- პარასკევი, 27 დეკემბერი, 2024
2022-01-21 05:59:15
ნენე ინჯგია
„ან ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები, ან ვისაც უნდა სამი წელი დაცდა, უნდა შეეგუოთ იმას, რომ საქართველო აღარ იქნება“, _ განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში იგი ჩამოვიდა უსამართლობის წინააღმდეგ მშვიდობიანად საბრძოლველად.
იზიარებენ თუ არა თავიანთი ლიდერის გზავნილებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და პროტესტის რა ფორმებს გამოიყენებენ სამომავლოდ?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლაშა ხუსკივაძეს ესაუბრა:
_ ლაშა, თქვენ მასობრივი შიმშილობის აქციაში მონაწილეობდით, _ რა მიზანს მიაღწია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის ამ ფორმის გამოყენებით?
_ პირველ რიგში, მინდა, თქვენს მკითხველს მივესალმო და ახალი 2022 წელის დადგომა მივულოცო. ვისურვებდი, რომ ამ წელს ჩვენმა ქვეყანამ გაერთიანება და აღმშენებლობა დაიწყოს.
რაც შეეხება იმ უპრეცედენტო პროტესტს, რომლის მონაწილე მეც გახლდით, დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ ჩვენი პროტესტის მთავარი მოთხოვნა იყო მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, რადგანაც მიგვაჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც შეძლო და საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უამრავი პოზიტიური ცვლილება განახორციელა. არ შეიძლება იმ ფაქტთან შეგუება, რომ ის რუსეთის მოთხოვნით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, არის დატყვევებული იმ ქვეყანაში, რომელსაც მან აუშენა ქალაქები, გზები, გაანათა, გაათბო, გაუზარდა ბიუჯეტი, შეუქმნა ქმედითუნარიანი პოლიცია, ჯარი და ა. შ. თუმცა ჩვენ გვქონდა და გვაქვს სხვა ძირითადი მოთხოვნები, როგორიცაა: სამართლიანი მართლმსაჯულება, სასამართლოს რეალური რეფორმა, პოლიტიკური დევნის დასრულება და ნორმალური არჩევნები _ მმართველმა გუნდმა უნდა გაიგოს, რომ თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებით ამ ძირითად პრინციპებზე, პოლარიზაცია ამ ქვეყანაში არ დასრულდება. „ქართული ოცნება“ დღემდე ვერ ხვდება, რომ ის მმართველი ძალაა და დესტრუქციას უნდა მოეშვას. ის რიტორიკა, რასაც მმართველი გუნდი ახორციელებს, დაფუძნებულია ჩაგვრასა და ულტიმატუმის ენაზე, რასთან შეგუებასაც, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ. თუ ამას შევეგუებით, ეს ყველაფერი ჩაგვიყვანს უფსკრულში.
_ მიგაჩნიათ თუ არა, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენება თავიდანვე შეცდომა იყო?
_ არავითარ შემთხვევაში! როდესაც რეჟიმი არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ღირსებასა და ეროვნულ თავმოყვარეობას, კლავს და იტაცებს ადამიანებს თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ყველანაირი პროტესტი, მათ შორის, დაუმორჩილებლობა, ჩვენი კონსტიტუციური უფლებაცაა და ვალდებულებაც. შეცდომად მივიჩნევ იმას, რომ ჩვენი უკიდურესი პროტესტის ფონზე ვერ მოხერხდა სხვადასხვა ჯგუფის თვითორგანიზება და პარალელური ფრონტის გახსნა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. შიმშილობის აქტი თავისი მასშტაბებითა და სოლიდარობით ნამდვილად უპრეცედენტო იყო საქართველოსა და არა მარტო საქართველოს ისტორიაში. ეს არ არის ლიტონი სიტყვები, ეს არის ის, რასაც ვგრძნობ საზოგადოებისგან. ამრიგად, შიმშილობის აქტი იყო პროცესის ნაწილი, რომელმაც თავისი პოზიტიური შედეგი გამოიღო. რა თქმა უნდა, იყო უარყოფითი მხარეებიც: ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ ამ თავგანწირულ აქციაში ყველა საკუთარი ნებით, ცივ გონებაზე მიღებული გადაწყვეტილებით ჩაერთო.
_ გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირებაა ბრძოლის მეთოდების შესახებ, მათ შორის, საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებაზე. ადასტურებთ თუ არა გუნდში განხეთქილებას?
_ არ არსებობს ჭეშმარიტად ძლიერი პარტია, სადაც არ არის აზრთა სხვადასხვაობა. ასეთ პარტიას განსხვავებული აზრის არ უნდა ეშინოდეს და თუ მისი მიუღებლობა აქვს, ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზიაც არ უნდა ჰქონდეს. პარტიაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება კამათის, არგუმენტების ჯახისა და მხარდამჭერების აზრის გათვალისწინებით. უნდა აღინიშნოს, რომ მანდატების რაოდენობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დიდი და მრავალრიცხოვანი პარტიაა და აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია. უმთავრესი ის არის, რომ პარტიის ყველა წევრი და მხარდამჭერი ვთანხმდებით: სიმსივნე, რომელიც „ქართული ოცნების“ სახით ჩვენს ქვეყანას მოედო, სასწრაფოდ მოსაშორებელია და ამისთვის თავგანწირული ბრძოლაა საჭირო. ამის მაგალითი მიხეილ სააკაშვილმა მოგვცა, რომელმაც მიატოვა კომფორტი, თანამდებობა, დიდება, უზრუნველი ცხოვრება და საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების რისკის ფასად ჩვენს დასახმარებლად ჩამოვიდა.
_ რა შემთხვევაში უნდა დაუბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას და ამ მოცემულობაში პარლამენტში დაბრუნება იქნება თუ არა გამართლებული ნაბიჯი?
_ ავტორიტაული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა გზა და ხერხი გამართლებულია. გამართლებულია ყველაფერი, რაც ივანიშვილს სიმყუდროვეს დაურღვევს და ჩამოშლის მის მარიონეტულ ხელისუფლებას. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ პარლამენტიც, ქუჩის აქციებიც, საერთაშორისო პარტნიორებიც და ა. შ. მით უმეტეს, რომ საზოგადოების დაკვეთაც ჩვენ მიმართ სწორედ ეს არის. საზოგადოების უდიდესი ნაწილი და ჯანსაღი ოპოზიციური სპექტრი თანხმდება, რომ „ქართული ოცნება“ საფრთხეა ჩვენი დემოკრატიული და პროდასავლური მომავლისთვის, ჩვენი განვითარებისთვის, უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური წინსვლისთვის და მის მიზანს წარმოადგენს, რაც შეიძლება სწრაფად შეგვიყვანოს რუსეთის სრულ მორჩილებაში. ამასთან შეგუებას არავინ აპირებს და ამ ყველაფრის წინააღმდეგ თავგანწირულ ბრძოლას ვგეგმავთ პარლამენტშიც, საკრებულოებშიც, ქუჩაშიც და ყველგან, სადაც ამის საჭიროება იქნება.
_ 13 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ქართველ ხალხს სიტყვით მიმართა. იზიარებთ თუ არა მის გზავნილებს და რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი მიმართვიდან?
_ მიშას მიმართვაში ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ ექსპრეზიდენტი უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, მზად არის საბრძოლველად. მან თქვა, რომ საქართველოში დაბრუნდა იმისთვის, რათა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ბიუჯეტის ქურდობა, ეკონომიკური უძრაობა, ნგრევა, ადამიანების გაჭირვება, ფასების ზრდა და ხელფასების შემცირება, ჩვენი უსაფთხოების მექანიზმების ხელოვნური განადგურება, ჩვენი მოქალაქეების შეუქცევადი მიგრაცია უცხო ქვეყნებში და ა. შ. მიხარია, რომ ის სწორად აანალიზებს არსებულ რეალობას და მის გამოსწორებაზე მუშაობს.
დარწმუნებული ვარ, ის გააკეთებს იმას, რასაც ამბობს, ის მოიზიდავს 10-მილიარდიან ინვესტიციას და შექმნის 200 000 მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს, დაასრულებს ამ ქვეყნიდან ადამიანების გადინებას. მან ეს ერთხელ უკვე გააკეთა და დარწმუნებული ვარ, კიდევ შეძლებს. ვეთანხმები და ამ ეპოქალურ ბრძოლაში მის გვერდით ვარ. როგორც რიგითი მოქალაქე, მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ.
_ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, 2024 წლის მერე საქართველო აღარ იქნება, _ როგორ აპირებთ რიგგარეშე არჩევნებზე ხელისუფლების დათანხმებას?
_ როდესაც მიხეილ სააკაშვილმა დაბრუნების შესახებ განაცხადა, მან თავისი დაბრუნების უპირველეს მიზეზად სწორედ ის დაასახელა, რომ საქართველოს სახელმწიფოს გაქრობის საფრთხეს ხედავდა და ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები. ერთად მივიდეთ თქვენი კითხვის პასუხამდე: როდის იწყება სახელმწიფოს გაუქმება?! სახელმწიფოს გაუქმება იწყება მაშინ, როდესაც ქვეყანაში უქმდება არჩევნები, მართლმსაჯულება ხდება სრულად პოლიტიზებული, არ არსებობს სასამართლო, სადაც ადამიანი მივა და ქრთამის ან ნაცნობების გარეშე იპოვის სიმართლეს, იჩაგრებიან ადამიანები, პირადი დამსახურებები მეტია კანონზე, ჩინოვნიკები, რომელთა ხელფასიც 5000 ლარია, აშენებენ მილიონიან სასახლეებს და ამ ყველაფრის ფონზე ხალხი ან შიმშილით იხოცება, ან ქვეყნიდან გარბის. დიახ ჩვენ ვდგავართ სახელმწიფოს გაუქმების წინაშე და ამას ბიძინა ივანიშვილი სრულიად შეგნებულად აკეთებს. ვადამდელი არჩევნები? ვადამდელი არჩევნები დაინიშნება მაშინ, როდესაც რეჟიმის მიერ გამწარებული, გაუბედურებული ხალხი ერთმანეთს ხელს ჩაჰკიდებს და ქუჩაში გამოვა. დიახ, უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, უნდა ვიბრძოლოთ და დავიბრუნოთ საქართველო, რომელიც ოლიგარქმა მიიტაცა და საკუთარ ეზოდ აქცია.
_ რა გეგმები გაქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“? გაზაფხულიდან აანონსებთ განსაკუთრებულ აქტიურობას. კონკრეტულად რას მოიცავს თქვენი აქტივობა?
_ პროტესტი, ბრძოლა, თავგანწირვა, ჩვენი მოქალაქეების გვერდით დგომა და მათი დაცვა. აი, ეს არის ის, რასაც უახლოეს მომავალში ვაპირებთ.
_ მხარდამჭერების თვალსაზრისით გაქვთ იმის რესურსი, რომ გრძელვადიანი მასშტაბური საპროტესტო მუხტი შექმნათ?
_ „ქართული ოცნების“ დათვლითაც კი ჩვენ 500 000-ს მხარდამჭერზე მეტი გვყავს. ძალიან უსამართლო უნდა ვიყო და ცუდად უნდა ვიცნობდე ჩვენს ხალხს, რომ ვიწუწუნო და ვთქვა, რესურსი არ არის და საპროტესტო მუხტი არ არსებობსო. ჩვენ ვემზადებით საერთო ეროვნული მობილიზაციის დღის გამოსაცხადებლად, როდესაც მთელი საქართველო დადგება ოლიგარქის პირისპირ!