QronikaPlus
დიმიტრი ბიძინაშვილი: „ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მიხვდნენ, რომ ივანიშვილის სახით აფერისტთან აქვთ საქმე“

დიმიტრი ბიძინაშვილი: „ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მიხვდნენ, რომ ივანიშვილის სახით აფერისტთან აქვთ საქმე“

2020-10-02 07:32:40

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ოქტომბერი პოლიტიკურად ცხელი იქნება. აშკარაა, ხელისუფლება ძალადობაზე უარს არ იტყვის. ამაში ეჭვი არც არასამთავრობო ორგანიზაცია „შეცვალეს“ ერთ-ერთ დამფუძნებელ დიმიტრი ბიძინაშვილს ეპარება. ის თავის მეგობარ ლევან ხაბეიშვილს საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ეხმარება. ხაბეიშვილი სამგორის მაჟორიტარად იყრის კენჭს. ცოტა ხნის წინათ მას აფრიკის დასახლებაში ოფისი დაურბიეს. დარბევა დღისით-მზისით მოხდა, მაგრამ დამრბევები არავის გამოუვლენია. ბიძინაშვილი დარწმუნებულია, რომ მსგავსი ფაქტები კიდევ იქნება, მაგრამ ეს ვერც ოპოზიციას დააშინებს და ვერც _ ამომრჩეველს.

ვის უნდა ჩამოერთვას ქონება? ვინ უნდა წავიდეს ციხეში? როგორ ატყუებს ივანიშვილი ამომრჩეველს? გაჭრის თუ არა ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ ოლიგარქის ტრიუკები? რატომ აღარ სურთ დასავლელ პარტნიორებს მასთან თანამშრომლობა? რა არის „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება:

_ ბატონო ბიძინა, ოპოზიცია და უფლებადამცველები ჩივიან, რომ წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნება“ ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობრივ მეთოდებს იყენებს. თქვენ აქტიურად ხართ საარჩევნო პროცესებში ჩართული და რას გვეტყვით ამის შესახებ?
_ ძალადობა თვალში საცემია. მოგეხსენებათ, ჩემს მეგობარ ლევან ხაბეიშვილს ვეხმარები და ხშირად მიწევს ამომრჩეველთან შეხვედრებზე სიარული. ჩვენ როცა ამომრჩეველს ვესაუბრებით, თუ როგორ უნდა ამოვიდეს ქვეყანა ამ ჭაობიდან, „ოცნების“ მომხრეები ქვებს აგროვებენ და გვესვრიან. ყველამ იცით, რომ აფრიკის დასახლებაში ხაბეიშვილის შტაბს ქვები დაუშინეს და მინები ჩალეწეს. ეს არ იყო ლევანისთვის ნასროლი ქვები, „ოცნებამ“ ქვები სიმართლეს დაუშინა. ეს შუშები რომ ჩალეწეს, კრიმინალი აღმოიფხვრა თუ ლარი გამყარდა? ან, იქნებ, გაჭირვება აღარ არის? თბილისში ძალიან ბევრს უჭირს, მაგრამ სამგორის რაიონი ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული უბანია. იმის ნაცვლად, რომ მათი მდგომარეობის შემსუბუქებაზე იზრუნონ, ქვები მოიმარაგეს და ოპონენტის შტაბს დაუშინეს. ეს ქვები თავად „ქართულ ოცნებას“ მოხვდება, არჩევნებზე საკადრისს პასუხს მიიღებენ ხალხისგან.
ამ ძალადობის ფონზე, უკიდურესად გაჭირვებულ რაიონში, სახელისუფლებო კანდიდატი დადის და ამომრჩეველს ეუბნება, თუ ამირჩევთ, რაღაცებს გავაკეთებო. არადა, ეს კაცი რვა წელია, რაც ხელისუფლებაშია და რამის გაკეთება რომ სდომოდა, ამისთვის საკმარისი დრო ჰქონდა. სამგორში აუცილებლად წაიკითხავენ თქვენს გაზეთს და მათ მინდა მივმართო: თუ უნდათ, რომ არაფერი შეიცვალოს, მაშინ სოზარ სუბარი აირჩიონ. ეს ადამიანი არაფერს გააკეთებს და სამგორის მოსახლეობის პრობლემები კვლავ გადაუჭრელი დარჩება.
ოპონენტებზე თავდასხმები და ძალმომრეობა „ქართული ოცნების“ მახასიათებელია. იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანაზე იფიქრონ, ქვებს აგროვებენ და ისვრიან. არც ერთი დანაპირები არ შეუსრულებიათ ხალხისთვის. ამის გადაფარვას ძალადობით ცდილობენ.
_ ხელისუფლების მტკიცებით, თითქმის ყველა დანაპირები შესრულებულია. მათი ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, უამრავი საწარმო გაიხსნა, რაც ხელისუფლებაში მოვედითო.
_ ფულის შოვნის საწარმოები მართლა გახსნეს ფარცხალაძეებმა, უჩა მამაცაშვილებმა და ვანო ჩხარტიშვილებმა. ივანიშვილის გარემოცვა თავზე დააჯდა ქვეყანას და ჩვენს ხარჯზე შოულობს მილიონებს. ასეულობით მილიონი ლარი მოპარა ამ ჯგუფმა ჩვენს მოქალაქეებს. ამ ფულით უამრავი საქმის გაკეთება შეიძლებოდა. არ დაგვავიწყდეს, რომ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები 10 წლით უფრო დიდი ხნით ცხოვრობენ, ვიდრე საქართველოში, რადგან ღირსეული პენსია აქვთ და ნაკლებად ნერვიულობენ. არც მედიკამენტების შეძენის პრობლემა აქვთ და არც _ ექიმთან მისვლის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ ფულთან ერთად ჩვენს მოსახლეობას სიცოცხლესაც ჰპარავს.
ამიტომ კეთილი ვინებოთ და შევცვალოთ არსებული ვითარება. ოლიგარქმა ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ აუცილებლად უნდა დააბრუნონ ის თანხები, რაც საქართველოს მოსახლეობას მოჰპარეს.
_ მოპარულ თანხებს ვინ აბრუნებდა, ამათ რომ დააბრუნონ?
_ ოდესმე ხომ უნდა დაისაჯოს ვიღაც ხალხის ფულის მოპარვისთვის? დარწმუნებული ვარ, რომ მოპარულის დაბრუნება მოუწევთ.
_ თქვით, რომ კეთილი უნდა ვინებოთ და შევცვალოთო. ცვლილებები ხალხის გარეშე არ გამოვა. ბევრ ადამიანს ხვდებით და რას ამბობენ, არიან ცვლილებებისთვის მზად?
_ ხალხი დიდი ხანია, უკვე ცვლილებებს ითხოვს. ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციას ამიტომაც დავარქვით „შეცვალე“. ხალხი მზადაა ცვლილებებისთვის, ამას ყოველ წამს ვგრძნობ. ასე ცხოვრება უკვე შეუძლებელია. არიან ადამიანები, რომლებც ლუკმა-პურის საშოვნელად იბრძვიან. არის დღეები, როდესაც ვერაფერს შოულობენ და მშივრები რჩებიან.
კარგად ვიცი, რომ საქართველოში ხალხს უჭირს, მაგრამ იმან, რაც სამგორში ვნახე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ასეთ გაჭირვებას ვერც წარმოვიდგენდი. არის უბნები, სადაც გავლაც კი შეუძლებელია. რა განვითარებაზეა საუბარი, როცა თბილისის ერთ-ერთ უბანში განათების, გზისა და კანალიზაციის პრობლემებია.
როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში ღიად გამოჩნდა, ხალხმა იფიქრა, რომ მილიარდერი მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა; რომ ივანიშვილს მათი ფულები არ უნდოდა. ხალხი მწარედ მოტყუვდა. მილიარდერი ქვეყნის ბიუჯეტს დაეპატრონა, რომელსაც მისი გარემოცვა ხრავს. ხალხი კი კიდევ უფრო გააღატაკა.
_ 2013 წელს გვითხრა, ჩემს მოსვლას თქვენს ჯიბეებზე იგრძნობთო და მართლაც ვიგრძენით.
_ ვიგრძენით და თანაც როგორ. კიდევ უფრო ღარიბები ვართ ვიდრე 2012 წლამდე ვიყავით. ამასთან, კიდევ უფრო ბევრი ვალი გვაქვს, ვიდრე „ოცნების“ მოსვლამდე იყო. 2012 წლამდე ერთ ადამიანზე 2000 ლარის ოდენობის ვალი მოდიოდა. ახლა ერთ ადამიანზე 7000 ლარი ვალი მოდის. 2012 წლამდე ეს ვალები იმიტომ დაგროვდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდებოდა. ახლა ვალების გასასტუმრებლად არაფერი კეთდება, ვალი კი იზრდება და იზრდება. ასე თუ გაგრძელდა, როგორც სახელმწიფო, შეიძლება გავკოტრდეთ. ამაზე ქართველი ხალხი უნდა დაფიქრდეს და არჩევანი ცივი გონებით გააკეთოს.
საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს, რა სურს მას _ კეთილდღეობა, თუ ისევ ამ ჭაობში დარჩენა? კრიმინალმა ისე მოიმატა, ბავშვების გარეთ გაშვების ეშინიათ მშობლებს. 36%-ით იკლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა.
_ შს მინისტრი გომელაური ამბობს, რომ არაფერი განსაკუთრებული და საგანგაშო არ ხდება.
_ საგანგაშო როგორ არ ხდება? პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს სახლი ორჯერ გაუტეხეს. პარლამენტის თავმჯდომარის სახლს ორჯერ რომ ტეხავენ, მოქალაქეები დაცული როგორ იქნებიან?
ბათუმსა და ქუთაისში სუსის მაღალჩინოსნებს გაუტეხეს სახლები. ზესტაფონში მოსამართლის სახლში შეაღწიეს მძარცველებმა.
„ნაციონალების“ მმართველობის დროს რაღაც პრობლემები და გადაცდომები კი იყო, მაგრამ კრიმინალის აღმოფხვრა მაინც მოხერხდა. ამ შეცდომების გათვალისწინებით კრიმინალთან ბრძოლის პოლიტიკა უნდა გაგრძელებულიყო. „ოცნებამ“ სხვა გზა აირჩია და დღეს ძალიან მძიმე კრიმინოგენური ვითარებაა. სამწუხაროდ, სამართალდამცველები არც კი ცდილობენ დამნაშავეებთან ბრძოლას. საქმეები არ იხსნება.
_ „ნაციონალების“ ხელისუფლებიდან გაშვება იმ კადრების დამსახურებაა, რომელიც 2012 წლის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გავრცელდა. იქ ჩანდა, რომ პატიმრებს აუპატიურებდნენ. ახლა ვიგებთ, რომ გლდანის ციხეში დაწესებულების ხელმძღვანელი პატიმრებს გაუპატიურებით დაემუქრა. პატიმრებმა პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებები მიიყენეს.
_ არანაირი გაუპატიურება ციხეში მაშინ არ ყოფილა. კადრები, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, დადგმული სპექტაკლი იყო. ეს რომ ასეა, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმაც აღიარეს. ირმა ინაშვილმა პირდაპირ წამოაძახა „ოცნებას“, რომ არა ჩვენი დადგმული კადრები, თქვენ ხელისუფლებაში ვერ მოხვიდოდითო. ეს მართლაც ასე იყო, _ ეს კადრები რომ არ გასულიყო ეთერში, ივანიშვილი არჩევნებს ვერ მოიგებდა.
ციხეებში რაც მაშინ ხდებოდა, ეს ძალიან ცუდი იყო, მაგრამ არც ახლაა კარგი ვითარება. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ ადამიანების უფლებებს დაიცავდა. ხალხი ამ უფლებების დარღვევის გამო იყო შეწუხებული, თორემ მიშა სააკაშვილს არავინ ედავებოდა, რატომ გაალამაზე ბათუმი, სიღნაღი ან მესტიაო. „ნაციონალების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებსაც კი მოსწონდათ, რომ ახალი გზები იგებოდა.
_ ბევრს არც ეს მოსწონდა, ხშირად ამბობდნენ, _ ასფალტი ვჭამოთო?
_ ახლა ასფალტიც აღარ არის, რომ შეჭამო. სრული სერიოზულობით გეუბნებით, ასფალტი აღარ არის.
_ სად აღარ არის ასფალტი?
_ ბევრგან. სულ ვმოძრაობ თბილისის ქუჩებში და საოცრებებს ვხედავ. სამგორის რაიონშია ბევრი ისეთი ქუჩაა, სადაც ასფალტი საერთოდ არ აგია. ბევრგან გავლა, უბრალოდ, შეუძლებელია. რვა წელია, რაც ხელისუფლებაში არიან და ეს საკითხიც კი ვერ მოაგვარეს.
_ გახარიამ თქვა, ამის გასაკეთებლად რვა წელი არ გვეყოო. კაცი ჩიოდა, „ნაცებმა“ ისეთი არეული ქვეყანა დაგვიტოვეს, იმის დალაგებას მოვანდომეთ ამდენი წელიო.
_ ეს უკვე დაცინვაა. წარმოდგენაც არ მინდა, თუ რა მოხდებოდა, შევარდნაძის წასვლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნება“ რომ მოსულიყო. ახლა თუ ამბობენ, რომ რვა წელი არ გვეყოო, შევარდნაძის შემდეგ რაღაცების გასასწორებლად 30 წელიც არ ეყოფოდათ. ბერა კი ამბობს, რომ მამაჩემი მეფეაო, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი ადამიანია და მას ფარაონივით სიცოცხლის ბოლომდე არავინ დატოვებს ხელისუფლების სათავეში.
ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება წინ. ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, ქვეყანა ვიქნებით თუ _ ყანა? ივანიშვილი გვეუბნება, საქართველო ერთი პატარა სოფელიაო. თავის მონა გახარიას ისიც კი ათქმევინა, რომ საქართველოსთვის განვითარების მოდელი უნდა იყოს საჩხერეო. არადა, ჯერ კიდევ ცოტა ხის წინათ საქართველოში ისეთ რამეები კეთდებოდა, ამაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა. ახლაც შეგვიძლია ავალაპარაკოთ მსოფლიო.
„ქოცებს“ უნდათ დაგვარწმუნონ, რომ ჩვენ ვართ ზარმაცები, არაფრის შექმნა არ შეგვიძლია და ამიტომ გამუდმებით მამა-მარჩენალს უნდა ვუყუროთ ხელებში. ჩვენი ისტორია საპირისპიროს ამტკიცებს. ჩვენმა წინაპრებმა უამრავი რამე შექმნეს და ჩვენც შეგვიძლია სასწაულების მოხდენა. ჩვენი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა კრეატიულობით. ეს უნარი არც ახლა დაგვიკარგავს. ბიძინა ივანიშვილი თავად ხომ არაფერს ქმნის, ისტორიასაც გვინადგურებს. იმისთვის, რომ გამდიდრებულიყო, საყდრისი აგვიფეთქა.
საქართველოს განვითარების უნარი აქვს. გავიმეორებ, რომ ჩვენ სასწაულების მოხდენაც შეგვიძლია. იმას ვერ შევძლებთ, რომ ყველაზე განვითარებული ქვეყანა ვიყოთ, მაგრამ ყანა ნამდვილად არ ვიქნებით. არც პატარა სოფლად ვიქცევით, რისი სურვილიც ბიძინა ივანიშვილს აქვს. ეს ადამიანი ღიად და დაუფარავად ამბობს, რომ საქართველოს განვითარება და ფეხზე დაყენება მის გეგმებში არ შედის. ნამდვილად არ ვიცი, რა კატეგორიის ხალხმა შეიძლება მისცეს ხმა მის პარტიას.
_ „ოცნებისთვის“ ხმის მიცემას ბევრი აპირებს.
_ აპირებენ და არ მესმის, რატომ, მაგრამ ადამიანებსაც გააჩნია. ცოტა ხნის წინათ მორიგი კვლევები დაიდო, სადაც გამოკითხულთა 1% ამბობს, რომ ლარის კურსი გამყარდაო. არც კი ვიცი, რა ვთქვა. ასეთი ადამიანები მას ხმას მისცემენ, მაგრამ საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი არ შემოხაზავს 41-ს. საჯარო მოხელეები ყველაზე უკეთ ხვდებიან, თუ რისი ყიდვის საშუალება ჰქონდათ ადრე და რისი საშუალება აქვთ ახლა.
დარწმუნებული ვარ, არჩევნების დასრულების შემდეგ ივანიშვილი თავისი პარტული აქტივის ამარა დარჩება. ამ ადამიანებს მხოლოდ პირადი კეთილდღეობა აინტერესებთ. ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ.
ლარის გაუფასურებაზე ეროვნული ბანკის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა თქვა, ამას გამყარება მოსდევსო. ოღონდ არ დაუზუსტებია, როდის გამყარდა ლარი გაუფასურების შემდეგ. რვა წელია, ლარი სულ უფასურდება და უფასურდება. იმდენად უნამუსოები არიან, პანდემიის დროსაც კი უამრავი მილიონი იშოვეს. კორუფციისთვის ამ ჟამიანობის დროსაც გამონახეს გზები.
_ პრემიერმა თქვა, ეგ კორუფცია არაა, ქართული ჯიგრული პონტიაო.
_ მაგარი ჯიგრული პონტია. გვითხრეს, 9 მილიარდი ვისესხეთო. მაინტერესებს, ვის ან რას მოახმარეს ეს 9 მილიარდი? ქართულ ჯიგრულ პონტში საქართველოს მოქალაქეებზე დაკიდებული 9-მილიარდიანი ვალი ერთმანეთში გაინაწილეს. ამ ჯიგრულ პონტში აკეთებენ ყველაფერს.
როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოდიოდა, რამდენიმე ქეისი ჰქონდათ, რაზედაც გამუდმებით საუბრობდნენ. ახლა იმდენია სალაპარაკო, რომ მავიწყდება კიდევაც ზოგიერთი მათგანი. არასდროს დავივიწყებ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ ერთ ისტორიას. ამ ადამიანმა სახელმწიფოსგან 200.000-ად იყიდა მიწის ნაკვეთი და რამდენიმე თვის შემდეგ 1.200.000-ად მიჰყიდა სახელმწიფოს. ერთ წელიწადში კაცმა არაფერში მილიონი გააკეთა. „ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს რკინიგზაში სათადარიგო რელსი და ვაგონი არ დატოვეს. ყველაფერი წაიღეს და ჯართში ჩააბარეს. იციან, რომ არჩევნებს აგებენ და თუკი რამე რესურსი აქვს ქვეყანას, ყველაფერს ყიდიან და ანადგურებენ.
აი, ასეთ ხალხს აბარია დღეს საქართველო. ამათ ხელში წინსვლა და განვითარება არ გვეღირსება. ამათი დევიზი და მიზანი რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნაა. ფული რომ არ აინტერესებდეთ, ბიძინა ივანიშვილთან არ გაჩერდებოდნენ. დღემდე ვერ ვხდები, ამ კაცმა როგორ შეძლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება და მთელ ქვეყანას ამდენი ტყუილი როგორ დააჯერა?!
_ შეიძლება, არც გვჯეროდა ამ ტყუილების, მაგრამ ისე გვინდოდა „ნაციონალების“ შეცვლა, რომ ვიჯერებდით.
_ ესეც არის, მაგრამ ეს საოცარ ტყუილებს ამბობდა. სანამ ერთს ბოლომდე გავიაზრებდით, ახალს გვეუბნებოდა.
_ ტრიუკებსაც ატარებდა, ამის შესახებ თავად თქვა.
_ კი ბატონო, მართლაც ტრიუკი ჩაგვიტარა და ახლა ამ ტრიუკით გამოწვეული შედეგების პირისპირ დავრჩით.
_ ფაქტია, რომ ამ კაცს ტრიუკების ჩატარება კარგად გამოსდის და არჩევნებზეც ხომ არ ჩაგვიტარებს მორიგ ტრიუკს?
_ არა მგონია, კიდევ შეძლოს ტრიუკის ჩატარება. ხალხმა უკვე იცის, თუ ვინ არის ივანიშვილი. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მიხვდნენ, რომ აფერისტთან აქვთ საქმე. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობა არავის სურს. ისინიც დაიღალნენ ამ ადამიანთან მუშაობით.
_ ისინი რამ დაღალა?
_ ჩვენი დასავლელი მეგობრები დაინტერესებული არიან, რომ საქართველო განვითარდეს და წინ წავიდეს, ამისთვის უამრავ დახმარებას გვაძლევენ. ჩ ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამა დაგვიფინანსეს და ამასაც „ქოცები“ იბრალებენ, ჩვენ გამო გაკეთდაო. სინამდვილეში, ამერიკელებმა ნახეს, რომ ძალიან ბევრი ქართველი კვდებოდა ამ დაავადებით და სერიოზული პროგრამა გვაჩუქეს.
_ ამ პროგრამამ ბევრს უშველა, მაგრამ წლის დასაწყისში გავიგეთ, რომ ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების წამლებს ვადა გაუყვანეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვეუბნებიან.
_ ნაჩუქარი უძვირესი მედიკამენტები საკუთარ მოსახლეობას მოაკლეს და გადაყარეს. დიდი ალბათობით, არ გაუფუჭებიათ, მესამე ქვეყნებში ყიდდნენ. ამის შესახებ რაღაც ინფორმაციები იყო.
_ ამერიკელებმა თავად იპოვეს ეს წამლები რუსეთის შავ ბაზარზე და ამას დიდი სკანდალი მოჰყვა.
_ დარწმუნებული ვარ, ამ საქმესაც გამოიძიებენ. ამათ ოღონდ ფული იშოვონ და სულ არ აინტერესებთ „ცე“ ჰეპატიტით დაავადებული საქართველოს მოქალაქე. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ მკურნალობის ერთი კურსი 80.000 დოლარია. ამდენ ფულს შოულობენ, სასახლეებს იშენებენ და მერე გვეუბნებიან, რომ, თურმე, 20.000 ლარად აიშენეს. ხელისუფლებიდან რომ წავლენ, 20.000 ლარი უნდა მისცე და ამ ფულით სასახლეს თუ ვერ ააშენებენ, ის აშენებული სასახლეები უნდა ჩამოართვა და ციხეში გაუშვა.
ძალიან მინდა, რომ ამ კორუმპირებულებმა პასუხი აგონ, მაგრამ არც ის მინდა, ეს სადამსჯელო ოპერაციას ჰგავდეს. სასურველია, შეიქმნას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც გვეტყვის, თუ რამდენად კორუმპირებულები და დამნაშავეები იყვნენ კონკრეტული პიროვნებები. არ მინდა, საზოგადოებაში იმის განცდა გაჩნდეს, რომ ვიღაცა უსამართლოდ დაისაჯა.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება