- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-04-21 08:06:28
შორენა მარსაგიშვილი
10 აპრილს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში გამარჯვებას კრემლისა და პირადად შოიგუს ფავორიტ ანატოლი ბიბილოვს უწინასწარმეტყველებდნენ. მოქმედმა პრეზიდენტმა ყველაფერი იკადრა, ეს არჩევნები რომ მოეგო, უკრაინაშიც კი გაემგზავრა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მას გამარჯვებისთვის მეორე ტურში მოუწევს ბრძოლა. მისი კონკურენტი პარტია „ნიხასის“ ლიდერი, ალან გაგლოევია. გაგლოევმა ამ არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ტურს, დიდი ალბათობით, ის მოიგებს. მთელმა ოპოზიციამ განაცხადა, რომ ისინი გაგლოევს დაუჭერენ მხარს.
რატომ თქვეს ოსებმა უარი კრემლის ნებიერა ბიბილოვის არჩევაზე? რა აკავშირებს საქართველოსთან ალან გაგლოევს? რა განწყობებია ცხინვალში? ჩატარდება თუ არა რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე? რა საიდუმლოს ინახავს გორის მერია? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს პარლამენტის ყოფილი წევრი, ბადრი ბასიშვილი ესაუბრება:
_ ბატონო ბადრი, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალი ყოველთვის იმას აკეთებდა, რასაც მისგან მოსკოვი ითხოვდა. 10 აპრილს გამართულ ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოსებმა უარი თქვეს კრემლის ფავორიტ ანატოლი ბიბილოვის არჩევაზე. იქ მეორე ტური დაინიშნა. ეს რისი ბრალია? როგორც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, ოსებიც კი მიხვდნენ, რომ რუსების საქმეები ცუდად მიდის... თუ რამე სხვა ამბავთან გვაქვს საქმე?
_ ცხინვალში სერიოზული შიდა კლანური დაპირისპირებაა. მეორე ტურში ანატოლი ბიბილოვს მთელი ოსური ოპოზიცია დაუპირისპირდება. ამის შესახებ მათ უკვე გააკეთეს ერთობლივი განცხადება. ბიბილოვის კონკურენტ ალან გაგლოევს რუსეთში აქვს გარკვეული კავშირები, მას გავლენიანი ბიზნესწრეები უჭერენ მხარს. აქედან გამომდინარე, ამ არჩევნებით ბევრი არაფერი შეიცვლება. ეს არჩევნები ნებისმიერ ვარიანტში უკანონოა და მას არც საქართველო და არც დასავლეთი არ ცნობს. ამის მიუხედავად, მაინც მივესალმები იმას, რაც მოხდა. პატარა ამბავი ნამდვილად არ არის.
ანატოლი ბიბილოვი უშუალოდ კრემლის ფავორიტი იყო, მან არჩევნები პირველ ტურში ვერ მოიგო, მეტსაც გეტყვით, ის მეორე ადგილზე გავიდა. ეს ფაქტი რაღაცაზე მიანიშნებს. როგორც ჩანს, ცხინვალში პუტინის რუსეთით დიდად კმაყოფილები არ არიან. არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ამ ვარაუდს არსებობის უფლება ნამდვილად აქვს.
_ ეს უკმაყოფილება უკრაინაში გაჩაღებულ ომს ხომ არ უკავშირდება? ცხინვალიდანაც წაიყვანეს რამდენიმე ასეული ადამიანი და ამას ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილება მოყვა. რამდენიმე მებრძოლი უკვე დაიღუპა და ამან სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა.
_ უკრაინაში მიმდინარე ომმაც იქონია თავისი გავლენა არჩევნების შედეგებზე. ცხინვალიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული ადამიანია საბრძოლველად წაყვანილი. მერწმუნეთ, ისინი იქ საკუთარი სურვილით არ წასულან, ეს ახალგაზრდები აიძულეს. მებრძოლები უკრაინაში რუსებმა აფხაზეთიდანაც წაიყვანეს. ცხინვალში ამას უკმაყოფილება მოჰყვა. ეს უკმაყოფილება ცხინვალის ოპოზიციამ სათავისოდ ძალიან კარგად გამოიყენა.
_ უკრაინაში წასვლა ოსებს იმდენად არ უნდოდათ, რომ იქიდან 300 კაცი გამოიქცა. მერე 60-მდე კაცი უკან მიაბრუნეს.
_ როცა შეხედეს, რა სიტუაციაც იყო უკრაინაში, გამოქცევა ამჯობინეს. ნახეს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან შედარებით სულ სხვა მასშტაბის ბრძოლა იყო.
_ მაშინ პატარა საქართველოს ეომებოდა დიდი რუსეთი. ახლა უკრაინას ებრძვიან, რომელიც საქართველოზე ბევრად დიდი და ძლიერია. შესაბამისად, ამ ქვეყანასთან ომიც არ არის ადვილი.
_ ასეა. უკრაინა დიდი და ძლიერი ქვეყანაა, რუსეთს სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს. ეს დაინახეს ოსებმაც და გამოიქცნენ ცხინვალში. ამას ადგილობრივი მოსახლეობა გაგებით მოეკიდა, რადგან ცხინვალელების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგებოდა მათ ომში წასვლას.
_ კოკოითიმ თქვა, რომ ეს გენოფონდის განადგურებააო.
_ უკრაინაში შეიძლება ბევრი ოსი დაიღუპოს. რა გასაკვირია, რომ ამას ცხინვალში ეწინააღმდეგებიან. ბიბილოვი ომში წასვლის იდეას უჭერდა მხარს. ამას უკმაყოფილება მოყვა და როგორც უკვე გითხარით, ეს ძალიან კარგად გამოიყენა ადგილობრივმა ოპოზიციამ.
_ გაგლოევის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქართველებთან მიმართებით დამოკიდებულება თუ შეიცვლება? ცნობილი ხდება, რომ გაგლოევს მშობლები საქართველოსთან ომის დროს ძარას გზაზე დაეღუპნენ.
_ ალან გაგლოევს მშობლები გასული საუკუნის 90-იან წლებში დაეღუპნენ, მაშინ ის პატარა ბიჭი იყო. მის მშობლებსა და ახლობლებს, რამდენადაც ვიცი, თბილისთან შეხება ჰქონდათ. მათი ნათესავები თბილისში ცხოვრობდნენ. პირველი კონფლიქტის შემდეგ ისინი ვლადიკავკაზში გადავიდნენ. რაღაც შეხება დღემდე აქვთ მათ ქართველებთან, მაგრამ ეს მისი გამარჯვების შემთხვევაში არაფერს შეცვლის. ისიც იმ პოლიტიკას გაატარებს, რაც რუსეთს უნდა. საინტერესო ისაა, რომ მის გარშემო გაერთიანდა ყველა კანდიდატი, მათ შორის ისინიც კი, ვინც ცესკომ არჩევნებზე არ დაუშვა.
_ ცესკომ ბლომად კანდიდატი არ დაუშვა არჩევნებზე.
_ ყველაფერი კეთდებოდა, რომ ბიბილოვს გაემარჯვა. არ გამოუვიდათ ეს ამბავი და ახლა მეორე ტურში მთელი ოპოზიცია კრემლის ფავორიტის წინააღმდეგ არის გაერთიანებული. დიდი ალბათობით, მეორე ტურში ანატოლი ბიბილოვის დამარცხებას ვიხილავთ.
_ რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი გაიმართება თუ არა ბიბილოვის დამარცხების შემთხვევაში? რეფერენდუმი მისი იდეა იყო და მის ჩატარებას ყველა არჩევნების წინ აანონსებდა.
_ რეფერენდუმთან დაკავშირებით გაგლოევსაც იგივე პოზიცია ექნება, რაც ბიბილოვს აქვს. რეფერენდუმის ჩატარების სურვილს ისიც გამოთქვამს. ახლა ცხინვალელებს ორი ვარიანტი აქვთ, _ ან ვლადიკავკაზთან გაერთიანდებიან და ასე შევლენ რუსეთის შემადგენლობაში, ან როგორც სამხრეთ ოსეთი.
_ თქვენი აზრით, რომელ ვარიანტს აირჩევენ? სულ იმას გაიძახიან, ორი ოსეთი უნდა გაერთიანდესო.
_ დიდი ალბათობით, არ მოინდომებენ ვლადიკავკაზთან გაერთიანებას. სურვილი ექნებათ, რომ ცალკე რესპუბლიკის სტატუსით შევიდნენ რუსეთის ფედერაციაში. მაგრამ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი სიტყვა მოსკოვზე იქნება. როგორც რუსეთი გადაწყვეტს, ისე მოხდება.
_ რუსეთს ეცლება ახლა ამათი მაიმუნობებისთვის და რეფერენდუმის ჩატარებისთვის?
_ უკრაინაში ისე მიდის პროცესები, რომ რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. მოსკოვი შეეცდება, ეს მარცხი რაღაცით გადაფაროს, მარცხის გადასაფარად კი საუკეთესო საშუალება იქნება მიწების ანექსია. ოკუპირებულ აფხაზეთში, ცხინვალში, დონბასსა და ლუგანსკში ჩაატარებენ რეფერენდუმებს, მიითვისებენ ამ მიწებს და ამას გამარჯვებად გამოაცხადებენ.
_ აფხაზები უარს ამბობენ რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე. მათ ღიად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე არანაირი რეფერენდუმის ჩატარებას არ აპირებენ.
_ აფხაზებს ოსებისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ. მათ არ სურთ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. მათ სურთ დამოუკიდებლობა. რუსეთის ფედერაციაში აფხაზების პოზიციის გამო უკვე გამოთქვეს ღია უკმაყოფილება. აფხაზეთის მოსახლეობის პოზიციიდან გამომდინარე, იქ რეფერენდუმის ჩატარების თარიღმა შესაძლოა, სამომავლოდ გადაიწიოს.
_ ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს? აშკარაა, რომ ცხინვალი რუსეთის ქმედებებით კმაყოფილი არ არის და ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა ცხინვალის პრობლემის მოსაგვარებლად. დაკარგული ტერიტორიის ომით დაბრუნებას არ ვგულისხმობ, მაგრამ ხალხთან დალაპარაკება ხომ შეიძლება?
_ ხალხთან დალაპარაკება ყოველთვის შეიძლება და ამის გაკეთება აუცილებელიც არის. მათთან ურთიერთობის დამყარება დიდ სირთულეს სულაც არ წარმოადგენს. დღეისთვის ცხინვალის რეგიონში 50.000-მდე ადამიანიც აღარ არის დარჩენილი. ამ ადამიანებთან ჩვენ უახლოეს წარსულში ახლო ურთიერთობა გვქონდა. მათთან ნათესაობაც კი გვაკავშირებს. მთელი ეს წლები უნდა გვემუშავა, უნდა აგვემოქმედებინა სახალხო დიპლომატია და ოსებთან რამენაირად გამოგვენახა საერთო ენა.
_ ეს შესაძლებელი იყო?
_ შესაძლებელი იყო. ამის გაკეთება ახლაც შეიძლება.
_ აზრი ექნება მათთან ლაპარაკს? დალაპარაკებით შეიძლება დაგველაპარაკონ, მაგრამ იგივე პოზიციაზე დარჩნენ.
_ უკრაინაში ისე მიდის საქმეები, რომ რუსეთი ძალიან დასუსტდება. ამის შემდეგ ეჭვი მეპარება, რომ ცხინვალელების ნაწილს ისევ მოუნდეს რუსეთთან ან რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა. დარწმუნებული ვარ, მათი ნაწილი საქართველოსკენ შემობრუნდება.
_ საქართველოსკენ რომ შემობრუნდნენ, ამისთვის, ალბათ, რაღაც უნდა შევთავაზოთ.
_ აუცილებლად უნდა შევთავაზოთ. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებებით შეგვეძლო და ახლაც შეგვიძლია მუშაობა. ცუდი არ იქნებოიდა, თუ რეფერენდუმის ჩატარებაზე დაველაპარაკებოდით.
_ რეფერენდუმთან დაკავშირებით რაზე უნდა ველაპარაკოთ?
_ შეგვიძლია შევთავაზოთ, რომ ეს რეფერენდუმი ერთობლივად ჩატარდეს. დაე, რეფერენდუმმა გადაწყვიტოს, ცხინვალი რუსეთში შევა, თუ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდება. ოღონდ რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ქართული მოსახლეობა უნდა დაბრუნდეს თავიანთ საცხოვრებელში. იქ დაბრუნება 60.000-ზე მეტ ადამიანს მოუწევს. აქედან გამომდინარე, რეფერენდუმის შედეგები განსხვავებული იქნებოდა.
_ სამწუხაროდ, იქ ჯერ ქართველებს არავინ დააბრუნებს და არც ერთობლივად რეფერენდუმის ჩატარებას დათანხმდებიან ოსები, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, რუსები არ წავლენ ამაზე.
_ რუსები ამას, ბუნებრივია, არ დათანხმდებიან, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც შეგვეძლო ოსებთან მუშაობა. არაფერს ვაკეთებთ. აქედან გამომდინარე, რუსეთს ყველანაირად გზა აქვს გახსნილი იმისთვის, რომ ითამაშოს ის თამაში, რომელიც მისთვის სასარგებლო იქნება.
_ დალაპარაკებით მაინც რატომ არ ელაპარაკებიან ოსებს? ამითაც რუსებს გააღიზიანებენ თუ რით აიხსნება მათი უმოქმედობა?
_ „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს ამის გაკეთება. მონდომების შემთხვევაში კარგად შეიძლებოდა სახალხო დიპლომატიის გამოყენება. სახალხო დიპლომატიის მუშაობას მოაქვს შედეგი. მე ვიყავი საკრებულოს თავმჯდომარე და ცხინვალში ჩვეულებრივად ჩავდიოდი. ურთიერთობა მქონდა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. არსებობდა ისეთი საკითხები, რომელიც ადგილზე უნდა გადაწყვეტილიყო.
_ რა საკითხები იყო ასეთი?
_ სასმელი წყალი ჩვენგან მიდიოდა ცხინვალში, ერთობლივად უნდა მოგვეგვარებინა სარწყავი წყლის პრობლემაც. ცენტრალური გზა, რომელიც ცხინვალს რუსეთთან აკავშირებდა, ქართულ სოფლებზე გადიოდა. საბრძოლო მოქმედებების განახლების დროს ეს გზა იკეტებოდა, მაგრამ თუ გვეტყოდნენ, რომ ავადმყოფი იყო გადასაყვანი, ჩვენ სასწრაფოს მანქანას უპრობლემოდ ვატარებდით. რაღაც დონეზე მათთან ვთანამშრომლობდით და საკმაოდ კარგ შედეგებსაც ვაღწევდით. ყველაფერი უკეთესად იქნებოდა, მაგრამ რუსეთი ჩაერია.
ჩვენ კონფლიქტის ზონაში დავიწყეთ მშენებლობები, ეს მიმზიდველი გახდა ოსებისთვის. რუსეთმა სხვა მიზნები დაისახა და პროვოკაციების მოწყობა დაიწყო. ეს პროვოკაციები ომში გადაიზარდა. ამ ომამდე დე ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობა გვქონდა. დე ფაქტო ხელისუფლებასთან თბილისი ყველაზე კარგად ჩიბიროვის დროს კონტაქტობდა. რაღაც წლებში ალექსანდრ ჩიბიროვი იყო ცხინვალის პრეზიდენტი.
_ თუ დე ფაქტიო პრეზიდენტზე კარგის თქმა შეიძლება, ეს ჩიბიროვზე ნამდვილად ითქმის.
_ ჩიბიროვთან უპრობლემოდ ვამყარებდით კონტაქტს, არ იყო ცუდი ადამიანი. უამრავი პრობლემა მოგვიგვარებია. ქართველები ერგნეთში კი არ ჩადიოდნენ სავაჭროდ, არამედ პირდაპირ ცხინვალის ბაზარში მიდიოდნენ. სოფლებში რელიგიურ დღესასწაულებზე ოსები და ქართველები ერთმანეთს სტუმრობდნენ. აი, ამ დონეზე იყო იმ პერიოდში ურთიერთობები.
_ ეს, ალბათ, 2008 წლის აგვისტოს ომამდე იყო. ამ ომის შემდეგ ყველაფერი რადიკალუირად შეიცვალა.
_ 2007 წლამდე იყო ნორმალური ურთიერთობები. მერე ომიც დაიწყო და ყველაფერი შეიცვალა.
_ ამ ომის შემდეგ ოსებთან საუბარი შეუძლებელი იქნებოდა. იქნებ, ამიტომ იკავებს თავს დიალოგისგან?
_ შეუძლებელი არ იყო, მაგრამ რთული იყო მათთან დალაპარაკება. ჩვენ ხელისუფლებიდან წავედით, არჩევნები წავაგეთ. „ქართულმა ოცნებამ“ კი ამ კუთხიოთ არაფერი გააკეთა. არადა, უკვე მეათე წელია, რაც ხელისუფლებაში არიან. ამბობენ, რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთო და ამასობაში რუსები ე. წ. საზღვარს აქეთ წევენ. საქართველოს ხელისუფლებას არც ამაზე აქვს რეაქცია.
_ მას შემდეგ, რაც უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, ოკუპანტებს შიდა ქართლში ჩვენი მიწების მითვისების სურვილი აშკარად გაუქრათ. ბორდერიზაციის პროცესი დროებით შეჩერებულია.
_ ეს პროცესი მართლაც შეჩერებულია. რუსეთისთვის ისედაც რთული სიტუაციაა და ახლა ბორდერიზაციისთვის აღარ სცალია. ვფიქრობ, რაც დრო გავა, რუსეთი კიდევ უფრო დასუსტდება. დროა, ჩვენმა ხელისუფლებამ იმოქმედოს. ცხინვალში რუსეთის პოლიტიკით რომ უკმაყოფილონი არიან, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. სამწუხაროდ, ჩვენც არაფერს ვთავაზობთ საიმისოდ, რომ აქეთ წამოვიდნენ.
_ ერთ შეთავაზებაზე ოსები აქეთ არ წამოვლენ.
_ ერთ შეთავაზებაზე არ წამოვლენ, ამიტომ მათ უნდა ვესაუბროთ. შეიძლება, საქართველოსკენ არ წამოვიდნენ, მაგრამ დაფიქრდებიან მაინც. იმის გაანალიზებას დაიწყებენ, საქართველოსთან ყოფნა სჯობს თუ რუსეთთან? რუსეთს ცოტა ხანში ძალიან გაუჭირდება ცხინვალის პატრონობა. უკრაინის ომი და სანქციები მოსკოვს დაასუსტებს. კრემლი ვეღარ შეძლებს ოკუპირებული რეგიონების შენახვას. ცხინვალსაც და სოხუმსაც რუსეთი ინახავს. ახლა რუსებმა ცხინვალსა და სოხუმს მნიშვნელოვნად შეუმცირეს დაფინანსება. იმდენ ფულსაც კი აღარ აძლევენ, რასაც აქამდე აძლევდნენ. ეს თანხები კიდევ უფრო შემცირდება. დროთა განმავლობბაში ოსების ბიუჯეტი განულდება. ჩვენ შეგვიძლია მათთვის ხელის გაწვდენა.
_ ხელის გაწვდენის ნაცვლად ხელისუფლება სხვა რამეებით არის დაკავებული. ცხინვალის გვერდით მდებარე გორში სასწაულები ხდება: ჯერ გავიგეთ, რომ მერიის ერთ-ერთი სამსახური ბიტკოინებს აწარმოებდა; ახლა ვიგებთ, რომ ბიუჯეტიდან ტოტალიზატორებში რიცხავდნენ თანხებს.
_ გორში საშინელება ხდება. წარმოიდგინეთ, რა ვითარებაა: რაღაც ჯგუფმა გორის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურის შენობაში ბიტკოინების ქარხანა დაამონტაჟა. იქ ამუშავებდნენ მაინერებს. ამის განხორციელებას, მინიმუმ, ათკაციანი ჯგუფი მაინც სჭირდება. ამის უკან ვითომ მარტო ერთი ადამიანი იდგა. ამ კაცმა ამხელა დანაშაული ჩაიდინა და დაკავებულიც კი არ არის. და იცით, რატომ არ დააკავეს? იყო იმის ალბათობა, რომ მერე მაღალჩინოსნებზე გავიდოდნენ.
_ ვისზე შეიძლებოდა, რომ გასულიყვნენ?
_ გორის ყოფილ მერ კოტე თავზარაშვილზე და მის მოადგილეებზე გავიდოდნენ. ამათ გარეშე უბრალოდ არ არსებობს, რომ ბიტკოინების ქარხანა ამუშავებულიყო. ბოლოს სასწაული მოხდა, სადღაც გაქრა 500.000 ლარი. როგორც ირკვევა, ეს თანხა ტოტალიზატორებში ირიცხებოდა. ამის გამო მხოლოდ ბუღალტერი დააკავეს, ქალბატონი ლეილა. ქალბატონი ლეილა აიძულეს, რომ ადვოკატიც კი არ აეყვანა. ეჭვი მაქვს, რაღაც გარიგებასთან გვაქვს საქმე.
_ რა გარიგებასთან?
_ ქალბატონ ლეილას შეუთანხმდნენ, რომ თუ კონკრეტულ პირებს არ დაასახელებს, რამდენიმე წელიწადში ციხიდან გამოუშვებენ. ქალბატონ ლეილას თავისი შვილიც ეხვეწებოდა, დაასახელე დამნაშავეებიო, მაგრამ არ დაასახელა. ადვოკატის აყვანაზე უარის თქმა საერთოდ წარმოუდგენელი იყო. აშკარაა, რომ გარიგებასთან გვაქვს საქმე. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ გორის მერიიდან თანხები გაქრა, მაგრამ ამას წლების განმავლობაში მალავდა. კიდევ დიდხანს დამალავდნენ, მაგრამ მედიამ გაასაჯაროვა ფაქტები.
_ ამ სკანდალზე გორის საკრებულოს რეაქციაც კი არ ჰქონია. საგანგებო სხდომაც არ მოიწვიეს.
_ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ამბავში მაღალჩინოსნები არიან ჩარეული. ოპოზიცია ამას ასე არ დატოვებს და აუცილებლად მოვითხოვთ პასუხებს. განმარტებების გაკეთება გორის მოქმედ და ყოფილ მერებსაც მოუწევთ. კიდევ ერთი უცნაურობა, რაც გორის მერიაში ხდება ისაა, რომ იქ რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ხალხია თავმოყრილი.
_ ეს ცოტა უცნაურია, რადგან რუსეთმა იმდენი დაუშავა გორს, რომ შეუძლებელია, იქ ვინმეს რუსეთი მოსწონდეს.
_ გორის მერიასა და საკრებულოში ასეთი ხალხი მრავლადაა. ხანდახან ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანები სპეციალურად მოძებნეს. არ აწყობს „ქართულ ოცნებას“, რომ გორში ანტირუსული განწყობები იყოს.