- პარასკევი, 27 დეკემბერი, 2024
2022-01-24 04:03:09
შორენა მარსაგიშვილი
ეს წელი პოლიტიკურად ძალიან აქტიურად დაიწყო. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგვიანონსა, რომ სამი წელი არჩევნები აღარ იქნება. გასულ წლის ბოლოს ამ ამბით ირაკლი კობახიძემ გაგვაბედნიერა. ოპოზიციის მტკიცებით კი საქმე აუცილებლად მივა ვადამდელამდე. მიზნის მისაღწევად „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო მუხტის გააქტიურებას აპირებს.
სანამ ხელისუფლებას შეუტევდნენ, არ იქნებოდა ურიგო, შიდა პარტიულ პრობლემებს თუ მოაგვარებდნენ. უკვე ძალიან აშკარაა, რომ რამდენიმე დაჯგუფებას პარტიის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას ჩამოგდება სურს.
პარტიის თავმჯდომარის შეცვლა „ქართულ ოცნებაშიც“ უნდათ, მაგრამ ირაკლი კობახიძე თავისი ინტრიგების წყალობით ჯერ ისევ ინარჩუნებს გავლენებს ივანიშვილის კარზე. ოპოზიციასთან საქმეების მოგვარებაც მას ავალია და ამ მისიას ურიგოდ ნამდვილად არ ასრულებს.
პოლიტიკური სკანდალების გარდა 2022 წელი მრავალ საეკლესიო სკანდალსაც გვიქადის. ეპისკოპოსმა ზენონმა ირიბად დაადასტურა, რომ დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი ითხოვა.
საარჩევნო მზადება
რიხიანი განცხადებების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მაინც ემზადება ხელახალი არჩევნებისთვის. რამდენიმე მუნიციპალიტეტში, დიდი ალბათობით, ხელახალი არჩევნები ჩატარდება. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, წალენჯიხაში, რუსთავში, ზუგდიდსა და სენაკში „ქართულ ოცნებას“ უკვე დაწყებული აქვს მზადება ამ პროცესისთვის. როგორც ამბობენ, მმართველმა პარტიამ საარჩევნო სიის ფორმირებაც დაიწყო. პირველ მარტამდე ამ მუნიციპალიტეტებში თუ ვერ აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეებს, აქ საკრებულოების ასარჩევად ხელახალი არჩევნები ჩატარდება.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ხელისუფლებას უმრავლესობა დაკარგული აქვს. პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური ჭირვეულობა რომ არა, საკრებულოების თავმჯდომარეები დიდი ხნის წინათ იქნებოდნენ არჩეული, მაგრამ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია საეჭვო თამაშს თამაშობს. „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის საუბედუროდ, არც ერთსა და არც მეორეს გახარიას პარტიის გარეშე თავმჯდომარის არჩევა არ შეუძლია.
სახელისუფლებო კულუარებში ამბობენ, რომ ამ გზით გახარია ცდილობს, როგორმე ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელი გზა გამონახოს. ბიძინა ივანიშვილი მასზე ძალიან გაბრაზებულია და შერიგებას არ აპირებს. გახარია კი არ ჩერდება, იმდენად უნდა ივანიშვილთან შერიგება, რომ „ქართული ოცნების“ მიერ თანაპარტიელის ცემის ფაქტიც კი არ შეიმჩნია.
გასული წლის ბოლოს, 30 დეკემბერს, ზუგდიდის საკრებულოს წევრს პარტია „საქართველოდან“, მალხაზ თორიას, მამის საფლავზე თავს დაესხა რვა პიროვნება და შვილთან ერთად სასტიკად გაუსწორდა. ალბათ წარმოგიდგენიათ, რა ამბავს ატეხდნენ ამის გამო სხვა პარტიის თავმჯდომარეები. ყოფილი პრემიერი კი არსად გამოჩენილა, წერილობითი განცხადებაც არ გაუკეთებია. როგორც ზუგდიდში თქვეს, განცხადება „ჩინურ გახარიას“ გააკეთებინა. „ჩინური გახარია“ ზუგდიდელებმა კახაბერ ქემოკლიძეს შეარქვეს, თავად გახარიაზე კი ამბობენ, რომ იგი პოლიტიკურ დეკრეტში იმყოფება.
საკრებულოების თავმჯდომარეების გარეშე დარჩენილ მუნიციპალიტეტებში ამ კვირაშიც შეეცდებიან შედეგის დადებას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ პროცესი პირველ მარტამდე გაიწელოს. საქმე აქამდე თუ მივიდა, ხელახალი არჩევნები დაინიშნება და მერე მაგათ იციან და მაგათმა ბიჭობამ. ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ მუნიციპალიტეტებში უმრავლესობა მოიპოვონ.
იმედია, სიაში ცოტა უფრო მხნე ხალხს ჩაწერენ. აი, ისეთებს, სამსახურში გასვლისთანავე ენერგიის აღსადგენად შვებულებაში გასვლა რომ არ დასჭირდებათ. ბათუმისა და გორის მერები ისე გადაიღალნენ ორ თვეში, რომ 10-დღიანი არდადეგებიც კი არ ეყოთ და შვებულება აიღეს.
ნათელაშვილის ტრიუკი
ლეიბორისტული პარტია თავს იმით იწონებდა, რომ ის იყო ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხალხისთვის მიცემული პირობა არ დაარღვია და პარლამენტში არ შევიდა. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მალე მათი პარტიის ლიდერს საკანონმდებლო ორგანოში ვიხილავთ. წლის დასაწყისში შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში აპირებს შესვლას, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ხალხის გარეშე არ მიიღებს. ნათელაშვილის შესვლა-არშესვლაზე ფეისბუქზე ჩატარდება გამოკითხვა. ხალხი თუ იტყვის, რომ პარლამენტშია ლეიბორისტების ადგილი, მაშინ ნათელაშვილი შევა საკანონმდებლო ორგანოში, თუ კითხვას ბევრი „არა“ ექნება, მაშინ გარეთ დარჩება.
გამოკითხვის შედეგებს ახლო მომავალში გაგვაცნობენ. მანამდე ნათელაშვილი თავის სამოქმედო გეგმებს გვაცნობს. ამბობს, რომ იქ მოკალათებულ „ნაცებსა“ და „ქოცებს“ ანგელოზები უნდა დაუფრთხოს. სხვა ოპოზიციონერებისთვისაც აქვს შემონახული სიურპრიზები.
პარლამენტში ნათელაშვილის შესაძლო შესვლამ ყველაზე მეტად „გირჩი“ გაახარა. თუ ლეიბორისტების ლიდერი პარლამენტში შევა, იაგო ხვიჩიას თავანს ჩააბარებენ _ ხვიჩია თანაპარტიელ სანდრო რაქვიაშვილს დაენაძლევა, რომ შალვა პარლამენტში შევიდოდა. ნაძლევი ხინკალს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ რაქვიაშვილმა ხინკალი თაკო ჩარკვიანის გამოც წააგო. ის იაგო ხვიჩიას უმტკიცებდა, რომ ჩარკვიანი, ისევე როგორც ნათელაშვილი, პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ იყო, მაგრამ შეცდა და ეს შეცდომა ხინკლის კისრებად დაუჯდა.
ალეკო ელისაშვილი კი ბოდიშის მოხდას ელის შალვა ნათელაშვილისგან. იმ შემთხვევაში, თუ ნათელაშვილი მას ბოდიშს მოუხდის, ელისაშვილი მზადაა, აპატიოს ლეიბორისტების ლიდერს მისი ლანძღვა და პარლამენტშიც მასთან ითანამშრომლოს. ალბათ, ყველას გახსოვთ, რა გამოატარეს ელისაშვილს და ლევან იოსელიანს პარლამენტში შესვლის გამო ოპოზიციონერებმა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ისინიც თბილად მოკალათდნენ საკანონმდებლო ორგანოში.
სანამ ნათელაშვილი ფეისბუქზე გამოკითხვის შდეგებს ელოდება, პარლამენტში მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე ლაპარაკობენ და ამის ალბათობა საკმაოდ დიდია. კანონმდებლობის შესაბამისად დეპუტატს, რომელიც რაღაც პერიოდის მანძილზე სხდომებს არ ესწრება, უფლებამოსილება უწყდება.
ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესაძლებლობაზე განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ხელაშვილმა გააკეთა. ამის გამო ლეიბორისტებმა ის პოლიტიკურ ანათემას გადასცეს და განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას“ შალვა ნათელაშვილის ეშინია.
დეპუტატის უფლებამოსილება შეიძლება პარლამენტის კიდევ ერთ წევრს შეუწყდეს. ეს პერსპექტივა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს აქვს. გასულ კვირაში ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძესთან და ავთო წერეთელთან ერთად, სასამართლომ დამნაშვედ ცნო. კანონმდებლობით კი პარლამენტის წევრს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, დეპუტატის უფლებამოსილება უწყდება. ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს. საგაზაფხულო სესია თებერვალში გაიხსნება.
იმ შემთხვევაში, თუ ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება, „ლელოს“ საპარლამენტო ფრაქცია დაეშლება. პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად 7 კაცია საჭირო. ლელოელები სულ შვიდნი არიან. მათ ერთხელ უკვე დაემუქრათ ფრაქციის დაშლის საფრთხე, მაგრამ ისინი „ნაციონალებმა“ დილარ ხაბულიანის გადასროლით იხსნეს. გასული წლის ბოლოს დეპუტატობაზე მამუკა ხაზარაძემ უარი განაცხადა. პარლამენტმა მისი განცხადება მალევე დააკმაყოფილა.
ტყვეებით ვაჭრობა
ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში ტყვეებით ვაჭრობა კარგად დაამკვიდრა. როგორც კი რამე მნიშვნელოვან თმაზე იწყება გამოსვლები ან ოპოზიცია პრინციპულ პოზიციას ავლენს, აპატიმრებენ ლიდერებს და მერე მთავარი აქცენტი მათ განთავისუფლებაზე გადადის.
ამ შემთხვევაში საქმე დაკავებამდე არ მისულა. მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთო წერეთლის სასამართლო პროცესი თითქმის სამი წელი გრძელდებოდა. განაჩენი 12 იანვარს გამოაცხადეს. სამეული დამნაშავედ გამოაცხადეს, მაგრამ ხანდაზმულობის გამო პატიმრობა არ შეუფარდეს.
არადა, მათი დაპატიმრების გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. დაპატიმრების მოლოდინში გახლდათ მამუკა ხაზარაძეც. როგორც ამბობენ, იუსტიციის მინისტრს ამ სამეულისთვის საკანიც მომზადებული ჰქონდა, მაგრამ მერე რაღაც შეიცვალა. შეიცვალა იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ასე.
ხაზარაძისა და მისი პარტნიორების დაკავებას დიდი პოლიტიკური აურზაური მოჰყვებოდა. დასავლეთიც მწვავე განცხადებებს გააკეთებდა. ბოლო დროს ევროპა-ამერიკა ისედაც ბევრს აკრიტიკებს ხელისუფლებას. „ქართული ოცნება“ ამასაც მოერიდა და პარალელურად ოპოზიციასთან ვაჭრობა დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ხელისუფლების პირობებს შეასრულებს, სხვა ლიდერებსაც აღარ დაიჭერენ. საოცნებო პროკურატურას კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერზე აქვს საქმე აღძრული.
„ქართული ოცნება“ ითხოვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაუბრუნდეს საპარლამენტო საქმიანობას და შეწყდეს საუბარი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენი მკითხველი, ალბათ, ამჩნევს, რომ რაც დრო გადის, ვადამდელ არჩევნებს სულ უფრო ნაკლებად ახსენებენ. „ნაციონალების“ დაბრუნება პარლამენტში ცოტა უფრო რთული გადასაწყვეტი იქნება. ამ თემაზე მთავარ ოპოზიციურ ძალაში სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა. საბოლოო პასუხის მიღებას ისინი მიხეილ სააკაშვილისგან ელოდებიან. მიხეილ სააკაშვილი მათ სოციალური თემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებაზეც მიდის ვაჭრობა. აქ გადამწყვეტი სიტყვა, რაღა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რომელიც არ ჩქარობს. ნაცები დარწმუნებული არიან, რომ, ადრე თუ გვიან, ივანიშვილს სააკაშვილის გამოშვება მოუწევს. დიდი ალბათობით, მას ან უკრაინას გადასცემენ, ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში გაუშვებენ სამკურნალოდ. ბოლო პერიოდში „ოცნების“ წარმომადგენლები ომახიანად აღარ ყვირიან, რომ მიშა ბოლომდე მოიხდის სასჯელს.
სააკაშვილი აუცილებად დატოვებს საპყრობილეს, მაგრამ საკითხავია, რა დახვდება მას თავისი პარტიისგან? „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ბრძოლებია ატეხილი. რამდენიმე დაჯგუფება პარტიის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებაზე მუშაობს.
ამ საკითხის დაყენება იგეგმებოდა გასულ კვირას გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზეც, მაგრამ არ გამოვიდა. პარტიაში რაღაც ცვლილებები განხორციელდა, თუმცა თავმჯდომარე არ შეცვლილა. პოზიციები დიდად ვერც მელიამ გაიმყარა. ივანიშვილის მსგავსად სააკაშვილმა ისე დაგეგმა ყველაფერი, რომ არცერთი ფლანგი არ გაძლიერებულიყო.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი გაუგებრობაა პარლამენტში დაბრუნებაზეც. პარტიის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალები“ საპარლამენტო საქმიანობას ჯერ არ უნდა დაუბრუნდნენ. „ნაცმოძრაობამ“ საპარლამენტო საქმიანობა გასული წლის ივლისში შეწყვიტა. მაშინ ისინი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებოდნენ. არჩევნების წინა დღეს მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და არჩევნების მერე პარლამენტში შესვლა უკვე პროტესტის ნიშნად აღარ მოისურვეს.
პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია არ ამბობს, რომ „ნაციონალები“ პარლამენტში არ უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ მიაჩნია, რომ ისინი ხალხთან უფრო ახლოს უნდა იყვნენ. ნიკა მელია აცხადებს, რომ მათ ხალხის მაჯიდან ხელი აიღეს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ რეგიონებში გასვლა და ხალხთან შეხვედრები აუცილებელია. ამასთან, ზოგიერთის თქმით, საპარლამენტო ტრიბუნაც უნდა გამოიყენონ.
საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებაზე მეტად ამ ადამიანებს პარლამენტში ყოფნა სურთ. მათაც უნდა გავუგოთ, _ სად პარლამენტის თბილი სავარძლები და სად ქუჩაში ხეტიალი და აქციების გამართვა? აქციები ახლო მომავალში საეჭვოა, რომ გაიმართოს. ომიკრონი საქართველოში ისეთი ტემპებით ვრცელდება, რომ შეიძლება, ქვეყანა ჩაიკეტოს.
იმედგაცრუებები „ნაციონალებსა“ და მათ მომხრეებს ისედაც არ აკლიათ. სალომე ზურაბიშვილმაც გვარიანად გააცურა ისინი, ისევე როგორც მთელი ქვეყანა. ალბათ, ყველას გახსოვთ გასული წლის ბოლოს ზურაბიშვილმა შემრიგებლის მანტია რომ მოირგო; ორბელიანის სასახლეში რაღაც სპექტაკლები რომ დადგა. სამართლიანად უწოდა ამას გიორგი გუგავამ პრეზიდენტის ჩიჩილაკფართის ზღაპრები. მაგრამ ოპოზიციონერებმა არ დაიჯერეს და მთავარსარდალს ეახლნენ.
ზურაბიშვილს იდეა მიხეილ სააკაშვილმაც მოუწონა და მისმა პარტიამ, რომელიც პრეზიდენტს მოღალატედ მოიხსენიებდა, მოწიწებით დაუწყო საუბარი. აღმოჩნდა, რომ სალომეს ინიციატივა შერიგებაზე სიაფანდი იყო. მან შერიგების განწყობაზე მოსულ საზოგადოებას განუმარტა, ამისი არც თავი მაქვს და არც _ ბერკეტებიო. სინამდვილეში კი ბიძინასგან მიიღო მკაცრი საყვედური და გაფრთხილება, _ მაგ ცირკს შეეშვიო!
საეკლესიო სკანდალის მოლოდინში
პოლიტიკაზე გადართული და ჯერ ისევ საცივში თავჩარგული ერი კარგად ვერ აცნობიერებს, თუ რამხელა საეკლესიო სკანდალის წინაშე ვდგავართ. გასულ კვირას პეტრე კოლხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე ზენონმა დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი ითხოვა. ეს ინფორმაცია, ფაქტობრივად, დაადასტურა ზენონ იარაჯულმა. მან განაცხადა, რომ ამ დროისთვის მართლაც იმყოფება დიდ ბრიტანეთში და საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს.
ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია საქართველოს საპატრიარქოს. იგი სინოდის სხდომისთვის ემზადება და როგორც ამბობენ, იქაც დიდი სკანდალებია მოსალოდნელი. ამბობენ, მეუფე ზენონის საკითხიც უნდა განხილულიყო სინოდის სხდომაზე და ამიტომ წავიდაო.
ორი დღით ადრე, სანამ ინფორმაცია გავრცელდებოდა, მეუფე ზენონმა თავშესაფარი ითხოვაო, ეპისკოპოსმა წერილობით მიმართა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპსა და პატრიარქს, უნეტარეს თეოდორეს და ისეთ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც აქამდე, რატომღაც, ვერ ან არ ამჩნევდა.
„მწუხარებით შევიტყვე 2021 წლის 29 დეკემბერს მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, დაეარსებინათ ალექსანდრიის სახელოვანი, წმიდა და სამოციქულო საპატრიარქოს ტერიტორიაზე საკუთარი ექსარქია.
პირადად მე განსაკუთრებით კარგად მესმის თქვენი საწუხარი, რადგან ორიოდე თვით ადრე, 2021 წლის 15 ოქტომბერს, მოსკოვში მიიღეს გადაწყვეტილება, დაეარსებინათ ერევნისა და სომხეთის ეპარქია, ზუსტად იგივე არქიეპისკოპოს ლეონიდე გორბაჩევის მეთაურობით, რომლის წარმოგზავნასაც ამჟამად თქვენს კურთხეულ კონტინენტზე აპირებენ.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემს იურისდიქციაში შედის აგარაკ-ტაშირის (ახტალა) 1600-წლოვანი ეპარქია, რომელიც მოიცავს თანამედროვე ჩრდილოეთ სომხეთის რეგიონს. ისტორიულად, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მოსკოვის საპატრიარქო არ არსებობდა, თანამედროვე ჩრდილოეთ სომხეთის ტერიტორიაზე სამწყემსო მოღვაწეობას ეწეოდნენ საქართველოს საკათალიკოსოს მღვდელთმთავრები, რომლებსაც ემორჩილებოდნენ სომხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქალკედონიტები. მას შემდეგ, რაც საქართველოს ეკლესიამ აღიდგინა უძველესი ავტოკეფალია 1917 წელს, თავად მოსკოვის საპატრიარქოც კი, 1943 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკლესიის სამწყსოდ მიიჩნევდა სომხეთში მცხოვრებ ქალკედონიტებს. მიუხედავად ამ ისტორიული მოცემულობისა, მოსკოვის ეკლესიამ მაინც დასვა სომხეთში საკუთარი ექსარქოსი და დაუქვემდებარა მას მთელი სომხეთი.
უკვე ცხადია, რომ ერთი ხვედრის თანაზიარნი ვართ და თუ ვინმეს ესმის თქვენი სამართლიანი გულის ტკივილის, ერთ-ერთი ვარ მე, რომელიც დაზარალებული გახლავართ რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს სამოციქულო ეკლესიისაგან სული წმიდის მიერ ჩემზედ რწმუნებულ ისტორიულ ეპარქიაში შემოჭრით.
როგორც ერთ-ერთი მღვდელმთავარი, ვატარებ დარდს და ჩემს ფიქრებში ვეძებ გამოსავალს, რადგან სამწუხაროდ არ უჩანს დასასრული რუსეთის ანტიეკლესიოლოგიურ ქმედებებს, როგორც საქართველოს პოლიტიკურ საზღვრებში, ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც ისტორიულად არსებობდა მცხეთის საკათალიკოსოს იურისდიქცია, ასევე სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან მიმართებით.
გამოვხატავ სოლიდარობას და ლოცვით თანადგომას იმ გამოწვევებთან, რომლის წინაშეც აღმოჩნდით და მსურს, რომ თქვენგანაც ვითხოვო თანადგომა და მოხსენიება.
ვილოცოთ რუსი ძმა მღვდელმთავრებისათვის, რათა სული წმიდამ ჩათესოს მათში მშვიდობის კეთილი მარცვალი და იხსნას ეკლესია იმპერიალისტური იდეოლოგიის ზიანისაგან“, _ ვკითხულობთ მეუფე ზენონის წერილში.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე მეუფე ზენონის გადაწყვეტილებას სუსის კრებსებს უკავშირებს. სუსის კრებსებში მეუფე ზენონზე ბევრი რამე წერია. მართალია თუ არა იქ მოყვანილი ფაქტები, ამის შესახებ არაფერი ვიცით, რადგან პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია. დეკანოზ ილია ჭიღლაძეს არც მეუფე ზენონის დაგვიანებული რეაქციის სჯერა:
„სუსის კრებსების სკანდალური და საშინელი მასალების მერე, სადაც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მთავარეპისკოპოსი ზენონია და რაც ლამის ნახევარმა საქართველომ იცის, წაიკითხა და ინფორმირებულია, რომლიდანაც რამდენიმე დოკუმენტი თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმაც გამოაქვეყნა და ყველამ წაიკითხა, მედია კი იმაზე აჟიტირდა ეს ორი დღეა, პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვა თუ არა ბრიტანეთის ხელისუფლებას მეუფე ზენონმა. ჯერ ის გამოიძიოს ერმა და ბერმა, რა ფაქტებშიცაა მხილებული ის, აღიარებს თუ არა და შეიძლება თუ არა მისი ეპისკოპოსობა და ამ ფონზე, ჩაბარდება თუ გადმობარდება, რაღა მნიშვნელობა აქვს? _ ეს ხომ მისი პირადი არჩევანის უფლებაა.
მეორე: 2021 წელს სავალდებულო მეორე სინოდის სხდომა არ ჩაატარა პატრიარქმა, რითაც დაარღვია საეკლესიო კანონები. ოქტომბერში მოსკოვის საპატრიარქო შემოიჭრა სომხეთის ეპარქიაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის და მოახდინა საეკლესიო ოკუპაცია. ჩვენი საპატრიარქო ხმას არ იღებს, ხოლო მთავარეპისკოპოსმა ზენონმა, რომელსაც ეკუთვნის ჩრდილო სომხეთის ეპარქია (აგარაკ-ტაშირი) მხოლოდ გუშინ ამოიღო საჯაროდ ხმა ამ საკითხზე ოთხი თვის დუმილის შემდეგ, ისიც ალექსანდრიის პატრიარქისადმი გაგზავნილი თანადგომის წერილის ფორმით. რა ხდება?! ვარსებობთ ქართველები თუ საბოლოოდ დაგვიმონეს რუსებმა და ხმის ამოღებასაც ვეღარ ვახერხებთ?!“ _ კითხულობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
მოკლედ რომ ვთქვათ, წინ ძალიან საინტერესო და სკანდალური პროცესები გველოდება.