- პარასკევი, 27 დეკემბერი, 2024
2022-01-21 05:39:02
ნენე ინჯგია
საქართველოში უკვე მეოთხე თვეა, რაც მთავარი პოლიტიკური თემა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობაა. იგი დღემდე ახერხებს და ადგენს პოლიტიკურ დღის წესრიგს, მისი პატიმრობის პარალელურად კი „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა საპროტესტო აქტივობით არის დაკავებული. გასულ კვირას დაგვიანონსეს, რომ გაზაფხულიდან გაათმაგებული ძალებით გააპროტესტებენ სააკაშვილის პატიმრობას და ორ ძირითად მოთხოვნას წამოაყენებენ, რაც იქნება სააკაშვილის პატიმრობიდან განთავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები.
ამ პროცესის პარალელურად კი, 12 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.
მოსამართლის განცხადებით, სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები გადააკვალიფიცირა, თუმცა ისინი ცნეს დამნაშავეებად, ხანდაზმულობის გამო კი გაათავისუფლეს საპატიმრო სასჯელისგან.
აქვს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ გრძელვადიანი მასშტაბური აქციების ჩატარების რესურსი? რამდენად ადეკვატურია მესამე პრეზიდენტის გზავნილები? რაზე მეტყველებს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამოცხადებული განაჩენი?
ამ თემების გარშემო „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:
_ ბატონო გია, რა გამოვლინდა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით?
_ ხელისუფლება საკმაოდ რთულ ვითარებაში იყო. მათი პრობლემა არის საარბიტრაჟო დავა, რაც მიმდინარეობს „ანაკლიის კონსორციუმის“ მხრიდან. ძალიან დიდი თანხაა მოთხოვნილი ზარალის ასანაზღაურებლად. შესაბამისად, გამამართებელი განაჩენის გამოტანა, რაც ობიექტური მართლმსაჯულების პირობებში გარდაუვალი იყო, ეს იქნებოდა მათთვის კატასტროფა, რადგან ირიბად დადასტურდებოდა, რომ უკანონო დევნა მიმდინარეობდა ოპერატორის, რამაც დააფრთხო ინვესტორები და, შესაბამისად, შეიქმნა ფორსმაჟორი, რაც შემდეგ ფორმალურად გამოიყენა ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლისთვის. მოვლენების ასეთი ჯაჭვი, ბუნებრივია, გარანტირებული წაგებაა ხელისუფლებისთვის ამ საარბიტრაჟო დავის. ამიტომ გასაგებია, რომ ისინი გამამართლებელს ვერ გამოიტანდნენ. მეორე მხრივ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ეს იქნებოდა იმის დადასტურება, რომ ჩვენ საერთოდ არათუ სასამართლო არ გვაქვს, არამედ სახელმწიფო არ გაგვაჩნია. გამომდინარე იქიდან, რომ ფულის გათეთრების ნიშანწყალი არ ჰქონდა ამ საქმეს, ამიტომ მათ გადაწყვიტეს ასეთი რაღაც შუალედური განაჩენი გამოეტანათ, ანუ ცნეს ისინი დამნაშავეებად, მაგრამ არ დააპატიმრეს იმის იმედით, რომ კიდევ დროს გაწელავენ და მერე მღვრიე წყალში შეეცდებიან, რომ ამ ყველაფრიდან რაღაც გამოადნონ. ასეთ ვითარებაში ჩაიგდეს თავი და, პრინციპში, ქვეყანაც ჩააგდეს, რადგან საარბიტრაჟოში გამოსატანი ვერდიქტის გადახდა ქართულ სახელმწიფოს მოუწევს. ასეთი სამწუხარო რეალობაა. ამასთანავე, ამ ტიპის შუალედურმა ვერდიქტმა ცალსახად დაადასტურა, რომ საქმე გვაქვს არა მართლმსაჯულებასთან, არამედ პოლიტიკასთან, იმიტომ, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის სრული აბსურდი. მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი იმ ტიპის დანაშაულზე, რაც პროკურატურას ბრალში არც ჰქონდა წარდგენილი, ვერ წარადგენდა, რადგან ამ ტიპის დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადა იყო დარღვეული, შესაბამისად, პროკურატურას ამ თემაზე არათუ დავის, არამედ ძიების წარმოების უფლება არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ჯიუტად გამოიტანა განაჩენი, რომელსაც არანაირი სამართლებრივი შედეგი არ შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამოცანა იყო მხოლოდ პოლიტიკური, ამ ადამიანების დისკრედიტაცია გახლდათ ამოცანა და არა მართლმსაჯულების აღსრულება და თუნდაც ვიღაცის დასჯა, არამედ დისკრედიტაცია ანაკლიის პორტის ოპერატორის. ეს რომ თავიდანვე იყო ამოცანა, ფაქტობრივად, ამ ვერდიქტით დადასტურდა. ამას ისევ სჯობდა, გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანათ და ბოლომდე ჯიუტად ებრძოლათ, რომ ეს არის სწორი. თუ არადა, იმ გადაწყვეტილებამ, რაც მიიღეს, მთლიანად გააშიშვლა მთელი ეს პროცესი და, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ პირველი დღიდან, თავიდან ბოლომდე, ეს საქმე იყო პოლიტიკური და არანაირი კავშირი მას მართლმსაჯულებასთან არ ჰქონდა.
_ ამ საქმის მთავარი ამოცანა ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერების გარდა სხვა რამეც იყო?
_ ვფიქრობ, რომ თავიდან რამდენიმე ამოცანა იყო, მათ შორის, პოლიტიკაც, პირადი მომენტებიც, პირადი ეჭვიანობაც (ვგულისხმობ კვირიკაშვილის მომენტს), ამ ყველაფერს ბევრი მიზეზი ჰქონდა. ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ ანაკლია იყო სამიზნე. ბოლო ეტაპზე ხელისუფლების ამოცანა გახდა ანაკლიის პროექტზე კონტროლის დაბრუნება. არა იმდენად პროექტის ჩაშლა, არამედ პროექტზე კონტროლის აღდგენა, რადგან თუ პირველ ეტაპზე ხელისუფალი ანაკლიის პროექტს უყურებდა საკმაოდ ზერელედ და მიაჩნდა, რომ ეს იყო ეკონომიკურად არცთუ საინტერესო პროექტი და, გარკვეულწილად, კვირიკაშვილს გაუკეთეს რევერანსი, მას მიანდეს ეს თემა მთლიანად (ხელისუფალი არ ფიქრობდა, რომ ეს ძალიან საინტერესო იყო), მსვლელობაში გამოჩნდა, რომ პროექტის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალი იყო. მათ შორის, ამ პროექტმა უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური განზომილება შეიძინა. ხელისუფალი მიხვდა, შეცდომა დაუშვა, როდესაც ამ ტიპის პროექტი მიანდო ჯგუფს, რომელიც მაინცდამაინც გულზე არ ეხეტებოდა და გადაწყვიტა, მასზე კონტროლი აღედგინა. ასეთი ოდიოზური მეთოდით დაიწყო ამის კეთება. ფაქტობრივად, დისკრედიტაციის პროცესი ვიხილეთ ამ გახმაურებული ბრალდებით, ამოქექეს ძველისძველი ვითომ კომპრომატი. დაინახეს, რომ ამ კომპრომატის რეალიზება იმ სავარაუდო მუხლებით, რაზედაც კიდევ შეიძლებოდა საუბარი, შეუძლებელი იყო, რადგან ხანდაზმულობის ვადა დარღვეული იყო. ამიტომ თავიდანვე შეთავაზებულ იქნა იმ ტიპის კვალიფიკაცია, რასაც ხანდაზმულობა აქვს დიდვადიანი. ფულის გათეთრების ბრალდებით გადაწყვიტეს, რომ დაეფრთხოთ პოტენციური ინვესტორები, ანუ კონსორციუმი ამ პროექტისთვის ჩამოეშორებინათ, კონტროლი დაებრუნებინათ მასზე და ამით ევაჭრათ აქეთ დასავლეთთან და იქით _ რუსეთთან. მოგეხსენებათ, დასავლეთს სერიოზული ინტერესი გაუჩნდა პროექტის მიმართ, ხოლო რუსეთი თავიდანვე წინააღმდეგი იყო ამ პროექტის. ეს იყო ამოცანა, მაგრამ საქმე ძალიან გართულდა. ასე მარტივად ვერ მოხერხდა ამ ყველაფრის გაკეთება. საბოლოო ჯამში, იმდენად ღრმად შეტოპა ხელისუფალმა, რომ, ფაქტობრივად, არა კონსორციუმი ჩამოშორდა პროექტს, არამედ მთლიანად ჩაიშალა პროექტი. მე არ მგონია, რომ ხელისუფალის მიზანი თავიდანვე პროექტის ჩაშლა იყო, ვფიქრობ, რომ მიზანი პროექტზე კონტროლის დაბრუნება იყო და შემდეგ ამით ვაჭრობა, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან მოვლენები ცოტა სხვანაირად განვითარდა.
_ თქვენ ახსენეთ, რომ ამ ბრალდებას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი და, მათ შორის, ანაკლიის პორტის პროექტზე კონტროლის მოპოვება. გარდა ამისა, იყო პოლიტიკური ეჭვიანობის ფაქტორი. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სხვადასხვა მაგალითზე, რომ პოლიტიკური ეჭვიანობის გამო კონკრეტული საქმეების წამოწყება ივანიშვილის მართვის სტილია. შესაძლოა, სახელმწიფო ინტერესების დონის საკითხიც კი გადააყოლოს ასეთი ტიპის პოლიტიკურ ეჭვიანობას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია თუ არა პირდაპირ ვთქვათ, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მთავარი დამკვეთი ივანიშვილია?
_ სხვანაირად გამორიცხულია. მე რომც ვთქვა, რომ ეს ასე არ არის, ყველამ ვიცით, როგორ არის მოწყობილი ჩვენი მმართველობითი სისტემა. სასამართლო სისტემასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის არის ერთგვარი კონტრაქტი დადებული, რომლითაც ხელისუფალი უზრუნველყოფს კლანის ძალაუფლებას სასამართლო სისტემაში იმით, რომ აკომპლექტებს სასამართლო ხელისუფლებას ისე, როგორც კლანი უკვეთავს და ამის სანაცვლოდ, კლანი, რა თქმა უნდა, ასრულებს ვალდებულებების თავის ბლოკს. საჭიროების შემთხვევაში ემსახურება აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესს. ასეა მოწყობილი ეს სისტემა, შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური, ბუნებრივია, ვერდიქტი ამ საქმეზე იწერება არა მართლმსაჯულებაში, არამედ იწერებოდა ძალაუფლების ცენტრში. ძალაუფლების ცენტრი ბიძინა ივანიშვილის გარდა სხვა არავინ არსებობს, ჩვენ ხომ ამის უზარმაზარი გამოცდილება გვაქვს და ახლა იმის ილუზია, რომ ვინმე სხვა რამეს წარმოადგენს ამ ქვეყანაში, არ გვაქვს, რადგან საჭიროების შემთხვევაში პირველი პირები ისე ორთქლდებოდნენ, რომ სამ დღეში აღარავის ახსოვდა. იგივე დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი დღეს რომ ყელყელაობს, გვახსოვს, თავის დროზე რომ გამოვიდა და გამოაცხადა იბერიის გაბრწყინების პროგრამა, სამ დღეში ყურებჩამოყრილი გამოვიდა, _ გადავდექიო. არც იმაში ეპარება არავის ეჭვი, რომ ერთი ტელეფონის ზარია საჭირო, რომ ახლაც საპნის ბუშტივით გაქრეს იგი. ასე რომ, ბუნებრივია, ამ ტიპის მძიმე და ძალიან სენსიტიურ საქმეზე განაჩენი ივანიშვილს გამოაქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები. ამ საქმესთან დაკავშირებით მოვლენების კიდევ ბევრი მძიმე განვითარება გველის, არა მხოლოდ საერთაშორისო არბიტრაჟში, არამედ _ ადგილზეც. ვფიქრობ, ხაზარაძე-ჯაფარიძემ არა მხოლოდ ამ ვერდიქტის გაუქმება უნდა მოითხოვონ, იგი სააპელაციოში უნდა გაასაჩივრონ იმიტომ, რომ თავისი არსით ეს გადაწყვეტილება აბსურდულია, არამედ სამოქალაქო სარჩელიც უნდა შეიტანონ იმ ზარალის ანაზღაურებაზე, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა, რადგან ამ შემთხვევაში მხოლოდ ანაკლიის ზარალი არ არის. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ საქმის მსვლელობის პერიოდში ეს ადამიანები ჩამოშორებულები იყვნენ ბანკის მმართველობიდან, მიიღეს პირდაპირი და ირიბი უზარმაზარი ზარალი, არა მხოლოდ მორალური, არამედ კონკრეტულ თანხაში გამოხატული. ვფიქრობ, რომ მათ ეს სარჩელი უნდა შეიტანონ ქართულ სასამართლოშიც, მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია, რა არის ქართული სასამართლო, მაგრამ უნდა იბრძოლონ ბოლომდე. უნდა იბრძოლონ ბოლომდე არა იმდენად საკუთარი ინტერესების დასაცავად, არამედ გამომდინარე იქიდან, რომ ისინი დღეს პოლიტიკაში არიან. მათ უნდა შეძლონ ამ ბრძოლის შედეგად და შექმნან პრეცედენტი, როდესაც ამ ტიპის განუკითხაობა ხელისუფლეის მხრიდან გახდება დასჯადი, არა მხოლოდ სტრასბურგსა და ლონდონის არბიტრაჟში, არამედ საქართველოშიც. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი. ფაქტობრივად, ამ მხრივ ხელისუფალმა მათ საჩუქარი გაუკეთა. აქამდე თუ არ ჰქონდათ პოლიტიკური დღის წესრიგი, ახლა აქვთ მოქმედების ძალიან დიდი სივრცე და უნდა დაამტკიცონ, რომ მათ შეუძლიათ რაღაც.
_ ვრცლად ვისაუბრეთ ივანიშვილზე და იმაზე, რომ სასამართლოს ვერდიქტის მიღმა სწორედ ის დგას. ივანიშვილთან ერთად არ უნდა გამოგვრჩეს ასევე მეორე პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ქმნის ორპოლუსიან რეალობას ჩვენს ქვეყანაში, ვგულისხმობ, მესამე პრეზიდენტს, რომელმაც 13 იანვარს, სასამართლო სხდომაზე, კიდევ ერთხელ მიმართა ქართველ ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ ის ციხეშია, უკვე მეოთხე თვეა, მაინც აქვს პერსპექტივა, დარჩეს მთავარ პოლიტიკურ მოთამაშედ ოპოზიციურ ფლანგზე?
_ ბუნებრივია, ჯერჯერობით, ის ინარჩუნებს მეორე პოლუსის სტატუსს. გამომდინარე იქიდან, რომ ის ძირითადად აკონტროლებს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც განიხილება მეორე პოლუსად, ვფიქრობ, რომ თუ ასე გაგრძელდა პროცესი, მისი ეს გავლენა და მთავარი ალტერნატივის სტატუსი მინავლებადი გახდება იმიტომ, რომ ის დღის წესრიგი, რომელსაც ის ქმნის, შესაძლოა, მისი პირადი პოზიციიდან საინტერესო იყო, მაგრამ ეს ნელ-ნელა იქცევა არა იმდენად შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ბრძოლად, არამედ უფრო პირადი პრობლემების გადაწყვეტის სახე ეძლევა. ბუნებრივია, ამით კარგი არაფერი მოხდება, _ როდესაც ძალიან ახლო დედლაინს ასახელებს, რომ გაზაფხულზე რაღაც უნდა შეიცვალოს და ა. შ., ვფიქრობ, რომ ის ვერ ხედავს მაინცდამაინც კარგად რეალობას. თუნდაც რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნას სჭირდება კონკრეტული სახელმწიფოებრივი მიზეზი, ასეთი მიზეზები ბევრი იყო გასულ წელს, მაგრამ ეს მიზეზები, რატომღაც, უკანა პლანზე გადავიდა, მისი პირადი პრობლემების გამო. სააკაშვილის ირგვლივ, მისი ბელადობით, ამ ტიპის პროცესის წარმართვა ამ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით, შეუძლებელია. ვფიქრობ, ის ამას ვერ ხვდება. ვერ ხვდება იმიტომ, რომ ის კლასიკური პოლიტიკური ეგოცენტრისტია. მას პოლიტიკა მხოლოდ თავის ირგვლივ წარმოუდგენია. ის კი არ ემსახურება პოლიტიკას, პოლიტიკა უნდა მოემსახუროს მას, _ ასე წარმოუდგენია და ეს არის მისი ფატალური შეცდომა. რეალურად, საქართველოში განწყობები მინიმუმ სამ ნაწილად უნდა დავყოთ. რა თქმა უნდა, არსებობს მისი საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, მაქსიმალური მობილიზაციის პირობებშიც კი მის ირგვლივ შეიძლება პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეების 30%-ის გაერთიანება, დანარჩენი 70%-დან ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ის უნდა იჯდეს ციხეში. ასეთები არიან და მან ეს უნდა იცოდეს, მაგრამ, რატომღაც, არ უნდა ამის აღიარება. არის უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც უნდა გარკვევა, თუ რასთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, ვფიქრობ, მისი უპირობო განთავისუფლების მოთხოვნა არის მცდარი და უპერსპექტივო. ერთადერთი, რისი მოთხოვნაც შეიძლება, ეს არის სამართლიანი მართლმსაჯულების მექანიზმების შექმნა, რაც ყველასთვის გასაგები და სიკეთე იქნება. რაც მთავარია, მოსახლეობაში შეიტანს გარკვეულ სიცხადეს, რომ რეალურად რასთან გვაქვს საქმე, რადგან დღეს მოსახლეობის უმრავლესობა დაიბნა, _ პროპაგანდა აცხადებს, რომ ის (მიხეილ სააკაშვილი) არის მონსტრი, კაცის მკვლელი და ურჩხული, კონტრპროპაგანდა კი აცხადებს, რომ ის არის ფრთიანი ანგელოზი. მოსახლეობის უმრავლესობა ამ დროს დაიბნა, რასთან აქვს საქმე, შესაბამისად, უკმარისობის გრძნობა იწვევს იმას, რომ ამ ქვეყნის უმრავლესობას უნდა ნახოს რეალური პროცესი, თუ რა ხდება და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, ჩამოყალიბდეს სააკაშვილთან მიმართებით. ამის საშუალებას ხელისუფლება რომ არ აძლევს მოსახლეობას, ეს ერთია, მაგრამ არც სააკაშვილი და მისი მომხრეები აძლევენ ამის საშუალებას, რადგან ითხოვენ არა სამართლიან მართლმსაჯულებას მის მიმართ, არამედ უპირობო განთავისუფლებას, რაც ცალსახად იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი უდანაშაულოა. შესაბამისად, პოლიტიკური პროცესის ამ კუთხით წაყვანა უკვე უპერსპექტივოა და არაფერი კარგის მომტანი არ არის, არც სააკაშვილისთვის და არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“. მათ, რა თქმა უნდა, პროტესტის უფლებაც აქვთ და, მათ შორის, აქტიური პროტესტის, მაგრამ სწორი გზავნილი უნდა იყოს საზოგადოებაში იმიტომ, რომ სამართლიანი მართლმსაჯულება მარტო სააკაშვილის მიმართ ხომ არ იქნებოდა სიკეთე? _ ეს არის სიკეთე მთელი ქვეყნისთვის, თუ ეს იქნა მიღწეული. სააკაშვილი უპირობოდ რომ გაათავისუფლონ, დღეს ეს იქნება ერთგვარი პიროსის გამარჯვება, რადგან, დავუშვათ, დღეს სააკაშვილი გაათავისუფლეს და ხვალ პოლიტიკური ნიშნით დაიჭირეს ათი სხვა, ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ? როგორ უნდა ვიმსჯელოთ? ამით სახელმწიფოებრივი პრობლემა გადაწყდება?! _ რა თქმა უნდა, ვერ გადაწყდება. ერთ კაცს გამოუშვებენ და 10-ს დაიჭერენ. იმ ათის სიცოცხლე და მათ მიმართ სამართლიანობა არაფერს ნიშნავს?! დღის წესრიგის ჩაკეტვა სააკაშვილის თემით არასწორია, როდესაც მილიონი სხვა პრობლემა არსებობს. დიდი ბოდიში და დღეს რომ 60 ადამიანი დაიღუპა კოვიდით, ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ ეცოცხლათ და ნაცვლად იმისა, რომ ამ პანდემიის უუნარო მართვაზე ისაუბრონ, ისინი იმაზე ლაპარაკით არიან დაკავებული, თუ რამდენი აქვს წნევა სააკაშვილს. ამ დროს ვიღაცას ხომ უჩნდება კითხვა, _ ამ ადამიანის ჯანმრთელობა ძვირი ღირს და იმ ადამიანების სიცოცხლე არაფერი ღირს?! ასე რომ, სააკაშვილის თემაზე პოლიტიკური პროცესის ჩაკეტვა არის ისევ ხელისუფლების ინტერესში, იმიტომ, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით მათ გამზადებული პასუხები აქვთ. მესიჯბოქსიც აღარ სჭირდებათ, ზეპირად იციან, რა თქვან და როგორ თქვან, სხვა სახელმწიფოებრივ პრობლემებზე პასუხები კი არ აქვთ, ამ დროს ეს პრობლემები თითქოს არ არსებობს, არც ინფლაცია, არც გაჭირვება, არც უმუშევრობა, არ ფასების მატება და მხოლოდ სააკაშვილი არსებობს. სამყარო დატრიალდა სააკაშვილის თემის ირგვლივ და ხელისუფლება შოკოლადშია ამით, ეს ურჩევნიათ, რატომაც არა.
_ სააკაშვილის თემის მუდმივად აქტუალიზაციით არათუ „ნაციონალური მოძრაობა“ და თავად სააკაშვილი სარგებლობს, არამედ მათზე მეტად „ქართული ოცნება“ იღებს სარგებელს ამ საკითხით?
_ მე იმას კი არ ვამბობ, რომ გარიგებაშია და ამიტომ აკეთებს, უბრალოდ, ასე გამოდის: ის არის პოლიტიკური ეგოცენტრისტი, მისიონისტია, ის მართლა ასე ფიქრობს, რომ ის არის სამყაროს ცენტრი და მის ირგვლივ უნდა ტრიალებდეს ცა და ვარსკვლავები, სწორედ ამით სარგებლობს „ქართული ოცნება“.
_ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცხადებენ, რომ გაზაფხულიდან გაათმაგებული ძალებით დაიწყებენ საპროტესტო გამოსვლებსა და ბრძოლას რიგგარეშე არჩევნებისა და სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით. თუ გავითვალისწინებთ იმ გამოცდილებას, რაც ამ კუთხით დააგროვა ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ძალამ, მათ რამდენად აქვთ იმის რესურსი, რომ ამჯერად მიზანს მიაღწიონ, თუ ეს იქნება მათი ელექტორატისა და მხარდამჭერებისთვის მორიგი იმედგაცრუება?
_ რა თქმა უნდა, ისევ არის მცდელობა, რომ თამასა აწიონ. გავიხსენოთ მე და თქვენ, რამდენი ხანია, ოპოზიცია აცხადებს, რომ შემდეგი კვირიდან გავლენ მოსახლეობაში? დაახლოებით, წელიწადზე მეტია, რაც ყოველ კვირას ამას აცხადებენ. ჯერ წვიმა მოვიდა, ვერ გავიდნენ, მერე ცხელოდა, ვერ გავიდნენ, შემდეგ ახალი წელი მოვიდა, _ პოლიტიკურ პროცესს თარიღის დასახელება კი არ სჭირდება, არამედ მთავარი გზავნილი უნდა გაახმოვანო, რას ითხოვ. თუ მთავარი მოთხოვნაა სააკაშვილის განთავისუფლება, ეს არ არის ის თემა, რასაც შეიძლება სერიოზული ცვლილებები მოჰყვეს ამ ქვეყანაში. ჯერ თემა იპოვონ, რა თემით გამოდიან პოლიტიკურ ველზე და შემდეგ ვისაუბროთ, რამდენად პერსპექტიულია და რა ვადებში შეიძლება ამის განხორციელება. სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციას თემა არ აქვს. რაც ჰქონდა, ყველაფერი წყალში გადაყარა, მათ შორის, ტოტალური მოსმენები, გაყალბებული არჩევნები და ბევრი სხვა, ყველაფერი წყალში გადაყარეს. ყველაფერს დაუკარგეს აქტუალიზაცია, ახლა რა თემით გამოდიან გაზაფხულზე, _ სააკაშვილის განთავისუფლებით?! რიგგარეშე არჩევნებს რომ მოითხოვენ, რის საფუძველზე დააყენებენ ამ მოთხოვნას, გაყალბებული არჩევნების საფუძველზე? ამაზე ახლა კი არ უნდა ლაპარაკობდნენ, მაშინვე უნდა ელაპარაკათ, იგივე შარლ მიშელის ხელშეკრულების უპრეცედენტო დარღვევა ხელისუფლების მხრიდან. გამოიყენეს ეს თემა რამეში?! _ ვერაფერში გამოიყენეს, აქტუალიზაცია დაკარგა ამ თემამ. მოთხოვნა და ფეხების ბაკუნი გავიგე, მაგრამ რის საფუძველზე ითხოვენ, ეს უკვე აღარავის აღარ ახსოვს. თვითონ გაიყვანეს დღის წესრიგიდან ეს თემები, რის საფუძველზეც შეიძლებოდა ამ მოთხოვნის ფორმირება. ახლა თემა უნდა მოიძებნოს, იპოვონ ჯერ თემა და მერე ვილაპარაკოთ სააკაშვილის განთავისუფლების თემით, _ ეს შეუძლებელია...