პარასკევი, 25 აპრილი, 2025
2020-07-11 09:50:54
„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ მიშა კაჭკაჭიშვილს წინა ხელისუფლების დროს ბევრჯერ მოუწია ქუჩაში დგომა. იგი თანამოაზრეებთან ერთად აპროტესტებდა უსამართლობას და გახმაურებული საქმეების გამოძიებას ითხოვდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, თუ ისევ მოუწევდა მახინჯ სისტემასთან ბრძოლა. რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა და ის კვლავ მზადაა, ქუჩაში გამოვიდეს და ახლა უკვე გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიება მოითხოვოს. ამბობს, რომ ხალხი ხელისუფლებას აიძულებს, ეს გახმაურებული საქმე ბოლომდე და სამართლიანად გამოიძიოს.
რით დაემსგავსა „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“? სად სცოდავს ოპოზიცია? რას ვერ გაუძლო ხელისუფლებამ? რატომ სჯერა, რომ „შაქარაშვილის საქმეში“ სიმართლე აუცილებლად იზეიმებს? ვის არ აწყობს ამ საქმის გამოძიება? რა ჩვენება მისცა პოლიციას? _ ამის შესახებ მიშა კაჭკაჭიშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ მიშა, „ნაციონალების“ დროს, ფაქტობრივად, სულ ქუჩაში იდექით და უსამართლობას აპროტესტებდით. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თუ წარმოიდგენდით, რომ ძალიან მალე ისევ მოგიწევდათ უსამართლობის გაპროტესტება?
_ ძველი ხელისუფლების შეცვლაში მეც შევიტანე მცირე წვლილი და ამას არ ვნანობ. ამის მიუხედავად, ვამბობ, რომ „ქართული ოცნებაც“ ცუდად იქცევა და ისიც შესაცვლელია. მათ წინა სისტემისგან ყველა მანკიერი თვისება გადმოიღეს. ამიტომაც დავუპირისპირდი მათ. სახელებსა და გვარებს არასდროს ვებრძვი და ვებრძოდი, მე უსამართლო სისტემას ვუპირისპირდებოდი და ასე იქნება ყოველთვის. ჩემი მიზანია, რომ სისტემამ ადამიანი არ დაჩაგროს.
_ „ქართული ოცნება“ ხშირად ახსენებდა, რომ „ნაციონალები“ ახალგაზრდებს ქუჩაში კლავდნენ, მაგრამ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგაც არ შეცვლილა ვითარება. თავიდან ყველაფერი სხვაგვარად იყო, მაგრამ შემდეგ სისტემამ ძველებურად დაიწყო მუშაობა. როდის გაექცა „ოცნებას“ ხელიდან სიტუაცია?
_ გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ როდის გაექცათ ხელიდან სიტუაცია. მაღალჩინოსნების მხრიდანაც იყო გადაცდომები, გაურკვეველ და საეჭვო ვითარებაშიც დაიღუპნენ ახალგაზრდები… 2012 წლიდან დღემდე ბევრი რამე მოხდა ქვეყანაში, რამაც უკმაყოფილება დააგროვა და ახლა ამ ყველაფერმა ერთად იჩინა თავი.
გიორგი შაქარაშვილის ამბავმა მთელი საქართველო ფეხზე დააყენა. გამოძიების დასრულებამდე გამიჭირდება იმის თქმა, ეს ბავშვი მოკლეს თუ წყალში დაიხრჩო. ფაქტი ისაა, რომ დანაშაულია ჩადენილი, რასაც შაქარაშვილის სიცოცხლე შეეწირა. ამ საქმეზე დააკავეს 17 ადამიანი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. იმდენი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მოვისმინეთ, აშკარად ჩანს, საქმის გაყალბების მცდელობა. ჩემი ვარაუდით, ამაში ჩარეული არიან ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, პარტიული პირებიც.
_ რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს, რომ პარტიული პირებიც არიან ჩარეული?
_ მათ გარეშე ასე ხელაღებით შაქარაშვილის ხმაურიანი საქმის გაყალბებას ვერ გაბედავდნენ. დიდი ხანია, „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი აღარ მაქვს, მაგრამ კარგად ვიცოდი, თუ როგორ მუშაობდა ეს სისტემა. სისტემა დღესაც ძველებურად მოქმედებს. პარტიის შიგნით ძალიან ბევრი გუნდია. ცალსახა ვერტიკალი არაა, რომ ვიღაცა ვიღაცის მიმართულებით წავიდეს. ყველა ჯგუფს თავისი ინტერესები აქვს. სხვადასხვა ჯგუფი სხვადასხვა სისტემას ლობირებს.
„შაქარაშვილის საქმემ“ ამ ხელისუფლების მანკიერი სახე და უუნარობა დაგვანახა. აზრი დაკარგა იმაზე საუბარმა, რომ დღეს ქვეყანას წინა ხელისუფლების მსგავსი ჯალათები არ მართავენ. „ქართული ოცნების“ წევრები ძალიან დაემსგავსნენ „ნაციონალებს“. ცოტაც დარჩათ და ციხის კადრების მსგავსი კადრები გამოვარდება. მგონი, ერთადერთი პენტენციური სისტემა დარჩა, სადაც ასეთი ძალადობრივი ფაქტები არ მომხდარა. სხვა დანარჩენი, რა ვიცი.
ყველა დავიღალეთ გამუდმებით წარსულზე საუბრით. ის ხელისუფლებაც შევცვალეთ და ის 9 წელიც ჩაბარდა წარსულს. თაობებები წამოვიდა, რომელთაც აღარ ახსოვთ, რა ხდებოდა მაშინ. ჩემი შვილები იმ დროს სიარულს სწავლობდნენ და სულ არ ახსოვთ არც 7 ნოემბრის დარბევა, არც 26 მაისი, არც 15 ივნისი და არც თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი ამბავი.
_ სამაგიეროდ, ემახსოვრებათ 20 ივნისის სისხლიანი ღამე, თემირლან მაჩალიკაშვილი, დათუნა სარალიძის ამბავი და ახლა უკვე გიორგი შაქარაშვილი.
_ ეს ყველაფერი მათ თვალწინ ხდება და როგორ არ ემახსოვრებათ! ისინი ხედავენ, რომ დანაშაულისთვის არავინ ისჯება, ვიღაცებს პასუხს არ სთხოვენ, რაც დაუსჯელობის სინდრომს აჩენს მათში. მშობლებმა რაც არ უნდა ვუჩიჩინოთ, რომ დანაშაულის ჩადენა ისჯება, ფაქტია, რომ სამართლადამცველი უწყებები სათანადო სიმაღლეზე არ დგანან _ დამნაშავეებს ხელს აფარებენ. ეს ძალიან თვალში საცემია და ამას „ქართული ოცნება“ ვერ გაექცევა.
ახლავე გეუბნებით, რომ ამ სისტემას შევაკვდებით და „შაქარაშვილის საქმეზე“ მაინც დავდებთ სამართლიან განაჩენს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინაა ჩარეული ამ საქმის მიჩქმალვაში. კომპრომისი იქნება ნული. სიმართლე თუ არ დადგინდა, „ქართულ ოცნებას“ ამ საქმეს გადავაყოლებთ.
ტყუილად ფიქრობენ, რომ შაქარაშვილის ამბავსაც ისევე გაივლიან, როგორც ხორავას ქუჩის საქმეზე გაიარეს, ცდებიან! არც იმის ძახილი გამოიღებს შედეგს, რომ მიტინგზე „ნაცები“ დგანან. ასეთი შეფასებები, ბოდიში და, სულ ცალ ფეხზე მკიდია. საერთოდ არ მაინტერესებს, რას იტყვიან ან რა იარლიყს მომაწებებენ. როგორ უნდა პროტესტი, ამას ნახავენ. ასეთი რამე მათ ჯერ არ უნახავთ. სერიოზული პროტესტი მხოლოდ ერთხელ იყო 2019 წლის 20 ივნისს და ამ ერთ აქციასაც ვერ გაუძლეს, უმიზეზო სროლა დაიწყეს, ახალგაზრდები დაასახიჩრეს და კინაღამ დახოცეს. არადა, შეიძლებოდა, ყველაფერი მშვიდობიანად დაესრულებინათ. მშვიდობიანად იმიტომ ვერ დაასრულეს, რომ მოთმინება არ ეყოთ. ვერ გააცნობიერეს, რომ პროტესტი ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჩვეულებრივი ამბავია, ამათ კი ეს ვერ აიტანეს.
_ პროტესტსაც ხომ გააჩნია, რუსი კომუნისტის გამო როგორ შეიძლება, ადამიანებს თვალები დასთხარო?
_ პროტესტის გამოხატვა ნებისმიერ საკითხზე შეიძლება. დემოკრატიულ ქვეყნებში ასეა. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია და გამოხატოს პროტესტი. იმის ყვირილი, რომ შენ წარსულში ეს იყავი, აღარ ჭრის. 8 წელია, რაც ხელისუფლებაში არიან და ამ „ნაციონალებს“ თუ რამე დანაშაული აქვთ ჩადენილი, რატომ არ მოსთხოვეს პასუხი?! ან ვისკენ იშვერენ ხელს, როცა „სანდრო გირგვლიანის საქმის“ მოსამართლე ლევან მურუსიძე სასამართლოს პირველ პირად ჰყავთ?! იგივე ითქმის ჩინჩალაძესა და მის კლანზე, რომლებიც „ნაციონალების“ დროს უსამართლობასთან იყვნენ ასოცირებულები. ეს ხალხი „ქართულმა ოცნებამ“ გაამწესა უვადო მოსამართლეებად.
„ნაციონალების“ ცოდვების გახსენების უფლება „ოცნებას“ მანამდე ჰქონდა, სანამ ამ დამნაშავეებს მაღალ თანადებობებზე დაამტკიცებდნენ. ახლა ვინმესკენ თითის გაშვერის მორალური უფლებაც აღარ გააჩნიათ! დამთავრდა ეს ამბავი! მათ მიერ კონტროლირებადმა ტელევიზიებმა რაც არ უნდა ატრიალონ ძველი კადრები, არაფერი გამოუვათ. ან რას ნიშნავდა დავით ჭაკუას ექსტრადირება? ამით უნდათ არსებული ვითარების გადაფარვა? პირადად მე არ მჯერა ასეთი რამეების. რვა წელი არიან ხელისუფლებაში და ახლა მოითხოვეს ჭაკუას ექსტრადირება? აქამდე სად იყვნენ და რას მიკეთებდნენ? ვისაც სჯერა, ჭამოს ეს საკენკი.
არ შემიძლია რამდენიმე სიტყვა არ ვთქვა ნინო გიორგობიანთან დაკავშირებულ ამბავზეც: აღმოჩნდა, რომ მისი ნათესავიც იყო იმ წვეულებაზე, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებით დასრულდა. მათი ნათესაობის ამბავი თითქმის ორი კვირა იყო გასაიდუმლოებული. ამ ამბის გახმაურების შემდეგ გამოჩნდა ხალხი, რომელიც დაირაზმა და ლამის ლექსებს უძღვნის შსს-ს პრეს-სამსახურის უფროსს. გიორგობიანის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა, მაშინვე დავტოვებდი თანამდებობას. ნინო გიორგობიანსაც იგივეს ვურჩევ. როცა თანამდებობის პირის მიმართ საზოგადოებაში კითხვები ჩნდება, ის ვალდებულია, თანამდებობა დატოვოს. ამათ რა ჰგონიათ, რომ ეს პოსტები მემკვიდრეობით ერგოთ? იქნებ, იმას ფიქრობენ, რომ ბატონყმობაა ამ ქვეყანაში? ასე ნამდვილად არ არის და ამას მალე ვაჩვენებთ.
სამწუხაროდ, ვხედავ, რომ „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, ვიღაცებს რაღაცები შერჩებათ. იმედოვნებენ, რომ აი, მალე ივანიშვილი გამოვა ტელევიზიით და რაღაც ფოკუსს ჩაატარებს და ხალხსაც დაავიწყდება გიორგი შაქარაშვილის ხმაურიანი საქმე. ამის იმედი ტყუილად აქვთ.
_ იქნებ, არ ჰგონიათ და მართლა შერჩებათ ეს საქმე? ბევრი რამე ისედაც შერჩათ და ამიტომაც იქცევიან თავხედურად. საზოგადოებამ ბევრი რამე გაუტარა მათ, აქედან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ „შაქარაშვილის საქმესაც“ გაუტარებენ.
_ სამწუხაროდ, ბევრი რამე შერჩათ. ეს საზოგადოების ბრალია. კლავიატურაზე კაკუნი და მხოლოდ სოციალურ ქსელებში პროტესტის გამოხატვა საქმეს არ შველის. სანამ ადამიანები ქუჩაში არ დადგებიან, ხელისუფლება რეაგირებას არ მოახდენს. შარშან 20 ივნისს გამოვიდა ხალხი ქუჩაში, „ოცნებამ“ რამდენიმე საათიც ვერ მოითმინა და ისროლეს. ადამიანები უმიზეზოდ დაიჭირეს. ახლა რაღაც სისულელეებს ბოდავენ, გადატრიალების მცდელობა იყოო. რა გადატრიალება? რა გადმოტრიალება? ნორმალურად ვერ აზროვნებენ.
ხელისუფლებაში მყოფ პირებს ძალიან კარგად ვიცნობ. მოვა დრო, ბევრი რამე გაირკვევა. ბევრს რომ ლაპარაკობენ ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე ან ერთი დამიჯდეს ტელედებატებში, ან _ მეორე.
_ ესენი ყველაზე ხშირად გიწოდებენ მთელ ოპოზიციას „ნაციონალებს“ და ნეტავ, სად იყვნენ მაშინ, როცა თქვენ „ნაციონალების“ სისტემას ებრძოდით?
_ მათგან განსხვავებით, წარსულის ქექვა არ მინდა. წარსულთან დაკავშირებით მათ აქვთ პრობლემები და თუ მოისურვებენ, ამაზეც დაველაპარაკები. არჩილ თალაკვაძესთან და ირაკლი კობახიძესთან „გავრილოვის ღამეზე“ მინდა დებატებში მონაწილეობა. დამისხდნენ ეთერში და ვანახებ, ერთი, რა გადატრიალება იყო! თუ უნდათ, „იმედის“ ეთერში ან შალვა რამიშვილთან დამიძახონ, იქაც მივალ. ნებისმიერ კითხვაზე შემიძლია პასუხის გაცემა. ამათგან განსხვავებით არანაირი პრობლემა არ მაქვს. ეგენი, კიდევ, ეთერებში არ დადიან და ამით ვის უცხადებენ პროტესტს, საკუთარ ხალხს? ის, ვინც მათი ამომრჩეველი არაა, ისიც ამ ქვეყნის მოქალაქეა.
_ ტელეეთერებში როგორ არ დადიან. განსაკუთრებით კობახიძე გვმოძღვრავს ხოლმე იქიდან.
_ ოპოზიციურ არხებზე არ დადიან, „იმედსა“ და შალვა რამიშვილთან მისვლას რა აზრი აქვს? ეგრე საკუთარ სახლშიც მიდიან და იძინებენ, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ სხვაგან დადიან? როცა პოლიტიკაში ხარ, კეთილი ინებე და მიდი ოპოზიციურ ტელევიზიაშიც და გაეცი პასუხი. თურმე, ბოიკოტს უცხადებენ. ეს უკვე არაფერში აღარ წერია. მათი ქმედება მაფიქრებინებს, რომ აგონიაში არიან. აქედან გამომდინარე, უამრავ სისულელეს აკეთებენ და დანაშაულს სჩადიან. სამწუხაროდ, მათ ამაში ოპოზიციაც უწყობს ხელს.
_ ოპოზიცია როგორ უწყობს ხელს?
_ თავისი არასწორი ქმედებებით.
_ არასწორ ქმედებებში რას გულისხმობთ?
_ რაღაც პირადი ბუღალტერიით არიან დაკავებული. ერთმანეთს ლანძღავენ, მაჟორიტარებზე ვერ აღწევენ შეთანხმებას. რა მაჟორიტარებზე შეთანხმების დროა, ქვეყანა თავზე გვემხობა. ხალხი მშიერი და გაუბედურებულია. არც ერთი სისტემა არ მუშაობს და ამ დროს ოპოზიცია გაიძახის, მაჟორიტარობის კანდიდატებზე შევთანხმდეთო. ამიტომაც გამოვერიდეთ „გამარჯვებული საქართველო“ ამ თემაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს. სულ არ გვაინტერესებს მაჟორიტარები. რაც უნდათ, ის ქნან.
_ „გამარჯვებული საქართველო“ არსად აპირებს საკუთარი მაჟორიტარების დაყენებას?
_ ამ ეტაპზე ჩვენ, ძირითადად, პროპორციულ ნაწილზე ვმუშაობთ და თუ გადაუდებელი აუცილებლელობა არ იქნა, არც ერთ ოლქში არ ვაპირებთ მაჟორიტარების დაყენებას. ჩვენთვის მთავარია, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ ჰქონდეს პარლამენტში უმრავლესობა და დამარცხდეს. ესაა „გამარჯვებული საქართველოს“ ამოცანა და რა ფორმატიც შეუწყობს ამას ხელს, ისე მოვიქცევით.
ამ ბრძოლაში ვიღაცები არასწორად იქცევიან, მაგრამ ამას ვატარებთ. ჩვენი სიტყვა ნათქვამი გვაქვს. ამ პროცესში უამრავი უცხოელია ჩართული და ზედმეტი ლაპარაკი და რაღაცები საჭირო არ არის. თანაც ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც საჭიროდ მიგვაჩნია. ქვეყანას ახლა ცვლილებები სჭირდება. არიან ძალები, რომლებიც ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და ასე მუშაობენ, ეს მათი ნებაა და ამაში ხელს ვერ შევუშლით.
_ ზემოთ აღნიშნეთ, ხელისუფლება რომ დანაშაულს სჩადის, მათ ამაში ოპოზიციაც უწყობს ხელს, რადგან ისინი ბუღალტერიით არიან დაკავებულიო. თქვენი აზრით, ოპოზიციამ უნდა იყვიროს „შაქარაშვილის საქმეზე“? მერე ხელისუფლება იტყვის, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ამ ტრაგედიასო.
_ რას იტყვის ხელისუფლება, საინტერესო აღარ არის. ოპოზიციამ ამ საქმეზე ხმა უნდა ამოიღოს. შაქარაშვილის ამბავი არ არის რომელიმე პარტიის პრობლემა. ეს მთელი ქვეყნის პრობლემაა. ამ საქმის გახსნით, პირველ რიგში, თავად ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ისინი ამ საქმის გახსნით დაინტერესებული არ არიან. დაინტერესებულები რომ ყოფილიყვნენ, ეს საქმე უკვე გახსნილი იქნებოდა.
ინტერვიუს ვწერთ 5 ივლისს. საბედისწერო წვეულება გაიმართა 19 ივნისს. 20 ივნისს გაიგეს, რომ გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. 22 ივნისს იპოვეს მისი ცხედარი. საქმეში ფიგურირებს 50 კაცი. არსებობს უამრავი ვიდეომტკიცებულება, არის უამრავი მოწმე და ამის მიუხედავად საქმე ვერ გახსნეს. ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ის ვერსია, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, არის აშკარად შეკერილი და დეტალებში ძალიან ბევრი ეშმაკია. გვეუბნებიან სხვა რაღაცას, მაგრამ სინამდვილეში მოხდა სულ სხვა რამე. რაც იქ მოხდა, ეს დაახლოებით ვიცი.
_ რა მოხდა იმ სისხლიან წვეულებაზე?
_ სანამ ხელში კონკრეტული მტკიცებულებები არ მაქვს, ამაზე ხმამაღლა არ ვისაუბრებ, როცა მტკიცებულებები მექნება, ყველაფერს ვიტყვი, არაფრის თქმას არ მოვერიდები. არასდროს მომრიდებია სიმართლის თქმის.
_ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ სტატუსი, რაზედაც ინციდენტში მონაწილე პერსონები დაგიკავშირდნენ და სტატუსის აღება გთხოვეს. თქვენ მოითხოვეთ, რომ პოლიციას დაეკითხეთ. რაღაც პერიოდი არავინ გამოგხმაურებიათ. ბოლოს და ბოლოს, დაიკითხეთ თუ არა?
_ დავიკეთხე. სამართალდამცველებს ჩვენება მივეცი. რას იზამენ, ეს პოლიციისა და გამოძიების პრეროგატივაა. დეტალებში არ შევალ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ჩემი ჩვენება სამართალდამცველებს რაღაცაში ნამდვილად დაეხმარა. თუ არ დაეხმარა, მომავალში დაეხმარება. თუ არ გამოიყენებენ, ეს მათი უსუსურობის მორიგი მტკიცებულება იქნება. კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ „ქართულ ოცნებაში“ არის რაღაც ჯგუფი, რომელიც სიმართლის დადგენას ხელს უშლის. იმას არ ვიტყვი, რომ ვიღაცას მფარველობენ, მაგრამ ხელის შეშლა აშკარაა.
_ ზემოთ თქვით, რომ სისტემას შევაკვდებით და ამ საქმეზე სიმართლეს მაინც დავადგენთო. რისი იმედი გაქვთ, ასე რომ ლაპარაკობთ? ხალხი გარეთ არ გამოდის, კლავიატურაზე კაკუნი კი, თავადაც თქვით, რომ არაფერს ცვლის.
_ ძალიან მარტივად დავანგრევთ ამ საქმეს. სანდრო გირგვლიანის ამბავზე, მაქსიმუმ, 10 კაცი ვმართავდით აქციებს. ამის მიუხედავად, ჩვენ შევძელით იმ სისტემის დანგრევა. ათმა კაცმა მერაბიშვილის მიერ შექმნილ მანკიერ სისტემას საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ. ახლა ამის გაკეთება უფრო იოლია.
საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოება გაიზარდა. მაშინდელი შიშის სინდრომიც აღარ არის. ჩვენ როცა სანდროს ამბავზე გარეთ გამოვედით, არ არსებობდა სოციალური ქსელი და სოციალური მედია. ასე აქტიურად არ შუქდებოდა ჩვენი აქციები. ყველაფრის მიუხედავად, მაინც დავანგრიეთ სისტემა. ვერ დაგვაშინეს ვერც დარბევებით და ვერც დაპატიმრებით. საქმე საჯაროდ გამოვიტანეთ. „გირგვლიანის საქმე“ დღის სინათლეზე მედიამ გამოიტანა.
_ ეს ტელეკომპანია „იმედმა“ გააკეთა.
_ მაშინ „იმედი“ სხვანაირი იყო და მართლა მათი დამსახურებაა, რომ საზოგადოებამ ამ საქმის შესახებ სიმართლე გაიგო. ჩვენ არც სხვა ახალგაზრდების მკვლელობები გაგვიტარებია. გამუდმებით ბრძოლაში ვიყავით იმ სისტემასთან. ახლა სულ სხვა მოცემულობა გვაქვს. ახლა უფრო ადვილად შეიძლება ხალხამდე სიმართლის მიტანა. აქციის გამართვას არაფერი უნდა. არადა, არ გვინდოდა, რომ არჩევნების წინ საქართველოში ვითარება გამწვავებულიყო. ამას ხელისუფლებაც უნდა ხვდებოდეს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ, პირველ რიგში, მათ ინტერესში უნდა შედიოდეს „შაქარაშვილის საქმის“ გამოძიება.
_ რა მოხდება, თუ სიმართლეს არ იტყვიან?
_ მაშინ ეს საქმე მათზე დამოკლეს მახვილივით დაეკიდება. ჩემი და ჩემი მეგობრების მიზანია, რომ ქვეყანაში პოლიციელმა და სისტემამ ადამიანები არ დაჩაგრონ! ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
_ თქვენ რომ აქციაზე გამოხვალთ, მჯერა, მაგრამ ბევრი ისევ კლავიატურაზე კაკუნს ამჯობინებს.
_ მთავარია, სწორ ხაზზე ვიდგეთ და ჩვენი საქმე სწორად ვაკეთოთ. კომპრომისი არ იქნება. დანარჩენს არჩევნები აჩვენებს. ხალხი საარჩევნო ყუთთან გამოუტანს ხელისუფლებას განაჩენს. შაქარაშვილის საქმე „ოცნებას“ გადაიყოლებს.
შორენა მარსაგიშვილი