- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-04-07 09:24:01
ნენე ინჯგია
ყოფილი პრემიერი, ნიკა გილაური, სკანდალში ეხვევა: როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, ნიკა გილაურს დაქვემდებარებულ კომპანიათა ჯგუფი, მათ შორის, შპს „რეფორმატიკსი“, რომლის სახელითაც ის საზღვარგარეთ სახელმწიფო მოხელეებისთვის რეფორმებზე კონსულტაციების გაცემით იწონებს თავს, ცდილობს პარტნიორების ბიზნესიდან გაძევებას, რაშიც, სავარაუდოდ, იკვეთება თაღლითობის, რეკეტისა და გამოძალვის ნიშნები.
საქართველოს მთავრობას, შპს „აკვაჰიდროსა“ და სხვა კომპანიებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმები, რომელთა თანახმად, შპს „აკვაჰიდროს“, ნიკა გილაურის მიერ კონტროლირებად კომპანიას, მიენიჭა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდინარე იფარზე, მდინარე ხელრასა და მდინარე ნაკრაზე ჰიდროელექტროსადგურების აშენებისა და მათი ოპერირების განხორციელების უფლება.
იმის გათვალისწინებით, რომ შპს „აკვაჰიდროს“ არ ჰქონდა შესაბამისი ფინანსური რესურსი და სამშენებლო გამოცდილება, ნიკა გილაურმა აწარმოა მოლაპარაკება სამშენებლო სფეროში გამოცდილი სამშენებლო კომპანიის, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“, დამფუძნებლებთან _ გიორგი კალანდაძესთან და ამირან მამუჭაძესთან იფარი, ხელრა და ნაკრა ჰესის მშენებლობის მიზნით თანამშრომლობაზე. ნიკა გილაური ამირან მამუჭაძესა და გიორგი კალანდაძეს დაჰპირდა ურთიერთთანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ორივე მხარის ინტერესები იქნებოდა გათვალისწინებული. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ამის ნაცვლად ნიკა გილაურის მიზანი იყო შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ ფინანსების გამოყენება ბიზნესის მოსაწყობად, ხოლო შემდგომ მისი ბიზნესიდან გაძევება მოგების ერთპიროვნულად მისაღებად.
მოლაპარაკებების შედეგად:
• ერთი მხრივ, ნიკა გილაურის კომპანიები და, მეორე მხრივ, გიორგი კალანდაძისა და ამირან მამუჭაძის კომპანიები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე;
• დაფუძნდა შპს „ბლექ სი ენერჯი“, სადაც 50-50%-იანი წილის მესაკუთრეებად განისაზღვრნენ ნიკა გილაურის მიერ კონტროლირებადი შპს „აკვაენერჯი“ და გიორგი კალანდაძისა და ამირან მამუჭაძის მიერ კონტროლირებადი შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“;
• დაფუძნდა შპს „სქაი უოთერი“, სადაც 50-50%-იანი წილის მესაკუთრეებად განისაზღვრნენ გიორგი კალანდაძე და ამირან მამუჭაძე;
• შპს „სქაი უოთერს“ გადაეცა 20%-იანი წილი შპს „აკვაჰიდროში“.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გილაურის კომპანიის ვალდებულებას წარმოადგენდა ჰესების მშენებლობის დეტალური პროექტის წარმოდგენა, რისი შეუსრულებლობის შემთხვევაშიც გიორგი კალანდაძისა და ამირან მამუჭაძის გუნდს თანამშრომლობის შეწყვეტის უფლება ჰქონდა, დეტალური პროექტის არარსებობის პირობებში გიორგი კალანდაძისა და ამირან მამუჭაძის გუნდმა, თანამშრომლობის ჩაშლის თავიდან ასარიდებლად და ერთმანეთის ინტერესების პატივისცემაზე შეთანხმების გამო, მაინც მოახერხა ორი ჰესისა და მესამე ჰესის მნიშვნელოვანი ნაწილის აშენება დეტალური პროექტის არარსებობიდან წარმოშობილი ყოველი პრობლემის დიდი ძალისხმევის ხარჯზე ადგილზევე მოგვარებით.
იფარისა და ხელრა ჰესის აშენებისა და ამუშავების შემდგომ, როცა ნიკა გილაურის ჯგუფმა უკვე დაიწყო მოგების მიღება და ნაკრა ჰესის დასრულებამდე მხოლოდ სამუშაოების უმნიშვნელო ნაწილი იყო დარჩენილი, ნიკა გილაურმა დაიწყო ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა თანამშრომლობის ჩასაშლელად, გიორგი კალანდაძისა და ამირან მამუჭაძის კომპანიების ბიზნესიდან გასაძევებლად. ხელოვნურად ამ მიზნებისთვის ჩამოყალიბებული ნიკა გილაურის პოზიციით, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპმა“ ექსკავაციისას (მიწის ამოღებითი სამუშაოები) ამოიღო მიწა საჭიროზე მეტი ოდენობით, რის გამოც უარს ამბობდა შესაბამისი დავალიანების გადახდაზე.
სანდო წყაროს ინფორმაციით, ნიკა გილაურის გუნდის დავალიანება შეადგენდა დაახლოებით 400 ათას აშშ დოლარს, საიდანაც ნიკა გილაურმა სადავოდ გახადა დაახლოებით 100 ათასი აშშ დოლარის ოდენობა. საკითხის განხილვის შედეგად ნიკა გილაურმა აღიარა აღნიშნული ოდენობის გადახდის ვალდებულებაც, თუმცა, საბოლოოდ, არ გადაიხადა დავალიანების არც ერთი ნაწილი, მათ შორის, არც ის ოდენობა, რომელიც მისი მხრიდან სადავო არც არასდროს გამხდარა. აღნიშნული აჩენს ეჭვს, რომ ნიკა გილაურის მთავარი მიზანი არა განხეთქილების გადაჭრა, არამედ მისი ხელოვნურად წარმოშობა და გაღვივება იყო.
სადავო თანხის უმნიშვნელობის გამო გიორგი კალანდაძისა და ამირან მამუჭაძის გუნდმა დააყენა უთანხმოების მოლაპარაკების გზით გადაჭრის საკითხი, მიუთითებდა რა, რომ დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მსხვილმასშტაბიანი პროექტის ჩაშლა უმნიშვნელო თანხის (დაახლოებით 100 აშშ დოლარის) გამო არაგონივრული იქნებოდა. 6 თვის განმავლობაში წარმოებული მოლაპარაკებები, რომლებშიც ნიკა გილაური და მისი კომპანიის _ შპს „რეფორმატიკსის“ _ წარმომადგენლები პირადად მონაწილეობდნენ და რომელთა პარალელურად სამშენებლო სამუშაო შეჩერებული იყო, გიორგი კალანდაძისა და ამირან მამუჭაძის მცდელობების მიუხედავად, უშედეგოდ დასრულდა. სინამდვილეში, პროცესი შეგნებულად იყო გაჭიანურებული, რადგან ნიკა გილაურის ჯგუფი ამ პერიოდის განმავლობაში სხვა სამშენებლო კომპანიას ეძებდა, ხოლო მისი პოვნის შემდგომ მან შპს „კომპანია ბლექ სი გრუპს“ შეუწყვიტა ხელშეკრულება. სანდო ინფორმაციით, ეს აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ნიკა გილაურის კომპანიების მიზანი იყო სამი ჰესის აშენების შემდგომ, იმ მომენტში, როცა მესამე ჰესის დასრულებამდე მხოლოდ უმნიშვნელო სამუშაოების შესრულება იყო დარჩენილი, გიორგი კალანდაძისა და ამირან მამუჭაძის გუნდის ბიზნესიდან გაძევება და მათ დაქვემდებარებულ კომპანია შპს „სქაი უოთერის“ შპს „აკვაჰიდროში“ 20%-იანი წილის წართმევა, სწორედ იმ წილის, რომელსაც გიორგი კალანდაძისა და ამირან მამუჭაძისთვის ჰესების ოპერირების შედეგად მოგება უნდა მოეტანა.
ნიკა გილაურის გუნდის მცდელობების გამო, ბიზნესიდან გაეძევებინათ გიორგი კალანდაძისა და ამირან მამუჭაძის კომპანიები, ისინი გავიდნენ ხელშეკრულებიდან, აღძრეს სარჩელი ნიკა გილაურისა და მისი გუნდის წინააღმდეგ და დაახლოებით 20 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს. აღნიშნულ დავას განიხილავს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი, თუმცა „ქრონიკა+“-ს ამ ეტაპზე სასამართლო დოკუმენტაციაზე წვდომა არ აქვს.
სასამართლოსთვის საკითხის გადაწყვეტის მინდობის ნაცვლად, ნიკა გილაურის გუნდმა გადაწყვიტა, თაღლითური სქემა აგრესიული ქმედებებით ბოლომდე მიეყვანა: ნიკა გილაურის კომპანია შპს „აკვაენერჯიმ“ მოიწვია პარტნიორთა კრება გიორგი კალანდაძისა და ამირან მამუჭაძის მიერ დაფუძნებული კომპანია შპს „სქაი უოთერის“ შპს „აკვაჰიდროში“ წილის ჩამორთმევის მიზნით. როგორც უკვე ითქვა, სწორედ ამ წილის მეშვეობით უნდა მიეღოთ გიორგი კალანდაძესა და ამირან მამუჭაძეს მოგება ჰესების ოპერირების შედეგად. საპასუხოდ, შპს „სქაი უოთერმა“ მიმართა სასამართლოს და სთხოვა, შპს „აკვაენერჯის“ აკრძალვოდა შპს „სქაი უოთერის“ გარიცხვა, რაც მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა დააკმაყოფილა. აღნიშნულის შედეგად, შპს „სქაი უოთერმა“ შეძლო საკუთარი თავის დაცვა და იმის საფუძველზე, რომ ნიკა გილაურის გუნდი ცდილობდა გიორგი კალანდაძისა და ამირან მამუჭაძის კომპანიების ბიზნესიდან გაძევებას, მოწვეულ პარტნიორთა კრებაზე თავად მიიღო გადაწყვეტილება ნიკა გილაურის კომპანიის შპს „აკვაჰიდროდან“ გარიცხვის შესახებ.
ამასთან, იმის შეცნობისთანავე, რომ ნიკა გილაურის ჯგუფი ცდილობდა გიორგი კალანდაძისა და ამირან მამუჭაძის კომპანიების ბიზნესიდან გაძევებას, შპს „აკვაჰიდროს“ გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო შპს „ბლექ სი ენერჯიმაც“, სადაც გიორგი კალანდაძისა და ამირან მამუჭაძის დაქვემდებარებული კომპანია - შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“ ფლობს 50%-ს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, როგორც შპს „სქაი უოთერმა“, ისე შპს „ბლექ სი ენერჯიმ“, სარჩელით მიმართეს სასამართლოს შპს „აკვაენერჯის“ ერთ შემთხვევაში შპს „აკვაენერჯიდან“, ხოლო მეორე შემთხვევაში შპს „ბლექ სი ენერჯიდან“ გარიცხვის მოთხოვნით. აღნიშნულ ორივე სარჩელს ამ მომენტისთვის მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი განიხილავს.
„ქრონიკა+“ განაგრძობს ნიკა გილაურის სკანდალურ საქმეზე მუშაობას და ახალი დეტალების გაცნობას მოვლენების განვითარების შესაბამისად.