ხუთშაბათი, 24 აპრილი, 2025
2020-10-02 07:42:06
არჩევნების წინ, როგორც წესი, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის სიტუაცია მწვავდება ხოლმე. ჩვენში ამ მხრივაც განსაკუთრებული ვითარებაა. ოპოზიციის ერთ ნაწილს საერთოდ დაავიწყდა ხელისუფლების არსებობა და ერთმანეთის ჭამით დაკავდა. ამ მიმართულებით „ნაციონალებმა“ და „ევროპულმა საქართველომ“ გამოიჩინეს თავი. ამათი შემხედვარე, კაცი ვერ იფიქრებს, რომ ოდესღაც ისინი ერთ გუნდს წარმოადგენდნენ. არადა, მართლა ასე იყო. წლების მანძილზე ერთად იყვნენ და ერთმანეთზე ბევრი რამე იციან. წამოსაძახებელიც ძალიან ბევრი აქვთ. „ნაციონალები“ ფიქრობენ, რომ „ევროპული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილს შეეკრა.
რას ვერ იყოფენ ყოფილი თანამებრძოლები? რა გეგმა ჩაეშალა ბიძინა ივანიშვილსა და გიგა ბოკერიას? რას აპირებს სააკაშვილი? რატომ არაფერს ამბობს ხელისუფლება ვანო მერაბიშვილზე და ვის ეშინია მისი ალაპარაკების? რატომ იფეთქა კორონამ აჭარაში? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ჯელალ ქიქავა ესაუბრება:
_ ბატონო ჯელალ, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის სერიოზული დაპირისპირება დაიწყო. არჩევნების წინ ეს რამდენად ნორმალურია? იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას უპირისპირდებოდეთ, ერთმანეთს ებრძვით?
_ ეს დაპირისპირება ახლა არ დაწყებულა ეს დიდი ხანია, რაც მიდის. ამათი გზები გაიყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. იმ ხალხმა, „ევროპულ საქართველოს“ რომ უწოდებს თავს, ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნები „გაუპრავა“ და მერე „ნაციონალებიდან“ წამოვიდა. იქიდან მას შემდეგ წამოვიდნენ, რაც პარტიაში გადატრიალება ვერ მოაწყვეს. „ნაციონალებს“ ეს ამბები კარგად ახსოვთ. გასაოცარია, თუ რატომ უკვირს ხალხს ის დაპირისპირება, რასაც ახლა მათ შორის ვხედავთ. ეს ნორმალური პროცესია.
_ აქამდე ეს, ასე თუ ისე, ნორმალურ პროცესად ჩანდა, მაგრამ არჩევნების წინ რამდენად ადეკვატურია, თან მაშინ, როცა ოპოზიცია ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობს? ამაზე „ნაციონალებსაც“ არაერთხელ გაუკეთებიათ განცხადება.
_ გასაგებია, რომ ოპოზიციის ერთიანობა აუცილებელია, მაგრამ ამის გამო ყველაფერზე თვალებს ხომ არ დავხუჭავთ? ხალხმა სიმართლე ხომ უნდა გაიგოს? სიმართლის თქმა, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია.
_ რა სიმართლეზე საუბრობთ?
_ იმაზე, რომ „ევროპული საქართველო“ შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ისინი პარტიაში გადატრიალების მოწყობას აპირებდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ჩატარდა ყრილობა და ერთმა ხმამ გადაწონა ის, რომ მათ პარტია ვერ წაიღეს. ბოკერიას გუნდმა ვერც ოფისები წაგვართვა. ბოკერია და მისი ფრთა ივანიშვილს დაჰპირდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს გაწევდნენ, მაგრამ ვერ გაწიეს.
_ საიდან უნდა გაეწიათ მიშა?
_ პარტიიდან.
_ მიშა პარტიიდან ხომ ისედაც გაწეული იყო. ის იმ დროს უკრაინაში საქმიანობდა და არც საქართველოსთვის ეცალა და არც _ პარტიისთვის.
_ მერე რა, რომ უკრაინაში მოღვაწეობდა? ის აქტიურად იყო ჩართული პარტიის საქმიანობაში. ქართულ პოლიტიკაში ყველაზე სერიოზული მოთამაშე გახლდათ და ახლაც ასეა. ეს ფაქტი ივანიშვილს აღიზიანებდა და ახლაც აღიზიანებს. ამიტომ შეუთანხმდა ბოკერიას ფრთას, რომ მიშას გაწევდნენ. ერთადერთი კაცი, ვისიც ბიძინას ეშინია, ეს არის სააკაშვილი.
_ რატომ უნდა ეშინოდეს ივანიშვილს სააკაშვილის?
_ იმიტომ, რომ მხოლოდ მიშას შეუძლია ამ ოლიგარქის წაქცევა. სხვა დანარჩენი ბიძინას არ აინტერესებს. ის ბოკერიას დაჰპირდა, რომ თუ მიშას გვერდზე გაწევდა, 4 წლის შემდეგ ხელისუფლებას მას გადააბარებდა.
_ როდის დაჰპირდა ბოკერიას ივანიშვილი ამას?
_ 2016 წელს.
_ თუ მართლაც ასეთი პირობა დაიდო, ივანიშვილს წელს უწევს ბოკერიასთვის ხელისუფლების გადაბარება.
_ გადაბარება აღარ მოხდება. მიშა გევრდზე რომ გაეწიათ, გადააბარებდა, მაგრამ მიშას ჩამოშორების ოპერაცია არ გამოვიდა. „ნაციონალებმა“ და სააკაშვილმა დაამტკიცეს, რომ ისინი ყველაზე მძლავრ ძალას წარმოადგენენ საქართველოში.
_ პარტიის სიმძლავრე რაში გამოიხატება?
_ ბევრ რამეში. 8 წელია, მთავარი ოპოზიციური პარტიაა, ყველა მას ებრძვის, მაგრამ მილიონამდე კაცი ჰყავს მხარდამჭერი. ეს პატარა საქმე არ არის და ამით ბევრი რამეა ნათქვამი. „ევროპული საქართველოს“ შემოტევები ვერაფერს დააკლებს ჩვენს პოლიტიკურ ძალას.
_ ისე, რაღა არჩევნების წინ მოგინდათ „ნაციონალებსა“ და „ევროპულ საქართველოს“ საქმეების გარჩევა?
_ ახლა დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი. ეს დაპირისპირება „ევროპულმა საქართველომ“ დაიწყო. ჩვენ დაპირისპირების არანაირი სურვილი არ გვქონია. იმათ საამისოდ მიზეზი ჰქონდათ.
_ რა მიზეზი?
_ მიხვდნენ, რომ არჩევნები წააგეს და ახლა ცდილობენ, ჩვენ გვესროლონ ტალახი. აშკარად ზომაზე მეტად განერვიულებულები არიან. როცა ადამიანი ნერვებმოშლილია, ბევრ შეცდომას უშვებს. შცდომას შეცდომაზე უშვებენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც.
_ „ნაციონალებიც“ განერვიულებულები ჩანხართ. თქვენი პარტიის წარმომადგენლებიც ყველას ეჩხუბებიან.
_ „ნაციონალები“ ძალიან კარგად იქცევიან. ჩვენ უმიზეზოდ არავის ვუპირისპირდებით, არც არავის ვეჩხუბებით, არც ოპოზიციაზე გვითქვამს ცუდი რამე.
_ აბა, „გირჩსა“ და გიორგი ვაშაძის პარტიას თავს რომ ესხმით?
_ თავს სად დავესხით? მსგავსი რამე არ მომხდარა. მიშა სააკაშვილმა ერთი თქვა ვაშაძეზე და ამით დამთავრდა ყველაფერი. თქვა, რომ როცა მე უკრანაში მკლავდნენ და დამდევდნენ, გიორგი ვაშაძე პოროშენკოსთან წავიდა სამუშაოდო. მე არ მიკვირს, რომ მიშა ვაშაძეს აღარ ენდობა. ადამიანი ასეთ რამეს რომ გააკეთებს, მას ვეღარ ენდობი.
_ თუ არ ენდობოდა, მაშინ როგორ ჩააბარეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბი? გრიგოლ ვაშაძე ხომ „ნაციონალების“ წარდგენილი კანდიდატი იყო. „ნაციონალური“ მოძრაობა ამ გადაწყვეტილებას სააკაშვილის გარეშე არ მიიღებდა.
_ არ ვიცი და ვერ გეტყვით, თუ რატომ ჩააბარეს გიორგი ვაშაძეს საარჩევნო შტაბი. პოლიტიკის ტიტანებთან არ მაქვს კავშირი. შესაბამისად, რაღაც-რაღაცები არ ვიცი, პოლიტიკაში ბევრი უცნაურობა ხდება. დღეს შეიძლება, გაპატიონ რაღაც, მაგრამ მერე საჭირო გახდეს და წარსულს წამოგაძახებენ.
_ გინდათ თქვათ, რომ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა, ხან შეჭამენ ერთმანეთს, ხანაც მიუტევებენ?
_ მე რომ შევხედე, დავრწმუნდი, რომ პოლიტიკაში მართლა ყველაფერი მოსულა. პოლიტიკა ასეთია და ჩვენ ვერ შევცვლით.
_ თქვით, პოლიტიკის ტიტანებთან კავშირი არ მაქვსო, მაგრამ ხალხთან ხომ გაქვთ კავშირი?
_ ხალხთან როგორ არ მაქვს კავშირი. გადასარევად ვიცი მათი აზრი, მათი პრობლემები, განწყობები. უამრავ ადამიანს შევხვედრივარ, უამრავისთვის მომისმენია.
_ ეს ხალხი რას გეუბნებათ ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე? მოსახლეობა ოპოზიციისგან ხომ ერთიანობას ითხოვდა.
_ მე იმ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერენ მხარს. ისინი ფიქრობენ, რომ „ევროპული საქართველო“ არასწორად მოიქცა. არასწორად მოიქცნენ მაშინაც, როცა პარტია დატოვეს და არასწორად იქცევიან ახლაც, როცა ცდილობენ, რომ მიშას ოპოზიციაში იყვნენ. ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ამას არც ხალხი ამართლებს.
_ თქვენ არასდროს ყოფილხართ მიშას საწინააღმდეგო მხარეს? სულ ოპოზიციაში იყავით და ამიტომ გეკითხებით.
_ 2011 წლამდე „ნაციონალებს“ ოპოზიციაში არ ჩავდგომივარ. 2011 წელს „ნაციონალებმა“ ძალას გადაამეტეს და მეც ოპოზიციაში ჩავუდექი. დღესაც ასე მიმაჩნია, რომ 2012 წელს ისინი უნდა წასულიყვნენ.
_ თქვენც ივანიშვილის მხარდამჭერი იყავით?
_ ასე გამოვიდა. მეგონა, რომ ივანიშვილი მილიარდერი კაცია და ამ ქვეყანას რაღაცას გაუკეთებდა. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუ ის საქართველოს ასეთ მძიმე დღეში ჩააგდებდა.
_ არჩევნებამდე ერთი თვე რჩება. მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაუწყვეტელია, არ იცის, ვის დაუჭიროს მხარი. შეძლებს ოპოზიცია მათი მხარდაჭერის მოპოვებას?
_ წესით, არ უდა გაუჭირდეს ოპოზიციას მათი ხმების მოპოვება. მოსახლეობის 95% „ქართული ოცნების“ საქმიანობით უკმაყოფილოა. ბოლო დროს ცოტა უფრო ნაკლები კონტაქტი მაქვს ხალხთან, მაგრამ მისი განწყობები ვიცი. კორონის გამო უკვე მესამედ ვარ თვითიზოლაციაში. ახლა მთელი აჭარა ჩაკეტეს და ვირუსის აფეთქებას საზღვაო სეზონს აბრალებენ. სინამდვილეში, ყველაფერი დენდროლოგიური პარკის ბრალია. აჭარაში ტურისტი მანამდეც ჩამოდიოდა, მაგრამ კორონა არ აფეთქებულა. ვითარება ივანიშვილის დენდროპარკის გახსნის შემდეგ შეიცვალა.
_ ამას არავინ ადასტურებს.
_ ამას ხელისუფლება როგორ დაადასტურებს. ივანიშვილს ვინ დაუპირისპირდება? ამაზე არც ბოკერიას „ევროპელები“ იტყვიან რამეს. ბოკერიას გუნდი მიხვდა, რომ თამაშიც წააგეს და _ არჩევნებიც, ამიტომ ახლა მავნებლობაზე გადავიდნენ. ცდილობენ, რომ მაქსიმალურად დააზიანონ „ნაციონალური მოძრაობა“.
_ თუ ასეთი მავნებლები არიან, „ნაციონალებმა“ „ევროპულ საქართველოსთან“ როგორ გააფორმეს შეთანხმება, რომ ისინი ამომრჩევლის ხმებს დაიცავენ? ამ შეთანხმებას სხვა ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან.
_ სხვა პარტიების იმედი ნამდვილად მაქვს, რომ ხმებს დაიცავენ და ქუჩაში გამოვლენ, მაგრამ „ევროპულ საქართველოზე“ რა გითხრათ. მახსოვს, 2016 წელს როგორ „გაუპრავა“ ამ გუნდმა ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნების შედეგები. მიშა დიდი პოლიტიკოსია და ბოკერიას გუნდს ეს მისთვის არ უნდა გაეკეთებინა.
_ დიდი პოლიტიკოსი თუ არის, რატომ ჩასვა ეს ხალხი სიაში? სააკაშვილმა არ ჩაწერა ისინი საარჩევნო სიაში?
_ მიშა იყო კიევში და აქ არსებულ ვითარებას ბოლომდე ვერ აკონტროლებდა. ეტყობა, მან ბოკერიას დახმარებით შეადგინა ეს სია. მათი ასეთი საქციელი არ ყოფილა მოულოდნელობა, მაგრამ თენგიზ გუნავასგან ამას ნამდვილად არ ველოდი. არ მეგონა, თუ ისიც ასე მოიქცეოდა.
_ გუნავასგან ასე მოქცევას რატომ არ ელოდით?
_ მიშასთან ძალიან კარგად იყო.
_ ეგრე ბოკერია და მიშაც კარგად იყვნენ ერთმანეთთან.
_ ვინ ამბობს, რომ კარგად არ იყვნენ? ბოკერია არის ჭკუის კოლოფი და საინტერესოა, რატომ ვერ გათვალა, როცა ბიძინა ივანიშვილს გაურიგდა? ეს თამაში მან ძალიან მწარედ წააგო მიშასთან. წინასწარ ყველაფრის გათვლა ჭკუის კოლოფებსაც უჭირთ ხოლმე.
_ მაგალითად, რა ვერ გათვალეს?
_ ის, რომ ბოლომდე ვერ გაქაჩავდნენ. ამით თავად დაზარალდნენ, თორემ მიშასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ისევ უამრავი მხარდამჭერი ჰყავს. ამას არჩევნებზეც ვნახავთ. იმასაც ვნახავთ, თუ ვინ დააკომპლექტებს მთავრობას.
_ ფიქრობთ, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება?
_ დამოუკიდებლად ვერც ერთი პარტია ვერ დააკომპლექტებს მთავრობას. და ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ძალიან ცოდო იქნება. წინასწარ თანავუგრძნობ ამ ადამიანებს.
_ ცოდო რატომ იქნება?
_ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ქვეყანა ააოხრა. ყველა სფერო ფეხზეა დასაყენებელი. ამას კოალიციური მთავრობა გააკეთებს. გაუჭირდებათ, მაგრამ მაინც გააკეთებენ. განსაკუთრებით ახალგაზრდების იმედი მაქვს. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოვიდეს ხელისუფლებაში. ჩვენი გუნდი ახალგაზრდებითაა სავსე.
_ „ნაციონალების“ მაჟორიტარებს თუ გადავხედავთ, ახალგაზრდები არიანო, ვერ ვიტყვით.
_ შემართებით ახალგაზრდები არიან და ძალიან ბევრ კარგ საქმეს გააკეთებენ. საქმის გაკეთება რომ შეუძლიათ, ეს ერთხელ უკვე დაამტკიცეს.
_ ამ პარტიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო ვანო მერაბიშვილი. ახლა ის გვერდით გაწიეს და ვიღაცები მას კბენენ კიდევაც. რა ხდება?
_ წლების წინათ ვანო მერაბიშვილი იყო ამ პარტიის თავმჯდომარე. მან იმ დროს თქვა პარტიის თავმჯდომარეობაზე უარი, როცა პარტიის ბედი წყდებოდა და ამას ვერ პატიობენ. ეს ჩემი აზრია. შეიძლება, სხვა მიზეზია.
_ ამ ყველაფრის შემდეგ მერაბიშვილი თუ დარჩება პარტიაში?
_ ვანო ყოველთვის იქნება ამ პარტიაში. მას ზურგს ვინ აქცევს? _ იმდენი რამე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული.
_ ვანო ბიძინასაც მოსწონს. სულ ამბობდა, კარგი მენეჯერიაო.
_ მაგი არის არაკაცი და მაგას არც ერთი სიტყვა არ დაეჯერება. კარგი მენეჯერობის გამო გამოკეტა ვანო ციხეში? მას ხალხი ენდობა. ბიძინასგან განსხვავებით ვანოს სიტყვა _ სიტყვაა.
_ ისე, „ქოცები“ მერაბიშვილზე საეჭვოდ დადუმდნენ და რა ხდება, რატომ აღარ ლანძღავენ მას?
_ არ ლანძღავენ იმიტომ, რომ მათთვის ასე აჯობებს. ვანო შს მინისტრი იყო და ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელია.
_ ამის გამო არიან ჩუმად?
_ ამის გამოც. ვანოს ბევრი რამის თქმა შეუძლია მათზე.
_ „ქოცებსაც“ ბევრი რამის თქმა შეუძლიათ ვანოზე.
_ მერე თქვან, რატომ არ ამბობენ? ხელისუფლებაში ეგენი არიან. რამე აქვთ სათქმელი და ამხელა მონსტრი ჩუმადაა? არ მჯერა.
_ მონსტრიო, თქვით ხელისუფლებაზე და არჩევნებზე მაგ მონსტრთან ბრძოლას როგორ აპირებთ?
_ ძალიან მშვიდად. ჩვენი საზოგადოება უკვე გაიზარდა პოლიტიკურად. არჩევნებიც ისე ველურად აღარ ტარდება. იმას ყველა ვაღიარებთ, რომ ყუთებში ტომრებით აღარ ყრიან ბიულეტენებს. ახლა იქამდე უნდა მივიდეთ, რომ ყველამ ვისწავლოთ არჩევნებზე მისვლა.
_ არჩევნებზე წასვლა დიდად არ გვიყვარს.
_ არ გვიყვარს, მაგრამ აუცილებელია. მარტო ფეისბუქზე აზრის დაფიქსირებას რა აზრი აქვს? რამის შეცვლა თუ მართლა სურს ადამიანს, ის არჩევნებზე უნდა მივიდეს. იმედი მაქვს, არჩევნებზე სიარულსაც ვისწავლით. 2020 წელს საპალამენტო არჩევნებზე ბევრი ხალხი წავა.
_ კორონა ამაში ხელს არ შეგვიშლის?
_ რა ვიცი, რა გითხრათ? ეს ოხერი კორონა სახლში მაქვს.
_ რას ნიშნავს, სახლში გაქვთ?
_ ჩემს შვილს დაემართა და მთელი ოჯახი თვითიზოლაციაში ვართ.
_ ახლა როგორ არის თქვენი შვილი?
_ კარგად არის. ახალგაზრდაა და იოლად გადაიტანა. ახლა საავადმყოფოშია და მალე გამოწერენ, არავინ თქვას, რომ კორონა არ არსებობს. არსებობს, მაგრამ რაღაცები მაინც საეჭვოა.
_ რა არის საეჭვო?
_ საეჭვოა, რომ ყველას კორონას უწერენ, მათ შორის, იმათაც, ვინც გაციებულია და ახველებს. შეიძლება, ამას სიფრთხილის გამო სჩადიან, მაგრამ მგონია, რომ ფულს აკეთებენ. ჩემი შვილი თავიდან სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში ჰყავდათ. მერე გადაიყვანეს საავადმყოფოში. საავადმყოფში ხომ წევს ჩემი შვილი, მაგრამ იმ ნომრის ფულს სახელმწიფო კიდევ იხდის, სადაც ჩემი შვილი იყო. სხვა ინფიცირებულების შემთხვევაშიც ასეა. ბათუმის სასტუმროები და საავადმყოფოები გადავსებულია. კორონაინფიცირებულები თბილისსა და ქუთაისში გადაჰყავთ. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე გადაივლის და საპარლამენტო არჩევნებისთვის სიტუაცია დალაგდება. არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს და ეს ხელისუფლება შეიცვალოს.
ხელისუფლება თუ არ შეიცვალა, აქ უბედურება დაიწყება. კრიმინალი კიდევ უფრო მოიმატებს. სამუშაოები არაა, ყველაფერი ძვირდება. მშიერი ხალხი იძულებული გახდება, მოიპაროს. გაზრდილი კრიმინალის ალაგმვა და გაჩერებული საქართველოს ამუშავება ჩვენს ხელთ არის. ამისთვის არჩევნებზე უნდა მივიდეთ და „ქართულ ოცნებას“ უარი ვუთხრათ. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. „ევროპული საქართველო“ რას იზამს, არ ვიცი. იმედი მაქვს, გადამწყვეტ წამს ისინი ისევ ივანიშვილის გვერდით არ დადგებიან. ერთხელ უკვე წაიტეხეს კისერი.
მათი ბედი ნაკლებად მაღელვებს. მე ის მაწუხებს, რომ მავნებლობაზე არიან გადასულები და მთავარ ოპოზიციურ ძალას აზიანებენ. ასე თუ გააგრძელეს, ჩვენგანაც მიიღებენ პასუხს. მათზე ბევრი რამე ვიცით. არავის დავიწყებია, თუ როგორი მოძალადეები იყვნენ და როგორ იშოვეს ამდენი ფული.
_ ისინი მაშინ ძალადობდნენ და მაინც იშოვეს ფული, როცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ. ეგენი იყვნენ ტარტაროზები და სხვები _ ანგელოზები?
_ შეცდომები ყველამ დაუშვა, მაგრამ „ევროპულმა საქართველომ“ თავი მოიჭრა. უკვე მიხვდნენ, რომ ამ არჩევნებზე მათი საქმე დამთავრდება და ახლა მავნებლობენ.
შორენა მარსაგიშვილი