- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-04-08 06:54:46
შორენა მარსაგიშვილი
ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. ოპოზიცია კი, თავის მხრივ, ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებს. ზაქარეიშვილის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია, ძალაუფლება შეინარჩუნოს და მისთვის სულერთია, ვინ დაეხმარება ამაში _ დასავლეთი თუ რუსეთი.
რატომ გაწმინდა ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ პოლიტიკოსებისგან? რატომ აღარ სჯერა ხალხს ოპოზიციის? რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს პრეზიდენტი ზურაბიშვილი და მთავრობა? რა შედეგით დასრულდება უკრაინაში ომი? რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ პუტინის ომში? _ ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება.
_ „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება გრძელდება. 2014 წელს „ოცნება“ დაუპირისპირდა თავის რჩეულ მარგველაშვილს და ახლა იგივეს აკეთებს სალომე ზურაბიშვილის მიმართ. რით აიხსნება მათი ასეთი საქციელი? სახელმწიფოებრიობანას თამაშობენ თუ რა ხდება?
_ აშკარად სახელმწიფოებრიობანას თამაშობენ. „ქართული ოცნებისგან“ ასეთი რამე მოსალოდნელი იყო. მათ, უბრალოდ, არ იციან, რა გააკეთონ, ისინი არ არიან პოლიტიკოსები. ისინი მხოლოდ მოწინააღმდეგეზე, ანუ ოპოზიციაზე მუშაობენ. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ესენი, ძირითადად, სწორ რაღაცებს ამბობენ, მე მათ ადგილზე უფრო მეტს ვიტყოდი ყოფილ ხელისუფლებაზე, მაგრამ ისე ცუდად იქცევა „ოცნება“, რომ სააკაშვილის პარტია რჩება მოგებული. „ნაციონალები“ ლაპარაკობენ მაინც, რაზეც ხელისუფლება ბრაზდება.
ხელისუფლება გაბრაზდა სალომე ზურაბიშვილზეც, რომელიც ევროპაში დაიბადა და დასავლეთში ჩამოყალიბდა, როგორც პოლიტიკოსი. აქედან გამომდინარე, ის იქცევა ისე, როგორც ევროპელი პოლიტიკოსი მოიქცეოდა. ის „ქართულ ოცნებას“ შეცდომებზე მიუთითებს.
_ თქვენი აზრით, სალომე ზურაბიშვილი ევროპელი პოლიტიკოსივით იქცევა?
_ დიახ. ის ხედავს, რომ „ქართულ ოცნება“ ელემენტარულ რაღაცებში იჭრება და ცდილობს ამის გამოსწორებას. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი გლობალური ცვლილებები მიდის მსოფლიოში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი ცვლილებები არ ყოფილა, საბჭოთა კავშირის დაშლაც კი არ იყო ისეთი გლობალური, როგორიც უკრაინაში ომია. ამ ვითარებაში „ქართული ოცნება“ ძალიან ბევრ შანსს უშვებს ხელიდან. სალომე ზურაბიშვილი თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ ამ შეცდომების გამოსწორებაზე იზრუნოს. „ქართულ ოცნებას“ ბოლო პერიოდში დაშვებულ შეცდომებზე სხვებიც მიუთითებენ, ამაზე ხელისუფლება ბრაზდება და ამ ადამიანების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს, რაც სრულიად მიუღებელია.
„ქართული ოცნება“, რომელსაც აქვს საპარლამენტო უმრავლესობა და აკონტროლებს ყველაფერს, არაფერს აკეთებს. ერთადერთი, რაც მას სურს, არის ძალაუფლების შენარჩუნება. ისიც კი არ იციან, როგორ შეინარჩუნონ ხელისუფლება, დინებას არიან მიყოლილი. გაიყვანს ეს დინება რუსეთის ნაპირზე? _ ჯანდაბას, იყოს რუსული ნაპირი. გაიყვანს დინება ნატოსა და ევროპისკენ? _ არაა პრობლემა, იყოს ნატო და ევროკავშირი. „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია, მათ ძალაუფლებას საფრთხე არ შეექმნას. მათ მხოლოდ სხვისი კრიტიკა შეუძლიათ, საქმის კეთება არ იციან, მაგრამ ხელისუფლებაში დარჩენა სურთ.
_ არ იციან საქმის კეთება, თუ ბიძინა ივანიშვილი არ აძლევს მათ რამის გაკეთების უფლებას?
_ ბიძინა ივანიშვილმა ისეთი ხალხი შეარჩია, ვინც საქმის კეთება არ იცის. თავიდან „ქართული ოცნება“ ასეთი არ ყოფილა. 2012 წელს სულ სხვა გუნდი იყო ივანიშვილის გარშემო. 2016 წლიდან დაიწყო ეს საშინელება. ივანიშვილი მიხვდა, რომ გვერდით პოლიტიკოსები არ გამოადგებოდა.
_ რატომ იფიქრა, რომ პოლიტიკოსები არ გამოადგებოდა?
_ პოლიტიკოსებმა რაღაც იციან და, აქედან გამომდინარე, რაღაცას გააკეთებდნენ. ივანიშვილს კი ისეთი ხალხი უნდოდა გვერდით, რომელიც არაფერს გააკეთებდა. 2016 წლისთვის მან, როგორც იქნა, მონახა ასეთი გუნდი. ახლა „ოცნება“ არის კობახიძე-მდინარაძე-თალაკვაძის რაზმი. ეს ხალხი არსაიდან მოდის. მათ არაფერი აქვთ გაკეთებული. ეს ძალიან ცუდია. არ შეიძლება, გამოცდილების არმქონე ადამიანი ხელისუფლებაში იყოს. იმ ხალხს, რომელიც ახლა ქვეყანას მართავს არანაირი გამოცდილება არ გააჩნია.
_ გამოცდილება არ გააჩნიათ, მაგრამ, ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნას მაინც ახერხებს. მათ მესამე ვადით შეძლეს ხელისუფლებაში მოსვლა.
_ ამას „ნაციონალების“ ხარჯზე ახერხებს. ხალხს ყოფილი ხელისუფლება აღარ უნდა. „ქართული ოცნების“ ალტერნატივად ისინი ითვლებიან. იმის შიშით, რომ „ნაციონალები“ არ დაბრუნდნენ, საზოგადოება ისევ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. არადა, „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, ეს, უბრალოდ, გამორიცხულია.
_ რატომ გგონიათ, რომ ვერ დაბრუნდებიან?
_ ჯერ თავისი წარსულიდან გამომდინარე ვერ დაბრუნდებიან და მეორეც, _ არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ შეცვალონ. ყოფილი ხელისუფლება ხალხს ბიძინა ივანიშვილის ლანძღვის გარდა არაფერს სთავაზობს. მარტო ივანიშვილის ლანძღვა ცარიელ მაცივარს არ გაავსებს და არც სხვა პრობლემებს მოაგვარებს. „ნაციონალებმა“ და დანარჩენმა ოპოზიციამაც ხალხს ისეთი რამ უნდა შესთავაზონ, რაც მათ პერსპექტივას გაუჩენს.
_ რა უნდა შესთავაზოს ოპოზიციამ ხალხს?
_ ოპოზიცია ხალხს უნდა ესაუბროს, როგორ აპირებს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ინვესტიციების მოზიდავს. ჩავარდნილია ყველა ეკონომიკური დარგი. აღმოჩნდა, რომ ღვინის წარმოების გარდა სხვა არაფერი შეგვიძლია, ეს ღვინის წარმოებაც მოგვყვება საბჭოთა კავშირიდან. აღმოჩნდა, რომ მეფრინველეობაც ჩავარდნილი გვაქვს, სიმინდის მარცვალს ვყიდულობდით უკრაინაში. არ შეიძლებოდა, რომ საქართველოში მოგვეყვანა სიმინდი? კი ვართ მეღვინე ხალხი და ღვინო ჩვენი სიამაყეა, მაგრამ მარტო ღვინით ვერ გავმდიდრდებით. აწარმოოს სამეგრელომ სიმინდი და ქართლმა ფრინველი. კახეთში ხორბლისა და მზესუმზირის მოყვანა შეიძლება.
საქართველო ნამდვილი წალკოტია და ნორმალური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, თავისუფლად შეგვიძლია ადგილზე ვაწარმოოთ ადგილობრივი პროდუქტი. ოპოზიცია ამაზე უნდა ლაპარაკობდეს. ივანიშვილის ლანძღვა მათ არაფერს მოუტანს.
ოპოზიცია ხალხს არანაირ ალტერნატივას არ სთავაზობს და ეს გასულ წელს ჩატარებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამაც კარგად გამოაჩინა. ეს განსაკუთრებით სამეგრელოში იყო ნათელი. თუ ხალხს აქვს მოტივაცია, „ქართული ოცნების“ დამარცხებაზე იოლი არაფერია. ზღაპარია იმაზე ლაპარაკი, რომ რაკი ივანიშვილს ბევრი ფული აქვს, ყველა არჩევნებს მოიგებს. სამეგრელოში თითქმის ყველგან ნახევარი-ნახევარზე დაჯდა, სამ რაიონში გაიმარჯვა ოპოზიციამ. წალენჯიხაში სულაც ოპოზიციონერი მერი აირჩიეს. გაყალბება იქაც იყო, მაგრამ არა რაღაც ფანტასტიკური. სამეგრელოში ეს შედეგი იმიტომ დადგა, რომ მათ მოტივაცია ჰქონდათ. დანარჩენ რეგიონებში მოტივაცია არ ჰქონდათ და ამიტომ გაიმარჯვა იქ „ქართულმა ოცნებამ“.
_ სამეგრელოს რეგიონის მოტივაცია რა იყო?
_ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება. ეს ჩემთვის მიუღებელი იყო, მაგრამ ეს ვიღაცისთვის მოტივაცია იყო. მოტივირებული ხალხი წავიდა სამეგრელოში არჩევნებზე და დადგა კიდევაც შედეგი. „ოცნების“ დამარცხება შესაძლებელია, მთავარია იყოს მოტივაცია. დღეს ასეთი მოტივაცია არ არსებობს, მარტო ივანიშვილის ლანძღვით ოპოზიცია შედეგს ვერ მიიღებს.
სამეგრელოში მარტო სააკაშვილის გამო არ დამდგარა ასეთი შედეგი. იქ იყო გიორგი გახარიას ფაქტორიც. ხალხზე გავლენა იქონია ანაკლიის პროექტის ჩაგდებამაც. იქაურებს ხელისუფლების შესაცვლელად მოტივაცია ჰქონდათ. წავიდნენ და „ოცნების“ წინააღმდეგ მისცეს ხმა. სხვა რეგიონებში ვერ დაინახეს, თუ რატომ უნდა მიეცათ სხვისთვის ხმა. მათ ოპოზიციამ მოტივაცია არ შეუქმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხალხს „ოცნება“ გულზე არ ეხატება, მაგრამ მათ სხვა არჩევანი არ გააჩნიათ. „ქართული ოცნება“ კარგად ხედავს, რომ ხელისუფლების შეცვლის მოტივაცია არ არსებობს ქვეყანაში და ამიტომაც არის ასე არხეინად. მათ არც პრეზიდენტთან უთანხმოება ადარდებთ. იმ პრეზიდენტთან, რომლის ასარჩევადაც ყველაფერი გააკეთეს.
_ თავის დროზე, სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალების“ მინისტრი იყო. ის მათაც დაუპირისპირდა. მაშინ მისმა ამ წინააღმდეგობამ რაღაც საპროტესტო მუხტი გააჩინა. ახლა თუ გააჩენს „ოცნების“ წინააღმდეგ ზურაბიშვილი რაიმე მუხტს?
_ ზურაბიშვილი ვერანაირ მუხტს ვერ გააჩენს. ამ ქვეყანაში ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ მაინც ეჭვი მეპარება, რომ სალომე ზურაბიშვილს ხალხი გაჰყვეს. ასეთი რამ გამორიცხულია. ზურაბიშვილს არც უნდა, რომ წინამძღოლი გახდეს. უბრალოდ, ის ხედავს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არასწორია. ის ცდილობს დასავლეთს აჩვენოს, რომ საქართველოში სხვა მოსაზრებაც არსებობს. პრეზიდენტს საკუთარი პარტიაც კი არ აქვს, ამიტომ ის ვერ შექმნის ახალ რეალობას.
_ ამის გარდა, ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის ის მიუღებელია.
_ ეს არის ოპოზიციის დიდი შეცდომა. გიორგი გახარიაზეც ბევრი ამბობს, მაგასთან როგორ უნდა ვითანამშრომლოო. ხელისუფლების შეცვლა თუ გინდა, უნდა გაერთიანდე და ყველასთან ითანამშრომლო. რა დროს წარსულზე ლაპარაკია? გახარიას წარსულის გახსენება ამ ვითარებაში უადგილოდ მეჩვენება. ყოფილი პრემიერი ანგელოზი ნამდვილად არ არის, მაგრამ არც ისეთი მტარვალია, როგორადაც მას ზოგიერთი ოპოზიციონერი ხატავს.
_ მთლად ეგეთი მტარვალი მართლა არ არის, მაგრამ მის კისერზეა გავრილოვის ღამე და ამის დავიწყება ადვილი არ არის.
_ ნამდვილად მის სინდისზეა გავრილოვის სისხლიანი ღამე და ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რომელმა ხელისუფლებამ აიცილა თავიდან ხალხის დარბევა? საქართველოში ყველა ხელისუფალმა გაისვარა ხელი თავისი ხალხის დარბევაში. ამიტომ თუ გახარია რესურსია, ის უნდა გამოიყენო, კი არ უნდა ებრძოლო. ასეთი ბრძოლით არაფერი გამოდის. ოპოზიცია ერთმანეთს ძირავს და გამარჯვება „ქართულ ოცნებას“ რჩება. ცვლილებები რომ არ დადგა, ეს თავად ოპოზიციის ბრალიცაა და კარგი იქნება, თუ თავიანთ შეცდომებზე დაფიქრდებიან. ახლა ოპოზიციას ყურადღებით ყოფნა მართებს. უკრაინაში მიმდინარე ომი ბევრ რამეს შეცვლის.
_ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები როგორ აისახება საქართველოზე?
_ ჯერ მთავარია, ომი დასრულდეს. რუსეთი რომ ამ ომში დამარცხებულია, ეს უკვე აშკარაა.
_ თქვენი აზრით, რუსეთი ამ ომში დამარცხდა?
_ დამარცხდა, აბა, რა არის?! წინ ვერ მიდის. ძალიან ბევრი სისხლი დაღვარა კრემლმა, მაგრამ ვერ მიიღო ის, რაც სურდა. კიევის ოლქიდან მთლიანად გამოიყვანა ჯარები და დონბასისკენ გადაისროლა. ახლა ცდილობს, როგორმე ეს მხარე წაიღოს მთლიანად. ამით შეეცდება, რაღაცნაირად, ღირსება შეინარჩუნოს. რუსეთთან მიმართებით სიტყვა ღირსების გამოყენება სირცხვილია, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსების თვალში ღირსების შენარჩუნებაზე ვსაუბრობ. სხვა თუ არაფერი, პუტინმა თავის მოსახლეობას ის მაინც ხომ უნდა აუხსნას, რატომ ჩახოცა ამდენი ჯარისკაცი? ისინი არსად წაწეულან წინ.
იმის გამო, რომ რამენაირად თავი გაიმართლოს, პუტინმა აირჩია ომის საზიზღარი ფორმა _ ის არ შეწყვეტს ომს და შეეცდება, დაქანცოს უკრაინა. ის შეეცდება, უკრაინელებს ათქმევინოს, რომ ომით დაიღალნენ. უკრაინელები ძალიან მამაცი ხალხია და ისინი უკან დახევას არ აპირებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრძოლები გაგრძელდება. ორ თვეში ორივე მხარე დაიღლება და რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეხება იმას, ჩვენზე როგორ აისახება ეს ომი, მიმაჩნია, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმაზ,ე რა შედეგით დასრულდება საომარი მოქმედებები.
_ ჩვენი ხელისუფლების პოზიციაზე რას ფიქრობთ? სწორად მიგაჩნიათ მათი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ სწორად იქცევა.
_ არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ უკრაინასთან მიმართებით სწორად იქცევა. საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო პოსტსაბჭოთა სივრცეში, უკრაინის გარდა, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია პუტინიზმი. ჩვენ ახლა საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენს თავზე ფიქრი კი უკრაინის გვერდით დგომას ნიშნავს. უკრაინის გვერდით დგომა ახლა ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე _ უკრაინას.
_ უკრაინას არ სჭირდება საქართველოს გვერდით დგომა?
_ დღეს უკრაინას მთელი მსოფლიო უდგას გვერდით და დიდი დანაკლისი არ იქნება, თუ ჩვენ მათ გვერდით არ დავუდგებით. უკრაინის გვერდით დგომა ახლა ჩვენთვის უფრო საჭირო და მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინისთვის. ჩვენ საკუთარ ქვეყანაზე არ ვფიქრობთ და უკრაინას როგორ დავუდგებით გვერდით? ძალიან ცუდად იქცევა საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან მიმართებით და ამით ჩვენს ქვეყანას მტრობს.
_ თქვენი აზრით, როგორ უნდა იქცეოდეს დღეს საქართველოს ხელისუფლება?
_ საქართველოს ხელისუფლება დღეს მთელ მსოფლიოს უნდა მოუწოდებდეს, რომ რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ მოუხსნას სანქციები. ჩვენ პირველებს უნდა დაგვეჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის მხარი. რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ამ სანქციებით რუსები უნდა გვეიძულებინა, ჩვენი ტერიტორიებიდან გაეყვანა ჯარი.
იმის მაგივრად, რომ გონივრულად იმოქმედოს, „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ უბრაზდება, შენ კარგად რომ მოქცეულიყავი, რუსეთისთვის თავის დროზე შეიძლებოდა საქნციების დაწესებაო. ახლა მთელი მსოფლიო რუსეთს სანქციებს უწესებს და საქართველოს შეუძლია ამ თემის გამოყენება. ამ პოლიტიკით „ქართული ოცნება“ ნამუსს წმენდს „ნაციონალურ მოძრაობას“.
_ რა მხრივ წმენდს ნამუსს „ოცნება“ „ნაციონალებს“?
_ მომავალში ისინი ვეღარ გააკრიტიკებენ ყოფილ ხელისუფლებას. „ქართული ოცნება!“ ხელიდან უშვებს შანსს, გამოასწოროს „ნაციონალების“ მიერ დაშვებული შეცდომები. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, არ შეუმსუბუქდეს რუსეთს სანქციები მანამდე, სანამ ის თავის მიერ ხელმოწერილ პირობებს არ შეასრულებს.
_ რა პირობების შესრულებაზე საუბრობთ? რუსების ანგარიშზე ბევრი შეუსრულებელი პირობაა.
_ 2008 წელს რუსეთმა საქართველოსთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, სადაც წერია, რომ აუცილებლად გაიყვანდა ჯარებს 2008 წლის 7 აგვისტოს მოცემულობით. ეს ხელშეკრულება დღემდე ძალაშია. ევროკავშირი ამ ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს თავის მისიას საქართველოში.
_ სამაგიეროდ, რუსეთი არ ასრულებს ამ ხელშეკრულების პირობებს.
_ საქმეც ეგ არის, რომ არ ასრულებს და ჩვენ ამაზე ხმას არ ვიღებთ. არც ეკონომიკურ სანქციებს ვუერთდებით და სანქციებზე უარის თქმის სანაცვლოდ, ჯარების გაყვანას არ ვითხოვთ. საერთოდ არაფერს ვამბობთ და არ ვაკეთებთ. მე არ ვიცი, რა ჰქვია ასეთ პოლიტიკას.
_ ასეთ პოლიტიკას „ქართული ოცნების“ ენაზე რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა ჰქვია.
_ ჯანდაბას არგაღიზიანების პოლიტიკა, მესმის, რომ არ სურთ რუსეთის გაღიზიანება, მაგრამ ამ პოლიტიკის შედეგი რა არის? მე ამ შედეგს ვერ ვხედავ. ამ არგაღიზიანების ფონზე ბიბილოვმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე დაგინიშნა რეფერენდუმი. არ შეიძლებოდა, რუსეთს მადლიერების ნიშნად ეთქვა, რომ რა რეფერენდუმიო? შეეძლო, მაგრამ არ გააკეთა. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა ხომ თქვა, საქართველოს ასეთ მოქცევას დავუფასებთო...
_ კარასინის განცხადებაზე საუბრობთ?
_ მის ცინიკურ განცხადებაზე მოგახსენებთ. კარასინმა ჩვენთან მიმართებით ძალიან ცინიკური განცხადება გააკეთა. თქვა, ძალიან მოგვწონს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა და ამას აუცილებლად დავუფასებთო. სად არის ეს დაფასება? ბიბილოვმა რეფერენდუმი რომ დანიშნა? რა, ისე დასუსტდა რუსეთი, რომ თავის სატელიტის გაჩუმებაც არ შეუძლია? მე ვუშვებ, რომ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა არსებობდეს, მაგრამ ამას აუცილებლად უნდა ჰქონდეს შედეგი. ეს შედეგი არსად ჩანს.
_ „ქართული ოცნების“ აზრით, ამ პოლიტიკის შედეგი ისაა, რომ საქართველოს რუსეთთან ომი არ აქვს.
_ ბევრს ლაპარაკობენ, რომ ჩვენი ფრთხილი პოლიტიკის წყალობით რუსეთთან ომი არ იქნებაო. ეს ზღაპარია. ომი ისედაც არ იქნებოდა. რუსეთს ყველაფერს ვუსრულებთ და ომი რატომ უნდა იყოს? რუსეთი არც იმაზე დაგვიწყებდა ომს, თუ ჩვენი ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანას მოვითხოვდით. ამ მოთხოვნით „ნაციონალებიც“ გამოდიოდნენ და „ოცნებაც“, მაგრამ რუსეთს ომი არ დაუწყია ამის გამო. „ოცნება“ რატომ გაჩუმდა ახლა ჯარების გაყვანაზე? საჭიროა მეტი პრინციპულობა. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდება ისე, რომ მსოფლიო დაიცავს უკრაინას და ჩვენ გვერდზე დავრჩებით და ეს ლოგიკური იქნება, საქართველო ხმას არ იღებს. ჩვენ თუ ხმას არ ამოვიღებთ, რატომ ამოიღებს ხმას დანარჩენი მსოფლიო? ისედაც უამრავი პრობლემაა. ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ უფრო მეტი პრინციპულობა გამოიჩინოს რუსეთთან მიმართებით. საქართველომ უფრო ღიად და აქტიურად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას. როგორც უკვე ვთქვი, ეს მხარდაჭერა თავად საქართველოს უფრო სჭირდება. ეს ომი დიდხანს არ გაგრძელდება. ორ თვეში ბევრი რამე გაირკვევა და საქართველო შეიძლება ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.