- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-06-09 07:08:41
შორენა მარსაგიშვილი
პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ანი წითლიძე, მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ბევრი წარმომადგენელი წინა ხელისუფლებაზე არ უნდა საუბრობდეს, რადგან ზოგიერთი მათგანი თავად იყო ამ ხელისუფლებაში, ზოგიც ღიად ეტრფოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. წითლიძეს განსაკუთრებით ის აღიზიანებს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე რომ საუბრობენ ასე აგდებულად. დეპუტატის თქმით, „ქოცების“ ჯინაზე მესამე პრეზიდენტი ყველაფერს გაუძლებს.
რატომ არის ღარიბაშვილი ქართველი კადიროვი? რა აკავშირებს სოზარ სუბარს ბაჩო ახალაიასთან? რაზე ევედრებოდა რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილს? ვინ სვამდა ყანწებით მესამე პრეზიდენტის სადღეგრძელოს? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ანი წითლიძე ესაუბრება:
_ ანი, იმ დღეს, როდესაც პრემიერი გყავდათ პარლამენტში დაბარებული, თქვენ საკმაოდ მწვავე შელაპარაკება მოგივიდათ ღარიბაშვილთან. მან სხდომათა დარბაზიდან გასვლაც კი მოგთხოვათ.
_ ვცდილობდი, რომ იმ დღეს ძალიან კონსტრუქციული ვყოფილიყავი. პარლამენტში პრემიერის გამოსვლის პირველ ნაწილს მშვიდად მოვუსმინე და არ მინდოდა იმის გაკეთება, რაც გავაკეთე. მართალია, ღარიბაშვილი ბიძინასა და ბერას მონად მიმაჩნია, მაგრამ ინსტიტუციურად მას პატივს ვცემ, გვინდა თუ არა, ის საქართველოს მთავრობის მეთაურია.
გამოსვლის მეორე ნაწილი რომ დაიწყო, უკვე გამიწყდა მოთმინების ძაფი. განსაკუთრებით მაშინ გავბრაზდი, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე თქვა, კონტრაბანდულად შემოპარული საქონელიაო. ამტკიცებდა, მიშა აქ იმიტომ ჩამოვიდა, რომ სურდა, საქართველოში მეორე მარიუპოლი მოეწყოო. ამ განცხადების გამო დავუძახე მას მონა.
პარლამენტის წევრი ვარ და, აქედან გამომდინარე, ბევრი რამე უნდა მოვითმინო, მაგრამ ასეთი ფრაზების მოთმენას არ ვაპირებ. მნიშვნელობა არ აქვს, ამას პრემიერ-მინისტრი იტყვის თუ ვინმე რიგითი „ქოცი“. ძალიან შეურაცხმყოფელია, როდესაც პრემიერი გადანაშაულებს იმაში, რომ თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ ომი და მოსახლეობის დახოცვა გვსურს.
_ ამ ბრალდებით ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად გამოდიან და ამტკიცებენ, რომ „ნაციონალებს“ საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნა და ქვეყნის გაუბედურება გინდათ.
_ ეს მათი მესიჯბოქსი გახდა. ხალხი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით დაზაფრულია. ისედაც შეშინებულ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ „ნაციონალებს“ ომი უნდათ და ჩვენ ამ ომისგან გიცავთო. ღარიბაშვილმაც ეს მესიჯბოქსი გაატარა და მეც აღარ მოვითმინე, შევახსენე, ვინც იყო და დავუძახე მონა.
_ სანამ მონას დაუძახებდით, თქვენ ხელში პლაკატი გეკავათ.
_ კი ბატონო. ამ პლაკატზე ასეთი რამე მეწერა: „ირაკლი კადიროვი“. პრემიერ-მინისტრი უყურებდა ამ პლაკატს და ძალიან გაბრაზდა. ითმინა, ითმინა და ვეღარ მოითმინა. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მან მოისურვა დარბაზიდან ჩემი გაგდება. კატეგორიულად მომთხოვა, რომ დარბაზი დამეტოვებინა. დარბაზიდან, რა თქმა უნდა, არ გავედი და მის მოთხოვნაზე საკადრისი პასუხი გავეცი. ვუთხარი, რომ პარლამენტს ჰყავდა პრემიერი დაბარებული და საკანონმდებლო ორგანოში სტუმარი თავად იყო.
_ იმ დღეს თქვენ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესაც ეჩხუბეთ. მინისტრთან ჩხუბში სააკაშვილსაც დააყარეთ ქოქოლა, ბრეგაძეს უთხარით, _ მიშას გაუხმა თავი, შენ რომ სწავლა დაგიფინანსაო.
_ ყველაზე ნაკლებად მიშასთვის მინდოდა ქოქოლის დაყრა, მაგრამ ასე გამოვიდა. ისე აღმაშფოთა რატი ბრეგაძის განცხადებებმა და ქცევამ, რომ ასეთი რამე ვუთხარი. 2012 წლიდან შემოვედი პოლიტიკაში, 10 წელია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვარ და სულ „ქოცებთან“ მაქვს დაპირისპირება. ამ ათი წლის მანძილზე ყველანაირი „ქოცი“ მინახავს, მაგრამ ბრეგაძის მსგავსი არსად შემხვედრია.
იუსტიციის მინისტრმა წარმოუდგენელი თავხედის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ პარლამენტში გამოსვლისას ის არ საუბრობდა, როგორც იუსტიციის მინისტრი. მან თავისი გამოსვლა დაიწყო, როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტმა. თან ჩვეულებრივი აქტივისტივით კი არ ლაპარაკობდა, არამედ ორთოდოქსი აქტივისტივით იქცეოდა. პირდაპირ პოლიტიკურ სპიჩებზე გადავიდა. რაც ილაპარაკა, ყველაფერი მოიტყუა. ყველაზე დიდი ტყუილი თქვა, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე რომ ლაპარაკობდა. რატი ბრეგაძემ ყველაზე კარგად უწყის, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე.
რატი ბრეგაძეს დაავიწყდა, რომ ის იყო იუსტიციის მინისტრი. ის ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი. ის უშვებს იმას, რომ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი მოკვდეს. მოგეხსენებათ, როგორ არ მიყვარს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ იმაზეც ვერ ვიტყოდი ისეთ რამეებს, რაც ბრეგაძემ მესამე პრეზიდენტზე თქვა. არადა, ამ კაცმა იცის, რომ მიშა შეიძლება მოკვდეს. ამიტომ წამოვაძახე, რომ მისი სწავლა სააკაშვილმა დააფინანსა.
იუსტიციის მინისტრს სწავლა რომ მიშამ დაუფინანსა, ეს ვიცი არა მხოლოდ მესამე პრეზიდენტისგან, ეს ვიცი მიშას ოჯახის წევრებისგან და ამაზე სხვებისგანაც მსმენია. ლამის მუხლმოდრეკილები იხვეწებოდნენ, რომ მისთვის სწავლა დაეფინანსებინათ. ამაში რატი ბრეგაძეს მთელი სანათესაო ჰყავდა ჩართული.
_ რატომ დასჭირდათ დაფინანსებაზე ამდენი თხოვნა? მაშინდელი ხელისუფლება ხომ უფინანსებდა გამორჩეულ სტუდენტებს სწავლას?
_ გამორჩულ სტუდენტებს მართლაც უფინანსდებოდა სწავლა, მაგრამ რატი ბრეგაძე არ ყოფილა გამორჩეული სტუდენტი. იმდენი ქნეს, რომ სწავლა დააფინანსებინეს და ამიტომ ვთქვი, მიშას გაუხმა თავი, ბრეგაძეს სწავლა რომ დაუფინანსა-მეთქი. ადამიანებთან მიკამათია და მიჩხუბია, მაგრამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ მათზე წყენა არ გამყოლია. ასეთი რამე არ მახასიათებს. ბრეგაძის შემთხვევაში კი სხვანაირად მოხდა. მე მას დავპირდი, რომ ის აუცილებლად ჩაჯდება ციხეში. ეს იმიტომ კი არ მოხდება, რომ სააკაშვილის მოკვლას ცდილობს, იმიტომ მოხდება, რომ შემდეგში იუსტიციის არცერთმა მინისტრმა აღარ გაბედოს პატიმრებთან ასეთი მოქცევა. არავის აქვს უფლება, პატიმარი სასიკვდილოდ გაწიროს, სულ რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს ის პატიმარი.
_ მოუწევს რატი ბრეგაძეს ციხეში წასვლა?
_ ის აუცილებლად წავა ციხეში. არავის აქვს უფლება, სხვა ადამიანის სიცოცხლით ასე ითამაშოს.
_ საკმაოდ მწვავე გამოდგა თქვენი და მამუკა მდინარაძის დაპირისპირება. თქვენ მას უთხარით, რომ წლების წინათ ყანწით სვამდა სააკაშვილის სადღეგრძელოებს. მართლა აკეთებდა ამას, თუ ისე უთხარით, გასამწარებლად?
_ მე ვარ პარლამენტის წევრი და ეს მაკისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. ისედაც არ მიყვარდა დაუსაბუთებელი ბრალდებებით გამოსვლა და მას შემდეგ, რაც დეპუტატი გავხდი, ასეთ რამეს განსაკუთრებულად ვერიდები. თუ დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, არაფერს ვამბობ. მდინარაძესთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს და მამუკა მდინარაძემაც კარგად იცის, თუ საიდან ვიცი მე ეს ამბავი.
_ ანუ მართლა სვამდა მდინარაძე სააკაშვილის სადღეგრძელოს ყანწით?
_ რა თქმა უნდა სვამდა. ამ თემაზე ტყუილს რატომ ვიკადრებდი? 2012 წელს პოლიტიკაში რომ შემოვედი, იმიტომ წავედი „ნაცმოძრაობაში“, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში წარმოუდგენელი ტყუილებით მოვიდა და მე იგივეს არ გავაკეთებ. დეტალურად ვიცი, თუ სად დალია მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელო ყანწით. ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა „ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს ეს წამოვაძახე. ადრეც ვუთხარი მას ასეთი რამე. როცა პირველად წამოვაძახე, ის ჩემთან მოვიდა კამერების გარეშე და დამელაპარაკა.
_ რაზე დაგელაპარაკათ?
_ მკითხა, ეს გაბრაზებულზე მითხარი თუ მართლა იცი რამეო? მე დავუსახელე ის ოჯახი, სადაც მიშას სადღეგრძელო ყანწით დალია. იქ მამუკა მდინარაძე მარტო მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოებს არ სვამდა, იქ ის „ნაციონალების“ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც ადღეგრძელებდა.
_ კიდევ ვინ ადღეგრძელა მდინარაძემ?
_ დათა ახალაია. მამუკა მდინარაძემ იცის, რომ მე სიმართლეს ვეუბნები და ეს მისთვის ძალიან მტკივნეულია. ამის გარდა, ეს ბატონი გახლდათ ადვოკატი და ის იყო შუამავალი. მამუკა მდინარაძე ბრძანდებოდა ზურაბ ადეიშვილის ყავის მომდუღებელი, ოღონდ მართლა.
_ ესეც ნამდვილი ამბავია?
_ ყავას რომ უდუღებდა ადეიშვილს? კი, ეს ინფორმაცია ჩვენებთან ასჯერ მაინც მაქვს გადამოწმებული. ისინი ამბობენ, რომ ასე იყოო. მამუკა მდინარაძე ყველაზე ანტინაცს თამაშობს და რეალურად ყველაზე დიდი „ნაციონალი“ ეგ გამოდის. ხელისუფლება რომ შეიცვლება, მდინარაძე და მისი მსგავსი ადამიანები ისევ დაიწყებენ ყანწებით ვიღაც-ვიღაცების სადღეგრძელოების დალევას და ამისი სულ არ შერცხვებათ. პოლიტიკაში ასეთი მედროვეებისთვის ადგილი აღარ უნდა იყოს.
_ ქართული პოლიტიკის მედროვეებისგან გაწმენდა იოლი საქმე არ იქნება.
_ ქვეყნის განვითარება და წინსვლა თუ გვინდა, მაშინ პოლიტიკა ასეთი მედროვეებისგან უნდა გაიწმინდოს. მამუკა მდინარაძე ქართული პოლიტიკის განმსაზღვრელი არ უნდა იყოს. საზოგადოებას ხშირად ვხვდები და ვიცი, რას ფიქრობს ის „უმრავლესობა“-ოპოზიციის კინკლაობაზე. მეც ვიცი, რომ ეს კინკლაობა ლამაზი სანახაობა არ არის, მაგრამ როდესაც ჩვენ მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებები მოდის, ამას პასუხი უნდა გაეცეს.
ჩვენი დანაშაულია, რომ „ქართული ოცნების“ მესიჯბოქსსა და მათ ბრალდებებს სერიოზულ ყურადღებას არ ვაქცევთ. მათი ბრალდებები იმდენად არასერიოზულია, რომ მასზე ხშირად პასუხის გაცემაც კი წყლის ნაყვად მიგვაჩნია, არადა საჭიროა პასუხი.
_ რომელ ბრალდებაზე მიგაჩნიათ პასუხის გაცემა არასერიოზულ ამბად?
_ მაგალითად, ომის პარტიას რომ გვიწოდებენ და „ომი გინდათ?“ _ გაიძახიან.
_ „ომი გინდა?“ თემა ძალიან საღადაო გახდა და ამაზე პასუხის გაცემა შეიძლება არც ღირდეს.
_ საზოგადოების დიდი ნაწილი ამაზე მართლა ხუმრობს, მაგრამ არის გარკვეული სეგმენტი, რომელიც ამას სერიოზულად აღიქვამს. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ მართლა გვინდა ომი. ისეთი ადამიანებისგან გავიგე, რომ ამისი სჯერათ, გამიკვირდა. არადა, ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არ არიან. მათ პირდაპირ მითხრეს, _ „ოცნება“ კი ვიცით, რისი გამკეთებელია, მაგრამ ომი არ გვინდაო. ერთადერთი, რაც „ქართულ ოცნებას“ კარგად გამოსდის, ეს არის შავი პიარი. ტყუილად ვეძახდით მაგათ უნიათოებს, ეგენი უნიათოები კი არა, მავნებლები არიან.
ომის პარტიას რომ გვიწოდებენ, სასაცილოდ არ გვყოფნის. რამდენჯერ გვილაპარაკია ერთმანეთში ამ თემაზე და გვითქვამს, რომ ამ სისულელეს პასუხი როგორ უნდა გავცეთო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, პასუხი უნდა გაგვეცა. ეს ხალხზე მოქმედებს და პასუხის გაცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ ვიცი, სხვები რას იზამენ, მაგრამ მე „ქოცების“ ბრალდებების იგნორირებას აღარ ვაპირებ.
_ რის გაკეთებას აპირებთ?
_ სათანადო პასუხს გავცემ მათ. ბატონ პრემიერს, ბატონ მდინარაძეს და ბატონ ბრეგაძესაც გავახსენებ წარსულს. წარსულის გახსენება „ქართული ოცნების“ ბევრი ჩინოსნისთვის შეიძლება.
_ მაგალითად, ვის შეიძლება გაუხსენოთ წარსული?
_ გივი მიქანაძეს, ისიც მმართველ პარტიას წარმოადგენს ახლა. ცოტა ხნის წინათ ის გამოვიდა და განაცხადა, პატიმრებს „ნაციონალური მოძრაობა“ აწამებდაო. ამას ის ადამიანი ამბობს, რომელიც „ნაციონალების“ დროს, 2005-2008 წლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.
_ დღეს „ქართული ოცნების“ რიგებში ყოფილი „ნაცები“ უფრო მრავლად არიან, ვიდრე თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“.
_ ასეა. ზემოთაც აღვნიშნე, რომ მამუკა მდინარაძე ყველაზე ანტინაცს თამაშობს, მაგრამ „ნაცების“ დროს ზურაბ ადეიშვილთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი იყო.
_ ადეიშვილი კი „ნაცმოძრაობის“ სერიოზული დასაყრდენი იყო.
_ ასეა. დღევანდელი ხელისუფლების დიდი ნაწილი წინა ხელისუფლებას ან ემსახურებოდა, ან მასთან მეგობრობდა. მაგალითისთვის ავიღოთ სოზარ სუბარი. ის „ნაციონალების“ დროს სახალხო დამცველი იყო. ეს ადამიანი მეგობრობდა ბაჩო ახალაიასთან და 24 საათი მასთან ერთად იჯდა.
_ ბაჩო ახალაიას მიმართ სუბარი დადებით დამოკიდებულებას არასდროს მალავდა. სახალხო დამცველად რომ აირჩიეს, თავად წაიყვანა ბაჩო ახალაია მოადგილედ.
_ ეგ გასაგებია, მაგრამ მასთან მეგობრობას მას შემდეგაც აგრძელებდა, რაც ბაჩო ახალაია სახალხო დამცველის მოადგილე აღარ იყო. მე ბაჩო ახალაია სულ ორჯერ მყავს ნანახი, სუბარი 24 საათი მასთან ერთად იყო. განუყრელი მეგობრები იყვნენ. ამის შემდეგ სოზარ სუბარი სისხლიან ცხრა წელზე მე რომ დამიწყებს ლაპარაკს, ძალიან სამარცხვინოა. ცხრა წელზე არც მდინარაძეს აქვს ლაპარაკის უფლება და არც გივი მიქანაძეს. მათგან სისხლიან 9 წელზე საუბარი წარმოუდგენელია.
_ წარმოუდგენელია, მაგრამ საუბრობენ.
_ იმიტომ საუბრობენ, რომ უტიფრები არიან. სიმართლე რომ გითხრათ, მათგან არაფერი აღარ მიკვირს. სამეგრელოს რეგიონში თანამდებობებზე ძირითადად ყოფილი „ნაციონალები“ არიან. 2014 წელს „ნაციონალებიდან“ გავხდი საკრებულოს წევრი, ესენი უკვე გაქოცებულები იყვნენ და მე მეძახდნენ, ხალხს აუპატიურებდი 9 წელიო. არადა, სკოლა 2006 წელს დავამთავრე. პოლიტიკაში 2012 წელს შევედი.
ძალიან უტიფარია „ქართული ოცნება“. ბევრჯერ მიფიქრია, რომ მათთან ლაპარაკსა და კამათს აზრი არ აქვს, მაგრამ არც გაჩუმება შეიძლება. არც ის მინდა, რომ ქვეყანაში გამუდმებით პოლიტიკური კინკლაობა იყოს. არც ის მომწონს, რომ ერთმანეთს სიძულვილის ენით ელაპარაკებიან, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ ჩერდება. მმართველი პარტია არ ანებებს თავს სიძულვილის ენით საუბარს. ვერც დაანებებს, ისინი ამაზე დგანან. სიძულვილის დათესვით ისინი საზოგადოებას აპირისპირებენ და ამით კვებავენ თავიანთ ამომრჩეველს. მიშას თემაზეც ხომ ხედავთ, როგორ აგდებულად ლაპარაკობენ და არაფრად უღირთ ადამიანის სიცოცხლე.
_ ადამიანის სიცოცხლის მიმართ ასეთ აგდებულ დამოკიდებულებას რით ხსნით?
_ ელოდებიან კიდევ უფრო კრიტიკულ მდგომარეობას. სააკაშვილს საქართველოში დაბრუნება ადრეც უნდოდა და ჩვენ გავაჩერეთ. ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგე ვიყავი იმისა, რომ ის აქ დაბრუნებულიყო. ძალიან მეშინოდა მისი ჩამოსვლის, რადგანაც ვიცოდი, რაც მოჰყვებოდა ამ ამბავს. სააკაშვილმა თავადაც მშვენივრად იცოდა, თუ რა ელოდა აქ. იცოდა, მაგრამ მაინც ჩამოვიდა თავის სამშობლოში. ის მომზადებული ჩამოვიდა და ამ განსაცდელს გაუძლებს. დარწმუნებული ვარ, მას დიდი ხანი არ მოუწევს ამ განსაცდელის გაძლება და მალე იქნება თავისუფალი. ჩვენთვის მთავარია, რომ ის ჯანმრთელი გამოვიდეს.
ხელისუფლებას რაც შეეხება, „ქართული ოცნება“ დაელოდება, სანამ უკიდურესად კრიტიკული არ გახდება მიშას მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანს მას სამკურნალოდ.
_ დარწმუნებული ხართ, რომ გადაიყვანს?
_ თუ მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, გადაიყვანენ. მიშას რამე რომ მოუვიდეს, ეს იქნება მათი პოლიტიკური დასასრული. ეს ძალიან კარგად იციან და როგორც კი სიტუაცია კრიტიკული გახდება, მიშას სასწრაფოდ გადაიყვანენ. სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, რაღა უნდა იყოს კიდევ უფრო კრიტიკული მდგომარეობა. ბოლოს რომ ვნახე მიშა, ძალიან შემეშინდა.
_ ციხეში მოინახულეთ თუ საავადმყოფოში?
_ სანამ „ვივამედში“ გადაიყვანდნენ, ცოტა ხნით ადრე ვნახე და ძალიან შემეშინდა. ადამიანმა 50 დღე იშიმშილა და ამას ძალიან დიდი რეაბილიტაცია სჭირდება. თვეების მანძილზეა საჭირო მკურნალობა. რეაბილიტაციის კურსის გარეშე ის ჭამას ვერ დაიწყებს. მე მაქვს პერიოდები, როცა ანორექსიისკენ მივდივარ, ჭამა არ მინდა. მერე მჭირდება თვეების მანძილზე გადასხმები, რომ ჭამა დავიწყო. კარგად ვიცი, თუ რა პრობლემის წინაშე დგას მესამე პრეზიდენტი.
იმაზე აღარაფერს ვამბობ, რამხელა მორალური სტრესი გადაიტანა მან ციხეში. გლდანის ციხეში რამდენიმე პატიმარს ველაპარაკე. მათგან ვიცი, თუ როგორ აძლევდნენ დავალებას, რომ სააკაშვილისთვის „შუმოკი“ მოეწყოთ. ხელისუფლება ცდილობდა, რომ სააკაშვილი მუდმივად სტრესის ქვეშ ყოფილიყო. მიშა ახლაც სტრესის ქვეშაა. ძალიან მძიმედ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გაუძლებს. მან უნდა გაუძლოს. მას უფლება არ აქვს, ცუდად გახდეს. ის დღეს საქართველოსაც სჭირდება და უკრაინასაც.
ზუსტად არ ვიცი, თუ როდის გამოვა ის ციხიდან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შორს არ არის ეს დღე. მთავარია, მიშამ გაძლოს და გამოჯანმრთელდეს. „ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ მიშა ცუდად იყოს, რადგან ამით დიდ სიამოვნებას ანიჭებენ ვლადიმირ პუტინს. მიშა დღეს მისი პატიმარია. უკრაინაში პუტინი კრახს განიცდის და მისთვის ახლა მნიშვნელოვანია, მთავარი მტერი ციხეში ჰყავდეს. პუტინმა ისიც კარგად იცის, თუ რას იზამდა თავისუფლებაზე მყოფი მიშა ახლა უკრაინაში. საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, რომ მიშა დაასუსტოს და ცუდად ამყოფოს, მაგრამ ყველაფერი შეიცვლება. მიშა თავისუფალი იქნება, მთავარია, გაუძლოს.