QronikaPlus
რომან გოცირიძე: „ქართველმა ხალხმა თქვა, რომ არ სჭირდება ის ხელისუფლება, რომელსაც არ უნდა ევროპა“

რომან გოცირიძე: „ქართველმა ხალხმა თქვა, რომ არ სჭირდება ის ხელისუფლება, რომელსაც არ უნდა ევროპა“

2022-07-01 06:59:45

ნენე ინჯგია

უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს მას, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 პირობას შორის არის: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა. შ. ამისთვის კი ვადა 6 თვეა.

იღებს თუ არა პასუხისმგებლობას არსებულ შედეგზე ოპოზიციური სპექტრი? რას გეგმავენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და რა ტაქტიკას ირჩევენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე?

ამ თემების გარშემო „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ რომან გოცირიძეს ესაუბრა:

_ ბატონო რომან, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, პასუხისმგებლობას გრძნობთ, რომ საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? ერთ-ერთი პუნქტია პოლარიზაციის საკითხი, რაშიც ოპოზიციასაც აქვს თავისი პასუხისმგებლობა, _ ამ მიმართულებით არ იყო საკმარისად ქმედითი ოპოზიცია?

_ საქართველოში „ვარდების რევოლუცია“ მოხდა, სულ რამდენიმე ადამიანი იყო დაკავებული და საპროცესო გარიგებით გამოუშვეს კორუმპირებულები, მილიონები ჰქონდათ მოპარული და არც ერთი პოლიტიკური ფიგურა არ ყოფილა ციხეში. არარევოლუციური გზით მოსული ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში კი ყველა ციხეშია, ვინც წინა ხელისუფლებაში იყო: მესამე პრეზიდენტი, პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მთელი მთავრობა დაპატიმრებული იყო. ასევე პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ციხეში იყო, გიორგი რურუა, რომელსაც იარაღი ჩაუდეს, ასევე „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია დააკავეს. საშინელი რეპრესიები ხდება. ერთია ხელისუფლების სიტყვიერი განცხადება, რომ მთავარი ამოცანაა ოპოზიციისა და, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება და ღარიბაშვილის ცნობილი ფრაზა „რადარებიდან გაქრობა“ და მეორეა რეალური ქმედებები. დღეს მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირას ჰყავთ მიყვანილი და სამკურნალოდაც არ უშვებენ ისევე, როგორც არ უშვებენ ნიკა გვარამიას. ამიტომ პოლარიზაციის რამენაირად ოპოზიციაზე გადაბრალება უნამუსობაა. დეპოლარიზაციას ვიწყებთო, _ განაცხადა ღარიბაშვილმა, ითმინა ხუთი წუთი და მერე მოხსნა გუდას თავი, აფრქვია და აფრქვია სიძულვილი. „კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს“! ჰოდა, რაც არ განიმართების, უნდა მოაჭრა. თუკი პასუხისმგებლობის წონას გადავანაწილებთ და რაღაც შეცდომა თუ აქვს ოპოზიციას, ეს არის დაახლოებით რწყილი რომ შეადარო სპილოს. რეალურად კი ფაქტია, რომ დავკარგეთ ძალიან დიდი ფული. არსებობს სპეციალური ფონდები კანდიდატებისთვის. კანდიდატობიდან წევრობამდე არის მრავალი წელი, ზოგი გადის 10-ს, ზოგი 15 წელს, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში უამრავი მიმართულებით მიმდინარეობს დახმარება: გრანტები, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამა, ასევე განათლების, ჯანდაცვის მიმართულებით; სპეციალური ბიზნეს-შეღავათიანი სესხები. დიდი ფული დავკარგეთ, თითოეულმა ჩვენმა ოჯახმა დაკარგა ერთი ის, რომ ევროკავშირში გაწერვიანება გადაიწევს დიდი ხნით და მეორე ის, რომ დაკარგა უშუალოდ მატერიალური შემოსავლები. კანდიდატის სტატუსის დაკარგვით არაფერი დაუკარგავს საქართველოს ფინანსურადო, _ თავს იმართლებენ „ქართულ ოცნებაში“. ქვეყანა კარგავს ძალიან ბევრს. გაწევრიანების სტატუსის მქონე ქვეყანას ექნებოდა წვდომა ევროკავშირის 11 პროგრამაზე, აგრეთვე გაწევრიანებისწინა ფინანსურ ინსტრუმენტზე, ე. წ. IAP 3-ზე, რომელიც არის ფონდი 14 მილიარდი ევროს ოდენობით.  ფაქტია, ქართველმა ხალხმა თქვა, რომ არ უნდა ის ხელისუფლება, რომელსაც არ უნდა ევროპა, ეს ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, წამოვიდეს დათმობაზე.

_ მიღებულ შედეგზე რა ფორმით უნდა აგოს პასუხი ხელისუფლებამ?

_ ის, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ეს არის სრული კრახი. როდესაც ფიასკოს განიცდი, პოლიტიკაში ასეა, რომ პოლიტიკურად უნდა აგო პასუხი. პოლიტიკური პასუხისგება ნიშნავს, რომ ღარიბაშვილი და მისი მთავრობა უნდა გადადგეს. დანარჩენი, როგორ განვითარდება მოვლენები და ა. შ., ამ შემთხვევაში იდეალური იქნებოდა, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს არაპოლიტიკოსებისგან შემდგარი ტექნიკური მთავრობა, რომელიც 6 თვის განმავლობაში დაიწყებს ქვეყანაში იმ რეკომენდაციების შესრულებას, რაც მოგვცა ევროკავშირმა, _ ეს იქნებოდა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და პატრიოტული ნაბიჯი, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხრიდან. თუ ამას ისინი არ გააკეთებენ, უნდა გავაკეთებინოთ, იმიტომ, რომ როდესაც ქუჩაში 100 ათასი ადამიანი გამოდის, რამდენიც სულ 5-6-ჯერ გამოვიდა და ამდენი ადამიანი 10 წელიწადში ერთხელ გამოდის ქუჩაში, ძალიან დიდი სიგნალი იყო ეს, რომ არავის დაუთმობს ქვეყანას ჩვენი ხალხი და არავის მისცემს ჩვენს ევროპული მომავლის დაკარგვის საშუალებას. მით უმეტეს, ღარიბაშვილს, რომელიც მთელი ამ თვეების განმავლობაში იყო, ფაქტობრივად, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ბერკეტი, პერსონალურად მას ვერ დაბრალდება ფიასკო, ამ ყველაფრის თავი და თავი ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ ღარიბაშვილის განცხადებები, მისი თავდასხმა უკრაინასა და უკრაინის ხელისუფლებაზე, ზღვარს სცდება. პარლამენტში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ თბილისში მარიუპოლი იქნებოდა, თქვენ რომ ხელისუფლებაში ყოფილიყავითო. ე. ი. რუსების მიერ ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაზე, ნახევარმილიონიანი ქალაქის განადგურება და 22 ათასი მშვიდობიანი მოქალაქის დახოცვა, თურმე, უკრაინის ხელისუფლების ბრალი ყოფილა, ვინაიდან მათ აქამდე მიიყვანეს საქმე, ანუ მათ თავიდან ვერ აიცილეს რუსების თავდასხმა, _ ეს თქვა ღარიბაშვილმა. გარდა ამისა, მისი მხრიდან იყო თავდასხმა ოპოზიციაზე, მისი ცნობილი ფრაზა, რომ ოპოზიცია რადარებიდან უნდა გავაქროთო. ევროკავშირის მთავარი მოწოდება და პირველი პუნქტი ამ 12 პუნქტიდან არის კონფრონტაციის შერბილება. ამის ნაცვლად პირიქით ხდება, _ ოპოზიციასთან კონფრონტაციის გაღრმავება, პლუს მასზე თავდასხმები და ახალი ფრონტის გახსნა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. მათ მიერ დასმული პრეზიდენტი, რომელიც დღემდე რჩება ბიძინა ივანიშვილის ერთგულად და მისი დავალებების შემსრულებლად, უკვე გამოაცხადეს ახალ მტრად. მანამდე მარგველაშვილი იყო მტერი, ანუ მტრის ძებნაში გაატარეს მთელი ეს პერიოდი და შემდეგ, კრიმინალებად მოიხსენიებდნენ ევროპარლამენტის წევრებს და იმ დეპუტატებს ევროპაში, რომლებიც მთავარი მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების. ასეთ ვითარებაში, ღარიბაშვილი წავიდეს იორდანიის სანაპიროზე სანქციადადებული, ბოროტი კირილისა და რუსეთის საპატრიარქოს დახმარებით, იორდანიაში მიწა მოუზომეს რუსეთის ტურისტული ცენტრის გვერდით, ააშენოს იქ სასტუმრო, რასაც აპირებს ხიდაშელი და ღარიბაშვილი, იმ სასტუმროში იქნება პატარა სამლოცველოც და წავიდეს და იქ იჭყუმპალაოს იქ. ხალხს ატყუებს, 300 წლის მერე ჩვენი სულიერი მისია ბრუნდებაო. აბა, შედით ინტერნეტში, რა სულიერი მისიაა? _ რუსეთის 80-ნომრიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა, პირდაპირ იქ, სადაც მიწა ჩვენ მოგვიზომეს და ჰქვია მომლოცველთა ცენტრი. ტურისტული დაწესებულებაა, რომელშიც ასევე არის ეკლესია. 24 ათასი ადამიანის მიღება შეუძლიათ, ანალოგიურ ცენტრს ქმნიან და არც ერთი კაპიკი არ უნდა იყოს ჩადებული ბიუჯეტიდან. აქედან ჩასული ქართველები ფულს დახარჯავენ იორდანიაში, ფულის ნაწილი წავა რუსეთის ბიუჯეტში, ანუ ხიდაშელთან და მეორე ნაწილი წავა იორდანიის ბიუჯეტში. წავიდეს ღარიბაშვილი და იმუშაოს იმ სასტუმროში. სად არის ის ვითომ რუკა, ხიდაშელმა რომ ჩამოიტანა? 2 წელი გავიდა და ერთი ნაბიჯი მაინც გადაიდგა აზერბაიჯანთან მოლაპარაკების კუთხით? გააუარესეს ვითარება და იქ, სადაც ტურისტები, მომლოცველები, სასულიერო პირები დადიოდნენ, დღეს უკვე აზერბაიჯანის სამხედროები დგანან. ამიტომ ღარიბაშვილის ადგილი არის იქ, იქვე იქნება მისი მდინარეც, ოღონდ ერთი რამ უნდა იცოდეს, რომ მომლოცველების 90% მიდის იქვე, ოღონდ ისრაელის ტერიტორიაზე, იმიტომ, რომ ამბობენ, ქრისტე იქ კი არ მოინათლა, სადაც ჩვენ მოგვიზომეს მიწა, არამედ მეორე მხარეს, ისრაელის ნაწილში. რუსებმა თუ მოატყუეს, გვერდით მისცეს მიწა, ასეთ სადავო საკითხში აღმოჩნდა, მაგრამ მთავარია, მთავრობას ჩამოსცილდეს. აჩვენეთ ეს ბავშვები (ანუ ანსამბლი „მზიური“) მსოფლიოს და ომი არ იქნებაო, თქვა თავის დროზე ლეონიდ ბრეჟნევმა. აჩვენეთ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა მსოფლიოს და ევროკავშირი მიგვიღებენ კი არა, სადაც ვართ, იქიდანაც კინწისკვრით გამოგვაგდებენ. ევროკავშირში კანდიდატად გაწევრიანების მოლოდინში მყოფებმა მაინც საკადრისად ვერ შევაფასეთ ღარიბაშვილის მიერ ყატარში ნათქვამი სიტყვები, რომ საქართველო ნატოში მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ შევა, როგორც ამას ითხოვენ ნატოს ქვეყნებიო. ეს იყო ანტიკონსტიტუციური და დანაშაულებრივი სიცრუე. არავინ ითხოვს, რომ ნატოში გაწევრიანებას წინ უძღოდეს ტერიტორიების დაბრუნება. პარლამენტში გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატოში ტერიტორიების გარეშე ხომ არ შევალთო. ამ ანტიდასავლურმა რიტორიკამ, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ბიძინა ივანიშვილმა, მიგვიყვანა აქამდე. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებები, სადაც ამბობენ, რომ იგი ფინანსურად იზღუდება პოლიტიკური მოტივით და რომ მასზე პოლიტიკური ზეწოლაა, ესეც ანტიდასავლური განცხადებები იყო. ფაქტობრივად, ჩვენ დავინახეთ, რომ ამ პირობებში, ამ შესასრულებელ ვალდებულებებში, რომელიც ბევრ რამეს მოიცავს, მათ შორის, იმ მოთხოვნებს, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში იყო ჩადებული, ამას კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა დაემატა _ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, ხელისუფლებამ საუბარი დაიწყო, რომ თურმე ოლიგარქები ხაზარაძე და ჯაფარიძე, კეზერაშვილი ყოფილან. ისინი ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ ბიზნესმენსა და ოლიგარქს. აქ საუბარია ოლიგარქიული მმართველობის დემონტაჟზე. ადამიანი, რომელიც უკანონოდ მართავს ქვეყანას, ანუ ივანიშვილი, ოლიგარქია და ვინ არის ოლიგარქი, ეს თავისი განმარტებით უკვე ჩაიწერა ევროკავშირის რეზოლუციაში. იქ წერია, რომ ოლიგარქი არის ადამიანი, ვისაც აქვს გავლენა პოლიტიკაზე, აქვს საკუთარი პარტია, ასევე გავლენა აქვს ფინანსებსა და ეკონომიკაზე, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ეს არის ივანიშვილი, რომელიც მართავს ყველაფერს, მათ შორის, მედიასაშუალებებით, როცა ამბობენ, რომ უკრაინულ კანონს მივიღებთ, უკრაინის კანონში ოლიგარქის დეფინიცია ასეა: 90 მილიონი დოლარი უნდა ჰქონდეს, პლუს პარტია უნდა ჰქონდეს ან დეპუტატი უნდა იყოს ან გავლენას უნდა ახდენდეს თუნდაც ჩრდილიდან პოლიტიკურ ცხოვრებაზე. მათ შორის, ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე და ოლიგარქს ეკრძალება მედიასაშუალების ფლობა. ამ შემთხვევაში ტელეკომპანია „იმედი“ ვერ იქნება რუხაძის ხელში, იმიტომ, რომ აქ არა მხოლოდ ოლიგარქზე, არამედ მისი ოჯახის წევრებსა და ე. წ. აფილირებულ პირებზეა საუბარი. ბიძინა ივანიშვილს რუხაძესთან ერთად ბიზნესი აქვს, _ რამდენიმე ცემენტის ქარხანა, მათ შორის, კასპში „ჰაიდელბერგ ცემენტი“. მეტალურგიასა და სხვადასხვა სფეროში საერთო ბიზნესი აქვთ, ამიტომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს მედია საშუალებებზე გავლენის გაუქმებას. მიიღებენ კი საკუთარი თავის საწინააღმდეგო კანონს? უნდა ვაიძულოთ, რომ მიიღონ და სწორედ ერთ-ერთი მექანიზმი ამ იძულებაში არის ზეწოლა ხელისუფლებაზე. სამი ფრონტი უნდა გაიხსნას: ერთი ქუჩის, მეორე პარლამენტისა და საკრებულოების ფორნტი, მესამე საგარეო ფრონტი. ამ სამი ზეწოლის შედეგად ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რომ წლის ბოლომდე საქართველო გახდეს ევროკავშირის კანდიდატი. დღეს კი ვნახეთ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ბიძინა ივანიშვილი სანქციებს.

_ თქვენ ისაუბრეთ ბრძოლის მეთოდებზე და აღნიშნეთ, რომ სამი ფრონტი უნდა გაიხსნას, მათ შორის დაასახელეთ ქუჩის ფრონტი, _ რა გარანტია გაქვთ, რომ ხალხი გამოგყვებათ, მით უფრო, ამ მოცემულობაში, როცა საზოგადოებას ოპოზიციური სპექტრის ნდობა დაკარგული აქვს?

_ გარანტირებული არაფერია, მაგრამ ხალხმა ერთი რამ დაინახა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანას მომავალი არ გააჩნია. ვიქნებით სიღატაკეში! სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზით, 11.1% იქნება ინფლაცია წელს, წინა წელს ინფლაცია იყო 13.9%, ანუ მხოლოდ ორი წლის განმავლობაში ფასები 25%-ით გაიზარდა, ესეც ჩვენი სტატისტიკის მიერ არის დათვლილი, რომელიც იტყუება და პოლიტიკურად ემსახურება ხელისუფლებას და აყალბებს ინფორმაციას, როდესაც საშუალო ზოგადი ინფორმაცია 25% -ია. წარმოიდგინეთ, რამდენით არის გაზრდილი იმ სეგმენტზე, რომლის ხარჯების 70%-ზე მეტი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისა მიდის: ეს არის სურსათი, მედიკამენტები და ა. შ., გაღატაკდა ხალხი. ამიტომ არავითარი პერსპექტივა არ არსებობს, რომ რომელიმე მიმართულებით ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს. ქვეყანა, რომელსაც საბაზო პენსია 2024 წელს ექნება 300 ლარი, 2 წლის შემდეგ 300 ლარი იქნება და ამას შეჭამს ის ინფლაცია, რომელიც წელს იქნება და მომავალ წელს, ამ შემთხვევაში რომელ სოციალურ პოლიტიკაზეა საუბარი? არც ერთი მიმართულებით არ იქნება წინსვლა, განსაკუთრებით საგარეო სფეროში. გვაქვს პატარა იმედები, რომ შეძლებენ ამ 6 თვეში რაღაც მოხდეს, მაგრამ როცა შენ 10 წლის განმავლობაში არაფერი გაგიკეთებია, 6 თვის მანძილზე როგორ უნდა გააკეთო, როცა გუშინ არ აკეთებდი, რატომ უნდა დაგიჯერო, რომ ხვალ გააკეთებ? ამიტომ მომწიფდა უკვე ამ ხელისუფლების შეცვლა და უნდა შეიცვალოს კოალიციური მთავრობით, ჩვენც უნდა ვისწავლოთ კოალიციური ცხოვრება, ეს არ არის ადვილი, ჩვენც არ გვაქვს ამის დიდი პოლიტიკური გამოცდილება და კულტურა. რა თქმა უნდა, იქნება რყევები, გაწევ-გამოწევა, მინისტრების გადადგომები, მაგრამ ეს იქნება ჯანსაღი პროცესი და არ იქნება ერთი ადამიანის მიერ გველეშაპივით მოჯდომა წყალზე.

გაზიარება