- ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 2024
2022-02-04 06:10:08
გიორგი საკარული
„თურქეთის ბაზარი უკვე გაიხსნა და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის, გმპ-სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები“, – განაცხადა 17 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ფასებს შორის სხვაობა საგრძნობლად დიდია.
ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ იმპორტიორი კომპანიები მაღალი ხარისხის წამლებს შემოიტანენ თურქეთიდან. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში.
რამდენად რეალურია პრემიერის აღნიშნული განცხადება? უნდა ელოდოს თუ არა მოსახლეობა წამლების ფასის გაიაფებას? როგორ მართავს ახალი ჯანდაცვის მინისტრი პანდემიას?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა:
_ 17 იანვარს თურქეთიდან საქართველოში მედიკამენტების შემოტანა დაიწყო, რაც, პრემიერის განცხადებით, ფასებს გააიაფებს. რამდენად შეესაბამება რეალობას პრემიერის განცხადება?
_ თურქეთიდან წამლების შემოტანით, მხოლოდ ამ ერთი გადაწყვეტილებით, რომ რეალურად გავალთ ფასის კლებაზე და უფრო ხელმისაწვდომი იქნება წამალი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასეთი მოლოდინი არ მაქვს, რადგან წამლის ფასი ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება და უამრავი რამ ახდენს ამაზე გავლენას. ასე ერთეული, წერტილოვანი ჩარევით წამლის ფასის პრობლემა ვერ მოგვარდება. შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს პრობლემას მოაგვარებს. პრობლემა არის ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკურ-პოპულისტური მიდგომები და ყოველთვის, როდესაც არის ხოლმე საუბარი წამლის რეფორმაზე, წარდგებიან წერტილოვანი ჩარევებით, ინიციატივებით, რომელსაც შედეგი ვერ მოაქვს და ვერც მოიტანს. გაგახსენებთ, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ასეთი ინიციატივა წარადგინეს, რომლისგანაც არაფერი გამოვიდა. იყო ცალკეული ინიციატივები, მათ შორის, 2013 წლის მარტიდან მოყოლებული, რომ გვპირდებოდნენ, კონკურენციას გავაუმჯობესებთ, წამლის ფასები დარეგულირდება, ექიმის რეცეპტებს ავამოქმედებთ, ელექტრონული რეცეპტები იქნებაო და ა. შ. სულ 12 სხვადასხვა ინიციატივა იყო, მათ შორის, 10 უბრალოდ გაჟღერდა და არც დაწყებულა, 2 დაიწყო (ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ანაზღაურების პროგრამა) და მეორე ჯგუფის მედიკამენტებისთვის რეცეპტების გამოყენება. ეს ორიც წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ქრონიკული დაავადების მედიკამენტებზე ჩვენ ვიცით, რომ 2017-2019 წლების განმავლობაში 8-დან 12%-მდე ათვისება იყო, ვერ ისარგებლა მოსახლეობამ. პრობლემა იყო წინსწრებით წამლების შესყიდვა, მომარაგება, ვადაგასული წამლები და ა. შ. რაც შეეხება რეცეპტებს, ყველამ ვიცით, რომელ აფთიაქშიც არ უნდა შევიდეთ, ფსიქოტროპულების გარდა, ყველა მეორე ჯგუფში შესულ მედიკამენტს (ანტიბიოტიკი იქნება თუ სხვა) ვიყიდით რეცეპტის გარეშე, ანუ ესეც ვერ ამოქმედდა. აქედან გამომდინარე, ცალკეული პოპულისტური ინიციატივები ვერ შეცვლის პრობლემას, ყველაფერი კომპლექსურად უნდა განხორციელდეს, რადგან წამლის ფასზე გავლენას ახდენს ფასწარმოქმნის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ არ გვაქვს, ასევე არ გვაქვს თავისუფალი ფასწარმოქმნის პოლიტიკა, ანუ არანაირი პოლიტიკა არ არსებობს ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით, როგორიც არის ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. არადა, ფასწარმოქმნა გულისხმობს კერძო და სახელმწიფო დაზღვევებისა და ინტერესთა კონფლიქტის დარეგულირებას. მაგალითად, ექიმი წერს იმ ფირმის წამალს, რომელთანაც თანამშრომლობს, ასევე პოლიფარმაციას ცდილობს, ანუ დიდი რაოდენობით წამლების დანიშვნის მექანიზმის დანერგვაზე მუშაობს. უნდა დარეგულირდეს ელექტრონული რეცეპტების გამოწერა და მონიტორინგი, კონკურენციის პირობები, ჯენერიკული და ბრენდული წამლების გამოწერის სქემები. მაგალითად, როდესაც ექიმი ბრენდულ მედიკამენტს უნიშნავს პაციენტს, მაშინ როცა შეუძლია, იგივე ჯენერიკი დანიშნოს ან უბრალოდ აქტიური ნივთიერების დასახელება დაუნიშნოს. მე შეიძლება ვიყიდო 9-ლარიანი და ვიყიდო 90-ლარიანი წამალი, მაშინ როცა პირდაპირ 90-ლარიანს მიწერს ექიმი დანიშნულებაში. არაფერს ვამბობ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ მონოპოლიებზე, რაც წლებია პრობლემაა და ძალიან ძნელად მოსაგვარებელია; ასევე ბაზარზე ოლიგოპოლიაა როგორც იმპორტის თვალსაზრისით, ასევე წარმოების. ასე რომ, ერთი ეს ინიციატივა ვერაფერს შეცვლის და ჩვენ ამას ვხედავთ კიდეც. ჯერ დაანონსდა პრემიერის ინიციატივა და ახლა იქმნება საბჭო, რომელიც განიხილავს დეტალებს, ასევე ახლა იქმნება პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტთან კომისია, რომელიც კანონმდებლობაზე იმუშავებს, ანუ ჯერ ინიციატივა დაანონსდა, ოღონდ არ ვიცით, ეს ინიციატივა როგორ განხორციელდება, რა საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს. ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ამით ჩვენ შედეგზე ვერ გავალთ. ერთადერთი მოლოდინი მექნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი კომპლექსურ რეფორმას ვიხილავდით, რომელშიც ყველა ის კომპონენტი იქნებოდა გათვალისწინებული, რომელიც უკვე ჩამოვთვალე და, შესაბამისად, ფასიც დარეგულირდებოდა. არ უნდა დაგვავიწყდეს ხარისხის კომპონენტიც. დღემდე ვერ დაინერგა ხარისხის კონტროლი, რომელსაც 2016 წლიდან გვპირდებოდნენ. 6 წელი გავიდა. ამიტომ არ მაქვს მოლოდინი და ეს იქნება მორიგი პოპულისტური განცხადება, რომელიც ვერც საშუალოვადიან და ვერც შორსმიმავალ პერსპექტივაში შედეგს ვერ გამოიღებს. შედეგი კი ის არის, რომ ჯიბიდან წამალზე გადახდა შემცირდეს.
_ დავუშვათ, შემოიტანენ თურქეთიდან წამლებს. რამდენად იქნება ხარისხიანი? ლოგიკურად ჩნდება კითხვა, _ თუ არსებობს ამის კონტროლის მექანიზმი?
_ ხარისხის კონტროლის მექანიზმები დანერგილი რომ იყოს, ეს პრობლემა მოხსნილი იქნებოდა. უხარისხო მედიკამენტი არა მხოლოდ თურქეთიდან, არამედ ნებისმიერი ქვეყნიდან შეიძლება შემოვიდეს, რადგან ხარისხის კონტროლი საქართველოში, ფაქტობრივად, ნულამდეა დასული. ამიტომ ეს პრობლემა დგას ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ ან თუნდაც აქ წარმოებულ წამალზე. ყველა დასახელების წამალი თურქეთიდან ხომ ვერ შემოვა? გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ იმპორტიორები, რომლებმაც უნდა შემოიტანონ წამლები, ის სამი, დიდი ოლიგოპოლიური კომპანიაა, რომელსაც ბაზარი აქვს დაპყრობილი. კონკურენცია არ არის და სხვა შემომტანი კომპანიებისთვის არ გახლავთ შესაბამისი პირობები. ამიტომ ის 5-ლარიანს შემოიტანს, 9-ლარიანს თუ 10-ლარიანს, რამდენს დაადებს ფასნამატს და ა. შ., ეს არავინ იცის და წინასწარ ვერავინ განჭვრეტს. შეიძლება, რაღაც ხაზის წამლები შედარებით იაფად შემოვიდეს, სამაგიეროდ მოგების დანაკლისს ეს კომპანია სხვა წამლებზე დაარეგულირებს. პირობითად, 5-ლარიან წამალზე დააკლებს 50 თეთრს, 10-ლარიან წამალს კი გახდის 12 ლარს, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, მთლიანად უნდა შევხედოთ, ჯიბიდან გადახდის მაჩვენებელი შემცირდა თუ არა, თორემ საჩვენებლად, შეიძლება, 2, 3, 5 დასახელების მედიკამენტზე დააკლონ ფასები, მაგრამ 14 ათასი დასახელების წამალი ბრუნავს საქართველოში. მთლიანობაში, არ ვვარაუდობ, რომ ეს მნიშვნელოვან ან საერთოდ რამე ცვლილებას გამოიწვევს. მით უმეტეს, რომ სწორი დაგეგმილი პოლიტიკისა და რეფორმების შემთხვევაშიც, შედეგს რომ შევხედოთ, იგი 1-2 თვეში ვერ დადგება, შესაძლოა, მთელი წელი მოუნდეს თავის საკანონმდებლო ბაზით, რეფორმებითა და სხვადასხვა ინტერვენციით, რომ დაახლოებით 1 წლის თავზე დავინახოთ, საით მივდივართ ან არის თუ არა შვება ეს მომხმარებლისა და პაციენტისთვის.
_ თქვენი თქმით, წინაპირობის შექმნა იყო საჭირო?
_ რა თქმა უნდა, სახელმწიფო 5 წელია მუშაობს წამლის კანონზე და დღემდე არ არის პარლამენტში განსახილველად გამოტანილიც კი. ასეთი ტემპებისა და მიდგომების გამო არ მაქვს მოლოდინი, რომ რამე შეიცვლება.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს ინიციატივა პოპულისტურია. პრემიერის განცხადება, რომ წამლებზე ფასები გაიაფდება, რას ემსახურება?
_ სამწუხაროდ, შევეჩვიეთ „ქართული ოცნებისგან“, რომ არანაირი თემატური, სიღრმისეული დებატები და მსჯელობები არ იმართება. აქედან გამომდინარე, ეს არის მორიგი განცხადება, რომელიც ადამიანებს გულზე მოხვდებათ, რადგან წამლის ფასი ყველას აწუხებს. თუ სიღრმისეული მსჯელობა უნდათ, სპეციალისტები წლებია, ამაზე ვსაუბრობთ. 6-7 წელია, ამ თემაზე ვლაპარაკობ, სხვადასხვა გეგმას ვთავაზობთ ხელისუფლებას მსჯელობისთვის და ა. შ. პოლიტიკურ ნაწილს რომ თავი დავანებოთ, არაპოლიტიკურადაც, ექსპერტები ძალიან ვაქტიურობთ, მაგრამ ჩვენი არც ერთი ინიციატივა და შეთავაზება არ განუხილავთ. მეტიც: რაზედაც ჩვენ ვსაუბრობდით, თუ რა პრობლემებია და რა არის მოსაგვარებელი, ესეც კი იგნორირებული იყო ხელისუფლების მხრიდან და ახლა წლების შემდეგ კონკურენციის სააგენტომ ჩაატარა მოკვლევა და თითქოს რაღაც სიახლე თქვა, დადო რეკომენდაციები, რომლებზედაც მე და ჩემი კოლეგები, ჯერ კიდევ, 2014-2015 წლებში ვსაუბრობდით, რომ გასაკეთებელი იყო. სახელმწიფოს მიდგომაა, რომ პრობლემას არ აღიარებს, სირაქლემასავით არის, 6-7 წლის შემდეგ აღიარებს, რომ პრობლემაა, ოღონდ გადაწყვეტის გზას ისევ არასწორად გვთავაზობს. თურქეთის ბაზრის გახსნა ჯადოსნური ჯოხივით რომ რამეს მოაგვარებდეს, ნაკლებად სავარაუდოა. უკაცრავად, მაგრამ „ქართული ოცნება“ უკვე 10 წელია, ხელისუფლებაშია და ამ დროის მანძილზე მე და ჩემს კოლეგებს თუ გვიჩნდებოდა ინიციატივები 7-8 წლის წინათ, როცა საქართველოში დავბრუნდი. ეს მთავრობა 10 წელი რას აკეთებდა, რას ელოდებოდა, თუკი ეს ბაზრის გახსნა ჯადოსნური ჯოხია?! ახლა ისე აკეთებს, თითქოს, მათ ვიღაც ხელს უშლიდა. რიხით ამბობენ, ამას გავაკეთებთო. გააკეთონ, მივესალმებით, უბრალოდ ეს არ არის საკმარისი და თუ რეფორმა გინდა, მთელ სურათს უნდა შეხედო და არა მოზაიკურად. აღვნიშნავ იმასაც, რომ საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც, თავის დროზე, წინგადადგმული ნაბიჯი იყო, არასწორად განვითარდა და ის პრობლემები, რაც დაგროვდა, არ გადაწყდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახრაჯები გაგვეზარდა, ანუ ოჯახები რასაც ხარჯავენ, 11-დან 17%-მდე გაიზარდა, წამლის ჯიბიდან გადახდის მაჩვენებელი არ იცვლება, 69%-ია. ზუსტად ასეთი გაუაზრებელი და არასიღრმისეულად გატარებული „რეფორმების“ ან ინიციატივების გამო.
_ რეალურად, ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ყველა პროდუქციაზე ფასები კატასტროფულად მომატებულია. ამ პირობებში ხალხი დუმს. ოპოზიცია მართავს აქციებს, თუმცა ხალხი არ აქტიურობს. რატომ არ აქვს ხალხს პროტესტის განცდა?
_ ეს რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული. ერთი ის, რომ წლების განმავლობაში სიდუხჭირემ, სიღარიბემ, ხვალინდელი დღის უიმედობამ და ა. შ. თავისი დამღა დაასვა ადამიანებს, ისინი გადართული არიან იმაზე, დღეს როგორ იშოვონ 10 ლარი, რომ ხვალ სახლში პური მიიტანონ, ამიტომ ასეთი აქტივიზმისა და პროტესტის სურვილი აღარ შერჩათ. რაც უფრო სიღარიბეშია ადამიანი, აქტიურობის სურვილი უფრო ეკარგება, რადგან საკუთარი თავის გადარჩენის პრობლემაზეა გადართული. მეორე ის, რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აკეთებდა ამას წლების განმავლობაში, რომ მოსახლეობაში დაენერგა შიში და ნიჰილიზმი, რომ მაინც არაფერი შეიცვლება. ეს მთავრობა არ მომწონს, ცუდ დღეში ვარ, მაგრამ სხვაც არავინ არის ჩემთვის და ა. შ. მოკლედ, აქ ბევრი ფაქტორი მოქმედებს, როგორც მთავრობის მიერ სპეციალურად გადადგმული ნაბიჯები, რომ ხალხში ნიჰილიზმი იყოს, მეორე ეს ობიექტური სიდუხჭირე, სიღარიბე, შიში და მესამე, თვითკრიტიკულიც ვიყოთ, რომ ოპოზიციური პარტიები კი ვამხელთ ხელისუფლების ქმედებებს, მაგრამ ისეთი ნდობაც ვერ მოვიპოვეთ მოსახლეობაში, რომ ყველა აქციაზე, ყველა დაძახებაზე აქტიურად გამოდიოდეს დიდი მასები, მე ვგულისხმობ საპროტეტსო მუხტს, თორემ არჩევნებში ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლებია, ადამიანები მოდიან და ჯამურად ოპოზიციას აძლევენ ხმას. გაყალბების შემთხვევაშიც კი ჩანს, რომ ადამიანებს ცვლილებები უნდათ, მაგრამ აქტიურობა, პროტესტის გამოხატვა კანონიერებისა და კონსტიტუციის ფარგლებში, არ უნდათ. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ მოსახლეობის ძალიან აქტიური ნაწილი, ახალგაზრდობა, ქვეყნიდან არის გასული. ესეც ხომ კრიტიკული მასაა, რომელიც ამ აქტივიზმში მონაწილეობს და აიძულებს ხელისუფლებას, რაღაც გააკეთოს. მოსახლეობა რომ არ გამოხატავს პროტესტს, ეს არ ნიშნავს, რომ მას ეს არ აწუხებს და მუდმივად ასე იქნება. ეს წუხილი გროვდება და, საბოლო ჯამში, სხვადასხვა პროტესტის სახით ამოხეთქავს. ამიტომ არ ვპროგნოზირებ, რომ მოსახლეობა ყველაფერზე თვალს დახუჭავს.
_ ფაქტია, რომ ვერც ოპოზიცია პასუხობს სათანადოდ არსებულ გამოწვევებს და არ არის საკმარისად აქტიური. თქვენი შეფასებით, რამდენად ადეკვატურად რეაგირებს არსებულ პრობლემებზე პარლამენტში მყოფი ოპოზიცია?
_ პრობლემებზე რეაგირება ხდება, იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური საკითხები თუ ა. შ. თქვენ რომ ნახოთ ინიცირებული კანონები, დაინახავთ, რომ რეაგირება არის. უბრალოდ, პრობლემა ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში სათანადო კომუნიკაციის არხები საზოგადოებასთან დაკარგულია. ძალიან მნიშვნელოვანია ინიციატივები სხვადახვა პარტიის მხრიდან. უბრალოდ, ამის შესახებ არათუ მოსახლეობამ, არამედ მედიამაც არ იცის, ამიტომ ეს ურთიერთობის ხიდი უნდა აღდგეს ოპოზიციასა და საზოგადოებას შორის, რათა საზოგადოებამ დაინახოს ეს ოპოზიციური პარტიები. ძალიან ბევრი საჭირო ინიციატივა ხშირად რჩება, როგორც საზოგადოების, ასევე მედიის ინტერესის მიღმა, ამაში პოლიტიკოსებსაც გვეკისრება პასუხისმგებლობა. ამიტომ გეთანხმებით, რომ ხალხთან მეტი აქტიურობაა საჭირო, ყველაფერზე ძალიან ხმამაღლა უნდა ვისაუბრეთ.
_ ინტერვიუებში არაერთხელ აღგვინიშნავს ჯანდაცვის სამინისტროს უნიათობაზე, რომ უწყება ვერ მართავს კოვიდპანდემიას. ეკატერინე ტიკარაძე ახალმა მინისტრმა ჩაანაცვლა, რომელიც დღემდე იმალება და მოსახლეობა სახეზეც ვერ ცნობს. ამის პარალელურად კი ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდულ ნიშნულზეა, _ 17 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ყოველდღიურად. ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში კი, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით აღგვემატება, 600 შემთხვევაა. რეალურად, რა ხდება? სტატისტიკა გაყალბებულია?
_ ჯანდაცვის სამინისტრო და ხელისუფლება პანდემიას რომ ვერ მართავს, ეს გასაგებია, ამაზე აღარ შევჩერდები. ბოლო კვლევებიც ადასტურებს, რომ მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება იზრდება პანდემიის მართვასთან დაკავშირებით. მინისტრის სახელსა და გვარს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მინისტრს ჰქონდეს კომპეტენცია, ინიციატივები და იყოს თავისი საქმის პროფესიონალი. სამწუხაროდ, პრეტენზიები ქალბატონ ტიკრაძესთან იმიტომ გვქონდა, რომ ის არ იყო ამ საქმის პროფესიონალი, არც კომპეტენტური იყო და ვერც ჩამოყალიბდა. 2 წელზე მეტი იყო მინისტრი. ახლა კი ახალი მინისტრი მივიღეთ, რომელიც სფეროს საერთოდ არ იცნობს. ამ შემთხვევაში იმაზე არ არის საუბარი, რომ ჯანდაცვის მინისტრი მაინცდამაინც ექიმი უნდა იყოს, _ ეს სულ არ არის საჭირო, მაგრამ ჯანდაცვის სისტემას ხომ უნდა იცნობდეს? ჯანდაცვის სისტემაში მენეჯერული გამოცდილება ხომ უნდა ჰქონდეს? ჯანდაცვის პოლიტიკის ხედვა ხომ უნდა ჰქონდეს და ა. შ.?! ახლანდელი მინისტრი, ბატონი აზარაშვილიც, არ არის ამ საქმის პროფესიონალი. შეიძლება, კარგი სპეციალისტია საბანკო სისტემაში, პლასტიკური ბარათების გაყიდვის ან რამე სხვა სფეროში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგი ჯანდაცვის მინისტრი გახდება. ამიტომ თავისი შედეგები მოაქვს კადრების დანიშვნას არა პროფესიონალიზმის, არამედ ერთგულებისა და რომელიმე კლანის წევრობის გამო. ასეთ კრიზისულ პერიოდში ორჯერ გამოვიდა სულ ჯანდაცვის მინისტრი და ორივეჯერ არაკომპეტენტური ფრაზებით ისაუბრა. ერთხელ გამოვიდა და ადამიანზე, რომელიც დაიღუპა, წინასწარ გამოიტანა ვერდიქტი, რაც თავისთავად ნდობას არღვევს მის მიმართ; გაფიცულ სოციალურ მუშაკებს საერთოდ არ შეხვდა; დევნილებს არ შეხვდა, ანუ გაურბის პასუხისმგებლობას. პანდემიაზე ორი წინადადება თქვა, ორივე არაგონივრული. ომიკრონი პირდაპირ სეზონურ გრიპად გამოაცხადა, რაც არასწორია. გამოამჟღავნა, რომ არ იცის, რა არის პანდემია. კიდევ უფრო ცუდია, რომ მას თანაშემწე ან მრჩეველი არ ჰყავს, რომელიც კომპეტენტურ ტექსტს დაუწერს. გარდა ამისა თქვა, კლიპებს გადავიღებთ, სახლში როგორ უნდა იმკურნალონ ადამიანებმაო. ფაქტობრივად, თვითმკურნალობისკენ მოგვიწოდა, რაც ასევე არათუ არასწორი განცხადებაა, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ძალიან მავნებლურია. თვთმკურნალობასა და თვითდანიშნულებით წამლების მიღებას ვებრძვით სპეციალისტები, მინისტრი კი გამოდის და აბსოლუტურად სხვა რაღაცებს აჟღერებს. სამწუხაროდ, ეს არ მიკვირს კვლავ გვაქვს საქმე არაკომპეტენტურობასთან, არაპროფესიონალიზმთან.
რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობასა და მაღალ ციფრებს, ჩვენ ამას შევეჩვიეთ. იქ, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი აუცრელია, ფაქტობრივად, არაფერი ხორციელდება ამ მიმართულებით, დოკუმენტებსა და სტრატეგიებს აღარ აქვეყნებს ჯანდაცვის სამინისტრო, პანდემია მიშვებულია თავის ბუნებრივ მიმდინარეობაზე, ამიტომ არც მაღალი ციფრები მიკვირს და არც ის, რომ ტესტირებაზე მისული ადამიანები 3-4 საათი დგანან რიგებში. ვის რა პასუხს აძლევენ ხშირად არეულია და დაგვიანებით ეცნობიან შედეგებს. ისიც არ იციან ადამიანებმა, ვის მიმართონ. ეს ავტომატიზებული უნდა იყოს, როცა ავადმყოფს სიმპტომი აქვს, სად უნდა წავიდეს, ოჯახის ექიმი როდის მივა და ა. შ. თებერვლის ბოლოს ორი წელი გახდება, რაც პანდემიაა ჩვენს ქვეყანაში და ამას არც სჭირდებოდა ორი წელი, რამდენიმე თვეში შეეძლოთ აეწყოთ, ახლა კი უკვე სრული ქაოსია. ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლით სტაბილურად ვართ მე-5 მე-6 ადგილზე, სხვანაირად რომ ვთქვათ, ბოლოდან მეშვიდე ადგილზე. საქართველოზე უკეთესი კოვიდსიტუაცია 180-ზე მეტ ქვეყანაშია, ჩვენ ვართ მაჩანჩალები. იყო თვეები, როცა ერთ სულ მოსახლეზე მართლა პირველ ადგილზე ვიყავით სიკვდილიანობის მიხედვით. ყველაფერი შედეგებით იზომება, შედეგი კი არის დიდი რაოდენობით ინფიცირებული და რაც მთავარია, მაღალი ლეტალობა, ეს იმ ფონზე, როდესაც პანდემიასთან საბრძოლველად მილაირდებია დახარჯული. მხოლოდ 2020 წელს 5 მილიარდზე მეტია დახარჯული, აქედან 4 მილიარდზე მეტი მიღებულია საგარეო დახმარებების, ვალის სახით. ასევე 2021 წელს მილიარდებია დახარჯული, მაგრამ შედგებზე ვერ გავდივართ, ადამიანები გვეღუპება, 14 ათასზე მეტია გარდაცვლილი. აქედან გამომდინარე, პროცესების მიმართ ნდობა დარღვეულია. საკოორდინაციო საბჭომ სწორი გადაწყვეტილებები რომც გააჟღეროს, საზოგადოების მხრიდან უნდობლობაა, რადგან 10-დან 8 გადაწყვეტილება აცდენილია რეალობას ან ტყუილზეა დაფუძნებული, შემდეგ 2-3 გადაწყვეტილებაც კი ეჭვს იწვევს საზოგადოებაში.
_ ჩვენი მკითხველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი, როგორც პროფესიონალის რჩევა: რა უნდა გავაკეთოთ ამ მოცემულობაში, როცა პანდემია მძვინვარებს და ქვეყანას პატრონი არ ჰყავს?
_ ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, საკუთარ თავს თვითონვე უნდა გავუფრთხილდეთ. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტები არ გვაქვს ან გვაქვს ინსტიტუტები, რომლებიც მორღვეულია და ეფექტიანად ვერ მოქმედებს. ერთადერთი რეკომენდაცია იქნება, გავუფრთხილდეთ ერთმანეთსა და საკუთარ თავს: მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს ან სადაც ვირუსების გადაცემის მეტი რისკია. სადაც საჭიროა, გამოვიყენოთ პირბადე, მაქსიმალურად დავიცვათ ეს რეკომენდაციები ინდივიდუალური და ახლოს მყოფი ადამიანების დასაცავად. ვინც აცრილი არ არის, ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრას, რადგან ეს ნამდვილად გვიცავს გარდაცვალებისგან, მძიმე შემთხვევებისგან, მნიშვნელოვანწილად 20-30-ჯერ ამცირებს ამის ალბათობას. ეს დასტურდება სხვა ქვეყნების გამოცდილებით. ევროკავშირის ქვეყნებში მოსახლეობის 70-80% აცრილია. შეიძლება, ბევრი შემთხვევა იყოს, მაგრამ თუ შევხედავთ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, გარდაცვალების შემთხვევები ჩვენზე 10-ჯერ ნაკლებია. უკვე მსოფლიოში ჩნდება მკურნალობის ტაბლეტირებული ფორმები. იმედია, რომ ეს ტაბლეტები ვაქცინასავით 7-10 თვის დაგვიანებით არ შემოვა და ამაზე იზრუნებს სახელმწიფო. მთავარია მართვის პროცესების აწყობა: თუ პროგრამული უზრუნველყოფა გამართულია, მართვის ალგორთმი მეტ-ნაკლებად აწყობილია, შესაძლებელი იქნება პანდემიის ეფექტიანი მართვა, სიკვდილიანობაც ნაკლები იქნება, თუმცა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მართვის ალგორითმი ვერ აეწყო.