QronikaPlus
სად გაქრა სახელმწიფოს მიერ კოვიდკლინიკებისთვის ჩარიცხული 1 მილიარდი ლარის 40%?!

სად გაქრა სახელმწიფოს მიერ კოვიდკლინიკებისთვის ჩარიცხული 1 მილიარდი ლარის 40%?!

2022-06-10 08:05:15

თამარ როსტიაშვილი

თუ რა დილემის წინაშე დგას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ამას მოწმობს ექიმთა ის აქციები, რომლითაც 2022-მა წელმა უკვე რეკორდი მოხსნა. ექიმთა პირველი საპროტესტო აქციები წლის დასაწყისშივე გაიმართა, როდესაც იანვარში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელმა ხუთდღიანი გაფიცვა მოაწყო. როგორც გაფიცული სოციალური სააგენტოს თანამშრომლები აცხადებდნენ, მათი ხელფასები 2007 წლიდან 2022 წლამდე არ გაზრდილა და 15 წლის განმავლობაში 250 ლარზე მუშაობდნენ, ხოლო უფროსი სოციალური აგენტების ანაზღაურება 550 ლარი იყო. ოჯახებში ვიზიტისას შევსებულ დეკლარაციებზე ისინი დამატებით 6 ლარს იღებდნენ.

სოციალური მომსახურების სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროში შემავალი ორგანოა, რომლის პრეროგატივაც  სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებაა. სააგენტოს პერსონალის გაფიცვა დიდი დარტყმა აღმოჩნდა ჯანდაცვის უწყებისთვის, ვინაიდან სოცმუშაკების გაფიცვის გამო, სოციალურად დაუცველები და შემწეობის მიმღები პირები პენსიას ვეღარ იღებდნენ. შესაბამისად, სახელმწიფოს მათი სახით ახალი საპროტესტო ტალღა ელოდა. ამიტომ დამსაქმებელმა, ანუ ჯანდაცვის სამინისტრომ, დაუყოვნებელი რეაგირება მისცა და პირველივე მოლაპარაკებაზე, ფაქტობრივად, დასთანხმდა გაფიცულთა პირობებს.

არადა, პირობები საკმაოდ რადიკალური გახლდათ, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გარკვეული ნაწილის გადაწყობა მოუწია. კერძოდ, გაფიცულები, რომელთა შორისაც იყვნენ როგორც სააგენტოს სოციალური აგენტები, ასევე უფროსი სპეციალისტები, ხელფასის 100%-იან ზრდას ითხოვდნენ და დამსაქმებლის წინადადებას ხელფასის 40-60%-იან ზრდაზე არ დასთანხმდნენ. ასევე ერთთვიანი ხელშეკრულებების გაუქმებას და ერთწლიანი კონტრაქტების გაფორმებას მოითხოვდნენ. ასევე მიიღეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებაც, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ყოველ თვე მშობელი მიიღებდა იმავე ხელფასს, რომელიც მუშაობისას ერიცხებოდა. გაფიცულებს ასევე აუნაზღაურდათ გაფიცული სამუშაო დროის ხელფასიც. თანაც, გაუმჯობესდა დანამატის წესი და მოიხსნა 15-დღიანი ლიმიტი.

საპროტესტი აქცია საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა სოციალური მუშაკებისთვის. ჯანდაცვის სამინისტრო კი იძულებული გახდა, რამდენიმე მილიონ ლარს შელეოდა და უკვე დაგეგმილი ბიუჯეტი გადაეწყო. ცხადია, სოცმუშაკებზე გაცემული თანხები რაიმე სხვა გზით უნდა ანაზღაურებულიყო და ბიუჯეტი შევსებულიყო. ამიტომაც, სამი  თვის შემდეგ სახელმწიფოს დაქვედებარებული ჯანდაცვის უწყებებიდან ექიმების განთასუფლება დაიწყეს.

27 მაისს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ხელფასის 100%-იანი გაზრდის მოთხოვნით, თბილისში რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს.  მომდევნო საპროტესტო აქცია 7 ივნისს არის დაგეგმილი.

გაფიცულთა საინიციატივო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, სასწრაფოს თანამშრომლები თვეში ერთ კვირას 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, ანუ ღამეს ათენებენ და ანაზღაურება საკმაოდ მიზერული აქვთ _ 1200-2000 ლარი. გაგიკვირდებათ და თანამშრომელთა პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი მათთვის ხელფასის 50%-იანი დანამატის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილება გახდა. მათი განცხადებით, პამდემიის დროს მათ სახელფასო დანამატი გაზრდილი გამოძახებების გამო დაუნიშნეს. პამდემია მორჩა და ხელმძღვანელობამ დაპირება არ შეასრულა _ მათ 50%-იანი დანამატი მუდმივად უნდა მიეღოთ, რაც არ შესრულდა. სანაცვლად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ექიმებსა და პერსონალს თვეში 15-16 სამუშაო დღეზე გადასვლა დღეში 12 სთ-იანი დატვირთვით და ღამით მომუშავე ბრიგადების შემცირების ხარჯზე ხელფასების 20%-ით ზრდა შესთავაზა. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ეს აღიქვეს, როგორც სადამსჯელო ღონისძიება, თანაც არა მხოლოდ ექიმებისთვის, არამედ მთლიანად დედაქალაქის მოსახლეობისთვისაც.

საბოლოო ჯამში, გაფიცვის მიზეზი 50%-იანი დანამატის 20%-იანზე ჩამოსვლა გახდა.

არადა, როგორც გაფიცულების ჯანდაცვის მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, სასწრაფოს ექიმებს ხელფასის მომატების შესახებ მოთხოვნა ჯერ კიდევ კოვიდ-19-ის პანდემიამდე ჰქონდათ, მაგრამ მაშინ ანაზღაურების გაზრდა არასწორად ჩათვალეს და დაელოდნენ პანდემიის დასრულებას.

ჯანდაცვის სამინისტროს ამ დროს უკვე ახალი მინისტრი _ ზურაბ აზარაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მოპროტესტეთა ანაზღაურების 100%-ით მომატების შესახებ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.... ჯერჯერობით. თუმცა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულმა აქციებმა გარკვეული შედეგი მაინც გამოიღო. კერძოდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს 50%-იანი დანამატი ჩაურიცხეს, რომელიც აპრილში მოუხსნეს. ასევე გაუქმდა სეგმენტ-ფორმატი, რომელიც სასწრაფოს თანამშრომელთა 12 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადაყვანას გულისხმობდა და ძალაში პირველი ივნისიდან შედიოდა.

საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ პერსონალის მოთხოვნა ანაზღაურების 100%-იან ზრდაზე არ დაკმაყოფილდა, მათ 50%-იანი დანამატი დატვირთვიდან გამომდინარე ისევ დაენიშნათ. ამას გარდა, სასწრაფო ბრიგადის ექიმ-რეანიმატოლოგს შრომის ანაზღაურება თვეში, საშუალოდ, 2000 ლარი გაუხდა, სასწრაფოს ექიმს _ 1700 ლარი, ექთანს _ 1300 ლარი, მძღოლს კი – 1200 ლარი.

სასწრაფო ექიმების გაფიცვის პარალელურად, საკადრო წმენდა დაიწყო რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც 70-მდე ექიმი გაათავისუფლეს სამსახურიდან.

მანამდე, ხელმძღვანელობამ რესპუბლიკურის ექიმებს, ექთნებსა და უმცროს მედპერსონალს  რეორგანიზაციის შესახებ  დოკუმენტი გაუგზავნა და ხელის მოწერა სთხოვა.

ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ განთავისუფლებული ადამიანები კლინიკის იმ დეპარტამენტებიდან იყვნენ, რომლებიც პანდემიის დროს კოვიდპაციენტებს ემსახურებოდნენ. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ, ასევე განცხადება დაწერა წასვლაზე და არ დამალა იმ ფაქტი, რომ რეორგანიზაციის მიზეზი, როგორც ჩანს, ის არის, ახალ დირექტორს სურს, კლინიკაში საკუთარი გუნდი მოიყვანოსო. ცნობისთვის: ლევან გოფოძე „საპარტნიორო ფონდიდან“ შემორჩენილი კადრია, როდესაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ შექმნილი კლინიკების მართვის სააგენტო მართავდა. 

სამაგიეროდ, კლინიკის ახალი დირექტორის, ლიანა ჭუმბურიძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში არავითარი მასობრივი განთავისუფლება არ მიმდინარეობს. უბრალოდ, რამდენიმე თანამშრომელი, რომლესაც დაუსრულდა ხელშეკრულება, დროებით რეზერვში გადაიყვანეს. აქედან, თანამშრომლობის გაგრძელებაზე 12 დათანხმდა. ასეთივეა ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია, რომელიც უარყოფს კლინიკიდან 70 თანამშრომლის განთავისუფლებას და მხოლოდ 14-ის „დარეზერვებაზე“ საუბრობს.

ჯანდაცვის სამინისტრო არ მალავს იმ ფაქტს, რომ ჯანდაცვის სისტემის სრულ რეორგანიზებას გეგმავს, რაც, პირველ რიგში, ითვალისწინებს საბიუჯეტო თანხების გამოთავისუფლებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზურაბ აზარაშვილი ფინანსისტია და ის სწორედ მოცემულ სფეროში წარმოშობილი ფინანსური კრიზისის დასაძლევად მოიყვანეს მინისტრის პოსტზე.

2022 წლის ბიუჯეტით, ყველაზე მეტი თანხა _ 5.8 მლრდ ლარი _ სოციალურ ხარჯებზეა გამოყოფილი, რომელიც პენსიას, ჯანდაცვასა და სოციალურ დახმარებებს მოიცავს. ეს კი, 2021 წელთან შედარებით, 149 მლნ. ლარით მეტია. მასშტაბი რომ განვსაზღვროთ, მაგალითისთვის მოვიყვათ, რომ სოციალური ხარჯების შემდეგ ყველაზე მეტი თანხა _ 3.7 მლრდ ლარი _ კაპიტალურ პროექტებზეა გამოყოფილი.

ზურაბ აზარაშვილმა უნდა მოახერხოს ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროში შემოსული თანხა გაზარდოს და შეურთის ე. წ. სახელმწიფოს მიერ აღებული ვალის ძირისა და პროცენტის დაფარვის ხელშემწყობთა გუნდს. 2022 წელს ეს ვალი 2 მლრდ. ლარი იქნება. აქედან, 1.2 მლრდ. ლარი ძირის, ხოლო 0.8 მლრდ. ლარი პროცენტის დაფარვაზე მოდის. 2021 წელთან შედარებით, ვალის ძირისა და პროცენტის დაფარვაზე 2022 წელს მთავრობა 1.5 მლრდ. ლარით ნაკლებს დახარჯავს. სწორედ ეს გარემოება განაპირობებს ჯამური გადასახდელების 1.1 მლრდ. ლარით შემცირებას. მთავრობამ 500 მლნ. დოლარის ევროობლიგაციები დაფარა და ამავე დროს, ახალი ობლიგაციები განათავსა. ასე რომ, სხვა სამინისტროების მსგავსად, ჯანდაცვის სამინისტრომ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს და გააკონტროლოს კლინიკებისთვის თანხის ჩარიცხვის პროცედურა, უზრუნველყოს არასაჭირო კადრების გაშვება და რესურსების მაქსიმალური მობილიზება.

ორ შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდა _ სამინისტრო იძულებული გახდა, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისთვის და შემდეგ გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის მოემატებინა ხელფასები, შეემცირებინა სამუშაო დრო და დაეწესებინა შრომის ანაზღაურების კონკრეტული კვოტა.

სწორედ ბიუჯეტისთვის თანხების დაზოგვა და ფინანსების კონსოლიდირება იყო მიზეზი კლინიკების ხელახალი რევიზიისა, რითაც, აუდიტის სამსახურისგან დამოუკიდებლად, ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ხელახლა შეისწავლა პანდემიის დროს კლინიკებისთვის ჩარიცხული რამდენიმე ათეული მილიონი ლარის წარმომავლობა და 100-ზე მეტ კლინიკას „ბრალი“ წაუყენა მათ არამიზანმიმართულ ხარჯვაში. სავარაუდოდ, შემდეგი ნაბიჯი იქნება სასამართლოსთვის მიმართვა და ამ თანხების უკან დაბრუნების მოთხოვნა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ცენტრის კვლევით, 2021 წლის მარტის ჩათვლით, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში დონორის სახსრებით 113 შესყიდვა გამოცხადდა. მათ შორის, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული 10 ტენდერიდან მხოლოდ _ 7. შედეგად, მათმა ჯამურმა ღირებულებამ 13 მილიონ 800 ათას ლარამდე შეადგინა. რამდენიმე შემთხვევაში ხელშეკრულებები დაიდო მმართველი პარტიის შემომწირველ კომპანიებთან.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის სულ დაიხარჯა 4.15 მილიარდი ლარი. მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებას მოხმარდა 594.4 მილიონი ლარი, მოსახლეობის სოციალურ დახმარებას 1.13 მილიარდი ლარი, ბიზნესის მხარდაჭერას 786.9 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი 1.63 მილიარდი ლარი ეკონომიკის ხელშეწყობის დამატებით პაკეტებს.

ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის, კოვიდ ტესტების შესყიდვაში ჯანდაცვის სამინისტროს ხაზით 146 840 376 ლარი დაიხარჯა. ხარჯი სამინისტროს დაქვემდებარებულმა სხვადასხვა უწყებამ გასწია, მათ შორის: თავად სამინისტროს აპარატმა ჯამურად 21 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, სამედიცინო ჰოლდინგმა _ 1,670,320 ლარი, საგანგებო სიტუაციების მართვისა და კოორდინაციის ცენტრმა _ 1,344,545 ლარი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა და ლუგარის ლაბორატორიამ ერთობლივად _ 10 მილიონ ლარზე მეტი; 33.5 მლნ. დოლარზე მეტია (111.5 მლნ. ლარზე მეტი) დახარჯული ტესტების შესყიდვაში.

სტოპკოვ ფონდში მობილიზებული თანხის უდიდესი ნაწილი 18 წლამდე ბავშვების დახმარებაზე (925 000 ბავშვი) დაიხარჯა. სულ პროგრამაზე 185 მლნ. ლარი დაიხარჯა, რაც გამოყოფილ ბიუჯეტს _ 160 მლნ. ლარს _ +16%-ით აჭარბებს. დახმარება იყო ერთნაირი მოცულობის (200 ლარი) ბავშვის სოციალური მდგომარეობის მიუხედავად.

პანდემიის პერიოდში ცალკეული მუნიციპალიტეტები სარეზერვო ფონდებიდან ეწეოდნენ ისეთ ხარჯებს, რომელთა სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების აუცილებლობა კითხვის ნიშნებს აჩენს, ხოლო ცალკეული მუნიციპალიტეტები საერთოდ ვერ ახორციელებდნენ სარეზერვო ფონდში გათვალისწინებული სახსრების ათვისებას.

ჯანდაცვის სამინისტრო ამ თანხების გახარჯვის მექანიზმის სრულ ამოწევას აპირებს. 107 კლინიკას უკვე დაუდო ციფრები. პროცესი გრძელდება და წინ, როგორც ჩანს, გრძელი და ხმაურით აღსავსე პროცესი გველის. სახელმწიფომ ორი წლის განმავლობაში კოვიდკლინიკებს 1 მლრდ ლარი გადაუხადა. დღეს კი კითხვას სვამს, _ მაშინ, როდესაც კლინიკების საშუალო დატვირთულობა 60% იყო, სად გაქრა ორი წლის მანძილზე სახელმწიფო თანხის მინიმუმ 40%, რომელიც უკვე დადგინდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო  ცარიელ საწოლებში იხდიდა...

გაზიარება