- ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 2024
2022-02-03 05:51:39
ნენე ინჯგია
28 იანვარს „ფორმულას“ ეთერში, მოკლული გიორგი სანაიას ძმის, ვახო სანაიას გადაცემაში, ალაპარაკდა ჟურნალისტის მკვლელობის საქმის ოქროს მოწმე, კოტე ციხისთავი. მან მკვლელობის დაგეგმვის დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, საუბარი შედგა დუისში. როგორც ციხისთავმა თქვა, სანაიას მკვლელობა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა შეუკვეთა, რომელიც იმ დროს თანამდებობის პირი იყო.
„რაც შეეხება მკვლელობის დაგეგმვას, თამაზ თამაზაშვილმა შოთა ჭიჭიაშვილს უთხრა, ეს შენი გასაკეთებელიაო. ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ჭიჭიაშვილი სერიოზული დამგეგმავი იყო. მანამდე ამბობდნენ, ეგ ყველა ვარიანტში ხელს შეგვიშლის, უნდა მოშორდეს, ძალიან გრძელი ენა აქვს, გადამგდებია, უნდა იცოდნენ, გრძელი ენა სასარგებლო არააო. ზუსტ სიტყვებს ვერ გავიხსენებ, ბაკურაძეც იგივეს ამბობდა, ჭიჭიაშვილს მისცეს დავალება ბაკურაძემ და თამაზაშვილმა და ის დაეთანხმა, უთხრა, გავაკეთებო. მათ არ იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი მე მოვისმინე“, _ თქვა ციხისთავმა.
რა მოცემულობა იყო პანკისის ხეობაში გიორგი სანაიას მკვლელობის დროს? შესაძლოა თუ არა, მისი მკვლელობა პანკისში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდებოდეს? რა ტიპის გავლენები ჰქონდათ იმ პერიოდში საქმის ფიგურანტებს?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ კავკასიის საკითხების ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა:
_ ბატონო მამუკა, გიორგი სანაიას საქმის „ოქროს მოწმე“ კოტე ციხისთავმა ვახო სანაიას ეთერში ექსკლუზიურად ისაუბრა მკვლელობის შესახებ და დაასახელა დამკვეთიც. როგორ შეაფასებთ იმას, რაც მოისმინეთ?
_ ორგვარად შემიძლია შევაფასო: პირველი ის, რომ გარკვეული ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა, ლოგიკასთან და ფაქტებთან ახლოს არის; მეორე მხრივ, მომეჩვენა, რომ ზოგიერთი რამ შეთხზულს ჰგავს, ვგულისხმობ იმას, რომ ციხისთავის დასკვნები უფრო მეტია სავარაუდო კონფლიქტის თემის შესახებ, ვიდრე რეალობა იყო. ზოგიერთ რამეს თვითონვე ეწინააღმდეგება. მან თქვა, რომ ეს კეთდებოდა იმისთვის, რათა რუსები შემოსულიყვნენ. ჯერ ერთი, ძალიან დიდხანს გაგრძელდა სპეციალურად „გასაკეთებელი ამბები“ და თუ შემოსვლას გეგმავდნენ, ისინი ამას იოლად იზამდნენ. რუსები დისკრედიტაციას აპირებდნენ, მათ ეს უფრო სჭირდებოდათ, ვიდრე აქ შემოსვლა პანკისის ხეობის გავლით. ზოგიერთი რამ, რაც ციხისთავის ტექსტშია ნახსენები, უფრო მეტად მისი ვარაუდია, ვიდრე რეალობა.
_ იმ პერიოდში, როცა სანაიას მკვლელობა მოხდა, რა მოცემულობა იყო პანკისის ხეობაში? როგორც ციხისთავმა თქვა, რუსეთს სურდა პანკისში შემოჭრა. რეალურად, რა ინტერესები ჰქონდა რუსეთს? როგორ ვითარდებოდა მოვლენები პანკისის ხეობასთან მიმართებით?
_ პანკისის ხეობაში 1995-1996 წლებში გამოჩნდა პირველი ვაჰაბიტი მოლა. ეს ის პერიოდია, როცა აღფრთოვანებული იყო მთელი კავკასიური მოსახლეობა დუდაევის მოქმედებით, განსაკუთრებით ჩრდილოეთ აზერბაიჯანი და საქართველოს პანკისის ხეობა. ეს ის დრო იყო, როცა სერიოზული კომუნიკაციური არხი შეიქმნა ჩეჩნეთსა და წინა აზიას შორის. ეს ის მომენტი იყო, როდესაც დუდაევის მთავრობას ახლოაღმოსავლელი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავდა, იმდენად პოპულარული იყო ახლო აღმოსავლეთში დუდაევი და მისი მოქმედებები. ჩეჩნეთის კონფლიქტის დროს დაჭრილების გარკვეული რაოდენობა ხვდებოდა სამკურნალოდ ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ჩადიოდნენ პანკისელები, რადგან პირველ ომში ჩეჩნეთში დაბრუნებული პანკისელი ქისტებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც უკვე ჩეჩნეთში ცხოვრობდნენ და რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. ამ პანკისელების ერთ ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა ვაჰაბიტი მოლა. პანკისელების ერთი ნაწილი შეწუხებული იყო იმით, რომ ტრადიციულ ისლამს დისკომფორტი შეუქმნა ვაჰაბიტურმა ორგანიზაციამ, რომელიც პანკისში შემოვიდა. პანკისელების ეს ერთი ჯგუფი, რომელიც ტრადიციული ისლამის მიმდევარი იყო, ითხოვდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ზომები მიეღო. მაშინ ყური არ გაიბარტყუნა არავინ. სწორედ აქედან დაიწყო ჩემთვის მთელი იმ პროცესების შეცნობა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ხდებოდა. ჩეჩნეთის პირველი ომის დამთავრების შემდეგ ინტენსიური ურთიერთობის ფორმატი შეიქმნა საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის, პანკისის ხეობასა და, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩეჩნეთის ხელმძღვანელობას შორის. მაშინ უამრავი ქართველი მიეშურა ჩეჩნეთს ფულის საშოვნელად იმ მოტივით, რომ იქ ნავთობის საბადოები იყო და ჩეჩნეთის ნავთობი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც საუკეთესო იყო. იქიდან დაიწყო კუსტარული ბენზინის ზიდვა. ამას მოჰყვა უამრავი ხალხის გატაცება. მე და ჩემი ჯგუფი, რომელიც საქართველოს პარლამენტში ვმუშაობდით (კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის ჯგუფი), 22 ადამიანის გატაცების ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით. ამ 22-დან 21 საქართველოს მოქალაქე იყო, ერთი თურქეთის მოქალაქე ქართველი იყო. ისინი ბენზინის ყიდდნენ. მათ ბენზინის გადასაზიდი მანქანები წაართვეს და აღმოჩნდნენ სხვადასხვა დაჯგუფების ტყვეობაში. აქედან ორი ნორიოელი ტყუპი იყო. ისინი გამოიქცნენ და მოახერხეს სამშობლოში დაბრუნება. სხვების გამოხსნაზე ჩართული ვიყავით ჩვენ და მაშინდელი სპეცსამსახურების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ავთო იოსელიანი. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა: ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ჩემი პირადი კონტაქტები, ჩეჩნეთში არაერთხელ ჩასვლა. ჩეჩნეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ სრული ოპერაცია ჩაატარა, რასაც 6 ჩეჩენი მილიციელის სიცოცხლე შეეწირა, მაგრამ 20-ვე გატაცებული გამოვიხსენით. ამის შემდეგ დაიწყო ჩეჩნეთის მეორე ომი. კრიმინალური და რელიგიური ფონი ჩეჩნეთში პირველი ომის შემდეგ ძალიან ძლიერი გახდა, რასაც რუსეთის ხელისუფლება ხელს უწყობდა, ზუსტად იმიტომ, რომ დისკრედიტაცია მოეხდინა ჩეჩნეთის თავისუფლებისთვის მებრძოლებისა. ჩემ თვალწინ იცვლებოდა ცნობილი საველე მეთაურების რელიგიური პოზიციები, იმ სავალე მეთურების, რომლებიც უფრო რელიგიურები ხდებოდნენ, მათ ჰატაბის მეშვეობით ეძლეოდათ ფული. რუსლან გილაევი, რომელიც ძველი ტრადიციული მიდგომების ერთგული დარჩა, უფულოდ იყო. ჩეჩნეთის მეორე ომი რომ დაიწყო, რუსეთის უპირატესობა აშკარა გახდა, მით უმეტეს, დისკრედიტებული იყო ჩეჩნური ეროვნული მოძრაობა, რომელიც რელიგიურ მოძრაობაში გადაიზარდა. აქედან გამომდინარე, საველე მეთაურებიც კი ერთად ვეღარ ძოვდნენ. მთავარი ის არის, რომ ლტოლვილების ერთმა ნაწილმა, რომელიც ცენტრალურ ჩეჩნეთს გამოერიდა, თავი მოიყარა საქართველოს ტერიტორიასთან ახლოს მდებარე დასახლებულ პუნქტში, რომელსაც იტუმყალე ჰქვია, საიდანაც საქართველოს საზღვრამდე 48 კმ-ია. თავის დროზე, დუდაევის წინადადებით, იქ გზა გაკეთდა. ის ცდილობდა, საქართველომდე გზა გამოეყვანა, რომ ნავთობსადენიც აემუშავებინა. ამის თაობაზე შევარდნაძესა და დუდაევს შეხვედრა ჰქონდათ ელჩიბეის კაბინეტში. როცა დუდაევს 1993 წლის თებერვალში მის სასახლეში შევხვდი აფხაზეთის მოვლენებთან დაკავშირებით, მითხრა, რომ ახლა დავბრუნდი ბაქოდან და იქ მქონდა შეხვედრა შევარდნაძესთანო. დევნილების დიდმა ჯგუფმა იტუმყალეში მოიყარა თავი და ეს ჯგუფი საქართველოს საზღვრისკენ წამოვიდა. ამ ჯგუფში გილაევის რაზმიც შედიოდა. მე მაშინვე მივხვდი და საქართველოს ხელისუფლებასაც ვაფრთხილებდი, _ დევნილების უზარმაზარ ჯგუფს სპეციალურად გაუკეთეს რუსებმა დერეფანი საქართველოსკენ-მეთქი. ამ ჯგუფში ასევე იყვნენ სხვადასხვა დაჯგუფების ნარჩენები, დარწმუნებული ვარ, რუსეთის აგენტურაც იყო, ოღონდ მრავალრიცხოვანი. ისინი თბილისსა და პანკისში განლაგდნენ. გროზნოში იყო პროფტექნიკური სასწავლებლის შენობა, რომელიც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, იქ 90-იანი წლების ბოლოს ბასაევის დაჯგუფების მიერ შეიქმნა ნარკოტიკების გადამამუშავებელი ცენტრი. ეს ნარკოტიკები, ძირითადად, ავღანური იყო და ასტრახანიდან შემოდიოდა. დაფასოებული ნარკოტიკის დიდი ნაწილი ჩეჩენ დევნილებთან ერთად შემოვიდა საქართველოში. ეს სპეციალურად ხდებოდა ამ მოძრაობისა და დევნილების დისკრედიტაციისთვის. ბასაევის არასდროს მჯეროდა, ეს იყო ადამიანი, რომელიც თანამშრომლობდა როგორც ისლამისტურ სპეცსამსახურებთან, ისე _ რუსულთან. ამ ნარკოტიკებით დაიწყო ვაჭრობა. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ხელს უწყობდა, რომ პანკისი ყოფილიყო ნარკოტიკების გასაღების ცენტრი, სპეციალურად ქმნიდნენ დერეფნებს. ხელოვნურად ცდილობდნენ, თბილისი პანკისურ ნარკოტიკს რომ მიჩვეულიყო, რაშიც თბილისიდან სერიოზული თანამდებობის პირები იყვნენ ჩართულნი. ამით ხდებოდა ზოგადად საქართველოსა და პანკისის ხეობის დისკრედიტაცია. მაშინ ქისტი უხუცესები თუ მოაზროვნე ადამიანები აღშფოთებულები იყვნენ ამ მდგომარეობით, მაგრამ ვერაფერს შვრებოდნენ. ისინი მეუბნებოდნენ, რომ თბილისში ნარკობარიგებს სერიოზული მფარველები ჰყავდათ. მაშინ გავიცანი ჭიჭიაშვილი, ის ამის წინააღმდეგი იყო. იმ დროს, 2000 წელს, წითელი ჯვრის სამი თანამშრომელი გაიტაცეს: ფრანგი, იტალიელი და თბილისელი მძღოლი. მე მჭიდროდ ვთანამშრომლობდი წითელ ჯვართან. იგი ძალიან აქტიური იყო, როგორც ახლა, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, წითელი ჯვრის ხელმძღვანელობამ დახმარება მთხოვა, იცოდნენ რა ჩემი კავშირების თაობაზე, როგორც პანკისის ხეობაში, ისე დისლოცირებულ ჩეჩნურ დაჯგუფებასთან. დახმარებისთვის მივმართე შოთა ჭიჭიაშვილს. ვიცოდი, რომ მას სერიოზული გავლენა ჰქონდა. ციხისთავი რასაც ახლა ჰყვება, ჭიჭიაშვილმა მითხრა, თავს დავესხით საგარეჯოს იზოლატორს, ახლობლები გავათავისუფლეთ, ამიტომ დევნაში ვართ და შეწყალება გვჭირდებაო, თუ ეს მოხდება დახმარებით, რომ წითელი ჯვრის თანამშრომლები განთავისუფლდნენო, ვერ გეტყვით, ესენი მას ჰყავდა განთავისუფლებული თუ სხვას. ახლა ციხისთავს რომ ვუსმენდი, ყველა გატაცების მიღმა ჭიჭიაშვილი იდგაო, ეს ასე არ არის. გილაევთან შეხვედრა მქონდა და ბევრი რამ გავიგე, ჭიჭიაშვილი ცენტრალური ფიგურა არ იყო, შეიძლება მერე გახდა. მე დავუკავშირდი კახა ბაკურაძეს. ეტყობა, თარგამაძის მეშვეობით შეწყალების დოკუმენტი შეიქმნა, რითაც მე და ბაკურაძე პანკისში ჩავედით და 6 დღის შემდეგ გატაცებულები წამოიყვანეს. გილაევთან არაერთი შეხვედრა მქონდა და ვიცი, რომ ის ოპერაცია, რომელიც აფხაზეთთან დაკავშირებით ჩატარდა, ყველა მონაწილისთვის იყო გაუგებარი, თბილისშიც ვერავინ გაგვცა პასუხი, რატომ დაიძრა გილაევის რაზმი აფხაზეთისკენ. მიმაჩნია, რომ ეს დიდი პროვოკაცია იყო, რომლის ავტორიც გაუგებარია. კახა თარგამაძე და სხვები უარს ამბობენ ამის ავტორობაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ამ რაზმს აფხაზეთში ელოდებოდნენ. რასაკვირველია, პანკისი გამოიყენებოდა გარკვეული პროვოკაციული სივრცისთვის, რათა საქართველოსთვის დისკომფორტი შეექმნათ, _ ვიმეორებ, ამით საქართველოს დისკრედიტაცია ხდებოდა, მაგრამ რუსეთის ინტერესი პანკისში შემოჭრა არ იყო, მათი ინტერესი იყო, საქართველო უფრო მეტად ყოფილიყო დისკრედიტებული დასავლეთის თვალში თუ სხვა. როგორც უკრაინაში შეჭრა არ უნდა დღეს რუსეთს, ისე არ უნდოდა საქართველოში შემოჭრა. შემოჭრით რუსეთი წააგებდა და ამ გზით უფრო მეტი მიიღო. ჩვენი მოკავშირეების თვალშიც კი ის ხელისუფლება პანკისის მეშვეობით ისეთი დისკრედიტებული შეიქმნა, რომ არა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი და, აქედან გამომდინარე, ამერიკელების ძალიან სერიოზული ზეწოლა, მე არ ვიცი, რით დამთავრდებოდა პანკისის მოვლენების გავლენები მთელ საქართველოზე.
_ ამ საქმეში ფიგურირებს კასეტა. ამაზე ციხისთავმაც ისაუბრა. რას შეიძლება უკავშირდებოდეს კასეტა, რომელიც, სავარაუდოდ, გიორგი სანაიას ჰქონდა?
_ პანკისელებმა ხეობაში ჩასვლა გვთხოვეს. ეს ის მომენტია, როდესაც ფშაველის მოსახლეობამ ქისტებს გზა გადაუკეთა ადამიანების გატაცებების, ნარკოტიკების გამო. შეიარაღებული ფორმით მოხდა ეს ამბავი. ლუკა რამაზაშვილი ხელმძღვანელობდა ამ გზის გადაკეტვას. მე და ქალბატონი ელენე თევდორაძე წავედით და არ დამავიწყდება, გზა ჩაგვიკეტა გაცოფებულმა მოსახლეობამ, რომელიც ჩვენ გვეძახდა ნარკობარიგებს. მაშინ მივხვდი, რომ ეს, სულ მცირე, ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ იყო ნამუშევარი, რომ არ შევეშვით ხეობაში. რაღაც ხდებოდა. მაშინ გვითხრეს, კასეტას მოგცემთო. რა კასეტაზე იყო საუბარი, არ ვიცი. ვერ წარმომიდგენია, გიორგი სანაიას რა კასეტა შეიძლებოდა ჰქონოდა ისეთი, რომელიც მე არ ვიცოდი. იქაური ისეთი კასეტები მაქვს ნანახი, მტრისას და ავისას. ეს ციხისთავიც გარკვევით ვერ ამბობს, რა კასეტაზეა საუბარი. რასაკვირველია, გიორგი სანაია ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნიდა ხელისუფლებას იმ პერიოდში თავისი თამამი სატელევიზიო რეპორტაჟებით, მაგრამ პანკისი ამ საქმეში ცენტრალური თემა არ იყო, _ მე ასე მიმაჩნია. წესით, გადამწყვეტი არ უნდა ყოფილიყო, რადგან სხვა თემებიც იყო, რომელიც არანკლებ მადისკრედიტებელი იყო ხელისუფლებისთვის. შეიძლება, პანკისზე გადაწყვიტეს წამოგება და იყო რაღაც, რაც არ ვიცოდი.
_ ციხისთავმა ინტერვიუში თქვა: „რაც შეეხება მკვლელობის დაგეგმვას, თამაზ თამაზაშვილმა შოთა ჭიჭიაშვილს უთხრა, ეს შენი გასაკეთებელიაო. ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ჭიჭიაშვილი სერიოზული დამგეგმავი იყო“, _ იმ პერიოდში თამაზაშვილი რამდენად გავლენიანი იყო, რომ ჟურნალისტის მკვლელობა შეეკვეთა?
_ თამაზაშვილის შესახებ შემიძლია ის გითხრათ, რომ როცა წითელი ჯვრის წევრები გაიტაცეს, რომელზეც უკვე გესაუბრეთ, მთავარ როლს, მათ შორის, მოლაპარაკების ნაწილში, ბაკურაძე თამაშობდა, თამაზაშვილი კი ასრულებდა მხოლოდ თავის ფუნქციას, როგორც სამხარეო პოლიციის უფროსი. მე სხვა როლში თამაზაშვილი არ მინახავს. მას იმ პერიოდში მინისტრის მოადგილის ქვემდებარე როლი ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთან სხვანაირად არ გამოჩენილა. მაგალითად, გოდერძიშვილზე შემიძლია გითხრათ, რომ წითელი ჯვრის თანამშრომლები რომ გამოვიყვანეთ, ამ შეხვედრას სწორედ გოდერძიშვილი ესწრებოდა. მე არ მქონია თამაზაშვილთან ისეთი გადაკვეთა, რომ გავლენის კუთხით მას რაღაც სიტუაციაში განსაკუთრებული როლი ეთამაშა. ხდება ხოლმე, როცა ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ ის ქვეშევრდომია, მაინც მდგომარეობა აქვს ისეთი, შეუძლია, ხმამაღლა ილაპარაკოს, _ ასე არ ყოფილა თამაზაშვილის შემთხვევაში. ყოველთვის თავისი ადგილი იცოდა. მაგალითად, როცა ბაკურაძესთან ერთად შევხვდი მას, მხოლოდ ბაკურაძე საუბრობდა, თამაზაშვილი ჩუმად იყო. გარდა ამისა, მაშინაც და ახლაც ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ჟურნალისტები, ხშირ შემთხვევაში, საუბრობენ იმას, რაც რეალობისგან, რბილად რომ ვთქვათ, შორს დგას. ე. ი., შეიძლება, ციხისთავი ჰყვება სხვა რამეს. შემიძლია გითხრათ, რომ იმ პერიოდში პანკისის მოვლენების მთავარ გამშუქებლად სანაიას არ აღვიქვამდი, ამიტომ ნაკლებად ვვარაუდობ, რომ მისი მკვლელობა პანკისის თემასთან პირდაპირ კავშირშია. მე ვუშვებ მხოლოდ ერთ შემთხვევას, რომ მის ხელში მოხვდა რაღაც განსაკუთრებული დოკუმენტი, რომლის გამოც, შესაძლოა, ის მოეკლათ, მაგრამ ის, რომ სანაიასი ვიღაცას შეეშინდა, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არ მგონია, ასეთი რამ ყოფილიყო. თუ კონკრეტულ დოკუმენტზე არ არის საუბარი, შეიძლება მასთან ვიღაც მივიდა, მიუტანა რაღაც კონკრეტული დოკუმენტი, _ ეს სხვა საკითხია. თუმცა ასეთ შემთხვევაში ითქმებოდა, რომ არსებობს კონკრეტული დოკუმენტი, რომლის გამოც უნდა იქნეს ლიკვიდირებულიო. მუდმივად გვესმის კასეტა, მაგრამ რა არის ამ კასეტაზე, ეს ვერც ამ ციხისთავმა გაგვაგებინა.
_ როგორ ფიქრობთ, პროკურატურა განაახლებს თუ არა საქმის ძიებას იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ცნობილი ხდება, ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი პრემიერ ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილია?
_ რასაკვირველია, პროკურატურამ უნდა განაახლოს საქმის ძიება იმიტომ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრალდება გაჟღერდა. პრაქტიკულად, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სამართალდამცველი სისტემის თანამშრომლები აკეთებენ საქმეს, რომელიც სახელმწიფო ცხოვრების პარალელურ რეჟიმშია. თავისი სახელმწიფო მოიწყვეს, სახელმწიფო _ სახელმწიფოში, ციხისთავის საუბრიდან გამომდინარე, ასეთი სურათი იხატება. არ დავმალავ და გეტყვით, რომ ოთანაძესაც ვიცნობ და კრიალაშვილსაც ვიცნობდი. საერთოდ, ბევრი რამ შემიძლია ვთქვა. ასევე ციხისთავმა ერთი საყურადღებო ფრაზა თქვა ოთანაძეზე: _ ორი ამბოხი მოაწყოო. პირველ ამბოხთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რადგან საქმის კურსში არ ვარ, მაგრამ მეორე ამბოხი რომ არ მოუწყვია ოთანაძეს, ეს ზუსტად ვიცი. რაც შეეხება კრიალაშვილს, მას, _ მით უმეტეს. ის საერთოდ არაფერ შუაში იყო. ბევრი რამ ვიცი და არ ვამბობ იმიტომ, რომ ზოგიერთი რამ სხვისგან გაგონილია და არ მინდა, დაუზუსტებელი ინფორმაცია ვთქვა. რაც ჩემი თვალით მინახავს, ესენი იყვნენ თამაზაშვილი და ბაკურაძე, რომლებიც ვნახე 3-4-ჯერ, რა დროსაც თამაზაშვილი იყო სულ ჩუმად, ხოლო ბაკურაძეს კომუნიკაცია ჰქონდა ჩემთანაც და ჭიჭიაშვილთანაც. მერე ერთმანეთს შევახვედრე, როცა წითელი ჯვრის თანამშრომლების განთავისუფლების საკითხი მოგვარდა. როგორც კოტე ციხისთავი ჰყვება, თუ ასეთი გავლენა ჰქონდა ბაკურაძეს ჭიჭიაშვილზე, მაშინ მე რაში ვჭირდებოდი? ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ კოტე ციხისთავის სასარგებლოდ, არის ის, რომ პირველი გატაცება იყო წითელი ჯვრის თანამშრომლების და შესაძლოა, მაშინ ჯერ კიდევ არ იცნობდნენ. რაც შეეხება იმას, რომ თამაზაშვილი პრემიერის სიმამრია, რასაკვირველია, ამ ნაწილში პოლიტიკური კონტექსტიც შემოდის. გარკვეულ ნაწილში მომეჩვენა, რომ ეს თემა აქტუალურად იმიტომაც გაჟღერდა, რადგან თამაზაშვილი ღარიბაშვილის სიმამრია. ციხისთავი ჰყვება, რომ სააკაშვილის დროს გამოძიებული იყო გოგინაშვილის საქმე. თამაზაშვილი წინა ხელისუფლების დროს დაპატიმრებული იყო. თუ ასეთი მძიმე ბრალდებები არსებობდა მის წინააღმდეგ და ამ გატაცებებში მის როლს ხედავდნენ, რატომ დაინდეს? _ ჩემთვის ეს გაუგებარია. მით უმეტეს, შეეძლოთ დისკრედიტაცია მოეხდინათ როგორც თამაზაშვილის, ისე მთელი ამ ვერტიკალის, იგივე ღარიბაშვილისა და ყველასი. შეეძლოთ ეთქვათ, რომ ესენი ტერორისტებს უჭერენ მხარსო. სხვა რამე ხდება, _ ეტყობა, სიმართლე სხვაგან დევს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ზოგი რამ ვარაუდს ეფუძნება. წარმოიდგინეთ, ასეთი ოქროს შემთხვევა ჩაუვარდა წინა ხელისუფლებას ხელში და არ გამოიყენებდა?! მე ხომ ვიცი ჩემი ამხანაგები, მირცხულავა და მაისაია, როგორი ნაწამები იყვნენ, როგორ ცდილობდნენ, რომ მათგან ამბები გაეგოთ და რამე ეთქმევინებინათ, თამაზაშვილს რატომ მოუფრთხილდებოდნენ? _ ეს ვერ გავიგე.