- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-06-09 08:05:36
ნენე ინჯგია
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2 ივნისს სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ უმრავლესობიდან დაუფიქრებელი და არასაჭირო განცხადებები ისმის. „ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა“, _ აღნიშნავს პრეზიდენტი და დასძენს, რომ „რაღაცები არ ითქმის, რადგან ზრდილობის საკითხია“. ამასთან, როგორც მან ინტერვიუში აღნიშნა, ზელენსკი საქართველოს პარლამენტში უნდა მიეწვიათ. ზურაბიშვილმა მეორე ფრონტის თემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არ ჰგონია, ვინმე იყოს ამ ქვეყანაში ომის მომხრე. ოპოზიციასთან მიმართებით პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „სარგებლობენ ხელისუფლების შეცდომებით და ბრიუსელში დადიან“, თუმცა მთავარი პასუხისმგებლობა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლებას ეკისრება.
ამ ყველაფრის პარალელურად კი ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ამბობს, რომ ევროკომისიის შეფასება საქართველოს შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. სწორედ ამ შეფასების შემდეგ დაიწყება დისკუსია, მისცემენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
„კომისიის შეფასება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მომავალ კვირას მოხდეს, რის შემდეგაც განხილვა იქნება წევრ ქვეყნებს შორის შესაძლო გადაწყვეტილების გარშემო. არ აქვს მნიშვნელობა, რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი, იქნება ეს მოლოდინებზე ნაკლები, უფრო მეტი, ვიდრე იმედი გვქონდა, პირობებით თუ მათ გარეშე. არსებობს ერთი პრინციპული დასკვნა: საქართველომ უნდა დაიწყოს მუშაობა ამ საკითხზე და მიიღოს ის შედეგები, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის, რათა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დამაჯერებელი გახდეს. პოლიტიკოსების სიძლიერე ამ ძალისხმევაში არის ის, რომ ეფუძნება მოსახლეობის უმრავლესობის მოსაზრებას, რომელიც მხარს უჭერს ამ სტრატეგიულ მიზანს“, _ თქვა კარლ ჰარცელმა.
მისივე განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას: „ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ დაგეხმაროთ ევროპული დღის წესრიგის შესრულებაში წარმატების მიღწევაში იმის მიუხედავად, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რადგან ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობისა და ჩვენ გვინდა, საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს ევროპასა და მსოფლიოში. დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ“, _ დასძინა ელჩმა. კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობასა და კიდევ სხვა უამრავ სფეროს.
რას პასუხობენ პრეზიდენტის კრიტიკას მმართველ გუნდში და რა მოლოდინები აქვთ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ?
ამ თემებზე „ქრონიკა+“ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ლადო კახაძეს ესაუბრა:
_ ბატონო ლადო, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 2 ივნისს სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას დაკავების გადაწყვეტილება პოლიტიკურად დროული არ იყო, _ როგორ შეაფასებთ ზურაბიშვილის ამ განცხადებას?
_ მე ყოველთვის თავს ვიკავებ ნებისმიერი ადამიანის კომენტირებისგან, განსაკუთრებით პრეზიდენტის. ის არის პრეზიდენტი, მას აქვს თავისი უფლება-მოვალეობა, უფლებამოსილება. მან თავისი ცხოვრებით იცხოვრა, გამოცდილება დააგროვა და როგორც ფიქრობს, ისე შეუძლია მიმართოს საქართველოს მოქალაქეებს, ნებისმიერი ფორმით, სატელევიზიო ინტერვიუთი, თუ სხვა ფორმატით. მას ვერ შევაფასებ. შემიძლია ჩემი აზრი ვთქვა, _ როდესაც სამართალსა და პოლიტიკას ეხება საქმე, ისინი ერთმანეთს ემიჯნებიან, სამართალწარმოებას აქვს თავისი ვადები და დრო, როცა მოუწევს ამ სამართალწარმოებაში მყოფ საქმეს თავისი დასკვნითი ეტაპი, სამართალმა თვითონ უნდა აღასრულოს, აქ ჩვენ ვერ ჩავერევით, პოლიტიკოსებს ჩარევის უფლება არ გვაქვს, ამიტომ რა იყო დროული და რა არა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. სამართალი თავისი გზით მიდის და ეს არის ის მონაპოვარი, რომლითაც გვინდა, რომ ვიამაყოთ, რომ ის სამივე შტო ხელისუფლებისა (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო) ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თავისი ვალდებულებების ფარგლებში, ქმედითობდნენ, ეს არის სწორი. ქვეყანა დემოკრატიულ განვითარებას ამით მიაღწევს, ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ. მერე ახალი თაობა მოვა, ჩაგვანაცვლებს და ისიც, ალბათ, ასევე შეეცდება, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფალი პატივმიგებული, თავის ადგილზე, სწორად ორიენტირებული და სწორად ქმედითი იყოს.
_ მესმის თქვენი პოზიცია პრეზიდენტის კომენტირებასთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ უფრო რომ დავუზუსტოთ ჩვენს მკითხველს: პრეზიდენტმა თქვა, რომ „უმრავლესობის მხრიდან დაუფიქრებელი და არასაჭირო განცხადებები ისმის და ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკით“, _ რით ახსნით პრეზიდენტის ამ კრიტიკულ პოზიციას ხელისუფლების მისამართით?
_ პრეზიდენტი ზეპარტიული ფიგურაა და მას აქვს უფლება, თქვას ყველაფერი თავისი კომპენტენციის ფარგლებში და ის თავის სიტყვებზე პასუხს აგებს მხოლოდ თავისი მოსახლეობის წინაშე. თუ ის საჭიროდ მიიჩნევს, რომ გააკრიტიკოს ხელისუფლება, გააკრიტიკებს ან თუ ის გადაწყვეტს, რომ გააკრიტიკოს ოპოზიცია, _ გააკრიტიკებს ან გაგვაცნოს თავისი მაკონსოლიდირებელი ხედვა. იმიტომ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, რომ ეს თავისუფლად, ყოველგვარი მიკიბმოკიბვისა და დაპირისპირების გარეშე მოხდეს. ჩვენ თუ ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილი ვიქნებით, ერთმანეთის მიერ დანახულს ერთმანეთს გავუზიარებთ, ეს კარგია. რა ფორმატში იქნება ეს ყველაფერი, ამას გარკვეულწილად აქვს მნიშვნელობა. დიპლომატიას აქვს თავისი ჩარჩოები და მიდგომა, გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის მდგომარეობა, რაშიც იმყოფება საქართველო, ვგულისხმობ არაკეთილმოსურნე რუსეთს, რომელიც განსაკუთრებით ეძებს ხოლმე განხეთქილების ნიუანსებს და ამას ამზადებს კარგად, შემდეგ დაქოქავს თავის მეხუთე კოლონას და ქვეყნის წინააღმდეგ მომართავს. ჭკუას ვერ დავარიგებ, თუმცა ზუსტად ერთი ხნის ადამიანები ვართ, მაგრამ მის გამოცდილებაში ვერ ჩავერევი. მან თვითონ გადაწყვიტა, შესაბამისადაც განაცხადა, ზოგმა ისე უპასუხა, ზოგმა _ ასე, მაგრამ უფრო ზემოდან შევხედავ ამ თემას და პირიქით ვიტყვი, რომ პრეზიდენტი ცალკე ფიგურანტია, რომელიც არის კონსტიტუციის გარანტი ჩვენთვის და ის კონსტიტუცია მას ზუსტად იმ უფლებებს ანიჭებს, რომელსაც იყენებს.
_ ბოლო კვირებში ასევე აქტუალურია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის თემა. „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციური სპექტრის ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მმართველ გუნდში კი აცხადებთ, რომ საქართველოში ყველა პირობაა იმისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მკურნალობის სრული კურსი, _ რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
_ ამ საკითხებში ნაკლებად ვარ გარკვეული და ვენდობი პროფესიონალებს. რამდენადაც ვიცი, 400-გვერდიანი პასუხია დაწერილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. არ გავცნობივარ სრულად, მაგრამ აქაც არის ორი მხარე _ მცდელობა, მედიცინა პოლიტიკაში ჩარიონ. მედიცინა უფრო მაღლა დგას, ვიდრე პოლიტიკა. ადამიანის სიცოცხლე გაცილებით პასუხსაგები, მოსავლელი და საპატრონოა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურანტის. ამ საკითხის პოლიტიკაში გამოყენება პოლიტიკის სუსტი მხარეა. ამიტომ თუ პოლიტიკური პარტია ცდილობს, რომ პოლიტიკით შენიღბოს ან ჯანმრთლეობის საკითხების არასწორი ინტერპრეტაციით პოლიტიკური ქულები დაიწეროს, _ ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოს მედიკოსთა ოჯახის წევრი ვარ ნახევარ საუკუნეზე მეტია, თეთრი ხალათი 51 წლის წინათ ჩავიცვი, ყველა ექიმის შეურაცხყოფაა, როდესაც აცხადებენ, თითქოს დღეს საქართველოში იმის პირობა არ არის, რომ ამ პათოლოგიას აქ მოუარონ და უპატრონონ. მხოლოდ ჩემი არა, მთელი საქართველოს სამედიცინო პერსონალის შეურაცხყოფაა, რომ საქართველოში ამ პრობლემას ვერ მოუვლიან. საქართველოში ისეთ პრობლემებს მოუვლიან, რომელსაც შეიძლება ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც ვერ მოუარონ. დამერწმუნეთ, პროფესიული კუთხით ექიმები ძალიან მაღალ დონეზე დგანან. მაგალითად, გუშინ საბჭოზე მხარი დავუჭირე, ჩვენთან ჩასატარებელი ოპერაციისთვის ერთჯერადად მოვიწვიოთ დიდი ქირურგი გერმანიიდან, ის ჩამოვა ჩვენი ნებართვით, თავის საქმეს შეასრულებს, _ საქართველოს კარი ღია აქვს. ჩვენგან გახმოვანებული და გასაჯაროებულია გზა ქართული დემოკრატიისა, კონსტიტუციური წყობისა, ქართული მზაობისა, რომ პრობლემა მოვაგვაროთ უმაღლეს დონეზე, მაგრამ ეს არ არის მათი მიზანი. მათი მიზანია, რომ კონსტიტუცია დაირღვეს. საქართველო კონსტიტუციას ვერ დაარღვევს. პენიტენციური სისტემის წარმომადგენლებმა საჯაროდ გააკეთეს კომენტარები, რომ კანონი, ჩვენი კონსტიტუცია, არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ქვეყნის დატოვებას. ერთი მხრივ, სრული მზაობაა, რომ ყველანაირი პოტენციალი გამოვიყენოთ, რომ ამ ადამიანს საუკეთესო პირობებში ვუმკურნალოთ; მეორე მხრივ კი მისი მომხრეები ითხოვენ კანონის დარღვევასა და კონსტიტუციის დარღვევას. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, კონსტიტუცია ცალსახად უარს ეუბნება.
_ გასულ კვირას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, განაცხადა, რომ ევროკომისიის შეფასება საქართველოს შესახებ ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება. სწორედ ამ შეფასების შემდეგ დაიწყება დისკუსია, მისცემენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, _ ამის შესახებ ოპოზიციურ სპექტრში ამბობენ, რომ თუ საქართველო ვერ მიიღებს წევრობის სტატუსს, ეს იქნება ხელისუფლების ბრალი. მეტიც: თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ყველაფერს აკეთებს მმართველი გუნდი, რათა საქართველომ ეს სტატუსი ვერ მიიღოს, _ რას უპასუხებთ ოპონენტებს?
_ ოპოზიციას არაფერს ვუპასუხებ. მათ თავისი პოლიტიკური ავანსცენა აქვთ. ეს მათი უფლებაა და მაგათ ვერც გადავათქმევინებ და პოლემიკაშიც არ შევალ _ აზრი არ აქვს. მხოლოდ ახლანდელ ოპოზიციას არ ვგულისხმობ. უფრო მაღლა ავწევ თამასას და ევროკავშირს მივმართავ: ევროკავშირს როგორი სტრატეგია აქვს რუსეთის მიმართ? _ ეს არის ჩემი კითხვა ევროკავშირის დეპუტაციის მიმართ. იქ 700-ზე მეტი დეპუტატია, რომელთაც აქვთ ხედვები და სტრატეგია. მაგალითად, ნატო-მ, ისევე როგორც ყველა ნორმალურმა ადამიანმა, დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაში ვანდალური ქმედება. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ არ უნდოდა რუსეთს თავის საზღვართან ნატო-ს მიახლოება, ახლა უფრო მეტ ნატო-ს მიიღებსო და მაგალითად ფინეთი და შვედეთი მოიყვანა. ახლა ევროკავშირს ვეკითხები, _ უნდათ ასეთი რუსეთის პარპაში? მაშინ იპარპაშებს რუსეთი და იმ შეცდომებს კიდევ დაუმატებს ევროკავშირი, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან უყურადღებობით მოხდა, შემდეგ 2008 წელია ამის გვირგვინი, შემდეგ კი 2014 წელს უკრაინა. თუ ეს ხედვა ევროპაში მოქმედ პოლიტიკოსებს არ აქვთ და ჩემი შესასწორებელია, მაშინ კარგად ყოფილა საქმე ევროკავშირში. რას ფიქრობენ ისინი? საქართველო ამ 30 წლის მანძილზე თავდაუზოგავად იბრძოდა თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, დიდი შტორმის მიუხედავად, რასაც რუსეთი სჩადის, ყველაფერს უძლებდა. ზვიად გამსახურდიას მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის განცხადების დღიდან, ყელში ვყავართ გაჩხერილი რუსეთს და ამას თუ ვერ ხედავს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ან ის ადამიანები, რომლებიც სიტყვით გვგულშემატკივრობენ, ქაღალდზეც წერენ ამ სიტყვებს და საქმით არ დაადასტურებენ, მაშინ ჩნდება კითხვა. ბურთი მათ მოედანზეა, ჩემს მოედანზე კი არ არის. ევროპის ასოცირების ხელშეკრულების, ვიზალიბერალიზაციისა და თავისუფალი ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში თუ რამე ხინჯი გვაქვს, აბა, გვითხრან. თანაც, პოლიტიკური ასოცირების თემა 45%-ით პირუთვნელად შეასრულა საქართველომ და მზად არის, ტექნიკური და პოლიტიკური შენიშვნა გაითვალისწინოს ყველა სფეროში, დაწყებული სამართლებრივი, სოციალური, თავდაცვითი, უშიშროების და გაგრძელებული საგანმანათლებლოთი. ისეთი მოწადინებული ქვეყანა, როგორიც საქართველოა, თუ ევროკავშირს არ უნდა, მაშინ კითხვა იმათკენ. მე მოლდოვასაც და უკრაინასაც 5 თითივით ვიცნობ, ვიცნობ ადამიანებს, თაობებს, მათი ძლიერი მხარეებიც ვიცი და სუსტიც. მოლდოველების განცხადება, რომლებმაც მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვეს, დსთ-ს არ დავტოვებთ და ის ბენეფიტები, რასაც ვიღებთ, ძალიან გვაწყობსო, აღარავის ახსოვს? გარდა ამისა, ამბობენ, რომ კონსტიტუციაში ნეიტრალური სტატუსი უწერიათ, _ ასეთ ქვეყანას თუ მხარდაჭერას მისცემენ და საქართველოს, რომელსაც კონსტიტუციაში ცალსახად უწერია ევროატლანტიკური მიზანი და დემოკრატიის ყველა პრინციპი ვითარდება ამ სტრატეგიულ ვექტორზე და ჩვენ უარს გვეტყვიან, მაშინ კითხვები ევროკავშირისკენ. მე ჩვეულებრივი მოქალაქის როლში ვიქნები თუ პოლიტიკოსის, ერთი და იგივე კითხვა გამიჩნდება. უამრავ ადამიანს ვიცნობ საქართველოში ყველა დონეზე. ისინი გულწრფელად მესაუბრებიან და ზუსტად ამ აზრზე არიან. დიდაქტიკოსი არ ვარ და ჭკუას ვერავის დავარიგებ, მაგრამ უფლება კი მაქვს, იმდენი ასაკის კი ვარ, რომ იქ (ევროკავშირში) ყველაზე უფროსზეც უფროსი ვარ, მგონი, ასაკით, თუ მიიღებენ ამას, ცუდი არ იქნება. ჩვენ ხომ ვთანამშრომლობთ, ჩვენ ხომ ხვალინდელი დღის სტრატეგია გვაქვს, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა რუსეთისგან დაცულ გარემოში იცხოვრონ? ეს ხომ არის ჩვენი მთავარი მიზანი? თუ ამას არ გავაკეთებთ, ე. ი. რაღაც სხვა მომენტებია და შემდეგ კითხვის ნიშნები გაუჩნდება ჩვეულებრივ მოქალაქეს, _ რუსეთმა ევროკავშირსაც როგორ აჯობა ან როგორ შეაშინაო. ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან წინააღმდეგობრივი ურთიერთბა რუსეთის ნაკარნახევი იქნებაო, ასე იტყვიან, რადგან საქართველომ ყველა დავალება 10-იანზე შეასრულა და კიდევაც მზად არის ხელებდაკაპიწებული ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად. ეს არის ჩემი პასუხი.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველო ხელებდაკაპიწებულია ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად. პოზიტიური მოლოდინი გაქვთ?
_ მე ევროპელებსაც კარგად ვიცნობ. 60-იანი წლებიდან ბევრ ქვეყანაში მიმოგზაურია, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბავშვი ვიყავი, შემდეგ მოზრდილ ასაკშიც, სამეცნიერო კონფერენციებზეც ვყოფილვარ შეხვედრებზე, მერე პოლიტიკური ურთიერთობაც ისეთი მქონდა, როცა მომიწია თვითმმართველობის ინსტიტუტის ღრმად გაცნობა და იქაც შეხვედრები მქონდა. ძალიან გონიერი ხალხია, პრაგმატული და გამოცდილი, დიდი გაერთიანება შეიქმნა ევროკავშირის სახით და ძალიან საპატიოა, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მოაზრება ევროკავშირში. ჩვენი ქვეყნის ბინადარნი, კანონმდებლები და საერთაშორისო ხედვის ადამიანები, მგონი, არ დაუშვებენ სტრატეგიულ შეცდომას. ეს მათივე სისუსტე იქნება. ვფიქრობ, პრინციპულობა უნდა გამოავლინოს ევროკავშირმა, მისმა დეპუტაციამ და მიუკერძოებლად, ზეპარტიულად შეხედოს საქართველოს. ჩვენი ქვეყნის ადგილი არის ჯერ კანდიდატის როლში და შემდეგ ევროკავშირის ღირსეულ წევრთა რიგებში.
ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა ვართ და საგანმანათლებლო სისტემაში უნდა დაბრუნდეს, პირველი კლასიდანვე უნდა ისწავლებოდეს, ოღონდ ძალიან ადაპტირებულად, წინარე ქართველების ისტორია, _ რომ პროტოქართველები დასახლებული იყვნენ ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთით, ანუ იქ, სადაც არის ევროპა და ის კულტურული წინამძღვარი, რომელიც ქართველებს ჰქონდათ, იყო ევროპაში. სადაც იყვნენ, კეთილშობილი ზრახვით იყვნენ. კავკასიაში კი მოგვყვება აბორიგენთა და მათ წინაპართა გამოვლილი დიდებული, ურთულესი გზა. ახლა ბევრი რამ წაიშალა, ქვეყნები დაიკარგა, ისტორიები დაიკარგა, ამოიძირკვა. საქართველო კი ქმედითია, ფეხზე დგას, საქართველო შვილებისა და შვილიშვილების იმედად, ერთმანეთის, თაობების პატივისცემისა და თაობებს შორის მუდმივი შეკავშირების გზით დადიოდა, ყველა კაცს ჰქონდა თავისი ვალდებულებები წინაპრისა და წარსულის მიმართ, ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მის ხვალინდელ დღეს, რადგან მას არ შეერცხვინა თავისი გარდაცვლილი და პირიქით, ბევრი გაეკეთებინა. მე წამსვლელი თაობა ვარ, ამას ხშირად ვამბობ, ახლა პირდაპირ სიკვდილს არ ვაპირებ, მაგრამ წასვლაში ვგულისხმობ იმას, რომ ავანსცენიდან უნდა გავიდე და ჩემს ასაკში უკვე არ არის საჭირო, რომ ბავშვებს დავუმძიმო რეალობა. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ახალგაზრდა თაობას მორალური შეზღუდვების გამო უფროსი თაობის წარმომადგენლობა არ სიამოვნებს, ამიტომ ჩვენ გავალთ ამ ავანსცენიდან, უბრალოდ, ერთადერთი თხოვნა, რომელიც მუდმივად მაქვს, არის ის, რომ ვინც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს, უპირველესად იმ ეთნოკულტურულ, დიდ საგანძურს პატივი მიაგოს და მერე ყოველმხრივ რა საშუალებაც იქნება, ნოვაციას დაეწაფოს და საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენოს ქვეყნის, მომავლისა და ოჯახის პატივსაცემად, _ ეს ერთადერთი თხოვნა მაქვს მათთან. გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიაც ბევრი უნდა იყოს და შეჯიბრებითობის პრინციპით უნდა იძენდნენ გულშემატკივრებს, აუცილებლად უნდა კამათობდნენ, სიახლეებს უნდა სთავზობდნენ ერთმანეთს, მაგრამ არა ღირსებისა და პატივის აყრის ხარჯზე და არა ლანძღვის ხარჯზე, რადგან ნებისმიერი საქმიდან არსებობს გამოსავალი _ ორ შემთხვევაში: თუ ამის პოლიტიკური ნება არსებობს, რომ ამ საქმიდან სამშვიდობოს გამოვიდეთ და მეორე _ ინტელექტუალური პოტენციალი უნდა ჰქონდეს ამ საქმის გამკეთებელს, რომელიც ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს. მე მინდა ვიხილო ამ პოლიტიკური ნებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობის კონსოლიდაცია, რომელსაც თავზე გვირგვინად დაადგება ჩვენი რწმენა, _ ამ რწმენას ქადაგებს უწმინდესი და უნეტარესი და ის ამბობს, რომ როდესაც არის სინერგია ამ კეთილშობილი, ნაჩუქარი სიცოცხლისა და ნამოქმედარის, ანუ ღვაწლის, მაშინ საქმე აუცილებლად დაგვირგვინდება.