ სხვა წევრებისგან ასეთი უხეშობა და უზრდელობა არ მიკვირს. სხვანაირად რომ მოიქცნენ, ის უფრო გამიკვირდებოდა.
_ რატომ არ გიკვირთ მათგან ასეთი საქციელი?
_ მთელი მათი მმართველობა აგებულია ლანძღვა-გინებასა და სიძულვილზე. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ის ოპონენტების დემონიზაციით არის დაკავებული. პოზიტიურსა და კონსტრუქციულს ისინი ქვეყნისთვის არ აკეთებენ. მათი ერთადერთი მიზანი სიძულვილის გაღვივება და ადამიანების ერთამენთთან დაპირისპირებაა. აქედან გამომდიბნარე, ღარიბაშვილისგან ასეთი სიხისტე და უზრდელობა ბუნებრივი იყო. ხელისუფლების წარმომადგენლები ასე გათავხედებულები თავიანთი პატრონისგან არიან.
_ ბიძინა ივანიშვილმა გაათავხედა „ქართული ოცნება“?
_ მთავარმა პატრონმა, ვლადიმირ პუტინმა. ბიძინა ივანიშვილი და მთელი მისი „ქართული ოცნება“ პუტინის დავალებებს ასრულებენ. რახან ჯერჯერობით პუტინს ბოლო არ მოეღო, ჩვენი ხელისუფლება ძლიერ ზურგს გრძნობს და ოპონენტებთან საკმაოდ დიდ გულზეა.
_ სამწუხაროდ, პუტინს ბოლო არ მოეღო, მაგრამ აღარც ისეთი ძლიერია, როგორც უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო. მთელი ცივილიზებული სამყარო მის წინააღმდეგ გაერთიანდა.
_ სახარბიელო მდგომარეობაში პუტინი აღარ არის, მაგრამ, ასე თუ ისე, ჟანგბადს ჯერ კიდევ პოულობს მსოფლიოში. ეს არის ძალიან ცუდი. ცუდია იმიტომ, რომ თავად კი არ უწევს ამ ჟანგბადის პოვნა, დასავლეთი აძლევს მას იმის შანსს, რომ რაღაცნაირად ისუნთქოს. ეს ჩემს ძალიან დიდ გაოცებასა და აღშფოთებას იწვევს. არ მესმის, როგორ შეიძლება, ამ ადამიანს სასუნთქი დაუტოვო? დასავლეთი თავად აცხადებს, რომ ენერგეტიკული რესურსების რეალიზაციიდან რუსეთი დღეში 1 მილიარდ დოლარს იღებს.
_ ადრე რუსეთი გაცილებით ბევრ თანხას იღებდა.
_ ადრე უფრო ბევრს იღებდა, მაგრამ ეს ერთი მილიარდი პუტინს ჰყოფნის იმისთვის, რომ უკრაინაში დანაშაულებრივი და საშინელი ომი გააგრძელოს. ამ ომმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. პუტინის დასუსტება აშკარაა, მაგრამ იგი მაინც ახერხებს იმის გაკეთებას, რაც სურს. დასავლეთმა უნდა იჩქაროს მისი საბოლოო დამარცხება. ეს ადამიანი მთელ მსოფლიოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. პუტინი ამ ომიდან ისე თუ გამოძვრა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნა, ეს ძალიან ბევრი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.
_ პირველ რიგში, ალბათ, ბალტიის ქვეყნებისთვის იქნება საფრთხე. ახლა ორკებს ლიეტუვა ჰყავთ ამოჩემებული.
_ ბალტიის ქვეყნები რუსების ერთ-ერთი პირველი სამიზნეა. მშვიდად ყოფნა არც სხვა ქვეყნებს უწერიათ. პუტინი ღიად ამბობს, რომ იმ მიწების დაბრუნებას აპირებს, რომელიც ოდესაღაც რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული.
_ მან პეტრე პირველს შეადარა თავი.
_ მიაჩნია, რომ თანამედროვე პეტრე პირველია. აკვიატებული აქვს, რომ სხვისი მიწები უნდა მიითვისოს. რუსებს სხვისი მიწების მითვისება ზოგადად ახასიათებთ. ისინი საუკუნეების მანძილზე იტაცებდნენ სხვის მიწებს.
სხვისი მიწების დაპყრობა ამ სახელმწიფოს დამახასიათებელი თვისებაა. სხვა მმართველებსაც ჰქონდათ ეს მისწრაფება, მაგრამ ეს მტაცებლური თვისება პუტინში განსაკუთრებით გამოკვეთილია. მას საშინელი ანტიადამიანური და ანტიჰუმანური მისწრაფებები აქვს. ამას არც მალავს. ღიად აცხადებს, რომ უკანონოდ თვლის, ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკები დამოუკიდებელი სახელმწიფოები რომ არიან. მას არ აინტერესებს, რომ ისინი თავის დროზე რუსეთმა დაიპყრო და დააკარგვინა მათ სახელმწიფოებრიობა. პუტინი ფიქრობს, რომ ეს ქვეყნები რუსეთის ნაწილი არიან. პუტინს ამ ეტაპზე უკრაინის მიერთება სურს. ღმერთმა არ ქნას, ეს მოხდეს, მაგრამ თუ უკრაინის დამარცხება გაუვიდა, სხვა რესპუბლიკების უკან დაბრუნებასაც შეეცდება.
მშვიდად არც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უნდა იყვნენ. საბჭოთა კავშირს ისინიც ოკუპირებული ჰქონდა. პუტინი მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაზე არ შეჩერდება და დასავლეთსაც გადასწვდება. ამიტომ კაცობრიობის ინტერესებშია, რომ ცოტათი გაიჭირვოს და რუსეთი პუტინის გარეშე დატოვოს. რუსეთს ასევე უნდა გაუქრონ კოლონიალური მისწრაფებები.
_ ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება. კოლონიური მისწრაფებები რუსებს სისხლში აქვთ გამჯდარი და ამის გარეშე არ შეუძლიათ.
_ რუსებისთვის კოლონიური მისწრაფებების მოსპობა მართლა ძნელი იქნება, მაგრამ სავსებით რეალურია, რომ ამის შესაძლებლობები მოუსპონ. მე არ ვამბობ, რომ რუსეთი მიწასთან უნდა გასწორდეს. იმ დონემდე უნდა მიიყვანონ, რომ მოსკოვმა თავი გაანებოს სხვა ქვეყნებს.
_ მთელი ცივილიზებული სამყარო პუტინს ლანძღავს და აკრიტიკებს. ჩვენს ხელისუფლებას მეათეა წელია, ერთხელაც კი არ უხსენებია რუსი ტირანი. ასე ძალიან ეშინიათ მისი, რომ ზრდილობის გულისთვის მაინც არ აკრიტიკებენ? თუ მასთან დიდ ვალში არიან და ამით აიხსნება მათი სამარცხვინო დუმილი?
_ რატომ უნდა გააკრიტიკოს „ქართულმა ოცნებამ“ პუტინი? ისინი ხომ ქართულ ინტერესებს არ ახორციელებენ? „ქართულმა ოცნებამ“ შესანიშნავად იცის, რომ ხელისუფლების სათავეში პუტინმა მოიყვანა. მათი კეთილდღეობისა და ძალაუფლების წყარო არის პუტინი, მასთან ვალში არიან, ამიტომაც მას არ გააკრიტიკებენ. ამის გარდა, ეშინიათ კიდევაც მისი. არ ველოდები, რომ დღევანდელი ხელისუფლება რამე ფორმით გააკრიტიკებს რუსეთის მმართველს.
_ სამაგიეროდ, ევროპას ლანძღავენ დიდი მონდომებით „ქართული ოცნების“ წევრები. ამტკიცებენ, წევრობის კანდიდატის სტატუსი იმიტომ არ მოგვცეს, რომ ომი არ დავიწყეთო.
_ ეს არგუმენტი არის ძალიან დიდი სისულელე. ვიღაცები საქართველოში ამბობდნენ, რომ რუსეთისთვის მეორე ფრონტი უნდა გაგვეხსნა. მინდა იცოდეს ყველამ, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა რუსეთისთვის არც ევროპის ინტერესებში შედიოდა და არც უკრაინის. სიტუაციაში ვინც კარგადაა გარკვეული, მას შესანიშნავად მოეხსენება, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა არფერს მოიტანს. რა უნდა დააკლოს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნამ რუსეთს, როდესაც საქართველოს ისეთი ხელისუფლება ჰყავს, როგორიც „ქართული ოცნებაა“? ჩვენს მოკავშირეებს შესანიშნავად მოეხსენებათ „ქართული ოცნების“ რუსული მისწრაფებები.
დღეს უკრაინა მთელი მსოფლიოსთვის იბრძვის და არავის სთხოვს, რუსეთს მეორე ფრონტი გაუხსენითო. დღეს ერთადერთი, რაც უკრაინას სჭირდება, ეს არის დიდი რაოდენობით იარაღი და თანამედროვე საბრძოლო ტექნიკა. დღევანდელ მდგომარეობაში მყოფი საქართველო ამ ომში დიდი ვერაფერი რესურსის შემტანია. ასე რომ, სისულელეა იმაზე ლაპარაკი, საქართველო იმის გამო ისჯება, ომში არ ჩაერთოო. დღეს მსოფლოში ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ომი აწყობს. ეს ადამიანი არის პუტინი. ასე რომ, „ქართული ოცნების“ არგუმენტები ომთან დაკავშირებით ძალიან სასაცილოა.
_ ზემოთ ღარიბაშვილის ხისტ განცხადებებზე ვისაუბრეთ. პრემიერი ასეთი ტონით რომ ესაუბრება ოპონენტებს. ეს თავად ოპოზიციის ბრალიც ხომ არ არის? ფაქტია, რომ მათ მისცეს ამის უფლება მთავრობის მეთაურს.
_ გარკვეულწილად, ეს შეიძლება ოპოზიციის ბრალია, მაგრამ ამ ამბავში მთავარ დამნაშავედ პუტინი მიმაჩნია. „ქართული ოცნების“ გათავხედების მთავარი წყარო არის ვლადიმირ პუტინი. ისიც პუტინის ბრალია, რომ ოპოზიცია დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასა და ამ გზით ხელისუფლების შეცვლას ვერ ახერხებს. ოპოზიციაზე ძალიან დიდი წარმოდგენის არ ვარ, მაგრამ მთავარი პუტინის ფაქტორია. პუტინის ფაქტორი თუ მოისპო, ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ არც ეცდება, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, ისინი იმდენად დამოკიდებული არიან პუტინზე.
ვიღაცებს, რატომღაც, ჰგონიათ, რომ მითია საუბარი იმაზე, პუტინი სხვა ქვეყნების არჩევნებში ერევაო. ბევრს ეგონა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ცალკე იყო და რუსეთი _ ცალკე. მას შემდეგ, რაც პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში მოვიდა, ის ძალიან აქტიურად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში და მათ შორის არჩევნებშიც.
საქართველოს რატომ გვიკვირს, როცა რუსეთი დასავლეთის ქვეყნების არჩევნებშიც ერევა, მათ შორის, ამერიკაშიც და ევროპაშიც? ამის დამამტკიცებელი ფაქტები, ბუნებრივია, ვერ მექნება. მაგრამ საფრანგეთის პრეზიდეტ მაკრონის განცხადებები ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.
_ რომელ განცხადებებზე საუბრობთ, პუტინსა და ოკუპანტ რუსეთს რომ უკმევს გუნდრუკს?
_ დიახ. მაკრონის გამონათქვამები არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს მიუთითებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ის ანგარიშს უწევს პუტინს. პუტინი მისთვისაც საშიში ძალაა, რომელიც ერევა საფრანგეთის საქმეებში. პუტინის რომ ეშინოდა, ამიტომ თქვა, შეცდომების გამო არ უნდა დავამციროთ რუსეთიო.
_ ეს საშინელი ომი თუ შეცდომაა...
_ წარმოუდგენელი ამბავია, იმ საშინელებას შეცდომა უწოდა, რასაც ახლა რუსეთი სჩადის უკრაინაში. ეს არის დანაშაული, რომელზედაც რუსეთმა და პუტინმა პასუხი უნდა აგონ.
_ ისევ საქართველოს ევროპულ მომავალს დავუბრუნდეთ. გასულ კვირას საქართველოში ორი სერიოზული აქცია გაიმართა. როგორ ფიქრობთ, მოიტანს შედეგს ეს აქციები? აქციები სხვა დროსაც ყოფილა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ისე მთავრდებოდა, როგორც ხელისუფლებას სურდა.
_ პროტესტის დაწყება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მისი გაგრძელება და მუხტის შენარჩუნება. ვაღიარებ, რომ ძალიან მძიმე ამოცანა დაისახეს აქციის ორგანიზატორებმა. არ ვიცი, რა გაგრძელება ექნება ამას, მაგრამ აქტიურობის ნაკლებობას აშკარად ვხედავ. დღეს რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩა, ეს რაღაცნაირად ოპოზიციისა და საზოგადოების დამსახურებაც არის. მიმაჩნია, რომ მათ ბოლო თვეების მანძილზე სათანადოდ არ იაქტიურეს. არადა, შეეძლოთ პროტესტის აგორება.
_ იქნებ, არ შეეძლოთ?
_ შეეძლოთ და ამაზე კარგად მეტყველებს გასული წლის 14 ოქტომბერს გამართული ბრწყინვალე აქცია, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება მოითხოვეს. ჩაატარეს ეს აქცია და შემდეგ თვეებში მიძინებულ მდგომარეობაში იყვნენ. ხაზს ვუსვამ, რომ საპროტესტო მუხტის შენარჩუნება ძნელია, მაგრამ ოპოზიციას მეტად უნდა ეაქტიურა.
ხაზგასმით მინდა იმის თქმაც, რომ სწორია, როცა ოპოზიცია პროტესტს კანონიერების დაცვის ფარგლებში გამოხატავს. კარგია, ძალადობას რომ არ მიმართავენ. ძალადობრივი ფაქტორი ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო. არსებულ ვითარებაში ძალადობრივი ქმედებები საერთოდ დაუშვებელია.
_ არსებულ სიტუაციაში რატომ არის განსაკუთრებით დაუშვებელი? ფიქრობთ, რომ ამას რაღაც ძალიან ცუდი მოჰყვება?
_ „ქართულ ოცნებასა“ და პუტინს ასეთ შემთხვევაში მიეცემათ შანსი იმისა, რომ თავიანთი სცენარი ჩართონ. ეს სცენარია სამოქალაქო დაპირისპირება. ოპოზიცია სწორად იქცევა, რომ მშვიდობიანი პროტესტის გზას ირჩევს და მომავალშიც ასე უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მეტი აქტიურობა მართებს ოპოზიციასაც და მთელ ჩვენს საზოგადოებასაც. საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია და ამას არ უნდა წავუყრუოთ.
_ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ახსენეთ და 14 ოქტომბრის შემდეგ მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად მძლავრი აქცია აღარ გამართულა. თქვენი აზრით, რატომ მოხდა ასე?
_ 14 ოქტომბრის შემდეგ რამდენიმე აქცია გაიმართა, მაგრამ 14 ოქტომბრის ფონზე არ იყო სერიოზული პროტესტი. არადა, აშკარაა, რომ მესამე პრეზიდენტის პატიმრობით საზოგადოების დიდი ნაწილი შეწუხებულია და მზადაა, მის მხარდასაჭერდ გამოვიდეს ქუჩაში.
_ იქნებ, არ არის ეს ასე?
_ ასეა. და ეს რომ ასეა, 14 ოქტომბრის აქციამ დაამტკიცა. ხალხისთვის მნიშვნელოვანი რომ არ ყოფილიყო მესამე პრეზიდენტის საკითხი, ამდენი ვერ შეიკრიბებოდა აქციაზე.
_ იქნებ, პარტიული აქტივი იყო?
_ მარტო პარტიული აქტივი არ ყოფილა. თავისი ძალებით პარტია ამდენ ხალხს ვერ გამოიყვანდა, ეს გამორიცხულია. ეს ხალხის გულწრფელი პროტესტი იყო. ჩემი აზრით, აქტიურობის ნაკლებობა იყო. ზემოთაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ პროტესტის დაწყება უფრო ადვილია, ვიდრე მისი გაგრძელება. საპროტესტო მუხტის შენარჩუნება ურთულესი ამბავია.
_ პროტესტის გაგრძელება და ყოველდღე დიდი აქციების ჩატარება რთულია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ არ აქტიურობს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე? ამას რა ახსნა აქვს?
_ ვერ გეტყვით, რატომ არ აქტიურობს და სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაც არ მინდა. მე მათი პარტიის წევრი არ ვარ და არ ვიცი, პარტიის კულუარებში რა ხდება. როგორ მოიქცევიან, ეს მათი გადასაწყვეტია. ზოგადად ვიტყვი, რომ უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო. და ეს აქტიურობა აუცილებლად კანონის ფარგლებში უნდა იყოს.
_ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას არ აპირებს. განთავისუფლებას ვინ ჩივის, უარს ამბობენ საზღვარგარეთ მის სამკურნალოდ გადაყვანაზე. არადა, ადამიანი ძალიან ცუდადაა. ამას რა ახსნა აქვს?
_ ეს წარმოუდგენელი ამბავია. აშკარაა, თუ რა მიზნები აქვს „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. „ოცნებას“ სურს, რომ სააკაშვილი ან მოკლას, ან ისე დაასახიჩროს, რომ შემდეგში მისი აქტიურობა იყოს არაეფექტიანი ან სრულიად შეუძლებელი.
_ მიაღწევს თავისას?
_ ჯერჯერობით იმას აკეთებენ, რაც სურთ. აშკარაა, რომ ეს არის პუტინის შურისძიება. პუტინის დავალებით აწამებენ და ასახიჩრებენ მიხეილ სააკაშვილს. ასე სურს რუსეთის პრეზიდენტს და „ქართული ოცნებაც“ მორჩილად ასრულებს ვლადიმირ პუტინის ბრძანებას.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რატომღაც, არ აღიარებს მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობას. ცოტა უცნაურია, როცა ქართულ პარტიებს პუტინის პირადი პატიმრის მიმართ ასეთი გაუგებარი დამოკიდებულება აქვთ. შესაძლოა, ვიღაცას სააკაშვილი ადრე არ მოსწონდა, ვიღაცას დღეს არ მოსწონს, მაგრამ აშკარაა, რომ მესამე პრეზიდენტი პუტინის ტყვეა. ამიტომ არის საჭირო მისი დაცვა და მხარდაჭერა. ამ საკითხში არ შეიძლება პასიურობა. ეს საკითხი გვეხება ყველას. აქ ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი. რა მნიშვნელობა აქვს, ვინაა ის _ პრეზიდენტი თუ მოქალაქე? ფაქტია, მას კლავენ.
_ ევროპაში რომ მიგვიღონ, სიტუაციის გამოსასწორებლად ექვსი თვე მოგვცეს. ამ ექვს თვეში შევძლებთ რამის გამოსწორებას?
_ ხელისუფლება არაფერს გამოასწორებს. გამოსავალი ხალხისა და ოპოზიციის აქტიურობაშია. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. იმედი მაქვს, ამ მუხტს შეინარჩუნებენ. საქართველომ ევროპაზე უარი არ უნდა თქვას. საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესის დაბრკოლება თავიდან ბოლომდე არის ხელისუფლების კისერზე. განსაკუთრებულად ცუდ როლს ასრულებს ბიძინა ივანიშვილი. იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება ყველაფერს გააკეთებს ევროპული მომავლის დასაცავად, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ახლა მსოფლიოს მთავარი ამოცანა დეპუტინიზაციაა. დეპუტინიზაციის შემთხვევაში საქართველო უპრობლემოდ გახდება ევროპის ნაწილი.