- პარასკევი, 27 დეკემბერი, 2024
2022-01-24 03:45:14
შორენა მარსაგიშვილი
პარლამენტის ყოფილი წევრი, მურმან დუმბაძე, მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს. მისივე აზრით, 2024 წლამდე ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ დარჩენა საქართველოს საბოლოოდ გაანადგურებს. დუმბაძის აზრით, ვადამდელი არჩევნების მიღწევა სულაც არ არის ძნელი საქმე.
რა გეგმა აქვს ბიძინა ივანიშვილს? საით მიაქანებს იგი საქართველოს? როგორ მდიდრდებიან მისი ჩინოსნები? რატომ არის აუცილებელი სოციალურ თემაზე პროტესტის დაწყება? რატომ დაკარგა აზრი ეკონომიკის სამინისტროს არსებობამ? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს მურმან დუმბაძე ესაუბრება:
_ ბატონო მურმან, მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, რომ გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმოს სოციალურ თემას. ეთანხმებით მესამე პრეზიდენტის პოზიციას?
_ სოციალური თვალსაზრისით, ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარებაა. ბოლო 9 წლის განმავლობაში 400%-ით გაიზარდა საგარეო ვალი და ქვეყნის მოქალაქეს სასიკეთო არაფერი დასტყობია. ეს იმას ნიშნავს, რომ ფული არასწორად ნაწილდება, ილექება ვიღაცების ჯიბეებში და ხმარდება მათ კერძო საქმეებს. 2012 წლისთვის, როცა ძველი ხელისუფლება შევცვალეთ, მაშინ მშპ ერთ სულ მოსახლეზე იყო 4000 დოლარი, ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა, რაც იმას ნიშნავს, რომ 0%-ით არის გაზრდილი საქართველოს მოქალაქის სიმდიდრე. 0%-ით არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა. ქვეყანაში სასიკეთო თუ არაფერი მოხდა და მოსახლეობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ე. ი. საგარეო ვალი სულ ტყუილად აგვიღია.
საქართველოში ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ, საშინლად არის გაზრდილი ფასები და როგორც ამბობენ, კიდევ უფრო გაიზრდება. გასულ კვირას სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა დააანონსეს. ეს ადამიანები ერთი მარტივი მიზეზის გამო აპირებენ გაფიცვას _ მათ ხელფასი ტრანსპორტშიც კი არ ჰყოფნით და იგი 2009 წლის შემდეგ არ გაზრდილა. მათი საშუალო ხელფასი, სადღაც, 200 ლარია. ეს სამარცხვინო ფაქტია.
რის ხარჯზე ცხოვრობენ დღეს საქართველოს მოქალაქეები? ფაქტია, რომ ჩვენი ხალხი განვითარებისა და ეკონომიკის წინსვლის ხარჯზე არ ცხოვრობს. ჩვენ, ძირითადად, უცხოეთში წასული მოქალაქეების ხარჯზე ვცხოვრობთ. ინვესტიცია არ შემოდის, არაფერი ახალი არ იქმნება, ფული არ ტრიალებს, საქართველო ვერაფერს ყიდის, რომ სხვა ვალუტა შემოიტანოს. თუ უცხოეთში წასული მოქალაქეების ხარჯზე ვცხოვრობთ, მაშინ ეკონომიკის სამინისტრო რაში გვჭირდება? რისთვის ვუხდით ხელფასს ნათია თურნავასა და მის აპარატს?! ფაქტია რომ ისინი ვერაფერს აკეთებენ ქვეყნის განსავითარებლად.
_ ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველოში ეკონომიკა დუღს. იგივეს იმეორებენ მთავრობის სხვა წევრებიც.
_ ეკონომიკის დუღილზე ყველაზე ბევრს პრემიერი ლაპარაკობს. თუ ვინმეს აქვს სათქმელი, ეკონომიკა დუღსო, ეს ირაკლი ღარიბაშვილია. მას მაჯაზე 300.000-დოლარიანი საათი უკეთია. ამას ჭორის დონეზე არ ვამბობ, ეს დადასტურებული ფაქტია. „ქართულ ოცნებაში“ ვიყავი და კარგად ვიცნობ მის წევრებს. მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ახლა მაღალი თანამდებობები უკავიათ. ერთ-ერთი ჩინოსანი 2012 წლამდე ვარკეთილში, ოთახნახევრიან ბინაში ცხოვრობდა და ახლა დიდძალი ქონების პატრონია, მილიონერია.
გომელაურზე მოგახსენებთ, 2012 წლამდე ოთახნახევრიან ბინაში ცხოვრობდა ბიზნესში რომ წასულიყო არაფერს ვიტყოდი, რადაგან ბიზნესმენს შეუძლია, 10 წელიწადში ამხელა ქონება დააგროვოს, შუძლებელია, ჩინოვნიკმა ამხელა ქონება იშოვოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა პირებმა ხელში ჩაიგდეს უზარმაზარი ძალაუფლება და მის ხარჯზე მოიხვეჭეს უზარმაზარი ფული.
საქართველოს ბიუჯეტი არ შემცირებულა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეს არაფერი ეშველა, გაჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს იმას ნიშნავს, რომ თანხები არასწორად ნაწილდება. ჩვენი მოქალაქეები დღეს ცხოვრობენ უკიდურეს გაჭირვებაში, ადამიანებს საჭმლის ყიდვა აღარ შეუძლიათ. თითქმის ყველას ჯიბეს შეეხო ეს გაჭირვება და უბედურება.
_ ბიძინა ივანიშვილმა ხომ გვითხრა, ყველა საკუთარ ჯიბეზე იგრძნობთო და ვიგრძენით კიდევაც.
_ ის ამბობდა, ყოველი წელი უკეთესი იქნებაო და ასეც მოხდა, მისი გარემოცვისთვის ყოველი წელი მართლა უკეთესია.
_ ასრულებს კაცი დაპირებებს და რას ვერჩით?
_ ამ მხრივ მართლა ასრულებს. მისი გარემოცვა ფუფუნებაში ცხოვრობს, დანარჩენ ადამიანებს კი პურის საყიდელი ფული არ გააჩნიათ. ასეულობით ათას მოქალაქეს ბანკიდან სესხი ლარებში აქვს გამოტანილი. რეფინანსირების განაკვეთი მათთვის გაიზარდა. როდესაც რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ლარი გაუძვირდა. ახლა წავიდეთ თუ რა ხდება უმუშევრობის მიმართულებით: კავკასიაში პირველები ვართ _ უმუშევრობის მიხედვით სომხეთსაც ვუსწრებთ და აზერბაიჯანსაც. მსოფლიოშიც საკმაოდ მაღალ ადგილზე ვდგავართ ამ მიმართულებით. ეს არის კატასტროფა!
33 მილიარდი ვალი აიღო საქართველომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. თუნდაც ამ ვალის ხარჯზე ვიღაცების ცხოვრება ხომ უნდა გაუმჯობესებულიყო? სოციალურად დაუცველ ადამიანებს ვგულისხმობ. სამწუხაროდ, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა არ შემცირებულა. დღეის მდგომარეობით, 600.000-ზე მეტი ადამიანი ღებულობს სოციალურ დახმარებას. ოფიციალური სტატისტიკით, მოსახლეობის 20%-ზე მეტი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო აღარ არსებობს და ძალიან მალე გაქრება. 2024 წლის არჩევნებს თუ ველოდებით, მაშინ ოფიციალურად გავქრებით. ქართველობას კი არა, საქართველოს ვკარგავთ, ხალხო!
რატომღაც, მგონია, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველოს დამშეული მოქალაქეები გამოვლენ და იტყვიან, რომ არ გვაინტერესებს არც ნატო, არც ევროკავშირი, გვინდა საბჭოთა კავშირის აღდგენა და კომუნიზმი, გაუმარჯოს რუსეთსა და ცეკას. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს შეგნებულად მიჰყავს საქმე აქეთკენ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ივანიშვილი არ არის უნიჭო კაცი. მან 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე კარგად ითამაშა თავისი როლი და ახლაც ძალიან კარგად თამაშობს.
_ 2012 წლამდე რა როლიც ითამაშა, უკვე ყველამ კარგად იცის, ახლა რა როლს ან რა თამაშს თამაშობს?
_ ახერხებს იმას, რომ ამხელა შიდა და გარე კრიტიკის ფონზე ინარჩუნებს უზარმაზარ ძალაუფლებას. მას ვერც საპროტესტო გამოსვლები უშლის ხელს. ამას აკეთებს შეგნებულად, რომ საქართველოს მოსახლეობამ იყვიროს, გაუმარჯოს რუსეთსო!
გრიგოლეთი-სამტრედიის გზის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო ჯერ 2017 წელს, მერე 2018 წელს. 2022 წელი დადგა და ეს გზა, ჯერჯერობით, დაუსრულებელია. მშენებლობას საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებდნენ. კაციშვილმა არ იცის, სად გაქრა ეს თანხა. ამ გზის მშენებლობა შეაჩერა, სამაგიეროდ, თრუსოს ხეობაში შევიდა და რუსეთისკენ მიმავალ გზას აშენებს, რათა ცოტა ხანში ხალხი აბღავლოს, რუსეთი გვინდაო.
_ ამ გზას უკვე დაარქვეს მეორე როკის გვირაბი.
_ ივანიშვილი შგნებულად აკეთებს ამ გზას, რომ მერე რუსეთთან უფრო იოლი იყოს ურთიერთობა. ივანიშვილმა კარგად იცის, რომ საქართველოში მრავლადაა ისეთი ხალხი, ვინც რუსეთში შესვლის მოთხოვნით იბღავლებს. ივანიშვილს საქართველოს რუსეთში შეთრევა უნდა და რაც მალე მიხვდება საზოგადოება ამას, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.
ეკონომიკურად გაჭირვებული ხალხის მართვა ბევრად უფრო ადვილია, ამიტომ აღატაკებს ივანიშვილი ხალხს. ძალიან აქტიურად უნდა დაიწყოს სოციალური მიმართულებით მუშაობა. არ შეიძლება, რომ ეს მშვენიერი და მდიდარი ქვეყანა ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობდეს.
მიხეილ სააკაშვილი სწორად მოიქცა, როცა თანაპარტიელებს უთხრა, რომ სოციალურ თემებზე უფრო მეტი ყურადღება გაამახვილეთო. ეს სააკაშვილის მითითების გარეშეც უნდა გაკეთებულიყო. ისეთი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია, რომ ყველა ამაზე უნდა ყვიროდეს.
_ არც მისი პარტია და არც სხვები ამ თემას არასდროს აქცევდნენ ყურადღებას.
_ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა და ყურადღებას რომ არავინ აქცევდა, ამიტომაც ვართ ამ დღეში. საშინელი ინფლაციაა, ამ თემაზე ბევრი უნდა ვიყვიროთ. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. სიღარიბეს, ჩამორჩენილობას, წუმპეში ცხოვრებას ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვუთხრათ უარი. სოციალური თემატიკა წინ უნდა წამოწიონ როგორც პოლიტიკოსებმა, ასევე საქართველოს მოქალაქეებმა.
_ ზემოთ ახსენეთ, რომ 2024 წლამდე არ შეიძლება მოცდაო. ხელისუფლება ამბობს, რომ 2024 წლამდე საქართველოში არჩევნები არ ჩატარდება. რა მეთოდებით აპირებთ, რომ ხელისუფლებას პოზიცია შეაცვლევინოთ?
_ ხალხი თუ მოინდომებს, ხელისუფლება ძალიან კარგად დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს. აქამდეც მოუწიათ რაღაცების დათმობა. მთავარია, პროტესტი იყოს. სასამართლო პროცესზე, რომელსაც მეც ვესწრებოდი, მიხეილ სააკაშვილმა ილაპარაკა იმ მიზეზებზე, რატომაც დაბრუნდა საქართველოში. მან ძირითადი აქცენტები გააკეთა მძიმე სოციალურ ფონსა და ეკონომიკაზე. მან გაიხსენა, როგორ დაიწყო განვითარება საქართველომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. ყვებოდა, როგორ ხორციელდებოდა საზღვრის დაცვა, როგორ პოულობდა ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში ფულს დებდნენ. უნდა ვინმეს თუ არა ამის აღიარება, ფაქტია, რომ მიშას დროს საქართველო რეფორმების ქვეყნად მიიჩნეოდა. ბევრად მეტი ტურისტი შემოდიოდა მაშინ საქრთველოში, მეტი გადმორიცხვა იყო და საქართველოს მეტი პერსპექტივა ჰქონდა.
დღეს საქართველოში უცხოური ინვესტიცია აღარ არსებობს. ვიღაცამ შეიძლება მკითხოს, ეს თუ ასეა, მაშინ საქართველოში დოლარი და სხვა ვალუტა რანაირად ტრიალებსო? დოლარი ტრიალებს გადმორიცხვების ხარჯზე! ინვესტიციები გამქრალია და არ გქონდეთ იმის მიზეზი, რომ აქ ვინმე ინვესტიციებს ჩადებს. ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, საქართველოში უცხოური ინვესტიციები არ შემოვა.
_ რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული, რომ სანამ „ოცნება“ ხელისუფლებაშია, საქართველოში ინვესტიციები არ შემოვა?
_ არც ერთი უცხოელი არ ჩადებს ფულს იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტპატიმრები ჰყავთ. ქვეყნის პრეზიდენტს რომ ასე ექცევიან, ხომ წარმოგიდგენიათ, სხვებს რას უზამენ? ამიტომ არ შემოვლენ საქართველოში უცხოელი ინვესტორები. ჩვენი ინვესტორები საქართველოდან საზღვარგარეთ წასული ქალბატონები არიან, რომლებიც იქ მომვლელებად მუშაობენ.
_ მომვლელებად მუშაობენო, იოლად სათქმელი სიტყვებია, ამ ქალებს ძალიან მძიმე სამუშაოს შესრულება უწევთ.
_ მე ვიტყოდი, რომ უმძიმეს სამუშაოს ასრულებენ. შეიძლება, საცხოვრებლით უზრუნველყოფილები არიან, მაგრამ დილის 6 საათზე დგებიან ფეხზე და საღამომდე ურთულეს სამუშაოს ასრულებენ. მართალია, მათ ამ შრომას სათანადოდ უნაზღაურებენ, მაგრამ ძალიან მძიმეა ეს საქმე. ჩვენ აუცილებლად უნდა დავდგათ ქართველი ქალის ძეგლი.
_ ამ ქალებს მართლა ეკუთვნით ძეგლი, მათ გადაარჩინეს ეს ქვეყანა.
პოლიტიკურ პროცესებზეც ვისაუბროთ. რა ხდება პოლიტიკაში? ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, ქვეყანაში მოეკლა პოლიტიკური პროცესი?
_ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ნიჭიერი კაცია და მან შეძლო პოლიტიკური პროცესის მოკვლა. ჩვენ არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ეს პროცესი საბოლოდ ჩაკლას, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური პროცესები გამოვაცოცხლოთ.
_ არის, ვითომ, ამის შანსი?
_ ჯერჯერობით, შანსები არის, მთავარია, პოლიტიკურმა პარტიებმა მოინდომონ და პროცესიც გამოცოცხლდება.
_ ეს მონდომება ჯერ არსად ჩანს.
_ მესამედ ვამბობ, რომ ნიჭიერი კაცია ივანიშვილი _ მან პარტიებს აქტიურობის სურვილი ჩაუკლა. საქართველოში ბევრი პარტიაა, ზოგს 2% უჭერს მხარს, ზოგს _ 3%. ამ რეალობის შესაცვლელად რომ ოპოზიციის გაერთიანებაა საჭირო, ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაველოდებით ამ ერთიანობის შექმნას. ყველამ თავისი გასაკეთებელი გააკეთოს.
პირადად მე განსაკუთრებულ ყურადღებას „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გავამახვილებ, რომელიც მთავარი ოპოზიციური ძალა და ყველაზე ძლიერი პარტიაა. „ნაციონალებმა“ საკრებულოებში 500-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. მათ ხომ ჰყავთ მხარდამჭერები და ნათესავები? ამ 500-მა კაცმა ყოველდღე 10 ადამიანი რომ გამოიყვანოს, ეს უკვე 5000 კაცია. 5000 ადამიანით კი ძალიან ბევრი რამის მიღწევა შეიძლება.
_ 5000-მა კაცმა რა შედეგს უნდა მიაღწიოს?
_ ყოველდღიური პროტესტით შედეგს აუცილებლად მივიღებთ. 5000 კი არა, 500 კაცი არ არის ცოტა. 500 კაცი ვლასოვის არმიას ამარცხებდა. არ ვამბობ, რომ მთელი პოლიტიკური ტვირთი „ნაციონალებს“ უნდა ავკიდოთ, მაგრამ მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად გააცოცხლონ პროცესები. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, პოლიტიკური პროცესები მიაძინოს. ჩვენ მას ამის საშუალება არ უნდა მივცეთ: ყველა ხეობაში, ყველა სოფელში, ყველა თემში წინააღმდეგობის კერები უნდა შევქმნათ და მოვითხოვოთ ერთადერთი რამ _ ვადამდელი არჩევნები.
მინდა, საქართველოს მოქალაქეებმა კარგად შეიგნონ, რომ ვადამდელი საპარალმენტო არჩევნების გარეშე რამე ცვლილებებსა და ქვეყნის კეთილდღეობაზე ლაპარაკი ზედმეტია. მე „ოცნების“ წევრი ვიყავი და კარგად მახსოვს, რა დაპირებებსაც ვაძლევდით ხალხს. არცერთი პირობა არ შევასრულეთ. სუსის გაუქმების მაგივრად უარესი გაკეთდა.
_ სუსზე უარესი რა გაკეთდა?
_ პოლიტიზებული პოლიცია და თავად სუსი, რომელმაც მოსმენები უფრო გააძლიერა. ცნობილი გახდა, რომ ახალ მოსასმენ აპარატურებს ყიდულობენ და იმის მაგივრად, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას მიხედონ, ჩვენ გვისმენენ. იმ დროს, როცა სუსი ჩვენს საუბრებს უსმენს, ოკუპანტები რაჭას მოადგნენ და ნელ-ნელა რაჭის შიგნით მოიწევენ. შიდა ქართლზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ.
_ რას ნიშნავს, რაჭას მოადგნენ?
_ რაჭის მიმართულებით იწყებენ საზღვრის გადმოწევას. სუსი მათ ხელს არ უშლის და ჩვენ გვისმენს. ე. წ. საზღვართან ჩვენი პოლიცია საერთოდ აღარ დგას. ისინი იქიდან 2012 წლის შემდეგ გაიყვანეს. ნელ-ნელა მოცოცავენ ოკუპანტები, ქართული სახელმწიფო ლაგამამოდებულია და ხმასაც კი ვერ იღებს. ამაზე მთელი მსოფლიო უნდა დავაყენოთ ფეხზე, მაგრამ ხელისუფლება დუმს და არავის ჰქონდეს იმის იმედი, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებს.
ძალიან ბევრი მიმართულებით არის პროტესტი გამოსახატი _ იქნება ეს უკანონო მოსმენები, თუ მცოცავი ოკუპაცია; სოციალური სიდუხჭირე, თუ პოლიტიკური დევნა. არ შეიძლება ამ ყველაფერზე გაჩუმება. არ შეიძლება იმიტომ, რომ ხმა თუ არ ამოიღეთ, ხვალ უარესი იქნება. პროტესტის გამოხატვა ყველას ვალია, მაგრამ ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აიღოს საკუთარ თავზე.
_ „ნაციონალებმა“ რატომ უნდა აიღონ საკუთარ თავზე? დანარჩენმა არ უნდა გამოხატოს პროტესტი?
_ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური ძალა, მათ ყველაზე მეტად ენდობა ხალხი. „ნაციონალების“ ნათქვამ სიტყვასა და გამოხატულ პროტესტს უფრო მეტი ფასი აქვს, ამიტომ უნდა აიღონ მათ პროტესტის დაწყება საკუთარ თავზე.
_ ხელისუფლებას რომ ვკითხოთ, „ნაციონალებს“ არავინ უჭერს მხარს.
_ „ქართული ოცნება“ ყველაფერს იტყვის. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს უდიდესი მხარდაჭერა. მას საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე უჭერს მხარს, ამიტომ „ნაციონალებმა“ ცოტა მეტად უნდა იაქტიურონ. პოლიტიკური პროცესები კი მიძინებულია, მაგრამ უიმედოდ არ არის საქმე.
_ რატომ გგონიათ, რომ უიმედოდ არ არის საქმე?
_ ამ არნახულად გაყალბებული არჩევნებითაც კი გამოჩნდა, რომ ოპოზიციას უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს, ვიდრე _ „ქართულ ოცნებას“. რა არ იკადრეს, როგორ არ დააშინეს ხალხი, იყო მოსყიდვები, მაგრამ ივანიშვილმა 46%-ზე მეტი ვერ აიღო. ეს უკვე იმედის მომცემი ამბავია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხს „ქართული ოცნება“ აღარ უნდა. ეს შანსი ოპოზიციამ ხელიდან არ უნდა გაუშვას. საპროტესტო მოძრაობა ყველა მიმართულებით უნდა გავშალოთ. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება ყოვლად აუტანელია, ამის მოთმენა შეუძლებელია. ეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას უქმნის პრობლემებს.
ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ ეს პრობლემები ხალხმა დასავლეთს დაუკავშიროს და რუსეთის მიმართ განეწყოს დადებითად. ივანიშვილს დავალებული აქვს, რომ საქართველო რუსულ ორბიტაზე დააბრუნოს. ეს იქნება ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასასრული. ეს არც ხალხმა და არც ოპოზიციამ არ უნდა დაუშვას. საჭიროა ყოველდღიური პროტესტი. პროტესტი აუცილებლად მოიტანს შედეგს. საქართველოში უპირობოდ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო გაქრება. ივანიშვილი სასწრაფოდ უნდა მოშორდეს ხელისუფლებას.