- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-03-24 06:18:28
ნენე ინჯგია
რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში არეულობის პროვოცირება სურთ. 18 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პირდაპირ დაასახელა ორი პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“. პაპუაშვილმა აღნიშნულ პარტიებზე განაცხადა: „უკვე სამი კვირაა, რაც უკრაინა რუსული აგრესიის ქვეშ არის და ამ დღეების განმავლობაში რასაც ვხედავთ ჩვენი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, განსაკუთრებით ეს შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“ მცდელობას, რომ მოხდეს აქ ისტერია. სამწუხაროდ, ყველა ეს ნიშანი დასტურდება მათი ქმედებით, რომ რამენაირად არიონ აქ სიტუაცია, ჩაითრიონ საქართველო ისეთ რამეში, რაც გამოუსწორებელი იქნება“.
რით აიხსნება „ქართული ოცნების“ რიტორიკა? რამდენად ადეკვატურია მოცემულ ვითარებაში პრეზიდენტი ზურაბიშვილი? არის თუ არა საფრთხეების შემცველი საქართველოს ხელისუფლების პოზიციები?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერ ლია მუხაშავრიას ესაუბრა:
_ ქალბატონო ლია, პირველ რიგში, საუბარი დავიწყოთ იმაზე, რაც უკრაინაში ხდება. როგორ შეძლება შეფასდეს რუსეთ-უკრაინის ომი?
_ დღეს, რაც უკრაინაში ხდება, ამას ჰქვია 21-ე საუკუნის ომის დანაშაული და ბარბაროსობა _ ეს არის ამ ეპოქისთვის სრულიად მიუღებელი და წარმოუდგენელი მოვლენები. ვერც კი წარმომედგინა, რომ პირდაპირ ომის დანაშაულს ჩაიდენდა რუსეთი ევროპის შუაგულში მთელი საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ და მე ვფიქრობ, რომ გაგრძელდება საერთაშორისო მხარდაჭერა, ოღონდ უფრო ქმედითი გახდება, რადგან მგონი, მთელი მსოფლიო რწმუნდება, რომ რუსეთის აგრესია თუ არ აილაგმა, რაც დრო გადის, ის უფრო და უფრო საშიში ხდება და არა მხოლოდ მეზობლებისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, ყველას საუკეთესო ინტერესია (და ახლა არის შესაძლებლობა), რომ რუსეთის აგრესია საბოლოოდ აილაგმოს. ვისურვებდი, რომ რუსეთი დაიშალოს და ისე დასუსტდეს, რომ საერთოდ აღარ იყოს ანგარიშგასაწევი სახელმწიფო, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები. პრინციპში, მგონია, რომ განუჭვრეტელ პროცესებს ვუყურებთ, თუმცა ერთი რამ ცხადია: აუცილებლად დამარცხდება რუსეთი და გაიმარჯვებს უკრაინა. უბრალოდ, რის ფასად მოხდება, ეს არის მთავარი კითხვა.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ვერ წარმოგედგინათ, რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ევროპის შუაგულში ომის დანაშაულს ჩაიდენდაო, _ რამდენად ქმედითი აღმოჩნდა საერთაშორისო საზოგადოება უკრაინის მხარდაჭერის ნაწილში?
_ რა თქმა უნდა, არ აკეთებს მაქსიმუმს და პრაგმატული პოლიტიკური გათვლა არის იმაზე, რომ ეს სამხედრო ოპერაციები უკრაინის ტერიტორიაზე და რუსეთის მხრიდან ომი გაგრძელდეს დიდხანს, რომ ამ პროცესში რუსეთი რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს. წარმოვიდგინოთ, ახლა რომ ომი შეწყდეს, რუსეთი არ იქნება დამარცხებული და პუტინი მოახერხებს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს. ამიტომ დასავლეთის ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად დასუსტდეს რუსეთი. ეს კი მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინის მიმართ დახმარებები გაგრძელდება, ოღონდ არ იქნება ისეთი, რომ გადამწყვეტი გამარჯვება და წარმატება მოიპოვოს უკრიანამ, მაგრამ ამსობაში რუსეთი სუსტდება, იმიტომ, რომ სანქციები მოქმედებს, მას არ ჰყავს დამხმარე და მოკავშირეები, თუმცა ძალიან საშიში ვითარება შეიძლება შეიქმნას, თუკი ჩინეთი ან რომელიმე ძლიერი აზიური სახელმწიფო გადაწყვეტს, დახმარების ხელი გაუწოდოს რუსეთს. ამიტომ ვამბობ, რომ განუჭვრეტელი ვითარება გვაქვს და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას გადაწყვეტენ ხვალ, ზეგ და მაზეგ დასავლეთისა და აზიის ქვეყნები. ამიტომ ვართ ასეთ ძალიან რთულ ვითარებაში. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია თავად უკრაინა და მისი ხალხი, _ მე, როგორც ერთ ადამიანს, ყველაზე ძალიან მაწუხებს ის, რომ ადამიანები იხოცებიან, სახიჩრდებიან, მაგრამ ყველაზე უფრო მძიმე არის ის, რომ ყველა, ვინც ამ ომს გამოივლის, არ აქვს მნიშვნელობა ასაკსა და სოციალურ სტატუსს, იქნება დიაგნოსტირებული პოსტტრავმული სტრესის სინდრომით, რომელიც არის უმძიმესი დაავადება, რომელიც არ იკურნება და სიკვდილამდე მიჰყვება ადამიანს.
_ რამდენად ადეკვატურია ის სიფრთხილე და „არგაღიზიანების პოლიტიკა“, რასაც ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლება რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით აფიქსირებს?
_ მე მაშინაც ვფიქრობდი, რომ ეს არა მხოლოდ არგაღიზიანების პოლიტიკაა, არამედ არის უცოდინარობისა და წინდაუხედაობის შემთხვევა. არ იციან, რა გააკეთონ და ამიტომ ერთი მეორეზე დიდ სისულელეს სჩადიან, რადგან შეიძლება არ გააღიზიანო რუსეთი, იმავდროულად მხარი დაუჭირო უკრაინას და ეს გააკეთო ისე მოხერხებულად, რომ არც საკუთარი საზოგადოება გყავდეს ასეთი უკმაყოფილო და არც მტრები თუ მეგობრები, მაგრამ რაკი მათ არ იციან, რა უნდა გააკეთონ, ამიტომ იქცევიან ასე ალოგიკურად და სამარცხვინოდ. აღარ შევუდგები მეტად ამის შეფასებას, რადგან რაც ითქვა ნეგატიური შეფასების თვალსაზრისით, აბსოლუტურად ვეთანხმები და ვიზიარებ. ძალიან მეშინია, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, ასეთი მსოფლიო კატაკლიზმების ეპოქაში, ჩვენს ქვეყანას ჰყავს ასეთი უღირსი, არაკვალიფიციური და უგუნური მთავრობა, რადგან ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება რაც შეიძლება ღონიერი, გამჭრიახი და კვალიფიციური ადამიანები ხელისუფლებაში, რომლებიც მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ ჯერ ერთი გადავრჩეთ და მეორეც, ამ მსოფლიო კატაკლიზმებიდან გამოვიდეთ რაც შეიძლება მცირე დანაკარგებით.
_ მმართველი გუნდისგან განსხვავებით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ღიად გამოხატავს უკრაინის მხარდაჭერას და მან ამის შესახებ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის დროსაც ისაუბრა. მეტიც, ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას ოფიციალურ ვიზიტებს უზღუდავდნენ. რით აიხსნება ზურაბიშვილის პოზიცია და თქვენი შეფასებით, რამდენად გულწრფელია ის?
_ სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, გულწრფელია, _ მას ჩვენი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, უფრო კარგად ესმის, რა კატასტროფა ხდება ახლა ყველას თვალწინ და რამდენად საშიშია ეს ვითარება ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ მგონია, რომ მას მართლაც ჰქონდა მცდელობა, საკუთარი ძალისხმევით რამე უკეთესი გაეკეთებინა ქვეყნისთვის, მაგრამ, იმავდროულად, შეეჯახა იმ უგუნურებას, რაზედაც ლაპარაკობენ საქართველოს ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ამან აიძულა, ამაზე ღიად ესაუბრა. როდესაც გაცილებით მეტად ხარ ინფორმირებული, ვიდრე შესაძლოა, მე ვარ ან რიგითი მოქალაქეები და იცი მასშტაბები იმისა, რაც შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში, ადამიანურად გასაგებია მისი ეს ნაბიჯი, მაგრამ, იმავდროულად, ეს კიდევ უფრო ააშკარავებს, რა საშიშ ვითარებაში იმყოფება ქვეყანა და სახელმწიფო, როდესაც მას მართავენ ასეთი პოლიტიკოსები და მთავრობა, რაზედაც გესაუბრეთ. ამიტომ ახლა ზურაბიშვილი, როგორც ადამიანი და მოქალაქე, ჩემთვის სიმპათიურია, მაგრამ, იმავდროულად, მარწმუნებს, რომ მისი ეს მცდელობაც კი უსუსურია და რა შეიძლება გაკეთდეს საზოგადოების მხრიდან, როდესაც პრეზიდენტი გამოდის ასეთი უძლური? _ ეს კიდევ უფრო საშიშ სურათს ხატავს იმ რეალობისა, რომელშიც ყველანი ვართ.
_ ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით და ამ გეოპოლიტიკური გადალაგების პროცესში, საქართველოს მთავრობის პოზიცია და სიფრთხილე რა ტიპის საფრთხეებს შეიძლება უკავშირდებოდეს სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით?
_ რუსეთი, როგორც ვხედავთ, ძალიან სერიოზულად განიხილავს ჩვენს ტერიტორიას, როგორც მისთვის დასაყრდენ ბაზას, იმიტომ, რომ მჯერა, მთავრობაში მიდის მსჯელობა, გროზნოდან როგორ გაიყვანონ ახალი გზა და როგორ დაუკავშირდნენ უფრო მჭიდროდ ჩვენს ტერიტორიას და გამოიყენონ, როგორც სატრანსპორტო საშუალება. ვფიქრობ, თუ ჩვენი ხელისუფლება გონს არ მოვა და ახლა ვხედავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები ინტენსიურ კონსულტაციებს ატარებენ, მაგრამ, როგორც ჩანს, საკმაოდ უშედეგოდ, რაღაც სერიოზული ცვლილებები უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში, რომ ამ ვითარებაში რაც შეიძლება მცირე დანაკარგით გამოვიდეთ, თავიდან ავიცილოთ ომი და თუ შესაძლებელი იქნება, შევინარჩუნოთ მთლიანობა. იქნებ, მოხერხდეს კიდეც და დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები, _ ასეთი დიდი გადალაგების დროს ყველაფერი შეიძლება. ეს არის მართლაც დიდი უბედურება, მაგრამ, ამავე დროს, ახალი, უზარმაზარი შესაძლებლობები, რომლის ჭკვიანური გამოყენება შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი. ამიტომ მინდა, რომ რაც შეიძლება გამოცდილი და ჭკვიანი პოლიტიკოსები გვყავდეს, რადგან ყოველდღე იცვლება სიტუაცია და ყოველდღე შეიძლება გაჩნდეს ახალი, უზარმაზარი შესაძლებლობა, რომლის ხელიდან გაშვება დაუშვებელია _ ასეული წლების განმავლობაში შეიძლება აღარ განმეორდეს.
_ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციურ პარტიებს ადანაშაულებენ, რომ საქართველოში ამ რთულ ფონზე სურთ მოხდეს ისტერია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“. ეთანხმებით თუ არა ამ ნაწილში მმართველ გუნდს და თქვენ, როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, როგორ ფიქრობთ, რა როლი გაქვთ ოპოზიციას ამ პროცესებში?
_ შიშს დიდი თვალები აქვსო, _ მგონი, ეს გამოთქმა მიესადაგება ხელისუფლების ამ რეაქციებს, რასაც დღეს ვუყურებთ. ამიტომ მგონია, რომ ეს ძალიან დიდი ბლეფია. ისინი ძირითადად შეპყრობილი არიან იმ აზრით, რომ როგორმე შეინარჩუნონ ხელისუფლება და ის ქონება, რომელიც მოასწრეს და მოიხვეჭეს. მზად არიან, ყველაფერი დააბრალონ ოპოზიციას, ოღონდ საზოგადოების მხარდაჭერა რამენაირად შეინარჩუნონ, რაც აქვთ და კიდევ მოიპოვონ. არ ვფიქრობ, რომ ახლა ვინმეს აწყობს აქ არეულობა, თუ, რა თქმა უნდა, საღად მოაზროვნეა, თუმცა, იმავდროულად, შემიძლია ვთქვა, რომ საღად მოაზროვნეებს ნაკლებად ვხედავ, როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში. მაინც მგონია, რომ გონიერი ადამიანები არიან ოპოზიციაში და ძალიან მინდა, მათ მოახერხონ კონსოლიდაცია და საუკეთესო მოსაზრებების შეჯერება, რის შემდეგაც ჩრდილოვანი მთავრობაც კი შექმნან, რათა ამ ვითარებიდან გამოსავლის ძიება შევძლოთ. მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ვერ ვხედავ, რომ ისინი ამას შეძლებენ. ამიტომ არის საერთაშორისო მხარდაჭერა ახლა და თუ ვინმე გონიერია, უბრალოდ, ვალდებულია, რომ თავისი მოსაზრებები ყველასთვის ღია გახადოს, თუმცა არის საკითხები, რომელიც საჯარო არ შეიძლება იყოს, მაგრამ განსაკუთრებით დიდი მადლობა იმისთვის, რომ ცდილობთ, ამ საკითხებზე მუდმივად იყოს მედიაში დისკუსიები და საჯაროობა, რათა დავინახოთ, რომ შესაძლებელი არის ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებების მოფიქრება და ცხოვრებაში გატარება. არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციას ახლა არეულობა აწყობს და ამ ქვეყანაში კიდევ ქაოსის შემოტანა უნდა. ისედაც საკმარისად ქაოსურ სიტუაციაში ვცხოვრობთ, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ეკონომიკურ, ფინანსურ მდგომარეობას და ვითარებას რეგიონებში.
_ თქვენი შეფასებით, რა გზით შეიძლება განვითარდეს მოვლენები რუსეთ-უკრაინის ომში?
_ რუსეთი გააგრძელებს ამ ომს და ყველაფერს გააკეთებს. ძალიან საშიშია, რომ ეს არ მოიცავდეს ატომური იარაღის გამოყენებას. სწორედ ეს აიძულებს დასავლეთს, რომ გაცილებით ფრთხილად იმოქმედოს და ერთბაშად არ მიაწოდოს სრული დახმარება უკრაინას. ამავე დროს, ვფიქრობ, რომ პუტინისთვის ეს არის უკანასკნელი შანსი _ ან შეინარჩუნოს ხელისუფლება, ან მთლიანად დაიღუპოს, როგორც პიროვნება, პოლიტიკოსი და როგორც სახელმწიფოს მეთაური. მართლაც ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას აქ და ძალიან რთულია რამე პროგნოზის გაკეთება. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ყველაფერი მალე დამთავრდეს, რაც შეიძლება დროულად და რაც შეიძლება მცირე მსხვერპლით, მაგრამ ვეჭვობ, რომ ეს მოხდეს და ამაზე ძალიან მტკივა გული. თუმცა, მართლა ვერ ვხედავ, რა შეიძლება გაკეთდეს ან ჩემი მხრიდან, ან მედიისა და ჟურნალისტების, ან საზოგადოების მხრიდან, რომ ამ ყველაფრის დასრულებას რაღაცნაირად ხელი შევუწყოთ. მართლა ვილოცოთ უკრაინისთვის, მშვიდობისთვის და ვილოცოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ნაკლები აგრესია და უბედურება გვქონდეს.