პარასკევი, 25 აპრილი, 2025
2020-06-12 11:07:48
ქართულ პოლიტიკაში ბევრი სხვადასხვა ტიპის საძაგლობაა, მათ შორის, ზოგი თითქმის ყველა ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი, ზოგი კი _ ვიწროდ ადგილობრივია. არის ისეთი მოვლენებიც, რომლებიც, ზოგადად, არც სხვებისთვისაა უცხო, თუმცა, აგრესიით გაჟღენთილი ქართული ყოველდღიურობიდან გამომდინარე, ჩვენში უფრო მწვავე და მკაფიოდ გამოხატულია.
ერთ-ერთი ასეთი თვისებაა მოწინააღმდეგის დემონიზების ტრადიცია. ეს ცოდვა ბევრი სხვა ქვეყნისთვისაცაა დამახასიათებელი, მაგალითად, ბოლო წლებში დონალდ ტრამპი სულ უფრო ხშირად ხდება ზღვარგადასული კრიტიკისა და გინების ობიექტი. თუ გავითვალისწინებთ, რომ განსაკუთრებული კორექტულობით და თავშეკავებით არც თავად პრეზიდენტი გამოირჩევა, სანახაობა არც ისე სასიამოვნოა.
თუმცა ეს ყველაფერი არაფერია საქართველოსთან შედარებით, სადაც მოწინააღმდეგის დისკრედიტაცია „მაღალი ხელოვნების“ დონეზეა აყვანილი _ არსად, ისე როგორც აქ, ადამიანის გაშავება, საყოველთაო ბოროტებად წარმოჩენა და მისთვის ადამიანური თვისებების წართმევა, არ შეუძლიათ.
თანაც ამ სიტუაციაში უდანაშაულო მსხვერპლი არავინაა _ დილით დაბულინგებული საღამოს სხვებს აბულინგებს.
მოწინააღმდეგის მხრიდან ასეთი საქციელი მიიჩნევა ცილისწამებად და პროვოკაციად, თავისიანის კი _ სიმართლედ და რეალობის ობიექტურ შეფასებად. უცხო შპიონია, ხოლო შენიანი _ მზვერავი.
დღეს ერთმანეთის თავებზე ლაფის გადასხმის ფრონტზე, ძირითადად, ორი პოლუსია. ერთის ლოზუნგია: „მიშა ფაშისტია და მას არაფერი კარგი არ გაუკეთებია“; მეორის: „ბიძინა პუტინის აგენტია და ის შეგნებულად ანგრევს ქვეყანას“.
ორივე პოლუსისთვის წარმოუდგენელია ყოველგვარი კომპრომისი, იმის აღიარება, რომ მტერიც, ასე თუ ასე, ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება, და საერთოდ, ბუნებაში თეთრისა და შავის გარდა კიდევ უამრავი ფერი არსებობს.
რეალურ, მათ შორის, პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს გამოიხატება დაუმთავრებელი, სრულიად დესტრუქციული და არაფრის მომცემი ჩხუბით და გინებით მხარეებს შორის. ეს უკვე მოსაბეზრებელიც გახდა, თუმცა ბოლო მაინც არ უჩანს.
ის, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სრულიად უნამუსო ტყუილებითა და პროპაგანდით მოვიდა, ცალსახაა, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ოპოზიცია იგივე გზით მიდის _ იგინება და ილანძღება იქ, სადაც, მინიმუმ, დუმილის შენარჩუნება სჯობს.
გამოვყოფ სულ რამდენიმე მსხვილ საკითხს, რომლის ირგვლივაც ოპოზიცია აშკარად მტყუანია.
ეს არ ნიშნავს, რომ, ზოგადად, ხელისუფლება კარგია და „ქოცების“ მართვის სტილი მისაღებია ქვეყნისთვის, თუმცა კრიტიკა კრიტიკისთვის მავნეა არა ხელისუფლებისთვის, არამედ _ თავად ოპოზიციისთვის.
ერთ-ერთი საკითხი, რომელშიც ოპოზიციისა და ასევე „მთავარი არხის“ საქციელი აღმაშფოთებელია _ ეს არის დიდი ჰესების მშენებლობა.
ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ შეუერთდა სრულიად ანტისახელმწიფოებრივ და მავნე კამპანიას ელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ მით უმეტეს მაშინ, როდესაც გიგანტური ჰესების მშენებლობის თავად იდეა სწორედ მათ ხელისუფლებას ეკუთვნის _ და ეს იყო ძალიან სწორი სტრატეგია.
„ნაციონალები“, რომლებიც დიდი ჰესების პროექტებს აკრიტიკებენ, დაახლოებით იგივეა, რაც სააკაშვილი, რომელიც ქართულ ეკლესიას იცავს _ სრულიად არაბუნებრივი მოვლენა.
თანაც მთავარი არგუმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს: „მიშას დროს ეს პროექტები ხალხის სასარგებლოდ ხორციელდებოდა, „ქოცები“ კი ამით თავიანთ მეგობრებს ამდიდრებენ“.
სად გადის ზღვარი „მეგობრების გამდიდრებასა“ და სახელმწიფო ინტერესს შორის, არავინ იცის. გახსოვთ, 2012 წლამდელი რიტორიკა: „ნაცები“ გზებს იმისთვის აკეთებენ, რომ მეტი მოიპარონ“?
კიდევ ერთი თემაა, რომელიც ოპოზიციისა და ოპოზიციური ტელევიზიების მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ სპეკულაციების მიზნით დაუნდობლად გამოიყენება _ სამშენებლო სექტორისთვის დახმარების პროგრამა.
ოპოზიცია მას მკაცრად აკრიტიკებს და არგუმენტები დიდი სირთულით და მრავალფეროვნებით არც აქ გამოირჩევა: „ძმაკაცებს ამდიდრებენ“ და „ეს ფული პენსიონერებს დავურიგოთ“.
ეს სრულიად არასახელმწიფოებრივი მიდგომაა _ სამშენებლო სექტორი არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და სწრაფად მზრადი დარგი, თანაც ის ლოკომოტივის ფუნქციას ასრულებს _ დეველოპერულ ბიზნესს მოჰყვება სამშენებლო მასალების წარმოება, ავეჯის ასობით მცირე საამქრო, ტექნიკის მაღაზიები, სარემონტო ბრიგადები, სატრანსპორტო მომსახურება და ა. შ.
დეველოპერული ბიზნესის ჩამოშლა არა ათობით, არამედ ასობით ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვას ნიშნავს _ ტურიზმის სექტორის დაქცევის შემდეგ ეს სრული კატასტროფა იქნებოდა, ამიტომაც ეს დარგი გადასარჩენია _ მეგობრებით თუ მათ გარეშე.
და თუ თქვენ მზად ხართ, „ქოცების“ მეგობრების ჯინაზე ასობით ათასი სამუშაო ადგილი წყალში გადაყაროთ, მაშინ თქვენი ადგილი სამზარეულოშია და არა _ პოლიტიკაში.
კიდევ ერთი საკითხი, რომელშიც ფერები ისეა უკვე არეული, რომ რეალობის დადგენა თითქმის შეუძლებელია, ანაკლიის პორტია.
ეს საკითხი უკვე დიდი ხანია, არა მხოლოდ ეკონომიკას, არამედ პოლიტიკასაც გასცდა და საყოველთაო თაყვანისცემის ერთგვარ მისტიკურ ობიექტადაც იქცა.
ოპოზიციის პროექტის ჩაშლის ერთადერთ მიზეზად ივანიშვილის მხრიდან პუტინის შეკვეთით საბოტაჟი სახელდება. თუმცა სხვა შესაძლო არგუმენტებს არავინ აქცევს ყურადღებას, მაგალითად, იმას, რომ ამერიკელი ინვესტორები პროექტის დაფინანსებაზე სახელმწიფო გარანტიების გარეშე უარს ამბობენ არა იმიტომ, რომ ბიძინა პუტინის მონაა, არამედ იმიტომ, რომ ცარიელ ადგილზე, ნულიდან, გარანტირებული ტვირთნაკადის გარეშე, დიდი პორტის მშენებლობა ძალიან სარისკოა.
ეს იმ საკითხების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, სადაც უსამართლობისა და ხელისუფლების ნებისმიერი გზით გაშავების აშკარა მცდელობას ვხედავთ.
და ეს ძალზე სამწუხაროა _ „ქოცებს“ ისედაც საკმარისი ცოდვები აქვთ, ხოლო ოპოზიციის დაუსაბუთებელი ლანძღვა-გინება სამართლიან კრიტიკასაც აუფასურებს.
როდესაც ყველაფერზე ილანძღები, საბოლოოდ, ყოველი შენი სიტყვა ეჭვსქვეშ დგება.
თითქოს მარტივი პრინციპია, მაგრამ 30 წელია, ქართველმა პოლიტიკოსებმა ეს ვერა და ვერ გაიგეს.
თენგიზ აბლოთია